ონისე ქვაჩაკიძე – “ახალი სამყაროს ფილოსოფოსები”


ახალი  თაობისათვის მესიჯის მიწოდება და მერე ამ მესიჯის, გარკვეულწილად, იდეოლოგიად ჩამოყალიბება ადვილი საქმე არ არის. განსჯა, იდეების გაცხრილვა და მიწოდების სწორი ფორმის მოფიქრებაა საჭირო. კინო პროპაგანდის ყველაზე კარგი საშუალებააო, ლენინი ამბობდა, ყველაფერს ტყუილს არ ამბობდა ის კაცი. ჰოდა,  კინემატოგრაფმაც თავისი როლი არაჩვეულებრივად შეასრულა. თუმცა, კინომდე ბავშვებისთვის შიშების, მოტივაციებისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებების ფორმირებისათვის უებარი საშუალება ზღაპრები იყო. ზღაპრებმა  სიკეთისა და ბოროტების გარჩევის გარკვეული თვალსაწიერი და იდეოლოგია შექმნეს, ნორმები დაადგინეს ბავშვებში ისე, რომ ამას კონკრეტული, ფორმირებული სახე არ ჰქონია და ის შეგონებები, რაც ბავშვობაში გაგვიგია, უბრალოდ ზღაპრებად დარჩა. ეს ერთი შეხედვით, თორემ ამ ამბებმა ადამიანების აზროვნების ფორმირების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს. მაგალითად,  ბავშვობაში ზღაპრებმა დაგვარწმუნეს, რომ მგელი ბოროტი არსებაა, რადგან ჭამს წითელქუდას და მის ბებიას, პატარა ბებკეკას, 3 გოჭს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი უდანაშაულო არსება მოხვედრილა მის რაციონში; ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ მგელი ბოროტი არსების სინონიმი გახდა, მელაკუდა – ცბიერების, ბატკანი და გიჭი კი, უდანაშაულო, უწყინარი არსებისა, რომელიც არავის არაფერს ვნებს, იმის მიუხედავად, რომ  რეალურად, მგლის მოტივაცია მხოლოდ გადარჩენის მიზნით გამოკვებაა და სხვა არაფერი. ვარიანტად შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ხორცის ჭამაზე უარის თქმაც, გარკვეულწილად, შეიძლება ამითაც იყოს გამოწვეული. ზღაპრებში ჩადებული მესიჯები დროსთან ერთად იცვლებოდა და ღირებულებათა ახალ სისტემებს ერგებოდა, რათა თაობებს, რომლებიც ძველ იდეალებზე გაიზარდნენ, თავიანთი შვილებისთვის მათი ბავშვობის იდეებზე დაშენებული ახალი იდეები მიეწოდებინათ. საუკუნეების მანძილზე სწორედ ამ გზის გავლით ფორმირდა ზღაპარი და გავლენების მიხედვით, ხან ღმერთის ერთგულებას, ხან ოჯახის სიყვარულს და ხანაც, ბოროტი მგლისგან თავდაცვის მნიშვნელობას ასწავლიდა ბავშვებს.

ამასობაში, ფრანგმა ძმებმა კინო გამოიგონეს, ზღაპრებს ახალი ასპარეზი მიეცათ და ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენა ვიზუალურად დაიწყეს. პიონერი ჟორჟ მელიესი იყო, რომელმაც სიზმრების, ზღაპრებისა და საბავშვო ლიერატურის გადატანა კინოფირზე და შემდეგ, ეკრანზე დაიწყო. სამყაროს პროგრესისაკენ მიდრეკილებას შედეგად ტექნოლოგიების დახვეწა და ახალი ტექნოლოგიების შექმნა მოჰყვა. ახლა ლამაზმა ნახატმა ფილმებმა დაიწყეს ყურადღების მიპყრობა და ზღაპრების ევოლუციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. სასურველი მესიჯების ბავშვებისათვის მიწოდება უფრო მარტივი გახდა და უოლტ დისნეიმ ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა. თუ მის ადრინდელ ანიმაციურ ფილმებში ხაზი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე, ბედნიერების საკუთარ ოჯახში პოვნასა და სიყვარულისათვის თავგანწირვაზე იყო გასმული, ჩვენი საუკუნის ანიმაციურ ფილმებში სახლიდან წასვლასა და ბედნიერების სხვა წყაროების ძებნაზე კეთდება აქცენტი. ზღაპრები გავლენას მაშინ გამოაჩენენ ხოლმე, როცა თაობა, რომელსაც ბავშვობაში წითელქუდა, ან სამი გოჭი ესმოდა, იზრდება და საკუთარ ცხოვრებას, ქვეცნობიერად, ამ იდეებზე დაყრდნობით აწყობს.

ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ადგილი ზღაპრულმა, განსაკუთრებული ძალების მქონე გმირებმა დაიკავეს, რომლებიც ბეჭდური წიგნებიდან ანიმაციებად, შემდეგ კი, ფილმებად გადაიქცნენ.  კომიქსები გვაჩვენებენ ადამიანებს და ადამიანების მსგავს არსებებს, რომლებიც სუპერ ძალებს სხვა განსაკუთრებული ძალის მქონე, ოღონდ, ბოროტი არსებებისაგან უმწეოთა დასაცავად იყენებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ მათი პირველი ეკრანიზაციები, ამ გადასახედიდან, ხარისხიანი არ იყო და გმირებიც ზედმეტად ხელოვნურებად იყვნენ წარმოდგენილი. თუმცა, არც თუ ისე ცოტა მცდელობის შემდეგ, კინემატოგრაფია იდეალურ ვარიანტამდე მივიდა.

ყველაფერი წინა საუკუნის მიწურულს დაიწყო. სამყაროს გამოსაცოცხლებლად სიახლე, ახალი ხმა, ახალი ტალღა სჭირდებოდა. 2000 წელს ბრაიან სინგერმა  “იქს ადამიანების” პირველი ეკრანიზაციით ააგორა ტალღა, რომელიც დღემდე არ ჩაწყნარებულა. სიახლე  ის გახლდათ, რომ იქს ადამიანები რეალობისათვის წარმოუდგენლებად აღარ ჩანდნენ, მათაც ადამიანური პრობლემები გააჩნდათ და უფრო ახლოს იყვნენ რეალობასთან, ვიდრე გმირები კომიქსების ფურცლებიდან, ან ანიმაციური ფილმებიდან. ამ ფილმების წარმატებამ კინოკომპანიებს გზა გაუხსნა სხვა გმირებიც გაეცოცხლებინათ, ჟანრში ახალი თაობის ნიჭიერი რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები მოვიდნენ და თავისი სათქმელის სუპერგმირების პირით გაჟღერება დაიწყეს. კრისტოფერ ნოლანმა ბეტმენი მდიდარ რობინ ჰუდად წარმოგვიდგინა, რომელიც კრიმინალის წინააღმდეგ საკუთარი სურვილით, ტექნოლოგიების დახმარებით იბრძვის. სუპერგმირების მეშვეობით ექსპერიმენტების ჩატარებაზე რეჟისორებმა, რომლებიც მანამდე მცირებიუჯეტიან პროექტებზე მუშაობდნენ, სტუდიებისგან მწვანე შუქი მიიღეს. “მოთხოვნა იწვევს მიწოდებას” – ამ პრინციპმა სუპერგმირული ჟანრის შემთხვევაშიც არაჩვეულებრივად იმუშავა და მულტიმილიარდიან ინდუსტრიად გადაიქცა. ხალხამდე ახალი სამყაროს პრობლემების მიტანისა და გადაჭრის გზების შეთავაზების  ფუნქციას დღეს სწორედ ეს ფილმები იტვირთავენ. ამ ბრჭყვიალა ფილმების მეშვეობით, მასებამდე ის სათქმელი მიდის, რომელიც აქამდე მხოლოდ მცირე ჯგუფებს ესმოდათ.

რეალურად, პრიორიტეტიც ეს უნდა იყოს – ახალი ამოცანები და ახალი ფილოსოფიური პრობლემები სწორედ მასებისთვის უნდა გახდეს გასაგები, რათა უკეთესი საზოგადოების ფორმირება შევძლოთ. როცა ბიბლიის წაკითხვა მარტო მღვდლებს შეეძლოთ, ხალხმა არ იცოდა რეალურად რა ეწერა მასში. უმრავლესობისთვის ფიზიკურად და გონებრივადაც ხელმიუწვდომელია ის, რასაც ჩვენ მაღალ ხელოვნებას ვეძახით და ვინაიდან გონებას მათ გასაგებად სპეციფიური შემზადება სჭირდება, ეს, ხშირ შემთხვევაში, ამ ცოდნის უმცირესობაში დარჩენას და არა საზოგადო სიკეთედ ქცევას უზრუნველყოფს. სიბრძნე კი ხალხამდე უნდა მივიდეს, რათა საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუკი ახალ იდეებს ადრე ფილისოფოსები გამოთქვამდნენ, ახლა ეს მისია თავის თავზე სუპერგმირებმა და სუპერბოროტმოქმედებმა აიღეს და ფართო მასებს, მათზე  მორგებული ენით, ისეთ საკითხებზე გაამახვილებინეს ყურადღება, რომელიც მანამდე მხოლოდ ჩაკეტილ წრეში ტრიალებდა. ამ მარტივი ენით გადმოცემულმა ახალი სამყაროს ფილოსოფიამაც იდეოლოგიებად გარდაქმნა დაიწყო და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ბავშვობაში ნანახი და გაგონილი ზღაპრების ძალა. ფორმა შეიცვალა და არა პრინციპი. მართალია, ფორმის ცვლილებაც შეიძლება გახდეს პრინციპის შეცვლის საფუძველი, მაგრამ ამაზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია.

ფორმის ცვლილება ძნელი მისაღები აღმოჩნდა ჩვენი დროის დიდი რეჟისორებისთვის, რადგან მათ აუდიტორია სწორედ სუპერებმა წაართვეს და მარტინ სკორსეზეს მეთაურობით, სუპერების უაზრობის დასამტკიცებლად მთელი კამპანია დაიწყო. რეალობა კი ასეთია – კაცობრიობის სიცოცხლის ამ ეტაპზე სათქმელის გამოხატვის ეს ფორმაა დომინანტი და თავის საქმეს იდეალურადაც ასრულებს.  შეხედულებები და გადმოცემის ფორმები იცვლება და ვითარდება, თუმცა უცვლელია თვითონ ცვლილების გარდაუვალობა.

დატოვე კომენტარი