თამარ ტალიაშვილი _ სათაურის ფუნქცია, სტატუსი, ინტერპრეტაცია


სათაურის ფუნქცია

სათაურს არსებითად ორი დატვირთვა აქვს. ერთ შემთხვევაში მისი ამოცანაა, ნაწარმოების ნაწარმოებისგან გამორჩევა-განსხვავება. საგნის, როგორც დამოუკიდებელი ერთეულის, აქცენტირება, იდენტიფიკაციის დაძლევა. ამ დროს ნომინაცია უფრორე გარეგნულ მხარეს ეხება. იგი მიზნად არ ისახავს, ან ნაკლებ ისახავს, სახელდებულის არსზე, თავისთავადობაზე, შინაგან სიღრმეებზე მინიშნებას.

მეორე შემთხვევაში, სათაური კომპოზიციური ელემენტია, თავისებური გასაღები, რომელმაც უნდა გაგვიადვილოს შემოქმედების ლაბირინთში შესვლა. მას ევალება ნაწარმოების არა მხოლოდ თემაზე, არამედ ავტორის პოზიციაზე, ჟანრის თავისთავადობაზე მინიშნება, ამასთანავე აუდიტორიის დაინტერესება-მიზიდვა.

ისტორიულ–ფუნქციონალურ ჭრილში, იმთავითვე სათაურის ფუნქცია იყო ტექსტის ინდეტიფიცირება, ანუ ერთი ტექსტის გამოცალკევება მეორესგან, როგორც ეს ძველ ხელნაწერთა კრებულებში ფიქსირდება, როცა სათაურს ხელნაწერის შინაარსთან  კავშირი არ აქვსა. ხელნაწერს აღნიშნავდნენ: ა) მისი დასაწყისი სიტყვით: ბერეშიტ-ებრაელები ასე უწოდებდნენ ბიბლიის პირველ წიგნს,რომელიც ებრაულად იწყება სიტყვით-ბერეშიტ, ქართულად-დასაბამად; ბ) სათაური აღნიშნავდა ამა თუ იმ წიგნის მდებარეობას კრებულში. ამ ხასიათისაა არისტოტელეს წიგნის სახელწოდება ,,მეტაფიზიკა” ანუ ფიზიკის შემდეგ მდებარე. სათაურები პატარა ფიცრის ფირფიტაზე იწერებოდა და ხელნაწერს ჰქონდა მიბმული.

ბეჭვდის შემოღების შემდეგ სათაურს რამდენიმე ფუნქცია დაეკისრა: 1) სარეკლამო, მაგალითად-,,დამაკვირდი”. ასეთი იყო ილია ჭავჭავაძის მიერ გამოცემული აფორიზმების კრებულის სათაური: 2) შემფასებელი-დამახასიათებელი- ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,განდეგილი”, დიმიტრი თავდადებულული”; 3) კომპოზიციურ-შინაარსეული: ,,გლახის ნაამბობი”, ,,მგზავრის წერილები”, ,,ჩემი თავგადასავალი”; 4) დედააზრის მაჩვენებელი: ,,ძუნწი”, ,,გაყრა”და სხვა.

სათაური ლიტერატურული ნაწარმოების სახელწოდებაა. იგი შეიძლება ჰქონდეს როგორც მთლ ნაწარმოებს, ისე მის ცალკეულ თავებსაც. სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი”.,,ოთარაანთ ქვრივი” ოცდაორ თავს მოიცავს. თავები კომპაქტური, ძირითადად თანაბარი ზომისაა. ყველა მათგანი დასათაურებულია. სათაურები დინამიურია და არა მარტო შინაარსს, არამედ გარკვეულ დამოკიდებულებასაც გამოხატავს, მაგ;,,რას მიქვიან ტკბილი სიტყვა”, ,,გიჟია თუ რა”, „პილპილმოყრილი მადლი“და სხვა.

ძველი მწერლობიდან დღემდე ხშირად გვხვდება მხატვრული ტექსტები,რომლებიც  დასათაურებულია მთავარი გმირის სახელით. მაგალითად, ,,ამირანდარეჯანიანი”, ,,თორნიკე ერისთავი”,“ ალუდა ქეთელაური” ,“ დათა თუთაშხია“და სხვა.

მხატვრულ ნაწარმოებში სათაური უპირველესად პოეტური ჩანაფიქრის ლაკონურ გამოხატვას , მკითხველის დაინტერესებას ემსახურება; ვინაიდა ლირიკაში წინა პლანზე განცდებია, განწყობილებაა, ლირიზმის ერთ თემატურ ფორმულაში გამოხატვა მეტად ძნელია. ამიტომ ლირიკული ნაწარმოების სათაური ხშირ შემთხვევაში ვერ გამოხატავს ლექსის შინაარსს. ამის გამო ასეთ ნაწარმოებს ზოგჯერ არც კი აქვს სათაური და იგი აღინიშნება ვარსკვლავებით. ასეთ შემთხვევაში სათაურის ფუნქციას  ლექსის პირველი სიტყვები ასრულებენ.

სათაური მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი და განსაკუთრებით შემოქმედებითი ტექსტის აღქმის პროცესში.  ამიტომ სწორად კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათაურის პოეტიკის ცოდნას. ქართველი მკვლევარი რეზო ყარალაშვილი აყალიბებს იმ საერთო კრიტერიუმებს, რომელსაც სათაური უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია:

  • სათაური არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისთავადი მნიშვნელობის მქონე ლექსიკური ერთეული, რომელიც გარედან აქვს მიკრული მხატვრულ ტექსტს, არამედ ნაწარმოების ორგანულ და განუყოფელ ნაწილს უნდა შეადგენდეს;
  • სათაური იმთავითვე უნდა წარმოაჩენდეს ნაწარმოების არსს. ხოლო მისი კავშირი მხატვრული ტექსტის პრობლემატიკასთან კითხვის პროცესში სულ უფრო ნათელი უნდა ხდებოდეს მკითხველისათვის;
  • სათაური უნდა სთავაზობდეს მკითხველს ტექსტის აღქმის კუთხეს და პირველ ხანებში მაინც უნდა წარმართავდეს კითხვის პროცესს. იგი უნდა შეიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ავტორისთვის სასურველი მიმართულებით აამოქმედებს მკითხველის წარმოსახვას;
  • ამავე დროს, სათაური არ უნდა იქცეს ამოცანის ამოხსნად. არ უნდა სთავაზობდეს მკითხველს საკითხის გადაწყვეტას, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას არ უნდა გადმოჰქონდეს ტექსტის დასაწყისში ის, რაც ლოგიკურად თხრობის დასასრულისთვისაა განკუთვნილი;
  • სათაური უნდა იყოს შთამბეჭდავი. ადვილად დასამახსოვრებელი, იგი უნდა იწვევდეს მკითხველის ინტერესს და გარკვეულ საკვებს უნდა სთავაზობდეს მის ფანტაზიას.

სათაურის სტატუსი

მრავალ სადაო  და გადაუჭრელ პრობლემათა შორის, რაც სათაურის კვლევის საკითხში არსებობს, ითვლება სათაურის სტატუსის საკითხიც. დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, სათაური ტექსტის შემადგენელი ნაწილია თუ ტექსტის რედუცირებული, დამოუკიდებელი პარაფრაზი. რიგ მკვლევართა აზრით, სათაური მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია; ზოგი თვლის, რომ რაკი სათაური  ტექსტს უწევს მაგივრობას, იგი ტექსტის აზრობრივ- კომპოზიციური სტრუქტურის ფორმალური ნაწილი კი არ არის, არამედ მთელი ტექსტის რეპრეზენტაციაა; არის მოსაზრება, რომ იმდენად, რამდენადაც სათაური მხატვრული ტექსტის ყველაზე უფრო ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, იგი მის შეკუმშულ სახეს წარმოადგენს, ანუ არის მხატვრული ტექსტის ლაკონური ვარიანტი. მხატვრული ტექსტი და სათაური ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არიან და ერთმანეთს უღრმავებენ  მნიშვნელობებს. მიშელ ბუტორი მიიჩნევს, რომ ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები უნდა განვიხილოთ, როგორც ორი ურთიერთასოცირებულად ჩამოყალიბებული ტექსტი: ერთი მხრივ, ძირითადი კორპუსი ანუ რომანი, დრამა, სონეტი და სხვა და, მეორე მხრივ, მისი სათაური. პირველი ვრცელია, მეორე კი მოკლე. რიგ მკვლევართა აზრით სათაური მხატვრული ტექსტის თხრობაში მიმდინარე დროის მიღმა დგას და იგი იმდენად დასაწყისში არ არის, რამდენადაც მთელი ნაწარმოებზე ზემდგარია. ტექსტისა და სათაურის მიმართება მეტონიმურია: ნაწილი-მთელი .

ნაწარმოების იდეურ-თემატურ არსსა და სათაურს შორის კავშირი შესაძლებელია, სხვადასხვა სიღრმის იყოს. ექსპლიციტური-იგი ზედაპირულია, როცა აქცენტი მხოლოდ სიუჟეტზე კეთდება. ასეთ დროს ფაქტობრივი ინფორმაციის აქტუალიზაციით ხელთა გვაქვს მხოლოდ შეტყობინება, რომელიც ტექსტში მოთხრობილ მოვლენას ან შედეგს აცხადებს.იმპლიციტური- სათაური ინფორმატული ხდება მხატვრულ ტექსტთან დიალექტიკაში, რის შედეგადაც მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში იგი წარმოქმნის ახალ ინფორმაციას, ქვეტექსტს. ქვეტექსტის წარმოქმნის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ინტერტექსტუალური სათაური. ინტერტექსტუალობა არის ფენომენი, როდესაც ერთი ტექსტი მოუხმობს მეორე ტექსტს, ფრაგმენტის, ფრაზის ანდა მხოლოდ ერთი სიტყვის სახით.(ალუზია)“ ”თუ მკითხველი იცნობს დესკრიპციულ სისტემას, ნაწილის მეშვეობითა აღიქვამს მთელს. ასე, რომ ინტერტექსტუალური კავშირი მეტონიმური ბუნებისაა. სათაური-ინტერტექსტის სრული გააზრება შესაძლებელია მეგაკონტექსტის ფარგლებში, ისტორიულ-ფილოლოგიური ცოდნის ფონზე”(ნ. მარტაშვილი.2010წ)

 ტექსტის სათაური და იდეა

სათაური მხატვრული ტექსტის ერთ-ერთი  შემადგენელი ელემენტია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილით წარმოადგენს ძლიერ პოზიციას. ძლიერი პოზიცია დეკოდირების სტილისტიკაში არის მთავარი იდეის წამოწევის ერთ-ერთი სახე. წამოწევის ფუნქციას შეადგენს აზრთა იერარქიისა და სხვადასხვა დონის მომოჯნავე და დისტანციურ ელემენტებს შორის არსებული მნიშვნელოვანი  კავშირების დადგენა, ყურადღების ფოკუსირება ყველაზე უფრო მთავარზე, ემოციურობისა და ესთეტიკური ეფექტის გაძლიერებაზე და სხვა. იგი უზრუნველყოფს მხატვრული ტექსტის სპეციფიკურ ორგანიზაციას, როგორც მსჯელობათა და ემოციათა რთული  ერთიანობის, როგორც რთული კონკრეტულ-ხატობრივი არსის პირველ პლანზე წამოწევას. ძლიერი პოზიციის მქონე ტექსტის შემადგენელი ნაწილები: სათაური, ეპიგრაფი, დასაწყისი და დასასრული, დიდ გავლენას ახდენენ მხატვრული ტექსტის შინაარსზე. სათაური თავისი ძლიერი პოზიციის წყალობით მხატვრული ტექსტის მაორგანიზებელი ცენტრია, მისი კომპოზიციული დომინანტია..მხატვრული ტექსტის სიღრმე ვლინდება ძირითად ტექსტსა და სათაურს შორის არსებული ურთიერთმიმართებით, რადგან მხატვრული ტექსტის სემანტიკური ღერძი სწორედ სათაურის გავლენით ყალიბდება, ამდენად დასათაურების პრობლემა, სათაურის შერჩევის საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და ფაქტიურად გადამწყვეტია ნაწარმოების სემანტიკური სტრუქტურის ორიენტაციისას.

სათაური, რომელიც დღეს მხატვრული ტექსტის იდეურ-თემატურ ნიშნად არის ერთხმად მიჩნეული, ადრე ტექსტის თემატურ შინაარსს უფრო ასახავდა, რაც მრავალსიტყვიანობით ხერხდებოდა, ხოლო თანამედროვე მწერლობაში იგი უპირატესად ტექსტის იდეას გადმოცემს. ამიტომ ავტორი სათაურში მთავარ სათქმელს სიმბოლოებითა და მეტაფორებით გადმოსცემს, რაც უზრუნველყოფს ავტორის იდეისა და განწყობილების ჩვენებას, გვთავაზობს ავტორის კონცეპტს, ამგვარად, იგი იტევს უფრო ღრმა აზრობრივ მოცულობას და ლაკონურადაც არის წაროდგენილი. დასათაურების ხელოვნებით შემოქმედი თავის ორიგინალურ აზროვნებას, საკუთარ ზოგადსოციალურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს გვიჩვენებს. სათაურის ტექსტთან იმპლიციტურ დამოკიდებულებას ასახავს უმბერტო ეკოს შენიშვნა იმის შესახებ, რომ ტექსტის  სახელწოდება  კი არ უნდა აწესრიგებდეს, არამედ უფრო ბუნდოვანს უნდა ხდიდეს აზრს.

.მხატვრული ტექსტის თავისებურებებზე და მის გაგებაზე საუბრისას, აუცილებელია შევეხოთ ცნებების – “ტექსტი” და “ნაწარმოები” – ურთიერთმიმართების საკითხს. ლიტერატურათმცოდნეობითი  შრომების  უმრავლესობაში მოცემული ცნებები გამიჯნული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება მათი  დიფერენციაციის აუცილებლობა, გამიჯვნას ტექსტის ნიშან-თვისებების განსაზღვრიდან იწყებენ. ხოლო ნაწარმოები ჩვეულებრივ განიხილება როგორც რთული შინაარსი, რომელიც ამოიზრდება ტექსტიდან და ეფუძნება მას. რ.ბარტი განიხილავს ამ ცნებას შემდეგნაირად: “… ნაწარმოები,  გაგებული, აღქმული და მიღებული თავისი სიმბოლური ბუნების მთელი სისრულით – სწორედ ეს არის ტექსტი”  მასთან ტექსტი და ნაწარმოები დაკავშირებულია ერთმანეთთან როგორც პროცესი და შედეგი. ნაწარმოები (შედეგი) რომ გავიგოთ, უნდა  დავუბრუნდეთ  შემოქმედებით პროცესს – ტექსტს. ამ შემთხვევაში რითი უნდა განისაზღვროს მხატვრული ტექსტის აზრი? ჯ. კელერი აკეთებს საინტერესო და ზუსტ განზოგადებას, რომელიც ეხება კამათს ნაწარმოების აზრის განსაზღვრისათვის: “ნაწარმოების აზრი იმაში კი არ არის, რაზე ფიქრობდა მისი ავტორს გარკვეულ მომენტში; ეს არ არის არც უბრალოდ ტექსტის დახასიათება და არც მხოლოდ   მკითხველის გამოცდილება”. ჯ. კელერი თვლის, რომ აზრის ბუნებაზე კამათისას შესაძლოა მოვიშველიოთ განსხვავებული არგუმენტები და ამ თვალსაზრისით “აზრი” შეუძლებელია განვსაზღვროთ: “თუკი ჩვენ აღმოვჩნდებით აუცილებლობის წინაშე მივიღოთ რაიმე ყოვლისმომცველი პრინციპი, ან ფორმულა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწარმოების დედააზრი განისაზღვრება კონტექსტით, რადგანაც კონტექსტი   ითვალისწინებს ენის კანონებს, გარემოებებს, რომლებშიც იმყოფება ავტორი, ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს, რასაც,   კონკრეტულ სიტუაციასთან შეიძლება ჰქონდეს კავშირი. მაგრამ თუკი ჩვენ ვიტყვით, რომ ნაწარმოების დედააზრი განსაზღვრულია კონტექსტით, მაშინ უნდა დავუმატოთ კიდეც, რომ თავად კონტექსტი – უსაზღვრო ცნებაა: შეუძლებელია წინასწარ   ვიცოდეთ, რა შეიძლება კიდევ აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი, რა ცვლილებები  შეიძლება შეიტანოს ტექსტის  აზრობრივ მხარეში კონტექსტის გაფართოებამ. აზრი განსაზღვრულია კონტექსტით, ხოლო კონტექსტი არ არის განსაზღვრული არაფრით” ტექსტში, ისევე როგორც სხვა ენობრივ ერთეულებში, იკვეთება ერთიანობა და ამ ერთიანობის ორგანიზაციას ხელს უწყობს სათაური..

სათაურის ინტერპრეტაციისას ჩვენ ვცდილობთ აღვწეროთ მისი წაკითხვის პროცესი. მხატვრული ტექსტი უშვებს ინტერპრეტაციის სიმრავლეს,რაც ტექსტის გაგებასთან დაკავშირებით სერიოზულ სირთულეებს წარმოშობს სასწავლო პროცესში. მასწავლებელმა მოსწავლეთა ინდივიდუალური გამოცდილების გათვალისწინებით  ამ ინტერპრეტაციების სიმრავლიდან კი არ უნდა გამოაჩიოს ერთერთი, არამედ შეაჯეროს ისინი, ამიტომაც ყველაზე უფრო რთულ ეტაპად ითვლება კითხვის შემდგომი ეტაპი, როდესაც ხდება შეჯამება. ასეთი პედაგოგიური მიდგომა ემყარება ლიტერატურათმცოდნეობაში არსებულ თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც მხატვრული ტექსტის სისტემურ-სტრუქტურული ორგანიზაცია, მასში გამოყენებული ენის ერთეულების სემანტიკა წარმოადგენს მისი ინტერპრეტაციის ობიექტურობის საფუძველს, ხოლო ტექსტის კომუნიკაციური, პრაგმატული ბუნება და მკითხველის სოციალური, კულტურული კომპეტენცია უშვებენ სუბიექტურობას, მისი ინტერპრეტაციის არაერთგვაროვნებას. ინტერპრეტაციის ასპექტში მხატვრული ტექსტი შესაძლოა განისაზღვროს   როგორც მხატვრული ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს ავტორის კონცეფციის რეალიზაციას, მისი შემოქმედებითი წარმოსახვით შექმნილი სამყაროს ინდივიდუალურ სურათს, ასახულს მხატვრული ტექსტის ქსოვილში ჩანაფიქრის  შესაბამისად მიზანმიმართულად შერჩეული და მკითხველისათვის განკუთვნილი (რომელიც ახდენს  ტექსტის ინტერპრეტაციას საკუთარი სოციალ-კულტურული კომპეტენციის შესაბამისად) ენობრივი ხერხებით (რომლებიც თავის მხრივ, ასევე ახდენენ  სინამდვილის ინტერპრეტაციას).

სათაურის ინტერპრეტაცია, საშუალებას იძლევა გამოავლინოს ავტორის ჩანაფიქრი და მიზანდასახულობა. კითხვის პროცესში სათაური აღიქმება, როგორც ნაწარმოების თემა, მხოლოდ  ტექსტის სიღრმისეული გააზრების შემდეგ  ის ივსება კონცეპტუალური მნიშვნელობით, რომელიც ასახავს  აზრის  ინტერპრეტაციას.  ამ დროს, სრულიად ბუნებრივია, რომ კითხვის დასრულების შემდეგ მკითხველი უბრუნდება სათაურს.ამ დროს ხდება სათაურსა და ტექსტს შორის შინაგანი ურთიერთმიმართების გამყარება, შესაძლოა ეს ურთიერთმიმართება იყოს ასოციაციური და მოხდეს მისი ახალი მნიშვნელობით დატვირთვა.

სათაურმა შეიძლება დააკნინოს ტექსტის შინაარსი და მნიშვნელობა და, პირიქით, კარგად მოფიქრებულმა სათაურმა შეიძლება მოლოდინი გაუცრუოს მკითხველს. ეს მაშინ, როცა სათაური აღემატება ტექსტს თავისი ეფექტურობით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ინფორმაციული ბალანსის არსებობა სათაურსა და ტექსტს შორის.

დატოვე კომენტარი