მამუკა ბიჭაშვილი _ როლან ბარტის სემიოლოგიური კონცეფციისათვის


პოსტსტრუქტურალისტების ბანაკში ფუკოს, ლაკანის, დერიდას და სხვათა გვერდით, ბარტს ყოველთვის ჰქონდა გამოკვეთილი ადგილი და შესაბამისი კვლევის სფერო. გარდა წმინდა სემიოტიკური საკითხებისა, რასაც ყველა ეს ავტორი იკვლევდა, ბარტს ძირითადად მითოლოგია, მოდა და ლიტერატურა აინტერესებდა. ლიტერატურის კვლევისას ბარტი შესაბამისი სფეროს ენასაც იკვლევდა, თუმცა მისი ინტერესი საკუთრივ ენის მიმართ ყოველთვის გაშუალებული იყო ნიშანთა თეორიით: ბარტი ენას იკვლევდა იმდენად, რამდენადაც ენა ნიშანთა ზოგადი თეორიის ერთ სისტემას წარმოადგენს

ჩვენი დაინტერესება ბარტის ნიშანთა თეორიით სავსებით კონკრეტული მიმართულების მქონეა. სტატიის ზოგადი სახელწოდების მიუხედავად, ჩვენ აქ არ შევეცდებით ბარტის შეხედულებათა თანმიმდევრულ გადმოცემას. ჩვენ უფრო მისი ადრეული სემიოლოგიური კონცეფცია გვაინტერესებს, როდესაც ბარტი თანამედროვე პოლიტიკურ მითებს აანალიზებდა ეწეოდა და ამ კონტექსტში იკვლევდა როგორც ღიად გამოთქმულ, ასევე „ნაგულისხმებ“ დებულებებსაც. ცნობილია, რომ ყოველი წინადადება, ჩვეულებრივ, გარდა გადმოცემული უშუალო შინაარსისა, გულისხმობს შინაარსების ძალზე ფართო კონოტაციურ ველს. მაგალითად, თუ ავიღებთ პოლიტიკური პარტიების ისეთ წინასაარჩევნო დევიზებს, როგორიცაა „საქართველო სიღარიბის გარეშე“ ან „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, თითოეული მათგანი გამოხატავს არა იმდენად არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ოცნებას თუ სურვილს, არამედ ერთ წინადადებაში დატეულ მთელ სამოქმედო პროგრამას, რაც, თუ მხოლოდ წინადადების ზედაპირულ შინაარსზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, მისგან არ ამოიკითხება. ბარტის სემიოლოგიური კონცეფცია ჩვენ სწორედ ამ კუთხით გვაინტერესებს: ფლობს თუ არა ბარტის სემიოლოგია სათანადო საშუალებებს აგვიხსნას, თუ როგორ ხორციელდება იმპლიციტური შინაარსების კითხვა და გაგება ისევე, როგორც აგვიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების მთელი რიგი.

მითი და მისი ელემენტები

ბარტი იყენებს არა ტერმინ სემიოტიკას, არამედ „სემიოლოგიას“. „სემიოლოგია – წერს იგი ერთგან – რომელიც არ სცილდება საკუთარ საზღვრებს, არ წარმოადგენს მეტაფიზიკურ მხარეს. ის ისეთივე მეცნიერებაა, როგორც ნებისმიერი სხვა“ (1.75). ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით, ავტორს გავყვებით და „სემიოტიკის“ ნაცვლად „სემიოლოგიაზე“ ვისაუბრებთ.

„მითი“ ბარტის თეორიაში განსხვავებული მნიშვნელობისაა და არ ემთხვევა ამ ტერმინის ჩვეულებრივ გამოყენებას. მითი ბარტისათვის წარმოადგენს არა ძველ თქმულებებს სამყაროსა და ღმერთების შესახებ, არამედ უფრო ჩვენი დღევანდელი სოციალური ყოფის შინაარსეულ მხარეს. ისევ ბარტისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მითი მისთვის არის აღმნიშვნელთა ფართო კონოტაციური ველი, რომელშიაც მოინიშნება დისკურსის ლატენტური, იდეოლოგიური დონე. ფუნქციურად მითის დანიშნულება რეალობის დეფორმაციაში მდგომარეობს. მითი ცდილობს წარმოადგინოს ღირებულებათა ისეთი სისტემა, როგორსაც მისგან მოელიან და რომლის აღსაქმელადაც მზად არის კომუნიკაციაში ჩაბმული ინდივიდი. ამ მნიშვნელობით გაგებული მითი ყოველთვის ცდილობს თავი გაასაღოს არა კულტურის პროდუქტად, არამედ ბუნების მოვლენად. ბარტი ერთ-ერთი პირველი იყო გასულ საუკუნეში, ვინც დეტალურად დაამუშავა პოლიტიკური მითების სტრუქტურა და შემადგენელი ელემენტების თანმიმდევრული ანალიზი წარმოგვიდგინა. ბარტმა თავისი სემიოლოგია გამოიყენა სოციალური კრიტიკის მიმართულებით.

ყოველი სემიოლოგიური სისტემა შედგება სამი ელემენტისაგან, აღმნიშვნელის, აღსანიშნისა და ნიშნისაგან. თითოეული ამ ელემენტის დანიშნულება კარგადაა ცნობილი ყველასათვის, ვინც სემიოტიკურ საკითხებში ერკვევა. სპეციფიკური ელემენტი ბარტის სემიოლოგიაში არის ნიშანი, რომელიც პირველი ორის რელაციას წარმოადგენს. აღმნიშვნელი ბარტის თეორიაში შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი. საკითხი იმის შესახებ, სუბიექტური მოვლენების აღნიშვნა ხდება თუ ობიექტურის, კონვენციურად გაირკვევა. მაგალითად, ხანგრძლივი ზარი სასწავლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ნიშანია და გასაგებია, რომ როგორც ზარი, ასევე სწავლის პროცესი შეიძლება ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობდნენ მანამდე, ვიდრე ისინი მესამე ელემენტად, ნიშნად გაერთიანდებოდნენ. თავისთავად აღმნიშვნელი მოკლებულია შინაარსს. მისგან განსხვავებით, ნიშანი ყოველთვის შინაარსის მფლობელია და ატარებს გარკვეულ მნიშვნელობას. სემიოლოგიური ელემენტების დამოუკიდებელი და მანამდელი არსებობა, ვიდრე ეს საშუალებები ამოქმედდებოდნენ, მითის სემიოლოგიის არსებითი მახასიათებელია. ამგვარად ინტერპრეტირებული მითის სემიოლოგიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ნიშანი, რომელიც მანამდელ ენობრივ სისტემაში წარმოადგენდა აღმნიშვნელის და აღსანიშნის ასოციაციას ანუ შემოთავაზებული დახასიათებით ნიშანს, მითის სემიოლოგიურ სტრუქტურაში შემოდის, როგორც – აღმნიშვნელი. იგი ერთდროულად აღმნიშვნელიცაა (როგორც მითის ელემენტი) და ნიშანიც (როგორც პირველადი სემიოლოგიური სისტემის, ვთქვათ, ენის ელემენტი). მითში შეტყობინებას ახორციელებენ ისეთი მატერიალური საშუალებები, როგორიცაა ენა, ფოტოგრაფია, ფერწერა, რეკლამა, რიტუალი, ჩვეულებრივი საგნები და ა.შ. როგორი განსხვავებულიც უნდა იყვნენ ისინი თავისთავად, როგორც კი მითის შემადგენელ ელემენტებად იქცევიად, მაშინვე დაიყვანებიან

აღმნიშვნელის ფუნქციაზე. ყველა მათგანი მხოლოდ ამოსავალ მასალას წარმოადგენს მითის აგებისას (1.78). ის, რაც წინა, პირველადი სემიოლოგიური სისტემის მესამე ელემენტი, ნიშანი იყო, შემდგომში გადაიქცევა იმ სისტემის პირველ ნიშნად, რასაც მითი დააშენებს პირველად სისტემაზე. აქედან ცხადი ხდება, რომ მითში ერთი ენობრივი სისტემა დაშენებულია მეორე ენობრივ სისტემაზე. სწორედ ამიტომ ბარტი პირველს – ენა ობიექტს უწოდებს, ხოლო მეორეს – მეტაენას.

ორი მაგალითი

იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ ბარტის მიერ შემოთავაზებული სემიოლოგიური მოდელი, უპრიანი იქნებოდა მოგვეყვანა ის მაგალითები, რომელსაც ბარტი არაერთხელ იყენებს თავისი შეხედულებების ნათელსაყოფად.

პირველი მაგალითი წარმოადგენს ლათინური გრამატიკის სახელმძღვანელოში გამოყენებულ ფრაზას ეზოპეს იგავებიდან „qua ergo nominor leo“. ამ ფრაზას ავტორის მიხედვით ორაზროვნება ახასიათებს. ერთი მხრივ, მისი მნიშვნელობა სავსებით გასაგებია („იმიტომ, რომ ლომად ვიწოდები“), მაგრამ, მეორე მხრივ, ფრაზა სახელმძღვანელოში მოყვანილია იმიტომ, რომ რაღაც სრულიად სხვა გვამცნოს. სინამდვილეში ის სულაც არ ისახავს მიზნად ლომის შესახებ რაიმეს უწყებას. ის ცდილობს, ჩვენი ყურადღება მიაპყროს სიტყვათხმარების გარკვეულ ტი პს. კერძოდ, ფრაზა მოსწავლეს ეუბნება: მე ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ზედსართავი სახელი ქვემდებარეს. ამავე დროს, ბარტისათვის ეს მოყვანილი მაგალითი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ დაშენდება მეორადი ენობრივი სტრუქტურა პირველადზე.

ახლა ავიღოთ მეორე მაგალითი, – „პარი მატჩის“ ფურცლებზე გამოსახული ფრანგულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა აფრიკელი მეომარი, რომლის თავზე საფრანგეთის ალამი ფრიალებს. როგორია გამოსახულების საზრისი? საფრანგეთი დიდი იმპერიაა, რომლის შვილებს, სულ ერთია, რა ფერის კანი აქვთ, ერთგულად ემსახურებიან მას. ეს სურათი საუკეთესო საშუალებაა კოლონიური სისტემის კრიტიკისათვის – ახალგაზრდა აფრიკელი თავდადებით ემსახურება თავის მჩაგვრელებს. აქაც, ისევე როგორც წინა მაგალითის შემთხვევაში, კარგად ჩანს ენა ობიექტის და მეტაენის სტრუქტურები.

აქედან ბარტი აყალიბებს ახალ ტერმინოლოგიას, რომელიც უფრო მოქნილი უნდა იყოს სრულყოფილი ანალიზისათვის. კერძოდ, ორმაგი ელემენტი, რომელზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ე.ი. ნიშანი პირველადი სისტემისათვის და აღმნიშვნელი მეორედი სისტემისათვის ახალ სქემაში განსხვავებულად ტრანსფორმირდება. ეს სემიოლოგიური ელემენტი პირველადი სისტემისათვის იწოდება საზრისად, ხოლო მეორად, ე.წ. მითის სისტემაში კი წარმოგვიდგება, როგორც ფორმა. აღსანიშნი მითის პლასტში არის კონცეპტი, ხოლო ბოლო ელემენტი კი – მნიშვნელობა. განვიხილოთ ახლა ეს ელემენტები უფრო დაწვრილებით, რაც მოგვცემს საშუალებას შევავსოთ ჩვენი თვალსაზრისი მითის ფუნქციური მხარეების შესახებ.

ფორმა და კონცეპტი

ფორმის ანუ მითის აღმნიშვნელის ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მითის აღმნიშვნელი ორსახოვანია. ის ერთდროულად ფორმაცაა და საზრისიც ანუ ცარიელიცაა და შევსებულიც. სპეციფიკას აქ ის ქმნის, რომ აღმნიშვნელი მოყვანილ მაგალითებში არ არის მთლად შინაარსისაგან დაცლილი, როგორც ეს ჩვეულებრივ მოეთხოვება აღმნიშვნელს. როგორც პირველადი სისტემის ელემენტი, ფორმა გარკვეული შინაარსის მატარებელია. ასეთია აფრიკელი ჯარისკაცის მისალმება. რა ხდება მას შემდეგ, რაც პირველადი სისტემის ნიშანი ფორმად გადაიქცევა? ბარტის მიხედვით, სავსებით კონკრეტული შინაარსის მატარებელი პირველადი სისტემის ნიშანი მითში პარაზიტულ ფორმად მოგვევლინება. საქმე ისაა, რომ ფორმის თანმხლებ კონკრეტულ შინაარსს ყოველთვის თან სდევს კონკრეტული ცოდნა წარსულის, იდეების, ფაქტების, გადაწყვეტილებების და სხვა მოვლენების შესახებ. მითის სტრუქტურაში შესვლა საზრისს კონკრეტულ შინაარსს მოაკლებს, გააღარიბებს მას. შედეგად – ისტორია ამოტრიალდება და ხელში მხოლოდ სიტყვიერი მასალა გვრჩება. ამ დროს კონკრეტული შინაარსის დენოტატებიდან ფორმას თითქოს მხოლოდ ბუნდოვანი მასალა რჩება. ფაქტობრივად დაკარგულია (თუ გრამატიკის სახელმძღვანელოს მაგალითს ავიღებთ) საზრისების მთელი სისტემა ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ზოოლოგიიდან და ა.შ. კითხვის პროცესში ხორციელდება ერთგვარი გადაადგილება, ხდება ენობრივი საზრისის რეგრესია ფორმისაკენ, ანუ ხდება ენობრივი ნიშნის ტრანსფორმაცია მითის აღმნიშვნელად (1.82)

მითში პირდაპირ და თავისთავად მოცემული ფორმა გარკვეული ვრცეულობის მფლობელია. თუ მითი ზეპირი მეტყველების სახით გადმოიცემა, მაშინ ფორმას ხაზობრივი სტრუქტურა აქვს. მითის ენობრივი ფორმით გადმოცემისას კონცეპტის ელემენტები ასოციაციურად უკავშირდებიან ერთმანეთს. მათი კავშირი სიღრმისეულია. ამისგან განსხვავებით, იმ შემთხვევაში, თუ მითი ვიზუალური ხატის ფორმით გადმოიცემა, მაშინ მის ვრცეულობას მრავალგანზომილებიანი სახე აქვს. ასეთია, მაგალითად, აფრიკელი ჯარისკაცის შემთხვევა, როდესაც ცენტრში ჩვენ ვხედავთ მუნდირს, ზემოთ შავ სახეს, მარცხნივ სამხედრო მისალმებისათვის გაწვდილ ხელს და ა.შ. ყველა ამ ელემენტს ერთმანეთის მიმართ გარკვეული პოზიცია აქვს დაკავებული. მათი ურთიერთგანლაგება მონაცვლეობითია. ფორმის მანიფესტაციის სახე ამ შემთხვევაში სივრცისეულია.

შემოთავაზებულ აღწერებში ბარტისათვის მთავარი ისაა, რომ ფორმა არ სპობს შინაარსს, არამედ მხოლოდ უკანა პლანზე გადაადგილებს მას. გადაადგილება არ ნიშნავს მოსპობას. არის მომენტები, როდესაც პირველადი ენობრივი სისტემის შინაარსი მაინც წარმოჩნდება მითში და ფორმის და შინაარსის ეს თამაში მითის არსებას შეადგენს.

ფორმაზე საუბრისას იგი უნდა გავმიჯნოთ სიმბოლოსაგან. აფრიკელი ჯარისკაცი არ არის საფრანგეთის იმპერიის სიმბოლო. საამისოდ ის მეტისმეტად რეალურია. ფოტოზე ჯარისკაცი მთელი თავისი ცხოველმყოფლობით წარმოგვიდგება, მაგრამ მისი რეალობა მაინც მეორადია, უკან დაწეულია მოახლოებული კონცეპტის, „საფრანგეთის იმპერიის“ ფონზე და რეალობა დასესხებულად გამოიყურება.

თუ ფორმიდან ახლა კონცეპტისაკენ გადავინაცვლებთ, პირველ რიგში აღსანიშნავია მისი მიზანმიმართული ხასიათი. გრამატიკის სახელმძღვანელოს

კონცეპტი მოსწავლეებისათვისაა გამიზნული, ხოლო აფრიკელი ჯარისკაცის სურათი კი – მოსახლეობისათვის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ კითხვის პროცესში მითის სიღრმიდან გამომზირალ ისტორიას მთლიანად შეისრუტავს კონცეპტი. მეორე მაგალითის კონცეპტია „საფრანგეთის იმპერია“. სწორედ ისაა მიზეზი მითის არსებობისა. კონცეპტის საშუალებით, რომელიც ფორმისაგან განსხვავებით არასდროს არის აბსტრაქტული, მითში შემოდის ახალი ვითარებები. მითში ფორმის გაღარიბების დროს კონცეპტის – საფრანგეთის იმპერიის – საშუალებით ფორმა კვლავ ახერხებს დაუკავშირდეს რეალურ სამყაროს, მის მოვლენებს. კერძოდ, საფრანგეთის ისტორიას მთელი მისი კოლონიური ავანტიურებით. საზრისიდან ფორმაზე გადასვლისას – წერს ბარტი, – გამოსახულება კარგავს ცოდნის გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ სამაგიეროდ ივსება იმ ცოდნით, რომელიც არსებობს კონცეპტში (1.84). თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მითის კონცეპტები მოკლებულნი არიან სიმყარეს: ისინი იქმნებიად, იცვლებიან, იშლებიან და ბოლოს, სრულიად ქრებიან მათი ისტორიული ხასიათის გამო, რადგან ისტორიას იოლად შეუძლია მათი ჩამოწერა.

შეიძლება მითის კონცეპტი უამრავი აღმნიშვნელით იყოს აღნიშნული. ხშირად ჩვენ საქმე გვაქვს კონცეპტებთან, რომელთაც აღმნიშვნელების მთელი რიგი გააჩნიათ. ასეთ დროს ხდება ერთი და იგივე კონცეპტის სხვადასხვა ფორმით განმეორება. ამ ვითარებას, ბარტის აზრით, ინტერპრეტატორისთვის მხოლოდ სარგებლობის მოტანა შეუძლია, რადგან რეპრეზენტაციების განმეორებები, ქცევის მდგრადობას რომ ადასტურებს, მითის ინტენციებზე მიგვითითებს და ამით მითის გაშიფვრაში გვეხმარება (1.85).

არანაკლებ არსებითია ბარტის თეორიისათვის მნიშვნელობის ელემენტი. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ სწორედ მნიშვნელობაა საკუთრივ მითი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მნიშვნელობა წარმოადგენს ფორმის და კონცეპტის რელაციას. ბარტი აქ მიუთითებს ფროიდზე და შენიშნავს, რომ მსგავსად იმისა, როგორც ფროიდის კონცეფციის მიხედვით ქცევის ლატენტური საზრისი ახდენს ნამდვილი საზრისის დეფორმაციას, ასევე ახდენს მითში საზრისის დეფორმაციას კონცეპტი (1.87). აქ ლაპარაკია სწორედ დეფორმაციაზე და არა დამალვაზე, რადგან, როგორი პარადოქსუ ლიც უნდა იყოს, მითი არაფერს მალავს; მისი ფუნქცია დეფორმაციაშია და არა დამალვაში, განსხვავებით ჩვეულებრივი სამეტყველო ენისგან, სადაც სრულიად სხვა ვითარება გვაქვს.

თუ შესამოწმებლად ისეთ უბრალო სისტემას ავიღებთ, როგორიც ჩვენი ყოველდღიური სამეტყველო ენაა, აშკარა გახდება, რომ აღსანიშნს აქ არაფრის დეფორმაცია არ შეუძლია, რადგან მთლიანად კონვენციური და თვითნებური აღმნიშვნელი სრულიად მოკლებულია წინააღმდეგობის უნარს. ამისაგან განსხვავებით, მითში სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. მითში აღმნიშვნელს ორი მხარე გააჩნია: ერთი შინაარსობრივია (საზრისი – ლომთან და აფრიკელ ჯარისკაცთან დაკავშირებული ამბები), ხოლო მეორე კი – შინაარსს მოკლებული. ეს მეორე ელემენტი, როგორც ვიცით, არის ფორმა, რომლის დეფორმაციის მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ. ამასთან, როგორც ბარტი გვაფრთხილებს, ასეთ დეფორმაციას საზრისის სრულ გაქრობასთან როდი მივყავართ: როგორც ლომი, ასევე ჯარისკაცი მითში რჩებიან, რადგან ისინი სჭირდება კონცეპტს. იქმნება სიტუაცია, რომლის დროსაც თითქოს მათ მეხსიერებას ართმევენ, მაგრამ არ ართმევენ არსებობას. ბარტი ამაზე წერს: „ისინი ჯიუტად დუმან და იმავდროულად მრავასიტყვაობენ. მათი ენა მთლიანად კონცეპტის სამსახურშია. კონცეპტი ახდენს საზრისის დეფორმირებას, თუმცა არ ხსნის მას; ეს წინააღმდეგობა შეიძლება გამოიხატოს ერთი ფორმულით – კონცეპტი ახდენს საზრისის გაუცხოებას“ (1.88).

ენობრივი ნიშანი, ჩვეულებრივ, არამოტივირებულია. ის ნებისმიერია. არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ, ვთქვათ, სიტყვა „ხე“ რაიმეთი ჰგავდეს იმ ობიექტს, რომლის აღსანიშნადაც ის გამოიყენება. ნიშნისაგან განსხვავებით, მისი მნიშვნელობა არასდროს არ არის ნებისმიერი. ის ნაწილობრივ მაინც მოტივირებულია და უმეტეს შემთხვევაში ანალოგიით აიგება. ასე, მაგალითად, იმისათვის, რომ ლათინური ენის სახელმძღვანელოში

მოყვანილი მაგალითი შეხებაში მოვიდეს ცხოველის ლომად წოდების ფაქტთან, საჭიროა ანალოგია: პრედიკატის ქვემდებარესთან შეერთება. მსგავსადვე, იმისათვის, რომ „საფრანგეთის იმპერიის“ კონცეპტისათვის აფრიკელი ჯარისკაცის სახე ადეკვატური გამოდგეს, საჭიროა გარკვეული მსგავსება აფრიკელი ჯარისკაცის მისალმებასა და ფრანგი ჯარისკაცის მისალმებას შორის. მოტივირება მითის ორსახოვნების აუცილებელი პირობაა. არ არსებობს მითი მოტივირებული ფორმის გარეშე. მითში უნდა გათამაშდეს ანალოგია საზრისსა და ფორმას შორის.

აღნიშნული ვითარება შესაძლოა უფრო ნათელი გამოდგეს სხვა მაგალითის შემთხვევაში. წარმოვიდგინოთ ნებისმიერ საგანთა სიმრავლე. აქ თავმოყრილია საგნები, რომელთაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო. ერთი შეხედვით, შეუძლებელია რაიმე საზრისი ვიპოვოთ მათი ერ თიანობისათვის. ჩანს, რომ ფორმის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც მანამდე გარკვეული საზრისით იქნებოდა მოსილი, ჩვენ ვერც რაიმე ანალოგიას აღმოვაჩენთ საგანთა შორის. შედეგად, სრულიად გაუგებარია, თუ რა პრინციპის მიხედვითაა შერჩეული საგანთა ეს სიმრავლე. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ არსებულ ვითარებაში ვერ გაჩნდება ვერავითარი მითი. მიუხედავად ამ თვალსაჩინო ვითარებისა, საგანთა ასეთი უწესრიგო თავყრილობა მაინც იძლევა საშუალებას, ამოვიკითხოთ მასში რაღაც და ეს რაღაც არის უწესრიგობა. ამ უკანასკნელს შეუძლია მნიშვნელობა მიანიჭოს აბსურდსაც და მისგან მითი შექმნას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც სიურეალისტური ნაწარმოები მითოლოგიზდება საღი აზრის პოზიციებიდან. არის შემთხვევები, როდესაც მოტივების არარსებობა სულაც არ ხდება ხელისშემშლელ პირობად მითის შესაქმნელად, რადგან ასე, დროის მოტივების არარსებობა თავად იქცევა მოტივად და ხდება მითის კონსტრუირება. ამ დროს ადგილი აქვს საზრისსა და ფორმას შორის ნაწილობრივ ანალოგიას. ფორმა უკუაგდებს ანალოგიების მთელ სიმრავლეს და მხოლოდ ზოგიერთს შეინარჩუნებს. მთლიანი ხატი გამორიცხავს მითის გაჩენას, ანდა ახდენს მხოლოდ თვით მთლიანობის მითოლოგიზებას. ყოველი მოტივაცია მიიღება მოვლენების მთელი რიგიდან. სადავო არ არის, რომ კონცეპტი „საფრანგეთის იმპერია“ შეიძლება გადმოცემულიყო სულ სხვა აღმნიშვნელების საშუალებით და არა მაინც და მაინც აფრიკელი ჯარისკაცით. მითი წმინდა სახით წარმოდგენილი იდეოგრაფიული სისტემაა, რომელშიაც ფორმა მოტივირებულია იმ კონცეპტით, რომლის რეპრეზენტაციასაც ის ახორციელებს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამით არ ამოიწურება ყველა შესაძლო რეპრეზენტაცია.

წაკითხვა და ინტერპრეტაცია

საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ აღიქმება მითი, დამოკიდებულია კვლავ ფორმა-კონცეპტის ურთიერთობაზე. თუ ჩვენ მხოლოდ ფორმას მივაპყრობთ ყურადღებას კითხვის პროცესში, განსხვავებული შედეგი გვექნება იმისაგან, როდესაც მხოლოდ კონცეპტის ძიებით ვართ დაკავებულნი, ისევე, როდესაც იმისაგან, როდესაც ვითვალისწინებთ როგორც კონცეპტს, ასევე – ფორმას. აქედან გამომდინარე, ბარტი განასხვავებს მითის წაკითხვის სამ ტიპს:

1. როდესაც მხოლოდ აღმნიშვნელზე ვაჩერებთ ყურადღებას და კონცეპტი ცალსახად შეავსებს მითის ფორმას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მარტივ სისტემას, რომელშიაც მნიშვნელობა პირდაპირ გაიგება.

2. როდესაც ჩვენ უმეტესწილად კონცენტრირებულნი ვართ ფორმის მიერ საზრისის მადეფორმირებელ ზეგავლენაზე. ასეთი ზეგავლენა ანგრევს მნიშვნელობას და მითიც შესაბამისად გაიგება, როგორც – ტყუილი.

3. დაბოლოს, თუკი მითის აღმნიშვნელს გავიგებთ, როგორც საზრისისა და ფორმის მოუწყვეტელ ერთიანობას, მაშინ მნიშვნელობა ორსახოვანი გახდება და ჩვენ კი მითის ყველაზე უფრო ადეკვატური ინტერპრეტატორები: აფრიკელი ჯარისკაცის სახე აღარც სიმბოლოა საფრანგეთის იმპერიისა და აღარც ნიმუში. იგი მის პირდაპირ პრეზენტაციას წარმოადგენს.

მითის წაკითხვის პირველი ორი ტიპი ანალიტიკურია და, იმავდროულად – სტატიკური. ისინი ანგრევენ იმით, რომ სააშკარაოზე გამოიტანენ მითის ინტენციას. მითის წაკითხვის სამი ტიპიდან პირველი ორი თავად მითს ემუქრება. ამ დროს ხდება კონცეპტის ან მიმალვა ან მისგან ნიღბის ჩამოგლეჯა. პირველ მიდგომას ბარტი ცინიკურს უწოდებს, ხოლო მეორეს მითის დემისტიფიკაციის ამოცანას აკისრებს. მათგან განსხვავებით, მითის აღქმის მესამე, დინამიკური ტიპი გულისხმობს მითის იმ მიზნებისათვის გამოყენებას, რომლისათვისაც შეიქმნა იგი. მესამე გზა მითის შენარჩუნების საშუალებას წარმოადგენს. იგი კონცეპტის ნატურალიზაციას ცდილობს იმის ნაცვლად, რომ მოსპოს ის ან გააშიშვლოს. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ყველაზე უფრო ადეკვატურად გაიშლება მითის არსი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისტორია ბუნების ქმნილებად აქციოს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხატი ბუნებრივად ახდენს კონცეპტის პროდუცირებას ისე, თითქოს აღსანიშნი აღმნიშვნელის საფუძველი იყოს; მითი იქმნება მაშინ, როდესაც საფრანგეთის იმპერია აღიქმება, როგორც ბუნებრივი მოვლენა (1.96).

კონკრეტული მაგალითი

ახლა ჩვენ საკმაოდ ვართ აღჭურვილნი იმისათვის, რომ ბარტის სქემის საქმეში გამოყენება ვცადოთ. მის მიერ მოყვანილი მაგალითი შევგიძლია შევანაცვლოთ ქართული პრესიდან აღებული ნიმუშით. ავიღოთ ერთ-ერთი სტატიის სათაური გაზეთ „ახალი თაობიდან“: „მერიამ ნახაგურელებს ავტობუსები დაუნიშნა“. მოყვანილი მაგალითი წარმოადგენს გამოთქმას, რომლის პირველადი სისტემა წმინდა ენობრივია. მეორადი სისტემის აღმნიშვნელში ფიგურირებს ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „მერია“, „ავტობუსის დანიშვნა“. აქვე უნდა გავითვალისწინოთ გამოყენებული ტოპოგრაფიული ხერხები: სათაური გამოტანილია პირველ გვერდზე, მერის ფოტოსურათის გვერდით, თუმცა თავად სტატია განთავსებულია. მაგალითში აღსანიშნი ანუ კონცეპტი თბილისის მერიაა. მერია წარმოგვიდგება როგორც ეფექტიანობის მატარებელი სუბიექტი. სათაურით შემოთავაზებული მითის კონცეპტია – თბილისის მერია ზრუნავს მოსახლეობაზე.

წარმოდგენილ ანალიზში განსაკუთრებით საინტერესოა მნიშვნელობის შინაარსი. ის, უწინარეს ყოვლისა, მიმართულია საზოგადოების მენტალიტეტში გამჯდარ სტერეოტიპებზე, რომელთაც აქვთ არა რაციონალური, არამედ ირაციონალური ხასიათი. სათაურმა სწორედ მასზე უნდა მოახდინოს ზეგავლენა, რადგან მიჩნეულია, რომ ირაციონალურ შრეებზე ზეგავლენა უფრო მეტი შედეგის მომტანია, ვიდრე სტატიაში გადმოცემული ამბების რაციონალური ანალიზი.

არის თუ არა კონცეპტით შემოთავაზებული შინაარსი მისი ერთადერთი შესაძლო ინტერპრეტაციის შედეგი? პასუხი ამ კითხვაზე დიდადაა დამოკიდებული იმაზე, ის სუბიექტურ მნიშვნელობას დაესმის, თუ ობიექტურს. სუბიექტური მნიშვნელობის ქვეშ აქ გვესმის თავად სტატიის ავტორის მიერ როგორც მთლიანად სტატიაში, ასევე მის სათაურში ჩადებული ინტენცია. მაგრამ რამდენადაც სიტყვები თავისთავად რაღაცას აღნიშნავენ, ამდენად, ისინი თავისთავადი მნიშვნელობის მატარებლებიც უნდა იყვნენ და თუ სუბიექტური მნიშვნელობა ჩვეულებრივ შემთხვევებში ერთადერთია, ობიექტური მნიშვნელობის თვალსაზრისით, სავსებით კანონზომიერად შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელობათა მრავალგვარობაზე. სწორედ მნიშვნელობათა ეს მრავალგვარობა იძლევა სტატიის ტექსტის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. აქ სწორედ რომ დროა, გავითვალისწინოთ ბარტის საზრისთა მრავალგვარობის თეზისი. საზრისთა ეს მრავალგვარობა არ არის რელატივიზმის შედეგი. მართალია, საზრისთა მრავალგვარობაზე ბარტი პირველ რიგში ლიტერატურულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით საუბრობდა, მაგრამ ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რატომ არ შეგვიძლია თეზისი გავავრცელოთ პრესისა და საერთოდ მასმედიის ენის მიმართ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სტატიის ავტორი დასათაურებაში მხოლოდ ერთ კონცეპტს დებდა, ზემოთ დასმულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გავცეთ: შესაძლებელია წერილის მრავალგვარი ინტერპრეტაცია და, რაც მთავარია, თუ დავუშვებთ, რომ თავიდანაა აცილებული შეცდომები, არც ერთი მათგანი არ იქნება მიუღებელი.

ლიტერატურა

ბარტი 1989: Барт Р. Избранные работы. Семиотика, поэтика. М. „Прогресс“.

ბრედიხინი…1989: Бредихин Р.В. Роллан Барт о трансформации знака в идеологии. http://www.irbis.asu.ru

პავლოვა 2000: Павлова Н.Д. (Ред.) Слово в действии. Интентанализ политического дискурса. Изд. „Алетеия“. Спб.

გაზეთი „ახალი თაობა“, 5 მარტი, 2008.

Mamuka Bichashvili

Rolan Bart’s Semiological Conception

A language is a social institution and a system of values. As a social institution, it is by no means an act, and it is not subject to any premeditation. It is the social part of language, the individual cannot by himself either create or modify it; it is essentially a collective contract which one must accept in its entirety if one wishes to communicate. An article deals with Roland Barthes’ early conception of contemporary myths and explores linguistic means and technics that can be used in political contexts. Contemporary myths are analysed in terms of theory of signs. An autor finds the study of signs, useful in these interrogations.

დატოვე კომენტარი