რამაზ გიგაური – ნაკლები იჩხუბეთ და ბევრი იცინეთ!


რამაზ გიგაური – მწერალი, ასტროლოგი, სამოტივაციო სპიკერი

როგორ შეაფასებდით სამყაროს თანამედროვე მდგომარეობას სემიოტიკური პერსპექტივიდან?

იმას, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებას“ და სამყაროს გაფართოებას უწოდებენ, ინდოელი ბრაჰმანები უწოდებენ ღმერთ ბრაჰმას სუნთქვას. ისინი თვლიან, რომ სამყარო სუნთქავს და მსგავსად ადამიანისა, რომელსაც ფილტვები ჩასუნთქვისას უფართოვდება, სწორედ ასე ღმერთმა ბრაჰმამ ჩაისუნთქა და ხდება სამყაროს გაფართოება. შემდეგ იქნება სამყაროს შევიწროვება და ა. შ.

სამყარო თავისი გზით მიედინება და ის ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან როგორც გიორგი გურჯიევი იტყოდა, „სამყარო მაშინ არის რეალური, როცა მე ვარ“. ის ჩვენთვის არის რთული, წინააღმდეგობრივი, კრიზისული ან დადებითი, სიხარულით თუ სიყვარულით სავსე, რადგან ჩვენ ახლა, ამ პერიოდში ვცხოვრობთ.

როცა მეუბნებიან, „რთული დრო გვიდგას“, ვპასუხობ: „მაშინ რა უნდა ეთქვათ თემურ-ლენგის პერიოდის საქართველოში?“

ახლა ვკითხულობ გურამ გეგეშიძის რომანს „ხმა მღაღადებლისა“, სადაც აღწერილია XIX საუკუნის საქართველო და ხვდები რამდენად რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება ადამიანებს. საუბარი არ არის შუა საუკუნეებზე, არამედ  სადღაც 150-200 წლის წინანდელ საქართველოზე.

დიდი ალექსანდრე ყაზბეგის არ იყოს, ინტერესის გამო მეცხვარეც ვყოფილვარ და როდესაც წვიმის, ქარიშხლის და სხვა რთული პირობების გამო ჩემს სარქალს ვეუბნებოდი, რომ მეცხვარეობა ძალიან რთული საქმეა. ის მეუბნებოდა: „რამაზ, შენი მეცხვარეობა გარმონზე დაკვრას და გართობას ჰგავს“.  ამით მიმანიშნებდა, რომ ადრე ეს საქმე ბევრად რთული იყო.

სწორედ ასეა სამყაროც. მას ვერავინ გააჩერებს. ის თავისი გზით მიედინება. იცვლება, ვითარდება და აზრი არ აქვს წუწუნს. ჩვენი დრო ეს არის. ჩვენ ამ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ და უნდა ვიცხოვროთ კიდეც, გემო ჩავატანოთ ცხოვრებას და ამასთანავე, გამოვადგეთ ადამიანებს, ქვეყანას, სამყაროს. სიბნელეში ყოფნისას – სიბნელის წყევლას აზრი არ აქვს. სანთელი უნდა ავანთოთ.

რას იტყვით ციფრულ ეპოქაში ნიშნის ბუნებაზე?

ღმერთი მინიშნებებით გვესაუბრება.

რაბინდრანათ თაგორი წერს: „მე ვთხოვე ხეს: „მომიყევი რაიმე ღმერთზე” და ხე აყვავდა.“

ინდოეთში არის ასტროლოგიის ძალიან საინტერესო მიმართულება – ნიმიტა. ეს არის ნიშნების ასტროლოგია, ანუ ადამიანმა მინიშნებებით უნდა ახსნას თუ რისი თქმა უნდა სამყაროს მისთვის. მართალია, ეს ყველაფერი ძველ საქართველოში ამ სახელდებით არ იყო, მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ სამყაროს ენა. ეს იყო მზეზე, მთვარეზე, ვარსკვლავებზე, ცხოველებზე, ფრინველებზე, მწერებზე, მცენარეებზე, ატმოსფერულ მოვლენებზე დაკვირვება.

13 ივნისის თბილისის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა დაგვამწუხრა, გაგვანადგურა. მაგრამ უბრალო, უბირი გლეხის თვალი უფრო კარგად დაინახავდა იმას, რასაც ფულისგან თავბრუდახვეული ჩინოვნიკები და ბიზნესმენები ვერ ხედავენ. ეს არის ის, რომ არ შეიძლება მდინარის კალაპოტში რაიმეს აშენება. რატომ? იმიტომ, რომ მდინარე გარკვეულ პერიოდში ისევ ავსებს თავის კალაპოტს. ძველ საქართველოში მდინარის პირას იყო ბაღები, ბოსტნები, მაგრამ არავის მოუვიდოდა  აზრად, რომ მდინარის კალაპოტში დასახლებულიყო. ადამიანი მოწყდა ბუნებას, დაივიწყა მისი ენა და დაივიწყა ნიშნები. ეს კი მას ძვირად უჯდება. ჩვენი შვილების თაობა ციფრული სამყაროს, „გაჯეტების“ თაობაა და რთულია მას აუხსნა, რატომ ტირი როცა აყვავებულ მინდორს ხედავ ანდაც როგორ სწოვს ბატკანი დედა-ცხვარს.

ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ბუნებასთან კავშირი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ბუნების ენა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვემართება ის, რაც ემართება ხოგაის მინდიას „გველისმჭამელში“.

სამყაროში ყველაფერი ნიშანია. თქვენი აზრით, რისი ნიშანია თავად ადამიანი?

ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანი – ღმერთის ნიშანია. ის ღმერთის ანაბეჭდია დედამიწაზე. ეს არის ღვთიური სულის პროექცია ადამიანის სხეულში. რაც არ უნდა ვისაუბროთ ევოლუციაზე, პითეკანთროპზე, ნეანდერტალელზე და „ჰომო საპიენსზე“, ჩვენ ღვთის შვილები ვართ. ადამიანი – ცხოველის და ღმერთის ერთგვარი სინთეზია. მასში არის ერთდროულად შავი და თეთრი, ბნელი და ნათელი, დემონი და ანგელოზი.

და ყოველდღე გვაქვს შანსი, რომ მივემსგავსოთ ღმერთს. იმას, ვისი ნიშანიც ვართ ამ სამყაროში.

„პლატონის გამოქვაბულის“ თანამედროვე აღმნიშვნელები თქვენთვის რომელია?

ალბათ ოჯახი. რეალურად, ყველა ოჯახი თავისებურად „პლატონის გამოქვაბულია“ და თუ რომელიმე ოჯახის წევრმა შეძლო მზის სინათლეზე გამოსვლა და მერე გადაწყვიტა ყველას მზეზე გამოყვანა, ის – ისჯება.

მითუმეტეს, საუბარი აღარ არის ქვეყანზე ან კაცობრიობაზე. სწორედ ამის გამო კლავენ მაჰათმა განდის, ილია ჭავჭავაძეს და ბევრ მათ მსგავს ადამიანს. სდევნიან მათ, აწამებენ, აიგნორებენ, შიმშილისთვის სწირავენ. და სულ ერთია ეს იქნება შოთა რუსთაველი, გალაკტიონი თუ ნიკო სამადაშვილი.

სწორედ ამის გამო აცვამენ ჯვარს ქრისტეს.

ეს არის ავატარის გზა – როდესაც ადამიანს გაცნობიერებული აქვს ყველაფერი და ის გააზრებულად მიდის მსხვერპლზე. ის საუბრობს მზეზე, სინათლეზე, სიყვარულზე, თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, ძალაზე, რწმენაზე. ის ხშირად ეწირება ამას, მაგრამ „გამოქვაბულში“ მყოფი ადამიანებში ხდება სინათლის სხივის დათესვა, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

როგორ ხედავთ მომავალს პანდემიის შემდეგ – როგორ შეიცვლება პოლიტიკა, კულტურა, ადამიანი…?

ცხადია, შეიცვლება და უკვე შეიცვალა. როცა მეუბნებიან, „როდის დაბრუნდება ის ყველაფერი, რაც იყო“, ვეუბნები, რომ არასოდეს.

შეუძლებელია დაბრუნდეს წარსული. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი პანდემიას ვერ დაამარცხებს ან საზღვრები არ გაიხსნება. არა, ცხადია. უბრალოდ, კოვიდმა დაანახა სამყაროს, რომ ის ყველაფერს ვერ მართავს და თითქოს ერთ, მარტივ ვირუსს შეუძლია კაცობრიობის კოლაფსი გამოიწვიოს. უბრალოდ, ადამიანი უფრო განვითარებული და მომზადებული აღმოჩნდა. სწორედ ამის გამო მსხვერპლი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იგივე ე. წ. „ესპანკას“ დროს. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ამის. ეს უდიდესი გამოწვევა და კრიზისია, მაგრამ ეს არის გამოცდილება და განვითარებაც. როგორც ვიცით კოვიდი ჩინეთიდან დაიწყო და ჩინურ ენაზე სიტყვა „კრიზისი“ აღინიშნება ორი იეროგლიფით „ვეი“ და „ცზი“. პირველი აღნიშნავს ხიფათს, საშიშ დროს, ხოლო მეორე – შესაძლებლებლობას, განვითარებას.

ეს პანდემია ჩვენთვის არის სიახლე, თორემ „არაფერია მზის ქვეშ – ახალი“. ეს მოკლე დროში შეიცვლება, მერე კი სამყარო ისევ „გასწორდება“ და ისევ თავისი გზით წავა. ომებმა თუ ასწავლეს კაცობრიობას რამე?!

თქვენში რა შეცვალა და გადააფასა პანდემიამ?

არ დამიწყია კოვიდის და პანდემიის გინება, რადგან ამას უბრალოდ აზრი აქვს. უბრალოდ, უფრო მოქნილი და დინამიკური გამხადა. უნდა ვაღიარო, რომ პირადად ჩემთვის დიდი კრიზისი არ შეუქმნია, რადგან თუ Online-ფორმატი ჩემი საქმიანობის  50 პროცენტს შეადგენდა, ახლა 100 პროცენტია. იქიდან გამომდინარე, რომ Online-გაკვეთილები იყო, ჩემი ორივე შვილი ჩემს კომპიუტერებთან დავსვი. მე – ლეპტოპთან ერთად შევიკეტე საძინებელში და მშვიდად გავაგრძელე მუშაობა. მე პირადად ვერ შევცვლიდი და ვერ შევცვლი პანდემიას. მთავარია, მან უარყოფითისკენ არ შემცვალოს. მე ამის უფლებას არ მივცემ, არ დავუშვებ. როგორც სოლომონ ბრძენი იტყოდა: „ესეც – გაივლის!“

წარმოიდგინეთ, რომ უცხოპლანეტელი ხართ, თქვენი გზავნილი დედამიწელებს…

ნაკლები იჩხუბეთ და ბევრი იცინეთ!

რამაზ გიგაური

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s