ნინო პოპიაშვილი – ავტორი, როგორც მედიუმი (გერტ რობერტ გრიუნერტი, ცირა ბარბაქაძე)


 26758291_1834790009873954_675550026734410045_o

ავტორი, როგორც მედიუმი და ინტერპრეტატორი

თანამედროვე პოეზია განიხილება, როგორც ტრადიციულის დეკონსტრუქცია და ახალი ფორმებისა და შინაარსის ძიების შესაძლებლობა. ავტორი, როგორც მედიუმი, საკუთარ ტექსტსა და მის ინტერპრეტაციას შორის უკვე გარკვეულ ტენდენციას ქმნის. ტრადიციულ ჟანრებსა და ფორმებს შორის განსხვავებული, პოსტმოდერნისტული მეთოდებითა და აპარატით შექმნილი ტექსტები ახლებურ შესაძლებლობებს ავლენს. მინიმალიზმი რითმასა და რიტმში, ფორმიდან შინაარსში და შინაარსიდან ფორმაში მოგზაურობა, ორთოგრაფიის, ლექსიკისა და სემანტიკის ფილტრაცია თანამედროვე პოეზიის გამოხატულების ერთგვარ საშუალებად იქცა. გარდა ამისა, ავტორი ხშირად თვითონ გვევლინება საკუთარი ტექსტის მედიუმად, ამხსნელად, ინტერპრეტატორად.

ცვლის თუ არა ინფორმაციას ავტორი? რა შემთხვევაში იცვლება ინფორმაცია? როგორია ავტორისა და მკითხველის, კრიტიკოსის, ლიტერატურათმცოდნის ინტერპრეტაციები და რამდენად შეიძლება ისინი განხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ჩვენ შევეცდებით თანამედროვე გერმანელი პოეტის, გერტ რობერტ გრიუნერტისა და თანამედროვე ქართველი პოეტის, ცირა ბარბაქაძის ლექსებსა და მათ ავტორისეულ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით.

26814440_1834787516540870_4645625137946943696_n

გერტ რობერტ გრიუნერტი, გერმანელი ლირიკოსი, ლიტერატორი, დრამატურგი, მეცნიერი, რაინ-ერფტის მწერალთა კავშირის „Autorenkreis Rhein-Erft“ (ARF) წევრი, არის რამდენიმე კრებულის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი კრებულები:  „დათოვლილი მწვერვალი“ (ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2013; „ჟანგი“ (ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2012; „ნაფეხურები“ (ლექსები და მათი ინტერპრეტაციები), 2011. აღნიშნული კრებულები ერთგვარი კონცეპტუალური ნაშრომებია. თითოეულ კრებულში წარმოდგენილია ცხრა ლექსი და მათი ინტერპრეტაციები. ავტორი დეტალურად განიხილავს საკუთარ ლირიკას ლიტერატურის კრიტიკისა და ლიტერატურის თეორიის მეთოდების გამოყენებით. „ყოველი ლექსი მიემსგავსება თავისი საფუძვლითა და ფორმით ერთგვარ ნაპირს, რომელიც ლირიკოსის ცხოვრების მდინარეშია გადარგული. გრძნობათა შემთხვევითი ლოდების მოზვავებით თუ ქმნადობისას ფიქრების ქარის მუდმივად ერთი მიმართულებით ქროლვის წყალობით, ლექსი, როგორც მედიუმი, მაინც თხევად, არამყარ ფორმაში რჩება როგორც მდინარის ნაპირზე მოტივტივე, რომელიც შეიძლება მდინარემ ისევ გატაცოს“  (Grünert 2011, 13). გ. გრიუნერტის კრებულებში თითო ლექსი ორჯერ, ან მეტჯერ არის დაბეჭდილი. თავდაპირველად, იმ სახით, რომელსაც მკითხველი გაეცნობა და საკუთარი ინტერპრეტაციები გაუჩნდება. შემდეგ – პოეტის საკუთარი ინტერპრეტაციებით, გრიუნერტისეული მეტაფორით რომ ვთქვათ, „ავტორის ცხოვრების მდინარიდან დანახული“, ხოლო ინტერპრეტაციების შემდეგ – კვლავაც არის ლექსი დაბეჭდილი, რათა მკითხველმა უკვე ავტორის გააზრებებითა და შეხედულებებით შევსებული ლექსი თავიდან წაიკითხოს და საკუთარ შეხედულებებს შეუპირისპიროს. ზოგჯერ ერთი ლექსის ირგვლივ რამდენიმე ახსნის, ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გამო ლექსი მთელი მინიშნებებითა და კომენტარებით არის წარმოდგენილი. ამგვარი ინტერპრეტაციები კი ავტორის, როგორც მედიუმის დამატებით შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

ცირა ბარბაქაძე, ქართველი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე კრებულის ავტორია, მათ შორის, ლირიკული კრებულების, ესეების კრებულებისა და სხვ. ც. ბარბაქაძის ინტერპრეტაციები, განმარტებები და საკუთარი ტექსტების ახსნის ცდანი ერთგვარ მხატვრულ-გამომსახველობით ტენდენციად იქცა ავტორისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის მინიმალისტური განმარტებები, რაც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებასაც იძლევა. აღსანიშნავია აგრეთვე რამდენიმე ინოვაციური პროექტი, რომელსაც ც. ბარბაქაძე თავის სტუდენტებთან და თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს. მათ შორის, ლიტერატურული პროექტი „პოეზიის აფთიაქი“, რომელსაც ლიტერატურულთან ერთად ფსიქო-სოციალური დატვირთვაც აქვს. ეს არის ერთგვარი ლიტერატურული ლაბორატორია, სადაც რეცეპტების მაგიერ ლექსები მზადდება: ლექსები, რომლებიც კურნავს. კონცეპტი „სიტყვა, რომელიც წამალზე მეტია“ სამყაროს გამარტივების, პოეტური ა(მ)ბების ერთგვარ ინსპირაციად იქცა. თავად ცირა ბარბაქაძე ამ კონცეპტს შემდეგნაირად განმარტავს: „პოეზიის აფთიაქის“ მეტაფორით იმ აზრს გამოვხატავთ, რომ პოეტურად გამოთქმულ სიტყვას ზემოქმედების დიდი ძალა აქვს ადამიანზე, ცვლის და ბედნიერს ხდის მას (ჩვენი აფთიაქი მხოლოდ ბედნიერებაზე და პოზიტივზეა ორიენტირებული). გახსოვთ, როგორ მკურნალობდა ადამიანებს ცნობილი ფსიქოლოგი და ფარმაცევტი, ემილ კუე. როცა წამლების გაცემისას მან აღმოაჩინა, რომ მისი სიტყვა გაცილებით უკეთ მოქმედებდა, ვიდრე წამალი, შეისწავლა ეს პროცესი და ადამიანებს ასწავლიდა, თვითშთაგონებით და აფირმაციებით (სწორად ჩამოყალიბებული პოზიტიური წინადადებებით) როგორ უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ. დიახ, ეს პლაცებოს ეფექტია და კიდევ სიტყვის ძალა“ (ბარბაქაძე 2017, ჟურნ. „მასწავლებელი“ #2).

თავდაპირველადვე უნდა მივუთითოთ, რომ ავტორისა და ტექსტის ურთიერთმიმართება  მეოცე საუკუნის ლიტერატურის თეორიაში ფუნდამენტური შესწავლის საკითხს წარმოადგენს. აღნიშნულ სფეროს კი უკვე ეწოდა ავტოროლოგია, ავტორის, როგორც ფენომენის შემსწავლელი დისციპლინა. ავტოროლოგიას „ავტორისაგან გათავისუფლებაც“ უწოდეს. მიხაილ ბახტინის, ვიკტორ ვინოგრადობის, პერსი ლაბოკისა და სხვა მკვლევართა ნაშრომებში გაანალიზებულია ის ძირითადი საკითხები და პრონციპები, რაც ავტორის შესახებ კვლევებს წარმოადგენს. ავტორის შესწავლას მიეძღვნა რ. ბარტის „ავტორის სიკვდილი“ (1968), იულია კრისტევას „სემიოტიკა“ (1969), მიშელ ფუკოს „რა არის ავტორი“ (1969) და სხვ. სადაც ავტორი „გათავისუფლებულია“ ან „უარყოფილია“ ტექსტთან მიმართებაში. რ. ბარტის თეორიის თანახმად, მიუღებელია ის ტენდენცია, რომ ტექსტის ანალიზისა და ინტერპრეტაციის დროს ავტორის ბიოგრაფია და შემოქმედება, სხვა ტექსტები მთავარ ამოსავალ დებულებად იქცევა. ბარტის აზრით, აუცილებელია გაიმიჯნოს ერთი მხრივ, ავტორი ცხოვრებაში და მეორე მხრივ, ავტორი შემოქმედებაში. ამასთან, სათანადოდ უნდა იყოს კლასიფიცირებული განსხვავებული დროები: ავტორის დრო და მკითხველის დრო. მაშინ, როდესაც ავტორის დრო წარსულის დროის ექვივალენტია, ხოლო მკითხველის დრო – ეს არის აწმყო დრო.

აღნიშნულთან კავშირში უთუოდ საინტერესოა ახალი ლტიერატურული ექსპერიმენტები, თეორიები და პრაქტიკები, სადაც ავტორის დრო უდრის მკითხველის დროს, რადგან ავტორი საკუთარი ტექსტების ინტერპრეტატორი, მკითხველი და განმსჯელია.

სწორედ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ავტორის, როგორც მედიუმის კონცეპტზე დაკვირვება. ავტორი, როგორც გამტარი სამყაროსეულ ხატსა და საკუთარ შემოქმედებაზე, რომელიც კვლავაც აფასებს და გადააფასებს, ერთგვარ რევიზიას ახდენს საკუთარი შემოქმედებით საკუთარ ტექსტებზე. შესაძლებელია გამოიყოს შემდეგი ასპექტები:

ავტორი, როგორც სამყაროს მედიუმი;

ავტორი, როგორც რეალობის მედიუმი;

ავტორი, როგორც საკუთარი თავის მედიუმი;

და კიდევ მრავალი შესაძლებლობა მედიუმის, როგორც შუამავლისა და გამტარის არსში.

გერტ რობერტ გრიუნერტის ლექსი „თანამედროვე პოეზია“ („Moderne Lyrik“) ეხება თავისუფლების კონცეპტებს, სადაც შემოქმედებაში მოაზრებულია ყოველი სუნთქვა, რომლის აეროდინამიკა ადამიანის მდგომარეობას გამოხატავს. „ჩვენ ვსუნთქავთ./ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ./ენა გვებოძა/სუნთქვისათვის/ჰაერის შეკავებით/მათი აეროდინამიკა/შესაგრძნობი რომ გახდეს/ ჩვენი/აწონილ-დაწონილი მდგომარეობა (თარგმანი ჩემია, ნ. პ.).  უნდა აღინიშნოს, რომ გ. გრიუნერტის ტექსტები კონცეპტუალურია, ავტორი თითქმის არ ხმარობს სასვენ ნიშნებს, რითაც აუქმებს საზღვრებს სიტყვებსა და მათ ხატებს შორის, თავისუფალს ხდის ინტერპრეტაციას, სიტყვათა და სიმბოლოთა შორის შეთანხმებას.

ცირა ბარბაქაძის ლექსში „გაბრაზებული წერილი“ ლექსი, შემოქმედება, ტექსტი სწორედ თავისუფლების, გათავისუფლების ერთგვარი გამოხატულებაა. ტექსტად გაქციე…/გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში,/ახლა კარს ვაღებ და/გეუბნები _/გათავისუფლებ…/მზის სხივებივით/აიკრიფე ამ ფურცლებიდან _/სულ ასო_ასო,/ სულ ბგერა_ბგერა,/წერტილებით და მძიმეებით,/კითხვისნიშნებით…/დამიტოვე/თეთრი ფურცელი…

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცირა ბარბაქაძე ორ ლიტერატურულ ესეში მსჯელობს გერტ რობერტ გრიუნერტის შემოქმედებაზე. ესეები გამოქვეყნებულია ჟურნალში „მასწავლებელი“ და ხელმისაწვდომია ჟურნალის ონლაინპლატფორმაზეც. სწორედ გერტ რობერტ გრიუნერტისადმი მიძღვნილ ესეში ც. ბარბაქაძე მსჯელობს ავტორისა და ტექსტის ურთიერთმიმართებისა და ავტორის, როგორც მედიუმის საკითხზე და აღნიშნავს: „ტექსტი არასდროს აღიქმება განყენებულად, მას ყოველთვის აქვს გარკვეული კონტექსტი. ალბათ ყველას შეგინიშნავთ ის უცნაური თანხვედრა აზრისა და მოვლენებისა, რომელიც კოსმოსს ქმნის ხოლმე ჩვენ გარშემო, როდესაც რაღაც იდეაზე ვფიქრობთ… სამუშაო მაგიდაზე 10 სხვადასხვა წიგნი სრულიად შემთხვევით რომ გადავშალო, თითქოს  ყველგან ერთი აზრია გაშლილი სხვადასხვა ასპექტით. და არა მხოლოდ ტექსტებს შორის კავშირია ასე თვალსაჩინო… აღქმაში მონაწილეობს ჩვენი შინაგანი განწყობა და გარეგანი ამინდიც კი… ის ხმაური თუ სიჩუმე, რომელიც ახლა ქუჩაშია და რომელიც ჩემი კლავიატურის ხმას ერთვის; ის მესიჯი, რომელიც მეგობრისგან მივიღე ამ ტექსტის წერის პროცესში… ყველაფერი ერთად ქმნის განსაკუთრებულ სივრცეს ტექსტის აღქმისთვის, გაგებისა და შემეცნებისთვის.  და ასეთი აღქმა ყოველთვის უნიკალურია. ტექსტი არასდროს არ არის მკითხველისა და კონტექსტისგან განყენებული, ტექსტი – ეს არის ცნობიერების დიალოგი და ამ დიალოგში ყველაფერი მონაწილეობს და ყველაფერი ნიშანია…“ (ბარბაქაძე 2017-2).

ცირა ბარბაქაძე და გერტ რობერტ გრიუნერტი, თანამედროვე ავტორები არიან, რომელთა პოეზიაზე დაკვირვება მრავალ განსხვავებულთან ერთად საერთო ნიშნებსაც წარმოაჩენს. პირველ რიგში, ეს არის სამყაროს გააზრების ხშირად ერთნაირი მცდელობანი. ამ მხრივ საინტერესოა გერტ რობერტ გრიუნერტისა და ცირა ბარბაქაძის ორი ლექსი, სადაც შუქნიშანი ერთგვარ სიმბოლოდ არის გამოყენებული, რომელიც ახალ მიზნებსა და შეკითხვებს ბადებს. მინიმალისტურ სტილში დაწერილი გ. გრიუნერტის ლექსი ფილოსოფიურ შეკითხვებს სვამს: რას ხედავს და რას აღიქვამს გარემო? ადამიანის მიერ მოწესრიგებული სამყარო რამდენად არის გასაგები სხვებისთვის?

 

შუქნიშანი

ქვემოთ აორტას სარქველთან

ჩერდება

ქალაქი

სისხლის გამტარი

სისხლის გამტარად

ჯიუტი მექანიკა

კიდევ ერთი ზაფხული!

თუნუქი

ნებას გვაძლევს

ფოლადისფერი

ცა

და მერცხლები

ნეტავ გვხედავენ?

და რას ფიქრობენ

ჩვენზე

როცა სტარტს იღებენ

მწვანეზე პარკისკენ

ყვითელზე მზისკენ

და წითელზე

(თარგმანი ჩემია, ნ. პ.)

ცირა ბარბაქაძის ლექსში გარდა მსგავსი სიმბოლური სახეებისა დასმულია იგივე შეკითხვა: რას გრძნობენ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები დადგენილი წესების, გამოცდების, დამარცხებისა და გამარჯვების, სუქნიშნებისა და სხვა, მათ მიერ შექმნილი წესების გარეშე? დაუბრუნდება ადამიანი თავის პირველსაწყისს?

„ვაუქმებ შუქნიშნებს გადასასვლელებზე,

ჭაღარას _ თმებში…

რისხვას _ გულში…

ვაუქმებ სიყვარულის სამკუთხედებს

და ვტოვებ წრფეებს…

ასე უფრო წრფელია.

ვაუქმებ დამარცხებებს და გამარჯვებებს,

ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში…

და ვაუქმებ,

ცხოვრებას, როგორც გამოცდას…

ნეტავ,

როგორ იცხოვრებენ ადამიანები…?“

ავტორი, როგორც მედიუმი და ტექსტი, როგორც არტეფაქტი თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში დამკვიდრებული ცნებებია. დინამიური მეტაფორები ავტორის სიმბოლურ რეპრეზენტაციას წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ტექსტი არის ავტორის ვირტუალური სახე: პოზიტიურიცა და ნეგატიურიც.

თუ ცირა ბარბაქაძე გამოცანების, ენობრივი და მეტაფორული ექსპერიმენტების საშუალებით ცდილობს იმეტყველოს ტექსტში, გააჩინოს და წარმოაჩინოს ინტერპრეტაციის, სხვადქასხვა სახის განზომილებების, ვარაუდების შესაძლებლობები, გერტ რობერტ გრუნერტი ასევე მრავალმხრივად „ძალადობს“ ენაზე, წარმოადგენს საკუთარი ლექსების ინტერპრეტაციებსაც, რაც ერთგვარი „უკანონობაა“ პოეზიის „კანონების“ მიხედვით, რადგან ავტორის მთავარი დანიშნულებაა დაწეროს და მხოლოდ მკითხველის ვალი და მოვალეობაა, წაიკითხოს, გაიაზროს, ინტერპრეტაციებითა და შეხედულებებით, მსჯელობებითა და ანალიზით ჩასწვდეს ტექსტს. გერტ რობერტ გრიუნერტისა და ცირა ბარბაქაძის შემთხვევაში სწორედ ავტორი, როგორც პირველწყარო, შესაძლო ინტერპრეტაციებსა და ანალიზის შესაძლებლობს თავადვე გვთავაზობს.

 

ნინო პოპიაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

ბარტი 2000

Barthes Roland, Der Tod des Autors. In: Fotis Jannidis, Gerhard Lauer, Matias Martinez und Simone Winko (Hrsg.): Texte zur Theorie der Autorschaft. Reclam, Stuttgart 2000, S. 185–193.

 

ბარბაქაძე 2008

ბარბაქაძე ცირა, დუმილის ა(მ)ბები, ლექსები, 2008

 

ბარბაქაძე 2011

ბარბაქაძე ცირა, „უცხოქალაქი“, ლექსები, 2011

 

ბარბაქაძე 2017-1

ცირა ბარბაქაძე, პოეზიის აფთიაქი, ჟურნალში „მასწავლებელი“, თებერვალი, 2017. http://mastsavlebeli.ge/?p=13105

 

ბარბაქაძე 2017-2

ცირა ბარბაქაძე, „ყრმა იშვა ჩვენ თანა“, ანუ გერტ რობერტ გრიუნერტის პოეზია და ჰანა არენდტის ფილოსოფია, ჟურნალში „მასწავლებელი“, სექტემბერი, 2017. http://mastsavlebeli.ge/?p=15615

 

ბარბაქაძე 2017-3

ბარბაქაძე ცირა, სიყვარულის მეტაფორები, ლექსები, 2017

 

 

Grünert 2013

Grünert Gert Robert, Schneewächten. Neun Gedichte und ihre Analyse,  Engelsdorfer Verlag, 2013

Grünert 2012

Grünert Gert Robert, „Flußschnellen“, Neun Gedichte und ihre Analyse, Engelsdorfer Verlag Leipzig 2011

 

Grünert 2011

Grünert Gert Robert, „Flugrost“, Neun Gedichte und ihre Analyse, Engelsdorfer Verlag Leipzig 2012

კრისტევა 1969

Kristeva Julia, Semeiotikê. Recherches pour une sémanalyse, Seuil, 1969

 

ფუკო 1969

Michel Foucault, Qu’est-ce qu’un auteur? Bulletin de la société française de philosophie, 1969

 

26758291_1834790009873954_675550026734410045_o

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s