გოჩა აბულაძე: ცხოვრება უბრალოებაშია… უნდა შეძლო და იფრინო…


10496945_729642540427292_7956330152021931885_o

გოჩა აბულაძე _ ქართველი ჟურნალისტები მას „ევროპაში ცნობილ ქართველ ბარიტონად“ მოიხსენებენ;  წარმატებული და დიდი მომავლის ახალგაზრდა… შემოქმედი, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება სცენაზე… მისი ხმა ნიაგარას ჩანჩქერივითაა… გიპყრობს და გშთანთქავს… გავსებს ცოცხალი ემოციებით: სევდით, ტკივილით, სიხარულით, ბედნიერებით…. მისი ხმა არღვევს ფორმებს, გავიწყებს თავს, აგიტაცებს, როგორც ბობოქარი ტალღა… გათამაშებს, გამოგზაურებს… სიცოცხლის წყურვილით გავსებს…

 გოჩა აბულაძისათვის ცხოვრება – აწმყოა… არ არსებობს „იყო“ და „იქნება“…. ასეთი დამოკიდებულების გამო ყოველ დღე ბოლომდე იხარჯება და მასში ბავშვი და ბრძენი ერთდორულად ლაპარაკობს, რადგან ყველა დრო ერთად აქვს „შეკრებილი“ აწმყოში…

 გაიგეთ უფრო მეტი ევროპაში წარმატებულ და საქართველოში ნაკლებად ცნობილ ბარიტონზე… სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, სიმღერაზე შეყვარებულ ადამიანზე…

 

ც.ბ _ ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური აღქმის ადამიანები სამყაროს განსხვავებულად შეიმეცნებენ… ვიზუალები „ხედავენ“ სამყაროს, აუდიალებს _ „ესმით“ და კინესთეტიკები _ „გრძნობენ“… საოპერო მომღერალს უპირატესად როგორი აღქმა აქვს, ალბათ ეს კითხვა არ უნდა დაგისვა… ამ შემთხვევაში, მაინტერესებს, შენში, როგორც მუსიკალური აღქმის (და არა მარტო აღქმის, არამედ გამოხატვის) ადამიანში, როგორ შემოდის სამყარო, ადამიანები…? რა არის შენთვის სიმღერა? როგორ იბადება მელოდია?

გ.ა. _ ოპერის მომღერალში ალბათ უფრო აუდიალური და კინესთეტიკური აღქმის უნარებია შერწყმული. საერთოდ სიმღერა ჩემთვის ძალიან შინაგანია, სულის სიღრმეში დაბადებული  ენერგიაა, შეიძლება ითქვას, ატომიც, რომელსაც აქვს ძალა, მთელი დედამიწა გაათბოს (ამის ნათელი მაგალითია მარია კალასი)… თუ ამას გრძნობ და განიცდი, თავისთავად ახდენ ზემოქმედებას მსმენელზე, გაგყავს ის რეალური სამყაროდან და ამოგზაურებ სივრცეებში, რომელიც ამოუწურავია.

ჩემთვის კარგად ნამღერი სიმღერა მზეა, რომელიც ადამიანებს უსასრულოდ  ჩუქნის სხივებს და ათბობს მათ სულებსა… ხმა ძალიან მნიშვნელოვანია საოპერო მომღერლისთვის, აუცილებელიც! მომღერლის სიდიადე კი მხოლოდ ხმის სიძლიერით არ ისაზღვრება, მომღერლის სიდიადე იმაშია, თუ საიდან უშვებს ის ამ ხმას. როცა  წვის პროცესია სულში, ხმა ალდება და ანთებს მსმენელსაც, რასაც ჩვენ ზემოქმედებას ვუწოდებთ, თუ ხმა მხოლოდ ძლიერად ჟღერს და მომღერლის ამოცანაც მხოლოდ ესაა, მაშინ ასეთი ხმა მხოლოდ აყრუებს მსმენელს და არაფერი საერთო არ აქვს ხელოვნებასთან.

ც.ბ. _  მგონი ავთანდილს „ვეფხისტყაოსანში“ საოპერო ხმა ჰქონდა… უბრალო წაღიღინება ისეთი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რომ „სმენად მხეცნი მოსულიყვნენ“ და „წყლიდან ქვები გამოსულიყვნენ“….

რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან…”

ადამიანი უსმენს მუსიკას  და აუდიო-რეზონანსი ცვლის მისი ცნობიერების მდგომარეობას. ამიტომ შემთხვევითი არ არის,  რომ კარგი ხმა (მუსიკა) ჰარმონიას გვაზიარებს… ან ემოციურ რეზონანსში მოვყავართ…

მსოფლიო და ქართული საოპერო ხმებიდან რომელს გამოარჩევდით ამ ძალის მქონედ და რატომ?

გ.ა. _  მუსიკის ზემოქმედების უნარი ძალიან დიდია. მაგალითისთვის მოცარტის „ჯადოსნური  ფლეიტა“ შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ყველა ბავშვის საყვარელი ოპერაა. სწორედ მუსიკის ძალაზე აქვს გენიოს მოცარტს ეს ოპერა შექმნილი და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ  ჰარმონიას ქმნის ფლეიტის საოცარი ხმოვანება მსმენელში და როგორ მოჰყავს რეზონანსში იგი…

ქართველი მომღერლებიდან, რომლებმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს, გამოვარჩევდი ზურაბ ანჯაფარიძეს, ის გამორჩეული მომღერალია, ბევრჯერ მიმოგზაურია და გავსულვარ რეალური სამყაროდან მისი წყალობით. ის დათიკო ანდღულაძის მოსწავლე იყო და ჩემი მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის, დიდი მეგობარი. არაერთხელ მსმენია მის გასაოცარ ადამიანობაზე და უბრალოებაზე ულამაზესი ისტორიები, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ვთვლი, რომ სულიერად მე მისი გამორჩეული პატარა მეგობარი ვარ…  მსოფლიო ვარსკვლავებიდან, პირველ რიგში, მარია კალასზე ვიტყვი. ის სიმღერის ღმერთ-ქალია, მის სიმღერას ისეთი ზემოქმედების უნარი აქვს, უკიდურესად ცივ და გაყინულ ადამიანსაც კი გაუთბობს გულს…  შეიძლება ყველა მომღერალზე საკუთარი აზრი გქონდეს, მაგრამ, კალასის შემთხვევაში, ყველას ერთი აზრი აქვს: ის საოცრებაა!

ერთ მომღერალს ვერ ავუვლი გვერდს  ასევე, მით უმეტეს, ქართველი მომღერლის გადმოსახედიდან, ჩვენ ხომ ჰამლეტ გონაშვილის ქვეყანაში გავიზარდეთ…

ც.ბ. _ შენი ბუნების საუკეთესო მეტაფორა მგონია „ცვალებადი ამინდი“…. რაც კარგად ჩანს შენი ფეისბუკის პროფილის ფოტოების ხშირი ცვალებადობით…

ამ მეტაფორაზე გამახსენდა ჩემი მეგობრის, კარგი პოეტის, პაატა შამუგიას ერთი ლექსის ფრაგმენტი:

„…და ვიქნები….
მოსალოდნელი,
როგორც ცვალებადი მოღრუბლულობა
და ცვალებადი,
როგორც მოსალოდნელი სიყვარული…“

რა იწვევს შენს ცვალებადობას… უმეტესად როგორი ამინდია შენგან მოსალოდნელი… ხშირად მოულოდნელი პროგნოზი ხომ არ დგება და რა შემთხვევაში…? მიზეზები, რომლებიც ამინდის (ხასიათის)  ცვალებადობას განაპირობებენ…

 

გ.ა. _ ვფიქრობ, რომ შინაგანად ცვალებადი ადამიანი არ ვარ, გარეგნულად ალბათ უფრო ემოციური და მგრძნობიარე, ადამიანი, რომელიც უმნიშვნელო ცხოვრებისეულ დეტალზეც კი ფორსირებულად რეაგირებს, ამიტომ გარედან ჩანს, რომ ხშირად ვიცვლები.

ჩემი ემოციური ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, რას ვმღერი და რას ვღიღინებ გულში, თუ რაიმე მინორული  ავიტაცე, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, მოქმედებს და ამ დროს მივდივარ ტყეში მარტო და  შორს… მიყვარს ფოტოგრაფია და ძალიან მეხმარება მუსიკა ამაში, ვრთავ საყვარელ მელოდიას იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა მაქვს და დავდივარ ყურთსასმენებით და  „გავდივარ მომსახურეობის ზონიდან“ ჩემი აპარატით, ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს!

ც.ბ. _ გოჩა, როცა შენ და შენი ძმა, ასევე არაჩვეულებრივი მომღერალი, უჩა აბულაძე, იტალიაში, ცნობილ ოზიმოს აკადემიაში უფასო ადგილებზე ჩაირიცხეთ, გამოცდის შემდეგ საქართველოში შენს მაესტროს, ნოდარ ანდღულაძეს, დაუკავშირდნენ და მიულოცეს: აბულაძეებმა ხელოვნების ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდაო…“.  შენ საქმიანობას რომ ვაკვირდები, სიტყვა „დღესასწაული“ შენი არსებობის განუყოფელი ნაწილია… ვფიქრობ, რომ გამომცდლებმა ზუსტად შეგაფასეს, მე უბრალოდ, დავუმატებდი, რომ ეს მხოლოდ შენი პროფესიული შეფასება არ არის… შენი მიმართება და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ არის „დღესასწაული“, სიცოცხლის სადიდებელი… და ამ დამოკიდებულებას ყოველ დეტალში ავლენ… ეს თემა მინდა, რომ  განავრცო…

გ.ა. _ მადლობა, რომ ეს ეპიზოდი გამახსენეთ… ეს მართლაც დიდი დღესასწაული იყო, როდესაც ბატონმა ნოდარმა დაგვირეკა და ეს ამბავი გვიამბო. მაესტრო სიხარულს ვერ მალავდა, საოცრად ბედნიერი იყო. მე ძალიან კარგად მესმის მისი… მან ხომ ყველაფერი მიუძღვნა ხელოვნებას და მოგვიძღვნა ჩვენ, შეგირდებს.

მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ერთად ვმღერით, არასოდეს გვიმღერია ვინმეს დავალებით, უბრალოდ გვემღერებოდა და ეს უკვე დღესასწაულს ნიშნავდა ჩვენს ოჯახში. მენატრება სულ უჩასთან და დედასთან ერთად სიმღერა, მამა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, როცა ის ბრუნდებოდა, ესეც დღესასწაული იყო. საერთოდ მე ყოველი დღე მაქსიმალურად ვიხარჯები, არც ვიცი,  ხვალ რა იქნება, არასოდეს ვაკეთებ ჩემი ემოციების ეკონომიას და ამაში გულწრფელობა მეხმარება .

ჩემს სოფელში, სიმონეთში, “ეზოსბოლოზე” პატარა ღელე მორაკრაკებს,  იქ ჩავდივარ ხოლმე ჩემს მონადირე ძაღლებთან ერთად (ჯესია და ჯერია) და ვმღერი, ძაღლებთანაც  გულით უნდა იმღერო… სიმღერა  სულის ზეიმია. აი, იქ ვგრძნობ ყველაზე ბედნიერად თავს, ახლა ვიცი, რომ იქ საოცარი გაზაფხულია … მენატრება, ძალიან მენატრება და ეს მონატრებაც დღესასწაულია…

ც.ბ. _ მსახიობი და მომღერალი ერთდროულად ხარ… ასეთია საოპერო ხელოვნება…. ის ყველაზე უფრო მთლიანია და, შესაბამისად, რთულიც… შენი მასწავლებელი  ნოდარ ანდღულაძე ამბობს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომ მათი დაცალკევება შეუძლებელია, რომ ეს არის ხმისა და დრამატურგიის მთლიანობა… ვფიქრობ, რომ შენ შენი მასწავლებლის ღირსეული მემკვიდრე ხარ… შენი ხმა და მსახიობობა ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში… „თავად ბგერა უკვე ხასიათია, უკვე დრამატურგიაა“ (ნოდარ ანდღულაძე).

მე მაინტერესებს, რამდენად ხარ იდენტიფიცირებული შენს როლთან… სიმღერის (თამაშის) დროს სცენაზე გახსოვს თუ გავიწყდება გოჩა აბულაძე და რით და როგორ გამდიდრებს თითოეული შესრულებული როლი, თითოეული ხმა… რას ტოვებს შენში…? პროფესიულის გარდა რა პიროვნულ გამოცდილებას გმატებს…?

 

გ.ა. _ ბატონ ნოდართან 6 წელი ვმეცადინეობდი, უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღე მისგან, ის უაღრესად განათლებული ადამიანი იყო.

ოპერის მომღერალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მსახიობიც, ყველა კარგი მსახიობი ვერ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როცა ვისმენთ აუდიო ჩანაწერს და ვიღებთ დიდ სიამოვნებას ამა თუ იმ ცნობილი მომღერლისგან, მნიშვნელოვანი უფრო მაინც სიმღერაა.

მე ორი თვის წინ მაგდებურგის ოპერის თეატრში (სადაც ამჟამად ვიმყოფები კონტრაქტით) ვიმღერე პუჩინის „ბოჰემაში“, რომელშიც მხატვარი მარსელოს როლი შევასრულე, მოქმედება პარიზში მიმდინარეობს…  არც მხატვარი ვარ და არც პარიზს ვიცნობ კარგად, თუმცა დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე მხატვარიც ვარ და პარიზელიც ამ სპექტაკლის თამაშის შემდეგ.

ც.ბ. _ გოჩა, როდესაც იტალიაში ცნობილმა ჟურნალმა გამოაქვეყნა შენზე რეცენზია: დაიბადა ვერდის ახალი ბარიტონი, მას ჰქვია გოჩა აბულაძე, ის საქართველოდან არის. ეს ჯორჯია არ შეგეშალოთ ამერიკის შტატში, ეს არის კავკასიის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილია სულიერება, რაც მომღერალმა სრულად წარმოაჩინა თავის შესრულებაშიო  და გადარებდნენ ისეთ დიდ მომღერლებს, როგორებიცაა: ლეო ნუჩი, რენატო ბრუზონი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი და ეტორე ბასტიანინი... ყოველი ასეთი დიდი აღიარების შემდეგ შენ ამბობ, რომ „თავში კი არ გივარდება“ ასეთი მიღწევები, უბრალოდ, თვითრწმენას გმატებს… მინდა, გაიხსენო ის წარმატებები, რომლებმაც თვითრწმენა გაგიმტკიცა…

გ.ა. _ დიდი ბედნიერებაა, როდესაც საზღვარგარეთ სცენიდან აცნობ შენს პატარა ქვეყანას ხალხს. საქართველომ მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და საფიცარი. იტალიელები საკმაოდ კარგად იცნობენ უკვე ჩვენს ქვეყანას. 3 წლის წინ ლა-სკალას სცენაზე ფურორი მოახდინა ანიტა რაჭველიშვილმა, დიდი წარმატებით მოღვაწეობს ნინო მაჩაიძე, ისინი უკვე ვარსკვლავები არიან და, ამავდროულად, ჩემი მეგობრები, რაც უდიდეს სტიმულს და ენერგიას მაძლევს.

გავიხსენებდი ერთ ეპიზოდს, როცა ვერონაში 26 წლის ასაკში ვიმღერე ფრანკო ძეფირელის „ჯამბაზებში“, მქონდა დიდი პატივი, მემუშავა უდიდეს რეჟისორთან ერთი თვის განმავლობაში. თავი ზღაპარში მეგონა, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ დამიძახა და მკითხა, საიდან ხართო, (ის ახლა 95 წლის არის), როდესაც ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ, მითხრა: სამწუხაროა, რომ არასოდეს ვყოფილვარ შენს ქვეყანაში, თქვენ ისე მღერით, გამიჩნდა სურვილი,  ვნახო თქვენი სამშობლოო, თავზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკრა ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელმა.

ასევე მილანში გავიმარჯვე მაგდა ოლივეროს სახელობის საერთაშორისო კონკურსში. მაგდა ოლივერო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოპრანოა, რომელიც მარია კალასის გვერდით დგას. 102 წლის არის ქალბატონი მაგდა, მაგრამ ჟიურიში იჯდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო ამ კონკურსზე, რომ თვით მაგდა ოლივერომ გადმომცა ეტორი ბასტიანინის პრიზი, როგორც კონკურსის მონაწილე საუკეთესო ბარიტონს.

სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში, სადაც ამჟამად ვიმყოფები,  სეზონის საუკეთესო მომღერლად მაღიარეს…

ც.ბ. _ მინდა გაიხსენო სკოლა და ბავშვობა… როგორი იყავი? აგრეთვე შენი პირველი შეხვედრა სიმღერასთან… საოპერო მომღერალი როდის და როგორ დაიბადა შენში?

გ.ა. _ ბავშვობა ქალაქ ქუთაისში და სოფელ სიმონეთში გავატარე. სკოლას რაც შეეხება, მახსოვს, როცა გაკვეთილი არ ვიცოდი, მასწავლებელი სიმღერით „მსჯიდა“, მეც დიდი სიამოვნებით და სიყვარულით ვიხდიდი სასჯელს და გახარებული მოვქროდი სახლისკენ.

მინდა გავიხსენო ჩემი უძვირფასესი ბებია, რომელიც საოცრად მენატრება და მაკლია. ციალა ბებია იყო და იქნება შრომის და პატიოსნების მაგალითი ჩემთვის.

სიმღერა დიდ სიამოვნებას მგვრიდა ყოველთვის, მაგრამ ოპერაზე არ ვგიჟდებოდი ძალიან. პირველი შთაბეჭდილება  პავაროტის მოსმენით შემექმნა. პავაროტიმ დიდი გავლენა  მოახდინა ჩემზე.  სკოლა რომ დავამთავრე, ყველაზე მეტად რაც არ მასვენებდა და რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იქ აღმოვჩნდი.  დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ მე პროფესია არ მაქვს… ისეთივე სიხარულით ვმღერი დღეს, როგორც უჩასთან და დედასთან ვმღეროდი 3 წლის ასაკში.

ც.ბ. _ გოჩა, თქვენ რომ ასწავლიდეთ სკოლაში… როგორ შეაყვარებდით ბავშვებს საოპერო ხელოვნებას… ოპერის მსმენელი (მაყურებელი)  ხომ განსაკუთრებულია და მას მომზადებაც სჭირდება…

გ.ა. _ მე ბავშვებს ოპერას ვერ შევაყვარებდი. ჩემთვის რომ ვინმეს დაეძალებინა ოპერის სიყვარული, დღეს ალბათ ოპერის მომღერალი ვერ ვიქნებოდი. უბრალოდ, თუ ბავშვს  სიმღერის ნიჭი ექნებოდა, ძალიან დიდი სიხარულით ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს. ეს არის ამოუწურავი განძი და საიდუმლოც. ჩვენი ფოლკლორი  ჩვენი ეროვნული სულიერების სახეა. იტალიური „ბელკანტო“, რომელიც ლამაზ სიმღერას ნიშნავს, ფაქტობრივად დაკარგულია, რადგან იტალიელებმა დაივიწყეს საკუთარი ფოლკლორი.

ამიტომ ვთვლი, რომ ფოლკლორის სწავლებით ბავშვებში ვდებთ საგანძურს და როცა გაიზრდებიან, დაე, თავად გადაწყვიტონ, რომელ ჟანრში უფრო ბედნიერად იგრძნობენ თავს და იქ იმღერონ.

ც.ბ. _ მინდა გვესაუბრო შენს ჰობზე, ფოტოხელოვნებაზე…  ფეისბუკზე ხშირად აქვეყნებ ძალიან საინტერესო მხატვრულ ფოტოებს… რაში გეხმარება კამერა…?

გაქვს კიდევ რამე დაფარული ნიჭი, ჯერ რომ არავინ იცის…?

გ.ა. _ ფოტოხელოვნება ჩემი ჰობია…  ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მეხმარება განტვირთვაში. უკვე 5 წელია, რაც გატაცებული ვარ ამ ჰობით, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ… ამოუწურავია ფოტოკამერის შესაძლებლობები… სამყარო სავსეა სილამაზით, სამწუხაროდ, ადამიანები ვერ აღიქვამენ ბუნების მშვენიერებას… ფოტოაპარატით ცხოვრების და ბუნების ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე… ახლა ახალი კამერა შევიძინე და სტიმული გამიჩნდა, მეტის დანახვა  შევძლო. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საგნების დანახვა ახალი ფოკუსით, ცხოვრებას სულ სხვაგვარად წარმოაჩენს…

ც.ბ. _ არ შემიძლია, არ გკითხო შენს ვიდეოზე, რომელმაც დაიპყრო ინტერნეტ-სივრცე… ოჯახურს სიტუაციაში მეგობრები მღერით „საქართველო ლამაზო“-ს… მეც რამდენჯერმე მოვისმინე და ყოველ ჯერზე დამიპყრო ამ ხმებმა… ძალიან შინაგანი სიღრმიდან მოდის და ადამიანის ყველაზე დაფარულ სიღრმეებში აღწევს… დიდი სიყვარული და საუცარი ენერგია იფრქვევა… რას გვეტყვი ამ ვიდეოზე?

გ.ა. _ მე და ჩემი ძმა, უჩა, მეგობრებთნ ერთად სუფრაზე ვმღერით ანა კალანდაძის გასაოცარ ლექსზე ასევე გასაოცარ სიმღერას, „საქართველო ლამაზოს“… ახალი ჩამოსული ვიყავი  ლონდონიდან და მონატრებული მქონდა ყველაფერი ქართული….. შეზარხოშებულები და წელზემოთ შიშვლები ვმღეროდით. ამ დროს თურმე ვიღაც იღებდა ვიდეოს და მერე, როგორც ხდება, ეს ვიდეო იუთუბიზე მოხვდა და ძალიან პოპულარული გახდა. ბედნიერი ვარ, რომ უამრავ ადამიანს მოეწონა. გულით ნამღერი იყო, როგორც ყოველთვის ვმღერით ხოლმე მეგობრები… ბევრი მღერის გულით საქართველოში…

ც.ბ. _ გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი და მომავალი კონტრაქტების შესახებ…

გ.ა. _ ამჟამად გერმანიაში მაგდებურგის თეატრის სოლისტი ვარ. კონტრაქტი მაქვს ორ საკმაოდ ცნობილ სააგენტოსთან და ისინი მუშაობენ ჩემი კარიერული წინსვლისთვის. ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის. 29 მარტს მქონდა პრემიერა, ვერდის „ტრავიატა“, ვასრულებდი მამა გერმონტის როლს. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

დაგეგმილი მაქვს, რომში და ნეაპოლში სოლო კონცერტები, ვემზადები მოსმენებისთვის და მომავალი წლის სეზონისთვის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გასტროლი მელოდება.

ზაფხულში მოვდივარ  მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ძვირფას ქვეყანაში, საქართველოში.

ც.ბ. _ ფრაზა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გამოგხატავს?

გ.ა. _ ცხოვრება უბრალოებაშია… უნდა შეძლო და იფრინო…

ესაუბრა  ცირა ბარბაქაძე

წყარო: http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=15&id=238

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s