ბელა ჩეკურიშვილი _ როგორ არქმევენ სათაურს პრესაში


 

გარდა იმისა, რომ სათაური  სტატიის არსს გამოხატავს, იგი მკითხველის დაინტერესებას ემსახურება. ამის გამო  ავტორი თუ გაზეთი აქცენტს იმაზე აკეთებს, რაც მისთვის მოცემულ  მომენტში აქტუალურია. სათაური გამოხატავს პერიოდული გამოცემის კურსს,  განწყობას, გემოვნებას და კიდევ : თავდაჯერებას. შესაბამისად, ერთსა და იმავე მოვლენაზე, ერთსა და იმავე დღეს, ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში შესაძლოა სრულიად განსხვავებული განწყობისა და შინაარსის სათაური იხილოთ.

სააგენტოების მიერ მოწოდებულ მასალებს ყოველთვის ვრცელი სათაური აქვს, რადგან ის კონკრეტულად მომენტალური  გაყიდვისთვის არის  გამიზნული. სააგენტოს მასალა, უმეტსწილად ინფორმაციაა და მისი შინაარსის შეცნობა სწრაფად უნდა მოხდეს სათაურის მიხედვით, რომ ზღვა მასალიდან, რაც მკითხველს (თუ პერიოდული გამოცემის რედაქტორს) ეძელვა, მაინცდამაინც ის კონკრეტული ინფორმაცია  შეარჩიოს წასაკითხად თუ დასაბეჭდად.

აი, რას გვიამბობენ სააგენტოების მიერ გავრცელებული ახალი ამბების სათაურები:

საჯარო უწყებებიდან ელექტრონული ფორმით მიღებულ საჯარო ინფორმაციას იურიდიული ძალა ექნება

 დიდუბის პანთეონში 30-მდე თავისუფალი ადგილია დარჩენილი

 

 პარტია “განახლებული საქართველოსთვის” “აფხაზეთის საზოგადოებრივი თანხმობის სათათბიროს” შექმნის

 

“თეგეტა მოტორსი“ სავაჭრო პარტნიორებს დააჯილდოვებს

 ლაბორატორიის დასკვნით, „სამგორის“ „კარაქი“ არ არის “კარაქი”

 

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლების შეიარაღებას სპეცილური საშუალებებიც დაემატა

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბაშარ ასადის მთავრობას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

 

 აშშ-ში ობამას ვეტმფრენთან მიახლოების მცდელობის მქონე თვიმფრინავი იძულებით დასვეს

 

როდესაც ინფორმაცია  – სტატია ერთდღიანი, ანდა ერთკვირიანი, ერთთვიანი გამოცემისთვის იწერება, აქ ავტორი, რედაქტორი თუ გამომცემელი ნაკლებად ჩქარობს და სათაური უკვე იმის მიხედვით ირჩევა, რამდენად თავდაჯერებულია ეს პერიოდული გამოცემა. (თავდაჯერებულობაში იგულისხმება არა გაყიდვების რაოდენობა, არამედ იმის განცდა, რამდენად ფასეულია ის,  რასაც ქმნი).

ყვითელი პრესა საზოგადოების იმ ფენისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ამ ინფორმაციის მისაღებად არავითარი ინტელექტუალური მზაობა  არ სჭირდება. ამიტომ ყვითელი სტატიების  სათაურები მარტივი უნდა იყოს, ადვილად ჩასაყლაპი და მოსანელებელი, ყოველგვარი ფიქრისა და განსჯის გარეშე.

რაც შეეხება პოლიტიკურ სიყვითლეს, სტატიების სათაურებიც აქ იმ ფაქტორის გამოა მყვირლა, რომ  მისი სამიზნე აუდიტორია საზოგადოების ის ფენაა, რომელსაც სჭირდება არა შექმნილი ვითარების პოლიტოლოგიური ანალიზი, არამედ მხოლოდ გულის მოფხანა. ავტორიც და გამომცემელიც  ცდილობენ, ამ ფენაზე ორიენტირებული  აქცენტები დასვან სათაურში. ხშირად  წინადადებები კითხვითი ან ბრძანებითი ინტონაციით იგება,   რაც შესაბამისი  სასვენი ნიშნებით ფორმდება.

მაგალითად,  ასე:

რა ხდებოდა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენაზე?

საპარლამენტიო არჩევნების მაისში ჩატარება გადაწყდა?

ახლა თქვენ იმას ამბობთ, რომ ნინო ბურჯანაძის გამო, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყოს?

17 თებრვალს, 3 საათზე პარლამენტის წინ გელოდებათ შალვა ნათელაშვილი ! ! !

თუ ახლობელი ექიმი შინაურულად გაგსინჯავთ, 1000 ლარით დააჯარიმებენ!

 

რაც შეეხება იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებიც ცდილობენ, ინფორმაციის გარდა ანალიზიც შესთავაზონ მკითხველს,   თემატიკის მიუხედავად, მათთვის სათაური სათქმელის არსს გამოხატავს და მყვირალა ფრაზებით მანიპულირება არ სჭირდებათ. ისინი მარტივად წერენ:

ესტაკადა გზად და ხიდად

მძიმე სამხედრო მისია

“ეს შენ გეხება” – პეტიცია კანონის შეცვლის მოთხოვნით

შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადება

უკრაინაში ჟურნალისტების დევნა ჩვეულებრივ ამბად იქცა

ირანში მუყაოს ხომეინი დაბრუნდა

”საინგილო? არა ჰერეთი”

ასევე სიტყვაძუნწია და საქმიანი იმ სტატიების სათაურები, რომელთაც ე.წ პოლიტიკური ნეირტალიტეტი უჭირავთ და ცდილობენ, პოზიცია ოპოზიციას გვერდიდან უცქირონ.

გამომდინარე იქიდან, რომ მკითველთა დიდ ნაწილს ინფორმაციის მოპოვება აღარ უჭირს, თანდათან სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ანალიტიკური შინაარსის მქონე სტატიები, რომელიც სხვადასხვა ბლოგებზე იდება, ანდა ბეჭდური სახით ქვეყნდება პერიოდიკაში. ასეთ   სტატიებსაც გამორჩეულად მარტივი და საქმიანი სათაურები აქვს. როდესაც დასაწყისში პერიოდულ გამოცემათა თავდაჯერება ვახსენე, სწორედ ამას ვგულისხმობდი. მათ უკვე ჰყავთ საკუთარი მკითხველი, რომლისთვისაც სტატიის სათაურს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, იგი უშუალოდ ავტორს ენდობა და მას ელოდება.

თავისუფალი ქართული მედია ოცი  წელია არსებობს და ამ დრიოს მანძილზე სხვადასხვა ცვლილებები განიცადა. ერთ-ერთი სანუგეშო და გამორჩეული ნიშანია პროფესიონალების მოსვლა ჟურნალისტიკაში, კერძოდ, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა და კულტურა. დღეს თეატრალურ პრემიერებზე ხელოვნებათმცოდნეები წერენ, ლიტერატურულ გამოცემებზე – ლიტერატორები, ეკონიმიკის სიახლეებს კი შესაბამის დარგში ღრმად ჩახედული პროფესიონალები.

პოლიტიკა მუდამ იქნება ყველაზე მწვავე თემა, მით უფრო პატარა ქვეყანაში და, მით უფრო, კავკასიაში. მაგრამ თაობები იცვლებიან, იცვლება დრო და  მოთხოვნები და რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ახალგაზრდების განათლება-გაუნათლებლობაზე, ისინი პროფესიონალურ წარმატებაზე არიან მოტივირებულნი. შესაბამისად, მათ მოვლენების პროფესიონალთა შეფასება აინტერესებთ. დამწყებ ჟურნალისტებს სწორედ ამის გათვალისწინება მართებთ. მე კი, არა იმედი არამედ რეალობა მაძლევს საფუძველს იმის სათქმელად, რომ სულ მალე გაუნათლებელი ადამიანის სინონიმად ჟურნალისტი აღარ გამოდგება.  J

დატოვე კომენტარი