ცირა ბარბაქაძე _ ტრადიციული და ახალი რიტორიკა


ტრადიციული რიტორიკა და ახალი რიტორიკა

თეორიული საფუძვლები

 

„არ შეიძლება, გამოიყოს სიტყვა აზრისგან,

ისევე, როგორც სული სხეულისგან,

რათა სიცოცხლე არ წაერთვას არც

ერთს, არც – მეორეს.“

ციცერონი

 oratorstvo

ციცერონის ამ სიტყვების გაგრძელებაა თითქოს მე-20 საუკუნის დიდი ფრანგი მოაზროვნის, ჟან-პოლ სარტრის ნააზრევი, როდესაც ის გამონათქვამის შესახებ მსჯელობს. „წინადადება სიტყვათა კომბინაციაა, ამ სიტყვებად ისინი მხოლოდ კომბინაციის მეშვეობით იქცევიან, რასაც კარგად გრძნოდნებ ლინგვისტები და ფსიქოლოგები, ისინი თვლიდნენ, რომ გაარღვიეს წრე „მეტყველების მოქმედებაში“, _ იმისათვის, რომ ილაპარაკო, საჭიროა, იცოდე შენი აზრი… მაგრამ როგორ უნდა იცოდე ის აზრი, თუკი ის არ გამოთქვი? მაშასადამე, ენა გვაგზავნის აზრებისკენ, აზრი _ ენისკენ…“ (სარტრი, „ყოფიერება და არარა“).

ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის ეს აზრი გვინდა დავუკავშიროთ ახალი რიტორიკის (ნეორიტორიკის) პრობლემატიკას, რომელიც ახალ დროში ასე მრავალფეროვანი გახდა. ტრადიციულად რიტორიკა ასე განიმარტება: რეტორიკა (ბერძნ.), ორატორული ხელოვნება, მოძღვრება მჭევრმეტყველების, საორატორო ხელოვნების წესებისა და კანონების შესახებ. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში ანტიკური კულტურის დაცემამდე ძველი წ. აღ-ის მე-5 საუკუნეში, როგორც მჭევრმეტყველების თეორია. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძვ. წ. აღ-ის მე-3-მე-2 სს-ში. რიტორიკის პირველი სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, დაწერილი უნდა ყოფილიყო ძვ. წ. აღ-ის მე-5 ს-ში. მის ავტორებად სირაკუსელი ბერძნები კორაკსი და ტესია ითვლებიან.

მჭევრმეტყველების ხელოვნების საფუძვლების შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სოფისტების, კერძოდ, ისოკრატეს სახელთან, რომელმაც მჭევრმეტყველება აქცია ზოგადსაგანმანათლებლო საგნად, არისტოტელემ კი თავის „რიტორიკაში“ მეცნიერული საფუძვლები შეუქმნა მას.

ანტიკური რიტორიკის გამოჩენილი თეორეტიკოსები იყვნენ ციცერონი და კვინტილიანე.. ანტიკური დემოკრატიული (პოლისური) საბერძნეთის დაცემასთან ერთად (ძვ. წ. აღ-ის მე-4 ს-ის დასასრული) რიტორიკამ თავდაპირველი პოლიტიკური ხასიათი დაკარგა.

პროზაული ლიტერატურის ჟანრების გაჩენისთანავე რიტორიკასა და პოეტიკას შორის ზღვარი წაიშალა. რიტორიკის ცენტრალური ნაწილი _ მოძღვრება სიტყვიერი გამოხატვისა _ შეერწყა პოეტიკას და გახდა ლიტერატურის თეორიის შემადგენელი ნაწილი სტილისტიკის სახელწოდებით.

ჩვენს დროში „რიტორიკულს“ გარეგნული ეფექტის მატარებელ უშინაარსო სიტყვასღა უწოდებენ.

რიტორიკამ განიცადა კრიზისი, _ ის გახდა მხოლოდ ფორმა, „კაზმულსიტყვაობა“, დაცლილი აზრისგან. სიცოცხლე დაკარგა აზრმა და სიტყვა იქცა აზრის სასაფლაოდ, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია ადამიანთა სულებში ჩახედვა, ადამიანთა სულის აღელვება და როგორც ხელოვნური ყვავილი, რაგინდ ლამაზიც არ უნდა იყოს იგი, ვერ შეცვლის ნამდვილ სურნელოვან ყვავილს, ასევე, ლამაზ ფორმაში ჩამოსხმული სიტყვა ვერ შეცვლის სიტყვას, რომელშიც ადამიანის სული და აზრია გაერთაინებული. ალბათ ამის შესახებ გვაფრთხილებდა ციცერონი, როცა წერდა: „არ შეიძლება, გამოიყოს სიტყვა აზრისგან, ისევე, როგორც სული სხეულისგან,  რათა სიცოცხლე არ წაერთვას არც ერთს, არც _ მეორეს.“ _ ეს გახლავთ ყველა დროის კლასიკური რიტორიკული დოქტრინა.

და მაინც… რა არის რიტორიკა? როგორ განმარტავდნენ მას?

უძველეს თხზულებებში შემონახულია ცნობები რიტორიკის ღვთაებრივ წარმომავლობაზე: იუპიტერმა თავისთან მოიხმო მერკური და უბრძანა, ხალხისთვის მიეცა რიოტორიკა. ამ მითის თანახმად, რიტორიკა არის ადამიანთა ცივილიზაციის დასაწყისი.

ბერძნული რიტორიკული სკოლა რიტორიკას განსაზღვრავდა, როგორც დარწმუნების ხელოვნებას, რომაული ცივილიზაცია _ კარგად თქმის ხელოვნებას, შუა საუკუნეებისა და აღორძიბნების ხანისათვის რიტორიკა იყო მეტყველების გაფორმების ხელოვნება და სხვა. აღნიშნული განმარტებები ისტორიული ხასიათისაა და თავისი დროისთვის ყველა ჭეშმარიტია.

რიტორი აყალიბებს აზრს, რომელზეც პასკალი ამბობს: ის მართავს სამყაროს!

იცვლება იპოქა, იცვლება საზოგადოებრივი აზრი და იცვლება დამოკიდებულება რიტორიკასთან. რა არის მეტყველების ფუნქცია: ზეგავლენა? დარწმუნება? მართვა თუ კიდევ სხვა რამ? და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ ახერხებს ამას ორატორი? მხოლოდ ტროპული მეტყველება და რიტორიკის თეორიის ცოდნაა მეტყველების ეფექტურობის განმსაზღვრელი…?

სანამ მეცნიერებაში არსებობს კითხვა რატომ ? მეცნიერება ვითარდება და ეძებს კითხვაზე პასუხს: ასაბუთებს, ხსნის, განმარტავს, გამოაქვს დასკვნები, უარყოფს, აღიარებს და წინ მიდის… ხან წინ მიდის და ხანაც ჭაობში ეფლობა, იკეტება თავის  საზღვრებში, მაგრამ ეპოქა ყოველთვის პოულობს მიჩქმალულს, დაფარულს, დავიწყებულს და ახალი სიმწვავით წარმოაჩენს მის პრობლემატიკას.

მე-20 საუკუნემ თან მოიტანა ახალი ხელოვნება, ახალი ფილოსოფია, რომლებმაც შექმნეს წინაპირობა რიტორიკული იდეების აღორძინებისათვის. მე-19 საუკუნის ევროპაში საზოგადოებრივი აზრი ორიენტირებული იყო ანტირიტორიკაზე. თუ ამ დროისთვის რიტორიკა ჯერ კიდევ რჩებოდა უმაღლესი ფილოლოგიური განათლების სისტემაში, ეს ხდებოდა მხოლოდ ინერციით. გასული საუკუნის მეცნიერებაში არ მოინახა ადგილი რიტორიკისათვის.  ორატორული ხელოვნება აღარ ატარებდა პროფესიულ ხასიათს.

ზოგადი კონტექსტი, რომელშიც აღოძინდა რიტორიკა, გახლავთ ფორმალიზმის განმტკიცება მეცნიერებასა და ხელოვნებაში  მე-20 საუკუნის დასაწყისში. თუმცა სოსიური უშუალოდ არ ეხებოდა რიტორიკის პრობლემატიკას, მისმა იდეებმა არსებითი გავლენა იქონია რიტორიკის ინტერესის გაღვივებაზე.

მეტყველების შესწავლის ინტერესმა განაპირობა ნეორიტორიკის ჩამოყალიბება.

ახალი რიტორიკის განვითარება იწყება 70-იანი წლებიდან. ლიეჟის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, დიუბუა, ამტკიცებს, რომ ნეორიტორიკა წარმოიშვა სტრუქტურალიზმის, სემიოლოგიისა და ახალი კრიტიკის საზღვარზე.

რიტორიკის თეორიისა და ისტორიის მკვლევრები მიუთითებენ:  სტრუქტურალიზმის ზოგიერთი მეთოდის გამოყენებამ ნეორიტორიკაში და თვითონ კლასიკური რიტორიკის სისტემურმა ხასიათმა შექმნა ყალბი შთაბეჭდილება ახალი რიტორიკის სტრუქტურალისტური ხასიათის შესახებ. სინამდვილეში ნეორიტორიკა ჩამოყალიბდა, როგორც სტრუქტურალისტური იდეოლოგიის ოპოზიცია.

ტრადიციული ლინგვისტიკის დონიდან გადასვლა მეტყველების ლინგვისტიკაზე, ბარტის მიხედვით, ეს არის გადასვლა პრედიკაციის წმინდა ანალიზიდან რეფერენციული ფუნქციის განხილვაზე, დისკურსის ანალიზზე; წინა პლანზე იწევს კონტექსტი, გამონათქვამის სიტუაცია.

სიმბოლოს თეორიიდან ამოსვლით განიხილავს ნეორიტორიკის პრობლემატიკას მეიზერსკი. იგი წერს: მე-20 საუკუნეში სიმბოლოს პრობლემა გახდა მთავარი საგანი მრავალი დისკუსიისა, რომლებსაც აწარმოებდნენ ფილოსოფიური სკოლები, როგორც ჰერმენეტიკული (კასირერი, დილტეი, ჰაიდეგერი, გადამერი), ისე სტრუქტურალისტური (ბაშლიარი, დერიდა, რიკიორი) მიმართულებებისა. მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სიმბოლური ფორმების შესწავლამ ფსიქოანალიზის ფილოსოფიურად ორიენტირებულ ვარიანტებში და კულტურულ ანთროპოლოგიაში (ლაკანი და ლევი-სტროსი).

შემთხვევითი არ არის ინტერესი აზროვნებისა და კულტურის სიმბოლისტური ორგანიზაციისადმი. საქმე ეხება სემანტიკის მთავარ პრობლემას _ სიგნიფიკაციის პრობლემას, _ რომელიც ფართო სემიოტიკურ კონტექსტში მოიცავს კომუნიკაციის როგორც საკუთრივ ლინგვისტიკურ, ასევე ინფრა და ექსტრალინგვისტიკურ პარამეტრებს. არაპირდაპირი აზრის რიტორიკული ანალიზი ავლენს სიმბოლიზმის ფუნქციონირების პრინციპულად ახალ ასპექტებს.

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge -ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s