ლაშა მგელაძე – კონკურენცია, როგორც ეკონომიკური თავისუფლების საფუძველი


ლაშა მგელაძეეკონომიკის დოქტორი
lmgeladze@gmail.com
ნაშრომი ეხება კონკურენციის თემას. იმისათვის, რომ წარმოჩენილი იქნას, თუ რამხელა როლს თამაშობს კონკურენცია თავისუფალი ეკონომიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში - განხილულია კონკურენციის ევოლუციის/განვითარების ძირითადი ეტაპები; წარმოჩენილია ბაბილონის გოდოლის მშენებლობის მნიშვნელობა კონკურენციის ფორმირების ისტორიაში; შემოთავაზებულია, კონკურენციის მიმართულებით ახალი, „ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის“ ფენომენი, როგორც კონკურენტული ევოლუციის ერთ-ერთი საფეხური (ავტორი გვთავაზობს ახალ ტერმინს და მიმართულებას, რომელსაც „ჰარმონიულ კონკურენტულ განვითარებას“ უწოდებს). განხილულია ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციები და წარმოდგენილია ავტორის მოსაზრება/ახსნა, თუ რას ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე თანამედროვე (დღეს უკვე მსოფლიოში ფართოდ დანერგილ და აღიარებულ) კონკურენციის რეგულირების მოდელზე. 
ბოლოს, დასკვნის სახით, წარმოდგენილია ავტორის მოსაზრება თანამედროვე კონკურენციის რეგულირების მოდელის შესახებ ეკონომიკურ თავისუფლებასთან მიმართებით.

კონკურენციის არსი  – რა არის კონკურენცია?! რატომ არის ის ეკონომიკური თავისუფლების უმთავრესი საფუძველი? ალბათ, პასუხი ყველასთვის ნათელია. კონკურენციის გარეშე ვერ ვითარდება ეკონომიკა, ვერ მიისწრაფვის ის სრულყოფისაკენ. უფრო მეტიც, ქვეყნებს შორის კონკურენციამ, კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის კონკურენციამ, ინდივიდებს, პირებს შორის კონკურენციამ და ა.შ. გამოიწვია ომები, რესურსების (მათ შორის, ბუნებრივი რესურსების) დატაცების სურვილი/დატაცება, ერების დომინანტად გადაქცევის სურვილი/გადაქცევა; სწორედ კონკურენციულ ბრძოლას შეეწირა (გაქრა) ესა თუ ის ქვეყანა. კონკურენციულ ბრძოლაში განადგურდა მთელი რიგი ცივილიზაციები და სწორედ კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვების შედეგად გადარჩა და განვითარდა მთელი რიგი ერებისა. სწორედ კონკურენციული ბრძოლის შედეგად განვითარდა და დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბდა მსოფლიო.

საბოლოო ჯამში, კონკურენციას იმხელა დადებითი ეფექტი მოაქვს, რომ ხშირ შემთხვევაში, „გახსენებადაც არ ღირს“ (არავის ახსენდება) ამ ბრძოლას შეწირული ინდივიდები, ერები, რესურსები, ეკოლოგიური გარემო და ა.შ.[1] სწორედ კონკურენცია არის  გადარჩევის ის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც მოაქვს, სუსტების დამარცხების და ძლიერების/ყოჩაღების გამარჯვების ხარჯზე, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ზნეობრივი/მორალური პროგრესი.

აქვე ჩნდება საფრთხე იმისა, რომ პროცესში ხელოვნური ჩარევის, კონკურენციული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ხელოვნური ნაბიჯების შედეგად არ მივიღოთ უკუეფექტი, არ დავაზიანოთ კონკურენტული გარემო (მაგალითად, უფრო სუსტს არ მივცეთ განვითარების საშუალება უფრო ყოჩაღის/ძლიერის ხარჯზე; ძლიერის განვითარების შეფერხების ხარჯზე) და ხელი არ შევუშალოთ განვითარებას. ამიტომ, დიდი სიფრთხილე და დაკვირვებაა საჭირო, სანამ კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და მასში ხელოვნურად ჩარევის თვალსაზრისით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ჩანასახიდან ჰარმონიულ კონკურენტულ ბრძოლამდე (ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ჰიპოთეზა)ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ავტომატურად ჩნდება კითხვა, მაინც როდის ჩაეყარა საფუძველი კონკურენციას? სად იღებს სათავეს იგი და რაში გამოიხატებოდა პირველი კონკურენციული ურთიერთობა (კონკურენციული ბრძოლა)?

ჩვენი აზრით, კონკურენციული ურთიერთობები დაიწყო იმ დროიდან, როდესაც ადამიანი შეიქმნა დედამიწაზე[2]. შექმნისთანავე იგი კონკურენციულ ბრძოლაში ჩაერთო ბუნებასთან, სამყაროსთან, იმისთვის, რომ გადაერჩინა თავი. იგი ყველა, მის ხელთ არსებულ რესურსს (გონებრივს, ფიზიკურს თუ ბუნებრივს) იყენებდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ველური ბუნების წიაღში და განვითარებულიყო (თავისი თავი განევითარებინა) ისე, რომ ეცოცხლა რაც შეიძლება დიდხანს და კომფორტულად. სწორედ აქ ადამიანის სიცოცხლის ჩასახვის სათავეებთან დაიწყო კონკურენციული ბრძოლა და წარმოიშვა კონკურენცია. ადამიანის ეგოიზმმა და თავისუფალმა ნებამ მისცა დასაბამი კონკურენციას (ჩვენი აზრით).

აღნიშნულმა საკითხმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე ადამიანური მოდგმის გამრავლებასთან ერთად მიიღო. თავდაპირველად, თუ ადამიანი ბუნებასთან კონკურენციულ ბრძოლაში იყო ჩართული, ადამიანური მოდგმის გამრავლების შემდეგ უკვე საკითხმა უფრო ფართო მასშტაბებს მიაღწია და უკვე ადამიანებმა ბუნებასთან ერთად ერთმანეთთან კონკურენცია დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ უპირატესობა მოეპოვებინათ, რადგან ჰქონოდათ უკეთესი პირობები: უკეთესი საცხოვრებელი, უკეთესი ადგილები (სადაც უფრო მსუყე, ბევრი და მოსაპოვებლად იოლი საკვები იყო); თავისუფლად შეძლებოდათ ეცადათ გვერდით ჰყოლოდათ ის საწინააღმდეგო სქესის არსება, ვინც მოსწონდათ (თავისი სქესის სხვა ადამიანი არ შეუშლიდა მას ხელს ამა თუ იმ საწინააღმდეგო სქესის არსებისათვის თავის მოწონებაში), უკეთესი ნივთები/ხელსაწყოები და ა.შ.

ამის შემდგომ, ჩვენი აზრით, კონკურენციული ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, ადამიანთა დაჯგუფებები/ტომები შეიქმნა. ადამიანებს შორის კონკურენტულმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ ზოგი უფრო გაძლიერდა და ზოგი – დაიჩაგრა. შესაბამისად, ადამიანებმა იმისთვის, რომ თავი უკეთ დაეცვათ და უპირატესობა მოეპოვებინათ სხვა ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფზე, უკეთ გამკლავებოდნენ ბუნებასთან ჭიდილს, შექმნეს ნებაყოფლობითი გაერთიანებები  და აირჩიეს (აირჩიეს და არა დანიშნეს) ტომის ხელმძღვანელი, ბელადი. ჩვენი აზრით, სწორედ ეს ფაქტი არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის (დღევანდელი სახელმწიფოების) პირველი ჩანასახი. ადამიანთა გაერთიანებებს შორის კონკურენციამ კიდევ უფრო განავითარა ადამიანთა მოდგმა. მათ დაიწყეს ფიქრი როგორც თავდაცვაზე, ისე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე, საკვების მოპოვების გაიოლებაზე და ა.შ.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ, რაც უფრო მაღალ ხარისხში ადიოდა კონკურენციული ბრძოლა, მით უფრო მაღალ საფეხურზე ექცეოდა ადამიანთა განვითარების დონე. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ კონკურენციული ბრძოლა საჭიროა არა იმიტომ, რომ ეს სამართლიანი პროცესია (როგორ შეიძლება სისტემა იყოს სამართლიანი, სადაც ერთის დაჩაგვრის/„განადგურების“ ხარჯზე მეორე იღებს კეთილდღეობას)[3], არამედ იმიტომ, რომ კონკურენციას მოაქვს პროგრესი, იგი ხელს უწყობს ადამიანის, როგორც შემოქმედებითი, ისე თავისუფალი აზროვნების განვითარებას, მის ფიზიკურ გაძლიერებას, თვითშეგნების ზრდას (ეს არის ბუნებრივი გადარჩევის უნივერსალური საშუალება).

განვითარების გარკვეული საფეხურის მიღწევისას ადამიანის ინტელექტი იმდენად განვითარებულია, რომ იგი უკვე ფიქრობს სხვის კეთილდღეობაზე, ბუნების  დაცვაზე, სამყაროს სრულყოფისთვის ბრძოლაზე, საკუთარი თავის კიდევ უფრო განვითარებაზე. შესაბამისად, ადამიანი ცდილობს კონკურენციული ბრძოლა უფრო მაღალ მორალურად გამართლებულ საფეხურზე აიყვანოს, რაც, მაგალითად, საკუთარი თავისა და მსოფლიოს სრულყოფისკენ სწრაფვაში გამოიხატება და არა სხვისი დაჩაგვრის ხარჯზე უპირატესობის მოპოვებაში. აღნიშნულ კონკურენციულ ბრძოლას, შეიძლება ვუწოდოთ ბუნებასთან ჰარმონიისა და ადამიანთა შორის ჰარმონიის მიღწევის საშუალებით კონკურენციული განვითარება (კონკურენციული განვითარება, რომელიც გამოიხატება გონების, აზრების, მეცნიერული მიდგომების ჭიდილში, შეჯიბრებითობაში) – ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლა [ანუ, ჩვენი აზრით, კონკურენციული ბრძოლა აუცილებლად მივა იმ ეტაპამდე, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მისი მთავარი კონკურენტი არა სხვა ადმიანი, საწარმო ან სხვა რამ არის, არამედ მისი მთავარი კონკურენტი საკუთარი თავია. შესაბამისად, იმისთვის, რომ საკუთარი თავი სრულჰყოს (ეგოიზმს სძლიოს, კონკურენტულ ბრძოლაში დაამარცხოს) აუცილებელია მას სხვა ადამიანები დაეხმარონ (სხვა ადამიანების, კომპანიების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს საკუთარი თავისა და კომპანიის სათანადოდ სრულყოფას) და პირიქით].  მართალია, აღნიშნული საკითხი სამსჯელოა/სადავოა და დღევანდელი გადმოსახედიდან თეორიული უფროა, ვიდრე პრაქტიკულად  გამართლებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კონკურენტული ბრძოლა, მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად გადაიზრდება ჰარმონიულ კონკურენტულ ბრძოლაში (კონკურენცია ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლისკენ მიისწრაფვის).

უნდა აღინიშნოს, რომ ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ელემენტები კონკურენციის განვითარებასთან ერთად სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ხარისხით, არის შესამჩნევი (შეიმჩნევა). ის, რომ კონკურენცია ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლისკენ მიისწრაფვის, შესამჩნევი შემდეგი მაგალითების საფუძველზე ხდება, მაგ: 1. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ადრეული პერიოდი (როცა ჯერ კიდევ ელემენტარული საარსებო საშუალებები ჰქონდა ადამიანს და ცდილობდა თვითონვე შეექმნა ცხოვრებისთვის/გადარჩენისთვის საჭირო ყველა პირობა), როდესაც ადამიანი მიხვდა, რომ არაეფექტიანია, თვითონ აკეთოს ყველაფერი (თვითონ უზრუნველყოს თავი ყველაფრით), რაც მისი არსებობისთვის არის საჭირო. მიხვდა, რომ, მაგალითად, თუ იყო კარგი მონადირე, ნადირობით დაკავებულიყო და სხვადასხვა ტიპის ნივთები (მათ შორის ისრები, შუბის წვერები/შუბები და ა.შ.), თუ საჭირო საკვები  სხვა ადამიანებისთვის თავის ნანადირევში გადაეცვალა (თავისი ნანადირევით შეეძინა). ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ადამიანები ნაწილობრივ შევიდნენ ჰარმონიულ კონკურენტულ ბრძოლაში. ისინი ეწეოდნენ იმ საქმიანობას (აკეთებდნენ იმას), რაშიც კონკურენტულად უპირატესნი იყვნენ და ხელს უწყობდნენ ერთმანეთს თავიანთი კონკურენტული უპირატესობებით. ეხმარებოდნენ/ავსებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის დახმარებით ცდილობდნენ მოეპოვებინათ უპირატესობა ბუნებასთან. 2. ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის მეორე, შედარებით მასშტაბურ მაგალითად (იმის დასასაბუთებლად, რომ კონკურენცია ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლისკენ მიისწრაფვის) შეიძლება განვიხილოთ პერიოდი, როდესაც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გაჩნდა ანუ პერიოდი, როცა ადამიანები ნებაყოფლობით გაერთიანდნენ ჯგუფებად, აირჩიეს ლიდერი, რათა უკეთ უზრუნველეყოთ თავიანთი საცხოვრებელი თუ უსაფრთხოების პირობები (უკვე ადამიანები ერთობლივად შევიდნენ ერთმანეთთან ჰარმონიულ კონკურენტულ ბრძოლაში. თავიანთი კონკურენტული უპირატესობებით ზრუნავდნენ არა მხოლოდ კონკრეტული პირების განვითარებაზე, არამედ იღწვოდნენ ადამიანთა მთელი ჯგუფის განვითარებისათვის). 3. მესამე, კიდევ უფრო მასშტაბურ მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ, მეორე  ეტაპის შემდგომი პერიოდი, როდესაც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნულ პერიოდში უკვე სახელმწიფოებს შორის კონკურენცია გაძლიერდა. სახელმწიფოები (მმართველები) ცდილობდნენ ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროდუქტი თუ მომსახურება თვითონვე ეწარმოებინათ (ისე, როგორც ადრეულ პერიოდში, განხილულ პირველ მაგალითამდე, ცდილობდნენ ადამიანები საკუთარი მოთხოვნების თვითონვე სრულად დაკმაყოფილებას/უზრუნველყოფას). ჩაკეტეს საზღვრები და ცდილობდნენ კონკურენტული უპირატესობა მოეპოვებინათ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით, ყველა მიმართულებით. შედეგად, ისევე, როგორც ადრეულ პერიოდში ადამიანები, სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ აღნიშნული პოლიტიკა არაეფექტიანია. შესაბამისად, ქვეყნები დასპეციალდნენ/ფოკუსირდნენ ისეთი პროდუქციის შექმნაში/მომსახურების მიწოდებაში, რაშიც კონკურენტულად უპირატესნი იყვნენ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით. აღნიშნულმა გამოიწვია საზღვრების გახსნა და ქვეყნებმა დაიწყეს ღია ვაჭრობა/თანამშრომლობა ერთმანეთთან თავიანთი კონკურენტული უპირატესობების გაცვლა (ერთმანეთის შევსება, თანამშრომლობა, გარკვეულწილად ერთმანეთის ხელშეწყობით განვითარება). სწორედ, საზღვრების გახსნისა და ღია სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპი/მოვლენა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის მესამე, უფრო მასშტაბურ მაგალითად. 4. მეოთხე, კიდევ უფრო მასშტაბურ მაგალითად ევროპის კავშირი და ერთიანი ვალუტა-ევრო შეიძლება განვიხილოთ. ერთიანი სავაჭრო და სავალუტო სივრცის შექმნა, რომელიც საერთო თამაშის წესებზეა დაფუძნებული (არა ერთმანეთთან ბრძოლის, არამედ ერთად ბრძოლის მაგალითი განვითარებისათვის). 5. ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის/განვითარების მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ასევე, კომპანიების ჰორიზონტალური და ვერტიკალური შერწყმები. ეტაპი, როდესაც კომპანიები მიდიან იმ აზრამდე, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში ყოფნას სჯობს, გააერთიანონ რესურსები და ერთად, ურთიერთთანამშრომლობით განვითარდნენ. 6. ჩვენი აზრით, კარგი მაგალითია ასევე, ფედერაციული მოწყობის მქონე სახელმწიფოები (რა უშლის მსოფლიოს ხელს, გადავიდეს ფედერაციულ მოწყობაზე (რაც სულ მცირე ქვეყნებს შორის ომებისა და დაპირისპირებას აღმოფხვრას გამოიწვევს)? არასაკმარისი ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ფენომენის არსებობა დედამიწაზე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ კონკურენცია მიისწრაფვის/მიდრეკილია ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ეტაპისკენ. კონკურენტული ბრძოლა, თუ სახელმწიფოები მის რეგულირებაში ხელს არ აფათურებენ, აუცილებლად მივა ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ეტაპზე, რაც ერთ-ერთი „პიკი“ უმაღლესი მწვერვალი, გარდამტეხი მოვლენა იქნება კაცობრიობის კონკურენციის ისტორიაში.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა (იგულისხმება ნებისმიერი პირი, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული), საკუთარი თავის სრულყოფისათვის ლტოლვა (საკუთარი თავის სრულყოფისთვის, საკუთარი ხარვეზების გამოსწორებისთვის ბრძოლა) მიგვაჩნია, რომ კონკურენციის/კონკურენტული ბრძოლის შემადგენელი ნაწილია და კონკურენციის ერთ-ერთ მიმართულებად (საკუთარ თავთან კონკურენციად) უნდა იქნას განხილული. თუმცა აღნიშნული საკითხის არსობრივი განხილვა სცდება ჩვენი ნაშრომის საბოლოო მიზანს. იგი, პრაქტიკულთან ერთად, ფილოსოფიურ მსჯელობაში გადადის და ვთვლით, რომ უმჯობესია აღნიშნული საკითხს ჩვენს შემდგომ კვლევებში დავუთმოთ ადგილი.

გარდამტეხი მოვლენა კონკურენციის ისტორიაში – ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ შემდეგ საკითხს: შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს არასაკმარის კონკურენციას. ჩვენი აზრით, კონკურენტული ბრძოლის შემცირებაზე საუბრისას, სუსტი/არასაკმარისი კონკურენციის შედეგების განხილვისას, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს ბაბილონის გოდოლის მშენებლობის საკითხზე. ასევე, ბაბილონის გოდოლის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე უფრო დიდ სტიმულად, კონკურენციის განვითარების უდიდესი ბიძგის მიმცემად, გარდამტეხ სიტუაციად კონკურენტული ბრძოლის ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ წარღვნის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბაბილონის გოდოლის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს. ვფიქრობთ, რომ იგი უაღრესად საინტერესოა კონკურენციის განვითარების ისტორიული თვალსაზრისითაც. კერძოდ, ბაბილონის გოდოლის მშენებლობამდე ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ. ადამიანთა მოდგმის სწრაფად გამრავლების შედეგად, მათ უფრო და უფრო მეტი მიწების ათვისება დაიწყეს და გადაწყვიტეს, იმისათვის, რომ ერთმანეთი არ დაევიწყებინათ, აღემართათ ისეთი გოდოლი, რომელიც ცას მისწვდებოდა და მათი აზრით, შესაძლებელს გახდიდა ღმერთამდე მისვლას.

აღნიშნული მშენებლობის დაწყება, ჩვენი აზრით, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადამიანებს შორის არასაკმარისი კონკურენციის მაგალითი. ადამიანები იმდენად თვითკმაყოფილები გახდნენ (ამას ერთ ენაზე საუბარიც უწყობდა ხელს), იმდენად დაკარგეს განვითარებისა და უპირატესობის მოპოვების სურვილი, რომ გადაწყვიტეს, ღმერთამდე ასულიყვნენ (მათი ერთადერთი მიუღწეველი სურვილი იყო გაღმერთება/ღმერთამდე ასვლა). თან, საინტერესო ის ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს ყოველგვარი გააზრებისა და ანალიზის გარეშე. ყველას სჯეროდა, რომ გოდოლის მშენებლობით შეიძლებოდა ღმერთამდე ასულიყვნენ. ჩვენი აზრით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს გამოწვეული იყო არასაკმარისი კონკურენციით. არავის არ ჰქონდა სტიმული, რომ დაფიქრებულიყო, ხომ არ იყო ეს უგუნური საქციელი და ამ პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვა იმიტომ, რომ ეს რესურსების უაზრო ხარჯვა და არასწორი მიზანი იყო (აღნიშნულის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ არასაკმარისი კონკურენცია იყო, ჩვენი აზრით).

ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი. ადამიანთა მოდგმის ეგოიზმით, ამპარტავნობითა და განდიდების მანიით განრისხებულმა ღმერთმა გადაწყვიტა, სხვადასხვა ენაზე აელაპარაკებინა ადამიანები, რამაც ადამიანთა შორის გაუგებრობა და ურთიერთშეუთავსებლობა გამოიწვია.  შედეგად, ისინი გაიყარნენ და გაიფანტნენ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეს.

„გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე და მიატოვეს მათ ქალაქის მშენებლობა. ამიტომაც ეწოდა მას ბაბილონი, რადგან იქ აურია იეჰოვამ მათ ენა, რომელზეც მთელ დედამიწაზე ლაპარაკობდნენ, და გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე“ (დაბადება 11:8, 9).

ჩვენი აზრით, სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენა უნდა ჩაითვალოს კონკურენციის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად, რადგან ადამიანთა მოდგმის სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებამ, გარდა მათი გაფანტვისა, მკვეთრად გაამძაფრა მათ შორის კონკურენცია. სწორედ განსხვავებულ ენებზე ალაპარაკებამ მოახდინა კონკურენციის მკვეთრად გაძლიერება ადამიანთა შორის, რამაც სათავე დაუდო (შექმნა სტიმული) ადამიანთა მოდგმის შემდგომი განვითარებასა.

კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე სახით ჩამოყალიბების წინა ეტაპები – უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, კონკურენციის შესახებ პირველ ჩანაწერებს ვხვდებით  რომის იმპერატორთა დეკრეტებში, რომლითაც ცალკეულ საქონელზე მტკიცე ფასები იყო დაწესებული. მაგალითად, იმპერატორ დიოკლეტიანეს დეკრეტი ფასებზე. ზოგადი ხასიათის პირველ ანტიმონოპოლიურ კანონად კი, რომელშიც თვით ტერმინი ,,მონოპოლია“ პირველადაა ნახსენები, ითვლება იმპერატორ ზენონის კონსტიტუცია ფასების შესახებ (483 წელი). ამ აქტში ნათქვამი იყო: ,,ჩვენ ვბრძანებთ, რომ ვერც ერთმა პირმა ვერ უნდა გაბედოს განახორციელოს მონოპოლია რომელიმე სახეობის ტანსაცმელზე ან თევზზე, ან რომელიმე სხვა საგანზე, რომელიც წარმოადგენს სურსათს ან განკუთვნილია სხვა გამოყენებისათვის“. [1]

კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე სახით ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა „შერმანის“ აქტმა, რომელიც ამერიკის კონგრესმა მიიღო 1890 წელს. აღნიშნული აქტი არის ამერიკის შეერთებული შტატების პირველი კონკურენციის მარეგულირებელი (ანტიტრასტული) კანონი. მისი ინიციატორი იყო ჯონ შერმანი – სენატორი და რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელი ამერიკის სენატში. აქტის მიხედვით, დანაშაულად ითვლება როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელის შეშლა, მონოპოლიების შექმნა, ასევე გარიგებები კონკურენციის შეზღუდვის მიზნით. აქტი ავალდებულებს ფედერალურ პროკურორებს, ზემოაღნიშნული ტიპის ქმედებები გამოაცხადონ დანაშაულად და ითვალისწინებს როგორც ფულად ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე ვადით. შერმანის აქტი არ იყო მიმართული მონოპოლიების, როგორც ასეთის, დასჯისკენ. იგი მიმართული იყო თავისუფალი ვაჭრობის შემზღუდავი ქმედებების გამოვლენა/აღმოფხვრისკენ. ქმედება, რომელიც განზრახ, მნიშვნელოვნად, ზღუდავდა თავისუფალ ვაჭრობას როგორც შტატებს შორის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით იყო დასჯადი. მოგვიანებით 1914 წელს ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ იქნა კლეიტონის აქტი. აქტის მიხედვით, კიდევ უფრო დაზუსტდა შერმანის აქტით განსაზღვრული ანტიტრასტული ღონისძიებები, კერძოდ: შეიზღუდა ტრესტების/მონოპოლიების საქმიანობა (აიკრძალა საფასო დისკრიმინაცია და საქონლის დიდი რაოდენობით გაყიდვის მიზნით არამართებული ღონისძიებები). ასევე, ტრესტების/მონოპოლიების საქმიანობის კონტროლის მიზნით, აქტი ითვალისწინებდა ფედერალური სავაჭრო კომისიის შექმნას (ამავე 1914 წელს იქნა მიღებული ფედერალური ვაჭრობის კომისიის შექმნის შესახებ აქტი).

დღესდღეობით განასხვავებენ კონკურენციის ამერიკულ, ევროპულ და სხვა ტიპის (მაგალითად ევროკავშირის[4], განვითარებადი ქვეყნების და ა.შ.) მოდელებს. ამერიკულ მოდელი აგებულია „საბაზრო ძალის“, ხოლო ევროპული – დომინირების ცნებებზე/საფუძველზე. ძირითადი სხვაობა ამ ორ განსაზღვრებას შორის არის ის, რომ „საბაზრო ძალა“ გულისხმობს კომპანიის უნარს გავლენა მოახდინოს ბაზარზე, როგორც საფასო, ისე ბაზარზე სხვა კომპანიის შესვლის კუთხით, ხოლო „დომინირება“ ბაზრის წილზეა ორიენტირებული. ის ეყრდნობა არა კომპანიის რეალურ ძალას, (კონკურენტუნარიანობას) არამედ მის წილს ბაზარზე (ბაზრის რა ნაწილს იკავებს კომპანია). ამერიკული მოდელი ორიენტირებულია ეკონომიკური აგენტის წინასწარ, დომინირებულ მდგომარეობის მიღწევაზე, მკაცრ კონტროლზე, ხოლო ევროპული კანონმდებლობა –  დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ თეორიული მახასიათებლებია (აკადემიური კუთხით გაყოფის/კვლევის განხორციელებისა და განვრცობისათვის განსაზღვრული) და პრაქტიკულად არცერთი მოდელი არ განსხვავდება არსობრივად ერთმანეთისაგან.

ილია ჭავჭავაძე კონკურენციასა და კონკურენციის სახელმწიფო რეგულირების საკითხებზე.

წმინდა ილია მართლის (როგორც მას საქართველოს ეკლესიამ უწოდა)  პუბლიკაციების, სტატიებისა და ნაშრომების გაცნობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ილია იყო თავისუფალი ეკონომიკური განვითარების მომხრე და ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ზედმეტ ჩარევას, მათ შორის, პროტექციონისტულ პოლიტიკას. იგი იყო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრე (ბასტიასა და სმითის იდეების მომხრე). ჩვენი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა კონკურენციის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას.

„ეკონომიური ბუნება ქონებისა ის არის – უძრავი ქონებაა თუ მოძრავი – რომ უხერხო და უმცდელ კაცისგან ხერხიან და მცდელ კაცის ხელში გადადის. ამ კანონს ეკონომიკურ ბუნებისას წინ ვერაფერი დაუდგება, როგორც საერთო ბუნებურ კანონსა“ (“კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი”. 1895 წ. 4 ნოემბერი). [4]

სწორედ თავისუფალი კონკურენციაა ბაზარზე ბუნებრივი გადარჩევის ყველაზე უფრო ეფექტური მექანიზმი. თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის შედეგად ქონება ხვდება უფრო ეფექტური, ყოჩაღი პირის ხელში. ისეთი ადამიანის ხელში, რომელიც უფრო ეფექტურად განკარგავს ქონებას, ქმნის დოვლათს, ორიენტირებულია მომსახურების სრულყოფასა და პროდუქციის გაუმჯობესებაზე და ა.შ. შესაბამისად ზარმაცი და არაეფექტური პირები კონკურენციის გამოისობით ბუნებრივად კარგავენ ქონებას ანუ ბუნებრივად ხდება ქონებისა და წარმოების შესაძლებლობების არაეფექტურებიდან ეფექტურების ხელში გადასვლა. ამიტომ, კონკურენციის რეგულირებით ალბათობა იმისა, რომ ბუნებრივი გადარჩევის პროცესი შეაფერხო და არაეფექტური გახადო უფრო დიდია. ზემოაღნიშნული ჩვენი აზრით დასტურდება ილიას მიერ გამოთქმული შემდეგი მოსაზრებით:

„პროტექციონობა იქიდამ არის წარმომდინარი, რომ შინაურს მრეწველობას მოპირისპირე მოაცალოს შინაურს ბაზარში და მით თვით ამ სხვის ცილობისგან განთავისუფლებულს მრეწველობას ფეხი აადგმევინოს და თავის ერს ერთი წყარო სარჩო-საბადებლის შოვნისა მოუმატოს. პროტექციონობა მოსარჩლეობაა, რადგანაც შინაურს მრეწველობას სარჩლს უწევს და ხელს უწყობს არსებობისა და გაძლიერებისათვის… ამისთანა გარემოებას არ შეიძლება სხვანიც არ გადაეხარა პროტექციონობის მხარისაკენ და აი დღეს თითქმის ყველგან პროტექციონობის გაძლიერებას ვხედავთ, თუმცა მეცნიერებისაგან-კი ანდერძაგებულია და დაწუნებული“. (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 10 ივნისი)

აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ილია ეკონომიკაში და, მათ შორის, კონკურენციის რეგულირებაში სახელმწიფოს ჩარევის, სახელმწიფოს მხრიდან პორტექციონისტური პოლიტიკის გატარების მოწინააღმდეგეა. უფრო მეტიც, ის ყოველგვარი საბაჟო თუ სავაჭრო ტარიფების დაწესებას (ეროვნული პროდუქციისა თუ დარგის განვითარებისთვის) უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ თავისუფალ ვაჭრობას ალტერნატივა არ აქვს, რაც მის მიერ გამოთქმული მოსაზრებითაც დასტურდება:

“ამისთანაა ბუნება პროტექციონობისა სათავიდამვე დაწყობილი ბოლომდე. ეს ხომ ასეა, და იქნება ამ მხრით ამ სისტემას ცოტა რამ საბუთი ჰქონდეს, თუმცა-კი ქვეყნისათვის, ყველასათვის, ერთნაირად ღია ბაზარი უმჯობესია, იმიტომ რომ ყოველის კაცისათვის ისა სჯობია, საშუალება ჰქონდეს, საჭირო საქონელი იქ და იმისგან იყიდოს, საცა და ვისაც უფრო კარგი საქონელი აქვს და უფრო იეფი ჩემ-შენიაობის გაურჩევლად”. (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 10 ივნისი)

ასევე, ფრიტედერობის განმარტებისას (რისი მომხრეც ილია იყო) ილია აღნიშნავს:

„საქონლის გაცვლა ყოველი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი უნდა იყოს და არა რომელსამე კანონმდებლობისგან შეხუთული არ უნდა იქნას“. („სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა“, 1887 წ.).

ილია ასევე, ხაზს უსვამს, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა ნაკარნახევია არა ბაზრისა და ეკონომიკის განვითარების აუცილებლობით, არამედ იგი პოლიტიკური ხასიათისაა. დასტურად კი შემდეგი მაგალითი მოჰყავს.

“დღეს თუ ამ სისტემის მომხრეობას გზა გაეხსნა ევროპაში (იგულისხმება პროტექციონისტული პოლიტიკა – ჩანართი ჩემია), სხვა განზრახვის ბრალი უფროა, ჩვენის ფიქრით, ვიდრე, იმ საბუთებისა, რომელი ძალითაც პროტექციონობა ცოტად თუ ბევრად სახეში მისაღებია. დღეს ერთიმეორეს ამ გზით უთხრიან ორმოსა”(“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 10 ივნისი)

„ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა უფრო თავისუფალი აღებ-მიცემობის სისტემა იმ დრომდე, ვიდრე გერმანია და საფრანგეთი ერთმანეთს გადაეკიდებოდნენ. თ. ბისმარკი[5], რომელიც მანამდე ფრიტრედერობის მომხრე იყო, ამ სისტემას გადაუდგა საფრანგეთის გამოჯავრებით და ერთს დროს გერმანიის კანონმდებლობა საბაჟო საქმეში პროტექციონობაზე მიიმართა და საფრანგეთის საქონელს ბაჟით მიდენ-მოდენის გზა შეუკრა გერმანიაში. რა თქმა უნდა, ერთის ქცევა მეორესაც ამასვე აქნევინებდა და ამ გზით დღესა ვხედავთ, რომ თითქმის თ. ბისმარკის წყალობით ევროპამ დაივიწყა სიკეთე ფრიტრედერობისა. დღეს ხელახლად თავი წამოჰყო და ფეხზედ წამოდგა წინათ უარყოფილი სისტემა პროტექციონობისა, ესე იგი სისტემა, რომლის დაძლევაც დიდის სიხარულით მიღებულ იყო ამ ორმოცის წლის წინათ და მასზედ გამარჯვებული ფრიტრედერობა კი – პატივცემული, როგორც სისტემა ლიბერალობის მოძღვრებისა.“ (“სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 10 ივნისი).

მიუხედავად იმისა, რომ ილიას ქართველმა ხალხმა მართალი უწოდა, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური მოწყობის თვალსაზრისით მისი მიმდევრები დღეს უმცირესობაში არიან. ილიას ოპონენტების, ეკონომიკის/ბაზრის სახელმწიფო რეგულირების (მათ შორის, პროტექციონისტული პოლიტიკის) მომხრეების, ძირითადი არგუმენტი ილიას მოსაზრებების წინააღმდეგ (რაც ჩვენ მოგვისმენია) არის ის, რომ ილიას მოღვაწეობის პერიოდში „სხვა დრო“ იყო და დღევანდელობა განსხვავებულია. აღნიშნული მოსაზრების საპირწონედ უნდა ითქვას, რომ ილიამ თავისი ნაშრომები სწორედ 1889-1890 წლებში დაწერა, მაშინ, როცა მიღებული იყო შერმანის აქტი (რომელიც ბაზარზე კონკურენციის სახელმწიფო რეგულირების აქტია). აქტი, რომელიც გახდა თანამედროვე კონკურენციული პოლიტიკის საფუძველი. შესაბამისად, გაუგებარია, ერთი მხრივ, ვემხრობით ილიას დროს მიღებულ შერმანის აქტს და ვართ მისი მიმდევრები, მეორე მხრივ კი, ვამბობთ, რომ ილიას მოსაზრებებს არ ვეთანხმებით, რადგან მისი მოღვაწეობის პერიოდში (იმ დროს, როცა ის თავის ნაშრომებს წერდა 1880-იან წლებში) „სხვა დრო“ იყო და დღეს განსხვავებული რეალობაა. აღნიშნული მიდგომა, ჩვენი აზრით, მცდარი და გაუგებარია. ასევე, დღეს შეიძლება უფრო განვითარებულია ეკონომიკური მეცნიერება და სხვა გეოპოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციაა მსოფლიოში, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიდგომები, ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, მით უმეტეს, განვითარებადი ქვეყნებისათვის,  არსებითად არ განსხვავდებოდა არცერთი დროის პერიოდში (ქვეყანას ავითარებ ან ლიბერალური ან პროტექციონისტული,  ეკონომიკური პოლიტიკით. ან გაქვს მცირე და მოქნილი, ზედმეტი რეგულირებისაგან თავისუფალი მმართველობის პოლიტიკა ან სახელმწიფო რეგულირებით გაჯერებული, პროტექციონისტული პოლიტიკა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არგუმენტი, რომელიც ილიასა და დღევანდელი დროის განსხვავებულობის გამო ილიას მიდგომებს იწუნებს, საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, ლიბერალური ეკონომიკური  მიდგომებით, ბაზარზე კონკურენციის რეგულირებაში სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ჩარევით (ჩაურევლობით) უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვითარდება ქვეყანა და კონკურენციული მდგომარეობა ბაზარზე, ვიდრე პროტექციონისტული, მკაცრი რეგულირების პოლიტიკის გატარებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ილია კარგად იცნობს კონკურენციის ბუნებას. იგი მის მანკიერ მხარეზეც მიუთითებს:

“კონკურენცია აღებ-მიცემობაში მართლადა საკეთილოა წარმოებისათვის, მაგრამ მაგას საზღვარი აქვს. საზღვარი კიდევ ის არის, რომ, ერთის მხრით, სიკეთე ნაწარმოებისა სისრულემდე უნდა იყოს მიყვანილი და ფასი კიდევ რაც შეიძლება დაბლა დაწეულ იქმნას. რაკი კონკურენცია მანდამდე მივა, მაშინ ამის წინააღმდეგ მოქმედობს ხოლმე. დაუბოლოვებული განკარგება წარმოებისა და დაუბოლოვებულივე ფასების ძირ-დაწევა ყოვლად შეუძლებელია და კონკურენცია კი ცდილობს ეგ არ საქმნელი ჰქმნას. ამიტომაც მოტყუება, ყალბობა, შერევა-არევა ნაწარმოებში მოსდევს ხოლმე კონკურენციას.” (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ნოემბერი).

ან

“კანონი დიდის თავნისა ის არის, რომ პატარა თავნი აღარ გააწაწანოს, შეჰმუსროს ისე, რომ ბაზარში ცილობა, კონკურენცია უარაქათობით ვეღარ გაუწიოს.” (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ნოემბერი). [4]

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ილიას კარგად ესმის კონკურენციის სისტემა და მის მანკიერ მხარესაც ხედავს. იგი ამბობს, რომ გარკვეულ ეტაპზე, მაშინ, როცა ხარისხის უსაშველოდ ზრდა და ფასების შემცირება უკვე შეუძლებელი ხდება კომპანიები/ადამიანები, კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვების მიზნით, იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა – მოტყუება, გაყალბება, პროდუქტის შერევა სხვა დაბალხარისხიან პროდუქტში (და ამ ფორმით გასაღება) და ა.შ. ასევე, იგი მიუთითებს, რომ უფრო ძლიერი კომპანიები მიდრეკილნი არიან უფრო მცირეების/სუსტების ბაზრიდან განდევნისკენ.

შესაბამისად, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ილია კარგად იცნობდა კონკურენციის ბუნებას და კარგად ხედავდა მის მანკიერ ნაწილს, იგი იყო სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტად ჩარევის [სახელწმიფო, სამართლიანი კონკურენციის დაცვის საბაბით იწყებს ჩარევას კონკურენციის რეგულირებაში – აწესებს გამონაკლისებს, სხვადასხვა შეღავათებს ეკონომიკის დარგებისა თუ მცირე კომპანიებისათვის, მიიჩნევს კარტელურ გარიგებებს კონკურენციის დარღვევად, არეგულირებს შერწყმებს და ა.შ. ილია კი, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ფრიტრედერობის, სმითის, ბასტიასა და მსგავსი მსოფლმხედველობის ადამინების მიმდევარი იყო, სახელწმიფოს მხრიდან მსგავს რეგულაციებსა და ჩარევებს ეწინააღმდეგებოდა] წინააღმდეგი. იგი არ ემხრობოდა სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას, რადგან მიიჩნევდა, რომ: თავისუფალ ეკონომიკურ განვითარებას (ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას) ალტერნატივა არ აქვს და ქვეყნის სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზა სწორედ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე გადის.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ, ჩვენი აზრით, კონკურენციის მარეგულირებელი ნორმების შემოტანით და სახელმწიფოს მიერ თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფის  საბაბით/მიზნით, ბაზრის მონიტორინგისა და არბიტრის როლის შეთავსებით, მნიშვნელოვნად დაირღვა თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები. უფრო არაეფექტიანი გახდა კონკურენციის კანონების მოქმედება ბაზარზე/ეკონომიკაში.[6] თუმცა აღნიშნული საკითხი ცალკე კვლევისა და შეფასების საკითხია და სცდება ჩვენი თემის მიზანს.

დასკვნისთვის დავძენთ, რომ კონკურენციას დიდი როლი ენიჭება თავისუფალი ეკონომიკის განვითარებაში. თავისუფალი ეკონომიკის ფორმირებას კი, თავის მხრივ, ალტერნატივა არ აქვს ქვეყნის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების თვალსაზრისით.

ლიტერატურა

  1. სლავა ფეტელავა, „კონკურენციის თეორია და ანტიმონოპოლიური რეგულირება საქართველოში“ – გამომცემლობა „ლოი“, თბილისი, 2007 წელი, 276 გვ.
  2. ილიას პუბლიკაციები – https://www.gdi.ge/ge/publication/ilia-chavchavadze1.page
  3. ზაურ თეთრუაშვილი – „ილია ჭავჭავაძე: “ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია” წიგნი I, გორი 2011წ. 539 გვ.
  4. ზაურ თეთრუაშვილი – „ილია ჭავჭავაძე: “ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია” წიგნი II, გორი 2012-2014 წწ. 683 გვ.
  5. ჟურნალი „ახალი ეკონომისტი“ (საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი) – ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისათვის მიძღვნილი გამოცემა, სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული „ნამდვილი ილია“, თბილისი, 2017 წელი.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/267401/1/Axali_Ekonomisti_2017_N48.pdf 

  • ილია ჭავჭავაძე – „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა”. 1887 წ. 5 ივნისი, ტიფლისი

https://www.gdi.ge/uploads/other/0/864.pdf

  • ლაშა მგელაძე – სადისერტაციო ნაშრომი კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის გზები საქართველოში. შიფრი 0701, 2019 წ.
  • ლაშ მგელაძე – კონკურენციის ევოლუცია და კონკურენციის თანამედროვე პოლიტიკის კრიტიკოსები. ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ბიზნეს ინჟინერინგი“ 20018წ. #3-4

[1] „გახსენებადაც არ ღირს“ – ეს ფრაზა შესაძლებელია მკაცრია და ველურობის განცდას იწვევს, მაგრამ კარგი და ცუდი, ეთიკური და არაეთიკური, კეთილი და ბოროტი ფარდობითი ცნებებია. ამ ცნებების შინაარსობრივი დახვეწა ადამიანური მოდგმის განვითარებასთან ერთად ხდება და მისი დახვეწის წინაპირობა სწორედ კონკურენტული (მათ შორის, დღესდღეობით მიუღებელი კონკურენტული ბრძოლის) ბრძოლის პროცესებია.  მაგალითად, ვინმეს ახსოვს იმ 40-მდე ქართველური ტომის (ჩვენი წინაპარი ტომების) შესახებ, რომელიც ლაზურ, კოლხურ, იბერიულ, ქალდეურ ერთობას ქმნიდა (რომელთა შორის იყო, მაგალითად: იბერიული ტომი „თაბალები“, ქართველური ტომი „კარდუხები“, კოლხური ტომი „მარები“ და ა.შ.); ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველდღიურად შექმნილი მცირე მეწარმეობის სუბიექტებიდან 1 წლის შემდეგ სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს მათი მხოლოდ 50%, 3 წლის შემდგომ – 7-8%, ხოლო 5 წლის შემდეგ კი – არაუმეტეს 3%. აშშ-ში ყოველწლიურად იქმნება 600 ათასამდე ახალი მცირე საწარმო, 400 ათასი კი წყვეტს თავის საქმიანობას. დიდ ბრიტანეთში რეგისტრაციიდან 6 წლის შემდეგ სიცოცხლისუნარიანი რჩება მცირე ფირმათა მხოლოდ 35%, გერმანიაში კი ყოველწლიურად იქმნება 40 ათასი მცირე საწარმო, რომელთაგან ყოველწლიურად კოტრდება 20-25 ათასი (შესაბამისად, ვინმეს ახსოვს ასობით ათასი კომპანია, რომელიც კონკურენციულ ბრძოლას შეეწირა).

[2] საკითხს უფრო არ ვუღრმავდებით და არ განვიხილავთ ადამიანის შექმნამდე არსებულ პერიოდს. თუმცა ვთვლით, რომ კონკურენცია ადამიანის შექმნამდეც არსებობდა, მაგრამ აღნიშნულიი საკითხი ცალკე კვლევის თემაა და სცდება საკითხს.

[3] აქ ოპონენტებმა შეიძლება აღნიშნონ, რომ სწორედ კონკურენციაა სამართლიანი პროცესი. პროცესი, რომლის შედეგადაც ყველა თავისი შრომის, გარჯისა და ყოჩაღობის შედეგად იღებს თავის კუთვნილ სიკეთეს, არის სამართლიანი. ოპონენტების საპირწონედ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ნაშრომში ზემოთ უკვე გავამახვილეთ ყურადღება, სახელმწიფოს (სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის) ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანები გაერთიანდნენ სწორედ იმიტომ, რომ თავიანთი შესაძლებლობების (უპირატესობების) გაერთიანებით შეექმნათ უკეთესი ცხოვრების პირობები (ზოგი უკეთესი ბიზნესმენია, ზოგი უკეთესი მასწავლებელი, ზოგი უკეთესი მეწაღე, ზოგი კი მეომარი და ა.შ.). ერთობით შეექმნათ დოვლათი/სიკეთეები და შემდგომ მეტნაკლებად თანაბრად გადაენაწილებინათ/აეთვისებინათ იგი. შესაბამისად, სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, არ გაწიროს თავისი მოქალაქე (სულ მცირე, შექმნას ყველასთვის თანაბარი სასტარტო პირობები და შიმშილისა და თავშესაფრის პრობლემა მოუგვაროს კონკურენტულ ბრძოლაში დამარცხებულ პირებს). შექმნილი დოვლათის/სიკეთის თანაბრად გადანაწილება კი უკიდურესად ძნელია/არაეფექტიანია. შესაბამისად, ადამიანები იღებენ სიკეთეებს იმ დოზით, რა დოზითაც ამას ახერხებენ (რაც, ჩვენი აზრით, არ არის მთლად სამართლიანი, რადგან ხვალ შეიძლება ბიზნესმენის შექმნილი ქონება სწორედ ღარიბისა და უპოვრის დასაცავი გახდეს.. ქვეყნის სიძლიერეში ყველას თავისი წილი ძალისხმევა შეაქვს და სამართლიანობა მოითხოვს, თანაბრად მიიღოს სიკეთე). სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო ვთვლით, რომ კონკურენცია იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ ეს სამართლიანი პროცესია, არამედ იმიტომ, რომ მის გარეშე განვითარება და პროგრესის მიღწევა ურთულესია (შეიძლება ითქვას, შეუძლებელია).

[4] ევროკავშირის მოდელი ევროპული და ამერიკული მოდელის სინთეზს წარმოადგენს

[5] ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი, თავადი ფონ ბისმარკ-შენჰაუზენი –  გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანიელი იუნკერი.

[6] აღნიშნულ შეხედულებას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები აკადემიურ წრეებში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s