ცირა ბარბაქაძე – სამყარო უკვე შეიცვალა, მაგრამ ძალიან ცოტა იჯერებს!


ცირა ბარბაქაძე
  • როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთ რეალობაში მოვხვდით,  სამყაროს აღქმა ალბათ მეტწილად მაინც სუბიექტურია. ამიტომ ჩემს ახსნასაც არ ექნება უნივერსალური ხასიათი.

ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი პლანეტა ქაოსის სტადიაშია, პარადიგმის ცვლილების ეტაპზე. როგორც გიგი თევზაძემ ამ კითხვებზე პასუხში აღწერა: „გუტენბერგის ეპოქა ჩაანაცვლა ცუკერბერგის ეპოქამ. მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის, ჩვენი გარემოს მოწყობის პრინციპები, კვლავ გუტენბერგისეულია. ნაპრალი ამ ორ სამყაროს შორის ყოველდღიურად იზრდება…“ [1]

სემიოტიკური პერსპექტივიდან ჩანს ცვლილებების აუცილებლობა და სამყაროს მომავლის სხვადასხვა ვერსიაც.

სამყარო გაჰყვება ალბათ უფრო ძლიერ მენტალურ ენერგიას. ვფიქრობ, რომ რაოდენობა კი არა, ხარისხი გახდება მომავლის სამყაროს ფუნდამენტი. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაში „რაოდენობამ“ ძალა დაკარგა და ის გახდა უხარისხობის სინონიმი. დღესაც თუ დააკვირდებით, ადვილად შენიშნავთ, რომ ჩვენს კარიკატურულ სოციალურ / პოლიტიკურ გარემოში ძალაუფლების წარმომადგენლები ჯერ კიდევ ქუჩაში გასული ადამიანების რაოდენობით საზღვრავენ მოვლენის ძალას; ანუ საზომი ჯერ კიდევ ისაა, რამაც რეალური გავლენა დიდი ხანია დაკარგა (უფრო სწორად, არც ჰქონია). ძველ პარადიგმაში ძალაუფლების ეს მოდელი ასე თუ ისე მუშაობდა, მაგრამ ახალ სამყაროში ეს წარმოუდგენელია. ამის შესახებ წერს გიგი თევზაძე, რომ „ნაპრალი“ იზრდებაო. უკან სამყარო არასდროს დაბრუნდება, ამიტომ თუ წინ ვიხედებით, ცვლილებები ახალი გამოწვევის ადექვატური და დროული უნდა იყოს.

თანამედროვე ეპოქა – ეს არის ცვლილებების ეტაპი და არა მხოლოდ სემიოტიკური პერსპექტივიდან.

  • რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

ცვლილებების ეპოქისთვის დამახასიათებელია „აღმნიშვნელთა ამბოხიც“. იცვლება ღირებულებათა სისტემა, სიტყვები დაიცალნენ მნიშვნელობებისგან, დესემიოტიზაცია – მოცემულობაა. სიმულაკრების გარემოში ჩვენც  სიმულაკრებად ვიქეცით. ციფრულმა ეპოქამ ნიშნები გააშიშვლა და ლუსტრაცია მოუწყო. თუმცა ავატარებში გადანაცვლებულმა ადამიანმა / ნიშანმა კიდევ დამატებითი პარამეტრები შეიძინა. ბოდრიარის იმიჯების ევოლუციის 4 ეტაპს გიგი თევზაძემ (ფსევდო-ბოდრიარმა) დაუმატა კიდევ ერთი: 5. ის ხდება რეალობის საფუძველი, და ამ რეალობის შექმნის შემდეგ რეალობა, როგორც საფუძველი, აღარ არსებობს.[2]

„ავატარი არც ნიღბავს და არც მალავს არაფერს: ის ქმნის.“ (გიგი თევზაძე)

როგორც ირკვევა, ციფრული სამყარო ნიშანს კი არ აღარიბებს, არამედ ახალ განზომილებას სძენს. უბრალოდ, ეს ყველაფერი შესასწავლი და გამოსაკვლევია.

  • სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

თუ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ნიშანია და თუ მატერია ესაა ინფორმაცია და ენერგია; შესაბამისად, ადამიანიც არის ენერგია/ინფორმაცია. ენერგიას გამოვლენის სხვადასხვა ფორმა აქვს და თუ გამოვარკვევთ, როგორი/რომელი ენერგიის/ინფორმაციის  მატარებელია ადამიანი, მაშინ ადამიანს, როგორც ნიშანს, გავშიფრავთ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, დროის გარკვეულ მოცემულობაში, რადგან სხვა მოცემულობაში, ის შეიძლება შეიცვალოს.

მეტაფორულად წარმოვიდგინოთ, რომ კოსმოსი იერარქიულია და მრავალი განზომილებისგან შედგება; ყველა განზომილებას კი თავისი ენერგია/ეგრეგორი აქვს, ხოლო თითოეული ადამიანი დაკავშირებულია მასთან (რომელიმესთან) და იღებს ინფორმაცია/ენერგიას ამ ეგრეგორისგან… თუ ეს სურათი წარმოიდგინეთ, მაშინ ადამიანი იმის ნიშანია, რომელი ენერგიით/ინფორმაციითაც  იკვებება, რისი მედიუმიცაა.

  • „პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

„პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე მეტაფორა სულ მგონია, რომ „გვირაბის ბოლოს სინათლის გამოჩენაა“. ჩვენს კულტურაში ძალიან ხშირად ვიმეორებთ ამ ფრაზას. შეიძლება ვთქვათ, რომ „გვირაბის ბოლოს სინათლეა“, მაგრამ ძალიან გვიჭირს აღვნიშნოთ, ვერბალურადაც კი, რომ ერთხელაც „გავაღწიეთ ამ გვირაბს“, რომ „გავედით გვირაბიდან – სინათლეზე“, როგორც პოეტი იტყოდა: „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან – გავიდეთ მზეზე“.

 პასუხი ისევ პლატონს მოვკითხოთ:

„ჰოდა, ჩემო ძვირფასო გლავკონ, სწორედ ესაა კაცთა ყოფის ზუსტი ხატება. მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათელს ედარება. მაღლა ასვლა და ნამდვილი საგნების ჭვრეტა სხვა არა არის რა, თუ არა სულის აღმასვლა გონით საწვდომი სამყაროს მიმართ.“

ჩვენ კი სადა ვართ, თავად განსაჯეთ!

  • როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

სამყარო უკვე შეიცვალა, მაგრამ ძალიან ცოტა იჯერებს!

ციფრული რეალობა უფრო მეტად შემოიჭრება ყოველდღიურობაში, რაც შეცვლის რეალობის თვისებებს და ხარისხსაც. ის, რაც დღეს არის, განწირულია… მაგალითად, პოლიტიკოსები ისე არიან ჩართული  ძალაუფლების დოღში, საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რა ხდება სამყაროში. გასართობადაც აღარ გამოდგებიან უკვე. ხალხი აღარ უსმენს… ხალხს სხვა პრობლემები აქვს. ესენი კი დარბიან ისევ „-ჯოს. -ჯოს“ ძახილით…  პარლამენტში სკამებს ინაწილებენ, სადგურში კი ახალი რეალობის ხომალდი ჩამოდგა. ამავე პარადიგმაშია – განათლება და კულტურაც…

თუმცა ამ ჩაქვესკნელებულ ყოფაში არის სწორედ  ახლის ფორმირების რესურსიც და ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება, ვიდრე დღემდე ყოფილა.

  • თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

ყველაზე მძაფრად რაც ვიგრძენი პანდემიის პირველ ეტაპზე, – ეს იყო სხვა სივრცესა და განზომილებაში მოხვედრა; ეს მგონი მართლა „ნაპრალი“ იყო, ძველი და ახალი ცხოვრების ნაპრალი, სადაც დროც სხვაგვარად მუშაობდა… მერე თითქოს ღრუბელი გადაიყარა და ახალი ენერგია წამოვიდა კოსმოსიდან და „გავცოცხლდი“. სრულიად სუბიექტური შეგრძნებებია…

რა შეცვალა? შეცვალა კი არა, მგონია, რომ საერთოდ სხვა ვარ და რაც მანამდე მოხდა, ეს წინა ცხოვრება იყო… ახლა მიკვირს, მაგალითად, როგორ ვიყავი იმ ძველი განათლების სისტემის ნაწილი? საერთოდ, როგორ ვიყავი იმ სისტემის ნაწილი? თუმცა, რომ არ ვიყავი, ალბათ ამიტომ ამომაგდო მატრიცამ 😀

  • წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

მე მოვედი!


[1] https://bit.ly/34prYwT

[2] https://bit.ly/3i0R4Kh

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s