ცირა ბარბაქაძე _ რიტორიკა და პრაგმალინგვისტიკა; ენა და ადამიანი


TPuIvdcCGxw

პრაგმალინგვისტიკის ენათმეცნიერების დარგად გამოყოფა დაკავშირებულია 1970 წელს ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმთან, რომელიც მიეძღვნა პრაგმატიკის საკითხებს. სიმპოზიუმის მონაწილეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კომუნიკაციის პრაგმატიკული ასპექტები გამოკვლეული უნდა იქნას ლინგვისტიკური თეორიის ჩარჩოებში ამ კომუნიკაციის სინტაქსურ და სემანტიკურ ასპექტებთან ერთად.

პრაგმატიკის უმთავრესი პოსტულატია – ენის ფაქტების შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც წინა პლანზე წამოსწია ენობრივი ურთიერთობის ლინგვოპრაგმატიკული პრობლემატიკა, რომელიც, ამავე დროს, მოითხოვს მეტყველების სიტუაციის განხილვას. ასეთ შემთხვევაში, ლინგვისტიკური პრაგმატიკის ობიექტია – ენა, მეტყველება, როგორც ენობრივი შემოქმედება და მეტყველება, როგორც ენობრივი მასალა (ტექსტი), ხოლო საგანი – ენის შესწავლა ადამიანის ფაქტორის გათვალისწინებით ფართო სოციალურ კონტექსტში.

პრაგმალინგვისტიკისადმი ინტერესი განპირობებულია თანამედროვე საზოგადოებაში მისი როლით: მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითარებით და საზოგადოებრივი აზრის მიზანმიმართული ფორმირების მოთხოვნით.

პრაგმალინგვისტიკის მთავარი შესასწავლი  პრობლემა: „ენა და ადამიანი“ – აერთიანებს მრავალ ლინგვისტიკურ, ფსიქოლინგვისტიკურ, აგრეთვე სოციალურ-ისტორიულ, ნაციონალურ-კულტურულ, ეთნოგრაფიულ და სხვა ფაქტორებს.

პრაგმატიკის განსაზღვრისას ერთ შემთხვევაში წინა პლანზე იწევს ადამიანის ფაქტორი; გ.კლაუსს პრაგმატიკის გაგებაში შემოაქვს „ენობრივი ნიშნების გამოყენების ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ასპექტები“. სხვა დეფინიციაში გამოიყოფა პრაგმალინგვისტიკური გამოკვლევების ფუნქციური ასპექტი (ენა კონტექსტში), მათი კონტექსტური განპირობებულობა.

მესამე ტიპის განსაზღვრაში ყურადღება ექცევა ენობრივი კომუნიკაციის ეფექტურობას კომუნიკანტთა ურთიერთობისა და ურთიერთზეგავლენის პროცესში. ასეთ შემთხვევაში, ენის პრაგმატიკულ ფუნქციას მიაკუთვნებენ ენობრივ ზეგავლენას, ინტერაქციას. დგება საკითხი, რათა შესწავლილ იქნას ადამიანთა ქცევის მართვა მეტყველების მეშვეობით. კომუნიკაციის მთავარ ფაქტორად გამოიყოფა კომუნიკაციის სუბიექტის მიერ ენის წარმატებით გამოყენება მიზნის მისაღწევად.

და ბოლოს, დეფინიციათა შორის აღსანიშნავია მეტყველების პრაგმატიკული გამოკვლევის ინტერპრეტაციული ასპექტი, რომელიც ვლინდება ამა თუ იმ კომუნიკაციურ კონტექსტში. ინტერპრეტაციის ობიექტი ამ შემთხვევაში, როგორც არუთინოვა აღნიშნავს, არის – გამონათქვამის პრაგმატიკული მნიშვნელობა.

ზემოაღნიშნული განმარტებები არ უპირისპირდება ერთმანეთს. ისინი მხოლოდ პრაგმატიკული პრობლემატიკის განსხვავებულ მხარეებს ასახავს: ადამიანის ფაქტორი, შემოქმედებითი, პროცესუალური ასპექტი, ნიშნის ინტერაქტიული პოტენცია, ფართო ისტორიული და სოციალური კონტექსტი.

პრაგმატიკული პრობლემატიკის სირთულე და მრავალფეროვნება მეცნიერებს უფლებას აძლევს განაცხადონ, რომ: ჩვენი დროის ვერცერთი მკვლევარი თავის თავზე ვერ აიღებს, ზუსტად განსაზღვროს ენის კვლევისას, არ არის პრაგმატიკული და რა – არა.

ინფორმემები და პრაგმემები

პრაგმალინგვისტიკა, როგორც ენათმეცნიერების განსაკუთრებული დარგი, თავისი მიზნების ეფექტურად განხორციელებისათვის საჭიროებს თავისებურ, პრაგმალინგვისტიკურ ერთეულთა სისტემების გამოყოფას, რომლებიც ასახავს ენის პრაგმატიკულ, მარეგულირებელ და ზეგავლენის ფუნქციებს. პრაგმალინგვისტიკური ერთეულები ცალ-ცალკე ქმნიან თავ-თავიანთ სტრუქტურას და სისტემას, რომელთა შორისაც შეინიშნება აგრეთვე სისტემური და სტრუქტურული ურთიერთობა.

პრაგმალინგვისტიკის ძირითადი ერთეულებია; ინფორმემა და პრაგმემა. ინფორმემები ენის სხვადასხვა დონის ისეთი ერთეულებია, რომლებიც ემსახურებიან ინფორმაციული შინაარსის გადაცემას და ასრულებენ მხოლოდ ინტელექტუალურ-ინფორმაციულ ფუნქციას; ისინი გამოიყენებიან შეტყობინებისათვის, ინფორმაციისათვის.

პრაგმემები – პრაგმატიკული შინაარსის მატარებელი ერთეულებია, რომელთათვისაც პრაგმატიკული ფუნქცია წამყვანი ფუნქციაა, ისინი გამიზნულია ძირითადად ფსიქიკის ემოციურ სფეროსა და ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებისათვის. ამასთანავე, ზოგიერთი პრაგმემისათვის ნიშანდობლივია, როგორც პრაგმატიკული, ასევე ინტელექტუალურ-ინფორმაციული ფუნქცია.

ინფორმემების სტრუქტურა

  1. ნომინაციური ინფორმემები – რომლებსაც მიეკუთვნება სრული მნიშვნელობის მქონე მეტყველების ნაწილები, რომლებიც ნომინაციურ ფუნქციას ასრულებენ: სიტყვა, ქრისტიანი, კეთება, დამოძღვრა, გუშინ, ორნი და ასე შემდეგ…
  2. დეიქსისური ინფორმემები – მე, შენ, იქ, ვიღაც, რომელიღაც…
  3. რელაციური ინფორმემები – კავშირები, ზმნისწინები და სხვა…

პრაგმემების სტრუქტურა

  1. ემოციური პარგმემები – მაგალითად, შორისდებულები: ეჰ, აჰ, ვაშა…
  2. ემოციურ-შეფასებითი ხასიათის პრაგმემები – რომლებსაც მიეკუთვნება ემოციურ-შეფასებითი ლექსიკა;
  3. ექსპრესიული პრაგმემები.

როგორც ინფორმემები, ასევე პრაგმემები, შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ლექსიკური ერთეულებით, არამედ, ენის სხვა დონის ერთეულებითაც. მაგალითად, მორფემებში შეიძლება გამოვყოთმორფემე-ინფორმემა და მორფემა-პრაგმემა. მორფემა-ინფორმემეაა: ძმ-ობა, მეგობრ-ობა… ხოლო მორფემა-პრაგმემა, მაგალითად, კნინობითის მაწარმოებელი – ილო… მამ-ილო, დედ-ილო… და ასე შემდეგ.

მყარი სიტყვათშეთანხმება-ინფორმემები გადმოგვცემენ მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის შინაარსს: სიტყვის მოთხოვნა, მხედველობაში მაქვს, ადგილი აქვს და სხვ.; ხოლო მყარი სიტყვათშეთანხმება-პრაგმემები არის ტიპური ცხოვრებისეული სიტუაციებისათვის სოციალური და ინდივიდუალური ქცევის რეკომენდაციები. ასეთებია: ანდაზები, ფრაზეოლოგიზმიბეი, ფრთიანი გამონათქვამები…

პრაგმემათა შორის მიზანშეწონილია განვასხვავოთ ენობრივი პრაგმემები და მეტყველების პრაგმემები. ენობრივი პრაგმემები მყარი პრაგმატიკული ინფორმაციის მატარებელია, რაც შეეხება მეტყველების პრაგმემებს, ისინი პრაგმატიკული პოტენციალის აქტუალიზაციის შედეგად ხდებიან პრაგმატიკული ინფორმაციის მატარებლები.

პრაგმემებთან და ინფორმემებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა ჯგუფის პრაგმალინგვისტიკური ერთეულები – სენსიბილატორები (გამაძლიერებლები) და აქტუალიზატორები.

ენობრივ პრაგმემათა სენსიბილატორები შეიძლება იყოს: ა) ლინგვისტიკური; ბ) პარალინგვისტიკური;  გ) არალინგვისტიკური.

ლინგვისტიკური სენსიბილატორები ძირითადად სხვა ენობრივი პრაგმემებია, მათი გამაძლიერებელი გავლენა მრავალმხრივი შეიძლება იყოს.

პარალინგვისტიკური და არალინგვისტიკური სენსიბილატორებიც მრავალფეროვანია: ხმის ტემბრი, წარმოთქმის სიძლიერე, ჟესტი, მიმიკა, სხეულის მოძრაობა, მოსაუბრის შინაგანი სტატუსი, ავტორიტეტულობა და სხვა.

აქტუალიზატორებიც შეიძლება იყოს აგრეთვე: ლინგვისტიკური, პარალინგვისტიკური და არალინგვისტიკური.

 

მჭევრმეტყველება შემოქმედებითი პროცესია. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა ენობრივ ერთეულებზე დაკვირვება, ეს შეეხება ენის ყველა დონეს. ინფორმემები, რომლებსაც პოტენციური პრაგმატიკული ფუნქცია აქვთ, მეტყველების პროცესში პრაგმემებად გარდაიქმნებიან. ამგვარი გარდაქმნები მჭევრმეტყველებაში ძალიან მოულოდნელია. პრაგმემათა გავლენის ძალა კი იზრდება მოულოდნელი პრაგმემების გამოყენებით მოცემულ სამეტყველო სიტუაციაში. თუკი მოხდა, რომ ერთხელ მოულოდნელად წარმოქმნილი პრაგმემა ხშირად განმეორდა, თანდათან მოხდება მისი ზეგავლენის ძალის შემცირება და ადაპტაციის წყალობით შეიძლება შაბლონად იქცეს მეტყველებაში. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს მეიეს: „ ამის გამოა, რომ მოხმარებიდან გამოსვლის ტენდენციის ნიშანი აზის ისეთ სიტყვებს, რომლებიც აღმატებით ხარისხს გამოხატავენ. ასეთი სიტყვებია: ძალიან, სრულიად, საგანგებოდ… და სხვა. სწორედ იმიტომ, რომ მათი ზეგავლენის ძალა განლეულია“.  ეს კარგად იციან სიტყვის ოსტატებმა. მაგალითად, მაიაკოვსკი წერდა: სიტყვა, როგორც კი ჩვევად იქცევა, ძველდება, როგორც კაბა…

ადაპტაციის მოქმედებით შეიძლება აიხსნას მოვლენა, რომელიც ცნიბილია „სატიაციის“ სახელით. ვერბალური სატიაცია – სიტყვის მნიშვნელობის სუბიექტური დაკარგვაახშირი მოხმარების გამო.

ადაპტაცია, რომელიც პრაგმემათა პრაგმატიკულ ძალას ასუსტებს, ამავე დროს ქმნის სტიმულს, რათა ორატორმა სხვა პრაგმატიკული საშუალებები შექმნას, რაც იწვევს ენის სხვადასხვა დონის  ერთეულების სემანტიკურ ცვლილებებს, რასაც, საბოლოო ჯამში, ენის პრაგმატიკული სისტემის გამდიდრებისკენ მივყავართ.

გამოქვეყნებულია mastsavlebeli.ge-ზე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s