ცირა ბარბაქაძე – მარადისობის კანონის“ პალატაში (როსტომ ჩხეიძის წიგნზე: “გზანი შენი, უფალო)


როსტომ ჩხეიძის დოკუმენტური ჩანაწერი  მხატვრული ტექსტივით ჩავიკითხე. როსტომი ხომ ასეთია: რეალობის მოვლენებს ყოველთვის განსაკუთრებული შინაარსი უნდა შესძინოს და ეს თავისთავად და ბუნებრივად გამოსდის. მახსოვს, „ჩვენი მწერლობის“ რედაქციაში როსტომს რომელიმე ავტორთან დიალოგი როცა ჰქონდა და სულ ცოტა ხანში ეს დიალოგი  სრულიად ახალ ამბად როგორ იქცეოდა ხოლმე, როგორც კი როსტომი კაბინეტიდან გამოვიდოდა და დანარჩენებს უამბობდა ორი წუთის წინ მომხდარს… არა, არაფერს არ ცვლიდა… უბრალოდ, ფაქტებს და მოვლენებს უნიკალურ ელფერს ანიჭებდა, როცა აამეტყველებდა.  იუმორნარევი თხრობა და მორჩა, ეგ იყო… ასეთი ნარატივი თითქმის ყველა ავტორს და თანამშრომელს შეხებია და გაოცებულებიც დავრჩენილვართ…. მართლა ასე იყო…? მართლა ასე ვთქვი? მართლა ისე იყო, როგორც როსტომი ჰყვებოდა… ის კი, უბრალოდ, იუმორის ესენციას ამატებდა და სხვა ამბავს ქმნიდა.

აი, ზუსტად ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როცა როსტომის „კოვიდიანელის ამბავი“  წავიკითხე. პარალელურად ორი კადრი გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში, ორი როსტომი: ერთი, რომელიც ტკივილს და მწუხარებას განიცდიდა ამ გაურკვეველი სენით თავსდატეხილი, და მეორე როსტომი, ავტორი, რომელიც სულ „თავზე ადგა“ პირველს და ცოტა ხნის წინ მომხდარს ამბად, ისტორიად, იგავად, იუმორად და მეტაფორად გარდაქმნიდა. სწორედ ამ იუმორის წყალობით, წინამდებარე ტექსტის კითხვისას ხან ვიცინოდი და ხან – ვტიროდი; რომ ვიტყოდი, მორჩა, ახლა ისეთი ამბები იწყება, ვეღარ გავიცინებ მეთქი, უცებ ცრემლიანი თვალებით სიცილს ვიწყებდი…  ამის გამოც ეს ზედმიწევნით დოკუმენტური ჩანაწერი მხატვრული ტექსტია.

ყველა ამბავს/ტექსტს თავისი რიტმი აქვს, თავისი უნიკალური რიტმი და ენერგია, რომელიც თავიდანვე საგრძნობია, როგორც კი, „ფეხს შედგამთ“ წყალში/ტექსტში. თქვენ ამაში დამეთანხმებით, მკითხველო, როდესაც კითხვას დაიწყებთ, როცა წაგიღებთ ენერგიის ნაკადი და „არ ამოგასუნთქებთ“, ვიდრე ბოლომდე არ ჩაჰყვებით. ეს როსტომ ჩხეიძის თხრობის სტილია – ზმნის განსაკუთრებული ფორმებით, სინტაქსით და ურთიერთმონაცვლე ემოციების შექმნით; ნაკადი ხან იმღვრევა, ხან – იწმინდება, ხან – თბება და ხან – ცივდება, მაგრამ არასდროს არ არის მოსაწყენი და ერთფეროვანი; ავტორი ამას წინასწარ არ ანგარიშობს… ის, უბრალოდ, საკუთარი თავიდან „იწერს“, ისე ბუნებრივად და გულწრფელად, როგორც წვიმს ან როგორც მზე ამოდის ცაზე; ამიტომ მოჰყვება სტრიქონებს ასეთი ძალა და სინათლე… „ზეპირი“ როსტომიც ასეთია: გავსებს სინათლით, სითბოთი და სიყვარულით, რაზეც არ უნდა გიყვებოდეს… ყველა სიტყვის შიგნით მხოლოდ სიყვარულის ენერგია ტრიალებს, ამიტომ არის მასთან ყოველი ურთიერთობა და დიალოგი ისეთი გამჭვირვალობა, როდესაც ზოგჯერ სიტყვაც კი არ არის საჭირო, რაკი ამ ადამიანს გულის კარი ყოველთვის ღია აქვს და უშურველად გასცემს შინაგან სინათლის  ენერგიას.

ნოველაა, აბა, რა არის? როდესაც როსტომი ბედის უცნაური დამთხვევით, აღმოჩნდება კოვიდპალატაში, რომელიც სწორედ იმ სამშობიაროს შენობაში გაუხსნიათ, სადაც ის დაიბადა: „პანაცეა“ იმ სამშობიარო სახლში გაეხსნათ, სადაც დავიბადებოდი, და ახლა საიდან სად უნდა მოვხვედრილიყავი!..“

ეს დოკუმენტური ამბავი ჰგავს თითქოს გამოგონილს და როსტომ ვეკითხები: მართლა ასე იყო…? ყველაფერი დოკუმენტურია? ესეც…? როსტომი მარწმუნებს, რომ არაფერი არ არის გამოგონილი, ზუსტად ისე იყო ყველაფერი, როგორც დავწერეო…

ასეთია როსტომი, მრავალგანზომილებიანი, ყოველთვის რეალურისა და წარმოსახვითის ზღვარზე და უფრო მეტიც: მისი ასოციაციური აზროვნება ერთ რომელიმე ფრაგმენტს კი არა, მთელს ჩანაწერს გასდევს. როსტომი ლიტერატურის (და არა მხოლოდ) ცოცხალი არქივია, ამიტომ რეალობის ნებისმიერ ფაქტზე იმდენი ასოციაცია უცოცხლდება, რომ სრულიად სხვაგან გდაჰყავხარ პარალელურ თხრობას. ასე მოხდება, როდესაც ქანცგაწყვეტილს და იმედგადაწურულს „პირველ ყოვლისა, მიხეილ ჯავახიშვილის ლანდი წამომიტივტივდებოდა, საკნიდან ცოცხლად გამოღწევის იმედი რომ გადაუწყდებოდა და სხეულით დაძაბუნებული წუთებსღა ითვლიდა, როდის მოადგებოდა სიკვდილი ალესილი ცელით…“ როცა მეექვსე პალატაში მოხვდება, აქ კი ანტონ ჩეხოვის „პალატა N6“ და მისი პერსონაჟები გაუცოცხლდება… როდესაც კოვიდიანი მეგობრის ამბავს იგებს, ახლა მასზე გვიამობობს და გვიყვება დეტალებს… ხან ჩვეული, ხან კი უჩვეულო ფიქრები აეკვიატება… განსაკუთრებული იუმორით ავითარებს „თვითმკვლელობის ვერსიას: „…და ბედად, შევასწრებდი თვალს ჯიბის დანას, ერთ-ერთი მეზობელი ვაშლებს რომ თლიდა და ყველას გვაწოდებდა. არა, მე ერთი ნაჭრის გამკბიჩავიც არ ვიყავი, მაგრამ დანა მომეჩვენებოდა იმ ზეციურ საჩუქრად, ხელიდან რომ არ უნდა გამეშვა.“ (მერე რაც ხდება, არ დაგასპოილერებთ, თავად წაიკითხეთ). ციხის საავადმყოფო კი ისეთი ამბავია, ამის შესახებაც არ მინდა, წინასწარ რამე გითხრათ…

მოვლენათა კიდევ ერთი საინტერესო პარალელური თხრობა ამ ჩანაწერებში, სიზმრებია; ისეთი სიზმრები, რომ აქ კიდევ ერთხელ შეგეპარება ეჭვი: ასე მხატვრული და სიმბოლური როგორ არის ეს ზმანებებიო, მაგრამ როსტომი კვლავ დამიდასტურებს: ეგერე იყო, ზუსტად და სიტყვასიტყვით ეგრე იყოო.

სიზმრის სცენებიდან მამის ხილვა ცალკე ნოველაა. როდესაც სიზმარში როსტომი მოულოდნელად აღმოჩნდება ძეგლების და ბიუსტების გარემოცვაში, სადაც ტიციან ტაბიძის ბიუსტი ხელებს უწვდის და შემოეხვევა… უეცრად მამის აჩრდილი ეცხადება, რომელიც ბიუსტს ხელს აშვებინებს შვილისთვის, არა და, როსტომს გასაუბრებაც კი უნდოდა ტიციანთან.

„– სად მიგყავარ, მამა, ტიციანია…

– ტიციანია თუ ვინ არის, თავისი დრო უნდა იცოდეს, – მეტყოდა მამა და სრულიად მომაშორებდა ქვის ქანდაკებათა ქალაქს.“

დავასრულებ იმით, რითაც როსტომ ჩხეიძე იწყებს:

როდესაც მწერალი პალატაში მოხვდება, სადაც მღვდელსაც შენიშნავს, პირველი ასოციაცია, რომელიც უჩნდება: „ნეტა  „მარადისობის კანონის“ პალატაში ხომ არ მოვხვდიო?“ – თავის თავს ეკითხება. კონკრეტული ემოციით გამოწვეული ასოციაცია ერთია და მე კი ეს მეტაფორა თავიდანვე საინტერესო მინიშნებად აღვიქვი. მეც ჩემი ასოციაციები ამეშალა და წარმოვიდგინე, რომ  ეს „მარადისობის კანონის“ პალატა“ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებმაც სამყაროს საიდუმლოებები შეიცნეს და იმ ჯაჭვში არიან, ნოდარ დუმბაძემ რომ აღწერა: „ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ – ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი და ასე დაუსაბამოდ….“

სწორედ ასეთია როსტომ ჩხეიძის თხრობა (ცხოვრებაც): რამდენს სწვდება, რომელი დროიდან ვის გამოიხმობს, მნიშვნელობა არა აქვს, ცოცხლებს თუ გარდაცვლილებს, ავტორებს, მეგობრებს თუ პერსონაჟებს… დიახ, ეს ის ჯაჭვია, ის „ხელის შეშველება“, ბევრ ადამიანს რომ უცვლის ცხოვრებას, შთააგონებს, ფეხზე აყენებს, მეგზურად დაჰყვება… სწორედ ამ ძალამ დააბრუნა როსტომი ამ ცხოვრებაში, ჯაჭვის გასაგრძელებლად…

ტექსტის ასეთი შენაკადები – ასოციაციები, ხილვები, სიზმრები, მოგონებები ადამიანებზე,  კავშირები მოვლენათა შორის, როსტომ ჩხეიძის ტექსტს ეპოქალურ/ეპოქის მნიშვნელობას სძენს. ეპოქალურს იმ გაგებით, რომ როცა ეს ყველაფერი ჩაივლის, როცა დამშვიდდება სამყარო და ადამიანი, როცა პირბადე ჩამოიხსნება ყველას სახიდან, როცა აღარავის ემახსოვრება პანდემია, როსტომის ტექსტი შეახსენებს შთამომავლობას, რომ „ეს ყველაფერი ნამდვილად იყო…“

ცირა ბარბაქაძე

6 მაისი, გიორგობა, 2021 წელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s