სონია ჭანკოტაძე-ძულიაშვილი _ სოფიო – პატრიოტი ქალის ტიპი საგაკვეთილო პროცესში


               

               

               

        ყველამ  ვიცით, სწავლა-სწავლების  თანამედროვე მიდგომები პედაგოგის  წინაშე ურთულეს ამოცანებს  აყენებს: მან უნდა აღზარდოს  გლობალურად მოაზროვნე და პრაქტიკული  უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ტოლერანტი და პატრიოტი მოქალაქე. საქართველოს  ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შეიქმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. პიროვნებისა, რომლის  ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად  ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაა დასახული.

        ვფიქრობ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის  მისია კიდევ უფრო ღრმა და საპასუხისმგებლოა, რადგან მისი ვალია,  ჩაახედოს მოსწავლე  თავისი ერის   სულსა და გულში, აზიაროს იგი  ქართველი ხალხის  სპეტაკ ოცნებებს და მისწარაფებებს , გაუღრმავოს  მოწიწება და სიყვარული ერის წარსულისადმი და აუმაღლოს  ვალდებულების  გრძნობა მომავლის  წინაშე.   მოსწავლეს გამოუმუშავოს პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მშობლიური ენისა და

ლიტერატურის, ზოგადად, ქართული კულტურის მიმართ;

   სწორედ ამ  ვალდებულებების  შესრულებაში დაეხმარება მასწავლებელს ნ.ბარათაშვილის  პოემის,  ,,ბედი ქართლისას“, პერსონაჟის, სოფიოს, მხატვრული სახის გააანალიზება.

  სოფიო ერთ-ერთ- საინტერესო პერსონაჟია   არა მარტო მე-19 საუკუნის  ლიტერატურისა, არამედ, საერთოდ, ქართული სიტყვაკაზმული მწერლობისა.  ჩატარებულია  კვლევა გენდერულ ჭრილში  სახელმძღვანელოებისა და სწავლებისადმი მიდგომის  და იქ აღნიშნულია, რომ   ,,გენდერისა და განათლების სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეროვნულ სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში ქალთა მიღწევებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაშინ, როდესაც ცნობილ მამაკაცებსა და მათ წარმატებებზე არაერთი ისტორია მოგვითხრობს. ქალების შესახებ ამბების ნაკლებობა, ასევე ის, რომ ქალები სათანადოდ არ ჩანან სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში, შესაძლოა გოგონათა დაბალი თვითშეფასებისა და ნაკლები თავდაჯერებულობის მიზეზი გახდეს.“ (გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები, მე-2 ნაწილი, 2018 წელი.  გვ. 72 , საქართველოს პარლამენტი)

მოვიყვან ნაწყვეტს   ტიციანის ლექსიდან:

            რომ იყოს თერგი ორი ამდენი…

აქ ატირებდა ბარათაშვილი

თავის დიდ სევდას, სევდას მსოფლიოს.

ვაჟკაც სოლომონ ლიონიძისა,

უფრო ვაჟკაცურ ცოლის სოფიოს.

   სოფიოს სახის  ღრმააზროვანი ანალიზი  საუკეთესო  საშუალებაა, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ პოემაში ასახული  ისტორიული სინამდვილე  და  დაფიქრდნენ, თუ  რა სულიერი ძალა   ასულდგმულებდა ქართველ ერს  ისტორიის ქარცეცხლში.

       მასწავლებლი უნდა   დაეხმაროს მოსწავლეებს,  გაიაზრონ სოფიო, როგორც  ქართველი პატრიოტი  ქალის ტიპი.

    ცნობილია,  რომ  მოსწავლეები ყველაზე კარგად ითვისებენ მაშინ,როდესაც ახალი  ცოდნა ეფუძნება უკვე ნასწავლ და კარგად ნაცნობ ინფორმაციას.

   ამიტომ სოფიოს მხატვრულ სახეზე მუშაობისას მასწავლებელი უნდა დაეყრდნოს არა მარტო პოემის  შესწავლის დროს მიღებულ ცოდნას, არამედ    წინასწარ უნდა მოამზადოს ნიადაგი  საკითხის  სრულფასოვანი  გააზრებისათვის.

    მზადებას ამ გაკვეთილისათვის ვიწყებ  მაშინ, როდესაც მოსწავლეები ეცნობიან  ქართული  რომანტიზმის წარმოშობის, მთიულეთის  აჯანყებისა და 1832 წლის   შეთქმულების საკითხებს. სწორედ ამ დროს  ვავალებ მათ, მოიძიონ დამატებითი ცნობები  ქართველი ხალხის ბრძოლაზე რუსული მმართველობის წინააღმდეგ, რადგან  ისტორიული კონტექსტის   ცოდნა, ტექსტის თანადროული ეპოქის ისტორიულ კონტექსტში გმირების მხატვრული სახის გაანალიზება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებისათვის, სიღრმისეულად გაიგონ და გაიაზრონ საკითხი…

  კონტექსტი ერთ-ერთი სამიზნე ცნებაა. იგი ეხმარება მოსწავლეს მხატვრული ნაწარმოების სრულფასოვან გააზრებაში. ამიტომ   უპირველესად მათ  ყურადღებას ვამახვილებინებ ამ ბრძოლაში  ქართველი ქალების წვლილზე ( ვგულისხმობ  თეკლა , ქეთევან, თამარ, სალომე, რიფსიმე ბატონიშვილებს, დარეჯან დედოფალს, მანანა ორბელიანს, მელანია ერისთავს, ეკატერინე ბარათაშვილს.) ამ აქტივობის დროს მოსწავლეები იფართოებენ ცოდნას გიორგიევსკის ტრაქტატისა და საქართველოს სამეფო კარზე  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის შესახებ.

   ასე ვამზადებ ნიადაგს კონკრეტული გაკვეთილისათვის, როდესაც  ვიმსჯელებთ სოფიოზე,   როგორც პატრიოტი  ქალის     ტიპზე. 

     სოფიოს სახე, როგორც ქართველი პატრიოტი  ქალისა, უნდა  გამოვკვეთოთ  პოემის ამომწურავი განხილვა- გააზრების შემდეგ. შემაჯამებელ გაკვეთილზე, როდესაც  ვმსჯელობთ , თუ ვის თვალსაზრისს იზიარებს ნ.   ბარათაშვილი  ქართლის  ბედის გადაწყვეტის საკითხში, ერეკლე მეფისას თუ მისი მსაჯულისას. 

        სასურველია, მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყოს  გონებრივი იერიშით  და მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნის შესაბამისად დასმული  კითხვებით   გაახსენოს პოემის ტექსტი.

        მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ   მასალას , მოუსმენენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში შეავსებენ მეგობრების პასუხებს.

        მასწავლებლის მონაწილეობა  ამ ეტაპზე  შემოიფარგლება მხოლოდ  ტექსტის გახსენების მიზნით  დასმული   შეკითხვებით, რათა  მომდევნო  აქტივობით მოსწავლეებმა  ტექსტზე  დაყრდნობით, მსჯელობის  გზით  გამოკვეთონ მძიმე ისტორიული ვითარება,როცა თვით სამეფო ოჯახშიც კი არ იყო  ერთნაირი პოზიცია ქართლ-კახეთის  რუსეთის მფარველობაში შესვლასთან  დაკავშირებით.  მოსწავლეები გაიხსენებენ, რომ დიდებულთა ერთი ნაწილი დარეჯან დედოფლის მეთაურობით რ იზიარებდა მეფის პოლიტიკას რუსეთთან ურთიერთობაში. მათ შორის  იყო მეფის ერთგული და საყვარელი ,,შინაყმა“, სოლომონ ლიონიძეც.

      სოლომონ ლიონიძის შესახებ მოსწავლეებს უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა როგორც დამატებითი  აქტივობით, ისე   პოემის  შესწავლის შედეგად.

  მოსწავლეებს უნდა  გავახსენოთ სოლომონისა და მისი  მეუღლის, სოფიოს,  საუბრის  ეპიზოდი  და  დავსვათ კითხვები:

1.როგორი მომავალი ელოდათ ქართველ ქალებს, სოლომონ ლიონიძის თქმით,  რუსეთში? 

2. როგორი იყო სოფიოს პასუხი ამ  პერსპექტივაზე?  (შესაბამისი  ტექსტი პოემიდან: ,,უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რა არს სიამე, საცა ვერავის იკარებს  სული, და  არს უგულო, დაობლებული.“ ( კარგი იქნება, თუ ამ  სიტყვებს გაკვეთილის  სათაურთან ერთად წინასწარ გამოვიტანთ დაფაზე)

3. რატომ გაიხარა  სოფიოს პასუხით  სოლომონ ლიონიძემ?

4. გავახსენებთ სიტყვებს პოემიდან: ,,ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,

კურთხევა თქვენდა, ტკბილსახსოვარნო,

რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ,

სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ…“ – რისი უკმაყოფილება გამოხატა ამ სიტყვებში პოეტმა? (ეს სიტყვებიც  წინასწარ არის დაფაზე გამოტანილი, რადგან ჩვენი გაკვეთილის მიზანი ამ სიტყვებშიც გამოიხატება და მოსწავლეების გონებაში სამსჯელო საკითხის შესახებ ფიქრს აღრმავებს.)

5 . რამდენად რეალურად გეჩვენებათ სოფიოს პასუხი, რატომ ფიქრობთ ასე?   რა საუკეთესო თვისება შეიძლება აიღოს  თანამედროვე ქართველმა ქალმა სოფიოსაგან?

6. რა ვიცით ისტორიული საბუთებიდან სოფიოს შესახებ?

7. ამ კითხვა-პასუხის შემდეგ უნდა დავსვათ საკვანძო კითხვა:

   თქვენი აზრით, ეყრდნობოდა თუ არა რეალურ  საფუძველს    ნ. ბარათაშვილი, როდესაც  სოფიოს დაუვიწყარ სახეს ქმნიდა?

  წინასწარ ჩატარებული მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა  უკვე იციან, რომ   სოლომონ ლიონიძის  მეუღლე  ქსნის ერისთავის  ასულია, თუმცა სახელი ცნობილი არ არის.

       მოსწავლეები გაიხსენებენ, რომ ისტორიამ  არაერთი გმირი ქალის  სახელი შემოგვინახა. მარტო ქეთევან დედოფლის გმირობა ეყოფოდა ნებისმიერ ერს საამაყოდ. გაიხსენებენ 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილე ქეთევან, თეკლა, მარიამ ბატონიშვილებს. ასე, რომ ისტორიული ტრადიცია  გმირი  ქართველი ქალებისა  პოეტის გადაწყვეტილებას- წარმოეჩინა ქართველი ხალხის საუკეთესო შვილი, როგორც განსახიერება ერის სულიერი მასაზრდოებლისა,  მხარს უჭერდა.

8 . როგორ ავხსნათ,  რომ თავისუფლების უმაღლეს სურვილად გამოცხადებული  ეს სიტყვები პოეტმა სოფიოს ათქმევინა და არა ერკლეს, ან სოლომონ ლიონიძეს, ან დარეჯან დედოფალს, რომელიც მართლაც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ერეკლეს რუსულ  პოლიტიკას?

მოსწავლეები ამ შეკითხვაზე პასუხს წარმართავენ  დისკუსიის ფარგლებში.

       პასუხი დაახლოებით მიიღებს ასეთ სახეს: პოეტმა არ ათქმევინა ეს სიტყვები  არც ერეკლეს, არც მის მსაჯულს, არც პოეტის დიდ ბებიას,  დარეჯან დედოფალს, რადგან ნ. ბარათაშვილს თავისი ჩანაფიქრის უტყუარობისათვის ესაჭიროებოდა არა  სამეფო ოჯახის  წევრი, არამედ  გარეშე პიროვნება, რომლის პოზიციაც იქნებოდა გამომხატველი საერთოდ ქართველი ხალხის განწყობილებისა საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრაგედიის შესახებ.

9. გაკვეთილის დასრულებამდე, როდესაც უკვე ყველა კითხვა დასმულია და ყველა პასუხი გააანალიზებული, შესაძლებელია, რომ მოსწავლეებს სახლში პატარა საფიქრალი  გავატანოთ და დავსვათ შემდეგი კითხვა:

– თქვენ იცით, რომ ისტორიულ წყაროებში სოლომონ ლიონიძის მეუღლის სახელი ნახსენები არ არის. რატომ  დაარქვა  პოეტმა  სოლომონ ლიონიძის  მეუღლეს სოფიო? როგორ ფიქრობთ,  შეიძლება, რომ მართლა ეს სახელი რქმეოდა პოემის ამ სახელოვან პერსონაჟს თუ ავტორის მიზანმიმართული გადაწყვეტილების  ნაყოფია?

  თუ მოსწავლეებს გაუჭირდებათ პასუხის გაცემა,   მაშინ ვეტყვი, რომ  მოსალოდნელია, მართლაც ეს სახელი ერქვა სოლომონ მსაჯულის მეუღლეს. ნ.ბარათაშვილი ისე ახსენებს ,,სათნო სოფიოს“, რომ  პოეტის თანამედროვეთაგან ბევრს უნდა ახსოვდეს იგი.

    დამატებით, გონებრივი თვალსაწიერისათვის, ვეტყვი, რომ სახელი სოფია ბერძნული სახელია და ,,სიბრძნეს“ ნიშნავს. მეცნიერების ერთ-ერთ დარგსაც  ფილოსოფია  ეწოდება,  სოფისტები  კი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის  მიმდევრები იყვნენ. როგორც ვხედავთ, სახელი ,,სოფია’’ ფიგურირებს იქ, სადაც სიბრძნეს გულისხმობენ. მაშასადამე, სიტყვები, რომელსაც სოფიო ამბობს , არის სიბრძნე,  ჭეშმარიტება  და  ამ სიტყვებს უნდა გაეცხადებინა არა მარტო ნ.ბარათაშვილის პოზიცია  ერეკლეს პოლიტიკის  შესახებ, არამედ  ადამიანთა ოცნებაც კაცობრიობის უმაღლესი ღირებულების, თავისუფლების, შესახებაც. ( რა თქმა უნდა,  გაკვეთილის ამ ეპიზოდშიც, ისევე, როგორც სხვა ეპიზოდებში, უმჯობესია, მასწავლებელმა საკითხი გაშალოს კითხვა-პასუხის რეჟიმში. მასწავლებელი  ლექციურ მეთოდს   მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლეებს პასუხი არ ექნებათ მათთვის უცნობი საკითხის შესახებ დასმულ კითხვაზე.)

             გაკვეთილის შეჯამების მიზნით უნდა  დავსვათ ასეთი კითხვაც:

10.  არის  თუ არა სოფიო ჩვენთვის იდეალი  და  რატომ?

 ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მოსწავლეები  გააკეთებენ დასკვნას, რომ სოფიოს სახით პოეტმა დახატა ქართველი პატრიოტი ქალის სახე. ხოლო მასწავლებელი დაუმატებს, რომ სიტყვები; ,,რა იქნებოდა ,რომ ჩვენთა დედათ………… „  იყო პირველი მოწოდება ქართულ ლიტერატურაში  ქართველი  ქალის მისიაზე  ქვეყნის წინაშე. რომ ეს მოწოდება განავრცეს და განავითარეს შემდგომ  ილიამ, აკაკიმ და ვაჟამ თავიანთ შემოქმედებაში.

              მომდევნო გაკვეთილებზე, ილიას, აკაკის და ვაჟას შემოქმედების სწავლებისას,მასწავლებელს  არაერთხელ მოუწევს  გახსენება სოფიოსი, როგორც  ქართველი ქალის თავისუფლებისმოყვარე  სულისა და, ზოგადად, გმირთა აღმზრდელი ქართველი  დედის მაგალითისა.                     

სონია ჭანკოტაძე-ძულიაშვილი                                      2023 წელი, 9 აპრილი

დატოვე კომენტარი