თინა ოსაძე _ Fucking Hell by Jake and Dinos Chapman


the_sum_of_vrll_evil

ვფიქრობდი როგორ, საიდან დამეწყო წერა, რა მეთქვა ისეთი მეტაფორების შესახებ, რაც ახალი იქნებოდა, რომ ერთი, ბანალური ნაშრომი არ გამოსულიყო.. კონკრეტულად სად დამეწყო მეტაფორების ძიება, მით უფრო, რომ მეტაფორები ჩვენი ყოველდღიურობაა. სამყარო მეტაფორებითაა სავსე, ცნობიერად თუ არაცნობიერად ვიღებთ მათ არსებობაბს, განვიცდით გავლენას და ხშირ შემთხვევაში გავურბივართ კიდეც.

ხშირად მეფიქრება ხოლმე სამყაროში ადამიანის, როგორც მეტაფორის არსებობაზე- თითოეული მეტაფორა ინდივიდუალურია, ისევე როგორც მეტაფორების გააზრება.
თითოეულ მეტაფორას აქვს შინაარსი და დანიშნულება, თუმცა ვთვლი რომ ეს ყოველივე უმისამართოა და დამოკიდებულია ინდივიდზე, რადგან თითოეულ ადამიანში სხვადასხვა სიმძლავრის პროცესებს იწვევს. შეიძლება ერთხელ დავინახოთ რაღაც ან მოვისმინოთ და მოცემულ მომენტში უმნიშვნელოდ ჩავთვალოთ, მაგრამ ეს იყოს იმდენად ძლიერი მეტაფორა, რომ ჩვენს არაცნობიერზე დიდი გავლენა იქონიოს. მეტაფორა შემოდის ჩვენში და გვაფიქრებს,  ვაანალიზებთ არაცნობიერში დალექილს და მეტაფორის გავლენა ცნობიერ ცოდნად გვიყალიბდება.
მეტაფორა ერთგვარ იარაღად აღიქმება, რომლის საშულებითაც შესაძლებელია ადამიანებზე გავლენა იქონიო და გააგებინო/მიახვედრო/დაანახო ის, რისი მოსმენა/დანახვა/გაგებაც არ უნდათ და ეს იდეალური საშუალებაა-მიაღწიო შედეგს არაძალადობრივი ფორმით.

მეტაფორებზე მუშაობა ვფიქრობ ყველაზე საინტერესო პროცესია და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდამ ძიების პროცესში არიან, მუდამ მღვიძარე მდგომარეობით და არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც არ აძლევენ მიძინების საშუალებას.  ისინი ამას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

მთავარი ბადე, რომლითაც ადამიანების გამოფხიზლება, მათზე გავლენის მოხდენაა შესაძლებელი, ხელოვნებით იქსოვება. რა არის დღეს ხელოვნება?!  თანამედროვე ხელოვნების არსებობა და გააზრებაც რომ მთლიანად მეტაფორულია და არ არსებობს ცნების „თანამედროვე ხელოვნების“ ობიექტური გააზრება – ეს კიდევ ცალკე თემაა საკვლევად, მაგრამ ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო დღეს მეტაფორების რეალიზების საუკეტესო საშუალებებზე, რომელიც ერთი სიტყვის „ხელოვნების“ ქვეშ ერთიანდება- ეს იქნება მუსიკა თუ ცეკვა, მხატვრობა თუ სკულპტურა, კინემატოგრაფია თუ თეატრი. თითოეული მიმართულებით შექმნილი მასალა ადამიანების მიერ სხვადასხვანაირად აღიქმება და სხვადახვანაირი საზრისით ილექება არაცნობიერში.
მეც ვერ მოვშორდი ხელოვნებას და ხანგრძლივი ფიქრის შედეგად , თუ რაზე გამეკეთებინა კვლევა გამახსენდა ფაქინგ ჰელის  ვიდეო-არტი, რომლის ხანგრძლივობაც სულ რაღაც 02:47 წამია, მაგრამ ჩემში იმდენად მძაფრი ემოციები გამოიწვია და ისეთი გავლენა იქონია ჩემს ცნობიერებაზე რომ არ შემეძლო მხოლოდ იდეად დამეტოვა და უბრალოდ მიმევიწყებინა .

ლინქი რომ გავხსენი და ვიდეო ჩანაწერს პირველად ვუყურე შემძრა, ჩემში საშინელი ქაოსი გამოიწვია- აქ ყველაფერი ხელაღებითაა უარყოფილი, საყოველთაოდ აღიარებული ნორმები არსად ჩანს, საზოგადოებრივი სასიკვდილო სენი- ნიჰილიზმია გამეფებული.

ჩანაწერის პირველი კადრი აღმება, როგორც ცათა სასუფევლისკენ მიმავალი კიბეები.  ირგლივ ბევრი გამხმარი და აყვავებული(მწვანე) ხეა, რომელნიც ადამიანების მეტაფორაა. კარგად ჩანს გამხმარი ხეების სიმრავლე, როგორც ცხოვრებაშია, ნაგატიური ენერგით მოძრავი ადამიანები ჭარბობს პოზიტიურ ადამიანებს. სიუჟეტი გრძელდება და უფრო მეტად მძაფრი ხდება. გამხმარი ხეების მეტაფორულობას ხსნის კადრები, სადაც ღორები ჭამენ ადამიანებს. არა, ეს თვითონ ადამიანები ჭამენ ადამიანებს, თითქოს ეს არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ, ეს არ არის ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა და სწორედ ამიტომ იქცნენ ღორებად.

კადრი სადაც დანგრეული ეკლესია ჩანს, დაკარგული (დანგრეული) რწმენის მეტაფორაა. ეკლესიაში სხედან ადამიანები, მაგრამ არა რწმენით, არამედ წეს-ჩვეულების გამო არიან მისულნი, მათ დაკარგული ყავთ ღმერთი და დანგრევის პირასაა სახლი ღვთისა, მაგრამ ის ფაქტი რომ ბოლომდე არაა დანგრეული, მინიშნებაა მცირეოდენი იმედისა, რომელიც ამ ადამიანებში არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფსიქოლოგიური ბერკეტებით გამოწვეული სენით არიან შეპყრობილნი, იმედის ნაპერწკალი მაინც ცოცხლობს მათში, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ წეს-ჩვეულება, მაგრამ ღვთის სახლში მხოლოდ წეს-ჩვეულებით მისვლა ვერ გადაარჩენს მათ სულს.

რამოდენიმე წამი თითქოს ჩერდება მოქმედება, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ეს ისეთივე მოჩვენებითია, როგორც ცხოვრების ჰარმონიულობა და სიმშვიდე.

(1.05 წმ.) ისევ გამხმარი ხე და მის გარშემო მებრძოლი ადამიანები. ეს გამხმარი ხე შეიძლება იყოს რომელიმე ფაშისტის (მაგ: ჰიტლერის) ან რომელიმე ფაშისტური იდეის მეტაფორა, რომლის გარშემოც ადამიანები ხოცავენ არა ერთმანეთს, არამედ საკუთარ თავებს (სულებს) და სწორედ ეს დიდი გამხმარი ხე არის მიზეზი ამისა. აქვე ჩანს ჯვარცმული ადამიანები, რომელიც შეიძლება იყოს გადარჩენის მეტაფორა, მათ კი არ შეჭამეს ადამიანი,  როგორც მეორე კადრში, არამედ ჯვარზე აცვეს, როგორც ქრისტე და გადაირჩინეს სულები (მოახერხეს).

(1.36 წმ.) მატარებელი მიდის სწრაფად, ვაჩერებ კადრებს და ვაკვირდები ადამიანების პოზიციებს..  მატარებელი მოძრაობს და ჭყლეტს ყველაფერს, რაც წინ შეხვდება, მათ შორის ადამიანებსაც და რის გამო?  იმ გამხმარი ხის გამო, ერთი ბოროტების გამო, რომლის გარშემოც გაერთიანდნენ და იბრძვიან რაღაც იდეოლოგიით.  რა შეიძლება იყოს ეს იდეა? ისევ და ისევ ფაშიზმთან მივდივართ..
ხოცავენ, ანადგურებენ.. არ არსებობს მორალი, არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მატარებელს შეაჩერებდა.  და სად მიდის ეს მატარებელი?  სწორედ იმ გამხმარ ხესთან, რომელიც პირველ კადრშია.

(1.46 წმ) დატყვევებულ ადამიანებს შენარჩუნებული აქვთ ადამიანური სახე, ეს ის აყვავებული ხეებია, რომელთა არსებობაც პირველივე კადრში შეინიშნებოდა, ხოლო ზედამხედველები ჩონჩხებად, ის გამხმარი ხეებია, რომლებიც საწყისშივე დომინირებდნენ. ეს სცენა საკონცენტრაციო ბანაკების და ჰოლოკოსტის მეტაფორად მესახება. აქვე ჩნდება ერთ-ერთი ღორი, რომელიც მეორე კადრშივე იკვეთებოდა, ღორად გაუტანლობამ, ადამიანის სისხლმა და ხორცმა აქცია.

(8. 1.51 წმ) ჩონჩხი (ანუ ღორი, ანუ ის გამხმარი ხე) მიათრევს ადამიანს საჭმელად, ეს სახე არის შედეგი განვითარებული მოვლენებისა, რომელიც არ არის ბუნებითი მდგომარეობა. სწორედ ამან გამოიწვია იმ იდეის (ფაშისტური) განადგურება  და ადამიანები, რომლებიც ჭამდნენ, საბოლოოდ თვითონვე აღმოჩნდნენ თავისივე შექმნილ ჯოჯოხეთში.
ადამიანებმა ქრისტეც კი შეჭამეს, დაივიწყეს, თუმცა ქრისტესგან მაინც დარჩა რაღაც  იმედი.
ქრისტე ჯვარს აცვეს ღორებმა.
ქრისტე ღორებისთვის ეცვა ჯვარს.

ვიდეო ძალიან შთამბეჭდავი, დამაფიქრებელი, შემზარავია.. შეუძლებელია მნახველი გულგრილი დატოვოს და არ გადაისროლოს ფიქრთა მორევში. განსაკუთრებულ ეფექტს სძენს მუსიკა, რომელიც თან სდევს, ძალიან ემოციურია და ზუსტად ასახავს კულმინაციურ მომენტებს.

ვფიქრობ, ფაქინგ ჰელის იდეა (ადამიანებისთვის ენახებინა რომ სამყარო ბუნებითი მდგომარეობიდან გამოვიდა და ეს ისევ ადამიანების დამსახურებაა) 3 წუთიან ვიდეო-არტში არაჩვეულებრივადაა რეალიზებული და მისი მეტაფორულობა არა მარტო ჩემში და სხვა, ერთეულ ადამიანებს დააფიქრებს, არამედ მილიონობით ადამიანზე იქონიებს გავლენას და თუ ყოველი მნახველი არ დაფიქრდება მის მეტაფორულობაზე, თუნდაც წამიერად მაგრამ მაინც მიიპყრობს მათ ყურადღებას და დაილექება არაცნობიერში.

თინა ოსაძე

https://www.youtube.com/watch?v=md5uTCI8IuI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s