მიშა აბულაძე – ცხოვრება ცარიელ სიტყვებში


მნიშვნელობაშეცვლილი სიტყვები და დესემანტიზაციის სოციალური ასპექტები 

    საზოგადოებრივი მორალი, შეხედულებები, ცნობიერება ყოველთვის კარგად ჩანს სიტყვებსა და წინადადებებში, რომელთა ხშირი გამეორება ამა თუ იმ ჯგუფს ახასიათებს. ,,კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”. მაგრამ სიტყვები და ფრაზები, ასევე ტექსტები, სიტუაციის ან საზოგადოების მდგომარეობის სწორად შესაფასებლად, მაშინ უნდა გამოვიყენოთ, თუ მათ, ჩვენთვის ნაცნობი და მარტივად აღსაქმელი შინაარსის მიღმაც განვიხილავთ.  ჩვენ რეალობაში არსებობს დესემანტიზაციის სხვადასხვა ტიპის პროცესი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მსგავსი პროცესები, არამხოლოდ მარტივ ენათმეცნიერულ ანალიზს საჭიროებენ. გამორიცხული არ არის, რომ კონკრეტული მოვლენის მიღმა შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა იდგეს, რაც ისევე ახდენს ზემოქმედებას ენაზე, როგორც ირგვლივ არსებულ რეალობაზე. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად, განვიხილოთ კავშირი ,,მაგრამ”. საინტერესოა, რომ ამ სიტყვამ, კავშირის მნიშვნელობის ნაცვლად, შეძლო და შეითვისა უარყოფითი ნაწილაკის შინაარსი. შეიძლება ეს ფრაზა უცნაურად ჟღერს, თუმცა მივყვეთ მსჯელობას. დიახ თავისი გრამატიკული არსით ,,მაგრამ” არის კავშირი, რომელსაც შეუძლია კონტრასტული აზრები შეუთავსოს ერთმანეთს (მეშინოდა, მაგრამ მაინც ვიბრძოლე), გამოხატოს პირველ წინადადებაში გამოთქმული მოქმედების უშედეგობა (ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი დავწერე) ან პირიქით (არ მეგონა თუ შევძლებდი, მაგრამ გამომივიდა) და ა.შ. ეს ყველაფერი გასაკვირი სულაც არ არის. ,,მაგრამ” მაპირისპირებელი კავშირია და მას მარტივად შეუძლია კონტრასტული წინადადებების აზრობრივად გაერთიანება, მიზეზ-შედეგობრიობის გამოხატვა, თუმცა არის ერთი, საკმაოდ მარტივი ლოგიკური შეზღუდვა. როცა პრინციპულ შეხედულებებს ვაყალიბებთ, როცა საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებებზე ვსაუბრობთ, რადიკალურ მოსაზრებებსა და კანონებზე, ჩვენ არ შეგვიძლია ,,მაგრამ” გამოვიყენოთ ასე პირდაპირ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კავშირის ნაცვლად უარყოფის ნაწილაკის მნიშვნელობის მატარებელი ხდება.  მაგალითად ჩვენ ვთამხმდებით, რომ რასიზმი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სენია, რომელმაც ბევრი უბედურება მოგვიტანა. დღეს კი არაერთი ადამიანი იყენებს შემდეგ ფრაზას ,,რასისტი არ ვარ, მაგრამ…”. რეალურად ეს ფრაზა ლოგიკურია ორ შემთხვევაში, როცა ვაგრძელებთ ჩვენი წარსულის მდგომერეობის აღწერით (რასისტი არ ვარ, მაგრამ ერთ დროს ვიყავი) ან თავად პირველი წინადადების შემადგენელი ზმნა გვაქვს წარსულ დროში (რასისტი არ ვიყავი, მაგრამ შემდგომ გავხდი), მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი ამ ფრაზას, მისი მომდევნო წინადადებითურთ აწმყოში იყენებს. იგივე შეიძლება ითქვას ბოლო დროს გავრცელებულ ფრაზაზე: ,,ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ…”. როცა პირველი ფრაზა ასეთი კატეგორიული და ცალსახაა, მის შემდეგ ,,მაგრამ” გრამატიკულად ინარჩუნებს კავშირის ფუნქციას, თუმცა შინაარსობლივად კარგავს მას. ის ხდება პირველი წინადადების უარმყოფელი. შესაბამისად ხდება მისი დესემანტიზაციაა. არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ ზემოთხსენებული მაგალითი შემთხვებით არ ამირჩევია და კონკრეტული პრობლემის ასახვას ვცდილობ. არა, ასე სულაც არ არის. ზოგადად, სოციუმის მდგომარეობას დღეს სწორედ, რომ ერთი უწყინარი კავშირი, ,,მაგრამ” გამოხატავს. სულ ერთია იგი უშუალოდ არის თქმული თუ არა. ლინგვისტიკას კარგად ესმის, რომ ქმედება დიდწილად განსაზღვრავს ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობებს და რომ სიტყვები ყოველთვის პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. შეიძლება ითქვას, რომ საუბარი არც იწყება და არც სრულდება სიტყვების წარმოთქმისას. მეტიც, საუბრის პროცესი გავილებით მეტ ერთეულს მოიცავს ვიდრე უბრალოდ იმ სიტყვების ოდენობაა, რომელიც მასში უშუალოდ არიან გამოყენებულნი.   მაგალითად, თუ ადამიანი ხუმრობით ამბობს რაიმეს, ის შეიძლება სრულიად საპირისპიროს გულისხმობდეს. ამ დროს შეიძლება მოსაუბრემ მიმიკით მიგვანიშნოს, რომ იგი საერთოდ არ არის გულწრფელი საკუთარ სიტყვებში. თანამედროვე ეპოქაში მსგავსი ფუნქციით გვევლინება სიცილაკები, ე.წ. სმაილები. თავის მხრივ სიცილაკი ერთგვარი ციფრული მიმიკაა. ხშირად ინტერნეტში შემხვედრია დიალოგი, როცა ერთი ადამიანი მეორე საყვედურობს, რადგან მან არ განოიყენა შესაბამისი სმაილი, რამაც ხელი შეუშალა იმის გაგებას თუ რას გულისხმობდა კომენტარის ავტორი. საერთო ჯამში კი ყველა ეს გამოხატვის საშუალება, მეტ-ნაკლები სიზუსტით, აისახება ისეთ მორფოლოგიურ ოდენობაში როგორიცაა შორისდებულება ან უბრალოდ ჩართულის დახმარებით შეგვიძლია, სიტყვებად გადმოვცეთ ტექსტში. თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსაუბრეს თუ მწერალს სულაც არ სურს გაჟღერდეს ის, რაც სიტყვების მიღმა იმალება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვები ხანდახან ქმედებებსა და არავერბალურ, დაფარულ გამიხატულებებშიც იმალებიან. ამოტომ ნაკლული სიტყვები, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ წინადადების უმნიშვნელოვანესი ნაწილები იყვნენ, არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ არ ჩანდნენ ტექსტსა თუ მეტყველების პროცესში და მათი ძებნა ქმედებებში მოგვიწიოს. სწორედ ასეა ,,მაგრამ”-ის შემთხვევაშიც. დღევანდელ რეალობაში ,,მაგრამ” ხშირად მაშინაც ერთვის წინადადებებს, როცა მას არც კი ვახსენებთ, რაც თვალნათლივ აისახება ჩვენს ქმედებაში ანუ ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს მსჯელობა არ ეხება რომელიმე კონკრეტულ სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს, რადგან მსჯელობა მთლიანად საზოგადოებაში არსებული პრობლემის შესახებაა. ასეთ სოციოლინგვისტურ მოვლენას შეგვიძლია ართქმული სიტყვის კავშირი ვუწოდოთ. ართქმული სიტყვის კავშირი არის ის რგოლი, რომელიც აერთიანებს წინადადების, ტექსტის თუ სფიჩის რეალურ შინაარს და იმ მექანიკურ ჯამს, რომელიც უბრალოდ წარმოთქმულ სიტყვათა აღსანიშნების მარტივი შეკრების შედეგს წარმოადგენს.  
    ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ შინაარსობლივად ,,მაგრამ”-ის ფუნქციად იქცა უარყოფის გამოხატვა, თუმცა ეს მხოლოდ გარეშე პირის პოზიციიდან. რაც შეეხება თავად სუბიექტს ან საზოგადოებას, მათ შემთხვევაში სულ სხვა ფუნქციას იძენს ეს იგი. ამ დროს ,,მაგრამ” რეალობის გარდაქმნის და მათ წარმოდგენაში არსებული რეალობის გამყარების საშუალებაა. სუბიექტს სურს წარმოადგინოს, რომ უპრინციპულესი და უზოგადესი დებულებების არსიც კი შეიძლება გაიხლიჩოს, მისგან გამოიყოს კონკრეტული ჯგუფები ან პიროვნებები, რომელთაც ეს მსჯელობა არ ეხება, რომ მათ მიმართ საკუთარი სიტყვების საპირისპირო ქმედების განხორციელების შემთხვევაშიც კი არ გამტყუნდეს სუბიექტი, რაც საბოლოოდ გვთავაზობს ახალ რეალობას, ახალი დაყოფის სახეებს, საიდანაც გამოცალკევებული, გამქრალი და ფაქტობრივად, ყველაზე უზოგადესი მოცემულობებიდან, წაშლილია კონკრეტული ჯგუფი თუ პიროვნება. ეს ხერხი ნელ-ნელა მეტ-ნაკლებად თითქმის ყველამ შეითვისა და გამოყენება დაიწყო. საბოლოოდ კი ვიღებთ სოციუმს, რომელიც მთლიანად ცხოვრობს ,,მაგრამ”-ში, ხოლო ,,მაგრამ” თავისი პირდაპირი და გატანითი მნიშვნელობით არის დარღვეული, ფუნქციაშეცვლილი და დესემანტიზებული კავშირი. დარღვეული კავშირი საკუთარ თავთან, გარემოსთან, რეალობასთან და ა.შ. რა ემართება მსგავს კავშირში, უფრო სწორად უარყოფაში არსებულ საზოგადოებას? რა თქმა უნდა გაუცხოება, დეგრადაცია, სუბიექტურობის გაბატონება, რღვევა და ამ ყველაფერს რა კონკრეტული გაგრძელება მოჰყვება ამაზე ფიქრი თქვენთვის მომინდვია ძვირფასო მკითხველო.  
   უნდა ითქვას ისიც, რომ არსებობს იგივე ნიადაგზე აღმოცენებული სხვა მოვლენა. ზოგჯერ ხდება ისე, რომ სიტყვებს ან ზოგადად ნიშნებს საერთოდ ეკარგება შესაძლო ლოგიკური შინაარსი. მათი მნიშვნელობა სრულიად სხვა სიბრტყეში გადადის, უფრო სწორად სიცარიელეში და ასეთ დროს, სიტყვებს მხოლოდ უსიცოცხლო სხეულით შეუძლიათ ატარონ პარაზიტებად მიკრული, მათთვის სრულიად უცხო ფუნქცია, აზრი თუ მიზანი. დაწყებული სხვადასხვა ზოგადი სოციალური სიტუაციის თანამდევი ფრაზებით, გაგრძელებული ადამიანის ღმერთთან თუ ეთმანეთთან ურთიერთობის, პოლიტიკის თუ მედიის ენით, ყველაფერი ცარიელი ნიშნებით არის სავსე.  
  ბოდრიარი სიმულაკრებსა და სიმულაციებზე საუბრისას ახსენებს დისნეილენდს, როგორც სიმულაკრის ერთ-ერთ ყურადსაღებ მაგალითს. დისნეილენდი ამერიკული ოცნების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, რომელიც თითქმის ყველა ტიპის ადამიანს ხიბლავს ხიბლავს ასაკის მიუხედავად. ბავშვები ერთობიან, თავიანთ საყვარელ გმირებს ხვდებიან, უფროსები კი ივიწყებენ საკუთარ ასაკს, პრობლემებს და წამით უბრუნდებიან ბავშვობას და ვინ იცის, იქნებ დისნეილენდი უფრო დიდებისთვის არის შექმნილი, ვიდრე პატარებისთვის. რომ დავფიქრდეთ, რა არის ატრაქციონების, ოცნებებათა სიმბოლოებად ჩაფიქრებული პერსონაჟების არსი? რა თქმა უნდა ბევრი სხვა და მათ შორის არაერთი დადებით რამ, თუმცა ერთ-ერთ ადამიანის ოცნებაში შეკავებაა. იდეალური პერსონაჟები, იდეალური ისტორია და საბოლოოდ კეთილი დასასრული ჩვენ გვკეტავს საკუთარ სიზმრებში. ვუყურებთ სასტიკ რეალობას, რომელსაც არაფერი აკავშირებს ზღაპრულ სამყაროსთან და ამგვარი იმედგაცრუების გამო ვცდილობთ თვალი ავარიდოთ მწარე სიმართლეს. ვიწყებთ ოცნებას, ის კი გვხიბლავს, დროებით გვაბედნიერებს და ფიქრს გვაწყვეტინებს. ოცნებათა შემოთავაზებული სიმბოლოები კი გვკარნახობენ იმ თემებს, რომლებზეც ოცნება შეიძლება, რომელიც ყველაზე მარტივად და სწრაფად გაგვიტაცებს და რაც შეიძლება მეტხანს გვაკავებს. რა თქმა უნდა ოცნება ყოველთვის ცუდი არაა, ის არც თავისი უზოგადესი მნიშვნელობით არის ცუდი, რადგან ფანტაზიის წყაროა. ხოლო ფანტაზიის გარეშე ადამიანი დროშია ჩაკეტილი და მომავალში ფეხის შედგმა აღარ შეუძლია წარსულშივე, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთ წიაღში ჩნდება დიადი იდეები, თუმცა მე აქ ოცნებათა ისეთ ფორმებზე ვსაუბრობ, რომელთა მიზანიც არის ის, რომ ადამიანმა თავი მოიტყუოს. ამგვარ ოცნებებს არაფერი არ აკავშირებს რეალობასთან და არც შეიძლება აკავშირებდეს. მათ არ შეუძლია საკუთარი თავი რეალობის ნაწილად აქციონ, თუნდაც ისეთი სრულიად პირდაპირი გზით, როგორიც ფენტეზის ან სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების, ნოველების თუ კიდევ უფრო ვრცელი ნაწარმოებების წერაა. ალბათ ისიც ნიშანდობლივია, რომ ქართველ ერს, რომელსაც ამდენი ოცნება დაუგროვებია თავის საერთო გიგანტურ ეგრეგორში, მაღალი დონის ფენტეზის ან ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა თითქმის არ აქვს. მაშ ასე, რა არის ჩვენი რეალობის დისნეილენდი? ამ კითხვაზე პასუხი კი სრულიად სხვა შინაარსის მატარებელია ვიდრე ატრაქციონებით სავსე გასართობი პარკი. მეტიც ჩვენი სიმულაკრა სრულიად ქაოსური, მოუწესრიგებელი და დაუსრულებელია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის არა სიმულაკრა, არამედ სიმულაკრების წარმოქმნის მექანიზმია, როგორც უამრავ მოვლენათა ერთობლიობა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, ამ უზოგადესმა კონსტრუქციამ მიიღო მთლიანი სახე და იქცა ერთ-ერთ აბსტრაქტულ სიმულაკრად, რომელსაც შეუძლია ყველა იმ ფუნქციის შესრულება, რაც ნებისმიერ სხვა კონკრეტულ სიმულაკრას შეეძლებოდა და არაა გამორიცხული, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწორედ ის იყოს მაქსიმალურად ეფექტური. ხოლო ზემოქმედების და მუშაობის პრინციპის მიხედვით იგი სწორედ, რომ დისნეილენდს გავს, რადგან აუხდენელ ოცნებებს ეფუძნება, რათა რეალობიდან იმდენად გადაატანინოს ადამიანებს ყურადღება, რომ შეიქმნას ამ რეალობის გარდაქმნის ან სხვა უკვე არსებული რეალობის ვარიანტის გამყარების შესაძლებლობა. მაშ ასე, ის რაზეც ვსაუბრობ გახლავთ უსასრულო დაპირისპირებები ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით. ისეთ საკითხებზეც კი, რაც ადამიანებს უნდა აერთიანბედეს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ცნებითმა ენერგიამ, ძალიან კონკრეტული ფორმა მიიღო და შეძლო უმნიშვნელოვანესი კავშირების დამსხვრევა. ერთი შეხედვით საოცარია, რომ დაპირისპირებები ძალიან შესამჩნევია ერთი შეხედვით ერთიან ჯგუფებს შორის. ადამიანები, რომელთაც რაღაც კონკრეტულის საერთო სიყვარული უნდა აერთიანებდეს (მეცნიერება, წიგნები, ფილმები, კომიქსები, მანქანები, პატრიოტიზმი, ფილოსოფიური შეხედულებები…) ახერხებენ გაუთავებელ კამათს სწორედ ასეთი გამაერთიანებელი საკითხების გარშემო. შესაბამისად უკვე აღარაა გასაკვირი, რომ ადამიანებს, რომელთაც თითქოს ერთი მიზანი და ინტერესი აქვთ, დაუსრულებელ ბრძოლაში შეუძლიათ ჩაერთონ ერთმანეთთან. რატომ? პასუხი მარტივია. თითოეული ასეთი ადამიანის მიზანს წარმოადგენს არა ეს კონკრეტული სფერო, როგორც სიამოვნების მიღების თუ მოვალეობის შესრულების საშუალება, არამედ თავად დაპირისპირება და კამათი, რაც ჩვენი რეალობის დაუსრულებელი, მუდმივად წრეზე მბრუნავი კარუსელია. ის გვავიწყებს პრობლემებით სავსე ცხოვრებას, გვაჩერებს იმ ოცნებებში, რომელთაც რეალობაზე არანაირი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია. მეტიც, მათი გაჟღერება არც კი ხდება. თავს მნიშვნელოვნად გვაგრძნობინებს და თითოეული კამათში გამარჯვება გვიქმნის ილუზიას, რომ ჩვენი ცხოვრება შემდგარია, რომ განსაკუთრებულები და სხვებზე აღმატებულები, მოკლედ ნამდვილი გმირები ვართ. რეალურად კი ესეც ილუზიის ნაწილია, რომელსაც თავად ვანიჭებთ მნიშვნელობას და ზუსტად იგივე ეფექტს ტოვებს, რასაც დისნეის ულამაზეს პრინცესად ან უმამაცეს პრინცად თავის წარმოდგენა.  ამ ყველაფერზე კი იმიტომ ვსაუბრობ, რომ თანამედროვე სამყაროში მნიშვნელობადაკარგული სიტყვების თემამდე შორი გზით დავბრუნდე. დიახ, ჩვენი სიტყვები ცარიელია. ცარიელია რადგან ისინი არანაირ კავშირში არ არიან ჩვენს სურვილებთან. მათი აღმნიშვნელები გონებაში მოცურავე ბუნდოვანი ხატებია, რომლებზეც შეიძლება არც კი ვიფიქროთ საუბრისას, არამედ ვიოცნებოთ იმაზე, რაც გულით გვწადია ან გვგონია, რომ ასეა. შესაბამისად, საუბარი მექანიკური პროცესი ხდება და არა აზროვნების შედეგი. ამიტომ დაკარგეს ნიშნებმა მნიშვნელობა. ეს ტენდენცია კი ნელ-ნელა ყველაფერს მოედო და ჩვენი რეალური შინაარსის გადმოცემის უნარი დაგვიზიანა. შედეგად ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთთან ლოცვებით, რომელიც თავად არ გვესმის, ერთმანეთთან სიტყვებით, რომელთა მიღმა დამალულ აზრს არანაირი კავშირი არ აქვს თავად ამ სიტყვებთან. ვსაუბრობთ პატრიოტიზმზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, თავისუფლებაზე, რწმენასა თუ სხვა მრავალ ამღლებულ ღირებულებაზე, მაგრამ თავად ვერ ვგრძნობთ მათ არსებობას საკუთარ თავში ან გარემოში. თანასწორობის და საყოველთაო სიყვარულისკენ მოწოდებები, თავად მომწოდებლების მხრიდან, ისევ და ისევ, აგრესიით და სიძულივილით გაჟღენთილი ფრაზებით მთავრდება. შესაბამისად, ყოველი სიტყვა, რომელიც მსგავსი ხასიათის ტექსტებში არსებობს, უაზროა. ისინი ჩვენი ყალბი მეს ნაწილია. ,,ფეისბუქის ავატარი არ არის ნიღაბი ან მოსასხამი, ან-კედელი. მის უკან- პრინციპულად არაფერია” – ჟ. ბოდრიარი- იგივე ავატარებით ვსარგებლობთ ჩვენ სოციულური ურთიერთობისას. ეს ავატარები შინაარსისგან დაცლილები არიან და სწორედ ეს სჭირს მათ მიერ ნათქვამ სიტყვებსაც. ასე იქმნება ახალი რეალობა, რომელიც სიტყვის ფორმით შემოდის სივრცეში, იკიდებს ფეხს და სულ მალე ყველაფრის განმსაზღვრელი და ყველაფერზე ზემოქმედი შეიძლება გახდეს. ჩვენ ნელ-ნელა უფრო და უფრო ღრმად ვიწყებთ უაზრო სიტყვებში ცხოვრებას, ყალბი სამყაროს შიგნით. ხოლო როცა საბოლოოდ ცარიელი სიტყვები შეავსებს სამყაროს, მნიშვნელობა აღარ ექნება რა არის მის მიღმა, რადგან სივრცეში, სიცარიელის გარდა აღარაფრის ადგილი აღარ დარჩება. 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s