კონსტანტინე ბრეგაძე –  ფსევდო-შინელი   („ანუ, რა ვაკეთეთ, რას ვშვებოდით…“)


22385009_956591261160182_2106715627_n

მხცითშემოსილი ღენერალი სარკის წინ წარსდგა და მის სულში უცებ გახმიანდა ჭაბუკობისას მრავალჯერ თქმული: „არ ვსდევ ჟამთა ცვლას, მე იგივე ვარ მარად და მარად…“. მწარედ გაეღიმა… 1804… 1812… 1832… „წარილტვნენ განქრნენ სიზმრებრივ ჩქარა…“. ჩყპყ წელსა ტაიჭი შეაგდო მთიულეთს თვრამეტი წლის ბიჭმა, თავი კავკასიის მაკედონელად ეზმანა, მისი ჟამი იდგა  –  ბედი უთხზავდა ტრიუმფალურ სვლას ტფილისისაკე… „ვაჰ, მე“ და „ვა მე!“ და კარგი ჩიტიც დაიჭი: „არცა ცხელ ხარ და არცა ცივ, არამედ ტფილ“, ტფილისივით ორპირ და ორფა… რაზედ მიბარებს, აა?! ისემც მაგას რა ვუთხარ: მაინცა და მაინც ჩემგან სურს გაეცნოს „ტუზემცელთა“ საქმის ვითარებასა?!… და განა რა აქვს სარკვევი, უჩემოდ ვერ ისტრატეღებს? ანდა, სულაც გაეცნოს ჩემი ვაი-სიძის „დეკ(აბ)რეტულ“ „აჩოტებსა“, სადაც სხვასთან ერთად ისიც სწერია, რომ „ტუზემცელთა“ ბედნიერებისათვისვეა აუცილებელი, მათი იმპერიის შორეულ შიდა მხარეებში გადასახლება, რაც არისო კიდეც ჭეშმარიტად „ქრისტიანული აქტი“… მერე იქვე ურთავდა, რომ თავად „წმიდა“ „ტრაკ-ტატი“ გვავალდებულებსო ამას… ამადაც, სტრატეღია, დიაღაც კარგი ვიცი, ვიცით, მაგრამ ტაქტიკა?! ტაქტიკა ჩვენში ყოველთვის ჭირდა… და ახლა ვიღას ეტაქტიკება, როცა „შემოდგომამა ბახუსი საწნახელში ჩააყენა“?! ალბათ, მოსწყინდა მეფისნაცვალს ამ წვირიან ტფილისში, თანაც აგერ ჯიბრზედ წვიმიანი ამინდებიც დაიჭირა… უთუოდ: მოსწყინდა სკვითსა… გრიგოლ დღენიადაგ მთებშია, ვახტანგ დღემუდამ გულშემოყრითა გვყამს, ალექსანდრემ ამ სიბერეში „პიიტიკობა“ მომინდომა და შოთას ლანდს წამდაუწუმ „სტიხით“ ებაასება („სიხარულითა და სიკეთილით მოძღუდული სცურავ სიამოვნებასა შინა! სიმდიდრე და დიდება სულ არა ჩანს არად შენთან, ჩანგ-ებნები და ყოველი სამუსიკო შეგამკობენ, მგალობლები და მომღერალნი შემოგტრფიან…“), ბატონიშვილს კიდე, ერთადერთს ექსორიაგადარჩენილს, დღედაღამ „ტყ“ ბგერის მეტი სხვა არაფერი ამოსდის პირიდამ და შეპყრობილივით ჩახვეული აქვს „ტყვევნა და ტყვნა, ტყვევნა და ტყვნა… ჰოჲ, წარიტყუნა ქუეყანა და ა. შ.“… ეეჰ, ისევ მე შევრჩი, „ჭირთა თმობილი“… ვაგლახ! მელიტონის ძე მაინც მყოლოდა გვერდზედ – „გასვათ სასმისი ღმერთასი“… კარგად წყობილსიტყვაობდა, აი… ნეტაი მაგას, რა უჭირს, კაცურად გავიდა ამა ქვეყნიდამ თავის ტაიჭით… ტფილისს შენ ერთი დაურჩი მეფისნაცვალს არიფიონად… მითამ გოგირდის აბანომ ყველა ნასვრეტში ჯანი მომცა… მაგრა, სადღაა ჯანი, „არცა ცხელ ხარ და არცა ცივ“, რაღაც სხვა  –  ტფილი, თარსი, ნავსი… გარსევანის ძე ამადაც დათარსულ-დანავსული იქნები… ლიონიძე ვინ ჩემი ტიკი-ტომარაა, ამხელა იმპერიის ელჩად ვარ წარგზავნილი და დიპლომატიასა და „ვნეშნი“ საქმეებს ეგ უნდა მასწავლიდესო?! ხოდა, იმ შენი „ვნეშნი ტორგის“ პირველ აქტად მე რად მაქციე, შე სვედავსილო, შენა, მაინცა და მაინც იმ ბოზანდარა „პრასტიტანტკა“-პროტესტანტკას“ რომ მოანათვლინე ჩემი თავი?! ფრანკული ამბორიც მისგან ვისწავლე და ახლა მეფისნაცვალთანღა თუ გამამადგება ეგა…

მსახურმა თავი შემოყო  –  „შინელი მზად გახლავთ, თქვენო ბრწყინვალებავ, მეფისნაცვლის მორთმეული, ამადაც გთხოვათ, შინელით ეახლოთ…“.

–  ხოო, იესე, ის გახუნებული ეპოლეტებიც ზედ დააკარ, ეგება მაკედონელის იერი მეცხოს, თუ არა და, ერმოლოვს მაინც დავუყენებ თვალსა…  ისე, ეგება და, კარგი ფილასოფოსი და ამოდ მოუბარი გამოდგეს ეს ჩვენი ახალი მეფისნაცვალი, ან ლიტერატურის მეტრფე, თანაც ევროპულისა, ვოლტერისა, კლასსიციზმისა, “ვერსალის ბროლისა”… ისემც მაგას რა ვუთხარ, ან ჩემის რა ვთქვი  –  ეგ მითამ „ფრიდრიხ დიდი“ და მე  ქართველი „ვოლტერი“, გინა „ჟან-ჟაკ“, გინა „სოკრატე“… „რა ვუყო სპლინს, ჩემს უხმო ჯალათს“… ერთიც ეგ არის რაღა, ტფილისის სპლინი, მუნ ხელი თუ დაგრია, გალოთება არ აგცდება  –   „ზაპოი“, როგორც იყტოდნენ ძველი ქალაქელები… თანაც, ეს შემოდგომის წვიმებიც თუ დაიჭირა, ხომ სულ მთლად იტირებს „სული ცისფერ ღვინოებს“… ეგ არი: უთუოდ ტფილისის სპლინი შეეყარა ამ წვიმებზედ მეფისნაცვალსა და ახლა მე უნდა დავუამო რაღა, ვეფერო და დავუამო ერთს ალაგას, როგორც წესია თუ წერილ არს… აბა ზაზას კარაბადინში რა სწერია, ნეტა გამიმართლებს დღესა და მოვიშორებ სპლინსა? ეგება ბანოვანნი ჰყვანდეს მეფისნაცვალსა, მივეცემოდი, მომეცემოდა, იშყი მაჯაზი, მაგრა ამ სიბერეში რაღა დროსია?! აბა, ზაზაჯან, მაინც გვიბრძანე: „თუ კაცსა y…ს გადიდება და გამსხვილება უნდოდეს: მოიტანე ხახვი და ნარგიზის კურკა, წითელი ყურძენი და აღყარყარა, ეს წამლები სწორ სწორ ქენით, ყველა დანაყეთ, გაცერით, ძროხის ნაღველით სქლად დანაყეთ, თბილ-თბილ y…ზედ შეიცხოს და კარგად იზილოს, და ერთ ჟამს ზედ უნდა ეცხოს, კაცს y…ს უსათუოდ გაუდიდებს, y…ს მწოვედ გაუმაგრებს, კაცს წელსა და თირკმელს გაუხურვებს, კაცობას მატებს და  ბევრს თესლსა ჩაუყენებს…“. ხოდა, ასემც ჩაგვიყენეს სკვითთა თვისი ბატალიონი ტფილისსა შინა ჩყპყ წელსა ქორონიკონს ქრისტეს აქეთ 1799-სა და კაცობაც დავკარგეთ, სწორედ იმ წელს, რუსის „მავრი“ რომ დაიბადა, ხოლო ფრიდრიხ შლეგელ თავის რომანტიკულ რომან „ლუცინდესა“ (“Lucinde”) სწერამდა და თანაც თავის იშყს, დოროთეა მაისეევნას „წერამდა“… „ვაჰ სოფელო, რა შიგან გაქ…“, „ძნელი არის მარტოობა სულისა“  –  პოეტი, ღენერალ-ლეიტენანტი, მეფისნაცვლის ადიუტანტი, იმპერატრიცას ნათლული, არშემდგარი ქართული კონსტიტუციურ-მონარქისტული  რესპუბლიკის არშემდგარი პირველი მინისტრი… გარსევან, შენ ჩემი ცოდვით სავსევ, იმ „ელიტნი“ პოლკში რად მიკარ თავი, „მე პაჟი ვიყავ, ის კი პრინცესა“… სკვითის ლუესი და სპლინი მისგან გამომყვა, რამეთუ სრულად შემიწოვა და გამომწოვა… განვედ ჩემგან, მაცთურო ბოზო დიაცო… ვაგლახ, დაშრიტეს ჩვენი ძალნი, რასაც „ვესტ-ჰინდოთ“ ზანგნი „მოჯოდ“ უხმობენ… და ვჯდე აქა, ვით უნაყოფო კოლხური თხმელა…

კიბეებზედ… პორწიე… ეტლი… შინელი  –  ჩაჭრა-ჩააკარაბაკა… მუნით წარიღო და სკორეთა და ნეხვთა ზედა მიანება…

P.S.

„ნუს ბლიაძ, აპაზდივაეტ ნაშ გარსევანოვიჩ, ადჲუტანტ პარშივი, და პოხუი სნიმ… ანუკა ძევუშკი, აპა, მანანიკო, მაიკო,  ბუძემ „სულიკო“…

 

თბილისი, 2017 წელსა,

4-5 ოქტომბერთა გასაყარი,

დასრულდა 00:30-ზედ.

ბოლო რედაქცია: „ელვარე და ლომფერი“ 9 ოქტომბერი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s