მაია ცერცვაძე – “ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა”


მაია ცერცვაძე – ისტორიის დოქტორი

7 კითხვა სემიოტიკის მკვლევარს

  • როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

ჩვენს კლასიკოსებს სემიოტიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდათ, მაგრამ „ნიშნებს“ მათ ნაწერებშიც ვხვდებით: „აჰაინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა“ – ო,   – შოთას გმირმა,  „ნიშანს გვაძლევს ცისარტყელა“- ო, –  აკაკიმ…

მეცნიერებისა და ხელოვნების მთელი ისტორია ნიშანთა შესწავლისა და მხატვრული რეფლექსირების უწყვეტი პროცესია. სემიოტიკის გაჩენის შემდეგ ის უკვე გაცნობიერებულად და გააზრებულად მიმდინარეობს და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. კარგია ეს თუ ცუდი, ამაზეც ღირს დაფიქრება  –  სპონტანურობა ხომ ზოგჯერ უფრო პოეტური და ესთეტურია…

  • რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

ციფრულ ეპოქაში ნიშნები  გახდა ურიცხვი, უანგარიშო, ულევი –   მათ თავიანთი ვირტუალური ანალოგები და მეწყვილეები გაუჩნდათ და ცხოვრებასაც უთვალავი  ფერი შესძინეს.

  • სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

ჩემი აზრით, ადამიანი ბუნების ექსპერიმენტია, წარმატებული თუ წარუმატებელი,  ამას მომავალი გამოაჩენს. ახლა კი ისიც ისეთივე გამოცანაა, როგორც ბევრი რამ ზეცად და ქვეყნად, ჯერ სიზმრად რომ უნდა მოელანდონ ფილოსოფოსთ და მერე ჩვენ, კაცთა (არაფილოსოფოსთ) ცხადში აგვიხსნან.

  • „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

ჩემთვის „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელებია ვირტუალური სამყაროს ელემენტები  და რეალიები და მისი ზეაქტიური „მკვიდრნი“ – სოციალური ქსელების მომხმარებლები, კომპიუტერული თამაშების მოთამაშენი…  მიზეზთა გამო სხვათა და სხვათა მათ გამოქვაბულის ჩრდილებივით ერთადერთ სინამდვილედ  მისი  ეს უცნაური ანარეკლი მიუჩნევიათ, რაც ხშირად მათივე სულიერი ტრავმების, დრამებისა და ტრაგედიების განმაპირობებელია.  ვირტუალური რეალობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ღირებულად და სასარგებლოდ, თუკი მისი ირეალურობა და დამხმარე ფუნქცია სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში სწორად იქნება გაგებულ-გააზრებული.  ამ თანამედროვე „მღვიმეში“ მსხდომთ ისევე უნდა განემარტოთ თავიანთი უმწეო მდგომარეობა, როგორც ამას მზის სინათლეზე გამოსული მათივე თანამღვიმელი შეეცადა.

  • როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

დიალექტიკის მამები გვასწავლიან, რომ სამყაროში გამუდმებით  იცვლება  და ურთიერთკავშირშია ყველაფერი. ცხადია, პანდემიის შემდეგაც  შეიცვლება  ბევრი რამ და, უპირველესად, ადამიანი. შეიცვლება პოლიტიკაც და კულტურაც, რადგან მათ ადამიანი ქმნის.  აი, როგორ  შეიცვლება თავად ის, ერთფერად  მტვირთველი საქმის თეთრის და შავისა, ეს კი  ძნელი სათქმელია. მინდა ვიფიქრო, რომ თეთრისკენ გადაიხრება და გააწბილებს საყვარელ  ამერიკელ მწერალს, თუმცა ხუმრობით, მაგრამ მაინც,  მისივე უერთგულესი, ბუნების ასევე საოცარი არსებები რომ  შეადარა და მას ამჯობინა.

  • თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბუნება მბრძანებელია, ხოლო სამყარო – შეუცნობელი და იდუმალი, რომ მის მუდმივ  და დაუსრულებელ  შემეცნებაშია ლამაზი  არსი ჩვენი ცხოვრებისა

  • წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

მოუარეთ დედამიწას და… მალე შეხვედრამდე!

მაია ცერცვაძე

 29.05.2021

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s