კონსტანტინე ბრეგაძე – კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მარჯვენას” ისტორიულობისათვის


67270891_787269698336565_732469881642942464_n

ქართულ ლიტმცოდნეობაში, ქართული ლიტერატურის ისტორიასა და ქართველ მკითხველ საზოგადოებაში დიდი ხანია დამკვიდრებულია აზრი, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” (1939) “ისტორიული რომანია”, მაშინ როცა თავად ავტორი ამ რომანს ქვესათაურში “რაინდულ რომანს” უწოდებს (რაინდის/რაინდობის კონცეპტზე იხ. ქვემოთ).

აქ ორიოდ სიტყვით უნდა შევჩერდე თავად ფორმულირებაზე “ისტორიული რომანი”. საერთოდ, რომანის “ისტორიულობა” სპეციფიური რამაა და საბოლოო ჯამში მის ისტორიულობას  მასალა, ე. ი. კონკრეტული ისტორიული მოვლენა თუ ისტორიული ეპოქა და მისი მხატვრულ-ლიტერატურული ასახვა კი არ განსაზაღვრავს, არამედ შექმნის დრო და კონცეფცია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ე. წ. “ისტორიულ რომანში” ისტორიულობა ხშირად მხოლოდ ისტორიული ფონია, ისტორიული ქარგაა, რომლის ტექსტურაშიც რაიმე აქტუალური პოლიტიკური, ეგზისტენციალური, ეთიკური, ესთეტიკური და აქსიოლოგიური პრობლემატიკის კრიტიკა და რეცეფციაა ჩაქსოვილი. ამიტომ, ე. წ. “ისტორიული რომანის” ისტორიულობა  ხშირად  იგავური  ფუნქციის  მატარებელი  მხატვრული  ხერხია.

სწორედ ეს გარემობაა გასათვალისწინებელი, როდესაც ვსაუბრობთ, ერთი მხრივ, მე-19 საუკუნეში შექმნილ და, მეორე მხრივ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარსა და ამავე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილ ისტორიულ რომანებზე. იმის გათვალისწინებით, რომ მე-19 საუკუნეში ისტორიული რომანი ე. წ. ისტორიზმის ფარგლებში ჩაეწერება, სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რომანის ისტორიულობაზე საუბარი, როდესაც რომანში ასახული წარსული ისტორიული მოვლენები საკუთრივ ისტორიული მოვლენებია, რომელთა მიღმა არანაირი “მწვალებლური” მეტაფორულ-იგავური ჩანაფიქრი არ იმალება. ამ ისტორიზმის გამო მე-19 საუკუნის ისტორიული რომანების დისკურსი,  –  როდესაც ავტორი იხსენებს საკუთარი ქვეყნის დიად წარსულს, აიდეალებს მას და საკუთარი მიზანდასახულობისა და ჩანაფიქრის გათვალისწინებით ხშირად გამოიგონებს კიდეც მას, – ემსახურება ეროვნული თვითშეგნების ამაღლების, ეროვნული თვითიდენტობის დაფუძნების, ეროვნული სიამაყის გრძნობის გაღვივებისა და ერის კონსოლიდაციის  ამოცანებს  (მაგ.,  უოლტერ  სკოტის  ისტორიული  რომანები).

66820335_890239547988848_8008367836546203648_n

მაგრამ, როცა ვსაუბრობთ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიულ რომანზე, მასში ისტორიულობა იმთავითვე მოექცევა რაიმე ტოტალიტარული პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაკვეთის (მაგ., ალექსეი ტოლსტოის “პეტრე პირველი”), ან მოდერნის ეპოქის პოლიტიკური, ეგზისტენციალური და  ესთეტიკური პრობლემატიკის იგავური ასახვის ფარგლებში (მაგ., ლიონ ფოიხტვანგერის “ცრუ-ნერონი” და ჰერმან ბროხის “ვირგილიუსის სიკვდილი”) და აქ მე-19 საუკუნის ტიპის ე. წ. ისტორიზმი (ანუ, წარსული ისტორიის რომელიმე ეპოქის იდეალიზებული და ნოსტალგიური ასახვა) იმთავითვე უკუგდებულია. შესაბამისად, ამ პერიოდის რომანებში ისტორიული მასალა ავტორისათვის  საშუალებაა და არა მიზანი.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოსტმოდერნისტული “ისტორიული რომანები” კი ან ანტიისტორიზმს ავითარებენ (ანტიჰეგელიანური დისკურსი) ან ოფიციალური იდეოლოგიის მიერ „დადგენილ“ და „შეუვალ“ ისტორიულ „ჭეშმარიტებას ანეიტრალებენ და “დეკონსტრუირებენ” (მაგ., ჰელმუტ კრაუსერის “მელოდიები”); ან ისტორიული მასალა სულაც წმინდად ონტოტექსტუალური არტისტული თამაშია და მეტი არაფერი (მაგ., უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი”). ამ დეკონსტრუქტივისტულ თამაშში კი ხშირად მოცემულია ოფიციალური ისტორიოგრაფიისაგან სრულიად განსხვავებული ალტერნატიული “ისტორიოგრაფია”.

ამგვარად, ამ ბოლო ორი საუკუნის (მე-19-20 ს.ს.) ისტორიულ რომანებს  შეგვიძლია ვუწოდოთ “რეალისტური”, “მოდერნისტული” და “პოსტმოდერნისტული” “ისტორიული რომანები” შექმნის პერიოდისა და კონცეფციის  გათვალისწინებით.

კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” მე-19 საუკუნის “ტრადიციული” ისტორიული რომანი კი არაა, არამედ იგი სწორედ რომ “მოდერნისტული” “ისტორიული რომანია”, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ რომანის ფარგლებში ავტორის თანამედროვე აქტუალური მოდერნული პრობლემატიკაა უკუფენილი: კერძოდ, a) ნოვატორი ხელოვანისა და მაღალი ხელოვნების ხვედრი ტოტალიტარულ სახელმწიფოში, b) “წმინდა” ხელოვნება, როგორც ტოტალიტარული სივრცის ალტერნატიული სივრცე და ტოტალიტარულ სახელმწიფოში გაბატონებული ერთადერთი სახელოვნებო დოქტრინის – „სოცრეალიზმის“  -ალტერნატივა.

თუმცა, რომანის აქტუალური პრობლემატიკა მხოლოდ ამ საკითხებით არ ამოიწურება და რომანის მთავარი დისკურსი სწორედ მისი ნიცშეანური დისკურსია (იხ. ქვემოთ). და თუ ამ რომანის “ისტორიულობაზე” მიდგება საქმე, “დიდოსტატი” “ისტორიულია” იმდენად, რამდენადაც იგი მიმდინარე აქტუალურ ისტორიულ პროცესსა და პოლიტიკურ კონსტელაციებზე რეფლექტირებს კონკრეტული ჩანაფიქრის  მიხედვით  შერჩეული  ისტორიული  მასალ(ებ)ის  საფუძველზე.

გასაკვირია ლიტმცოდნეებისა და ლიტერატურის ისტორიკოსების მიერ იმ გარემოების უგულვებელყოფა, რომ თავად ავტორი რომანის ქვესათაურში თავის თხზულებას ისტორიულ რომანად კი არ მოიხსენიებს, არამედ რაინდულ რომანად, რაც, მიმაჩნია, რომ პრინციპული და გადამწყვეტი საკითხია. ჩემი აზრით, ქვესათაური ორმაგადაა კოდირებული: ერთი მხრივ, მინიშნებულია, რომ ეს “წმინდა” სახის, ანუ მე-19 საუკუნის “ტრადიციული” “რეალისტური” ისტორიული რომანი არაა, მეორე მხრივ, ამ ქვესათაურს აკისრია გაუცნაურების (გერმ. Verfremdung) ფუნქცია, ვინაიდან აღმოჩნდება, რომ გამსახურდიას რომანს არც შუასაუკუნეების საკარო სარაინდო რომანთან აქვს რაიმე საერთო, რადგან რომანში საერთოდ არაა ასახული შუასაუკუნეების რაინდთა ორდენების ცხოვრება, არც გრაალის სამეფოს სივრცე და არც მეფე არტურის მრგვალი მაგიდის რაინდთა გმირობანი.

“დიდოსტატში” რაინდობა საკუთრივ ავტორისეული კონცეპტია და სემანტიკურად ექვემდებარება რომანის ზოგად ჩანაფიქრს, კერძოდ, რომანის ნიცშეანურ დისკურსს: ამ კონტექსტში რაინდობა მიანიშნებს პერსონაჟების (მეფე გიორგისა და კონსტანტინე არსაკიძის) ზეკაცურ ეთიკაზე, რითაც ისინი უპირისპირდებიან არსებულ ინსტიტუციონალიზებულ იდეოლოგიასა (ქრისტიანობა) და ინსტიტუციის (ეკლესია) მიერ წარმოებულ “ჯოგის მორალს”. თავის მხრივ, რომანის პერსონაჟების ეს ზეკაციური ეთიკა იგივე ნიცშეანური Amor fati-ს (ანუ, ბედისწერის სიყვარულის) ეთიკაა:

ჩემი Amor fati-ს ფორმულა ადამიანის განმსაზღვრელი საწყაოა: იგი გულისხმობს ვითარებას, როდესაც არ შეგიძლია რაიმეს სხვაგვარად ფლობდე, რაიმე სხვაგვარად მოგეცემოდეს… აუცილებლობას/გარდაუვალობას უბრალოდ კი არ უნდა უძლებდე, ჭირთ კი არ უნდა ითმენდე, კი არ უნდა აირიდებდე, კი არ უნდა მიაყუჩებდე (“das Notwendige ertragen, verhehlen”), არამედ იგი უნდა გიყვარდეს… (თარგმანი ჩემია – კ. ბ.) (Fr. Nietzsche,      “Ecce Homo. Wie man wird, was man ist”; in: Friedrich Nietzsche, Sämtliche Werke. Kritische Studienausgabe in 15 Bänden (KSA). Bd VI,  S. 297).

ეს ის პიროვნული ეთიკაა, რასაც თავად ნიცშე განჭვრეტდა ალბრეხტ დიურერის ცნობილ ლითოგრაფიაში “რაინდი, სიკვდილი და ეშმა” (“Ritter, Tod und Teufel”) (1513): ეს სურათი >რაინდი, სიკვდილი და ეშმა< ჩემი სულის ისეთი ძალუმი ამოძახილია, რომ არც კი შემიძლია გამოვხატო (თარგმანი ჩემია – კ. ბ.; ნიცშეს ამონარიდი თარგმნილია  რ. ზაფრანსკის  წიგნის მიხედვით: R. Safranski, “Nietzsche. Biographie seines Denkens”, 6. Auf., 2013. S. 385).

ამგვარად, სიკვდილთან და დემონთან, ანუ ბედისწერასთან, ანუ ყოფიერების ტრაგიკულობასთნ შერკინებული დიურერის რაინდი ჰეროიკული პესიმიზმითა და ტრაგიკული დიონისურობით შეპყრობილი რაინდია, რომელსაც სხვაგვარად არ ძალუძს… ეს შერკინებაა მისი გადამწყვეტი ეთიკური აქტი _ დიონისური გახელება, “ბედის სამზღვრის” გადალახვა, რასაც მისი აპრიორული დაღუპვა მოჰყვება, მაგრამ რომელშიც ის მოიპოვებს შვებას და განწმენდას… ეს კი თავისებური ეთიკური მდგომარეობაა, მაღალი ადამიანების ეთიკური მდგომარეობაა, რომლის არსიც ვლინდება პიროვნული, ინდივიდუალისტური ეთიკის შემუშავებასა და ამის საფუძველზე იდეოლოგიზებულ ჯოგის მორალთან და წესრიგთან დაპირისპირებასა და მისგან დისტანცირებაში.

 

ა. დიურერი: „რაინდი, სიკვდილი და ეშმა“ (1513)

 

კ. გამსახურდიას რომანის ქვესათაურში რაინდობის კონცეპტი სწორედ რომ ალბრეხტ დიურერის ამ ცნობილი ლითოგრაფიის “რაინდზე” ალუზიად უნდა მივიჩნიოთ და ამით მინიშნებულია, რომ რომანის პერსონაჟთა სწრაფვა “სიკეთისა” და “ბოროტების” მიღმა გასვლაა, რაც გულისხმობს “სიკეთისა” და “ბოროტების” “აპრობირებული” იდეოლოგიზებული გაგების დაძლევას, მისგან გამიჯვნას და “სიკეთესა” და “ბოროტებაზე” საკუთარი წარმოდგენების შემუშავებას. რომანის პერსონაჟები – მეფე გიორგი და კონსტანტინე არსაკიძე – სწორედ ამ რაინდული ეთიკის, ანუ ნიცშეანური ზეკაცური ეთიკის მატარებელი პერსონაჟები არიან, ისინი საკუთარი რაინდობით (ერთი პოლიტიკურ სივრცეში, მეორე კი სახელოვნებო სივრცეში) ოფიციალური იდეოლოგიზებული ქრისტიანობის მიღმა და მასთან დაპირისპირებით ცდილობენ შექმნან ალტერნატიული ღირებულებითი სივრცე, რომლის ფარგლებშიც გასაქანი მიეცემა პირად წარმოდგენებს “სიკეთესა” და “ბოროტებაზე” (რომანში ქრისტიანობა, ეკლესია – რომანისავე იგავური ბუნების გათვალისწინებით – ნებისმიერი ეპოქის იდეოლოგიზებულ პოლიტიკურ მოძღვრებასა და პოლიტიკურ  მაკონტროლებელ  ინსტიტუციას  განასახიერებს).

ამ კონტექსტში და რომანის ზოგადი ნიცშეანური დისკურსის განსაზღვრის თვალსაზრისით საინტერესო და გადამწყვეტია რომანში ჩართული ლექსი “დერვიში”, რომელიც რომანის დაწერამადე ბევრად ადრე, კერძოდ, 1934 წელს შეიქმნა და მწერალმა შემდგომ ჩართო იგი რომანში. ეს ლექსი, ფაქტიურად, თავად ნიცშეს, ნიცშეს ზეკაცის ეთიკას, ნიცშეანურ ზეკაცობის (რაინდობის) ეთიკას ეძღვნება და ამ ლექსშია სწორედ კოდირებული თავად რომანის ნიცშეანური დისკურსიც. ამასთან, ეს ლექსი მკვლევარს აძლევს ორიენტაციას, პირველ რიგში, თუ რა პერსპექტივიდან უნდა წაიკითხოს ეს რომანი:

 

დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,

ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა,

გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი,

ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება…

განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,

დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა…

 

აქ მრავალ ნიცშეანურ კონცეპტსა და მეტაფორაზეა მინიშნება:

 

  1. „სექტა“ – როგორც იდეოლოგიური მოძღვრებების ან იდეოლოგიზებული ინსტიტუციების მეტაფორა. ამ „სექტებთან“ და მათ „ძალაუფლების ნებასთან“ აპრიორულ დაპირისპირებაში („დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა“) ვლინდება საკუთარი ინდივიდუალური „ძალაუფლების ნება“ და ასე ვითარდება საკუთარი „ზეკაცობა“ და საკუთარ თავში „უკანასკნელი ადამიანობის“ კონდიციის დაძლევა.
  2. „უსამშობლოობა“ – როგორც კომფორტული ტრადიციული კულტურული სივრციდან აპრიორული გასვლა, ეგზისტენციალური რისკის გაღება და ამის საფუძველზე საკუთარი პიროვნების „ზეკაცური“ ეთიკით წრთვნა, ნიცშეს “ტერმინოლოგიით” – “თვით-ძლევა” (“Selbst-Überwindung”).
  3. „ზღვა“ – მინიშნება თავად ნიცშეს ბიოგრაფიულ მომენტზე (იგი ხომ ბევრს მოგზაურობდა, თანაც ზღვით, საპორტო ქალაქიდან საპორტო ქალაქში – ნიცა, მესინა, გენუა, ვენეცია); ასევე მინიშნება მისი ფილოსოფიური ცხოვრების ყაიდაზე, რაც მუდმივ მოგზაურობას გულისხმობდა როგორც პირდაპირი, ისე ფილოსოფიური გაგებით. ამ პროცესში კი იგი ავითარებდა დისტანციის პათოსს („დააგდე სექტა“). [i]
  4. არსებულისაგან “განძარცვა” (“განაძე”) – როგორც ასკეტური ფილოსოფიური ეთიკის მეტაფორა, რაც გულისხმობს ამქვეყნიური დიდების (მაგ., ძალაუფლების- მოყვარეობის) მოძულებას, ან მაღალი სოციალური სტატუსის უარყოფას, რასაც ზარატუსტრა (და თავად ნიცშე) ან რომანის პერსონაჟები (განსაკუთრებით, არსაკიძე) მუდმივად ავითარებენ.

 

ამგვარად, კ. გამსახურდიას რომანი “დიდოსტატის მარჯვენა” შესაძლებელია განვიხილოთ ნიცშეანურ რომანად, სადაც ასახული ისტორიული მოვლენების მიღმა იგავურად მოთხრობილია ნიცშეანური ფილოსოფიის იდეებისა და ეთიკის (ძალაუფლების ნება, ზეკაცობა, ღირებულებათა გადაფასება, დისტანციის პათოსი და ა. შ.) მატარებელი პერსონაჟების შესახებ (მეფე გიორგი, კონსტანტინე არსაკიძე, ფარსმან სპარსი), რომელთა იდეოლოგიზებულ ოფიციალურ ქრისტიანობასთან (რომლის კრებსითი სახეც კათალიკოსი მელქისედეკია) დაპირისპირება მეტაფორულად, იგავურად ასახავს მოდერნის ეპოქის სახელმწიფო სისტემებთან, მაკონტროლებელ იდეოლოგიზებულ ინსტიტუციებთან, “ჯოგის “მორალსა” (“Herdenmoral”) და იდეოლოგიასთან  (შდრ., რომანის ავტორის თანამედროვე გაბატონებული პოლიტიკური ფენომენები – პროლეტარიატის დიქტატურა, ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი, სტალინიზმი, ბელადის კულტი) ზეკაცური ენტელექიის პიროვნებათა ინდივიდუალურ დაპირისპირებასა და შეუთავსებლობას.

 

 

 

[i]   შდრ.  ნიცშეს  ლექსი  “ახალ  ზღვებისკენ”  (“Nach neuen Meeren”)  (1882):

 

“იქით მივილტვი  –  ისევ მივენდე,

ისევ მივენდე მე  ჩემს  განგებას,

ვრცელია ზღვა  და სილურჯეში

შმაგ მიმაქროლებს გენუიდან ჩემი გენია.

 

და  ყოველივე  ახლად ენთება,

დრო-სივრცეები  შუადღემ  დაფარა -:

მხლოდღა  შენი თვალი  –  საზარი

მიმზერის მე, უსასრულობავ!

(თარგმანი ჩემია –  კ. ბ.).

 

 

კონსტანტინე ბრეგაძე

(თსუ ასოცირებული პროფესორი, გერმანისტი)

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s