გია ჯოხაძე _ ხოსე ორტეგა-ი-გასეტი _ დეჰუმანიზაციის წინასწარმეტყველი


e6c028e65ed30f6e985558aebd762dda

ის, ვინც ნიცშეს დარად, პერსპექტივიზმის ადეპტობას განიზრახავს, მცირე ხნით მაინც დაგვაჯერებს, რომ მისი ხედვა უნიკალურია, მისი მზერა – შეუმცდარი და მისი სიტყვა – ზუსტი.

და ეს ,,მცირე ხანი“ საუკუნეზე მეტი აღმოჩნდება.

და მაინც, რას გულისხმობს პერსპექტივიზმი?

ეს გახლავთ იდეა, რომ შემეცნების შედეგი არსებითად შემმეცნებლის პირად პოზიციას ემყარება. ლეიბნიცის ანალოგიით, სხვადასხვა მხრიდან დანახული ერთი და იგივე ქალაქი პერსპექტიულად სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგება. ამგვარადვე, ვინაიდან უსასრულო ოდენობის მარტივი სუბსტანცია არსებობს, სამყაროს საკუთარი პერსპექტივიდან რომ ჭვრეტენ, არსებობენ სხვადასხვა სამყაროებიც. თუმც ისინი სხვა არაფერია, თუ არა პერსპექტიულად სხვადასხვა შეხედულებანი ერთადერთ, უფრო ხისტად, ერთ და მხოლოდ ერთ სამყაროზე.

რადგან სიტყვა სამყაროზე ჩამოვაგდეთ, მინდა წარმოისახოთ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ესპანეთი, რომელიც მონარქიას, რესპუბლიკანიზმსა და დიქტატურას შორის მერყეობდა. ეს იყო დრო ომებისა და რევოლუციებისა, მასობრივი მოძრაობებისა და ტოტალიტარული რეჟიმებისა. ესპანეთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უპყრია 1898 წელს – ესპანეთი აშშ-სთან ომში დამარცხდა და ზღვისპირა კოლონიებს გამოემშვიდობა. ოდესღაც ძლევამოსილი ქვეყანა ევროპის რიგით პროვინციად იქცა. 1898 წლის თაობამ, რომელსაც უნამუნოს თქმისამებრ, ,,ესპანეთი სტკიოდა“, სახელმწიფოს აღორძინება განიზრახა. ორი – ერთი მხრივ, ტრადიციული, კონსერვატიული, რელიგიური, და მეორე მხრივ, განვითარებული, ევროპული ღირებულებების დამცველი, ლიბერალური – ესპანეთის ბრძოლამ სისხლისღვრასთან ერთად გონებათა ჭიდილიც მოიტანა.

თუ ამ კონვულსიების მოშთობა საერთოდ შესაძლებელი გახლდათ, მაშინ ეს, უწინარესად, ხოსე ორტეგა ი გასეტის ფიგურასა და აზროვნებას თუ ხელეწიფებოდა.

*

ხოსე ორტეგა ი გასეტი 1883 წლის 9 მაისს დაიბადა, მადრიდში, გაზეთის რედაქტორის ოჯახში, თუმც თვით გაზეთი დედის, დოლორეს გასეტის ოჯახს ეკუთვნოდა. ყმაწვილი  გასული საუკუნის ლიბერალური იდეების ატმოსფეროში იზრდებოდა. პრინციპში, ამასაც იმიტომ ვამბობთ, რომ სწორედ ჟურნალისტობამ და ლიბერალიზმმა იმოქმედა გასეტის პოლიტიკით დაინტერესებაზე.

ორტეგა იეზუიტი ბერების სკოლაში სწავლობდა, მალაგაში, რომლის დასრულების შემდეგაც  ჯერ ბილბაოს უნივერსიტეტში, შემდეგ კი მადრიდის ცენტრალურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ფილოსოფიისა და ლიტერატურის განხრით. მადრიდშივე მიანიჭეს ფოლოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1905-დან 1907 წლამდე ორტეგა გერმანიის (ლაიფციგი, ნიურნბერგი, კელნი, ბერლინი, და რაღა თქმა უნდა, მარბურგი) უნივერსიტეტებში სრულყოფს განათლებას. მარბურგში მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ჰერმან კოენისა და პაულ ნატორპის ფილოსოფიურმა მრწამსმა: ორივე ნეოკანტიანელი გახლდათ.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ  გასეტის საპროფესორო კარიერა იწყება. 1917 წლიდან გაზეთში იწყებს თანამშრომლობას, სადაც აქვეყნებს თავის პირველ სერიოზულ ესსეებს: ,,უხერხემლო ესპანეთი“ და ,,მასების ამბოხი“. ამ უკანასკნელმა გასეტს საერთაშორისო აღიარება მიჰგვარა.

1923 წელს გასეტმა ჰუმანიტარული ჟურნალი დაარსა (Revista de Occidente), რომელშიც იბეჭდებოდა ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალთა (შპენგლერი, ჰეიზინგა, ჰუსერლი, ზიმელი, რასელი და სხვ.) ტექსტების თარგმანები და კომენტარები.

ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პერიოდში გასეტი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, ფრაქციასაც კი ხელმძღვანელობდა, მაგრამ პოლიტიკით მალევე განიხიბლა. სამოქალაქო იმის დროს ესპანეთიდან წავიდა და ევროპაში დაბრუნებამდე ანუ 1942 წლამდე არგენტინაში ცხოვრობდა. 1948 წელს გასეტი ესპანეთს უბრუნდება. მალე იგი ჰუმანიტარულ ინსტიტუტს აარსებს, სადაც ასწავლის იმას, როგორც ესმის და იმას, რაც თვითონ სურს: აქ წაკითხულ ლექციათა კურსი საფუძვლად დაედება მის წიგნს ,,რა არის ფილოსოფია“.

გასეტის მთელი ფილოსოფიური შესაძლებლობანი და უნარი, შეიძლება ითქვას, რეალობის ახსნას მიეძღვნა. ამ მიზნის მისაღწევად ფილოსოფოსმა უკან უნდა მოიტოვოს ცრურწმენანი, ადრინდელი შეხედულებანი და სამყაროს არსობრივი სინამდვილე იკვლიოს. გასეტის აზრით, ფილოსოფიამ უნდა გადალახოს როგორც იდეალიზმის (სინამდვილეს ეგო განაპირობებს), ისე ანტიკურ-შუა საუკუნეობრივი რეალობის (სინამდვილე სუბიექტის მიღმაა) საზღვრები, რათა უმზიროს მხოლოდ ჭეშმარიტ სინამდვილეს ( ანუ ,,ჩემს ცხოვრებას“ – თითოეული ინდივიდის ცხოვრებას). მე არ ვარსებობ საგნების გარეშე და საგნები არაფერია უჩემოდ: ,,მე“ (ადამიანი) ვერ დასცილდება ,,ჩემს გარემოცვას“ (,,მე ვარ მე და ჩემი გარემოცვა“ – აი, გასეტის ფილოსოფიის მთავარი ფორმულა).

გასეტისათვის სინამდვილის ასახსნელად დეკარტეს ,,ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ საკმარისი არ აღმოჩნდა. ესპანელმა ფილოსოფოსმა შექმნა სისტემა, რომელშიც ,,რადიკალური რეალობა“ არის ,,ჩემი ცხოვრება“ (პირველი მე). იგი შედგება მე-საგან (მეორე მე) და ,,ჩემი გარემოცვისაგან“. ეს გარემო დამთრგუნავია. მაშასადამე, არსებობს მუდმივი დიალექტიკური ურთიერთობა, მუდმივი ინტერაქცია პიროვნებასა და გარემოს შორის, რომლის შედეგადაც  ვიღებთ სიცოცხლეს, როგორც აუცილებლობასა და თავისუფლებას შორის მოქცეულ დრამას.

სიცოცხლე, იმავე დროს, ბედიცაა და თავისუფლებაც. ეს უკანასკნელი ბედის შიგნეულში ფუთფუთებს. ბედი გვაძლევს დეტერმინებულ შესაძლებლობათა  ულმობელ რეპერტუარს, ანუ ის გვანიჭებს განსხვავებულ ბედისწერას. გვეძლევა ბედი და ამ მადლთან ერთად, საკუთარ ბედისწერასაც ვირჩევთ. ბედით მოსალტულებმა მაინც უნდა ვიაქტიუროთ, გადაწყვეტილებები მივიღოთ და შევქმნათ ე.წ. ,,სიცოცხლის პროექტი“. ეს სრულიად განსხვავდება მათი მოდუსისაგან, რომლებიც ხელშეკრულებებით, წეს-ჩვეულებებითა და მოცემული სტრუქტურებით შემოფარგლულან, რომელთაც ურჩევნიათ უშფოთველად და მშვიდად იცხოვრონ, ვინაიდან აფრთხობთ პროექტის არჩევის ვალდებულება.

დავუბრუნდეთ დეკარტეს და მისადმი გასეტის დამოკიდებულებას: შეიძლება ითქვას, გასეტმა გაარღვია დებულების – ,,ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ – დახშული წრე და განაცხადა: ,,ვცოცხლობ, მაშასადამე, ვფიქრობ“. მან შემოიტანა ცნება ,,სიცოცხლის მიზეზი“, რათა მიეთითებინა ახალი ტიპის მიზეზზე: იგი მუდმივად იცავს სიცოცხლეს იმისაგან, რაც მას წალეკვით ემუქრება. გასეტის სააზროვნო რეპუტაციას ამყარებს თეორიაც, რომელსაც მან რაციოვიტალიზმი უწოდა: ცოდნა ემყარება სიცოცხლის რადიკალურ რეალობას, რომლის ერთ-ერთი არსებითი კომპონენტი არის მიზეზი თავისთავად. ამით გასეტი ნიცშეს ვიტალიზმს გაექცა, რომლის თანახმადაც, სიცოცხლე იმპულსებზე გაცემული პასუხია. გასეტისათვის მიზეზი გადამწყვეტია ზემოთ აღნიშნული სიცოცხლის პროექტის შესაქმნელადა და განსავითარებლად.

სასიცოცხლო მიზეზი ,,ისტორიული მიზეზიცაა“: ვერც ინდივიდი, ვერც საზოგადოება ვერ მოწყდება საკუთარ წარსულს. რეალობის გასაგებად მის ისტორიას უნდა ჩაწვდე. ადამიანს ბუნება კი არა, ისტორია აქვს. მიზეზი უნდა ფოკუსირდეს არა იმაზე, რაც არის, არამედ იმაზე, რაც ხდება.

სოციალური პრობლემების წვდომის თვალსაზრისითაც გასეტი ერთ-ერთი პიონერია. დასავლურ ფილოსოფიაში იგი პირველად შეეხო მასობრივ საზოგადოებას: ეს გახლდათ სულიერი ატმოსფერო, რომელიც დასავლეთში ბურჟუაზიული დემოკრატიის კრიზისმა, საზოგადოებრივი ინსტიტუციების ბიუროკრატიზებამ, ფულის გაფეტიშებამ და პიროვნული კონტაქტების დევალვაციამ გამოიწვია. ჩამოყალიბდა საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემა, რომელშიც თითოეული ადამიანი თავს სტატისტად გრძნობს: იგი ასრულებს მასზე თავმოხვეულ როლს, იყოს უპიროვნო საწყისის – ბრბოს ნაწილი. საჭიროა შეიქმნას არისტოკრატული ელიტა: ადამიანები უნდა დაემორჩილონ ნებისმიერ არჩევანს, უნდა ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ სიცოცხლისმიერი სწრაფვით… მასობრივი საზოგადოების ერთგვარი ინტელექტუალური სტილი რაციონალიზმია. არადა, საჭიროა, დავუბრუნდეთ სამყაროში ორიენტირების მეცნიერებამდელ ფორმებს, ძველ, დაუნაწევრებელ სიბრძნის სიყვარულს…

 

ხოსე ორტეგა-ი-გასეტი 1955 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი ნეშტი მადრიდის სან-ისიდროს სასაფლაოზე განისვენებს, რაც ნაკლებადაა იმის მიზეზი, მის მიერ მითითებულ ორ საფრთხეს თვალი მოვუხუჭოთ: არ ვიქცეთ ,,ადამიან-მასად“, ანუ არ ვიუაროთ საკუთარი ცხოვრების აგება, და ,,ცივილიზებულ ბარბაროსად“ – ვიწრო სპეციალისტად, რომელიც ვერ მაღლდება საკუთარ დრომდე და არ ძალუძს თავისი თაობისათვის თავის მიერვე დაკისრებული მისიის აღსრულება.

*

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ხოსე ორტეგა-ი-გასეტის რამდენიმე თხზულება: ,,ხელოვნების დეჰუმანიზაცია“, ,,მასების ამბოხი“, ,,ორი დიდი მეტაფორა“, ,,იდეები და რწმენები“ ქართულად თარგმნილია.

სალექციო კურსი ,,ადამიანი და ხალხი“  , რომლის ფრაგმენტიც (დაიბეჭდა ჟურნალში ,,სემიოტიკა“) ზემოთ ჩამოთვლილ ტექსტებს შეემატება, ერთ სემესტრში წაკითხული 12 ლექციისაგან შედგებოდა. ნაშრომთა წიგნად გამოცემას (1957) გასეტი ვერ მოესწრო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s