მარიამ ღვინჯილია – კლასიკური ტექსტის პერსონაჟის პოსტმოდერნისტული რეკონსტრუქცია


მხატვრული ნაწარმოების მიღმა იდუმალი სამყაროა, რომელთან ზიარებაც ადამიანს ბევრ რამეს განაცდევინებს. სიტყვით ჯადოქრობის, სიტყვიერი შემოქმედებითი ფორმის ეს სახეობა გვაახლოებს  სამყაროსთან, რომელიც ჩვენვე გვეკუთვნის, რადგან მწერალს შეუძლია, მკითხველი ამოგზაუროს დროსა და სივრცეში.

XX  საუკუნის ნაცრისფერმა ისტორიულ-პოლიტიკურმა სინამდვილემ მნიშვნელოვნად გააძლიერა პოეტური თუ პროზაული ნაკადი ქართულ ლიტერატურაში. გავრცელდა და დამკვიდრდა არნახული ლიტერატურული მიმდინარეობები, მათ შორისაა პოსტმოდერნიზმი. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურულ ტექსტებს შორის გარკვეულ ურთიერთმიმართებას ვხედავთ. პოსტმოდერნიზმი საკმაოდ ორიგინალური მიმდინარეობაა ხელოვნებაში.   ამ მიმდინარეობის ტექსტებში წაშლილია ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის, კლასიკასა და სიახლეს შორის. ყველაფერი გაერთიანებულია. წარმოიდგინეთ XXI საუკუნის ვარსქენი, რომელიც რეკონსტრუირებულია და არაფერი აკავშირებს კლასიკურ ვერსიასთან, მაგრამ , მეორე მხრივ, რომ არა კლასიკური ვარიანტი, თანამედროვე ვერსია იქნებოდა ისეთი აქტუალური, როგორიც ახლაა?

და საერთოდ , იარსებებდა ისეთი საინტერესო თემა, როგორიცაა: კლასიკური ტექსტის ან ამგვარი ტექსტის გმირის პოსტმოდერნისტული რეკონსტრუქცია?

სწორედ ეს საკითხი შემოაქვს ამ ტექსტებს ლიტერატურაში.

ამგვარად, იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამებისა’’ და აკა მორჩილაძის ,,ვინ მოკლა ვარსქენ პიტიახში’’ – ამ ტექსტების მეშვეობით შევეცდები, ვიმსჯელო  ვარსქენ პიტიახშისა და შუშანიკ დედოფლის  ორ სიცოცხლეზე;

  • მათ ძველ და ახალ სიცოცხლეზე ლიტერატურაში;
  • მათი სახეების კლასიკურ და თანამედროვე ასახვაზე, რაც , ბუნებრივია უკავშირდება ტექსტების შექმნის – ეპოქას, ჟანრს, მიმდინარეობას.

პოსტმოდერნიზმმა XX საუკუნის მეორე ნახევრიდან – ლიტერატურის,  ხელოვნების, ფილოსოფიისა და, საერთოდ, თითქმის ყველა სფერო მოიცვა.  პოსტმოდერნიზმი ავანგარდიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა და  დაუპირისპირდა მოდერნიზმს. ის გახდა ყოფიერების ნაწილი, რაც მიუღებელი იყო მოდერნიზმისათვის.

,,თუკი მოდერნიზმის ერთ-ერთი ძირითადი მეტაფორა იყო პლატონისეულ იდეათა აჩრდილები, რომელთაც ხედავენ გამოქვაბულის კედლებს მიჯაჭვული ადამიანები,რომლებიც, თავის მხრივ, განწირულნი არიან, რომ ვერასოდეს იხილავენ თავისთავად იდეას (ჭეშმარიტებას, არსს), პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი ძირითადი მეტაფორა ხდება კვალავაც პლატონისეული სიმულაკრა, ასლი, რომელსაც ორიგინალი არ გააჩნია’’(წიფურია ბელა, 169). ეს ორი ერთმანეთისაგან განსხვავდება იმით, რომ აჩრდილებს გარკვეული მიმართება ჰქონდათ არსთან, ხოლო პოსტმოდერნიზმში თანამედროვეობის ასახვა, როგორც სიმულაკრასი მიუთითებს ,რომ პირველწყაროსთან არანაირი კავშირი არ არსებობს. მოდერნიზმის დროს თუ ჭეშმარიტების არსებობა საეჭვო იყო, პოსტმოდერნში ეს არც განიხილება. ეს შეიმჩნევა კიდეც, რადგან არსის ძიება არც მიმდინარეობს და გარესამყარო აღიქმება ჭეშმარიტებას მოკლებულ ასლად.

მთავარი პოსტმოდერნისტული შეკითხვაა, ღმერთი ხომ არ იყო მისი არსებობის ნიშნების სიმულაცია. კითხვა ირონიულია და მიემერთება ამ ეპოქას, რადგან იმ ხანაში ადამიანი ჭეშმარიტებასთან კავშირს არ გრძნობს, იმიტომ რომ არსებული ნიშნები არაა ნამდვილი, არაა განპირობებული პირველწყაროთი( წიფურია, 170). ამგვარი მიმართება რეალობის მიმართ ჩანს პოსტმოდერნისტულ სახეებშიც, რომლებიც ადამიანის სულიერი და მსოფლმხედველობრივი პოზიციის გამომსახველად შეიძლება მივიჩნიოთ.

,,ბოდრიარი სახის განვითარების ოთხ ეტაპს გამოყოფს: 1. ის სიღრმისეულ რეალობას

ასახავს; 2. ის ნიღბავს და ასახიჩრებს სიღრმისეულ რეალობას; 3. ის ნიღბავს

სიღრმისეული რეალობის არარსებობას; 4. მას არანაირი კავშირი არა აქვს არანაირ

რეალობასთან: ის საკუთარი თავის წმინდა სიმულაციაა (წიფურია, 170)’’.

აქ სახის ცნებაც  გულისხმობს  მოვლენას, რომელსაც ქმნის თავად ცხოვრება და რომელიც ამა თუ იმ შინაგანი კანონზომიერების ამსახველად შეიძლება მივიჩნიოთ. ამგვარ სახეთა რიცხვში შეიძლება მოექცეს ხელოვნებისეული სახეებიც. სარწმუნოებრივი ხელოვნებაც სიღრმისეულ რეალობას ასახავს, რომელშიც მხატვრულ სახესა და ადამიანის გამომსახველობით მოღვაწეობას უშუალო მიმართება აქვს ჭეშმარიტებასთან ( წიფურია ბელა,170).

სიღრმისეული რეალობის არსებობაში დაეჭვებამ, მისმა შენიღბვამ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში სახე იცვალა და ეჭვი ჩაანაცვლა არარსებობის განცდამ, შესაბამისად, დაიწყო სიმულარკობის ფაზა. ხელოვნების ნაწარმოებიც არაა შთაგონებული აბსოლუტური ჭეშმარიტების მიერ, არც იმ არსით,რომ ადამიანი აღმოაჩენს რაიმე ჭეშმარიტებას. პოსტმოდერნისტული ხელოვნებისათვის დასაბამი არის თავად ხელოვნება, შესაძლოა  მოდერნისტული.  ეს ფორმა ხელოვნებისა სიმულარკულია, იმიტომ რომ  ამასთან, პოსტმოდერნიზმი ხელოვნების სფეროში აბრუნებს ტრადიციულ ნორმებსაც და მათი მასობრივი მოხმარების ფორმასაც. ეს ყოველივე გამოიხატება პოსტმოდერნისტულ რომანში სიუჟეტის დაბრუნებით და ნაცნობი ნორმები, რეალობასთან შესაბამისობა იზიდავს მასობრივ გემოვნებას (წიფურია, 171).

სიმულაკრას გარდა, აღსანიშნავია ირონია და პაროდია. ირონია  ქმნის ემოციურ ფონს და მხატვრული სახე გაიაზრება ამავე ესთეტიკურ სისტემასთან ირონიულ წინააღმდეგობაში.  ხელოვანი თავს უფლებას აძლევს იყოს ირონიული და არ ენდოს ამა თუ იმ სისტემას.  (წიფურია 2008, 283).

პაროდია არის მიბაძვა, რომლის წიაღშიც მახინჯდება ბაძვის საგანი. მისაბაძი საგანი არის სატირულად წარმოჩენილი, მაგრამ პოსტმოდერნიზნში მას ცვლის პასტიში, რომელიც გულისხმობს სტილისა და იდეის ურთიერთშეთანხმებას, აზრების კომედიურ თამაშს ინტერტექსტუალობის უსაზღვრო ველში (Ильин Ил. П http: //www.gumer.info/bogoslov Buks/Philos/Ilin Post/index.php).

ამგვარად, პოსრმოდერნისტული მიმდინარეობის მოცემული მახასიათებლები საინტერესო სახეს ქმნის თანამედროვე ლიტერატურაში:

  • ორმაგი კოდირება;
  • ინტერტექსტუალობა;
  • სიღრმისეულ რეალობასთან კავშირის არარსებობა- სიმულაკრა;
  • ღირებულებათა დევალვაცია, კომერციალიზაცია;
  • ირონია;
  • პაროდირება – პასტიში.

პოსტმოდერნიზმის აღნიშნული მახასიათებლების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ და განვიხილოთ კლასიკური ნაწარმოების პერსონაჟის პოსტმოდერნისტული რეკონსტურქცია აკა მორჩილაძის მოთხრობის საფუძველზე – ,,როგორ მოკვდა ვარსქენ პიტიახში’’ .

,,შუშანიკის წამების’’ პერსონაჟები არიან  – შუშანიკ დედოფალი, ვარსქენ პიტიახში, იაკობ ცურტაველი, პეროზ მეფე, ვინმე სპარსი, აფოც ეპისკოპოსი …

აკა მორჩილაძესთან გვხვდება: ვარსქენ პიტიახში, შახაბაზი, შუშანიკ დედოფალი, თამარ მეფე, ვახტანგ გორგასალი, შუშანიკის ძმა…

როგორც პერსონაჟების ჩამონათვლიდან ჩანს, პოსტმოდერნისტულ მოთხრობაში გვხვდება ორმაგი კოდირება, რადგან აკა მორჩილაძეს გადმოჰყავს ,,შუშანიკის წამების ‘’ პერსონაჟები  ვარსქენი და შუშანიკი. ეს თავისთავად გულისხმობს ორმაგ კოდირებასა და ინტერტექსტუალობას. ავტორი ირონიითა და პაროდიით ახდენს კლასიკური პერსონაჟის რეკონსტრუქციას, შედეგად, პერსონაჟი და ტექსტიც განსხვავდება უკვე არსებულისაგან. ეს განსხვავება ცალსახაა თავად პერსონაჟთა ჩამონათვალშიც, რადგან აქ გვხვდება შაჰ აბასი, თამარ მეფე, ანუ აბსოლუტურად სხვა ამბავთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ : ,,დათა თუთაშხია ზეპირად ვიცით მეც და ყველამაც, მაგრამ ვიყენებ იმიტომ, რომ ამბავს უხდება ასე, რატომ უნდა იყოს ვინმე ახალი, არ სჯობია იყოს ძველი ახლებურად, მაგრამ არის ხოლმე ვინმე ახალიც.ეს უწყვეტ კავშირს უნდა ქმნიდეს. რომ გადავაკეთე ისიც საკმარისია, გმირები ხომ მარად ცოცხალნი არიან.“ ( იმნაიშვილი 2001: 12 )

აქედან ჩანს, რომ აკა მორჩილაძე იყენებს პოსტმოდერნისტების საყვარელ ლიტერატურულ ხერხს, რაც უკვე არსებულ ტექსტთა საკუთარი შემოქმედებითი მიზნისათვის გამოყენებაა.  ამ შემთხვევაში ის ირჩევს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირს და თხზავს მასზე ამბავს.

მივუბრუნდეთ პოსტმოდერნიზმის მახასიათებლებს. ამ ტექსტს არსთან კავშირი არ გააჩნია. ის გამოხატავს ზოგად იდეას, რომელიც შეიძლება დავაკავშიროთ ვარსქენის ჰაგიოგრაფიულ სახესთან გარკვეულ თვალსაზრისით. აღსანიშნავია,რომ მისი სახის შექმნისას ავტორი იყენებს ირონიას და პაროდირებითაა რეკონსტრუირებული მისი სახე.

კლასიკურ ვერსიაში ,,მგლის’’ მეტაფორით დაბადებული, ავტორისა თუ სხვა პერსონაჟების მხრიდან რეალისტურად გააზრებული ვარსქენ პიტიახში, რეკონსტრუირებული სახით გვევლინება თათრების შთამომავალ, შახაბაზის დისშვილად (რეალურადაც ფეროზიანთა დინასტიას ეკუთვნოდა) . საინტერესოა ავტორის მხრიდან ,,პიტიახშის’’ გაშიფვრა. ,,იახში’’ – თათრულად ნიშნავს კარგს, ,,პიტ’’ – ბიჭს და სწორია ,,ბიჭიახში’’(მორჩილაძე აკა, 192). ,,ბიჭიახში’’ თავისი ჟღერადობით მაგონებს გიგლა ბერბიჭაშვილის სახელს და მგონია, რომ ავტორს ეს შემთხვევით არ შეუქმნია. კლასიკური ვარქენის მოღალატეობა და არა მარტო  მისი, რადგან ამ ტექსტშიც ის განუდგება თამარ მეფეს და ირანის მხარეს გადავა, შესაბამისად, შეიძლება რეალურად მომხდარ, გიგლა ბერბიჭაშვილის მიერ ილია ჭავჭავაძის მკვლელობას დავუკავშიროთ ვარქენის ბიჭიახშობა.

დამახინჯებულია შაჰ აბასის სახელიც, რაც ბუნებრივია, გამოწვეულია იმ ისტორიული გარემოებით, რომელიც მას საქართველოსთან აკავშირებს ან/და პეროზ მეფესთან, რადგან მწერალი მას შაჰაბაზად მოიხსენიებს. ამახინჯებს და სახელ პეროზს ამსგავსებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთხრობის პერსონაჟთა სახელები მეტყველი და ჟღერადია. გვიქმნის რეალობის ალუზიას, გვახსენებს რეალურ ამბებს.

კლასიკური ტექსტის პერსონაჟის რეკუნსტრუირებულ სახეში ირონია იკვეთება თავიდანვე, როდესაც ავტორი საუბრობს ვარსქენის მშობლებზე და ცდილობს გაგვაგებინოს ვარსქენის დედა თათარი იყო თუ სომეხი. შემდეგ ვარსქენისათვის ცოლის შერჩევისას საყვადურობს კიდეც მამამისი შაჰ აბასს: ,,შენ რომ თათარი შემომასაღე, ესე ხო არ არისო?’’

მთელი ტექსტი ირონია-პაროდიითა გამსჭვალული. პაროდირებულია როგორც ვასქენის, ისე შუშანიკის სახე, რომელიც ვახტანგ მეფესთან აფარებს თავს და ვარსქენზე განაწყენებულია თათრული ცხოვრების წესისა და იქაურ ქალებთან ურთიერთობის გამო. აქვე იკვეთება აღნიშნული ესთეტიკური სისტემის არსებითი მახასიათებელი –  ღირებულებათა დევალვაცია და კომერციალიზაციაა, რაც კარგადაა  გამოხატული შუშანიკის სახეში. ვარსქენთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ღირებულებათა სისტემა მხოლოდ პოსტმოდერნისტულ ტექსტშია სახეცვლილი მისი მხრიდან ირანის მხარეს გადასვლით. თურმე რუქნადინიც ვარსქენის გალახული ყოფილა და მიუხედავად ამისა,  თამარ მეფის გარდაცვალების შემდგომ , ირანის მხარეს გადავიდა და თათრულად მოიწყო ცხოვრება. მან მიატოვა მეუღლე და შვილები, რამაც ,ბუნებრივია, ვახტანგ მეფე გაანაწყენა და შემთხვევით მათი შერკინების დროს ვარსქენი უფსკრულში გადაიჩეხება. მისმა აღსასრულმა  დაამწუხრა ვახტანგ გორგასალი დაერეკლე მეფე.   დევალვაცია ვარსქენის შემთხვევაში მხოლოდ ამ ტექსტს უკავშირდება, ვერ ვიტყვით რომ ძველ სახესთან შედარებით ვარსქენის ღირებულებათა სისტემა შეცვლილია. რაც შეეხება შუშანიკს , მასზე ნამდვილად შეიძლება ითქვას ღირებულებათა დევალვაციის შესახებ , რადგან შუშანიკი განაწყენებულია ვარსქენზე არა სამშობლოსა და სარწმუნოების ღალატის, არამედ პირადი ურთიერთობის გამო და მიმართვს მას:

 ,,შე ურჯულო და უწმინდურო, არ დამენახო, თათარზე როგორ გამცვალე’’?

მაშინ როდესაც კლასიკური ღირეულებითა სისტემით მისი სატკივარი ასე  გამოითქვა: „საწყალობელ იქმნა უბადრუკი ვარსქენ, რამეთუ უვარყო ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარა ატროშანი და შეერთო იგი უღმრთოთა“.  შუშანიკი ირჩევს არა მოწამეობრივ გზას, არამედ მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას ვახტანგ მეფის მფარველობით.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოცემულ მოთხრობაში საინტერესოდაა რეკონსტრუირებული გმირების სახე. გამოკვეთილია პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ძირითადი მახასიათბლები: ორმაგი კოდირება, ინტერტექსტუალობა, სიმულაკრა, ირონია, პაროდია, ღირებულებათა დევალვაცია.

მაშასადამე, პოსტმოდერნიზმი არის ახალი, თავისუფალი, ღია ესთეტიკური სისტემა, რომელიც ინტერესდება კლასიკური ხედვებით, შემოქმედებითი მემკვიდრეობით, ამუშავებს, გარდაქმნის მათ ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ხერხების მეშვეობით, რითაც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს კლასიკურ ტექსტებს, მათ გმირებს მეორედ აცოცხლებს და საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგენს ბევრისგან მივიწყებულ და ქართული ლიტერატურისათვის მნიშვნელოვან ტექსტებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბრეგაძე, ლევან. ,,პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“. სჯანი.I (2000): (110- 124)

2. 3. იმნაიშვილი, ანა. ,,შეხვედრა აკა მორჩილაძესთან“, კალმასობა, 2001:I (5–7)

3. მორჩილაძე,აკა. წიგნი. თბილისი: ,,ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა, თბილისი, 2003

4. ქართული პროზა, შუშანიკის წამება, გამომცემლობა ,,საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1982.

5. წიფურია, ბელა. „პოსტმოდერნიზმი“. ლიტერატურის თეორია, XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები. თბილისი: ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008

6. Ильин Ил. П http: //www.gumer.info/bogoslov Buks/Philos/Ilin Post/index.php 11. Джеймисон Ф. П http://www.ruthenia.ru/logos/number/2000_4/10.htm

მარიამ ღვინჯილია/ ფილოლოგი/მასწავლებელი

2021 წელი, 14 თებერვალი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s