ცირა ბარბაქაძე _ რა არის ვიზუალიზაცია ანუ რატომ უნდა იფიქროთ სახეებით?


 Visualizacao

„როდესაც იდეა მიჩნდება, მაშინვე ვიწყებ მის განვითარებას წარმოსახვაში: ვცვლი კონსტრუქციას, ვაუმჯობესებ და აზრობრივად მომყავს მექანიზმი მოძრაობაში. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აზრებში ვმართავ ჩემს ტურბინას თუ სახელოსნოში… ასეთ ვითარებაში შემიძლია, სწარაფდ განვავითარო და სრულვყო კონცეფცია ისე, რომ არ შევეხო არაფერს…“

ნიკოლა ტესლა, „My Inventions

ადამიანის სხეული მექანიზმია, ოღონდ ცოცხალი მექანიზმი, ამ რთული სისტემის მუშაობის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ის ვმართოთ. რაც უფრო ღრმად ვეცნობით და ვსწავლობთ, მით უფრო ეფექტური ხდება მართვის შედეგები.

ცოტა უცნაური სიტუაციაა: უკვე ორი ვართ: ერთი, ვინც სწავლობს და მეორე: ვისაც სწავლობს… შეიძლება, მესამეც გამოჩნდეს, უფრო სწორად, ის სულ ჩანს და ის მთავარია: ის, ვინც აკვირდება იმას, ვინც სწავლობს და იმას, რომელსაც სწავლობს…

სად ვართ ჩვენ… რომელი ვართ…?

ლოსევი წერს: თუ სული ჩემი – მხოლოდ „ჩემია“ და არა მე თვითონ… მაშინ სად ვარ „მე“?

დავაკვირდეთ იმ კუთვნილებით ნაცვალსახელს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ვიყენებთ: ჩემი სული… ჩემი ხელი, ჩემი ნაწერი, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები…. ეს ყველაფერი მე „მეკუთვნის“, ანუ: არცერთი მათგანი „მე“ არ ვარ „თავად“… უბრალოდ, მეკუთვნის…

როგორც სადენები არ არის დენი, არამედ მხოლოდ გამტარია, ასევე არ არის ადამიანის სხეული სული, ისიც – გამტარია…

„მე“ იმყოფება დაბადების, სიკვდილის და ცხოვრების მიღმა… (ლოსევი). არა მგონია, ამ განმარტებამ შვება მოგვიტანოს…

მოკლედ, ჩვენ (პირველი) ვსწავლობთ ჩვენს (მეორე) მექანიზმს და ის (მესამე) სულ გვაკვირდება…

ახლა ჩვენში იმ ადამიანს დავუბრუნდეთ, რომელიც ფიქრობს, ქმნის, წარმოიდგენს, წარმოისახავს… ანუ: სურვილებს აქცევს ფორმებად, „ფილმად“. ვიზუალიზაცია სწორედ ეს არის: წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით. ეს ჩვენი ყოველდღიური არსებობაა, არაფერია ახალი… ახალი ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ მის შესწავლას და ამ სისტმის შესწავლით და გამოყენებით უფრო საინტერესოს გავხდით ჩვენს ცხოვრებას.

ვიზუალიზაციის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი. როდესაც ჩვენი აზრები ხშირად მეორდება ცნობიერში, ამის შემდეგ ის პირდაპირ გადაედინება არაცნობიერში, არაცნობიერი მას იღებს, როგორც ჭეშმარიტებას და ქმნის ყველა პირობას, რომ ის გამოვლინდეს, მატერიალიზდეს რეალურ ცხოვრებაში… საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი ტვინი ვერ არჩევს, არ შეუძლია ზღვარის გავლება რეალურსა და წარმოსახულ მოვლენებს შორის.

როდესაც ადამიანი პერიოდულად ფიქრობს ერთსა და იმავე მოვლენაზე და, ამავე დროს, წარმოიდგენს მას, რაც შეიძლება მკაფიოდ, არაცნობიერი ზღაპრული ჯინივით იწყებს მის შესრულებას.

არაცნობიერი _ ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია, ის – ყოვლისშემძლეა; ის უსმენს ჩვენს აზრებს, დაუყოვნებლივ გამოაქვს დასკვნები, იწყებს გზების ძიებას სასურველის მისაღწევად, მაგრამ არსებობს ერთი პირობა, მისი ენა განსაკუთრებულია… მას მხოლოდ ვიზუალური, „სახეების“ ენა, ესმის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალიზაცია… ანუ მკაფიოდ წარმოსახვა იმისა, რაც გსურთ… მაგრამ მხოლოდ წარმოსახვა არაფერია, თუ მას არ ახლავს შესაბამისი კინესთეტიკური განცდები, შეგრძნებები, ანუ ის უნდა იყოს ემოციური, მხოლოდ ეს ანიჭებს ვიზუალურ სახეებს ძალას… ამ გზით წარმოსახული ღრმად იჭრება ჩვენში… შესაძლოა, რომ ამ პროცესს სასიამოვნო მუსიკაც ახლდეს თან.

ახლა შეგიძლიათ, რომ თქვენი ცნობიერების „რევიზია“ ჩაატაროთ: რაზე ფიქრობთ ხშირად, რას წარმოისახავთ? რომელი სახეებია თქვენს ცნობიერებაში რეგისტრირებული და ნამდვილად გსურთ თუ არა მათი „ახდენა“? ადამიანები ძალიან ხშირად ფიქრობენ იმაზე, რაც არ სურთ, ატარებენ ნეგატიურ წარმოდგენებს და ამით ნიშანს აძლევენ არაცნობიერს, რომ იმოქმედოს… მერე უკვირთ, რატომ „ახდა“ ის, რაც არ სურდათ, მაგრამ რაზეც ბევრს ფიქრობდნენ.

კარგი იქნება, თუ აირჩევთ აზრის გამოხატვის პოზიტიურ ვერსიას და კონცნტრირდებით სასურველზე და არა იმაზე, რაც არ გსურთ… ადამიანი ის არის, რაზეც ფიქრობს, რაზეც საუბრობს, რა წარმოდგენებსაც ატარებს… ვისაც ფიქრის შეცვლა შეუძლია, მას შეუძლია სამყაროს შეცვლაც… ბრმა ბედისწერას ქმნის ჩვენი უმოქმედობა და ავტომატიზმი…

ვიზუალიზაცია, როგორც განსაკუთრებული სემიოტიკური ენა, შეგვიძლია ბევრი მეთოდით განვუვითაროთ მოსწავლეებს…  მაგალითად, მოასმენინეთ კლასიკური მუსიკა და თხოვეთ, რომ გაახმოვანონ, რასაც წარმოისახავენ…  ერთი სემიოტიკური სისტემიდან მეორე სემიოტიკურ სისტემაში „გადასვლა“ შემოქმედებითი პროცესიც არის, საინტერესოც  და მოსწავლეთა უნარების გამოვლენაც ასე უფრო მოხერხდება… მუსიკა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგალითად, ბეთჰოვენის „მთვარის სონატა“:

https://www.youtube.com/watch?v=vQVeaIHWWck

საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვებაც: რომელი ემოცია იქნება დომინანტი ტექსტებით გადმოცემულ შინაარსებში: სევდა, სიხარული, შიში, ბედნიერება…. ?

ნიკოლა ტესლა ადამიანის ევოლუციაში უპირველეს მნიშვნელობას გამომგონებლობას ანიჭებდა, რადგან თლიდა, რომ ეს იყო შემოქმედებითი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ადამიანის განვითარების უზენაეს მიზნად მას მიაჩნდა მატერიალურ სამყაროზე ცნობიერების სრული დიქტატი. თავისი ყველა აღმოჩენა ტესლას ვიზუალური აზროვნების წყალობით აქვს გაკეთებული… ბევრმა მეცნიერმა აზროვნების ამ ტიპის წყალობით შეცვალა სამყარო…

აინშტაინიც ყოველთვის სახეებით ფიქრობდა და არა სიტყვებით ან მათემატიკური სიმბოლოებით… ხოლო ტესლას წარმოსახვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხელშესახებად ხედავდა ყველაფერს…ტესლას სტრატეგიას ჰგავს მოცარტის სტრატეგია, რომელიც ამბობდა, რომ მუსიკას ჯერ გონებაში ქმნიდა და მერე გადმოჰქონდა ქაღალდზე, უკვე დასრულებული…

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ გენიოსთა აზროვნების წესი ვიცოდეთ? ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტები თვლიან, რომ ამ სტრატეგიების ცოდნით ბავშვებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება და ამიტომ სკოლიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ ეს უნარები მათ, შევაჩვიოთ სახეებით აზროვნებას…

როდესაც ბავშვები მშობლებს გამოგონილ ამბებს უყვებიან და როდესაც მშობლებს ეს ამბები არ მოსწონთ, ისინი ეუბნებიან: რომ ეს მათი ფანტაზიაა, ან რომ ეს ცუდი მოგონებაა და მალე გაივლის და ცდილობენ, რაც შეიძლება, დაუთრგუნონ ასეთი ფანტაზიები და „გადმორთონ“ რეალურ ცხოვრებაზე.

ტესლას ამ დრო სხვა მეთოდი ჰქონდა… როდესაც რაიმე წარმოსახვა აეკვიატებოდა (და გენიოსს ასეთი ბევრი ჰქონდა) და თავიდან ვერ იშორებდა, კი არ თრგუნავდა, იწყებდა ამ წარმოსახვის მართვას და უძებნიდა ისეთ განვითარებას, როგორიც მას სურდა… ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეაჩვევს, მართონ წარმოსახვები და შემდგომში არა მხოლოდ წარმოსახვები, არამედ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება.

წარმოსახვის უნარის განსაკუთრებულობაზეა ერთი თანამედროვე ესპანელი მწერლის, ხუან მარსეს, პატარა მოთხრობა („უჟანგავი ფოლადის ავტომობილი“), რომელსაც ხშირად ვიმოწმებ ასეთ შემთხვევაში. მოთხრობაში სულ ორი პერსონაჟია: ძლევამოსილი ფინანსისტი და ღარიბი ბიჭუნა. შემთხვევითობის წყალობით, მათი გზები გადაიკვეთება და მოწყენილი ნავთობის მაგნატი ღარიბი ბიჭუნასაგან ისეთ რამეს გაიგებს და ისწავლის, რაზეც მანამდე არასდროს არ უფიქრია… ბიჭუნა მას აზიარებს ნამდვილ მისტიკას და პირველად 50 წლის განმავლობაში, სინიორ ალკონი სამსახურში არ მიდის… რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ჩვეული ავტომატური რეჟიმიდან ამოაგდო… მოკლედ, ბიჭუნას დაჟინებულობით და ძლიერი წარმოსახვით მან შეიძინა მანქანა, რომელიც არ არსებობდა და რომლის დანახვაც შეძლო მხოლოდ მას შემდეგ, როცა გადაწყვიტა, რომ შეეძინა ბიჭუნას შეთავაზებული არარსებული ლინკოლმ -კონტინენტალი.

პ.ს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობს ტესლა: რომ ცნობიერება ბატონობს საგნებზე…

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s