ცირა ბარბაქაძე _ რიტორიკა და ტროპების თეორია


rhetoric 

იმ დროიდან, როცა არსებობა დაიწყო რიტორიკამ, როგორც მეცნიერებამ და როგორც ხელოვნებამ, ტროპის თეორია ამ დარგის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მისი შესწავლა – მკვლევართა ამოცანად. იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით წავიდოდა რიტორიკის განვითარება, შესაბამისად, ტროპოლოგიაც განიცდიდა ტრანსფორმაციას და იღებდა შესაფერ მდგომარეობას.

ტროპის გაგებაც ანტიკური სამყაროდან მომდინარეობს. კვინტილიანე განმარტავდა ტროპს, როგორც სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის იმგვარ ცვლილებას, რის შედეგადაც მიიღებოდა გამდიდრებული მნიშვნელობა.

ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ტროპი განიხილებოდა ლიტერატურათმცოდნეთა და ლინგვისტთა მიერ, როგორც რაღაც ფორმალური ელემენტი, გარედან შემოტანილი „მოკაზმვის“ მიზნით. ტროპის თეორიისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ იგი მე-20 საუკუნის შუა წლებისათვის პოეტიკისა და სტილისტიკის ფორმალურ ნაწილად აქცია.

ტროპის თეორიით დაინტერესება ახალ დროში დაკავშირებულია სემიოტიკის აღმავლობასთან. გაჩნდა ტროპის ახლებური განმარტებები, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ტროპოლოგიის, როგორც მეცნიერების, დღევანდელი მდგომარეობა დაფუძნებულია წარსულის მდიდარ ტრადიციებზე და შეპირობებულია თანამედროვეობის მოთხოვნებით.

ნეორიტორიკა (ახალი რიტორიკა), როგორც ტექსტის წაკითხვის ახალი მეთოდოლოგია, წინა პლანზე წამოწევს ტროპის თეორიის პრობლემატიკას.

ენათმეცნიერები ტროპის თეორიას ამგვარ მოტივირებას უკეთებენ: ტროპი არის ენობრივი მოვლენა და, ამასთან, იმგვარი მოვლენა, რომელიც ყველაზე ღრმად არის შეპირობებული ენობრივი ფაქტებით. შესაბამისად, ტროპის თეორია ჩართულია ენათმეცნიერებაში, როგორც მისი ახალი ნაწილი.

დიუმარსეს „ტრაქტატი ტროპებზე“

მე-17 საუკუნის ფრანგი მოაზროვნე, გარმატიკოსი, შენო დიუმარსე, ისევე, როგორ სოსიური, ნიშანს განიხილავენ, არა როგორც ბგერისა და საგნის ერთობას, არამედ, როგორც ორ ფსიქიკურ შთაბეჭდილებას.

თუ ნიშანი არის ორი იდეის ასოციაცია, იქნებ ყოველგვარი ასოციაცია (მაგალითად, ტროპი) არის პოტენციური ნიშანი? _ სვამს კითხვას ცვეტან ტოდოროვი და განაგრძობს: „… და, თუმცა, ყველა ასოციაცია მსგავსია, მათ შორის არის განსხვავებაც, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, ნიშნები, ტროპები, წინადადებები, _ ასოციაციის განსხვავებული ფორმებია… ასე თანდათანობით გამომუშავდა ბუნებრივ ნიშანთა თეორია, რომლის ცნებათა სახელებია: ტროპები და სახეები“.

დიუმარსე თავის ცნობილ ნაშრომში: „ტრაქტატი ტროპებზე“ – ტროპებს განმარტავს, როგორც ფიგურებს, რომელთა მეშვეობით სიტყვა იძენს ძირითადი მნიშვნელობისაგან განსხვავებულ მნიშვნელობას, ხოლო ფიგურებს უწოდებს „წარმოსახვათა და ვნებათა“ ენას. აქვე მიუთითებს მათი მნიშვნელობის შესახებ: „რიტორიკას და ტროპოლოგიას ძირითადად აქვთ ენციკლოპედიური და პადაგოგიური მნიშვნელობა. გაგვიჭირდებოდა ავტორის გაგება და ინტერპრეტირება ფიგურებისა და ტროპების ცოდნის გარეშე. დიდ დახმარებას გვიწევს რიტორიკა ახალი აღთქმის კითხვისას, რომელიც დაწერილია ძალიან მარტივი ენით, მაგრამ, ამავე დროს, შეიცავს უამრავ ფიგურას, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანალიზს…

მას, ვისაც სურს, რომ სიტყვების მეშვეობით სისტემაში მოიყვანოს აზრი, რიტორიკა ეხმარება მეტყველების ჭეშმარიტი აზრის გამოვლენაში…

მეცნიერება და ხელოვნება მხოლოდ გზაა ცხოვრებაზე დაკვირვებისა (დიუმარსე).

ჟერარ ჟენეტის აზრით, დიუმარსეს მიერ ტროპის განხილვა ძირითადად ლინგვისტური ხასიათისაა და, უფრო ზუსტად, სემანტიკის სფეროს განეკუთვნება, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს დიუმარსეს წიგნის ქვესათაური: „ტროპები, ანუ განსახვავებული აზრები, რომელიც აქვს ერთსა და იმავე სიტყვას ერთსა და იმავე ენაში“. ამ ტრაქტატის მიხედვით, რიტორიკული შტუდიების ცენტრში აღმოჩნდა არა ფიგურათა ზოგადი თეორია, არამედ უფრო ვიწრო – აზრის ფიგურათა თეორია, რომლის მეშვეობით სიტყვას აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც არის ამ სიტყვის ზუსტი, პირდაპირი მნიშვნელობა. რიტორიკაში ცენტრალური ადგილი დაიკავა ოპოზიციამ: პირდაპირი აზრი – ფიგურალური აზრი.

აზრის „გადატანა“ ტროპის წარმოქმნის საფუძველია. დიუმარსე გამოყოფს ენაში არსებულ აზრის გადატანის რამდენიმე სახეობას:

  1. განსაზღვრული აზრი – განუსაზღვრელი აზრი (მას სწამს – სწამთ)
  2. აქტიური აზრი – პასიური აზრი (წერილის წერა – წერილი დაწერილია)
  3. აბსოლუტური აზრი – შეფარდებითი აზრი (მზე კაშკაშებს – მზე დედამიწაზე მეტია)
  4. კოლექტიური აზრი – ინდივიდუალური აზრი (ქალებს უყვართ ლაპარაკი – ეს ქალი ლაპარაკობს)
  5. ნათელი აზრი – ორაზროვნება
  6. სრული აზრი – განუყიფელი აზრი
  7. პირდაპირი აზრი – განუყოფელი აზრი
  8. აბსტრაქტული აზრი – კონკრეტული აზრი და ასე შემდეგ…

ფონტანეს თეორია

უფრო მოგვიანებით ფონტანემ მიიღო და უარყო კიდეც დიუმარსეს მემკვიდრეობა. 1818 წელს გამოვიდა ფონტანეს ნაშრომი – „სისტემური კომენტარი ტროპებზე“, ხოლო 1821-27 წლებში – „ზოგადი ტრაქტატი მეტყველების ფიგურებზე“. ერთი მხრივ, ფონტანემ გააფართოვა შესასწავლი მხარე, ჩართო რა მასში ყველა ფიგურა – ტროპები და არატროპები. ამავე დროს, იგი უბრუნდება სუბსტიტუციას, როგორც ტროპოლოგიური აქტივობის კრიტერიუმს.

ტროპმა ფონტანესთან დაიკავა ცენტრალური მდგომარეობა იმ თეორიის პარადიგმაში, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ფიგურათა თეორიას.

კოენის  ტროპოლოგიის სქემა

კოენის ნაშრომში „ფიგურათა თეორია“ (1970 წ.) აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ფონტანეს უნდოდა თავისი ორი ტრაქტატი ტროპის შესახებ გაეერთიანებინა სათაურით „მეტყველების ფიგურები“.

ტროპოლოგიის სქემა კოენის მიხედვით ასე გამოიყურება:

ფიგურა _ მიმართება

მეტაფორა _ ნათესაობა

სინეკდოქე _ ნაწილი-მთელი

ირონია _ საწინააღმდეგო

ჰიპერბოლა _ დიდი მცირეს ნაცვლად

ლიტოტა _ მცირე დიდის ნაცვლად და ასე შემდეგ.

ტროპები და  ფიგურები ცვეტან ტოდოროვთან

ცვეტან ტოდოროვის მიხედვით (Semantique de la Poesie, 1979) სიტყვა აიხსნება სიტყვით, ანუ გადატანითი აზრი ინტერპრეტირდება სიტყვის ძირითადი აზრის გავლით. თუმცა არისტოტელე გვასწავლიდა, რომ მეტყველების ფიგურა _ სიტყვის პირდაპირი აზრის უბრალოდ გადატანითი აზრით შეცვლა კი არ არის, არამედ ამ უკანასკნელის გამოვლენაა პირველის ადგილზე.

ნეორიტორიკაში მეტყველების ფიგურა იღებს მრავალ დეფინიციას და ხდება ტექსტის სემიოტიკის ბაზისური გაგება.

გრეიმასი რიტორიკულ ფიგურას განსაზღვრავს, როგორც განსაკუთრებულ მიმართებას, რომელიც მოიცავს დისტანციას ტექსტის ფიგურალურ და აბსტრაქტულ დონეებს შორის.

ცვეტან ტოდოროვთან ვხვდებით რამდენადმე განსხვავებულ წარმოდგენას მეტყველების ფიგურებზე. რიტორიკული ფიგურა – ეს ენის არსია, ეს არის ის, რასაც ნოვალისმა უწოდა Selbs, ხოლო ხლებნიკოვმა  самовитая речь.

ლათინურ რიტორიკაში მიმართება ტროპებსა და ფიგურებს შორის მკვეთრად გამჯნული არ იყო. ტოდოროვი ამ შემთხვევაში ფონტანეს პოზიციას იზიარებს: ტროპი არის არაპირდაპირი აზრის ჩამოყალიბების საშუალება. ფიგურა კი წარმოადგენს ფრაზაში ერთდროულად ორი ან მეტი სიტყვის კავშირს.

ფრანგ რიტორთა მიერ შემუშავებული ტროპის თეორიის გეგმისთვის ტოდოროვი აუცილებლად მიიჩნევს დამატებით იდეათა თეორიის არსის გარკვევას. (პოლ-როიალის „ლოგიკაში“ დამატებით იდეათა თეორია წარმოადგენს იდეათა საფუძველს).

სიტყვა შეიძლება აღინიშნოს ორი საშუალებით: მას შეუძლია აღნიშნოს აზრი ან გააღვიძოს აზრი. სიტყვით აღნიშნული იდეა არის ძირითადი იდეა, ხოლო სიტყვის საშუალებით გაღვიძებული იდეა არის დამატებითი იდეა.

ტოდოროვი ფიგურალურ მეტყველებაში გამოყენებულ ენობრივ ერთეულთა სპეციფიკის გათვალისწინებით გამოყოფს დამოკიდებულებათა ოთხ ტიპს:

  1. ბგერა – აზრი (პარონიმები, ალიტერაცია)
  2. სინტაქსური დამოკიდებულება (ელიფსისი, ზევგმა)
  3. სემანტიკურინ დამოკიდებულება (მეტაფორა, მეტონიმეია, სინეკდოქე)
  4. ნიშანი – რეფერენტი (ანტიფრაზისი)

ტოდოროვმა აღნიშნულ კლასიფიკაციას ე.წ. ანომალიათა ჯგუფი უწოდა, მაგრამ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, მან ვერ მოახერხა შემოთავაზებული კლასიფიკაციის იქით წასვლა, ანომალიათა ჯგუფში ტროპებისა და ფიგურების ჩართვა იმდენად სუსტ კრიტერიუმებზე იყო დაფუძნებული, რომ მომავლისათვის უპერსპექტივო აღმოჩნდა (დიუბუა).

ლიეჟის ნეორიტორიკული სკოლა

თანამედროვე მეცნიერების მიერ წარსულის რიტორიკული მემკვიდრეობის გათავისების თავისებურ შეჯამებას წარმოადგენს ლიეჟის ნეორიტორიკული სკოლის (ე.წ. M ჯგუფის) ნაშრომი ზოგადი რიტორიკა. ამასთან ერთად იგი აშკარად მოწმობს იმას, რომ ახალ რიტორიკას სულ უფრო დიდი საფუძველი აქვს განაცხადოს თავისი უფლებები მეცნიერების ჯერ კიდევ ვაკანტურ როლზე, რომელიც განიხილავს ენის ცოცხალ სინამდვილეს ყველა განფენილობაში – ინფრალინგვისტიკურიდან მეტალინგვისტიკურამდე.

ოთხი სახის რიტორიკულ მეტაბოლათა განხილვა წარმოადგენს M ჯგუფის მიერ ენის ცოცხალი ფუნქციონირების ანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს. საყურადღებოა აგრეთვე აღნიშნულ ნაშრომში ეთოსის თეორიის პრობლემის დასმაც. დამაჯერებელი სიტყვის მთელი სტრატეგია, „ზოგადი რიტორიკის“ ავტორთა აზრით, პრაქტიკულად, მეტაბოლისა და ეთოსის თეორიებით განისაზღვრება.

 

 

ტროპი და სემიოტიკა

ენათმეცნიერების თვალსაზრისით, საყურადღებოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტროპულობის ძირები უნდა ვეძიოთ თვით ენის სტრუქტურის, როგორც ნიშანთა სისტემის, ორპლანიანობაში და შინაარსის პლანისა და გამოხატვის პლანის ასიმეტრიულობაში.

ბარტი წერს: არ არსებობს წმინდა დენოტაციური ენები, ისევე, როგორც არ არსებობს მხოლოდ კონოტაციური. ნებისმიერი ენა წარმოადგენს გამოთქმულისა და ნაგულისხმევის კომბინაციას, დენოტაციურ და კონოტაციურ დონეებს. ასეთია სემიოტიკური სისტემის დინამიკური რეალობა, – დასძენს ბარტი, – თუმცაღა, კლასიკური (სტატიკური) სტქრუქტურალიზმი ვერ ფლობს ამ რეალობის გასაღებს.

ნიცშესათვის ტროპი – ლინგვისტური პარადიგმაა, ფიგურალური სტრუქტურა კი – ენის დახასიათება, როგოც ასეთი. ენა – რიტორიკულია, რადგანაც ის ისწრაფვის გადმოგვცეს მხოლოდ აზრი (doxa) და არა ჭეშმარიტება (episteme).

ტროპები, ეს ის კი არ არის, რასაც ნებისმიერად დაამატებ ან წაართმევ ენას. ეს – ენის ჭეშმარიტი ბუნებაა. არ არსებობს არავითარი საკუთარი მნიშვნელობა, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებთან არა გვაქვს საქმე.

ნიცშეს აზრით, რიტორიკა რადიკალურად აჩერებს ლოგიკის მოქმედებას და ხსნის რეფერენციულ ცდომილებათა თავბრუდამხვევ შესაძლებლობებს.

პირსის შეხედულებით, ნიშნის ინტერპრეტაცია სულაც არ არის მნიშვნელობა, ის უკვე მეორე ნიშანია, ეს წაკითხვაა და არა დეკოდირება. თავად წაკითხვა გაგბულია, როგორც მესამე ნიშანი და ასე შემდეგ.

პირსი ამ პროცესს – როდესაც ერთი ნიშანი ბადებს მეორეს – უწოდებს წმინდა რიტორიკას.

თუკი ნიშანი მოგვცემდა მნიშვნელობას ისევე, როგორც ობიექტი გვაძლევს ნიშანს, ე.ი. რეპრეზენტაციის გზით, მაშინ გრამატიკისა და რიტორიკის განსხვავების აუცილებლობა არ იქნებოდა.

გრამატიკა საშუალებას გვაძლევს, დავსვათ კითხვა, მაგრამ წინადადებამ, რომლის საშუალებით ვაყალიბებთ კითხვას, შეიძლება გამორიცხოს თავად შეკითხვის შესაძლებლობა.

სრულიად მკაფიო სინტაქსური კითხვა წარმოშობს წინადადებას, რომელსაც, სულ მცირე, ორი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგან ერთი ამტკიცებს, ხოლო მეორე უარყოფს თავის საკუთარ ილოკუციურ მოდუსს. საქმე ის არ არის, რომ არის ორი მნიშვნელობა, ერთი -პირდაპირი და მეორე – ფიგურალური, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომელია მართებული განსაზღვრულ სიტუაციაში (პოლ დე მანი).

როგორც აღვნიშნეთ, ტროპის თეორიით ხელახალი დაინტერესება სემიოტიკის წარმოშობამ გამოიწვია. შოფერს და რაისს ეკუთვნით ტროპის ახლებური განმარტება: ტროპი – ეს არის სემანტიკური ტრანსპოზიცია არსებული ნიშნიდან (In praesentia) უნიშნობისკენ (In absentia).

თანამედროვე ენეთმეცნიერებაში ტროპის თეორიის განმარტებისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს ტროპის გაგება სისტემად, რომლის ელემენტები – ცალკეული ტროპები – იერარქიულად ორგანიზებულია.

მეტაფორა და მეტონიმია ტროპთა საკლასიფიკაციო სისტემაში იერარქიის პირველი დონეა.

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s