თამარ ტალიაშვილი _ მეტაფორის კონსტრუირება ტექსტზე მუშაობის პროცესში, როგორც მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მეთოდი


    satauri 3

                                                                                              თამარ  ტალიაშვილი

მეტაფორის  კონსტრუირება ტექსტზე მუშაობის პროცესში, როგორც

მოსწავლეების შემოქმედებითი  აზროვნების  განვითარების მეთოდი

ანტიკური დროიდან  დღემდე  მეტაფორა გვევლინება ჰუმანიტარული დისციპლინების  შესწავლის მუდმივ საგნად.”მეტაფორამ, როგორც ემოციური ზემოქმედების საშუალებამ უნდა გამოაღვიძოს მკითხველის შინაგანი სამყარო: გააქტიუროს მისი ფსიქიკა,  გამოწვიოს მასში თანაგანცდა  და, შესაბამისად, ექსპრესიული ეფექტი“(არისტოტელე,1988, 23.) მკვლევართა  ყურადღების ცენტრში ხშირად იყო მეტაფორის,  როგორც სწავლების განმავითარებელი მეთოდის გამოყენების  მდიდარი შესაძლებლობები.კერძოდ,  როგორც ტექსტის ესთეტიკური აღქმის, მეტყველების კულტურის, მოსწავლეთა წარმოსახვის უნარის  ამაღლების ტექნოლოგია,  მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ  სწორედ XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში  მეტაფორის შესწავლა გადავიდა თვისობრივად ახალ საფეხურზე  და  სწორედ საკითხის ახლებურმა გააზრებამ წარმოაჩინა მეტაფორის სწავლების მრავალმხრივი ასპექტები, როგორც მოსწავლეთა კრეატიულობის განვითარების მეთოდი.

მეტაფორის კვლევაში საეტაპო მნიშვნელობა აქვს ჯორჯ ლაკოფისა და  მარკ ჯონსონის  შრომებს, სადაც  მეტაფორა განიხილება როგორც სამყაროს შემეცნების, ინტერპრეტაციისა და  შეფასების  საბაზისო საშუალება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ  მეტაფორა , მათ  შორის კონცეპტუალური, ასახავს ადამიანის სამყაროსადმი დამოკიდებულებას. „ადამიანი არამარტო გამოთქვამს საკუთარ აზრებს მეტაფორების დახმარებით, არამედ ის აზროვნებს მეტაფორებით“…..“ მეტაფორა ვრცელდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არა მხოლოდ ენაში, არამედ ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაში, და, რომ მთლიანად ჩვენი ცნებათა სისტემა თავისი ბუნებით ფუნდამენტურად მეტაფორულია (ლაკოფი.1990.387)აღსანიშნავია, ასევე ის ექსპერიმენტული კვლევები, რომლებიც საფუძვლად დაედო “კონცეპტუალური  ინტეგრაციის” თეორიას. ჟ.ფოკონიე და  მ.ტერნერი მიიჩნევენ, რომ   მენტალური სივრცეები, რომლებიც ინდივიდის ტვინშია განთავსებული, ერთმანეთთან ურთიერთზემოქმედების  შედეგად  რეპრეზენტირდებიან ენობრივ კონსტრუქციებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მენტალური სივრცეების  ურთიერთქმედებისას წარმოიშვება სრულიად ახალი მენტალური სივრცე  საკუტარი მახასიატებლებით.  ამგვარად , მეტაფორიზაცია, ანუ მეტაფორის წარმოქმნის პროცესი  როგორც არა მარტო ენის, არამედ აზროვნების დინამიური ასპექტი, შეიძლება განვიხილოთ როგორც შემეცნების სინთეტური მეთოდი „.როგორც  “სინამდვილის ობიექტების შემეცნების,  მხატვრული სახეებისა და ახალი მნიშვნელობების შექმნის ერთ-ერთ ძირითადი ხერხი..   მეტაფორა ასრულებს  შემეცნებით, ნომინაციურ,  მხატვრულ და აზრისმწარმოებელ ფუნქციას.”(თელია, 1988, 35)

როგორც ვხედავთ,სპეციალისტები განიხილავენ კრეატიულობის მაჩვენებელს “მეტაფორულობას”,  როგორც ინტელექტუალური უნარების კომპლექსს.    ის ვლინდება, ერთი მხრივ, ფანტასტიკურ, “შეუძლებელ”  კონტექსტში მუშაობისათვის მზაობაში, მეორე მხრივ,საკუთარი აზრების სიმბოლური, ასოციაციური საშუალებებით გადმოცემის, მარტივში რთულის და რთულში მარტივის დანახვის უნარში.

კოგნიტური მიდგომები მეტაფორის სწავლებაში

მეოცე საუკუნის ბოლოს  კოგნიტურმა ფსიქოლოგიამ დიდი გავლენა იქონია პედაგოგიკაში თანამედროვე  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების  ჩამოყალიბებაზე, ისევე   როგორც ლიტერატურულ განათლებაში   ტექსტის ინტეგრირებულ სწავლებაზე ლინგვისტური და ლიტერატურათმცოდნეობითი პოზიციებიდან. ამიტომ ტექსტზე მუშაობის ამოცანები და ხერხები  ემყარება  ტექსტის ფილოლოგიურ ანალიზს, სადაც მეტაფორა საკვანძო ცნებაა, რომელიც  არა მარტო განაპირობებს მოსწავლეთა კრეატიულობის განვითარებას., არამედ სწორედ მეტაფორების დახმარებით ხდება პრობლემური და შემეცნებითი სიტუაციების გადაჭრა.

მეტაფორის სწავლების პარადიგმა ამ კონტექსტში ტექსტზე მუშაობის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანაა.მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება ეროვნული სასწავლო გეგმის  მთავარ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ ამ მიზნების პრაქტიკაში განხორციელება დიდად არის დამოკიდებული  მასწავლებლის ფილოლოგიურ ინტუიციასა და პროფესიონალიზმზე. იგი მოითხოვს პედაგოგისგან თანამედროვე საგანმანატლებლო ტექნოლოგიების დაუფლებას, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება როგორც  მეტაფორის სწავლების ალგორითმები და  ეყრდნობა  იმ კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევებსა და თეორიებს , რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. ავტორები მიიჩნევენ, რომ მეტაფორის კონსტრუირების პროცესი  შედგება შემოქმედებითი ეტაპების თანნმიმდევრობისაგან და მთლიანობაში მოითხოვს მოსწავლისგან იმ თვისებების კომპლექსს, რომელიც წარმოადგენს  კრეატიული აზროვნების კომპონენტებს .ამგვარად, მეტაფორიზაციის პროცესი, ეყრდნობა რა წარმოსახვას, ორიგინალური და თავისუფალი აზროვნების საშუალებით აყალიბებს რეალურად არარსებულ სახეებს, და, შესაბამისად, “სახეობრივი”  და /ან “აზრობრივი” პრობლემების გადაჭრისას წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებით  მოღვაწეობას. მეტაფორის კონსტრუირების მექანიზმი შეიძლება წარმოვიდგინოთ  როგორც სააზროვნო ოპერაციების   მწყობრი კავშირი.:(შრაგინა, 2000.61) :

პირველ ეტაპზე ხდება ავტორის ჩანაფიქრის დაბადება და მეტაფორის საფუძვლის – ობიექტის ძიება, რომელიც  საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოხატოს საკუთარი იდეა და ფარული ინტერესები. ასოციაციის კვალდაკვალ   ჩნდება სახეები და წარმოდგენები,  მათგან მოსწავლე ირჩევს იმ ნაწილს,  რომელიც მის ჩანაფიქრზე მუშაობს.  მეტაფორის ჩანაფიქრი – ეს არის სუბიექტის მისწრაფება დაასახელოს გააზრებული, მაგრამ ჯერ კიდევ “შეუმეცნებელი,” ახალი , თანაც ნაცნობი, სახელდებული, ვერბალიზებული ცნების დახმარებით. ამდენად, მეტაფორა ყოველთვის  გვევლინება  ასე კომპლექსურად წარმოებული ინდივიდუალური შემეცნებითი პროცესის შედეგს.

მეორე ეტაპზე ხდება დამხმარე ობიექტის არჩევა, რომელიც წარმოადგენს მხატვრულ კომპონენტს. აქ ჩნდება ძირითადი სირთულე: რას შევადაროთ მეტაფორის ფუძე, როგორი შემოვიტანოთ  დაშვება, რომელ სიტყვაში ვიპოვნოთ პოტენციურად ჩადებული ძალა, რომელიც არღვევს შეუძლებლის საზღვრებს, რომელსაც შეუძლია მოგვიახლოვოს შორეული  და  აამაღლოს ყოფითი.

მესამე ეტაპი – სინთეზი: “იდეალური რეალობის” შექმნა წარმოსახვაში იმ მიზნით, რომ უცხო მრავალპლანიანი ასოციაციებით მივიღოთ ახალი აზრობრივი შედეგი. როგორც სიტყვიერი კონსტრუქცია მეტაფორა შედგება ბუკვალური სიტყვიერი გამონათქვამისაგან, რომელშიც შედგება რეალურ ცხოვრებაში შეუთავსებელი ობიექტებისგან. სწორედ ამ “შეუთავსებლების ურთიერთქმედებაში”, უფრო სწორედ კი მათ ნიშნებსა და   თანმდევ ასოციაციურ კომპლექსებს შორის ჩნდება ახალი მოცულობითი აზრისშემცველი სახე, რომელიც  აცოცხლებს ავტორის ჩანაფიქრს.

ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა მეტაფორული უნარი, ე.ი..სუბიექტის უნარი საკუთარი შემოქმედების პროცეში მოახდინოს განსხვავებული დონის ხატოვნების მქონე მეტაფორების კონსტრუირება, საშუალებას იძლევა გამოვლინდეს, თუ როდის გადადის ინდივიდუალური განსხვავებები იმ ახალ ხარისხობრივ საფეხურზე, რომელიც ფასდება როგორც კრეატიული.  მოსწავლეთათვის პრობლემური სიტუაციების, სააზროვნო მოქმედებების, ღია თუ დაფარული წინააღმდეგობების შეთავაზების  საფუძველზე   პირობითად გამოიყოფა მეტაფორის კონსტრუირებისათვის აუცილებელი შემოქმედებითი ამოცანების  სირთულის სამი დონე. ამის მიხედვით  ნაწილდება მოსწავლეთა   კრეატიული საქმიანობისათვის დამახასიათებელი შემოქმედების ადაპტირებული მეთოდები.  მოსწავლეებისათვის ყოველი ახალი დონე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილებისაკენ.

მეტაფორის კონსტრუირების პირველი დონის სირთულის ამოცანები მიმართულია მოცემული ტროპის ბუნების  შეცნობისაკენ. ამ ამოცანის გადასაჭრელად დაფაზე იწერება სიტყვა და კითხვა, რომელიც  განსაზღვრავს წარმოდგენილი სიტყვის კავშირს სხვა სიტყვასთან, რომელიც უნდა შეარჩიონ ბავშვებმა და შეძლებისდაგვარად  გახადონ ეს სიტყვათშეთანხმება მოულოდნელი და არასტანდარტული.

მეხუთეკლასელი მოსწავლეები ასრულებენ  ამ დავალებას მეტაფორაზე მუშაობის მხოლოდ მესამე ეტაპზე: თავიდან წერენ პატარა მოთხრობას, განსხვავებული ტიპის მეტაფორების დახმარებით გაათამაშებენ ნაცნობ სიუჟეტებს ან განიხილავენ ავტორის მეტაფორებს მკითხველის პოზიციიდან, მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგებიან საკუთარი ტროპის კონსტრუირებას. მოსწავლეები აყალიბებენ და ავითარებენ წარმოდგენას მეტაფორაზე საკუთარი შემოქმედებითი სივრცის კონსტრუირების ფონზე, ისინი აღიქვავენ თავს ავტორის როლში.

მეორე დონის სირთულის ამოცანები მიმართულია მეტაფორების გარდაქმნის უნარის ფორმირებისაკენ. მათი შესრულებისას აქტიურდება შემოქმედებითი მუშაობა მეტაფორასთან, რომელიც იკავებს ძირითად ადგილს მხატვრული სახის დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრისას. ამას გარდა მოსწავლეები ავითარებენ ავტორისეული მეტაფორის  გამოვლენის და განხილვის უნარს. მსგავსი ტიპის ამოცანის შესრულებისას მეტაფორა იქცევა მეტყველების განვითარების საუკეთესო საშუალებად,  იგი ხარისხობრივად ამდიდრებს მოსწავლეთა ლექსიკურ მარაგს და   ხელს უწყობს  მათი აზროვნებისა და კრეატიული უნარების განვითარებას.

მეტაფორის ცნების ჩამოყალიბების შემდეგ ეტაპზე ხდება მეტაფორების დამოუკიდებელი კონსტრუირება, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩართოს შემოქმედებით პროცესში  თავისი პირადი გამოცდილება – სირთულის მესამე დონის შემოქმედებითი ამოცანები  მიმართულია მეტაფორების გარდაქმნის უნარის ჩამოყალიბებისაკენ უკვე შეცვლილ სიტუაციაში. ამ ეტაპის ალგორითმი შესაძლებელს ხდის “ენობრივი პიროვნების”  ასოციაციებისა და ნიშნების არჩევანის თავისუფლებას,  შესაძლებელია შეუზღუდავად წარიმართოს ყველაზე ორიგინალური სიტყვათშეთანხმებების მიზანმიმართული ძიება, გააზრებულად იქნას გამოყენებული სისტემურობა მეტაფორების კონსტრუირების პროცესში.

 მეტყველების განვითარების  პრაქტიკულ მეცადინეობებზე აპრობირებული  მეტაფორის კონსტრუირების   ალგორითმი:

  1. ჩაწერე სიტყვა, რომელიც აღნიშნავს იმ საგანს ან მოვლენას, რისთვისაც უნდა მოიფიქრო მეტაფორა – ( მზე).
  2. ჩაწერე სვეტად ამ საგნის ან მოვლენის, შენი აზრით, ყველაზე არსებითი ნიშნები:
  • ანათებს დღისით;
  • ყოველდღე ამოდის და ჩადის;
  • მრგვალი, ყვითელი, ოქროსფერი;
  • ათბობს და ანათებს ბუნებასა და ადამიანებს.
  1. ყოველ ნიშანს მიუწერე ის ასოციაციები, რასაც იწვევს ეს სიტყვები შენს წარმოსახვაში.
  2. მოძებნე ეს ასოციაციები ბუნებაში, ტექნიკაში, ყოფაში, ზღაპრულ-ფანტასტიკურ პერსონაჟებს შორის (2 საგანი):

ანათებს დღისით – თვალი (თვალისჩინი),   რომელიც არასდროს არ იხუჭება და თვალყურს ადევნებს ადამიანებს, ბუნებას და ყველას ყოველთვის ხედავს.

ყოველდღე ამოდის და ჩადის – ადამიანი, რომელსაც არ ეზარება შრომა; მგზავრი, რომელიც არასოდეს არ იძინებს და არ  ღალატობს საკუთარ გზას რაც არ უნდა მოხდეს.

მრგვალი, ყვითელი, ოქროსფერი – მბრწყინავი სპილენძის მონეტა; ოქროს ბორბალი; ოქროს ბურთი.

ათბობს და ანათებს ბუნებასა და ადამიანებს – ბუხარი, რომელიც ყველას ათბობს, მაგრამ არ წვავს.

  1. ჩაწერილი ასოციაციებიდან აარჩიე ისინი, რომლებიც უფრო ორიგინალურად გეჩვენება.
  2. ჩაწერე განსაზღვრება, რომელიც აკავშირებს პირველი და მეორე საგნების ნიშან-თვისებებს: მზე – ეს არის ყოვლისმხედველი თვალი, დაუღალავი მგზავრი, მაცოცხლებელი ბუხარი”…

მეტაფორის კონსტრუირების ალგორითმთან მუშაობის პროცესში მოსწავლეები იღებენ ტროპების  განსხვავებულ ვარიანტებს:

ვაზი – სიცოცხლის ხე, რომელიც ჭირსა და ლხინს  აერთიანებს

, ვარსკვლავები – ხუთი ხელიხელჩაჭიდებული ძმა, ცაზე გაფანტული  ნაკვერჩხლები,  ჩუქურთმა-ტაძრის სამკაული.

პრაქტიკულ მეცადინეობებზე მოსწავლეების მიერ გავრცობილი მეტაფორების მაგალითები გვანცვიფრებენ თავისი ხატოვნებით, ორიგინალურობით, სიახლით და უთუოდ წარმოადგენენ მხატვრულ ღირებულებას: “წიგნი – ბრძენი მეცნიერი, რომელიც მთელი ცხოვრება ფეხით დადის დედამიწაზე და აკეთებს აღმოჩენებს”;, “ზღვა – ძლევემოსილი ტიტანი, რომელიც შთანთქავს გემებს”.

მოსწავლეთა შემოქმედებითი აღმოჩენები წარმოაჩენენ მათ უნარს უკვე პრაქტიკულ საქმიანობაში მოახდინონ შესწავლილი ცნებებით ოპერირება.  ეს გარემოება ამყარებს   მოსაზრებას მათ მიერ ცნება “მეტაფორის” კრეატიულ დონეზე ათვისების შესახებ. მასწავლებელთან თანამშრომლობისას მოსწავლეები იგებენ, ზოგადად, შემოქმედების და, კერძოდ,საკუთარი შემოქმედების ფასსაც. ამასთან ერთად მეტაფორის ფლობა  ადასტურებს ფართო ასოციაციური აზროვნების არსებობას მოსწავლეთა შორის, მსგავსებათა აღმოჩენის და საწინააღმდეგოსთან დაკავშირების უნარს. “მეტაფორიზაცია”   უდავოდ წარმოადგენს მოზარდების შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზაციისა და მათი კრეატიული აზროვნების განვითარების ერთ-ერთ პროდუქტიულ მეთოდს.

მეტაფორის კონსტრუირების სირთულის სამივე დონის შემოქმედებით ამოცანებზე მუშაობისას   აღმოჩნდა, რომ მეტაფორის, როგორც სიტყვიერი კონსტრუქციის ფუნქცია გადის  მის შემადგენელ სიტყვათა მნიშვნელობების მარტივი ჯამის ზღვარს მიღმა. მეტაფორის თეორიულმა შესწავლამ, აგრეთვე, ლიტერატურის გაკვეთილებზე  მისი პრაქტიკული გამოყენების ანალიზმა  ცხადყო, რომ მეტაფორის შესაქმნელად  აუცილებელია  წარმოსახვის განვითარების  გარკვეული დონე.სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შემოქმედების აზრი მდგომარეობს სააზროვნო სინთეზის უკანასკნელ ეტაპზე სტერეოტიპების დაძლევის უნარსა და ასოციაციების მრავალფეროვნებაში: რაც უფრო შორეული სფეროდან არის აღებული ელემენტები ამოცანის გადასაჭრელად, მით უფრო კრეატიულია   შედეგი.

ამგვარად, თუკი მეტაფორა წარმოადგენს ადამიანის კრეატიული უნარების განვითარების საშუალებას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ მეტაფორაში, მისი შექმნისას, კონცენტრირებული სახით რეალიზდება  ლოგიკური, ასოციაციური და ხატოვანი პარამეტრები, რომლებიც ასახავენ კრეატიული პიროვნების   განვითარების საერთო დონეს.   მხოლოდ მათი კომპლექსური ურთიერთქმედება ქმნის იმ განუმეორებელ, ინტელექტუალურ, მგრძნობიარე, ესთეტიკური მშვენიერების “თანაგანცდის” რეაქციას, რომელსაც კანტი განსაზღვრავდა როგორც შემეცნებითი უნარების თამაშს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Аристотель.1988. поетика

2.Дж. Лакофф, М. Джонсон.1990. МЕТАФОРЫ, КОТОРЫМИ МЫ ЖИВЕМ..

3.ТЕЛИЯ В.Н. 1988. метафора  как модель  смыслопроизводства и ее экспрессивно-

оценочная функция // Метафора в языке и тексте

4.ШРАГИНА.  2000.оригинальные ассоциации о сходстве как компонент креативности,

психологический журналь.  №4Ф.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s