ხათუნა თავდგირიძე _ ახალი მითოლოგიური პარადიგმა – პოლიტიკური მითი


,,არაფერი ისე ძალიან არ ჰგავს მითოსურ აზროვნებას,

როგორც პოლიტიკური მითოლოგია.

ჩვენს თანამედროვე საზოგადოებაში, ისიც შესაძლებელია,

რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ჩაანაცვლოს პირველი’’

ლევისტროსი, ,,მითების სტრუქტურა’’.

 რა არის პოლიტიკური მითი?

978-0-8223-4369-1_pr

ძველმა საკრალურმა მითმა საკმაოდ ხანგრძლივი და არაერთგვაროვანი გზა განვლო ვიდრე იგი თანამედროვე მითოპოლიტიკურ ნარატივად მოგვევლინებოდა. ამ გზაზე მან რაღაც შეინარჩუნა, რაღაც დაკარგა და რაღაც შეიძინა: შეინარჩუნა გარეგნული ფორმა და სტრუქტურა; დაკარგა სულიერ-საკრალური საწყისი; შეიძინა ფართო ნარატიული ქსოვილი და სრულიად ახალი ტექნოლოგიურ-ინსტრუმენტალური შესაძლებლობები.

პირველი შრომები დასავლურ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რომელშიც დამუშავებული იყო თანამედროვე მითის კონცეფცია, ეკუთვნოდა ფრანგ ფილოსოფოსს, რევოლუციური სინდიკალიზმის თეორეტიკოსს ჟორჟ სორელს. მისი პუბლიკაციები გამოჩნდა 1900-იან წლებში და საბოლოოდ გაერთიანდა 1906 წელს გამოცემულ სორელის ყველაზე სახელგანთქმულ წიგნში ,,განსჯა ძალადობაზე’’(Sorel:1961). კიდევ ერთი წიგნი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე პოლიტიკური მითის ფუნდამენტურ კვლევას გამოჩნდა 1946 წელს,  ავტორის გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, მითის პროფესიონალი მკვლევრის ერნესტ კასირერის ნაშრომი ,,მითი სახელმწიფოზე’’(Cassirer 1946). სწორედ სორელი და კასირერი მოგვევლინენ თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალური მითის პირველ თეორეტიკოსებად, რომელთა ნაშრომების გამოჩენის თარიღებმა მონიშნეს თანამედროვე მითის კვლევისა და ინტერპრეტაციის დასაწყისი. პოლიტიკური მითოლოგიის ინტერპრეტაციისას ახალი დისციპლინის პირველი თეორეტიკოსები განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. ჟ.სორელის კონცეფცია მითს განიხილავდა, როგორც იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ იარაღსა და საზოგადოების ცნობიერების შეგნებული მანიპულირების საშუალებას. ამასთან, სორელი, პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში მითების განსაკუთრებულ როლს რწმენის სტიმულირებაში ხედავდა. ე.კასირერი კი, თანამედროვე პოლიტიკური მითის ტექნოლოგიურ სპეციფიკაზე მიუთითებდა და მითს განიხილავდა, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტს. ამას გარდა, ისინი ურთიერთგამომრიცხავად აფასებდნენ თანამედროვე მითის სტრუქტურას: ,,კასირერისთვის პოლიტიკური მითი წარმოადგენდა მითის რეგრესირებულ ფორმას, ხოლო სორელისთვის, პირიქით – პროგრესირებადს’’(Bottici 2010:159). მითოსის ახალი, თანამედროვე ფორმა მართლაც იძლეოდა ურთიერთგამომრიცხავი ორმაგი ინტერპრეტაციის საფუძველს: ერთის მხრივ, ძველი საკრალური მითის მითოპოლიტიკურ პროფანულ ნარატივად გარდაქმნა იწვევს მის დესაკრალიზაციას(ოღონდაც ეს არ ნიშნავს დემითოლოგიზაციას), რასაც ფუნდამენტური მორფოლოგიური ცვლილებები მოსდევს და დამანგრევლად მოქმედებს მითის არქეტიპულ სტრუქტურაზე; მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ პროცესს თან ახლავს მითის ტრანსფორმაციული პროგრესირება – ახალი მითოლოგიების, არსებითად პოლიტიკური მითონარატივების წარმოშობა, მათი დროში ხანგრძლივობა, მდგრადობა და ახალი ტექნოლოგიურ-ინსტრუმენტალური პოლიტიკური მითოსური პარადიგმის დაფუძნება. ამ ახალი პარადიგმით  თანამედროვე მითი განახლებული სასიცოცხლო ძალებით იმოსება და განაგრძობს არა უბრალოდ არსებობას არსებობისთვის, არამედ გამოავლენს სრულიად ახლებურ კრეატიულ-კოსმოგონიურ ინტენციებს, რომლის კვალზეც იწყებს აქტიურ, მძლავრ, შეიძლება ითქვას – ტოტალიტარულ  ფუნქციონირებას.

კასირერმა და სორელმა არსებითად სხვა, თანამედროვე მიმართულებით წარმართეს მითოლოგიის კვლევა, რომელიც მანამდე მთლიანად პირველყოფილი ტრადიციული საზოგადოებების მითოლოგიებზე იყო ორიენტირებული. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მითის როგორც კოლექტიური წარმოდგენების განხილვა დაიწყო პოლიტიკური თეორიის ჭრილში. ამიერიდან, თანამედროვე მითი ინტერპრეტირებულია, როგორც იდეოლოგიური და სიმბოლური ბრძოლის შედეგი და იმავდროულად იარაღიც. გაფართოვდა ანალიზის სფერო – მითის კულტურული საწყისებიდან მითის პოლიტიკურ ფენომენამდე. ამ პერიოდიდანვე ჩნდება მითის ახალი მდგომარეობის აღმნიშვნელი სხვადასხვა ტერმინი – ,,თანამედროვე მითი’’, ,,ახალი მითი’’, ,,ტექნოლოგიური მითი’’, ,,სოციალური მითოლოგია’’, ,,პოლიტიკური მითოლოგია’’. ტერმინი ,,Political Myth’’ (,,პოლიტიკური მითი’’) დაამკვიდრა 1972 წელს გამოსულმა ბრიტანელი მეცნიერის ჰენრი თიუდორის ამავე სახელწოდების წიგნმა((Tudor 1972). ჰ.თიუდორმა პოლიტიკური მითი აღწერა, როგორც თემატურად პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული მითი, რომელშიც წამყვან როლს ასრულებს არა ფორმა, არამედ – შინაარსი: ,,რაც ახასიათებს მითს, როგორც პოლიტიკურს, არის მისი შინაარსი, – წერს თიუდორი. – პოლიტიკური მითი ყოველთვის არის კონკრეტული ჯგუფის მითი. მისი გმირი, ან პროტაგონისტი არასოდეს არის ერთი პიროვნება, არამედ – ჯგუფი. ეს ჯგუფი შესაძლოა იყოს ერი, ეთნიკური ჯგუფი ან სოციალური კლასი. პოლიტიკური მითები დაკავშირებულნი არიან ისტორიასთან, მაგრამ არ არიან აუცილებლად ისტორიულნი და არ გადმოგვცემენ უცილობლად ისტორიულ სიზუსტეს’’((Tudor 1972:138). პოლიტიკური მითოლოგიის თანამედროვე  თეორეტიკოსი ბრტანელი ქრისტეფორ ფლადიც პოლიტიკურ მითებს კონკრეტული სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. მისი აზრით, პოლიტიკური მითის არსი, უპირველესად, მის იდეოლოგიურობაში, შემდეგ კი, პოლიტიკური მოვლენების ახსნა-განმარტებისას კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინტერესების გამოხატვასა და დაცვაში  მდგომარეობს. ფლადი ამგვარად ახასიათებს პოლიტიკურ მითს: ,,იდეოლოგიურად მარკირებული ნარატივი, რომლის მიზანია მოგვცეს ნამდვილი ახსნა-განმარტება წარსულის, აწმყოსა და პროგნოზირებადი მომავალი პოლიტიკური მოვლენების შესახებ და რომელიც მიღებულია როგორც მართებული და აუცილებელი კონკრეტული სოციალური ჯგუფის მიერ’’((Flood 2000:44). ფლადის აზრით, პოლიტიკური მითი უშუალო ურთიერთმიმართებაშია რეალობასთან, რამდენადაც იგი სწორად დასმულ ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტს საჭიროებს. ასეთი პოლიტიკური მითი გავლენის, ზემოქმედების მძლავრი იარაღია. ,,პოლიტიკური მითის გავლენა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ის დაკავშირებულია ისტორიულ, სოციალურ და იდეოლოგიურ კონტექსტთან((Flood 2000:44). თუ პოლიტიკური მითი მოკლებულია ისტორიულ, სოციალურ და იდეოლოგიურ კონტექსტს იგი იმთავითვე მყიფე და დღენაკლული აღმოჩნდება.

ამდენად, პოლიტიკური მითი არის კონკრეტული სოციალური/პოლიტიკური ჯგუფის წიაღიდან გამოსული და მისი იდეოლოგიის გამომხატველი ნარატივი, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ინსტრუმენტს და პროპაგანდის საშუალებას, რასაც ახორციელებს ტექნოლოგიური, ინსტრუმენტალური საშუალებებით. პოლიტიკური მითი სპეციფიკურ – ონტოლოგიურ და ემპირიულ ურთიერთმიმართებაშია რეალობასთან და დაკავშირებულია ეპოქის ისტორიულ, სოციალურ და იდეოლოგიურ კონტექსტთან, რითაც  ზეგავლენისა და მანიპულირების მძლავრ იარაღად გვევლინება.

ამას გარდა, პოლიტიკური მითის არსს ბუნებაში ,,მითოლოგიურად’’, ანუ ბუნებითად არსებობა წარმოადგენს. პოლიტიკური მითი(ისევე როგორც არქაული მითი) ჩვენს თანამედროვე ყოველდღიურობაში ბუნებრივად არსებული ფენომენია, რომელიც ან თავისთავად აქტუალიზდება, ან – ხელოვნურად, ტექნოლოგიურად, კონკრეტული სოციალური/პოლიტიკური ჯგუფის მიერ. აქედან მომდინარეობს სწორედ პოლიტიკური მითის მორფოლოგიური თვისობრივი ორმაგობა: ბუნებითობა(თავისთავად აქტუალიზირებადი) და ტექნოლოგიურობა(ხელოვნურად აქტუალიზირებადი).  ტექნოლოგიურობა, ინსტრუმენტალობა პოლიტიკური მითის ახალშეძენილი გარეგანი ფაქტორია(იარაღია, ინსრუმენტია), რომელიც ძირითადად ეფუძნება ტირაჟირების, მასობრივი კომუნიკაციისა და პიარის თანამედროვე ტექნოლოგიებს; ხოლო ,,მითოლოგიურობა’’, ანუ ბუნებითობა პოლიტიკური მითის არსებობის, სიცოცხლისუნარიანობისა და მარადიულობის საფუძველთა საფუძველია, რაც განსაზღვრულია მისი მიმართებით არქეტიპთან – თუ რამდენადაა იგი მიახლოებული საკრალური მითის პარადიგმატულ მოდელს. სწორედ ეს უკანასკნელი ფაქტორი განაპირობებს პოლიტიკური მითის ძლევამოსილებას, ქმედითუნარიანობას და მარადიულობას.

 

 

პოლიტიკური მითის სამი კატეგორია

პოლიტიკური მითის მრავალფეროვნებამ და თვისობრივმა განსხვავებებმა განაპირობა მისი კლასიფიკაცია რამდენიმე ძირითად(ამოსავალ) კატეგორიად.  პოლიტიკური მითოლოგიის თავდაპირველი კლასიფიკაცია ეკუთვნის ცნობილ ფრანგ სემიოლოგსა და თანამედროვე მითების მკვლევარს როლან ბარტს, რომელმაც განუსაზღვრელი ტერმინებით(თავად ბარტი განიხილავს ამ ტერმინებს განუსაზღვრელ ცნებათა კატეგორიაში) – ,,მემარჯვენე’’ და ,,მემარცხენე’’ მითები – ერთმანეთისაგან გამიჯნა ძლიერთა და სუსტთა მითოლოგიები, ანუ, ძლიერი და სუსტი მითოპოლიტიკური შემოქმედება. ბარტი თავის ,,მითოლოგიებში’’ ასე ახასიათებს პოლიტიკური მითების ამ ორ კლასს: ,,მემარცხენე მითი არასენსაციურია. ამასთან, ის ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ საგნებზე, გარკვეულ პოლიტიკურ ცნებებზე. მემარცხენე მითი არასოდეს ვრცელდება ადამიანური ურთიერთობის უზარმაზარ სივრცეზე, ,,უმნიშვნელო’’ იდეოლოგიის ფართო არეალზე. ყოველდღიური ცხოვრება მისთვის მიუწვდომელია. ეს არის ღარიბი მითი, ესენციურად ღარიბი. მას არ შეუძლია თვითგამრავლება, იქმნება ბრძანებით, დროში შეზღუდულია და მცირე მოცულობისაა. მას აკლია მთავარი ძალა – გამომსახველობა. ასეთი არასრულყოფილება დამოკიდებულია თვით ,,მემარცხენეობის’’ ბუნებასთან. ეს ტერმინი თავისი განუსაზღვრელობის მიუხედავად, ყოველთვის მოიაზრება ჩაგრულებთან, პროლეტარებთან ან კოლონიის მცხოვრებლებთან. . . . სტატისტიკურად მითი მემარჯვენეთა მხარეზეა. აქ ის უკვე ესენციურია, კარგად ნაკვები, ბზინვარე, ექსპანსიური, მოლაყბე, ამოუწურავი გამომგონებელი. ის ყველაფერს მოიცავს: სამართალს, მორალს, ესთეტიკას, დიპლომატიას, მართვის ხელოვნებას, ლიტერატურას, სანახაობას. . . ‘’(ბარტი 2011:224-226).

პოლიტიკური მითების როლან ბარტისეული კლასიფიკაცია გადაწყვეტილია სემილოგიურ ჭრილში და  პოლიტიკური მითოლოგიური მოვლენებისა და პროცესების მხოლოდ ერთ ნაწილს ასახავს. პოლიტიკური მითების სრულყოფილ კლასიფიკაციამადე მისვლა კი შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული მორფოლოგიური სურათის წარმოჩენით, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრულია  პოლიტიკური მითის თვისობრივი ორმაგობით: ბუნებითობით(თავისთავად აქტუალიზირებადი) და ტექნოლოგიურობით(ხელოვნურად აქტუალიზირებადი).  ამდენად, საბოლოოდ, პოლიტიკური მითების მორფოლოგიურმა თვისობრივმა ორმაგობამ განაპირობა მისი ორი ძირითადი სახეობის(კატეგორიის) ფორმირება. ეს სახეობებია:

1.ნამდვილი პოლიტიკური მითი, ანუ – წმინდა მითოლოგიური, ბუნებითი, პოლიტიკური მითი;

2.ფსევდო პოლიტიკური მითი, ანუ – ტექნოლოგიური, ხელოვნური პოლიტიკური მითი.

უახლესმა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო მითოლოგიური არქაული მოდელები და მითოტექნოლოგიები, გამოავლინა კიდევ ერთი, მესამე, არსებითად ფილოსოფიურ-ონტოლოგიურად მოდელირებული პოლიტიკური მითის განსაკუთრებული  სახეობა, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ –

სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითი.

1.ნამდვილი(ბუნებითი) პოლიტიკური მითი

ნამდვილი პოლიტიკური მითები წარმოიშვებიან ,,მითოლოგიურად’’, ანუ ბუნებითად და როგორც გენეზისით, ასევე მორფოლოგიით ყველაზე ახლოს დგანან არქაულ ,,წმინდა მითთან’’. ისინი მჭიდროდ   არიან დაკავშირებული ტრადიციებთან, ადათ-ჩვეულებებთან და რაც მთავარია მათი პროფანული ნარატივები ფუძნდებიან პირველყოფილ საკრალურ და უნივერსალურ არქეტიპებზე, რაც მათ პარადიგმულ თვისებას ანიჭებს.

ნამდვილი პოლიტიკური მითი, როგორც ბუნებითი მითოლოგიური მოვლენა, ყოველთვის თანაარსებობს საზოგადოებაში. იგი თავად გამოარჩევს შესაფერ არქეტიპს, რომელსაც თავადვე(შესაძლოა ხელშეწყობითაც)  აქტუალიზებს. ასევე თავად განსაზღვრავს გამოჩენის – ,,მითჩენის’’ შესაფერ დროს. როგორც კასირერი წერს: ,,მითი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და მხოლოდ იმალება უკუნში თავისი საათის დადგომის მომლოდინე. ეს საათი დგება მაშინ, როცა ყველა სხვა ძალა, რომელმაც სოციალური ცხოვრების ორგანიზება უნდა განახორციელოს, კარგავს თავის ძლევამოსილებას და მეტად აღარ შეუძლია დემონური, მითოლოგიური სტიქიების შეჩერება(Cassirer 1946:280). ნამდვილი პოლიტიკური მითი თავისთავზე იღებს არა მხოლოდ სოციალური ორგანიზებისა და პოლიტიკური წესრიგის უზრუნველყოფას, არამედ, არქაული მითის მსგავსად(რომლის მიზანს შეადგენდა, ნებისმიერი სოციალური მოქმედებით სამყაროს კოსმოგონიური მოდელის აღდგენა), სოციალურ-პოლიტიკური კატაკლიზმების დროს ჩამოშლილი სამყაროს თანამედროვე სოციალურ და კოსმოგონიურ სურათს აღადგენს. ეს არის მითის, ზოგადად მითოლოგიის ახალი პარადიგმა. ნამდვილი პოლიტიკური მითის პარადიგმა   არის თვისობრივად ახალი პარადიგმა. მას სამყაროს მითოლოგიური დაძველებული სურათ-ხატიდან გამოჰყავს თანამედროვე სამყაროს ახალი მითოლოგიური სურათ-ხატი.

პარადიგმულობა ნამდვილ პოლიტიკურ მითს სძენს უნივერსალიზმს და უზრუნველყოფს მის  მდგრადობასა და დროში ხანგრძლივობას. სწორედ ამიტომ ნამდვილი პოლიტიკური მითები ფსევდომითებისაგან განსხვავებით(რომელთაც არ გააჩნიათ პარადიგმული ბუნება) არ ექვემდებარებიან გაქრობას, არც ხელოვნური კონტრმითებით გადაფარვას. ნამდვილმა პოლიტიკურმა მითებმა გარკვეულწილად მოიპოვეს ძველი მითის დარი ,,მარადიულობა’’ და ზეგავლენა. ,,როგორც საკრალურ მითებს, პოლიტიკურ მითებსაც, ანალოგიურად, სჭირდებათ, რომ იყვნენ გადმოცემულნი და მიღებულნი, როგორც ელიადე უწოდებს exemplar history, რომ განახორციელონ მნიშვნელოვანი ზეგავლენა’’(Flood 2000:41) – წერს ქრისტეფორ ფლადი – ,,მათ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური ფუნქციები მსგავსი იმისა, რომელიც გააჩნიათ ტრადიციული საზოგადოების იმ მითებს, რომლებიც ძალაუფლების განაწილებას უკავშირდება’’ (Flood იქვე). ბ.ლინკოლნის აზრითაც, პოლიტიკურ მითებს ,,იმათთვის ვისაც სჯერა მათი, უნდა ჰქონდეთ პარადიგმული ღირებულება, იმავდროულად ,,მოდელი’’ რეალობისა და რეალობისათვის, (Lincoln 1989:24). პარადიგმული ღირებულების მქონე რეალობის ლოგიკური მოდელი ნამდვილ პოლიტიკურ მითში ქმნის ირაციონალური უნივერსალური არქეტიპისა და რაციონალური ყოფითობის, ლოგიკური აზროვნების უნიკალურ სინთეზსს. ამგვარ მითოპოლიტიკურ ნარატივებში ჰარმონიულადაა შერწყმული პრაგმატულ-გონებრივი, მენტალური ასპექტები და ნუმინოზურ-მისტიკური სწრაფვები, მიდრეკილებები. ნამდვილ პოლიტიკურ მითში, რომელიც იგება არქაულ პირველსახეზე,  ,,იქმნება რეალურობის საკუთარი გეგმა, თავისი ლოგიკური და სიუჟეტური კანონებით, სიმბოლოებისა და სახეების საკუთარი სისტემით. მაგრამ პოლიტიკური მითი არქაულისაგან განსხვავებით, წარმოიქმნება არა მხოლოდ ემოციური მღელვარებებით, არამედ რაციონალურად, მყარი აზრობრივი საყრდენით’’(Колев 2003:31). მყარი აზრობრივი, ლოგიკური საყრდენი უდევს საფუძვლად ყველაზე ძლიერ, ტოტალიტარულ მითოპოლიტიკურ ნარატივებს, რომლებიც რა თქმა უნდა, უპირველესად, ფუძნდებიან არქაული მითების პარადიგმულ სიუჟეტურ ქარგაზე, რაც მათ ანიჭებს საკრალური მითების თანამედროვე ორეულების სტატუსს.

ამდენად, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ნამდვილ პოლიტიკურ მითს ახასიათებს შემდეგი 4 განსაკუთრებულობა:

  1. არქეტიპულობა. არქეტიპზე დაფუძნება.
  1. არქაული და თანმედროვე მითის მსოფლმხედველობრივი და თემატური ჰომოლოგიურობა. ეს გულისხმობს:

ა). მსოფლმხედველობრივი ჰომოლოგიურობა: პრაგმატიზმისა და მისტიციზმის, ლოგიკურისა და წინარელოგიკური აზროვნების, პროფანულისა და საკრალურ-არქეტიპულის ჰომოლოგიურობასა და ერთ დიდ მთლიან ნარატიულ ქსოვილად ჩამოყალიბებას;

ბ). თემატური ჰომოლოგიურობა: საკრალურ თემატიკასთან მიახლოება-გაიგივება: არქეტიპებზე დაფუძნებული ნამდვილი პოლიტიკური მითები საკრალური ძველი მითების თანამედროვე ორეულებად გვევლინებიან. ისინი აგრძელებენ ისეთ ფუნდამენტურ საკრალურ ციკლებს, როგორებიცაა: წარმოშობისა და დაარსების კოსმოგონიები, კულტურული გმირების მოღვაწეობის საგმირო აქტები, განახლება-აღდგომის რიტუალური ციკლები და ესქატოლოგიური მითები.

3). ტოტალურობა(თემატიკის გლობალურობა): ნამდვილი პოლიტიკური მითი ყოველთვის დიდ პოლიტიკურ მოვლენებს, კარდინალურ ცვლილებებს, გარდამტეხ იდეოლოგიურ ბრძოლებს, ახალი პოლიტიკური სისტემების(ყველაზე ხშირად ტოტალიტარული რეჟიმების) დამკვიდრებას უკავშირდება.  ეს განსაკუთრებულობაც არის ნამდვილი პოლიტიკური მითის მარადიულობის(დროში ხანგრძლივობის) განმაპირობებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ზემოთ თქმული 3 ფაქტორი განაპირობებს მეოთხეს:

4) მდგრადობა, ,მარადიულობა’’ ,დროში ხანგრძლივობა.

ნამდვილი პოლიტიკური მითის ტოტალური სქემა ყველაზე ხშირად იგება ,,ოქროს ხანისა’’ და ესქატოლოგიური მითის არქეტიპებზე. ეს ორი არქეტიპი გაერთიანებული და განმტკიცებულია ონტოლოგიური ნიშნით: სამყაროსეული ერთი ციკლის დასასრულს, რასაც თან ახლავს კიდევ ერთი(მესამე) არქეტიპი – ,,ღმერთების დაისი’’(თანამედროვე ვითარებაში – სახელისუფლებო პოლიტიკური ძალების შეცვლა ახალი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალებით), მოსდევს ახალი, ონტოლოგიურად სრულიად სხვა სამყაროს დაბადება, ახალი ციკლის დასაწყისი. ამ მითოსურ არქეტიპებს დაუკავშირდა მე-20 საუკუნის  პოლიტიკური რეალობის ყველაზე გარდამტეხი ტოტალური მოვლენები: გერმანული რასისტული ფაშიზმი და საბჭოთა კომუნისტური სოციალიზმი.

ჰიტლერი აქტიურად იყენებდა თავის პროპაგანდაში არიული მითოლოგიური გმირების მოდელებს; ამას გარდა, ,,ოქროს ხანისა’’ და ესქატოლოგიის მითოსურ არქეტიპებს უკავშირდება არიული წმინდა რასის დაბრუნების უტოპისტური იდეოლოგია, განხორციელებული სხვა ,,დაბალი რასების’’  წმენდით – ესქატოლოგიით.

,,ოქროს ხანის’’ კიდევ ერთი უტოპისტური პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური სისტემა ჩამოყალიბდა მარქსისტული კომუნიზმის იდეოლოგიის სახით. როგორც მ.ელიადე აღნიშნავს, მარქსმა აზია-ხმელთაშუაზღვის სამყაროს ერთ-ერთი ესქატოლოგიური მითი გაიმეორა, რომელშიც მხსნელის ფუნქცია პროლეტარიატმა უნდა შეასრულოს, ,,რომელიც მოწოდებულია ტანჯვის გზით და ბოროტებასთან უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლით სამყაროს ონტოლოგიური სტატუსი შეცვალოს. მართლაც, მარქსის უკლასო საზოგადოება და მის შედეგად ისტორიული დაძაბულობის მოსპობა, თავის ყველაზე ნაღდ წინაპარს ოქროს ხანის მითში ჰპოვებს, ხანისა, რომელიც, სხვადასხვა ტრადიციის მიხედვით, ისტორიის დასაწყისსა და დასასრულს ახასიაებს’’(ელიადე 2009:160).

ტოტალიტარული(ფაშიზმი, საბჭოეთი) პოლიტიკური რეჟიმების გარდა, ესქატოლოგიური მითოსის პარადიგმაში ზის არადემოკრატიული ქვეყნების არასამოქალაქო საზოგადოების მითოსურ-ესქატოლოგიური განცდები, გამოწვეული ავტოკრატი ლიდერისა და არსებული რეჟიმის დამხობის სურვილით, ბრძოლით.

ამდენად, ნამდვილი პოლიტიკური მითები, ეფუძნებიან რა არქეტიპებს, პრეტენდირებენ მაქსიმალურ სიახლოვეს არქაულ საკრალურ მითთან, რომელთა მსგავსად აღადგენენ არა მხოლოდ დარღვეული  სამყაროს კოსმოგონიურ, სოციალურ და სულიერ ლანდშაპს, არამედ, სამყაროს უცვლიან ონტოლოგიურ სტატუსს – მოდელირებენ სრულიად ახალ პოლიტიკურ და სოციალურ მითორეალობას.

 

2.ფსევდო(ტექნოლოგიური) პოლიტიკური მითი.

ფსევდომითების კონსტრუირება იმით გახდა შესაძლებელი, რომ არსებობს ნამდვილი, ბუნებითი პოლიტიკური მითოლოგია, დაფუძნებული არქაული მითის ,,პოლიტიკურ სუბსტანციაზე’’. ფსევდომითებს  არ გააჩნიათ საკუთარი არქეტიპი რომელზეც დაფუძნდებოდნენ, რაც შეუძლებელს ხდის მათ სუვერენულ და სრულფასოვან ფუნქციონირებას. ამიტომ ფსევდომითის  ნარატიული ქსოვილი დაშენებულია სხვა, ტოტალურ, არქეტიპის მქონე ნამდვილ მითზე. შესაბამისად, ფსევდომითები წარმოადგენენ ნამდვილი მითების დანამატს, ან ,,ნარჩენებს’’,  ,,ნასხლეტებს’’, მიუხედავად იმისა, რომ მათი საერთო გენეტიკური ხაზი ხშირ შემთხვევაში ზედაპირზე არ ჩანს.

ფსევდო პოლიტიკურ მითს ახასიათებს სამი მთავარი განსაკუთრებულობა:

  1. ერთჯერადობა. ხანმოკლეობა.
  2. ტექნოლოგიურობა. ხელოვნურობა. ინსტრუმენტალურობა.
  3. თემატიკის არაგლობალურობა, სიმწირე.

ფსევდო პოლიტიკური მითი არ ეფუძნება არქეტიპს და შესაბამისად არ გააჩნია მყარი ტრადიციული საფუძველი, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა, ამიტომ იგი ხანმოკლე და ერთჯერადია. იგი იქმნება იმწამიერი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და მარადიული მითისაგან განსხვავებით, არ შეეხება ტოტალურ პოლიტიკურ/სოციალურ მოვლენას, არამედ მიმართულია მცირე, სუსტი, ან მეორადი პოლიტიკური თემებისაკენ. უნივერსალური არქეტიპის ნაცვლად ფსევდომითი ექვემდებარება საზოგადოების ცნობიერებაში მიმდინარე კონიუქტურულ ცვალებადობას, ემოციონალურ ვნებათაღელვებს. იგი არ უღრმავდება და არ ეხება  ადამიანის არაცნობიერის ღრმა შრეებს და კარდინალურ ცვლილებებს არ იწვევს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ფსევდომითი არ წარმოიქმნება ბუნებითად, სპონტანურად, არამედ იქმნება გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად, კონკრეტული პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. მას ქმნიან ხელოვნურად, ინსტრუმენტალურად, თანამედროვე ტექნოლოგიების – მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პიარის ხელოვნების გამოყენებით. პოლიტიკური მითი პოლიტიკოსების ხელში იქცევა საზოგადოების, მასის მანიპულირების მძლავრ იარაღად, ინსტრუმენტად. პოლიტიკური მითის ტექნოლოგიურ ხასიათზე პირველად მიუთითა ე.კასირერმა. მისი აზრით, პოლიტიკური მითი ისევე იქმნება, როგორც თანამედროვე მატერიალური ტექნიკა(მაგ. ტყვიამფრქვევები, თვითმფრინავები): ,,თანამედროვე პოლიტიკური მითები არ წარმოიქმნებან სპონტანურად, ისინი არ გვევლინებიან აულაგმავი წარმოდგენების ველურ ნაყოფად. პირიქით,ისინი წარმოადგენენ ხელოვნურ ქმნილებებს, შექმნილს მარჯვე, მოხერხებული ოსტატების მიერ. ჩვენი,  XX საუკუნის დიდი ტექნოლოგიური ცივილიზაციის ეპოქაში, უნდა შექმნილიყო  მითის ახალი ტექნიკაც, რამდენადაც მითები შეიძლება შექმნან ზუსტად ისევე და იმავე წესების შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა თანამედროვე იარაღი, ეს იყოს გინდ ტყვიამფრქვევი, გინდ თვითმფრინავი. ამ ახალმა პრინციპული მნიშვნელობის მქონე მომენტმა, მთლიანად შეცვალა ჩვენი სოციალური ცხოვრება’’ (Cassirer 1946:283). კასირერი თანმიმდევრულად განიხილავს იმ სამ ძირითად ხერხს, რომლითაც პოლიტიკური მითის ტექნოლოგიური წარმოება არის შესაძლებელი:

პირველი: მითოშემოქმედი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ენის ფუნქციის მიზანმიმართული შეცვლა. ,,აღწერითი და ლოგიკური სიტყვის გადაქცევა  მაგიურ სიტყვად.’’

მეორე: პოლიტიკური რიტუალის კონსტრუირება, რომელიც მასში მონაწილეებს აიძულებს ინდივიდუალურობის შეგრძნების დაკარგვას და თითოეული მონაწილე მიჰყავს კოლექტივთან შერწყმის ექსტაზურ მდგომარეობამდე.

მესამე: წინასწარმეტყველება. როგორც კასირერი წერს: ,,ჩვენი დროის პოლიტიკოსებმა კარგად გაითავისეს ის, რომ ადამიანების დიდი მასები გაცილებით იოლად მოდიან მოქმედებში ფანტაზიის ძალით, ვიდრე იძულებით. . . წინასწარმეტყველება ახალი პოლიტიკური ტექნოლოგიის არსებითი ელემენტი გახდა’’ ((Cassirer 1946:285-288).

პოლიტიკური ფსევდომითებით გაჯერებულია ჩვენი ყოველდღიურობა, იგი ჩვენი ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია, მათთან  ურთიერთქმედებაში ყალიბდება საზოადოებრივი აზრი(ცრუ და მართალი), მასების დამოკიდებულება ყოველდღიურ სოციალურ და პოლიტიკურ თემებთან, შესაბამისად, ძირითადად  სწორედ ერთჯერადი მითებით ხორციელდება მასების მანიპულირება ცალკეულ მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. ერთჯერადი პოლიტიკური ფსევდომითების განსაკუთრებული აქტუალიზაცია დაკავშირებულია ტოტალიტარული რეჟიმებისა და მათი მითოლოგიების მიწურულს და პოსტპერიოდებში – დიდი ტოტალიტარული მითის მსხვრევისას. მაგალითად, XX საუკუნის 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ძლიერების მილევადობისა და მასში შემავალი სუვერენიზაციის გზაზე დამდგარი რესპუბლიკების კვალდაკვალ, შეიმჩნევა ახალი იდეოლოგიური, მანიპულირებადი მითების მოჭარბება. ერთ-ერთი ახალი იდეოლოგიური მითი შეიქმნა რესპუბლიკების სუვერენიზაციის მომხრე დემოკრატების წრეში და გავრცელდა როგორც მითი ,,რუსეთის დამოუკიდებლობაზე.’’ ეს პოლიტიკური მითი ატარებდა რუსეთის, როგორც რესპუბლიკების ,,მარჩენალი’’ ქვეყნის ამ მძიმე ტვირთისაგან გათავისუფლების აუცილებლობისა და ამის შედეგად რუსი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების იდეოლოგიას.

ფსევდომითი მთლიანად თანამედროვე მითის ტექნოლოგიური პოტენციალის ამუშავებაზე აპერირებს.  ფსევდომითის ტექნოლოგიური ასპექტი წარმოადგენს პოლიტიკური მითოლოგიის მთავარ ,,ენერგეტიკულ მკვებავს’’. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს, საზოგადოდ, პოლიტიკური მითოლოგიის დინამიკურობას, პოლიტიკურ რეალობასთან სწრაფ და ადეკვატურ ურთიერთმიმართებას.

 

3.სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითი

სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითი ონტოლოგიური ფენომენია. იგი წარმოადგენს მარადიული და ფსევდომითის შერწყმის გზით მიღებულ პოლიტიკური მითის თვისობრივად ახალ, ონტოლოგიურ სახეობას. სიმულაციურ-პრეცესიული მითი არსებული პოლიტიკური მოცემულობის ონტოლოგიური გარდაქმნით ახლომომავლის მედილირებაზეა ორიენტირებული, რასაც ტექნოლოგიური, ინსტრუმენტალური შესაძლებლობების სრული ამუშავებით აღწევს. მისი მოქმედება-ფუნქციონირება სიმულაციურია, ხოლო შედეგი – პრეცესიული(წინმსწრები).

,,სიმულაცია”  მომდინარეობს სიტყვიდან  simulacrum (მრავლ.რ.- simulacra). იგი არის სიმულაკრას ფუნქციონირების შედეგი და ასახავს იმ პროცესს, როცა ასლი-სიმულაკრა, ანუ ,,ასლის ასლი” იმდენად დაშორდა ორიგინალს, რომ სრულებით გაწყვიტა რაიმენაირი კავშირი თავის ორიგინალთან, პირველწყაროსთან. სიმულაკრას ფუნქციონირების შედეგია ყველა ის ფანტასმაგორიული მითიური გამოვლინება, რომელსაც ჩვენი დროის სოციალური და პოლიტიკური მანქანა ამუშავებს, უპირველესად – რეალობის ახალი მდგომარეობა და ახალი ,,ხარისხი”. ამდენად, შეიძლება ითქვას ძველი მითი თანამედროვეობაში იქცა სიმულაკრად. ჟან ბოდრიარი ტერმინ – ,,სიმულაკრათი” ჩაანაცვლებს ტერმინ ,,მითის” როლან ბარტისეულ  გაგებას(Baudrillard 2000:8), რითაც ხაზი გაესმევა მითის სიმულაციურ მნიშველობას. მითი და მისი თხრობა ქმნის თვისობრივად ახალ რეალობას. მითიური თხრობა არის მითიური ხილვა, ფანტაზმი, რომელიც ობიექტურ ,,ნამდვილობას” უპირისპირდება მეტაფიზიკური ,,ნამდვილობის” ნიშნით. იგი აღჭურვილია საკუთარი რეალობის ,,კანონმდებლის” – ზერეალობის შექმნისა და გაბატონების უნარით. ეს არის ბოდრიარისეული ,,ჰიპერრეალობა” და გულისხმობს პრეცესიის მეტაფიზიკურ აქტს. ,,ტერიტორია უკვე აღარ უსწრებს წინ რუკას, აღარც მასზე დიდხანს ცოცხლობს. პირიქით, რუკა უსწრებს ტერიტორიას – სიმულაციის წინსწრება(პრეცესია) – რუკა ქმნის ტერიტორიას”(ბოდრიარი 1997:50). მითი წარმოადგენს სწორედ ,,წინმსწრებ რუკას”, იგი ატარებს იმგვარი რუკის ფუნქციას, რომელსაც უნარი შესწევს თავისთავზე აღბეჭდოს და ამით თავად შექმნას რეალობა.

თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სიმულაციურ-პრეცესიული მითის ფუნქციას წარმოადენს ობიექტური პოლიტიკური მოცემულობის გარდაქმნის გზით ახალი სიმულირებული მოცემულობის მოდელირება და მისი პრეცესიის განხორციელება. სიმულაციურ-პრეცესიულ ანუ წინმსწრებ პოლიტიკურ მითს აქვს სიმბოლურ-ონტოლოგიური  ხასიათი, არ არის აუცილებელი იგი ,,ახდეს’’, ,,გაცოცხლდეს’’. პრეცესიის მიზანია სიმულირებული ახალი მოცემულობის რეალურად განცდა, რაც გულისხმობს ნამდვილსა და მოდელირებულ მოცემულობას შორის ზღვრის მოშლას და საზოგადოების მყისიერ რეაქციას, როგორც ნამდვილად არსებულზე. სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითების თვალსაჩინო მაგალითებია სახელისუფლებო ტელეარხებით გადაცემული, ან ინტერნეტსაშუალებებით გავრცელებული ,,მოდერილებული ქრონიკები’’ პოსტსაბჭოთა უახლესი პოლიტიკური ცხოვრებიდან, რაც მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოების იდეოლოგიურ ,,დამუშავებას’’. მოდელირებულ ქრონიკები ატარებენ არსებული ხელისუფლების შეუცვლელობის, ღვთაებრივი მარადიულობისა და მესიანიზმის იდეოლოგიას, ძალაუფლების უსასრულოდ გახანგრძლივების მიზნით. ,,შეუცვლელობის’’ იდეა რუსული მოდელირებული ,,მომავლის’’ სათაურშივეა დეკლარირებული – Россия без Путина? Welcome to hell!”(,,რუსეთი პუტინის გარეშე? კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში’’). აღნიშნული ვიდეო-კლიპი ვიდეო პორტალზე youtube.com –ზე გავრცელდა და მსოფლიო მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნახა. განსაკურებით შოკისმომგვრელი იყო ქართული სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის თემაზე, 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში გასული სპეციალური რეპორტაჟი – ,,მოდელირებული ქრონიკა’’. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანიზაციას მუდმივად გასდევდა სიმულირებული სპეციალური გამოშვების მაუწყებელი ლოგო – ,,მოდელირებული ქრონიკა’’, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იგი რეალურად მიმდინარე მოვლენად აღიქვა, რასაც ბუნებრივად მოყვა მყისიერი ვნებათაღელვა, მასობრივი პანიკა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, გახიზვნა და სხვა  ომისწინა პრევენციული ქმედებები.

სიმულაციურ-პრეცესიული პოლიტიკური მითები ვრცელდებოდა მასობრივი კომუნიკაციური საშუალებების არარსებობის პირობებშიც. შეგვიძლია გავიხსენოთ  1814 წელს ინგლისში კოლინ დე ბორგის მიერ გავრცელებული ცნობა ნაპოლეონ ბონაპარტეს სიკვდილის შესახებ, რასაც ინგლისში დიდი ზეიმი მოჰყვა, რადგან იმპერატორის გარდაცვალება ომის დასრულებას ნიშნავდა. სიმულაციურ-პრეცესიული მითი გავრცელდა აგრეთვე 1938 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი რადიოსადგურიდან(ორსონ უელსის რადიოადაპაციისას), რომელმაც მოულოდნელად მუსიკალური რადიომაუწყებლობა შეწყვიტა და გამოაცხადა, რომ დედამიწას თავს დაესხნენ უცხოპლანეტელები, რომლებიც ხალხს ხოცავდნენ. ამ ცნობას ნიუ-იორკში პანიკა, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ჭყლეტა და 20-მდე ამერიკელის დაღუპვა მოჰყვა.

ამდენად, თანამედროვე მითოლოგიებზე დაკვირვებამ გვაჩვენა მითის სიცოცხლისუნარიანობა და ცოცხალ პროცესებთან მისი სწრაფი ადაპტირებისა და ლავირების ერთის მხრივ, ონტოლოგიური და მეორეს მხრივ, ტექნოლოგიური უნარი. გამოჩნდა თანამედროვე პოლიტიკურ-სოციალური მითის დომინანტობა და მისი ტოტალური წარმმართველი ძალა სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმებისა და სისტემების ჩამოყალიბებაში. გამოიკვეთა პოლიტიკური მითის სამი სახეობა – ნამდვილი, ფსევდო და სიმულაციურ-პრეცესიული, რომლებსაც აერთიანებთ საერთო მსოფლმხედველობა, საერთო არქეტიპი და საერთო სპეციფიური ნიშნები, რის გამოც ისინი ფუნქციონირებენ ერთმანეთთან გარკველ დამოკიდებულებასა და ურთიერთმიმართებაში და ერთად ქმნიან ერთიან, განუყოფელ, სტრუქტურულად და შინაარსობრივად  მყარ, უნივერსალურ არქაულ არქეტიპზე დაფუძნებულ, პარადიგმულ, თანამედროვე პოლიტიკურ მითოლოგიურ სისტემას.

დამოწმებანი:

ბარტი, როლან. მითოლოგიები, ,,აგორა”, თბ.2011.

ბოდრიარი, ჟან. სიმულირებულები და სიმულაციები, ჟურნ. ,,პარალელური ტექსტები. ფილოსოფია და საზოგადოება”, #1, თბ. 1997.

Ж.Бодрийяр. Символический обмен и смерть, M.2000.

Bottici, Chiara . A Philosophy of Political Myth, New School for Social Research, Cambridge University Press, 2010.

ელიადე, მირჩა. მითის ასპექტები. ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის გამომცემლობა, თბ.2009.

Tudor, Henry. Political Myth, Key Concepts in Political Science, Pall Mall Press, New York,1972.

Cassirer, Ernst.   The Myth of the State,Yale University press, New Haven and London, 1946.

Колев, А.Н. Политическая мифология. М.2003.

Lincoln, Bruce. Discourse and the Construction of Society: Comparative Studies of Myth, Ritual, and Classification.Oxford: Oxford University Press,1989.

Мелетинский, Е. Поэтика мифа, М. 1976.

Sorel,Georges, Reflections on Violence, Collier Books, Hew York, 1961.

Flood, Christopher  G. Political Myth (Theorists of  Myth), Routlege New York and London, 2002.

Khatuna Tavdgiridze

New Mythological Paradigm Political Myth

Summary

An old sacral myth went through a long not homogeneous period until it became a modern mytho-political narrative. During this process it kept, lost and gained something. It kept its external form and structure, lost sacred sacral beginning. It gained wide narrative cloth and absolutely new technological-instrumental ability
The first works in Western political philosophy in which the conception of a modern political myth was worked out were the books by the French philosopher, the theorist of revolutionary syndicalism Georges Sorel. His publications appeared in 1900s and they were united in his most famous book “Reflections on Violence”(Sorel 1961).According to Sorel myth was ideological-propaganda tool for conscious manipulation of society’s mind.Another book which aimed fundamental research of a modern political myth appeared in 1946.It was German philosopher Ernst Cassirer’s posthumous ” The myth of the State”. Cassirer and Sorel became precisely the first theorists of political myth.

The dates of appearance of their books are the beginning of research and interpretation of modern political myth. According to the modern theorisrs of political myth it is a narrative, which comes out from concrete social\political group and expresses its ideoligy.It is the instrument and means for legitimacy and propaganda of the authority, which it realizes by means of technological and instrumental aids.

Political myth has specific-ontological and empiric relation with reality and is connected with historic, social and ideological context of the epoch by which it influences and manipulates very hard. Besides, the point of political myth is that, it exists in nature ”mythologically”, that is naturally, which is actualized by itself or artificially,technologically. Such dualistic – natural and technological character of political myth results in three types of political myth: real, or ”eternal” myth, pseudo or technological myth, and simulated-preceding myth

Real or ”Eternal Myth”
Real political myths are created ”mythologically”. They are created as naturally and fulfil their function as pure archaic myths. Real political myths are connected tight with traditions and are based on a universal archaic archetype. That is why they are ”eternal

Pseudo-myth or Technological Myth
Pseudo-myths don’t have their own archetype they could base on. Therefore their narrative is built on the ”eternal”myth. Accordingly the pseudo-myths are the fragments of ”eternal” myths.
Pseudo-political myth has got three fundamental speciality. 1.Pseudo-myth is not based on archetype. 2. The subjects of pseudo-myth are little, unimportant political-social topics. 3. Pseudo-myth is technological.

Simulated-Preceding Myth

Simulated- Preceding Myth is an ontological phenomenon. It is absolutely new kind of ontological political myth, which is made from joining ”eternal” and pseudo myths. Its function and actin are simulated, but the result is preceding. Preceding has got symbolic-ontological character. There is no necessity it to come true, but to feel it really is essential, which means that the border between reality and modeled reality is abolished.

These kinds of political myth function with one another in a certain relation. They are united with a common outlook and a common archetype and the specific characteristics: aspiration to paradigm, reality structuring, ideology, providing legitimacy, magic, rites, incompletion and so on.
Political myth in all three categories, their specific features, represent a whole. Together they form an inseparable structurally and conceptually strong archetype based on universal archaic, mythological,paradigmal modern political system.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s