ელიზბარ ელიზბარაშვილი – ნიჰილისტური ცივილიზაციიდან ამ ქვეყნის “უტკბილეს გვირგვინამდე” – სოფიკო კვანტალიანის პოეზიის მეტაფორული სამყარო


Abstract-Oil-Painting

მრუმე, მძიმე, ცივი და ბნელი, ტლანქი, მაგრამ რიტმულად მოძრავი; ყველაფერი დაშლილია ან იშლება ატომებად, ზედაპირის მექანიზმებად: ადამიანები, ცხოვრებისეული მოვლენები, ემოციური პროცესები… “სამყარო ჰიპნოზირებული ბურთია”, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცივილიზაცია _ `ჰალუცინაციური”. ყველაფერი დამთავრებულია. აქ ადგილი აღარ რჩება ღვთიური `ნაპერწკალისთვის”. ავტორის “მე” ფილოსოფიური “დისტანცირებით” უყურებს ამ უმსგავსო სამყაროს და პროზაული სიცივით აგვიწერს მას: “სამყარო დაემსგავსა გამოხრულ ზეროს, სადაც დღემუდამ მოძრაობს ფეკალური მასა. ზოზინით, ზანტად მერე ზმუილით.” ( ვზივართ გამოქვაბულში… გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)_ ეს სოფიკო კვანტალიანის პოეზიის მეტაფორული სამყაროა, არტურ შოპენჰაუერის ყველა შესაძლო სამყაროებს შორის უარესი სამყარო, მაგრამ მსუბუქი, სტილიზებული ენით, ჩამქრალი პათოსით და გაცნობიერებული ინფანტილურობით გადმოცემული. შესაძლებელია კი ღირებულებითად და ესთეტიკურად ამაზრზენი სამყაროს მშვენიერების “ტერმინებით” აღწერა? _ აი, საკითხავი სწორედ ეს არის.“ღამეს ღამურები ჰკიდია იღლიებქვეშ”, “სამყარო დაემსგავსა გამოხრულ ზეროს”, “შეშლილი ადამიანები” და “მგლები”, “ნაწლავებგამოშიგნული, ზოგი რა ჭკვიანია მკვლელობის პროცესში”, “საპოხისა და ბნელი სამყაროს სუნი”, “ყველაფერმა დატოვა მტვერი! სხვა არაფერი”, _ ეს მართლაც უარესი სამყაროა მათ შორის, რაც ოცი წლის გოგონას შეეძლო წარმოედგინა. სწორედ მაშინ დაიწერა პოეტური ციკლი “პარანოიები”, შემდეგ _ “მულტიპლიკაციები”, შემდეგ _ “მუნასიბები”.ნებისმიერი ავტორის შემოქმედების მთლიანობითი და ღრმა აღქმა რომ მოვახ-დინოთ, საჭოროა მისი ტექსტების შინაგან საკომუნიკაციო განზომილებაში გავიდეთ, აღვწეროთ მისი ტექსტების მეტაფორული ლანდშაფტი, გამოვკვეთოთ მეტაფორული სიუჟეტი, როგორც შინაგანი მოქმედების პროცესი, გამოვყოთ ავტორის “მე” და მისი ვირტუალური თავგადასავალი.სოფიკო კვანტალიანის ტექსტების მეტაფორული სამყარო ყველაფრისგან დაცლილი და დაბერებული ცივილიზაციის სამყაროა, რომელიც დაავადებულია, გადაგვარებულია, დეგრადირებულია. აქედან იწყებს ის. “ერთი-ორად გაიზარდა შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი” (ვზივართ გამოქვაბულში…) “ყვითრით მდიდარი, გიგანტური კვერცხივით ჩანდა მთვარე, ავადმყოფურად დასივებული” (პარანოია V გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)ამ დროს კი “ცაში გაისლიპინეს ატლასის ყვავებმა _ მის ნესტოებთან დატოვეს საპოხისა და ბნელი სამყაროს სუნი”… (პარანოია IV გაზ. ალტერნატივა. 1998 #10) “ჩაქრა სამყარო ფანჯარაში” ასეთ სინამდვილეში ადამიანები მუდმივ ურთიერთგაუტანლობაში, მტრობასა და ურთიერთგაუცხოებაში არსებობენ: “ჩვეულებრივ, ქალაქში, სადაც ცხოვრობენ მგლები, იქ ადამიანებიც ცხოვრობენ (!) ნახევრად შეშლილი ადამიანები!…“ (პარანოია V)ადამიანები მგლებად იქცევიან და “ერთი მგელი ეძახის მეორეს: მიიყუდე ვისკი და შესვი!” ( ვზივართ გამოქვაბულში…)იმავე ლექსში კი “მგლებმა ჩამოხსნეს მთვარე და გაიქცნენ!”ადამიანები ხდებიან ნამუსახდილები, გაუკუღმართებულები, ხეიბრები, მკვლელები, რომელთაც არ სწამთ არაფრის. ეს არის ღვთისგან მიტოვებული სამყარო, რომელიც ბნელში აგრძელებს არსებობას, გამოსცემს ხმებს, თუხთუხებს საკუთარ თავში, აქვს რიტმი. რიტმი ყოველთვის შეიძლება დავინახოთ (პარანოია III, IV, V, ვზივართ გამოქვაბულში…) პარანოია I-ში აღწერილია პიროვნული ურთიერთობის დრამატიზმი, რომელსაც ვერაფერი შველის. ლექსის გმირები განწირულები არიან ერთმანეთის დასაკარგავად: მთავარი გმირი და მისი ცოლი – ნამუსახდილი კუნეგონდა. “ერთხელაც გარეთ გამოაგდო ქალი – ნამუსახდილი კუნეგონდა რომელიც ტიროდა. დაიბნა უბნის პოლიციელი, ვერაფერი უშველეს მაინც.” “დილით ერთად შესანსლეს საუზმე და გაიყარნენ.” (გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)პარანოია II-ში გმირისთვის უმნიშვნელოა სამყაროც და მისი ცოლიც, რომელიც მასში ცხოვრობს: “მისთვის უმნიშვნელო იყო სამყაროს ჰიპნოზირებული ბურთი. რომელშიც მისი ცოლი ცხოვრობდა.” (გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)პარანოია III-ში კიდევ ერთი, ამ სამყაროსგან სრულად გადაგვარებული ადამიანი წარმოგვიდგება ჩვენს თვალწინ, რომელიც ბავშვობაში იყო კეთილი. ახლა კი “შორს წავიდა”, ანუ ბოლომდე შეეთავსა იმ სინამდვილეს სადაც ის ცხოვრობს, ბოლომდე დაკარგა რაიმე კეთილშობილური: “ქუჩის ძაღლებისაგან დასახიჩრებული, ვეებერთელა ჩემოდნით მოდის – იღლიაში ქაღალდამოჩრილი, უმსგავსო ქმარი. ახლა ინექციები დასჭირდება უთუოდ და მასზე გაილესავს კბილებს მთელი თერაპია.” (გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)ამგვარ სამყაროში ადამიანები მუდამ ებრძვიან ერთმანეთს, კლავენ ერთმანეთს, ეს ცივილიზაცია მუდმივი ომის მდგომარეობაა: “გარეთ გავარდა და ნახა – ხიდიდან როგორ ამოჰქონდათ გვამი, წყლის ფსკერიდან – ნაწლავებგამოშიგნული…. ზოგი რა ჭკვიანია მკვლელობის პროცესში….” (პარანოია IV) “საბეჭდი მანქანები ბეჭდავენ: თუ როგორ იგერიებენ გოლიათები-გოლიათებს,…. იუწყებიან ქაღალდები: რომ ომი დაიწვა! ჭისთვალება მეცნიერები იკვლევენ წვის შედეგებს….” (ბავშვი _ დამნაშავეთა სამყაროდან გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)ამ ბნელ სამყაროში ებრძვიან მზეს, სინათლეს და სინათლის ყოველ წყაროს, რომელიც იმედის, სიკეთის და ბედნიერების მეტაფორაა. პარანოია IV-ში ატლასის ყვავებმა მზე ჩაქოლეს და სხვა ლექსში კი მგლები მთვარეს ჩამოხსნიან.ადამიანების ეს გამგელების, ანუ გაარაადამიანურების პროცესი ბავშვობიდანვე იწყება: პარანოია III-ში ბავშვები დარბიან და ერთობიან ნაწლავებგადმოყრილი მტრედით, ლექსში “ბავშვი _ დამნაშავეთა სამყაროდან” კი ვხედავთ, რომ ადამიანების აღზრდა-მომზადება ამ ცივილიზაციისათვის და ამავე დროს მათი სულების გადარჩენა ურთიერთშეუთავსებელია. ბავშვები თავიდანვე ერთვებიან ურთიერთსიძულვილის და ომის დამოკიდებულებაში, მათ “სათამაშოები” ვეღარ შველით. ადამიანები შეიშლებიან, მაგრამ ავტორის პოზიციით შეშლილობა კიდევ უკეთესი გამოსავალია, რადგან ისინი ამ დროს ნახევარადამიანებად მაინც რჩებიან. “ბავშვი, რომელმაც შარშან დაარბია მთელი საბავშვო ბაღი – წელს შეიშალა! მომავალ წელს ალბათ მოკვდება!” “ბავშვები ბოლოს უღებენ ერთმანეთს, ბავშვებს ომი სწყურიათ. და ომობენ საკუთარ თავთანაც! ბავშვები სხვებზე მეტად განიცდიან არასრულყოფილებას.” (ბავშვი _ დამნაშავეთა სამყაროდან)სოფიკო კვანტალიანის მეტაფორული სამყაროს “ადგილია” მრუმე, “ნათურებგადაყლაპული” ქალაქი, სადაც დაძრწიან მგლები, ასევე დაქრიან სავაჭრო ავტომობილები წარწერით – “კაკამბო”. ამ ქალაქში ყველა და ყველაფერი ემალება მზეს, მზე არც არსებობს. ამგვარ სამყაროში სინაზე, მშვენიერება, პოეზია პროფანირებულია. პოეტები – ცივილიზაციაში გაშარჟებულნი – “მომღერალ პოეტებზე ჩვეულებრივი შარჟები.” (ჩემი სახლია… გაზ. ალტერნატივა. 1998 #10)პოეტები აღარ არიან მამულის მკერდის წიაღში დავანებულნი, არამედ “ისინი ჩამოცვივდნენ მამულის მკერდიდან – ტრამვაის ხაზზე”. ( საკუთარი ქალაქის… გაზ. ალტერნატივა. 1998 #10) პოეტის მეტაფორა აღარაა ზეცაში მფრინავი არსება, არამედ იგი ქვაა ლიანდაგზე დაგდებული. თანამედროვე ცივილიზაციის ატმოსფერო კულტურისგან და სულიერებისგან დაცლილია – “პლასტმასის ხიდი”, “ცხოვრება კონსერვის ქილაში”, ქალაქი-ქარხანა, სადაც მზე შემთხვევით ამოდის _ “ქალაქში კულტურის გაუვალობაა (საჭიროა გორგაცია თუ კათარსისი?!)” (ჩვენს წინ…. გაზ. ალტერნატივა 2000#8) თუკი “სამყარო დაემსგავსა გამოხრულ ზეროს, სადაც დღემუდამ მოძრაობს ფეკალური მასა”, ცივილიზაცია “მსოფლიო კანალიზაციაზე ვრცელი რეპორტაჟებია” (ჩემი სახლია…). ამ ბნელი სამყაროს მოციქული ფრინველი კი ღამურაა. ცივილიზაციის ადამიანები ღამის შვილები არიან. ამიტომ წერს ავტორი: “ღამეს ღამურები ჰკიდია იღლიებქვეშ” (პარანოია I). ყველა ადამიანის სულში, ვინც ამ სამყაროს “შვილია”, ღამურა ცოცხლობს, ღამურა მოქმედებს.ეს არის ნიჰილიზმის სამყაროს სულიერი კლიმატი, რომელსაც ფრიდრიხ ნიცშე აღწერდა თავისი გულმოდგინე დეტალურობით. პარანოია II-ში პრეისტორიული ადამიანების მითიური ყოფა ზღაპრებადაა გამოცხადებული. ყველაფერი ზღაპარია, რაც ისტორიულად აქამდე ადამიანებს ასულდგმულებდათ: რომანტიზმი, ადამიანური გრძნობები, სულიერი ნაპერწკალი, რწმენა… ყველაფერი დაშლილია “სიტყვებზე” და “ქრომოსომებზე”. ამიტომ მიდიან ლექსის გმირები ქალაქში სახელად “ჭრელი ძროხა”, ქალაქში სადაც ნიცშეს ზარატუსტრა მივიდა. ეს დაშლა, სულიერი პროცესების თუ ღირებულებების, ცალკეულ ატომებად და შემადგენელ ქიმიურ ელემენტებად ფ. ნიცშეს ცნობილი მეთოდია. ამ ცივილიზაციაში ყველაფერი დაიყვანება ტექსტებზე-სიტყვებზე და გენურ ინჟინერიაზე, ქრომოსომებზე. ისეთი სულიერი მოვლენაც კი, როგორიც შინ დაბრუნებული ადამიანის ღრმად ამოხვნეშაა პარანოია III-ში დაშლილია სკრუპულოზურ დეტალებად, ფიზიოლოგიურ ფაზებად – ემოციების ქიმიაზეა დაყვანილი – არავითარი განსაკუთრებული, არავითარი სულიერი, უბრალოდ მექანიკური პროცესი: “ძველი ჰაერი გამოდენა ოთახიდან – პნევმოთერაქსიანი ფილტვი დაიცალა და ჰაერით ისევ გაივსო. რიტმულად, რიტმულად.”მულტიპლიკაციებში კი ისეთი შემზარავი სცენა, როგორიც შენი პატარასათვის აგრესიული ფრინველის მიერ თვალების ამოკორტნაა, ფიზიოლოგიურ და მექანიკურ პროცესად არის აღწერილი და დაშლილი: “წკაპ, წკაპ! ყურძნის ნაყოფებივით ჩასლიპინდება მათ ცერბერულ ჩიჩახვებში გულუბრყვილო შენი პატარის ცილოვანი სხეულაკები.” ( არ დაგრჩეს ბავშვი … გაზ. ალტერნატივა 2000 #8)ხოლო მეორე ლექსში მორწმუნის სულის ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური “ქიმიაა” აღწერილი ნამდვილ ნიცშეანურ სტილში: “შენს წინ გაიელვებს მორიგი მორწმუნე (ინფანტილური სასქესო ორგანოთი) პატივი ეცი მას, თუნდაც იმიტომ, რომ ოდესღაც ცნობილი სილუეტგრაფი იყო, ან თავგამოდებული ექსტრემისტი…” (ბევრი იმოგზაურა… გაზ. ალტერნატივა. 2000 #8)სამყაროს დაშლის და ქიმიური გაშიშვლების მეტაფორა კი, ლექსში პარანოია III, `ნაწლავებგამოშიგნული მტრედია~, რომელიც პატარა ბიჭებს ხელში უჭირავთ ჯოხზე წამოცმული. ისინი ჩაიქროლებენ ჩვენს წინ.ამას ემატება პარანოია IV-ში ნიცშეანურ-ფილოსოფიური პათოსი _ ავტორის მიერ მურაბისა და ნაწლავებგამოშიგნული გვამის ერთ აღწერით სიბრტყეში დაყენება _ არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი სულიერი, ყველაფერი გვერდიგვერდ.ამიტომაც “ყველაფერმა დატოვა მტვერი! (სხვა არაფერი)” (საბეჭდი მანქანები… გაზ. ალტერნატივა. 1998 #10), ამიტომაც “ვკარგავთ ღმერთებს” (ვზივართ გამოქვაბულში…), ამიტომაც ბავშვები მიისწრაფვიან “ღმერთკაცობისაკენ” (ბავშვი დამნაშავეთა სამყაროდან) _ ზეკაცისაკენ, რომელიც ღმერთის ადგილს იკავებს._ და “რასა ჰგავს ეს?!” _ აღმოხდება ბოლოს ავტორს (ვზივართ გამოქვაბულში…). იგი ზურგს აქცევს ამგვარ ცივილიზაციას. ფრაზა ინფანტილურია, მაგრამ აქედან იწყება სოფიკო კვანტალიანის ტექსტების მეტაფორული სიუჟეტის შემობრუნების წერტილი. ავტორის “მე” უარს ამბობს ამგვარ სამყაროზე და მიდის გამოქვაბულში, შინაგანში, საკუთარ შინაგან სამყაროში საძიებლად: ყოფიერების სწორი ფორმის დასადგენად. ჩვენი “მითის” შემდგომი განვითარება ასეთია: “ვზივართ გამოქვაბულში _ მე და დიდყურა მთვარე: ვუსმენთ “ათას ერთი ღამიდან” ზღაპარს და ამ დროს ჩემს ყურთან წაიმღერებს ბულბული ერთ-ერთ ტაქტს გერშვინიდან.”გამოქვაბულში არის ვნებიანი (“ათას ერთი ღამიდან” ზღაპარი), ესთეტიური (“ბულბული”, “გერშვინი”), და ინფანტილური სამყარო (“დიდყურა მთვარე”). ავტორის “მე” შინაგანში შებრუნებით ეძიებს სამყაროსთან დამოკიდებულების ახალ გზას. ერთადერთი ადგილი სადაც თავს დააღწევს სამყაროს საშინელებას, ეს საკუთარი შინაგანი სამყაროა _ “გამოქვაბული”, სადაც შეიძლება შეინარჩუნო სიკეთე, სილამაზე. ამ “ფეკალური მასისგან”, სულიერად დაცლილი სამყაროსაგან, უნდა “განიწმინდო” საკუთარ თავში ჩაღრმავებით და გარემოსგან სულიერი გამოყოფით. ავტორი უარყოფს ნიჰილიზმის ფილოსოფიას, ადამიანის სულის გარდაქმნის სამ საფეხურს – აქლემი, ლომი და ბავშვი-ზეკაცი და გვთავაზობს სულიერი ტრანსფორმაციის თავის მეტაფორებს _ ღამურა-ბულბული-მერცხალი. ღამურა _ ცივილიზაციის ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ბულბული _ განწმენდის ეტაპი სულში და მერცხალი _ მზისკენ მოფრენალი სული, რომელიც აღწევს ბედნიერებას. “ვზივართ გამოქვაბულში _ ჩვენს მიღმა ლურჯი ტყეა და ლიზოლიანი აბაზანა _ განიწმინდები უსათუოდ…. მღერის ბულბული”.ბულბული, როგორც მუსიკის სიმბოლო განწმენდის გზა-საშუალებაა. მუსიკა განმწმენდელია თავისი კათარზისული უნარით. ავტორის “მე” უნდა განიწმინდოს სამყაროს ამაზრზენობისგან. ავტორის “მე” თვლის, რომ ის დაბინძურებულია არა ცოდვის გამო, არამედ იმის გამო, რომ ამ სამყაროში უბრალოდ არსებობს. განწმენდას კი წინ უძღვის მონანიება. ეს მართლაც აბსურდული მონანიებაა, რადგანაც არ არსებობს დანაშაული, მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ ამ ცივილიზაციაში მოუხდა სიცოცხლე. “ახლა, ქლოროფორმით დავიზელ გონებას და მივიწყებულთა სიასთან ჩავიჩოქებ. ზურგზე მაწევს ჩემი ცოდვა და ისევ მშია. რამეთუ მონანიებას აქვს ფასი.” ( ჭის სიღრმეში… გაზ. ალტერნატივა. 1998 #10) საკუთარ სულიერ გამოქვაბულში ჩაშინაგანება, მონანიება და განწმენდა გარეგნულ ქმედებაში ამ ცივილიზაციისაგან გაქცევას წარმოადგენს. ადამიანები – სულით ტურისტები _ მოსდევენ ავტორს და არ ანებებენ მას თავს, ჩხრეკენ მის სულს: “ და მე გავრბივარ…. მე მეწევიან ტურისტები მინის კოლბებით და ათასგვარი საჩხრეკებით, მწიფე ქოლგებით. პენსიონერთა პანსიონთან ტელეპერსონაჟები. მომღერალ პოეტებზე ჩვეულებრივი შარჟები…. საყოფაცხოვრებო სექციები მხარს გიჭერს რომ გაექცე ცივილიზაციას….” ( ჩემი სახლია…)მაგრამ სად? მთავარია არა რისგან, არამედ სად გავრბივართ საბოლოო ჯამში. სოფიკო კვანტალიანის პოეზიაში ეს საკუთარი-ალტერნატიული სამყაროს გახსნა-გამოვლენაა, სადაც სული-ბულბული, სულ-მერცხლად გადაიქცევა, სადაც მივაღწევთ მზეს და სხვა სამყაროს, სადაც ადამიანი შეძლებს აღარ გაუცხოვდეს გარემოსგან და იყოს ბედნიერი. ასეთი სამყარო, ავტორის “მე”-ს აზრით, არსებობს პოტენციურად, ჩვენს შესაძლებლობაში, საჭიროა მხოლოდ მისი გახსნა-გამოვლენა, შემდეგ შესვლა მასში. და აჰა _ “ჰოპ! დაიჭირე ოქროს გასაღები _ შენთვის ღიაა დიდი კარები!” ( ჩემი სახლია…)ავტორის “მე” ხვდება რომ სამყაროში მისი პიროვნული შესძლებლობები ჯერ კიდევ სრულად არაა გამოვლენილი. გამოქვაბულში ჯდომისას და “ათას ერთი ღამიდან” ზღაპრის სმენისას იგი მიხვდება, რომ ეს “ოქროს გასაღები” არის მისი ქალური ბუნება და ამ ბუნების რეალიზაცია, რომელსაც ძალა შესწევს შექმნას ახალი სამყარო _ გახსნას კარები ახალ სინამდვილეში. “შენ აწყობ აქციას: ყველაზე ლამაზი ქალი!” ( ჩემი სახლია…)გაქცევის მიმართულება არის “ოქროს გასაღები” და “დიდი კარები”, რომელიც ღიაა. “ოქროს გასაღები” არის ავტორის საკუთრება – მისი ქალური საწყისი. ავტორის “მე” განწმენდის შემდეგ ამ ამაზრზენ სამყაროს გაურბის საკუთარი ქალურობის დამკვიდრებაში, რათა გაჩნდეს გულში “მერცხალი”, რომელიც მიიღწევა მეორე ადამიანთან ფსიქო-ფიზიკურ შერწყმაში, ეროტიკაში. საკუთარი ქალურობის რეალიზაცია არის გზა, რომელიც პიროვნებას გარდაქმნის და თითქოს ახლიდან დაბადებს მას არსებობისათვის. ამ სამყაროდან გაქცევა-გათავისუფლება და სხვა სამყაროში გადასვლა, რომელიც საკუთარი ქალური საწყისის განხორციელებაა, არის დაბადება სხვა ადამიანისათვის: “მე თევზის ქალაში დავსახლდები: ის პირს გააღებს და მხოლოდ მაშინ მშობს მე, სწორედ ისეთს, როგორც გინდა შენ!” ( სიზმრის მანიფესტი გაზ. ალტერნატივა. 1998 #10))ეს _ სიცოცხლისათვის ახალი დაბადება _ საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე პროცესია და ამიტომ ახლავს შიში, რომ ვერ შეძლო ეს, ან ოცნებებში ჩარჩე: “ხანგრძლივი შიში (!). შობამდე დიდი დრო დარჩა, ვაი, თუ ვეღარ დავიბადო და შემრჩეს ყელში გაჩრა! ჩემი სიზმრების საბენეფისოდ!” ( სიზმრის მანიფესტი)ასე მთავრდება “პარანოიები”, რომელიც სწორედ ასე იმიტომ იწოდება, რომ გაქცევის პარადიგმაა გამოხატული. “მულტიპლიკაციები” კი წინ დაბადების, განწმენდის და ქალად გახდომის მზაობის თემატიკას წამოსწევს. დაბადებას ტკივილი ახლავს თან. იგი გულის გახსნაა მეორე ადამიანისათვის. ქალად დაბადება არის სიყვარულში გახსნა. ღამურიდან მერცხლად გადაქცევა: “ მე ვტირი, რადგან ჩემში გულია, რომელიც უნდა გაიხსნას, ჩემში მერცხალია შავი….” (მულტიპლიკაცია II გაზ. ალტერნატივა.1999-2000 #26)ჯერ დედის სხეულში ყოფნა, შემდეგ ძუძუზე, შემდეგ მისი გაქრობაც: “ მე ვიმალები დედის სხეულში.” “ პირში მიდევს ყინულის ძუძუ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ის აუცილებლად გაქრება.” ( მულტიპლიკაცია II).აქ ხდება პირველი სიყვარულის გახსენებაც: “ვუყვები _ ჯერ კიდევ შვიდი წლისას როგორ შემიყვარდა პატარა ბიჭი.”მულტიპლიკაცია V-ში იგივე თემატიკა გრძელდება: “ მე დავიბადე ჩემი მშობლების ეფემერული თამაშის დროს” “ მე ქალაჩიტა ვარ; გაკვირვებული ფრინველი.” (გაზ. ალტერნატივა.2000 #8)მულტიპლიკაცია VI-ში ასევე გაშლილია განწმენდის თემა, მზადება დაბადებისათვის _ გულის გახსნისათვის, გაფრენისვის: “ ჰე, იესო ახლა უნდა ვიმღერო მისთვის _ ვისი გულიც გაიხსნა.” (გაზ. ალტერნატივა.2000 #8)ამიტომაც მულტიპლიკაცია I-ში სოფიკოს მეტაფორული სამყაროს ტრანსფორმაცია იწყება _ პირველად შემოდის მასში მზე და მერცხალი, ღამურა კი ქრება: “ ერთხელ, წვიმაში გალუმპული ღამურა შემოვიყვანე, გასაშრობად დავკიდე ყიყლიყო ქუდის გვერდით, როცა ბაღიდან დავბრუნდი, ვნახე _ იატაკზე პრიალა შავი ლაქა.” (გაზ. ალტერნატივა.1999-2000 #26)მულტიპლიკაცია X-ში გრძელდება მონანიების, განწმენდის და მიწიერი სიმძიმისგან განთავისუფლების თემა: “ კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, ქოთნიდან ამოყრილი ყვავილთა ღეროების მსგავსად ეყარნენ ისინი გზაზე _ ჰე გრძნეულო კატერლიზხენ შენ გაასუფთავე ისინი მიწისაგან.” ( გაზ. ალტერნატივა. 2001 #5)ბოლო მულტიპლიკაციაში კი პირველად შემოდის ეროტიკული ელფერი და საკუთარი ქალურობისათვის ხაზის გასმა: “ განგებ დავიხარე ჰერცოგის წინაშე, მკერდი რომ გამომჩენოდა…” ( გაზ. ალტერნატივა. 2001 #5)პირველად შემოდის ხედვის ჰორიზონტზე კონკრეტული მამაკაცი, როგორც მიზიდულობის საგანი: “ ჰე მხიარულებო, თუ იცით რომ ჰერ ჰერცოგ შნიურბეინი ის კაცი იყო, ვინც პირველად ჩამიკრა თვალი!”პირველად შემოდის სიკეკლუცე _ “მერე გავკოხტავდი და გავიღიმე.”პირველად შემოდის უშუალო შეხება მზესთან, როგორც ახალ სამყაროსთან, ახალ ენერგიასთან: “ ტერფები ამეწვა რატომღაც, ძირს დავიხედე _ მზეებისთვის დამიდგამს ფეხი ხალიჩაზე!”და დაბადება _ ლექსი “უზუნდარა”: “ როგორ შევებრძოლოთ ნაკადულებს ჩემსკენ რომ მოედინებიან?? სხვანაირი გაღვიძება მქონდა დღეს ცეკვასავით _ მთელი ღამე კაცთან მძინებია თითქოს, არადა ზრდასრული მზესუმზირა იწვა ჩემს გვერდით! მერამდენედ მივიღე ყვავილი როგორც კაცი და დავწექი მასთან! შაქრისაგან გაცისკროვნებული ვწევარ და მთლად ვკაშკაშებ, ჰე, მომაძრეთ გამსკდარი ფატას აპკი და ამომიყარეთ თავიდან საპატარძლო თეთრი ვარდები.” ( ჟურნ. ჩვენი მწერლობა 2010 #17)ნაკადულები ვნებაა, რომელსაც ვეღარ აჩერებს ავტორის “მე”. ხდება ქალური საწყისის განხორციელება სხვა ადამიანთან ფსიქო-ფიზიკურ შერწყმაში, სექსუალურ ტკბობაში, სიყვარულში. სწორედ აქ ახდენს ავტორის “მე” საკუთარი ქალური ბუნების დამკვიდრებას და მეორე ადამიანისათვის, მამაკაცისათვის “დაბადებას”. აქ იკვეთება გულში “მერცხალი”. ამ ლექსიდან მზე და მზის ენერგია მთლიანად შემოდის ავტორის “მე”-ში, სწორედ სასიყვარულო ტკბობის ობიექტიდან. ავტორის “მე” უკვე თავადაც არის მზის ენერგიის მატარებელი, ამიტომაც წერს _ “მზეს ტყუპისცალი გავუჩინო.”. ტექსტში “შიბუ” კი მზის სხივი პირდაპირ ეროტიკულ სიმბოლოდ იქცევა _ “მზის სხივი იყო, ჩემში რომ შემოსრიალდა და გამაღვიძა.”ამით ავტორის “მე” გაექცა ნიჰილისტურ სამყაროს, ბნელ ცივილიზაციას და შექმნა სიყვარულის, ტკბობისა და ეროტიკის სამყარო საკუთარი ბუნების რეალიზაციით. თუკი “მუნასიბებს” ეროტიკა გვინდა დავარქვათ, მას რეაქტიული ეროტიკა უნდა ვუწოდოთ, რადგანაც მისი საწყისი ბიძგი, მამოძრავებელი მოტივი და ენერგიეს წყარო გადაგვარებული, ამაზრზენი ცივილიზაციიდან გაქცევაა. “სიტკბოს მუნასიბშიც” გრძელდება ორი ადამიანის სიყვარულით ტკბობის და ამ ურთიერთობაში ავტონომიურ სამყაროდ ჩამოყალიბების თემა, რომელიც ჰედონისტური ფილოსოფიის აღიარებამდე მიდის: “ ასე ვტკბებოდით ფენა-ფენა, შაქრის სიროფში თიმთიმებდა ჩემი ძვალ-ხორცი, ერბოთინაზელ ტკბილ ქადის ცომში მეწყო სიზმრები. ვიყავით მშვიდად მტკბარნი “ ერთ ხორც და ერთ სულ” მსუქანი მუცლებით შეზრდილ ტყუპ ქლიავივით…” “ აღმოვაჩინე საიდუმლო მურაბადქცევის! სიტკბოთი უკვდავებაში გადასვლის.” ( ჟურნ. ჩვენი მწერლობა 2010 #17)“იისფერ მუნასიბში” ასევე პოეტური ენით გვაქვს აღწერილი სასიყვარულო შერწყმის ფიზიოლოგიური დეტალები: “ კენკროვანი ტკაცუნით სკდება სიქალწულე რიშქალასი და ისე ნაზად იხსნება მისი გული, თითქოს ღვთაებრივად მწიფე ბროწეული უსისხლოდ გაგეხლიჩოს…” ( ჟურნ. ჩვენი მწერლობა 2010 #17)ტესტში _ “ქურდი” ასევე სექსუალური თემატიკაა გათამაშებული. მაგრამ რითი განსხვავდება რეაქტიული ეროტიკა უშუალო, “პირველადი” ეროტიკისაგან? რეაქტიული ეროტიკას ფესვები სხვაგანა აქვს გადგმული, იგი არ არის პირველადი მოვლენა, არამედ _ მეორადია, იგი რეაქციაა უმსგავსო სამყაროზე, იგი მთელ ენერგიას საზიზღარი ცივილიზაციიდან გაქცევაში იღებს. იგი “ყველა შესაძლო სამყაროებს შორის უარესი სამყაროდან” გასვლის გზა-საშუალებაა. ამიტომაც ასეთი ეროტიკა, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში, ძალზე მძაფრია, ინტენსიურია გადმოცემაში და ბუნებით ჰედონისტური _ ტკბობას უმაღლეს ღირებულებად აღიარებს.მაგრამ ქალური ბუნების სრულყოფილი რეალიზაცია შეუძლებელია მხოლოდ სასიყვარულო ტკბობაში, უფრო მეტიც _ ავტორის “მე”-ს ვნებაც საბოლოოდ ნელდება და ქრება. ბოლო მუნასიბში _ “სიყვარულის მუნასიბი” _ ჩვენ ვკითხულობთ: “ ჩემი სიყვარული კი აიფშრუკა, ვნება გაიწოვა და აღარ მიღიტინებს” ( ჟურნ. ჩვენი მწერლობა 2010 #17)რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ ნიჰილიზმის დამარცხება ჰედონიზმით შეუძლებელია. სიყვარული არ დაიყვანება ტკბობაზე და ტკბობა კი ვერასოდეს დაამკვიდრებს სამყაროში ახალ ღირებულებას. მიზანი ქალურ საწყისში დაფუძნება, ამ საწყისში რეალიზაცია და მისით ამ სამყაროს ალტერნატივის შექმნა იყო. ავტორის “მე” კი ბოლომდე ვერ განიწმინდა ნიჰილისტური ცივილიზაციის “დაბინძურებისაგან”, რომ ამის განხორციელება სრულად შეძლებოდა. იგი ვერ გათავისუფლდა ემოციათა “ქიმიისაგან”, რომელიც ყველაფერს შლის ფიზიკალისტურ ატომებად, ყველაფერი დაჰყავს ფიზიოლოგიურ მექანიზმებზე. ამან განაპირობა რომ “მუნასიბებში” სიყვარულიც დაიშალა ასეთ ფიზიოლოგიურ ატომებად და დაყვანილი იქნა ტკბობაზე, შემდეგ მოხდა სექსუალური შერწყმის შეგრძნების ესთეტიზება და პოეტიზება, მაგრამ სიყვარულმა ვერ შეიძინა ექსისტენციალური განზომილება _ მიმართება “შენ”-თან და ამ მიმართებაში მარადიულის წვდომა _ მივიღეთ ჰედონიზმი. არც ერთ მუნასიბში ( “უზუნდარას” ჩათვლით), არ ჩანს მიმართება მეორე პიროვნებასთან, არც საკუთარი პიროვნება ჩანს, არ ჩანს მეორე ადამიანის “გულის ძგერა”, მისი “სულის მოძრაობა” და მისკენ ლტოლვა, მოკლედ, ამ სიტკბოების მორევში არ ჩანს სიყვარულის აღმაფრენა _ მთვარის შუქით გაცისკროვნება ან ვარსკვლავებით მოჭედილი ცით მოჯადოება _ არავითარი რომანტიზმი, არავითარი მისტიკა _ პროცესში მხოლოდ საკუთარ სხეულზე და საკუთარ სიამოვნებაზე კონცენტრირება. ამიტომ _ “სიყვარულის მუნასიბი” ( ჯერჯერობით ბოლო ლექსი, რაც სოფიკო კვანტალიანმა გამოაქვეყნა), სადაც ქალური ბუნების განხორციელების სხვა გზა არის არჩეული, ვიდრე მამაკაცისადმი სიყვარულია, რომელიც ავტორის “მე”-ს ხელში შემოეცალა, დაეშალა, “გაიწოვა”, ეს გზა ახალი ადამიანის გაჩენაა ამ ქვეყნად და მასთან ერთად დედა-შვილის სულიერ-ინსტინქტურ ავტონომიურ სამყაროში გაერთიანება, რომელიც წარმატებით ახდენს ნიჰილიზმის გადალახვას, დაცემული ცივილიზაციისაგან დამოუკიდებელი ღირებულებითი სამყაროს შექმნა-დადგენას. დედაში ხდება ქალური ბუნების სრულყოფილი განხორციელება და მისვლა ღვთაებრივ შეგრძნებამდე. ავტორის “მე”-მ მიაგნო ბოროტების ცივილიზაციიდან განდგომის ნამდვილ გზას _ არა ეროტიკა – სხვა ადამიანთან ფსიქო-ფიზიკური შერწყმა, არამედ დედობა – მეორე ადამიანის მოვლინება ამ ქვეყანად. აქ ავტორი მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ემოციათა ფიზიკალისტური “ქიმიისაგან”, რომელიც ხელს უშლიდა მუდამ ნამდვილის დადგენაში, ღირებულებითი საყრდენის პოვნაში. უნებურად გვახსენდება ფ.ნიცშეს ფრაზა ქალური ბუნების შესახებ _ “ქალისათვის მამაკაცი მუდამ საშუალებაა, მიზანი მარად ბავშვი.” “ მეკვირტებოდა შიგნით რაღაც, მხიარული, ანგელოზური და სქელი სიზმრიდან გამოვედი ხელვარდიანი _ ჩვილ ლაზარეთი! ამ პატარა, მარწყვისგულა შვილის გამო უეცრად გადავიხარე იის სინორჩისკენ და არა სიკეკლუცის მიზნით, არამედ რაღაც ღვთაებრივი შეგრძნების გამო, ხელით მოვისინჯე ორი, ზომიერად მოზრდილი ძუძუ! ( ჟურნ. ჩვენი მწერლობა 2010 #17)აქ მთავრდება სოფიკო კვანტალიანის პოეზიის მეტაფორული სამყაროს ხანგრძლივი ტრანსფორმირება. ეს არის ძიების გზა, რომელიც აღსავსეა შინაგანი ძლიერი ფილოსოფიური ინტენციით. დაბერებული, ნიჰილისტური ცივილიზაციიდან გარდაქმნების გზით ჩვენ მივედით დედა-შვილის ავტონომიურ, მშვენიერ სამყარომდე, რომელიც თავად არის სიცოცხლე და თავად არის ღირებულება. გაუცხოებიდან რეაქტიული ეროტიზმის და სიკეკლუცის გავლით _ ნაყოფიერების ხორცხშესხმამდე. ქალური საწყისი სრულად ორსულობაში და ახალი სიცოცხლის წარმოქმნაში რეალიზდება, სწორედ ამ გზით შეიძლება შეიქმნეს “ყველა შესაძლო სამყაროებს შორის უკეთესი სამყარო” _ “უტკბილესი გვირგვინი ამქვეყნად”, როგორც ამას წერს ავტორი ტექსტში “დედუნა”.მხოლოდ ამ გზით გადავდივართ პირდაპირი გზით ჩვენ უკვდავებაში.მხოლოდ ამ გზით გადაიქცევა ადამიანის სული მერცხლად _ მზისკენ მოფრენალ არსებად.მრუმე, მძიმე, ცივი და ბნელი, ტლანქი, მაგრამ რიტმულად მოძრავი სამყარო _ ახლა “დავიწყებულია”.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s