ცირა ბარბაქაძე _ მეტაფორა და მეტონიმია


მეტაფორა და მეტონიმია

მეტაფორა და მეტონიმია ტროპთა საკლასიფიკაციო სისტემაში იერარქიის პირველი დონეა.

მეტაფორა და მეტონიმია, როგორც ტროპის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო სახეობა, დამყარებულია მეზობლობის და მსგავსების ასოციაციაზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, განვასხვაოთ პოეტური (მეტაფორული) და პროზაული (მეტონომიური) სტილები და, ამავე დროს, გვაგზავნის ენის ორი _ პარადიგმატული და სინტაგმატური ღერძისკენ, რაც გრაფიკულად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

Untitled 2

პარადიგმატულ დონეზე ხდება ელემენტთა არჩევა, ხოლო სინტაგმატურ დონეზე _ არჩეულ ელემენტთა კომბინაცია.

მეტაფორა, როგორც მსგავსების შემოქმედებითი ტრანსფორმაციაა და მეტონიმია, როგორც მეზობლობის შემოქმედებითი ტრანსფორმაცია, ამ ორი ღეძისა და მათი შესაბამისი ოპერაციებითაა წარმოდგენილი.

ამ დიქოტომიის აუცილებლობა დაამტკიცა რ.იაკობსონმა ცნობილ ნაშრომში: „ენის ორი ასპექტი და აფაზიურ დარღვევათა ორი ტიპი“. მან გამოავლინა ორ ძირითად აფაზიურ დარღვევათა ლინგვისტური სინდრომი: ერთი, დაკავშირებული მსგავსების ასოციაციის დარღვევასთან, ხოლო მეორე – მეზობლობის ასოციაციასთან. მეტყველება შეიძლება განვითარდეს ორი ტიპის აზრობრივი ხაზით. ერთი თემა მეორეში შეიძლება გადავიდეს მსგავსების ან მეზობლობის საფუძველზე. პირველი შემთხვევის შესაბამისი აღნიშვნა იქნება – მეტაფორის ღერძი, ხოლო მეორესთვის – მეტონომიის ღეძი. აფაზიის დროს ერთ-ერთი პროცესი შეზღუდულია ან მთლიანად ბლოკირებულია.

ნორმალურ ენობრივ ქცევაში ორივე პროცესი მოქმედებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გულდასმით დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულტურის, პიროვნული ხასიათისა და ენობრივი სტილის გავლენით მოლაპარაკე უპირატესობას ამ ორი პროცესიდან ერთ-ერთს ანიჭებს (იაკობსონი).

მეტაფორისა და მეტონომიის ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის  სხვა ახსნის მიხედვით: მეტაფორა შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც სემანტიკურად განსხვავებულ ნიშანთა ცვლა ერთნაირ სინტაქსურ პოზიციაში, მაშინ, როცა მეტონიმია გაგებულია, როგორც თავად სინტაქსურ პოზიციათა ცვლა.

მეტაფორა ფუნქციონირებს პრედიკატთან კავშირში (ატრიბუტთა სფეროში) და მისი პირველადი ფუნქციაა: დამახასიათებელი. მეტონიმია კი ასრულებს იდენტიფიკაციის ფუნქციას  კონკრეტულ საგანთან მიმართებით (არუთინოვა).

ენის განვითარება რეალიზდება ორი ენობრივი მოდუსის ურთიერთდაპირისპირებით: ენა, რომელიც აღწერს რეალურ სიტუაციას და ენა, რომელიც აღწერს პოტენციურ სიტუაციას, რომელიც რეალობით არ არის მოტივირებული. მხატვრული მეტყველება ჩვეულებრივ მეტყველებასთან მიმართებით, „ნორმიდან გადახრაა“. ნორმიდან ეს გადახრა რეალიზდება ტროპების მეშვეობით, რომელთა საშუალებით იზრდება ახალი აზრის გადმოცემის შესაძლებლობები, სუბიექტის ახალი კავშირები ობიექტურ რეალობასთან.

ტექსტის გაგება დაკავშირებულია ტროპების (მეტაფორა, მეტონიმია) სწორ ინტერეპრეტაციასთან, რადგან ტროპების მნიშვნელობა დროში ცვალებადია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ჩვენი დროის ერთ-ერთ დიდ მოძღვარს ჰკითხეს: რატომ არ წერო? მან უპასუხა: მე მჯერა, რომ თუ შუამავალი იცვლება, იცვლება აგრეთვე ჩემი სიტყვების მნიშვნელობაც. შუამავალი ქმნის საკუთარ პირობებს და ცვლის გადმოსაცემ შინაარსს. ეს ცოტა რთულია გასაგებად… ჩემი სიტყვები _ ეს შუამავლის ერთი ტიპია, მაგრამ, როდესაც ვლაპარაკობ, ურთიერთობა მყარდება რამდენიმე არხით: მსმენელი ცხოვრობს და მეც ვცხოვრობ, როდესაც ვსაუბრობ, მსმენელი არა მარტო ისმენს ჩემს სიტყვებს, ის ხედავს ჩემი ბაგეების მოძრაობას, არა მარტო სიტყვები ლაპარაკობენ, ბაგეებიც უბნობენ, ჩემი თვალებიც რაღაცაზე მეტყველებენ,  შინაარსი სხვადასხვა იქნება იმისთვის, ვინც მისმენს და იმისთვის, ვინც ჩემს ნაწერს კითხულობს… მკითხველთა წინაშეა წიგნი ჩემ მაგივრად, შავი სიტყვები და შავი მელანი _ მეტი არაფერი…  შავი მელანი ვერასოდეს გამოაჩენს ჩემს ჟესტებს და გამომეტყველების ცვლილებას… ეს ცხოვრება არ არის, ეს _ მკვდარი შეტყობინებაა…

ამავე აზრს გამოხატავს იოანე მოციქულის სიტყვებიც, როცა მოიკითხავს „რჩეულ ქალბატონს“: „ბევრი მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული“ (იოანე მოციქულის მეორე წერილი: „მოკითხვა რჩეულ ქალბატონს“).

ამის მიუხედავად, მეცნიერება ცდილობს, „მკვდარი შეტყობინებების“ ტექსტების ინტერპრეტაციას, რათა აღადგინოს სიტუაცია და ერთმანეთს შეახვედროს დროში და სივრცეში დაშორებული მწერალი და მკითხველი ერთმანეთს ისე, რომ მათ გაუგონ ერთამენთს.

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s