კონსტანტინე ბრეგაძე –  ლიტერატურულ-კრიტიკული ფრაგმენტები                                               


 

28685061_1039209382898369_6122963930466746368_nCarl Spitzweg – “Der arme Poet” (ღარიბი პოეტი”)

 

„ნაცრისფერია, მეგობარო, თეორიები,

მწვანედ   ხასხასებს   სიცოცხლის   ხე  ოქროცურვილი“.

(გოეთე, „ფაუსტი“)

 

„თეოლოგებო, ძრწოდეთ ფილოლოგებისა და ექიმების წინაშე“.

(ნიცშე, „ანტიქრისტიანი“)

 

 

შესავალი: ფრაგმენტის პოეტიკისათვის

 

რა არის  ფრაგმენტის, ანუ  მოკლე კრიტიკული შტუდიის, მცირე ზომის კრიტიკული ცდის თავისებურება?

პირველი ის რომ, აქ ფრაგმენტულობა არ ნიშნავს დაუსრულებლობას. ფრაგმენტ(ებ)ი  სტრუქტურულად მთლიანი ტექსტ(ებ)ია – გრამატიკულ-სინტაქსურად და ლოგიკურად დასრულებული, ერთ კონცეპტუალურ ღერძად შეკრული  დებულებითი, ანალიტიკური-კრიტიკული, ექსპერიმენტული, ან სულაც საპროგრამო ტექსტ(ებ)ია. როგორც წესი, კომპოზიციური თვალსაზრისით ასეთი ფრაგმენტები ერთიანი კრებულის ფარგლებში იყრიან თავს. ამ ფრაგმენტებში შესაძლოა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული საკითხები იყოს განხილული, მაგ., ადამიანის ანთროპლოგიური არსის ან რომანის ჟანრის განსაზღვრის პრობლემატიკა, ან სამყაროს გენეზისის საკითხები, მაგრამ,  სინამდვილეში, ეს თემატურად თითქოსდა განსხვავებული ფარგმენტები ერთმანეთთან ღრმა მსოფლმხედველობრივ და პროგრამატულ კავშირშია,     ვინაიდან მათ აახლოებს და ამთლიანებს ერთიანი, საერთო ონტო-ეგზისტენციალური საკითხების გააზრებისა და გადაჭრის ამოცანა და       აღმოჩნდება, რომ ადამიანის არსისა და სამყაროს გენეზისის საკითხებზე რეფლექსიები, შესაძლოა, თავად რომანის ჟანრის განსაზღვრის პრობლემატიკას დაუახლოვდეს  და დაუკავშირდეს და პირიქით. ამგვარად, ფრაგმენტები ეს ერთმანთისაგან იზოლირებული, თუ მიმოფანტული დებულებითი ტექსტები კი არაა, არამედ ისინი ერთმანეთს კონცეპტუალურად  უკავშირდებიან,  მათ ერთი მსოფლმხედველობრივი  გენერალური ხაზი აერთიანებთ, ისინი თავად არიან ერთმანეთთან დიალოგში  და ამით ისინი ერთმანეთს ავსებენ და აზუსტებენ  – შესაბამისად, თუ ერთ ფრაგმენტში გადმოცემულია „რა“, მეორეში იქვე სხვა      თემაზე მსჯელობისას  შეფარვით მოცემულია ამ „რა“-ს „როგორ“ და ა. შ.

მეორე: ასეთი დებულებითი თუ ანალიტიკური ტექსტის ფრაგმენტულობა გულისხმობს მის „გახსნილობას“, კერძოდ, მის დიალოგურ ბუნებას, რომელიც მკითხველს აძლევს შესაძლებლობას საფუძვლიანად შეიმეცნოს და შეიგრძნოს ფრაგმენტ(ებ)ში დასმული პრობლემის სიმწვავე, ასევე, მას აძლევს იმპულსს ფრაგმენტ(ებ)ში დასმულ თუ განხილულ საკითხ(ებ)ზე თავადაც შეიმუშაოს და იქონიოს საკუთარი პოზიცია, „აიძულებს“ და უბიძგებს მუდმივად იფიქროს და რეფლექტირებდეს ავტორის მიერ ფრაგმენტებში დასმულ საკითხებზე, ხელს უწყობს ცხოველმყოფელ გაიაზროს და საკუთარი მოსაზრებით განავრცოს დასმული პრობლემა. ამდენად, ფრაგმეტებს აქვთ მაპროვოცირებელი ფუნქციაც.

ამგვარად, კრიტიკული ფრაგმენტი ქმნის შესაძლებლობას, რომ ფრაგმენიტ(ებ)ის ავტორს ჰქონდეს ცოცხალი დიალოგი მკითხველთან, რაც თავად ავტორს აძლევს შესაძლებლობას მკითხველ(ებ)ის დახმარებით კიდევ უკეთ გაიაზროს თავის მიერვე დასმული თუ განხილული მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა.

ლიტერატურულ-კრიტიკული ფრაგმენტის ჟანრს ჯერ კიდევ გერმანელმა რომანტიკოსებმა მიმართეს სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად და ეს კრიტიკული ჟანრიც, ფაქტიურად, სწორედ მათ დააფუძნეს და განავითარეს,  კერძოდ, ნოვალისმა [ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი] (1772-1801) და ფრიდრიხ შლეგელმა (1772-1828). რომანტიზმის თეორიისა და ესთეტიკის ფუნდამენტური დებულებები სწორედ ასეთი კრიტიკული ფრაგმენტების ფორმით (და პრინციპულად არასისტემური ფორმით) გადმოსცეს მათ  –  შდრ., ნოვალისის ცნობილი ფრაგმენტთა კრებული „ყვავილთა მტვერი“ (“Blütenstaub”) (1798) და         ფრ. შლეგელის ასევე ცნობილი „ათენეუმის ფრაგმენტები“ (1798). აქ სტრატეგიული გათვლა სწორედ ის იყო, რომ ახალი, რევოლუციური პროგრამატული სათქმელი მკითხველისადმი უშუალო მიმართვის ფორმით უფრო ეფექტურად მივიდოდა და უფრო მძლავრად დაიურვებდა მის სულსა და გონებას. და, რაც მთავარია, რომანტიკოსებმა სწორედ თავიანთი კრიტიკული თუ საპროგრამო  ფრაგმენტების საშუალებით (ასევე უამრავი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილით) დიდად განსაზღვრეს  როგორც თავად „საკუთარი“ რომატიკული მწერლობის, ისე, ზოგადად, მომავალი მწერლობის არსიც  –  ანუ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც კრიტიკულმა დისკურსმა წინ გაუსწრო პოეტურ დისკურსს და ზემოქმედება იქონია მის პოეტიკურ არსზე. ნოვალისისა და ფრ. შლეგელის ფრაგმენტებში გადმოცემული რომანტიზმის პოეტოლოგია, თუ რომანტიზმის ლიტერატურის თეორია  დღემდე აქტუალურია, როგორც პრაქტიკული შემოქმედებითი, ისე ლიტთეორიის თვალსაზრისით და მოდერნიზმიდან მოყოლებული მისადმი ინტერესი პერიოდულად მუდმივად წამოყოფს ხოლმე თავს. თვით დღევანდლამდე ცხოველმყოფელ და შემოქმედებითად ზემოქმედებს თანამედროვე გერმანელ მწერლებზე, უამრავ იმპულსს აწვდიდა თვით გერმანულენოვან პოსტმოდერნისტულ ლიტერატურას, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანულენოვან მოდერნიზმზე.

საინტერესოა, რომ 70-80 წლის შემდგომ ფრიდრიხ ნიცშე (1844-1900) სწორედ ფრაგმენტის პოეტიკას დაყრდნობა საკუათრი კრიტიცისტული ფილოსოფიის გადმოცემისას და მისი მრავალი ცნობილი თხზულება სწორედ ამ ფრაგმენტულ-აფორისტულ-ექსპერიმენტული ფორმითაა გადმოცემული  –  „არათანამედროვე განაზრებანი/განსჯანი“ („Unzeitgemäße Betrachtungen“) (1873-1876), „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური“, (“Menschliches, allzu menschliches”) (1878-1880) „სალაღობო მეცნიერება“ (“Die fröhliche Wissenschaft”) (1882) „კერპების მწუხრი“ (1888) და სხვ., რომ აღარაფერი ვთქვათ მისი გარდაცვალების შემდგომ გამოცემულ ურიცხვ ფილოსოფიურ ფრაგმენტზე, რომლებიც ნიცშეს აკადემიურ-კრიტიკული თხუთმეტტომეულის (KSA) 7 ტომს მოიცავს  (7-13 ტომები).

ჩვენში ამ კრიტიკული ჟანრის დანერგვისა თუ ლიტერატურულ-კრიტიკული ნააზრევის ფრაგმენტ(ებ)ის ფორმით გადმოცემის ცდა, მგონი, აქამდე ჯერ არ  ყოფილა და ეს ჩემი ლიტერატურულ-კრიტიკული ფრაგმენტების პირველი ციკლი ალბათ,  პირველი შემთხვევაა ჩვენს ლიტერატურულ-კრიტიკულ სივრცეში.    იმედია, ამ კრიტიკულ ფრაგმენტებს რაიმე ღირებულება და დანიშნულება ექნება მკითხველსათვის, რათა მან კიდევ უფრო შეიყვაროს და გაიაზროს ჩვენი მწერლობა და, ზოგადად, ლიტერატურა. ამავდროულად,  იმედი ამქვს, რომ ეს ფრაგმენტები  ახალი პოეტოლოგიური ინსპირაცია იქნება მომავალი ქართველი მწერლებისათვის, მათთვის, ვინც  ჯერ არ დაბადებულა.

 

ფრაგმენტები

 

  1. სალაღობოა ის ნაივური ვითარება, როცა ე. წ. “იდეალური”, უფრო ზუსტად, იდეალიზებული პერსონაჟის კრიტიკას ჩვენში ისე მტკივნეულად განიცდიან, თითქოს ეს პერსონაჟი მათი ოჯახის წევრი, ნათესავი ან სახლიკაცი იყოს, მაშინ როდესაც ეს პერსონაჟი ლიტერატურული გამონაგონია, გამოგონილი „ადამიანია“, ადამიანი-პროექტია, თავად არასრულყოფილი ავტორის არასრულყოფილი პროექციაა, ავტორის შემოქმედებითი თუ მსოფლმხედველობრივი ინტენციის პროეცირებაა, თავისებური “ცდის-პირია” და არა იმთავითვე ჩამოყალიბებული პიროვნებისა თუ სრულყოფილი ადამიანობის განსახიერება. ამიტომ, არაა აუცილებელი მასთან საკუთარი თავის იდენტიფიცერება და ღირებულებათა სისტემების აგება.

პერსონაჟებს თანაგრძნობა და გაგება ჭირდებათ და არა იდეალიზება და საკრალიზება, ხოლო შინაურ მკითხველსა თუ მკვლევარს პერსონაჟებზე მიკერებული იდეალიზებული, თუ იდეოლოგიზებული (თუ დისკურსული, როგორც ფუკო იტყოდა)  კლიშეებისა და “ნაივური იდეალიზმისაგან” განჯადოება და მათზე შეკოწიწებული თუ თავსმოხვეული წარმოდგენებისაგან გათავისუფლება…

 

  1. 2. არადა, ვითომ რა “მარტივადაა” საქმე:

მე ვამტკიცებ, რომ ჩვენს მწერლობას აკლია საყრდენი ცენტრი (“Mittelpunkt”), ანუ მითოლოგია (“Mythologie”) (ანუ, მითოსი..), რომელიც ანტიკური მწერლობის შუაგული იყო. თანამედროვე (“modern”) მწერლობის ანტიკურისაგან ჩამორჩენა სწორედ ამაში ვლინდება: ჩვენ არ გვაქვს მითოლოგია. დღეს ახალი მითოლოგია სწორედ სულის უღრმესი სივრცეებიდან (“aus der tiefsten Tiefe des Geistes”) უნდა შეიქმნას, ის უნდა იყოს ყველა სახელოვნებო ნაწარმოებთა შორის უხელოვნურესი (“künstlichste aller Kunswerke”) (ე.ი.: რაციონალური სტრუქტურა, კონსტრუქტი, ტრანსცენდენტალური კონსტრუირების პროდუქტი, ანუ წმინდად ავტორისეული სრულიად ახალი, თანამედროვე, ორიგინალური, ავთენტური “მითოლოგიური” მხატვრული გამონაგონი. ასეთი “უხელოვნურესი სახელოვნებო ნაწარმოები”, ანუ იმთავითე ანტიმიმეტური ნაწარმოები ფრ. შლეგელმა თავადაც შექმნა რომან “ლუცინდეს” [1799] სახით. – კ. ბ.). თანამედროვე მწერალი სწორედ საკუთარი შინაგანი არსიდან უნდა მეტყველებდეს, მისი ყოველი ნაწარმოები უნდა იყოს ახალი შესაქმე (“Schöpfung”) არარადან(ფრიდრიხ შლეგელი, “სიტყვა მითოლოგიის შესახებ”, “Rede über die Mythologie”, 1800). (თარგმანი ჩემია – კ. ბ.)

 

შემდგომ, რომანტიკულ და მოდერნისტულ რომანთა (ასევე, ნოველათა) უმეტესობა სწორედ ფრ. შლეგელის ამ დებულებას დაეყრდნობა და ყოველი რომანტიკული და მოდერნისტული რომანი თუ ნოველა არის ცდა ახალი, თანამედროვე “საავტორო” მითოსის თუ ანტი-მითოსის შექმნისა (შდრ.: რომანტიკოსების რომანები –  ნოვალისის “ჰაინრიხ ფონ ოფტერდინგენი”, ფრ. შლეგელისავე “ლუცინდე”,               ლ. ტიკის “ფრანც შტერნბალდის მოგზურობანი”, ი. ფონ აიჰენდორფის ნოველები “ერთი უქნარას თავგადასავალი“ და “მარმარილოს ქანდაკება”, ე. თ. ა. ჰოფმანის ნოველა “ოქროს ქოთანი”; მოდერნისტების რომანები  –  თ. მანის “ჯადოისნური მთა”, ჰ. ჰესეს “ტრამალის მგელი”, რ. მუზილის “უთვისებო კაცი“, კაფკას “პროცესი”, იმავე თ. მანის ნოველა “სიკვდილი ვენეციაში” ა. შ.).

არაა გამორიცხული, რომ გოეთემ თავის „ფაუსტს“, – რომლის პირველი რედაქტირებული, შევსებული და გადამუშავებული ნაწილიც მან მხოლოდ 1808 წელს გამოსცა, ხოლო მეორე ნაწილი 1825-181 წლებში დაწერა, – სწორედ ფრ. შლეგელის ამ კრიტიკული დისკურსების  ზეგალენით მისცა მკვეთრად „მითოსური“ „ენტელექია“…

ამიტომ, შემთხვევითი არაა ისიც, რომ რომანტიკოსებიდან მოყოლებული, ნიცშე-ვაგნერით გაგრძელებული და მოდერნისტებით, მათ შორის, ჩვენი მოდერნისტებით (განსაკუთრებით, კონსტანტინე, რობაქიძე, გალაკტიონი) დამთავრებული, მწერლები და ხელოვანები თავიანთი „მითოსური“ შემოქმედებით “მითოსმოკლებული” მოდერნის ჟამის დაძლევასა და ცნობიერების ხელახალ საკრალიზაციას  ცდილობდნენ…

ამიტომ, დღეს “მითოსის” იმიტაციასაც რომ ვერ ქმნის მწერალი, არამც თუ სრულიად ახალ, ავთენტურ “მითოსს”, ანდა სულაც ანტი-მითოსს, არ ჯობია, საერთოდ შეეშვა წერას?!… აი, ის “სული”, “გაისტ”-ი (“Geist”) უნდა ყველაფერს.

 

  1. “ამიტომაც მუდამ ოინბაზობად მიმაჩნდა იუბილეების მომლოდინე მწერლების და მინისტრების აღსარებები და მემუარები, ნებიერ ცხოვრების ფრაგლებში დაწერილი”

(„მთვარის მოტაცება“, მესამე კარი, “თარაშ ემხვარის” წერილიდან “ვახტანგ იამანიძისადმი”).

ამადაც, რომ დავუკვირდეთ, რაც რამ კარგი დაწერილა ქართულ მწერლობაში, ყველაფერი სვეგამწარებული მწერლების ხელიდანაა გამოსული, რომლებიც ყოველთვის “ნებიერი ცხოვრების” მიღმა იდგნენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი მუდამ „სიკეთისა“ და ბოროტების“ „ოფიციალურ-ოფიციოზური“ გაგების მიღმა იდგნენ და ინდივიდუალისტურ ჰუმანიზმს ავითარებდნენ…

 

  1. 4. ხელოვნება იმიტომაც არის “ხელ-ოვნება”, რომ იგი ბუნებას, ემპირეას კი არ უნდა ბაძავდეს, არამედ a priori სამყაროს, ყოფიერებას განავრცობდეს და მის ჯერარყოფილ წახნაგებს წარმოაჩენდეს…

 

  1. 5. “პროზა” არ ნიშნავს, რომ “პროზაული” იყოს…

 

  1. 6. სანამ ქართველი პოეტი თუ ლირიკოსი საკუთარ ლირიკულ “მე”-ს არ “მოკლავს” და საკუთარი პატარა ეგო-თი თვითტკბობას არ შეეშვება, მანამდე ქართულ პოეზიას არაფერი ეშველება.

ქართული ლირიკის მოქცევა სწორედ ამ პოეტოლოგიურ-სტრუქტურული “თვითმკვლელობიდან” თუ “მკვლელობიდან” თუ დაიწყება…

სხვა საქმეა, რამდენად შეუძლიათ ჩვენს “ლირიკოსებს” მსგავსი პოეტიკური სიქველის ჩადენა და აი იმ “ეგო”-ს დაძლევა..

მათ საწყალობელ “ფილოსოფიურ” წრიპინსა და ჭრიჭინზე არაფერს ვუბნობ…

გალაკტიონი სწორედ იმიტომაა დიდი, რომ თავის პირველი ეპიგონური ნეორომანტიკული კრებულის (1914) გამოსვლიდან სულ მცირე ხანში “ლურჯა ცხენებით” (1915) სწორედ ეს პატარა გულისამრევი სენტიმენტალური და მოფილოსოფოსო ლირიკული “ეგო” დაძლია. ეს ძლევა მერე კოსმიურ კულმინირდა “არტისტულ ყვავილებში“ (1919).

 

  1. 7. პოეზია, ლირიკული ტექსტები ან პოეტური ალღოს, პოეტური გემოვნების, პოეტური ბუნების და, რაც მთავრია, ტრანსლატიკაში (თარგმანთმცოდნეობაში) გარკვეულმა ლიტმცოდნემ უნდა თარგმნოს, ან ტრანსლატიკასა და ლიტმცოდნეობაში კარგად განსაწვლულმა პოეტმა, ვინაიდან სწორედ ასე შეიქმნება წინაპირობა იმისა, რომ სამიზნე ტექსტს (ანუ, სათარგმნ პოეტურ ტექსტს) თარგმნისას თავს არ მოეხვეს მთარგმნელისეული პოეტური სტილი. ეს არის ის პირველი მოთხოვნა, რაც წაეყენება ლირიკულ-პოეტური ტექსტების მთარგმნელსა და ამ ტექსტების თარგმნის საქმეს.

“ერმი” იყოს ჩვენი შემწე!

 

  1. 8. დამწყებ პროზაიკოსებს (ასაკოვანთა და უასაკოთა) მინდა მივაწოდო რჩევა ერთგვარი:
  2. თუ გრძნობ, რომ სიტყვის როჲია, ანუ სიტყვის სტიქია მოგდგამს და მოგსდევს, რაც განიჭებს უნარს საათობით იჯდე და შეუჩერებლად წერო (ამას წერის ნიჭად ვუხმობთ),
  3. თანაც, თუ განსწავლული ხარ ნარატიულ ტექნიკებსა და კომპოზიციის ხელოვნებაში,
  4. თუ გაქვს შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის უნარი, რაც აუცილებელი პირობაა ლიტერატურულ, ისტორიულ თუ საგნობრივ სამეცნიერო წყაროებზე მუშაობისა და მათი დამუშავებისათვის,
  5. და ამას ყველაფერს “მინიმალურ” ფილოსოფიურ ცოდნასაც თუ დავუმატებთ,
  6. თუ გაქვს მინიმალური ეგზისტენციალური გამოცდილება,
  7. დათუყველაფერთანერთად, კარგიგაგებით, მოცლილიხარ, ანუმოცალეობისჟამიგიდგას, აი, მხოლდამისშემდგომღირს, შეეჭიდოდიდპროზაულფორმატს, ანურომანს…

და თუ გრძნობ, რომ ეს აუცილებელი მინიმუმი (მინიმუმ ეს 6 პუნქტი) არ მოგდგამს, მაშინ მცირე პროზაული ფორმებით (ნოველა, მინიატურა, ეტიუდი, ჩანახატი და მისთ.) უნდა დაკმაყოფილდე (ვინაიდან ამისათვის სავსებით საკმარისია ჩამოთვლილ პუნქტთაგან რამოდენიმეს კომბინირებით შერჩევა, თუმცა წერის უნარი, ცხადია, აპრიორულია) და სამუდამოდ დაივიწყო რომანის წერა…

და თუ მაინც რომანის წერის წერამ აგიტანა და არ გასვენებს გამჩენი, მაშინ გირჩევ, უბრალოდ, თავი არ გაიბითურო…

 

  1. 9. რა ამბავია, რომ კრიტიკა არა გვაქვს? აქ ხომ ყველა ყველას ნათესავ-ახლობელი და ბავშვობის დაქალ-ძმაკაცია და ვინმეს რამე ლიტერატურული თუ სახელოვნებო ნაწარმი რომ გაუკრიტიკო, ან გული უნდა ატკინო, ან სამუდამოდ უნდა მოიმდურო და სასიკვდილოდ გადაიკიდო..

ზედმეტად, ზედმეტად ადამიანურნი არიან ჩვენი მგოსანნი და ხელოვანნი, ანუ ზედმეტად მგრძნობიარენი, თუ „სენსიტიურნი“, როგორც ახლა იტყვიან მოდურად.

ამიტომაც ვიკვლევ გარდაცვლილ კლასიკოსებს…

 

  1. 10. ჰერმენირება (ანუ ტექსტის, განსაკუთრებით კი მხატვრული ტექსტის, განმარტება, გაგება და გაგებინება) არა ტექსტთან ახლოს, ტექსტის მიმდებარედ, არამედ უშუალოდ ტექსტიდან ამოსვლით ხორციელდება.

ამიტომ, ყური უგდე ტექსტს და „აცადე თავად თქვას თავის სათქმელი“ („lass den Text reden“) (ჰ-გ. გადამერი).

ეს არის სწორედ ის პირველი მოთხოვნილება, რასაც ფილოლოგია წაუყენებს თავის შეგირდს.

მიიღე ესე ვითარცა ჰერმენევტიკის კატეგორიული იმპერატივი.

“ერმი” იყოს ჩვენი შემწე!

 

  1. 11. ჯერ იყო და, მე-20 საუკუნის დასაწყისში აკაკის ეპიგონებმა წალეკეს ქვეყანა, ახლა კი 21-ეს დასაწყისში –  “ვერლიბრმა” და “ვერლიბრისტებმა”…

Pro Ars Poetica:

პირადი დღიურების “პოეტური” განსტრიქონება პროზად, რაც ასე ხშირია თანამედროვე ქართულ ლირიკაში, არა მგონია, კარგი იდეა იყოს.

მათში არასდროს ვლინდება (ან რა გამოავლენს) მაღალნი “კავშირნი პიიტიკებრივნი”, რამეთუ არს  იგი პატუა “მე”-ს გულისგამაწვრილებელი წრიპინი, ან გულისამრევი ღეჭვა.

 

  1. 12. ხშირად პარადიგმის ცვლა სულ მცირე საგნებში ცხადდება ხოლმე: სწორედ ბარათაშვილის ლირიკაში (და მის თანამედროვეთაგან სხვასთან არსად) ჩნდება ისეთი საგანი, რომელიც მკვეთრად გამომიჯნავს მის პოეზიას ძველი საქართველოს “ტანო ტატანოებისა” და “ვარდბულბულიანების”, ან გურამიშვილის მედიავალურად შეფერილი პოეტური ტრადიციისაგან, საგანი, რომელიც დიდ დისტანციას აწესებს ამ წარსულ ეპოქასა და პოეტურ ტრადიციასთან და ქმნის განცდას, თითქოს ეს წარსული ეპოქა სადღაცპრეისტორიულ ხანაში იყოს. კერძოდ, “ფორტეპიანოა” (!!!) სწორედ ის თანამედროვე “უცხო” მოდერნული საგანი, ის ახალი დასავლური მოდერნული ტექნოლოგიის პროდუქტი (იხ. ლექსი “…ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი”), რომელიც მოულოდნელად შემოიჭრება ქართულ “ტრადიციონალისტურ” (იმ მომენტისათვის პროვინციულ) მუხამბაზურ-მაჯამურ პოეზიაში და აქ მოდერნის ეპოქის დადგომისა და მისი დასავლური ანტურაჟითა    და ყაიდით შემოსვის მაუწყებელია. სწორედ ამ საგნის შემოტანით ბარათაშვილი ერთი ხელის მოსმით (გინა მონასმით) ქმნის სრულიად ახალ პოეტურ აურასა და გარემოს, ერთი ხელის მოსმით, სრულიად ბუნებრივად ჩააწერს საკუთარ პოეზიას მისი თანამედროვე ევროპული პოეზიის პარადიგმაში, საბოლოოდ გამომიჯნავს ახალ ქართულ ლირიკას შუასაუკუნეობრივი თუ მუხამბაზურ-მაჯამური ტრადიციისაგან და დასაბამს მისცემს ქართული ლირიკის “დასავლური რადიუსით გამართვის” ახალ ტრადიციას, რომელსაც შემდეგ ილია გააგრძელებს და რომელიც მერე გალაკტიონის “არტისტულ ყვავილებში” კულმინირდება. ბარათაშვილი რომ არა, ქართული პოეზია კიდევ დიდხანს ვერ დააღწევდა თავს აღმოსავლურ ჰანგსა და “ბაიათებს”.

 

  1. 1 საერთოდ, რას ნიშნავს ცნება “რომანტიზმი”?

მისი ყველაზე პირველადი განმარტება წმინდად ჟანრობრივია და, უპირველეს ყოვლისა, სწრედ ამ ჟანრობრივ შინაარსს გულისხმობდნენ ამ ცნებაში თავად რომანტიზმის თეორეტიკოსები – ნოვალისი და ფრ. შლეგელი:
“რომანტიზმი” (გერმ. „Romantik“), ანუ “სწავლება რომანის შესახებ” (ნოვალისი).

ამგვარად, “რომანტიზმი”, როგორც ახალი ექსპერიმენტული, აქამდე ჯერარშექმნილი რომანის თეორია და ამ ახალი არაკონვენციონალური და ექსპერიმენტული რომანის შექმნის პროცესი (შდრ., ფრ. შლეგელის „ათენეუმის“ 116-ე ფრაგმენტში განვითარებული „პროგრესირებადი უნივერსალური პოეზიის“ (“progressive Universalpoesie”) კონცეპტი, სადაც „უნივერსალობა“ და „პროგრესულობა“ პოეტოლოგიური თვალსაზრისთ სწორედ რომანტიკული რომანის არაკონვენციონალურობასა და ექსპერიმენტულობას გულისხმობს).
შესაბამისად, “რომანტიკოსი” მათთვის, პირველ რიგში, ნიშნავს სწორედ ამ ახალი რომანტიკული რომანების ავტორს, არც მეტი, არც ნაკლები.
(დღეს ჩვენ შეგვიძლია ამ ცნების სემანტიკა კიდევ უფრო გავაფართოოთ და “რომანტიკოსად” მოვიაზროთ რომანტიკული რომანების, და ზოგადად, რომანების მკითხველი).
ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო, რომ მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე გერმანიაში ათობით ახალი რომანტიკული რომანი შეიქმნა, რომლებიც იმ დროისთვის სუპერ-ექსპერიმეტული და ავანგარდისტული მოვლენა იყო რომანის ჟანრში, და ზოგადად, ლიტერატურულ ცხოვრებაში.

ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო ისიც, რომ ყველა გერმანელი რომანტიკოსი თავისთავს ერთგვარად ავალდებულებდა, რომ რომანები ეწერათ, ვინაიდან ამას უკვე მოითხოვდა თავად მათი, როგორც “რომანტიკოსის”, ანუ უპირველესად როგორც რომანების ავტორის, სტატუსი, რაც (ეს სტატუსი) თავიანთ თავს თავად განუსაზღვრეს და დაუწესეს.

 

  1. 14. დღეს, პოსტმოდერნულ თუ პოსტპოსტმოდერნულ ვითარებაში, როდესაც დიდი იდეოლოგიზებული ნარატივები საბოლოოდ დეკონსტრუირდა, როდესაც კრიზისშია ტრადიციული ისტორიული რელიგიები, როდესაც კიდევ უფრო პრობლემატური გახდა რელიგიური ეთოსისა და ეგზისტენციალური ამოცანების მოხელთება და გადაჭრა, ყოველი ცალკე აღებული ინდივიდისათვის სულიერი წრთობისა და შემეცნების თვალსაზრისით, პიროვნული რელიგიური ეთოსის დაფუძნების თვალსაზრისით, ალბათ, დღეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება რელიგიისა და ლიტერატურის ის გაგება, რაც, ზოგადად, რომანტიზმმა და, კერძოდ, გერმანულმა რომანტიზმმა (ფრ. შლეგელი, ფრ. შლაიერმაცერი, ნოვალისი [ფრ. ფონ ჰარდენბერგი] და სხვ.) და, თუნდაც, ქართულმა რომანტიზმმა (მხოლოდ ბარათაშვილს ვგულისხმობ) (!!!) შეიმუშავა, ვინაიდან რომანტიზმი დღეს თანამედროვე ადამიანს ანიჭებს სულიერ უნარს, თავისებურ ფიხტეანურ ნებელობას, რათა ყოველმა ცალკე აღებულმა სუბიექტმა საკუთარ თავში დააფუძნოს, ერთი მხრივ, საკუთარი პიროვნების უნივერსალობისა და უნიკალობის განცდა, მეორე მხრივ, გაიმძაფროს პიროვნული რელიგიური ნებელობა და ასე დაამყაროს უშუალო რელიგია, ანუ კავშირი ტრანსცენდენტურობასთან და მესამეც, არ მოექცეს ახალი თუ რეაქტუალირებული „მადლმოსილი“ “დიდი ნარატივებისა” თუ იდეოლოგიური დაკვეთების გავლენის ქვეშ.

 

  1. 15. ბარათაშვილს ქართულ ლიტერატურაში პირველად შემოყავს ისეთი ლირიკული გმირი, რომელიც არა მხოლოდ სულიერ-ირაციონალურ-მისტიკურ მედიტაციებშია, არამედ რომელიც, პირველ რიგში, მუდმივ რაციონალურ-კანტიანურ-ფიხტეანურ (თვით)რეფლექსებშია ჩართული – რეფლექსიები, რომლებიც ყველა სფეროს მოიცავს: ონტოლოგია, ეგზისტენცია, ისტორია, მიმდინარე ისტორიული პროცესი. შემთხვევითი არაა, რომ მის ცენტრალურ ლირიკულ ტექსტებში მუდამ ფიგურირებს “ფიქრის” კონცეპტი და მუდმივად ფიქრის, რეფლექსიის პროცესში მყოფი ლირიკული გმირი. ამით ბარათაშვილმა მისი თანამედროვე ქართველობა ფიქრისკენ, რეფლექსიისკენ, ანალიზისკენ, შემეცნებითი ნებელობისკენ განაზრახა..
    მაგრამ რად გინდა – არ უყვარს, ეზარება ქართველობას ფიქრი, ჭკუადამჯდარი ანალიზი, ეშინია “ნასტავლი კაცების”… ამიტომაც, დღემდე ინფანტილურ მდგომარეობაშია მისი ცნობიერება, აი ასეთში – “დათვი ხეზე როგორ გავა, იავნანაინაო…”

 

  1. 16. რომანტიზმში და, მათ შორის, ბარათაშვილთან, იმთავითვე მოხსნილია ე. წ. საკაცობრიო პირველცოდვის პრობლემა, რაც ასე აწვალებდა ბაროკოს ლირიკოსს (ბაროკოს ლირიკულ გმირს) და, მთ შორის, ქართული ბაროკოს უმთავრეს ფიგურას დავით გურამიშვილს: გურამიშვილის ლირიკული გმირი კვლავ ტრადიციული სინანულით, ცოდვათა აღსარებით და „მარხვით“ ცდილობს ხსნას, ანუ ერთდროულად საკაცობრიო და პირადი პირველცოდვისაგან („რამეთუ ცოდვათა შინა მიუდგა და მშვა დედამან ჩემმან“) გამოხსნას, ღვთისგან პასიურად მოელის მიტევებას, კვლავ ცის შემყურეა და კვლავ ადამიანის შემცოდე ბუნებით ხსნის ღვთის რისხვასა და წყალობას.

ბარათაშვილთან კი „ხსნა“ კონცეპტუალურად და მსოფლმხედველობრივად რუსთველურ „დამხსნას“ უკავშირდება, რაც სულის მატერიალურ განზომილებებსა („გუამსა“) და ემპირიულ სტიქიებზე მიბმულობისაგან გათავისუფლებას გულისხმობს – „დამხსნას სოფლისა შრომასა…“. ბართაშვილთან პრინციპულად სწორედ „ხსნის“ ეს რუსთველური კონცეფციაა განვითარებული, რისი სიმბოლოც „მერანია“, თავად ლექსში ლირიკული გმირის სწორედ „დახსნის“ გაუნელებელი სწრაფვაა გაცხადებული – „გარდამატარე ბედის სამზღვარი“, ანუ აქ ცხადდება ემპირიულ მოცემულობათა გადალახვისა და მატერიალურ ელემენტებზე სულის ამაღლების წყურვილი, ანუ სწრაფვა, „ზეენზუხტ“-ი (გერმ. Sehnsucht). აქ საერთოდ მოხსნილია ტრადიციული ცოდვა-მადლისეული განკითხვა, „მერანი“, როგორც ლირიკული გმირის ინდივიდუალიზმის, მისი სუბიექტურობის პრინციპი, გასულია „სიკეთისა“ და “ბოროტების” ტრადიციული დიქოტომიიდან. შესაბამისად, ლირიკული გმირი პასიურად ზემოდან კი არ ელოდება კურთხევასა და „ცოდვების მიტევებას“, არამედ თავად ისწრაფვის „სასუფევლის“ დამკვიდრებისაკენ და მისი მოტივაცია აქ სულაც არაა დეტერმინებული პირველცოდვისაგან გამოხსნით: ამ სწრაფვაში გაცნობიერებულია „სასუფევლის“ პირადი ესთეტიკური და კოგნიტური ძალისხმევითა და ნებელობით დამკვიდრების აუცილებლობა.

ამ სწრაფვაში, ამასთან, თავს იყრის, ერთმანეთს ერწყმის და ურთიერთს განაპირობებს ლირიკულ გმირში (შემმეცნებლ სუბიექტში) მოცემული აპოლონური და დიონისური საწყსები: კერძოდ, აპოლონურობა აქ ვლინდება, როგორც სუბიექტურობის, პიროვნულობის პრინციპი, როგორც ცნობიერი სწრაფვის მდგომარეობა, როგორც შემეცნებითი ნებელობა, ხოლო დიონისურობა ვლინდება, როგორც ეგზისტენციალური და ონტოლოგიური შეზღუდულობის გადალახვა. მერანი სწორედ ლირიკული გმირის ამ ორი საწყისის სინთეზის სიმბოლოა: იგი ერთდროულადაა ინდივდუალიზაციისაა და ექსტაზის სიმბოლო.

ამგვარად, ხსნა, ანუ „დახსნა“, ანუ გათავისუფლება მატერიალური ელემენტისაგან, „დაზაინ“-ის შეზღუდულობისგან, ტრადიციული კულტურის ჯოგის მორალისაგან და მაღალი, ჭეშმარიტი ყოფიერებისაკენ ერთდროულად ექსტატიური და ცნობიერი სწრაფვა სწორედ მერანის სრბოლას უკავშირდება, მერანია ამ სწრაფვის სიმბოლო.    აქ სწარფვა (გერმ. Sehnsucht) ვლინდება როგორც რომანტიზმის და რომანტიკოსი პროტაგონისტის ფუნდამენტური ეგზისტენციალური და შემეცნებითი დიონისური და აპოლონური ქცევის წესი.

 

  1. 17. დღეს ბარათაშვილი ინდივიდუალისტებისათვის აქტუალურია არა მხოლოდ სპირიტუალური თვალსაზრისით, რამდენადაც მისი პოეზია დღესაც განაზრახებს ინდივიდს საღვთო ტრანსცენდენტური რეალობისაკენ სწრაფვისა და მისი განცდისათვის, არამედ ბარათაშვილი ამავდროულად აქტუალურია მთელი ერისათვის, სოციუმისათვის წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისითაც – “ბედი ქართლისაში” სოლომონ ლიონიძის პირით იგი თავისებურ ფუნდამენტურ და აპრიორულ პოლიტიკურ ანდერძს გვიბარებს:

“სახელმწიფოსა სჯულის ერთობა არარას არგებს,
ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვდასხვაობდეს”.

აქ ბარათაშვილი შეგვაგონებს, რომ პოლიტიკური სივრცე, ეს წმინდად საერო/სეკულარული, მიწიერი და პრაგმატული სივრცეა და მასში რელიგიური ფაქტორის გარევა და მისით ხელმძღვანელობა სრული სიბეცეა. ხოლო პოლიტიკურ პრაქტიკაში ამ ფაქტორის საბედისწერო გარევის შემთხვევაში იმთავითვე ვექვემდებარებით პოლიტიკური მოწინააღმდეგის მანიპულაციებს, როდესაც იგი რელიგიურ ფაქტორს პოლიტიკურ და იმპერიალისტურ ინსტრუმენტად იყენებს და ამ რელიგიურ ფაქტორში განზავებულ ტრამვულ მეხსიერებაზე აქცენტირებით ერთდროულად ჩვენს ცნობიერსა და არაცნობიერზე მანიპულირებს.
“თვისების სხვადასხვაობა”, რაზც ბარათშვილი მიუთითებს, დღეს მხოლოდ ეთნო-ფსიქოლოგიური მომენტი არაა, არამედ აქსიოლოგიური: ანუ, დღეს (და მუდმივად) ერი არჩევანს აკეთებს, თუ რა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობაა მისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო – ავტორიტარულ-ანტიჰუმანური, თუ დემოკარტიულ-სამართლებრივი და ამ არჩევანით იგი ავლენს თავის “სხვა თვისებას”, ანუ თვისებრიობას.

ამგვარად, ბარათაშვილის ეს პოლიტიკური ანდერძი მუდამ პერსპექტივაზეა მიმართული, მაორიენტირებელია და პრინციპულად, აუცილებელად და მუდმივად გასათვალსიწინებელ-სახელმძღვანელო საგარეო პოლიტიკაში, უპირველესად კი რუსეთთან კონფლიქტში.

 

  1. თავად ბიბლიაა “პოსტმოდერნიზმი” ვითარცა “წმიდა” ტექსტი (!!!), ვითარცა ტექსტუალური კონსტრუქტი…

ასე რომ, დასაბამითგან იყოს ტექსტი და მისი თამაშები…

 

  1. ფაქტია, ადამიანმა საკუთარი ცნობიერება და ეგზისტენცია იმთავითვე ბინარულობასა და დუალიზმზე დააფუძნა და მას დაუქვემდებარა საკუთარი არსი და არსებობა, რამაც იგი ეგზისტენციალურ და ეთიკურ კრიზისში გამოკეტა: კერძოდ, ადამიანმა საკუთარი თავი იმთავითვე მოაქცია პირველსაწყისისაგან მოწყვეტილობისა და ესქატოლოგიურობის დიალექტიკაში, რასაც საფუძვლად დაედო ე. წ. “პირველცოდვის” დისკურსული საყოველთაო მორალი. ამით კი ადამიანმა საუკუნეების მანძილზე იმთავითვე გამოკეტა საკუთარი თავი ამ “წმინდა” კონსტრუქტით აპრიორული დეტერმინების მდგომარეობაში, მაშინ როდესაც გამოცდილებით დგინდება, რომ მისი აქმყოფობა, მისი “დაზაინში” ეგზისტენცია მხოლოდ და მხოლოდ სამყაროში, “დაზაინში” არსაიდან გამოგდებული, გამოტყორცნილი ეგზისტენციაა, არსაიდან “გამოგდებულობაა”, არსაიდან “გამოტყორცნილობაა” (გერმ. “Geworfenheit”) (ჰაიდეგერი). ამიტომაც, მართებულად შენიშნა ნიცშემ, რომ კაცობრიობამ პლატონიზმის, იუდაიზმისა და “ქრისტიანიზმის” დუალიზმის სიყალბეში გაატარა ათასწლეულები, რითაც ნიცშემ მისთვის დამახასაითებელი გადმოცემის რადიკალური სტილით მეტაფორულად სწორედ ცნობიერების დუალისტურ ბუნებაზე, ცნობიერების “დიალექტიკაზე” მიბმულობასა და თავიდანვე ჩადენილ ფუნდამენტურ მეთოდოლოგიურ შეცდომაზე მიანიშნა. ამ ბინარულობასა და დუალიზმში კი ჩვენივე კონვენციონალური, დუალისტური და ბინარული ენა გვამყოფებს და გვაცდუნებს, ვინაიდან ამ დუალისტური ცნობიერების მუშაობა სწორედ ენამ გააფორმა, გაამყარა და “ჩაჭედა” თავად ადამიანის ცნობიერებაშივე. ამადაც, მართებულად მიუთითა შემდგომ დელიოზმა, რომ ნიცშეს ფილოსოფია ბინარული კონსტრუქტებისაგან გვათავისუფლებსო. აქვე დავამატებდი, რომ ეს ტრადიციული დუალიზმი და ბინარულობა შემეცნებასა და ეგზისტენციაში, ანუ დაპირისპირებულ მოცემულობათა “ურთიერთაუტანლობა” და ურთიერთმძულვარება (მაგ., “მიწა” vs. ცა”, “სხეული” vs. “სული”, “ემპირეა” vs. “ტრანსცენდენტურობა” და „მადონა“ და „ვენერა“ და ა. შ.) სწორედ რომანტიკოსი ნოვალისის “გარომანტიულების” კონცეპტშია დაძლეული:

“სამყარო უნდა გარომანტიულდეს. ასე მოვიპოვებთ კვლავ პირველსაზრისს. გარომანტიულება სხვა არაფერია, თუ არა ხარისხობრივი პოტენცირება. ამ ოპერაციის დროს ხორციელდება მდაბალი თვითობის მაღალ თვითობასთან იდენტიფიცირება. ისევე როგორც ჩვენ ვართ ამგვარ ხარისხობრივ პოტენცირებათა რიგი. ეს ოპერაცია ჯერ კიდევ შეუცნობია. როდესაც მე უბრალოს დიად აზრს ვანიჭებ, ჩვეულებრივს იდუმალებით ვმოსავ, ნაცნობს შეუცნობლად გადავაქცევ, სასრულს უსასრულობას ვანიჭებ, მე სამყაროს ვარომანტიულებ. და პირუკუ, იგივე ოპერაცია შეესაბამება უმაღლესს, შეუცნობს, მისტიკურსა და უსასრულოს. რომანტიკული ფილოსოფია. ამ შეერთებით ხდება ლოგარითმიზება და მიიღება კარგად ნაცნობი გამოხატულება. Lingua romana.  ცვალებადი ამაღლება და დამდაბლება” (თარგმანი ჩემია – კ. ბ.).

  1. როდესაც საყოფაცხოვრებო ენა (!!!), ჩვეულებრივი შესიტყვებანი (!!!) პოეტურ მეტყველებაში მაგიურ ძალას, “სიტყვის როჲიას” ატარებს და აფრქვევს, ეს უმაღლესი პოეტური გრადაცია და ინტეგრალია: 20-იან წლებში თავის პოსტსიმბოლისტურ ფაზაზე გალაკტიონი უკვე ასეთ სიმაღლეებზე ავიდა – მისი ამ პერიოდში გამოცემული „100 ლექსია“ ამის მოწმე და მოწამე:

* * *
მახსოვს ხარაგაულის
სევდიანი სადგური,
მისი ყრუ სამკაული–
აცვივნული აგური.
უშფოთველი ცხოვრება,
წყნარი, როგორც გუგული;
მესმის მოახლოებულ
ორთქმავალის გუგუნი.

 

P.S. თანაც, აქ სტრიქონები სწორედ რომ კინო-კადრებადაა ფენილი…

 

  1. თუკი დელიოზი თავსართში “Post” გულისხმობს ქრონოლოგიურ და აქსიოლოგიურ “მიჯნას”, “ზღვარს” მოდერნსა და პოსტმოდერნს შორის (რაც სავსებით მართებულია), მაშინ ამ თავსართში ჩემთვის “შემდგომადობა” და “მიჯნა” ასევე გულისხმობს “დაქვეითებასაც”, “დაღმასვლასაც”, კერძოდ, და განსაკუთრებით, მაშინ, როცა საუბარი ლირიკაზეა (“როცა საუბარი ედგარ პოეზეა”): მიმაჩნია, რომ მოდერნისტულ ლირიკასთან მიმართებით პოსტმოდერნისტული აშკარად დაღმასვლა და დაქვეითებაა.

ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ მოდერნისტული ლირიკა შიგ მითოსის შუაგულში იდგა, მას შეგრძნობდა, განიცდიდა ყოველ “ხტილში” და დიონისური სიტყვის სტიქიით (“სიტყვის როჲია”) არტიკულირებდა. მოდერნისტული ლირიკული ტექსტი თავისებური საკრალური ტექსტი იყო. თანაც ამ ყველაფერს არ აკლად ტრაგიკული პათოსი, რაც (ანუ, ეს დიონისური ტრაგიზმი) ნიცშესთვის მაღალი ხელოვნების უმთავრესი კრიტერიუმი იყო.

ეს ყველაფერი კი შემდგომ სწორედ რომ “პოსტ”-ში გადავიდა, ანუ მოდერნისტული ლირიკის შემდგომ (“პოსტ”) აღარც მითოსია, აღარც დიონისურობა და არც ტრაგიკული გრადაცია. ამ კონტექსტში პაულ ცელანის თვითმკვლელობა პარიზში, მოდერნიზმის ამ ყოფილ მექაში, ალბათ, სიმბოლურია: მატერიალურ სწორედ ამ დღეს, 1970 წლის 20 აპრილს აღესრულა მოდერნისტული ლირიკა და სენაში “გადავარდა” მირაბოს ხიდიდან:

„ჯერ
ისევ დგანან ტაძარნი.
ერთ ვარსკვლავს
ისევ შერჩენია სხივი.
არაფერი,
არაფერია დაკარგული“.
(პაულ ცელანი) (1920-1970)
(თარგმანი გერმანულიდან ჩემია, კოკა).

Also
stehen noch Tempel.
Ein Stern
hat wohl noch Licht.
Nichts,

nichts ist verloren.
Paul Celan.

 

  1. თუკი ნიცშეს იმ დებულებიდან ამოვალთ, რომ ჩვენ ენით ვცთუნდებით, რომ ჩვენ ენა გვაცდუნებს („ჩვენ ჩვენს თავს ვაცდუნებთ ენის საშუალებით“/”Wir lassen uns durch die Sprache verführen”), ვინაიდან ის არ არის სამყაროული ფენომენების ადეკვატური და სრულყოფილი ასახვა და გადმოცემა, არამედ “მოჩვენება” (გერმ. “Schein”), თავისებური ასლი, ამით ნებისმიერი ფილოსოფიური ამოსავალი დებულება და ცნება ნეიტრალდება და არც ერთ მათგანს არა აქვს ჭეშმარიტების პრეტენზია –  (მაშინ როდესაც ხშირად ყოველი ფილოსოფიური დებულება, სწორედ ჭეშმარიტების ფლობის პრეტენზიით გამოდის და ყოველ ფოლოსოფოსს, ნიცშესა და პოსტმოდერნისტ ფილოსოფოსთა გამოკლებით, ჭეშმარიტების მღაღადებელი ჰგონია თავის თავი, საკუთარი ფილოსოფიური ნააზრევი მოძღვრების რანგში აჰყავს და იმთავითვე ასეთად აფუძნებს: შდრ., ფიხტე თავის ფილოსოფიურ გადმოცემას პირდაპირ „მოძღვრებას“, „ცოდნას“, „სწავლებას“ (გერმ. “Lehre”) უწოდებს, როდესაც ის თავის ცენტრალურ თხზულებას „მეცნიერებათმცოდნეობას“/“Wissenschaftslehre” არქმევს და ამით პირდაპირ აცხადებს, რომ ჭეშმარიტება სწორედ მის თხზულებაშია ვლენილი და სხვაგან არსად), – ყველა მათგანი ფარდობითია, მათ შორის თავად ნიცშეს დებულებები, (იგივე, “ღმერთის სიკვდილის” შესახებ), ან შოპენჰაუერისეული დებულებანი, რომ სამყარო საზრისს მოკლებულია და მას “ბრმა” ნება წარმართავს, ან ჰეგელისეული, რომ სამყაროს საფუძველი აბსოლუტური გონია, ან კანტიანური,    რომ ყოფიერების საფუძველი ტრანსცენდენტალური იდეებია, ვინაიდან ყველა ეს დებულება ადამინაური არსრულყოფილი ენის კონსტრუქტია და ნიცშეც სწორედ ამ ნიუანსს უსვამს ხაზს და მისთვის ყველა ეს დებულება, მათ შორის საკუთარიც, იმთავითვე “ყალბია” (“falsch”). ამიტომაცაა, რომ ნიცშე თავის ფილოსოფიურ გადმოცემაში იმთავითვე უარს ამბობს ამოსავალ დებულებებზე, მყარ ცნებათ-ტერმინოლოგიაზე, შეიმუშავებს გადმოცემის მეტაფორულ და ფრაგმენტულ-აფორისტულ ფორმას და ის “ცნებები” და დებულებები, რომლებიც მას შემოაქვს, მისთვის სწორედ პერსპექტიული ანალიზის ობიექტია, კომპარატივისტული ექსპერიმენტის ობიექტია და არა საბოლოო და ჭეშმარიტი დებულებანი. ხოლო “ზარატუსტრას” მთლიანად პოეტურ-მეტაფორული ენით გადმოსცემს. და ეს მხოლოდ სტილის საკითხი არაა, არამედ პრინციპული მეთოდოლიგიური მიდგომაა: არტისტულ-პოეტურ-მეტაფორული ენაა მისთვის ფილოსოფიური დისკურსის უმთავრესი მედიუმი, რადგან კარგად აცნობიერებდა, რომ მეტაფორული ენა ონტოლოგიასა და ეგზისტენციას უფრო კარგად “ხსნის”, ვინაიდან კარგად აცნობიერებდა პოეტური ენის “მწვდომ” ძალას. თავადაც, ხომ არშემდგარი პოეტი იყო და ამას ძალიან განიცდიდა.

ამადაც: როგორც გოეთე იტყოდა  მეფისტოს პირით – “მარად ჰყვავის სიცოცხლის ხე ოქროცურვილი“. და თუ გოეთეს ამ დებულებიდან ამოვალთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფიური ენისაგან განსხვავებით, პოეტურ ენას შეუძლია ფენომენზე არა სპეკულირება, მისი მიახლოებითი გადმოცემა, არამედ მისი რეალური „გახსნა“, რეალური განცდევინება და წვდომა. შესაბამისად, პოეტური ენა პირველადია და ჭეშმარიტი, ვიდრე ფილოსოფიური, რადგან პოეტური ენა იმთავითვე გადის ბუნებრივი ენის (რომელსაც ფილოსოფია მიმართავს) ლინეარულობიდან და ლოგიკიდან და თავად ფუძნდება, როგორც უნიკალური მეტა-ენა (შდრ. ნოვალისის ენისფილოსოფიური მანიფესტი “მონოლოგი”). სწორედ პოეტურ ენას, პოეტურ თქმას ძალუძს “წამისყოფით მოიხილოს ერთი ასად, ასი ერთად”. და ამ “წამისყოფითობის” წყალობით სწორედ პოეტური ენა განაცდევინებს ადამიანს ყოფიერების ფენომენთა ნამდვილ არსსა და “დგმას” (რობაქიძე), ვინაიდან თავად სამყაროს „ალოგიკური“ და „წამისყოფითი“ არსის გადმოცემას სწორედ პოეტური ენის წამისყოფითობა შეესატყვისება და არა ფილოსოფიური ენის „რაციონალიზმი“ და ლოგიკური სინტაქსი. ამადაც მიუბრუნდა ჰაიდეგერი სიცოცხლის ბოლოს პოეზიის ჰერმენევტიკას, გააცნობიერა რა პოეტური ენის უპირატესობა ფილოსოფიური ენის წინაშე ყოფიერებისა და ეგზისტენციის უხილავი შრეების “გახნის” საკითხში და ჰჲოლდერლინის პოეზიისა და პოეტური ენის ჰერმენევტიკის საფუძველზე ცდილობა ჩასწვდომოდა ყოფიერებისა და ეგზისტენციის დაფარულ შრეებს.

 

  1. ნოვალისმა რომანტიზმის არსზე მსჯელობისას ერთგან შენიშნა, რომ რომანტიზმი საკუთარი შეზღუდული “მე”-ს უნივერსალიზებაა: რომანტიზმი არის ინდივიდუალური მომენტის, ინდივიდუალური ვითარების აბსოლუტიზება, უნივერსალიზება, კლასიფიკაცია და ..” (“Romantik. Absolutisierung, Universalisierung, Klassifikation des individuellen Moments, der individuellen Situation usw.”). და ეს შენიშვნა მხოლოდ რომანტიზმზე არ ვრცელდება –  როგორც რომანტიზმის ლირიკის, ისე ზოგადად ლირიკის საფუძველმდები დებულებაა. ასეა: ლირიკოსმა თუ საკუთარი სუბიექტური “მე” ობიექტურ “მე”-დ არ აქცია, ანუ ლირიკოსმა საკუთარი, პირადი ეგზისტენციალური და ნათელხილვითი გამოცდილება უნივერსალურ და საყოველთაო ღირებულებად თუ არ აქცია, მაშინ მისი ტექსტი დღიურის რიგით ჩანაწერს დაემგვანება. და პოეზია არაა პირადი სენტიმენტების სივრცე, არამედ საკუთარი შეზღუდული ადამიანური არსისა და ყოფიერების განვრცობაა, ყოფნისა და ყოფის ახალი შესაძლებლობების „გახსნა“ და განცდევინებაა, „კოსმიური შეგრძნებების“ (“kosmisch empfinden”) (ნიცშე) გამოწვევაა. ხოლო საკუთარი ლირიკული “მე”-ს უნივერსალიზაცია რომ მოახერხო, სიტყვის როჲიას უნდა ფლობდე.

 

  1. ისე, “ცისფერყანწელების” სიმბოლისტობა ვინ თქვა,მოგონილი ამბავია, პირწავარდნილი ექსპრესიონიზმი იჩენს ხოლმე მათ ტექსტებში თავს (მაგ., იხ. ქვემოთ პაოლოს ლექსი “ფარშავანგები ქალაქში”). კლასიკური გაგებით სიმბოლსტი პოეტი გვყავდა ერთი. ხელახლაა განსასაზღვრი მე-20 ს. ქართული ლიტ.-ის (და არა მარტო მეოცე საუკუნის, არამედ მე-18-19 საუკუნეებისაც) ტოპოსები, “ვინ სადღა იყოს” („ცისფერყანწელთა“ ვითომ სიმბოლიზმის მანიფესტებიც მოგონილი სიმბოლიზმია, ტიპიური ექსპრესიონისტულ-ავანგარდისტული მანიფესტებია):

პაოლო:

ქალაქში სიცხე იყო. რეტიან ფიქრებს
მზე აწვალებდა და ახრჩობდა ცხელ ნიაღვარში:
(ავია, როცა წითელ გველებს მზე შემოიკრებს,
და დაიქცევა მკბენარ სისხლად ქუჩების ღარში).
ქალაქში სიცხე იყო. ეტლები ჰქროდნენ,
მზეს ემდუროდნენ მომეტებულ ნეტარებისთვის;
მხოლოდ კატები ქვეყნის დუღილს შეეხაროდენ,
რომ ინახავენ თავის ვნებას ცხელ დარებისთვის:
როგორც დამსხვრეულ შუშების მტვერი,
ისე ელავდა ლურჯი ჰაერი.
და მოძრაობდა ჩქარ ელვარებით
ხალხი, მორთული ცხელ ოლარებით.
ქარხნების ყვირილი და კვამლი ღვრია,
ქუჩებში სნეული ძაღლები ყრია.
კნავიან სახლებზე ფერადი კატები;
საყდრის გუმბათები
ცას ეშურებიან, ვით ცეცხლის ენები.
მხურვალე ცახცახით დაჰქრიან ცხენები.
მწვანე და წითელი ქოლგების ტრიალი,
სადღესასწაულო დროშების ფრიალი,
ლურჯ ხავერდიან ხეების ლანდები,
ოქროს და ძვირფასი ქვის შუშაბანდები…
სისხლისფერ გველეშაპს ბრაზი ემატება.,
ქალაქში შენიშნეს ჰაერის ანთება…

სიმბოლიტური ფორმატისას მე ვერაფრს ვატყობ ამას: პოეტური მეტყველებიდან დაწყებული ლირიკული “მე”-ს სრული გაუქმებითა და კოსმიური შეგრძნებებით დამთავრებული!  ეს სუფთა ექსპრესიონიზმია:

  1. ე. წ. “ლირიკული მე-ს” სრული გაუქმება,
  2. ცალსახად ქალაქური სივრცე: აქ პაოლოსთან ქალაქი სწორედ ექსპრესიონისტული გლობალისტური შეგრძნებაა..,
  3. პოეტური მეტყველების სიმძაფრე, რომელშიც გაცხადებულია გრანდიოზული კოსმური ხდომილება და საკაცობრიო, – და არა პიროვნულ-ინტიმური, – სულის ამოძახილი (“ყვირილი”),
  4. კონკრეტულში კოსმიურის განჭვრეტა,
  5. ექსპრესიონიზმისთვის დამახასიათებელი სიმახინჯის ესთეტიკა,
  6. ფოკალიზაციის გაფართოება. და გლობალიზება,
  7. მომეტებულად დიონისური პათოსი და ეთოსი.

რა ეტყობა ერთი ამ სტრიქონებს სიმბოლიზმისა და სიმბოლისტური პეტური მეტყვეელბის(?!):

“ხალხი, მორთული ცხელ ოლარებით.
ქარხნების ყვირილი და კვამლი ღვრია,
ქუჩებში სნეული ძაღლები ყრია.
კნავიან სახლებზე ფერადი კატები”.

წმინდად ექსპრესიონისტული პოეტური მეტყველებაა.

ისე, სხვათა შორის, ზუსტად ასევეა კონსტანტინესთანაც – იხ. მისი ექსპრესიონისტული ლექსი “ქრისტე პარიზში 1999 წელს”. აქაც, კონსტანტინესთან ურბანიზმი, ქალაქი სწორედ ექსპრესიონისტული გლობალისტური შეგრძნებაა (ამ საკითხზე დაწვრ. იხ. ჩემი სტატია „კონსტანტინე გამსახურდიას ურბანისტული ლირიკა“; „სემიოტიკა“, #15, 2015).

დადგა თუ არა ექსპრესიონისტი პაოლოსგან ეგ არაა მთავარი… მთავარია, რომ არც პაოლო და არც ტიციანი, განსხვავებით გალაკტიონისგან, კლასიკური გაგებით სიმბოლისტები არ არიან… არამედ მომეტებულად ექსპრესიონიზმისკენ იხრებიან… და ეს ყველაფერი უკვე ახალი კვლევების ამოცანაა…

 

  1. Summa postmodernica, ანუ პოსტმოდერნი vs. პოსტმოდერნიზმი

პოსტმოდერნიზმის, როგორც ესთეტიკური სივრცის, შესაბამისად, პოსტმოდერნისტული ხელოვნების, მწერლობის ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ მან თავის დეკონსტრუქციებითა და გადათამაშებების ვნებით წარსული ესთეტიკური და ლიტერატურული ეპოქების (ანტიკურობა, შუასაუკუნეები, რენესანსი, ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, მოდერნიზმი…) ახალი შესაძლებლობები დაგვანახა. სხვა მხრივ, პოსტმოდერნიზმი, როგორც ესთეტიკური სივრცე, არის სრული “ხალტურა” და “კასტრაცია”.
სრული ბლეფია აპოლოგეტური საუბარი იმაზე, თითქოს პოსტმოდერნიზმმა ე. წ. “მესამე სივრცე გადახსნა” და მისთ.

თუ ამ “მესამე სივრცეზე” მიდგა საქმე, მაშინ ეს “მესამე სივრცე” თავის დროზე რომანტიზმმა და მოდერნიზმმა დიდი ხანია გახსნეს, ხოლო პოსტმოდერნიზმმა ეს სივრცე უსასრულო სიმულაკრობითა და სიმულაკრებით გაჭედა და დაახშო.
არადა, სულ სხვაა პოსტმოდერნი, როგორც ისტორიული ეპოქა და ჩვენ ის უფრო გვეძვირფასება თავისი ანტიიდეოლოგიურობით, ანტიდისკურსულობით, ე. წ. მეტი დემოკრატიით, ტრანსპარენტულობით, ვერტიკალების დამხობით, პოსტმეტაფიზიკითა  და როკ-მუსიკით.

 

  1. ახალგაზრდა დამწყებ პროზაიკოსებს რჩევა მინდა მივაწოდო ერთგვარი:
    თუკი გაქვთ ნიჭი “და თანაც კიდევ გაუგებარი” (გალაკტონი), მაშინ თქვენი ტალანტი აუცილებლად დააფუძნეთ შემდეგ მონაცემებზე, ეს თქვენც წაგადგებათ და თქვენს ტალანტსაც:
  2. იკითხეთ ნაშრომები ლიტერატურის თეორიაში, განსაკუთრებით ნარატოლოგიაში,
  3. გაეცანით მე-20 საუკუნის ლიტერატურის თეორიის მიმდინარეობებს,
    3. შეიძინეთ და გაიღრმავეთ ფილოსოფიური ცოდნა (განსაკუთრებით მე-19-20 საუკუნეებისა),
    4. ხშირად იკითხეთ თქვენი თაობის თუ უფროსი ასაკის უცხოელი და ქართველი კოლეგების პროზაული ნაწარმოებები,
  4. შეიძინეთ ცხოვრებისეული გამოცდილება და გაიღრმავეთ რეფლექსიურ-მედიტატიური (ანუ თვითჩარმავების, თვითრეფლექსიის) უნარები, რათა თქვენი ნაწერი იყოს ავტენთური და დამაჯერებელი. ამიტომ, ბევრი იმოგზაურეთ ფილოსოფიურად და გეოგრაფიულად.
  5. თავიდანვე ნუ შეუდგებით ვრცელი პროზული ფორმებით წერას (მაგ., რომანი, ვრცელი მოთხრობა), ჯერ ძალები ნოველისტიკაში მოსინჯეთ (ამას გოეთე შეგვაგონებს),
  6. ერიდეთ მაქებრებს (განსაკუთრებით ახლობლებს) და არ დაუჯეროთ მათ,
  7. არასოდეს აძაგოთ კოლეგები, მეწვრილმანედ გამოჩნდებით,
  8. ყურადღებით და მოთმინებით მიიღეთ ნებისმიერი კრიტიკა (თუნდაც უსამართლო) და მუდმივად გაანალიზეთ ის,
  9. ნუ იქნებით ორიენტირებულნი და დაგეშილნი სახელის მოხვეჭაზე, რამეთუ, “სახელი და დიდება სიკვდილსა გავს, როცა არ ელი, მაშინ მოგაკითხავს” (კ. გამსახურდია).

 

  1. “დიდოსტატში” განვითარებულ ე. წ. “ავტონომიური ხელოვნების” დისკურსით კონსტანტინე ფაქტიურად დაუპირისპირდა საბჭოთა იმპერიაში ერთადერთ ოფიციალურ, მძვინვარე და აღზევებულ “სოციალისტური რეალიზმის” ესთეტიკას. დროა, ამ რომანს ჩამოეცილოს ე. წ. “ისტორიული ჟანრის” კლიშე

ეს ლექსი კი („დერვიში“), რომელიც „დიდოსტატის“ შექმნამდე ბევრად ადრე დაიწერა (1934) და რომანში  შემდგომ იქნა ჩართული, ფაქტიურად, ნიცშეს და მის ზეკაცს ეძღვნება. ამასთან, მკვლევარს აძლევს ორიენტაციას, პირველ რიგში, თუ რა პერსპექტივიდან უნდა წაიკითხოს მან ეს რომანი:

„დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,

გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი.

ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა.

ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება…

განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,

დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა…“

(“დერვიში”)

(1934)

აქ  მრავალ  ნიცშეანურ  კონცეპტსა  და  მეტაფორაზეა  მინიშნება:

  1. „სექტა“, როგორც იდეოლოგიური მოძღვრებების ან ინსტიტუციების მეტაფორა. ამ „სექტებთან“ და მათ „ძალაუფლების ნებასთან“ აპრიორული დაპირისპირება და ასე საკუთარი ინდივიდუალური „ძალაუფლების ნების“ გამოვლინება, როგორც საკუთარი „ზეკაცობის“ განვითარების დაფუძნება და „უკანასკნელი ადამიანობის“ კონდიციის დაძლევა („დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა“).
  2. „უსამშობლოობა“ – როგორც კომფორტული ტრადიციული კულტურული სივრციდან აპრიორული გასვლა, ეგზისტენციალური რისკის გაღება და ამის საფუძველზე საკუთარი პიროვნების „ზეკაცური“ ეთიკით წრთვნა, ნიცშეს “ტერმინოლოგიით” “თვით-ძლევა”.
  3. „ზღვა“ – მინიშნება თავად ნიცშეს ბიოგრაფიულ მომენტზე (იგი ხომ ბევრს მოგზაურობდა, თანაც ზღვით საპორტო ქალაქიდან საპორტო ქალაქში – ნიცა, მესინა, გენუა, ვენეცია); ასევე მინიშნება მისი ფილოსოფიური ცხოვრების ყაიდაზე, რაც მუდმივ მოგზაურობას გულისხმობდა როგორც პირდაპირი, ისე ფილოსოფიური გაგებით. ამ პროცესში კი იგი ავითარებდა დისტანციის პათოსს („დააგდე სექტა“).
  4. არსებულისაგან “განძარცვა” (“განაძე”), როგორც ასკეტური ფილოსოფიური ეთიკის მეტაფორა, რაც გულისხმობს ამქვეყნიური დიდების (მაგ., ძლაუფლების მოყვარეობა) მოძულებას, ან მაღალი სოციალრი სტატუსის უარყოფას, რასაც ზარატუსტრა (და თავად ნიცშე) მუდმივად ავითარებდა.

ასე რომ: ეს რომანი თავისი მსოფლგანცდით და მსოფლმხედველობით, უპირატესად, ნიცშეანური და არა ისტორიული რომანია, „ფარსმანის“, „გიორგი მეფის“, „არსაკიძის” სახით ტიპიური იმმორალსიტი პერსონაჟები გვეცხადებიან.

 

  1. კეისარს კეისრისა…

რობაქიძე რომ არა, ქართული მოდერნიზმი (ყველა მიმართულებით – ლიტერატურა, მხატვრობა, თეატრი, კინო) დიდი ხნით დაიგვიანებდა, ან სულაც არ იქნებოდა, თუკი გავითვალისწინებთ, რა ისტორიული ცაიტნოტი იყო იმ ხანად საქართველოში: ანუ, 1921 წლიდან დამკვიდრებული ბოლშევიზმის ფაქტორი. მას ჟამსა შინა ხომ ყველაფერი მოსწრებაზე იყო. ამიტომაც, პარადიგმატული იყო რობაქიძის ჯერ კიდევ 10-იანი წლების საჯარო ლექციები თბილისსა და ქუთაისში, სადაც მან იქადაგა მოდერნიზმის აუცილებლობა (აღარაფერს ვამბობ რობაქიძის იმ უთვალავ პუბლიკაციაზე, რომლებიც 900-იან, 10-იან და 20-იან წლებში იბეჭდებოდა პოლიტიკის, სოციოლოგიის, კულტურფილოსოფიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, თეატრის, კინოს და ა. შ. საკითხებზე).

 

  1. ჩვენს მოდერნისტულ პოეზიაში (და არა მარტო ჩვენს) გალაკტიონის პოეზიაა ერთადერთი, რომელიც იტევს და შემოიკრებს მოდერნისტული, და ზოგადად თანამედროვე პოეზიის, მთელს სისავსეს, მის ყველა მიმართულებასა და ტენდენციას: იწყებს ეპიგონური ნეორომანტიზმით, ადის სიმბოლიზმის უმაღლეს სფეროებში, მერე გადადის ექსპრესიონიზმის, ფუტურიზმ-დადაიზმის, ახალი საგნობრიობის ელემენტებით გაჯერებულ პოსტსიმბოლისტურ ფაზაზე, მერე იძულებით სოცრეალიზმსაც გადასწვდება და ბოლოს 50-იანებში, პოსტსტალინურ პერიოდში ჰერმეტული პოეზიის “მონახაზებით” ამთავრებს:

* * *
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
რაც დავიწყება გულმა არ ჰგუბოს, –
მაინც მოვიდა ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს ამშვენებს კუბოს.

მიდიხარ… ისე მიგაქვს წვალება,
თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე.
ვინა თქვა შენი გრდაცვალება?
არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

მიდიხარ… აღარ დაგემდურება
არც მიწიერი, არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი უბედურება?
არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

მიდიხარ… ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი.
ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

მიდიხარ… შენს ბედს ბევრი ინატრებს,
მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის,
შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს –
შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

 

  1. “ეგზისტენციალიზმს” ვერ მოამყუდროვებ შენს “ბიურგერულ” დაშაქრულ “ფილოსოფიურ” ლექსებში, რაშიც მერე პრემიებს გაძლევენ: “ეგზისტენციალიზმის” ესთეტიკური დაურვება მუდამ ჰეროიკულ პესიმიზმთან და ტრაგიკულ გრადაციასთანაა წილნაყარი და არა “ლამფის” მყუდრო შუქთან.

ვერლიბრი კი იმისაა (და საერთოდ, ლირიკის ნებისმიერი ჟანრი), რომ მასში პატუა “მე”-ს სალონური წრიპინი კი არ უნდა ისმოდეს, არამედ “კოსმიური შეგრძნებები” უნდა ელავდეს,…

Ave!
კარლ  სენდბერგი
(თარგმანი  ზვიად  გამსახურდიასი)
“ჩემში სახლობს მგელი… ბასრი ბრჭყალები ტყავის დასაგლეჯად…
წითელი ენა უმი ხორცისთვის… ცხელი სისხლისთვის…
ვინახავ მგელს, რადგან იგი უდაბნომ მომცა,
უდაბნო მას ვერ შეელევა.
ჩემში სახლობს მელა… რუხ-მოვერცხლისფრო მელა.. მე ვყნოსავ გარემოს… ქარსაც კი გამოვრჩები რაღაცას,
სიბნელეში
გამოვჩხრეკ მძინარე არსებებს, შევახრამუნებ და ვმალავ ბუმბულს… ვხაზავ წრეებს, ვნასკვავ ყულფებს,
ვიგონებ ხრიკებს…
ჩემში სახლობს ტახი… დინგი და მუცელი… ჭამის, ღრუტუნის მექანიზმები… მზეში გაწოლის, ტკბილი ძილის მექანიზმები,-
ესენიც უდაბნომ მომმადლა, უდაბნო მათ ვერ შეელევა.
ჩემში სახლობს თევზი… ვიცი რომ მოვედი მლაშე და ცისფერი წყლის მორევებიდან…
დავსრიალებდი ქაშაყებთან ერთად მეჩეჩზე… წყალს ვაშხეფებდი დელფინებთან ერთად… სანამ მიწა შეიქმნებოდა…
სანამ წყალი გადავიდოდა… ნოეზე ადრე, დაბადების პირველ თავზე ადრე…..
ასე, რომ მთელი ზოოპარკი მყავს, მთელი სამხეცე, ამ ჩემს ნეკნებქვეშ, ამ ჩემს მყიფე თავისქალაში, ამ ჩემს წითელსარქვლიან გულში, ჩემს დედაკაცურ, ბავშვურ გულში: ჩემშია მამა, ჩემშია დედა, ჩემშია მიჯნური.
ესენი მოვიდნენ – ღმერთმა უწყის საიდან, მიდიან – ღმერთმა უწყის საით, მე ვარ ზოოპარკის პატრონი, მე ვამბობ “ჰო” -ს, ვამბობ “არას”, ვკლავ კაცს, ვმღერი, ვმუშაობ. მე თანაზიარი ვარ ამ სოფლის, მე უდაბნოდან მოვედი”.

 

  1. დოჩანამ აქ („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“) ზუსტად ის გააცხადა, რასაც ფუკო ლიტერატურის ანტიდისკურსულობას უწოდებდა: ანუ გაცხადდა, რომ სწორედ ლიტერატურაა ის “მესამე სივრცე” და ლიტერატურის კითხვაა ის შემეცნებითი პრაქსისი, რომელიც იმთავითვე უპირისპირდება იდეოლოგიურ დისკურსებსა და კონსტრუქტებს, რომლის საშუალებითაც ამ დისკურსებისა და კონსტრუქტებისათვის სრულიად უკონტროლო ხდები და გადიხარ “მესამე სივრცის” თავისუფლებაში, სადაც არ არის “არცა ურვა, არა არს სალმობაჲ, მწუხარებაჲ და სულთქმაჲ” და აფუძნებ შენსავე საკუთარ, შენსავე უნიკალურ დისტანიციის პათოსს. ამიტომ, იკითხეთ ლიტერატურა, თუ არ გინდათ მოექცეთ იმ ცრუწინასწარმეტყველთა „საკრალური“ თუ „სეკულარული“ იდეოლოგიების გავლენის ქვეშ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სწორედ ისინი ფლობენ “ჭეშმარიტებას”.

 

  1. იშყის/ეროსის გაგება რომანტიზმში:

“სიყვარული (“die Liebe”) მხოლოდ უსასრულობისაკენ სწრაფვის მდუმარე შინაგანი წყურვილი არაა, არამედ იგი ამავდროულად მშვენიერი აწმყოთი წმინდა ხორციელი ტკბობაცაა (“der heilige Genuß”). ის მხოლოდ მოკვდავობიდნ უკვდავებაში გადასვლა არაა, არამედ ამ ორი მონაცემის სრული ერთიანობა, მათი ნაზავი (“Mischung”)” (თარგმანი ჩემია – კ. ბ.) (ფრ. შლეგელი, “ლუცინდე”, Fr. Schlegel, “Lucinde” 1799).

ეროსის ზეობა აქ და ახლა, “მშვენიერი აწმყოს” სასრულობაში, მიწაზე ფუძნდება, და შემდგომ ეროსის/ტრფობის/იშყის შუამავლობით მანდვე, სასრულობაშივე განიჭვრიტება და შეიგრძნობა “თვით უკვდავებაც” და უსასრულობაც.

 

  1. შემთხვევითი არაა, რომ “კვაჭი კვაჭანტირაძე” და “ყვარყვარე თუთაბერი” სწორედ ჩვენში დაიწერა და სხვაგან არსად (ჟანრობრივი მსგავსება, მაგ., ევროპულ პიკარო- ანუ თაღლითურ-ავანტიურისტულ რომანებთან, აქ მთავარი არაა, მთვარია პერსონაჟთა მახასიათებლები; ეს კი წმინდად ქართულია)… ეს ფენომენი (“კვაჭი”, “ყვარყვარე”) წმინდად ქართული ექსკლუზივია, გინა ბრენდი… მაგრამ, უბედურება ისაა, რომ ამ “ბრენდსა” და “ექსკლუზივზე” მუდმივადაა ჩვენში მოთხოვნა…

 

  1. “რატომ ვერ არის” ლიტ. კრიტიკა ჩვენში? მე ორ მიზეზს ვიტყვი:
  2. საქართველოში ყველა ყველას მეგობარი და ნათესავია. ამიტომ, ამ სპეციფიკის გამო, კრიტიკოსებიც არიდებენ თავს საკუთარ მეგობარ-ნათესავ მწერალ-პოეტების წყენინებასა და სამუდამოდ მომდურებას (თანაც, ხომ ცნობილია, „მგოსნები“ რა მგრძნობიარენი არიან, ყველაფერი იოლად წყინთ ხოლმე).
  3. მეორე მიზეზი სისტემური ხასიათისაა: არ არსებობს მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ლიტ. ჟურნალი ან გაზეთი, სადაც კრიტიკოსს ექნებოდა ერთი გვერდი და მუდმივად დააკვირდებოდა და შეაფასებდა ლიტ. პროცესს, ახალგამოსულ თხზულებებს და ა. შ. ასეთ ყოველკვირეულ ლიტ. ჟურნალ(ებ)სა და კრიტიკოს(ებ)ს კი კაი ფული უნდა უხადო. ხოლო ვისაც ფული აქვს და ლიტ. სივრცეში ამ ფულს დებს, იმას ურჩევნია ისევ პრემია-კონკურსებში ჩადოს ეს ფული, ვინაიდან ასე მათ უფრო ნაკლებიც ეხარჯებათ თანხები, „მეცენატების“ სახელსაც იხვეჭენ, ისტორიაშიც შედიან და იმ პრემირებულ-პოეტ-მწერალთა მარაქაშიც გადიან. ხოლო კრიტიკოსსა და ლიტმცოდნეს ვინ მისცა ფული, რომ თავად დაარსოს და ამუშაოს საკუთარი მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ლიტ. ჟურნალი?!

 

2017 (იანვარი) – 2018 (თებერვალი)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s