კოკა ბრეგაძე _ “ქვათა ღაღადი”, ანუ „The Rolling Stones“ und kein Ende” (ფრაგმენტები მომავალი ბიოგრაფიული წიგნიდან)


11257648_506923422793637_2142257381_n

[…] ესენი – ჯონსი და რიჩარდი – რომ მთელი დღე გიტარების შეწყვილებას გააბამდნენ და შემოქმედებითი პროცესის მაგიაში დაინთქმებოდნენ, ჯაგერი ყოველთვის “აფსაიტში” იყო ხოლმე საკუთარ ამპარტავნებასთან და ამბიციებთან მარტოდ დარჩენილი…  ესსენციალისტურად თუ შევხედავთ საქმის ვითარებას, ბოლო-ბოლო ეგ მხოლოდ უდიდესი შოუმენი, ფრონტმენი და  არტისტი  იყო და არის, ესენი კი “დემიურგები” იყვნენ და არიან.

“როლლინგების” საგიტარო დუეტი იმთავითვე გამოირჩა 60-იან წლების ბრიტანეთში სოკოებივით აღმოცენებული ბიტ-ჯგუფების მასიდან: აქ სტანდარტულად და მარტივად  არ იყო გადანაწილებული ფუნქციები რიტმ- და ლიდ-გიტარებს შორის და შეწყვილებაც იერარქიის პრინციპზე  არ იყო დაფუძნებული (როგორც ეს, მაგ., “იარდბიორდზში” იყო, ან “ბითლზებში”, ან თუნდაც “AC/DC”-ში იყო), არამედ ჯონსი და რიჩარდი თავიდანვე ცდილობდნენ შეექმნათ პრეცედენტი თანასწორუფლებიანი და პარტნიორული საგიტარო შეწყვილებისა, როდესაც ისინი მთელი კომპოზიციის მანძილზე ურთიერთს უნაცვლებდნენ,  ერთი მხრივ, “რიტმ” და “ლიდ” ფუნქციების, მეორე მხრივ, ორივე გიტარისტის მიერ კომპოზიციის მსვლელობისას ერთდროულადაც ხორციელდებოდა “ლიდ”-ის ფუნქციის  აღება. ეს კი ხშირად ხდებოდა როგორც სტუდიური მუშაობისას, ისე კონცერტებზე. მათი ’66 წლის ალბომი “Aftermath” ან ’67 წლის “Between the Buttons” ამის კლასიკური ნიმუშებია. გიტარების ეს “პარიტეტი” მიკ ტეილორის ხანაში (70-74) კიდევ უფრო გაღრმავდა და სრულყოფილებას მიაღწია, რისი ნიმუშიცაა თუნდაც მათი კლასიკური “Sticky Fingers” (’71). (თავი – “Jones/Richard”).

[…] ჯონსს და მაგის ძმა-ბიჭებს ყოველთვის რაღაცის “გაფუჭების” ვნება ღრღნიდათ: ერთხელ, ლონდონში რაღაც ზეპური “ფართი” იყო, სადაც “ბიტლებიც” იყვნენ მიწვეულები და კოპწიად გამოწყობილნი. ლონდენელი ზეპური საზოგადოება უკვე აღარ თაკილობდა წვრილბიურგერული ოჯახებიდან გამოსული ლივერპულელი პროვინციელების (მაკარტნის ლივერპულული აქცენტი ჯერ კიდევ არ ქონდა მოშორებული) გლამურულ წვეულებებზე მიწვევას, ეს მათ ქვეყნის წინაშე მოვალეობადაც კი მიაჩნდათ. რა გასკვირია – გაგანია 64 წელია, “ბიტლომანია” პიკშია, ხოლო “ბითლზი” ბრიტანეთის ახალი “ტრეიდ მარკაა”, ქვეყნის რებრენდინგის ქვაკუთხედი და კონსერვატორი ბრიტებისთვის იანკებისათვის ნიშნის  მოგებისა და მათ წინაშე სიამაყის საგანი. და  ამ დროს, შუა წვეულებაზე უცებ გაწევ-გამოწევა ატყდა  –  ჯონსის თამადობით ბიჭები მოვარდნენ “ჩანგალზე” და ჩაუშალეს „მოკრძალებული ხიბლით“ შემოსილი ზეპური წვეულება ლონდონელ არისტოკრატებს… ლენონი გაიფხორა, მაკარტნიმ კი თავისი დიპლომატიური ღიმილით და მისთვის დამახასიათებელი გალანტობითა და იუმორით განმუხტა სიტუაცია… ჯონსმა კი იქედნურად დაახლოებით ასე მიაძახა ორთავეს “კარგია გოროდიო”… (თავი – “ქალაქელები” და “პროვინციელები”).

[…] “როლლინგების” პრივატულ სივრცეში ცნობიერად თუ არაცნობიერად ოიდიპოსის ამბავი გათამაშდა – რიჩარდმა და ჯაგერმა მოიშორეს ჯონსი -“ბელადი”, “მამა” და მისი ადგილი დაიკავეს…  თუმცა ესეცაა: ჯონსი არ იყო “პატერნალური” ფიგურა, იგი უფრო “ძე” იყო, “დიონისო” და “ორფეოსი”…  უბრალოდ, მათ ეგონათ, რომ “მამა” იყო…  საბოლოო ჯამში კი ნიცშეს “ფორმულა” გათამაშდა: “ტიტანებმა” “აკუწეს” “დიონისო” და მითოსიც ამით ამით დასრულდა… მალე მასვე მიყვა მისი სულიერი ძმაც – შავი ორფეოსი…  (თავი – „ორფეოსის სიკვდილი“)

[…] „საოცარი წუთები არა მარტო როკის და მე-20 საუკუნის კულტურის, არამედ, ზოგადად, სახელოვნებო კულტურის ისტორიაში: ჯაგერი შელლის “ადონისს” უძღვნის მის მიერვე გაწირულ ძმას – ბრაიან ჯონსს, რომელიც ჯერ კიდევ კუბოში წევს და სხეული არ გაციებია (მისი დაკრძალვა ამ ლეგენდარული კონცერტიდან – 05.07.69 – რამდენიმე დღეში მოხდება)… და აქ გაცხადდა, რომ ჯაგერი და ეს თაობა ღვთაებრივი ინტუიციით გრძნობს თავის სულიერ კავშირს სწორედ რომანტიზმთან, რომელიც იყო  ღმერთთან  სულიერი არტისტიზმითა და სულის არისტოკრატიით  პირველი მიახლება… (თავი -„ორფეოსის სიკვდილი“)

[…] “Salt of the Eart” – მარილი ამა ქვეყნისა, ფაქტიურად “ქრისტიან პროლეტართა” ჰიმნია, ჯონ ლენონის დაბოღმილ მუშათა კლასის გმირისა კი არა… მაგრამ “სტოუნზი” რის “სტოუნზია”, თუ ყველგან და ყველაფერში ნიცშეანური დისტანციის პათოსი არ გამოავლინა – ეს ჰიმნი ერთდროულადაა გამსჭვალული უდიდესი სოლიდარობის, ნონკომფორმიზმისა და დისტანციის პათოსით … (თავი „რევოლუცია და დისტანციის პათოსი“).

[…] “Long Long While” ასეთი ბლუზის დამწერი ამ ქვეყნად არავინაა, არც მაშინ (’66) იყო და არც ახლაა: თითოეულ ნოტში იგრძნობა და მწვავდება ყოფიერების ის არსობრივი მახასიათებელი, რასაც ყოფიერების ტრაგიკული საწყისი ქვია: ჯონსის რიტმ-გიტარა ისე ქუხს, თითქოს რაღაც აპოკალიფსურ საშინელზე (das Ungeheuer) ქადაგებდეს, რიჩარდის ლიდ-გიტარას თითოეული ნოტიდან გამოაქვს სამყაროს ტრაგიკული არსი,  უოტსის დასარტყამები კი აპოკალიფსის მოახლოებაზე, კათარზისსა და თეოზისზე მოგვითხრობს. ხოლო ჯაგერმა უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბებული თავისი საფირმო და განუმეორებელი  ჩახლეჩილი ვოკალით  ეგზისტენციალური არარადან ამოძახილით გააცხადა ამ აპოკალიფსის გარდაუვალობა.  (თავი – “ბლუზპურიზმიდან ეგზისტენციალურ ჭეშმარიტებამდე”).

[…] არის ხოლმე ჯაგერის მზერაში რაღაც (უფრო სწორად, მის ბაგეთა ზედა), რასაც ნიცშე Ekels-ს (“ზიზღს”) უწოდებს. სწორედ ეს “ექელ”-ია ზეკაცობის საწყისი ეთიკური და შემეცნებითი აქტი, ამ “ექელ”-ით იწყებს ზარატუსტრა თავის “მარტვილობას”. 60-იანებში ჯაგერს მუდამ დასთამაშებდა თავის ბაგეთა ზედა ეს „ექელ“-ი. (თავი – „დიონისოს დიდი ქურუმი“)

[…] ალბომი „Between The Buttons“ (იანვარი, ’67) ერთობ დაუბალანსებელი გამოვიდა და ამიტომაც მაშინ ბოლომდე ვერ გაუწია კონკურენცია დაახლ. ნახევარი წლით ადრე გამოსულ “ბითლზის” “Revolver”-ს (აგვისტო, ’66), რომელიც უკვე იმთავითვე გამოირჩა თავისი ნოვატორობით ორკესტრირების, ფსიქოდელიური, როკული და ორიენტალური თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჰიტ-პარადული მრავალკვირიანი ლიდერობით. “როლლინგების” ამ ალბომის გამოსვლისას პირველად ახდა ჯონ ლენონის იქედნური გადაკრული ნათქვამი, “რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმას “როლლინგები” ნახევარი წლის მერე იმეორებენო”.  თუმცა ისიცაა, ალბომმა აშკარად დაიგვიანა, მასზე მთელი ნახევარი წელი იმუშავეს ბიჭებმა. და ლენონს და “ბითლზებს” რა ენაღველებოდათ, ტურნეები შეწყვიტეს და მთლიანად სტუდიაში გადაბარგდნენ და ალბომების გამოშვებასაც ნახევარი წლით ადრე ასწრებდნენ, მაშინ როცა “როლლინგები” 66 წლის მეორე ნახევარში ისევ მსოფლიო ტურნეების ვალდებულებით იყვნენ  შეკრულნი…

თუმცა, ისიც გასაკვირია, ამ პერიოდში, გაუთავებელი მსოფლიო ტურნეების (რომლებიც ორივე ნახევარსფეროს მოიცავდა), ტელე-რადიო ჩაწერების, LSD-“ექსკურსიებისა”  და უსასრულო დეკადენტური წვეულებების  პირობებშიც კი, როგორ მოახერხეს ასეთი შარმიანი და ზეორიგინალური მუსიკალური  პროდუქტის გამოშვება.  ეს არის საეტაპო კონცეპტუალური პოპ-როკ-ფოლკ-ალბომი, სადაც ბიჭებმა გამოავლინეს განუმეორებელი მუსიკალური მრავალფეროვნება და ფართო დიაოპაზონი როგორც ორკესტრირების, ისე კომპოზიციის ხელოვნების თვალსაზრისით (თუმცა, უნდა ითქვას, რომ 66 წლის აპრილში გამოშვებულ „Aftermath“-ს, ცხადია, მაინც ვერ შეედრება კონცეპტულაური გამართულობითა და შეკრულობით). თანაც ეს ალბომი ბრაიან ჯონსის მუსიკალური გ(ე)ენიის მულტიინსტრუმენტალიზმის პიკიც იყო. (თავი – „67 წლის ნერვიული კრიზისი“)

[…] 60-იანი წლების დიონისური „პახმელიიდან“ და ბაკხანალიიდან გამოსულებს, სწორედ მიკ ტეილორმა მიურწყა აპოლონური ელემენტი – საუნდი და საშემსრულებლო დონე კიდევ უფრო დაიხვეწა, ხოლო ხანრგძლივი პაუზის შემდეგ (67-69) “როლლინგები” უკვე აშკარად მზად იყვნენ მსოფლიო ტურნეებისთვის, საკონცერტო ჯგუფად ქცევისა და სცენური ჰეგემონიისათვის. ეს ყველაფერი კი სწორედ მიკ ტეილორის აპოლონური ენტელექიის წყალობით მოხდა: 69-73 წლებში “როლლინგების” კონცერტების საშემსრულებლო დონე პიკშია. თუნდაც რობერტ ჯონსონის  ლეგენდარული ბლუზი „Love in Vain“ „როლლინგებმა“ თითქოს სწორედ მიკ ტეილორისთვის ჩართეს ჯერ თავიანთ კლასიკურ ალბომში „Let it bleed“ (‘69) და მერე იმ წლების (69-73) საკონცერტო რეპერტუარში. ამ ბლუზის შესრულებაში, რომელიც „როლლინგებმა“ საკუთარ სამარკო ნიშნად გადააქციეს, მიკ ტეილორი საოცარ სიმაღლეებს აღწევდა, გამოჰქონდა რა თითოეული ნოტიდან სამყაროს ონტოლოგიურ სიღრმეებში დავანებული ტრაგიკული არსი. (თავი – „აპოლლოს მეორედ მოსვლა“).

[…] თურმე, “როლლინგების” სათავეებთან 18-19 წლის ჯონსი, ჯაგერი და რიჩარდი მთელი ნახევარი წელი კარტოფილის პიურეზე ისხდნენ და 24 საათი უსმენდნენ და მერე თავად უკრავდნენ ელმორ ჯეიმსს, ჯიმი რიდსა და მადი უოტერსს.
ამიტომაც, სახელოვნებო ასკეტიკისა და მარტვილობის გარშე არასოდეს იქმნება და შეიქმნება დიდი ხელოვნება. ამიტომაც, არასოდეს ყოფილა დიდ ხელოვანთა მოღვაწეობისა და დიდი ხელოვნების შობის/ჩასახვის/გენეზისის ადგილი კომფორტული ბინები, ბიურგერული პალატები და აკადემიური დარბაზები, არამედ მიგდებული ერთოთახიანი ბინები, მივარდნილი მანსარდები, ჩასვრილი სარდაფები და სამზარეულოები. (თავი – „სათავეებთან“)

[…] „როლლინგებს“ ჰქონდათ საოცარი “მითვისების” ნიჭი: რასაც ისინი “აქავერებდნენ”, მათ ხელში ჰიტად იქცეოდა და შემდგომ მათ ხელში გაჰიტებული სხვისი კომპოზიცია მხოლოდ მათთან ასოცირდებოდა და ბევრ მსმენელს მათი კომპოზიცია ეგონა, მაგ., იგივე „ბითლზის“ მიერ მათთვის ნაჩუქარი „I Wanna Be Your Man“, ან „Time Is on My Side“ (თავი – „სათავეებთან“).

[…] იან სტიუარტის „ჰემონდ-ორღანი“ და ბრაიან ჯონსის გიტარა სოულ-სტანდარტში  „If You need Me“ უკვე აკვესებენ როკ-ჟღერადობას.  ხოლო მიკ ჯაგერმა უკვე თითქმის დაიყენა თავისი საფირმო “ჩახრინწული” რეჩიტატივი და “როკული” ვოკალი. იმ დროს ეს პირველი სტანდარტს ზევით გასვლა იყო. ამ დროს ინგლისში “ბითლზის” მერსი-ბიტისა და “ენიმალზ”-“იარდბიორდზის” ბლუზ-პურიზმის პირობებში ეს საეტაპო “ეგზისტენციალური” გარღვევა იყო. არ დაგვავიწყდეს, ჯერ მხოლოდ ’64  წელია. (თავი – „სათავეებთან”)

[…] 1966 წლის აპრილში „როლლინგები“ უშვებენ თავიანთ პირველ კონცეპტუალურ როკ-ალბომს – “Aftermath”. მათი წინარე ალბომებისაგან განსხვავებით, ეს არ არის სხვა ავტორთა ბლუზის, როკ’ნ’როლლის, რიტმ’ენდ’ბლუზის, სოულის “ქავერების” ნაკრები, სადაც ჯაგერ/რიჩარდის ავტორობით ერთი-ორი კომპოზიციაც გამოერეოდა ხოლმე, არამედ ალბომი მუსიკალურად შეკრულია წინასწარ გააზრებული და „დასმული“ საუნდით, ხოლო ტექსტუალური თემატიკის მხრივ ალბომი აგებულია ერთიან ეგზისტენციალურ პრობლემატიკაზე, სადაც ყოფიერებასა და ყოფნასთან ბიჭები საკუთარ ანგარიშებს არკვევენ და მის მიმართ პოზიციებსაც შეიმუშავებენ.

ეს ალბომი ბევრი რამითაა საეტაპო და საპროგრამო როგორც თავად „როლლინგების“ შემოქმედებაში, ისე, ზოგადად როკის ისტორიაში:

  1. 14-ვე კომპოზიცია ჯაგერ/რიჩარდის ტანდემს ეკუთვნის. თუმცა ბრაიან ჯონსსაც მიუძღვის თავისი ლომის წილი: მუსიკალური ნომრების „გაორკესტრება“ და თავად ამ ნომრებისვე შესრულებაში სხვადასხვა ეგზოტიკური თუ კლასიკური საკრავების ჩართვა, მათ შორის, სიტარა, ციტრა, ქსილოფონი, კლავესინი, რაც ალბომს ანიჭებს განუმეორებელ შარმსა და ორიგინალურ მუსიკალურ მრავალფეროვნებას. ასე რომ, 14-ვე კომპოზიციის ავტორად ჯონსის მოაზრებაც შეიძლება.
  2. ალბომის ფართო ჟანრობრივი დიაპაზონი – ფსიქოდელიისკენ მიდრეკილი ბლუზიდან დაწყებული (მაგ., „Doncha Bother Me“, „Flight 505“, „Stupid Girl“), ქანთრით (მაგ., „High and Dry“) და როკ-ბალადებით გაგრძელებული (მაგ., „Out of Time“, “I Am Waiting”, “Lady Jane”) და უკვე ნამდვილი როკით დამთავრებული (მაგ., “Under My Thumb”, “Goin’ Home”).
  3. როკის ისტორიაში პირველად ამ ალბომში ხდება, როდესაც იქმნება 11 წუთიანი კომპოზიცია, თანაც სწორედ როკ-კომპოზიცია – “Goin’ Home”. “დორზებმა” სწორედ აქედან მიიღეს ინსპირაცია თავიანთი “The End”-სთვის (აღსანიშნავია, რომ ალბომი „Aftermath“ „დორზებს“ ძალიან მოსწონდათ და საკუთარი სადებიუტო და შემდგომ კლასიკად ქცეული ალბომზე „Doors“ მუშაობისას სწორედ „როლლინგების“ ამ ალბომზე იღებდნენ ორიენტაციას).
  4. ამ ალბომით “როლლინგები” ამავდროულად საფუძველს უყრიან როკ-პოეზიას, და ირკვევა, რომ კომპოზიციისათვის თანმხლები ტექსტი კომპოზიციის მეორადი შემადგენელი ნაწილი კი არ არის, არამედ თავად კომპოზიციასთანაა შეზრდილი დიალექტიკის პრინციპით, როდესაც ტექსტი და მუსიკალური ასპექტი ურთიერთს განაპირობებს და ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნის.
  5. ამ ტექსტებში კი, ერთი მხრივ, ღრმად ეგზისტენციალური პრობლემატიკაა წამოჭრილი – მაგ., იმავე „Goin’ Home“, „It’s Not Easy“, „I Am Waiting“), მეორე მხრივ, განვითარებულია სოციალური სატირის პათოსიც – მაგ., „Stupid Girl“, „Mother’s Little Helper“, „Out Of Time“). ანუ, ალბომის ტექსტებში ის თემატიკა და პრობლემატიკაა განვითარებული, რომელიც სწორედ როკ-პოეზიასა და როკ-კომპოზიციების პოეტიკას შეესაბამება. (თავი – „აუტენთიკა“)

[…] ერთხელ, გერმანელ რომანტიკოს პოეტ ნოვალისს უთქვამს, ყოველი ინგლისელი კუნძულიაო.  ეს თუ ვინმეზე ითქმის, სწორედ მიკ ჯაგერზე, ვისთანაც ეს დეფინიცია სრული სახითაა გამოვლენილი: ჯაგერი, რომელიც  ცხოვრების სისავსით ტკბება და სხვასაც აცლის ცხოვრებით ტკბობას, რომელიც თავადაც თავისუფალია და სხვასაც აცლის თავისუფლებას, მაგრამ მუდამ დისტანციის პათოსითაა შეპყრობილი, ახლოს არასოდეს მიგიშვებს და არც თავად მოგახვევს საკუთარ თავს. იგი თითქოს მასსაშია, ვითომ “ხალხოსანია”, რევოლუციონერი”, მაგრამ ეს ხალხი მისთვის საბოლოო ჯამში უპიროვნო, ჭრელი, “ნაცრისფერი მასსაა” (შდრ., “როლლინგების” “ხალხოსნურ”-რევოლუციური როკ-ჰიმნი  „Salt of the Earth“, ’68). შინაგანად მაინც ზეპური საზოგადოება ხიბლავს, ხასად ინტელექტუალი გრაფინია ყავს – მერიენ ფეიტფული, ვისთანაც მიკი და-კაც-და, ფილისტერობას გადაეჩვია და არისტოკრატულ მანერებს მიეჩვია, ვისგანაც ჯაგერმა ფრანგული ისწავლა და მერე  უსასრულო და გაუთავებელ დეკადენტურ წვეულებებზე გალანტურადაც იქცოდა, ფრანგულსაც აკვესებდა და ამით მარიაჟობდა. და ამ ყველაფრით და ასე ცდილობდა საკუთარი ზეპურობის „ლეგიტიმაციას“…

სწორედ ამ „არტისტული“ სოციალური თვისებების გამოა, რომ, ალბათ, გოეთეს მერე სწორედ მიკ ჯაგერია, რომელსაც გოეთესავით კარგად ჰქონდა შესწავლილი არისტოკრატიისა და ბიურგერების კაპრიზები და კარგადაც მოიხმარა მათი სიამენი, რომ მერე დისტანციის პათოსის საფუძველზე კიდევ უფრო განევითარებინა საკუთარი პიროვნება. ალბათ სიმპტომატურია, რომ გოეთემაც და ჯაგერმაც სწორედ სიბერეში მიიღეს თავადისა და სერის ტიტულები, რომელიც არც ერთს ჭირდებოდა  და არც მეორეს ჭირდება, ეს უფრო არისტოკრატთა კლასის რევერანსი იყო მათ მიმართ, რათა მერე თავად ამ კლასს “ემარიაჟა” საკუთარ კლასში ამ ყოფილი ბურჟუების გაწევრიანებით. (თავი – „ბურჟუა“ მიკის მოკრძალებული ხიბლი“).

[…] „ბითლზის“ გაუთავებელი “yeah, yeah, yeah” მსმენელს უქმნის ილუზიას  ყოფისა და ყოფნის კეთილმოწყობილობის, “ყველაფერი კარგად იქნება”-ს შესახებ, რასაც “როლლინგები” უპირისპირებენ “no, no, no”-ს, რაც  მსმენლის “დეილუზიონირებას”, ყალბი ილუზიებისაგან გათვისუფლებას  უწყობს ხელს. ეს კი, თავის მხრივ,  ყოფისა და ყოფნის უკანასკნელობასა და ნაძირლობაზე უხელს მსმენელს გონებასა და თვალს, „შიშველ რეალობაში“ ახედებს და განაწყობს მსმენელს ამ  აუცილებლობასთან  შინაგანი პიროვნული ბრძოლისათვის. (თავი – „უარმყოფელი სული“)

[…] არადა, “როლლინგების” ბევრ უსამართლოდ მივიწყებულ და მარგინალიზებულ კომპოზიციაშიც რაოდენი მარგალიტია დაუნჯებული. აი, თუნდაც ეს – “Moonky Man”, კლასიკური ალბომიდან „Let it Bleed“ (’69): ან რა დრამატული ინტრო, ან რა გიტარის რიფი მუშაობს მთელი კომპოზიცია, მე თუ მკითხავთ, N 1-ია რიჩარდის რიფებს შორის… ან, ბოლოში ჩარლი უოტსის დასარტყამები… (თავი – „მარგინალიები“)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s