თენგიზ ვერულავა _ იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქები“


12200599_10206705040677417_1719927312_n

სამყარო, თავის სხვადასხვა გამოვლინებებში

ყოველთვის გამოიყურება უფრო ფრაგმენტული, ვიდრე უწყვეტი.”

იტალო კალვინო

ლიტერატურაში ბევრია ნაწარმოები, სადაც მთავარი გმირი ტოვებს მშობლიურ ქალაქს და მიდის სამოგზაუროდ, მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას ხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, და ბოლოს ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო სვლა.

ჰომეროსის „ოდისეაში“ 20 წლიანი, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ოდისევსი თავის კუნძულს, მშობლიურ ითაკას უბრუნდება. რაინდულ ნაწარმოებთა კითხვით შთაგონებული დონ კიხოტი გადაწყვეტს თვითონ გახდეს მოხეტიალე რაინდი და სნეული ბრუნდება შინ. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელ პირველში“ სამოგზაუროდ წასული დომენიკო, რომელმაც ქვეყნიერება მოიარა და თავის სოფელზე უმჯობესი ვერა ჰპოვა, ბრუნდება შინ, ბრუნდება მამასთან, რათა დრო რომ მოვა, თავად გახდეს მამა (ცანავა 2010).

იტალიელი მოგზაური და ვაჭარი მარკო პოლო (1254-1324) 17 წლიანი მოგზაურობის შემდეგ ბრუნდება მშობლიურ ვენეციაში და წერს „მარკო პოლოს წიგნს“, სადაც მოგვითხრობს უცნობი ცივილიზაციების შესახებ. 1972 წელს იტალიელმა მწერალმა იტალო კალვინომ „მარკო პოლოს წიგნის“ გავლენით დაწერა „უხილავი ქალაქები“ (“Le città invisibili “), სადაც პოლო მონღოლთა ხანს, იუანის სახელმწიფოს მმართველს ყუბილაის (1215-1294) მოუთხრობს მისი იმპერიის ქალაქებზე.

“უხილავი ქალაქები“ თითქოს სიზმრისა და სიცხადის, ირეალურისა და რეალურის ზღვარზეა. თავად ყუბილაი ხანი ასოცირდება ინგლისელი პოეტის სამუელ კოლრიჯის (1772-1834) პოემასთან „ყუბილაი ხანი“. წერის დროს პოეტი იყენებდა ოპიუმს და ერთხელ, პოემის სიუჟეტზე ოცნებისას, წიგნის კითხვის დროს ჩაეძინა. პოეტმა სიზმარში იმ პოემის სიუჟეტი იხილა, რომლის დაწერაზეც მთელი სიცოცხლე ოცნებობდა. პოეტს პერსონაჟები იმდენად ცხადად ედგნენ თვალწინ, რომ საწოლიდან წამომდგარი მაშინვე მაგიდას მიუჯდა და სიზმრის პოემად გადაქცევა დაიწყო. ასე სულმოუთქმელად, სანამ ოპიუმი ჯერ კიდევ მოქმედებდა, დაწერა “ყუბილაი ხანის” პირველი 50 სტრიქონი. მოულოდნელად სტუმარი ეწვია და პოეტმა წერა შეწყვიტა. როცა სტუმარი გაისტუმრა, სიზმარი მეხსიერებიდან გაუქრა. კოლრიჯი ცდილობდა დაბრუნებოდა პოემას, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა მის დასრულებაზე. მიუხედავად ამისა, “ყუბილაი ხანი” მიჩნეულია მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად.

კალვინოს რომანი „უხილავი ქალაქები“ 55 თავისაგან შედგება. თითოეული თავი ცალკე მოთხრობაა და დაყოფილია თერთმეტ “თემატურ ჯგუფად”, რომელთა სახელები შერჩეულია აღწერილი ქალაქის რომელიღაც ერთი უპირატესი ნიშნის მიხედვით:

  1. ქალაქები და მეხსიერება (Le città e la memoria);
  2. ქალაქები და სურვილები (Le città e il desiderio)
  3. ქალაქები და ნიშნები (Le città e i segni)
  4. დახვეწილი ქალაქები (Le città sottili)
  5. ქალაქები და გაცვლები (Le città e gli scambi)
  6. ქალაქები და თვალები (Le città e gli occhi)
  7. ქალაქები და სახელები (Le città e il nome)
  8. ქალაქები და მკვდრები (Le città e i morti)
  9. ქალაქები და ცა (Le città e il cielo)
  10. გაგრძელებული ქალაქები (Le città continue)
  11. დამალული ქალაქები (Le città nascoste)

მოთხრობები მცირე ზომისაა: ნახევარი გვერდიდან ორ გვერდამდე. თითოეულ მოთხრობაში აღწერილია ქალაქის ან მისი მაცხოვრებლების ყველაზე დამახასიათებელი თავისებურება. რომანი ერთგვარი თამაშია, სადაც წესებს თავად მკითხველი ირჩევს. თითოეული თავი-მოთხრობა მკითხველს შეუძლია წაიკითხოს არა თანმიმდევრულად, არამედ შემთხვევითი რიგის მიხედვით, რითაც იქმნება თანამედროვე ქალაქების აბსურდული, მოჩვენებითი სურათი.

“უხილავი ქალაქების“ დრო და სივრცე აბსოლუტურად პირობითია. წიგნში აღწერილი ქალაქები თითქოს დროისა და სივრცის მიღმა არსებობენ. მასში არ გვხვდება არცერთი ცნობილი ქალაქი. ისინი არ არსებობენ რუკებზე, არც ისტორიას ახსოვს მათი სახელები. თითოეული ქალაქი გამოგონილია.  წიგნის კითხვისას მკითხველი მოგზაურობს წარმოსახვით, ირეალურ სამყაროში, სადაც სიმართლე და გამონაგონი ერთმანეთშია გადახლართული და ქმნის გასაოცარ ფანტასმაგორიულ სურათს.

რომანში აღწერილი ზოგიერთი ქალაქი მხოლოდ სიზმრებში არსებობს, ზოგი ჩნდება წყნარი ტბების ანარეკლში, ზოგი მიწის ქვეშ ღრმადაა ჩამალული, ზოგი ჰაერში დაფრინავს, ან უფსკრულზეა დაკიდული. ზმერალდინა იდუმალი ქალაქია,  იზაურა – ათასი ჭის ქალაქი, არმილა – დაუსრულებელი ქალაქი, საკანალიზაციო მილებითა და ონკანებით გადახერგილი… ქალაქ დოროთეას ოთხი ალუმინის კოშკი აქვს, რომლის ქალწულები თავად ირჩევენ საქმროებს… ქალაქი ბავკიდას მობინადრეებს სძულთ დედამიწა და ყოველნაირად ცდილობენ თავიდან აიცილონ მასთან რაიმე შეხება. ქალაქ ხლოაში ადამიანები ქუჩაში ერთმანეთს არ ესალმებიან და წარმოსახვით წარმოიდგინენ ერთმანეთს შორის შესაძლო საუბარს.

„უხილავ ქალაქებში“ საერთოდ არ იგრძნობა დრო. იგი გაყინულია. ისტორია უმოძრაოა. წიგნი იწყება და მთავრდება იმით რომ ყუბილაი ხანი და მარკო პოლო სხედან ბაღში და საუბრობენ ამბებზე, რომლებიც ფრაგმენტებადაა ქაოტურად მიმობნეული და ერთმანეთს არ უკავშირდებიან.

ისევე როგორც მეოცე საუკუნის მოდერნისტულ ლიტერატურაში, „უხილავ ქალაქებში“ უარყოფილია სიუჟეტური სისრულე, ტრადიციული ფიბულა, კულმინაცია, კვანძის გახსნა, ანუ ქრონოლოგიური დროის ფორმის ნაცვლად უპირატესობა ენიჭება სივრცობრივ ფორმას (ფრანკი 1945).

ფაქტიურად, ნაწარმოები არსად არ წყდება, თხრობა დაუსრულებელია. ავტორი მკითხველს აძლევს შესაძლებლობას წიგნში თავად მოძებნოს დაფარული შინაგანი კავშირები, გაანალიზოს თუ რა აერთიანებთ ამ მოთხრობებს? მკითხველი თითქმის თანაავტორად იქცევა.

ქალაქი ბერენიცე მოგვაგონებს ჰეგელის თეზა-ანტითეზას, სამართლიანობისა და უსამართლობის მონაცვლეობას. პოლო ამბობს, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ უსამართლო სამყაროში, “ჯოჯოხეთში.” იგი გვთავაზობს ჯოჯოხეთიდან გაქცევის ორ მეთოდს: „პირველი ადვილია მრავალთათვის: მიიღო  ჯოჯოხეთი და იქცე მის ნაწილად, ისე რომ შესაძლოა ვერასოდეს იხილო თავად ჯოჯოხეთი. მეორე მეთოდი მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას: ეძებო, ისწავლო გამოცნობა თუ რომელ ჯოჯოხეთის ცეცხლში არ არის ჯოჯოხეთი, ხოლო შემდეგ იქონიო მოთმინება“. ამით, ავტორის აზრით, „უხილავი ქალაქები“ არ არის ჯოჯოხეთი და ხანგრძლივად შეიძლება მისი მოთმენა.

წიგნის ერთ-ერთ თავში ყუბილაი ხანსა და მარკოს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართება:

–              დარჩა ერთი ქალაქი, რომელზეც არაფერი გითქვამს.

მარკო პოლომ თავი დახარა.

–              ვენეცია, – თქვა ხანმა.

მარკომ გაიღიმა:

–              და სხვა რაზე ვსაუბრობდი, შენი ფიქრით?

იმპერატორს წარბიც არ შეუხრია:

–              მაგრამ მე შენგან ერთჯერაც არ მომისმენია  მისი სახელი.

პოლომ უპასუხა:

–              ყოველთვის, როდესაც მე ავღწერ ამა თუ იმ ქალაქს, მე რაღაცას ვიღებ ვენეციისაგან… სახეები სიტყვებით გამოხატვის შემდეგ მეხსიერებიდან იშლება. იქნებ, ვენეციაზე საუბრის დაწყებით მეშინია საერთოდ დავკარგო იგი. და, შესაძლოა, სხვა ქალაქებზე საუბრისას, მე ცოტათი უკვე დავკარგე იგი (XIII, 88).

ამ დიალოგის შემდეგ იწყება ქალაქის აღწერა, რომელიც ძალიან ჰგავს ვენეციას:

ზმერალდინაში, ქალაქში წყალზე, არხების და ქუჩების ქსელი ერთმანეთს კვეთენ… ასეთი გეოგრაფიული მომენტი შემთხვევითი არ არის. ვენეცია – ყველაზე საოცარი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც „სხვა რეალობის” განცდას ტოვებს და არასწორხაზოვნობის პრინციპის გეოგრაფიული, სივრცითი განსახიერებაა.

„იმისათვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე მოხვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ სახმელეთო და სანაოსნო გზებს შორის; და რადგანაც ზმერალდინაში უმოკლესი ხაზი ორ პუნქტს შორის არის არა სწორი, არამედ ზიგზაგობრივი, რომელიც სხვადასხვა ვარიანტებად იტოტება, თითოეულ მგზავრს ეხსნება არა ორი, არამედ ბევრი გზები და მათი რიცხვი კიდევ იზრდება მათთვის ვინც ნავით გადასასვლელებს ხმელეთზე გადასასვლელებით ცვლის. (XIII, 89).

სამშობლოს მოშორებული მარკო პოლო, თავის ხანგრძლივ მოგზაურობაზე საუბრისას, უცხო ქვეყნის ქალაქებს კი არ აღწერს, არამედ თავის მშობლიურ ქალაქზე – ვენეციაზე გვიამბობს. “მშობლიური ქალაქის მიტოვება, – ეუბნება მარკო ყუბილაი ხანს, – წარმოსახვაში მშობლიურ ქალაქთან დაბრუნებაა. რაც უფრო ბევრს ხედავ, მით უფრო შეიცნობ იმ მცირეს, რაც შენია, შენი საკუთრებაა.”

დაბადებისას ახალშობილი ტოვებს დედის მუცელს და მოგზაურობას იწყებს მისთვის სრულიად უცნობ სამყაროში. ამ მოგზაურობის არც დასაწყისი იცის და არც დასასრული. წუთისოფლის მოულოდნელობებით სავსე, ქაოტურ გზაზე, სადაც ყველაფერი ბურუსითაა მოცული, არსებობს ერთადერთი ადგილი თუ დრო, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები. ეს არის მუცლადყოფნის პერიოდში გავლილი სანუკველი ხანა. ადამიანს მხოლოდ სიზმარში შეუძლია განიცადოს მასთან დაბრუნების სიახლოვე. ამიტომაც ღებულობს ძილის დროს, გაუცნობიერებლად, მუცლადყოფნის პოზას, რადგან იგია მისი ყველაზე  სანატრელი მდებარეობაც და მდგომარეობაც.

თითოეულ ქალაქს ავტორმა მისცა ქალის სახელი. მოგზაური მარკო პოლოსათვის, რომელსაც ენატრება მისი სამშობლო, თითოეული ქალაქი ქალია და სურვილის ობიექტი. თავში „ქალაქები და სურვილი“, ქალაქ ზობეიდაში ქუჩები ისეა დაგეგმილი, რომ ემთხვევა კაცის ოცნებას – ლტოლვას წარმოსახვითი ქალისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში დრო გაყინულია, არ არის კულმინაცია, კვანძის გახსნა, და სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობაც უსასრულოდ გვეჩვენება, რომანში არის ცენტრი, სადაც ყველა ხაზი იკვეთება – ეს ცენტრია მშობლიური ქალაქი, ვენეცია. ისევე როგორც ოდისევსი ბრუნდება მრავალწლიანი ხეტიალიდან საკუთარ ქალაქში, მარკო პოლოსთვის სამყაროს უკიდეგანო სიშორეზე მოგზაურობისას ყოველთვის არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც ყოველთვის უბრუნდება, სადაც არ უნდა იყოს იგი. და ეს ადგილია საკუთარი სამშობლო, მშობიური ვენეცია.

ლიტერატურა:

  • კალვინო 1980: Calvino, Italo. Una pietra sopra. Torino, Einaudi. 1980
  • კალვინო 1993: Calvino, Itallo. Le città invisibili. Milano, Arnoldo Mondadori Editore. 1993
  • ფრანკი 1945: Frank J. Spatial Form in Modern Literature: An Essay in Three Parts. The Sewanee Review. Johns Hopkins University Press. Vol. 53, No. 4 (Autumn, 1945), pp. 643-653
  • ცანავა რუსუდან (2010). თანახეტიალი. ჟურნალი „არილი“. მარტი, 2010 წ.

თენგიზ ვერულავა

დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s