თენგიზ ვერულავა _ „უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი


„უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი

 10744794_10204105916300932_1271511219_n

„უხილავი ხელი“ – ადამ სმითის ცნობილი მეტაფორაა. იგი გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ხოლო ამ ქმედებებით „უხილავ ხელს“ იგი მიჰყავს ისეთი შედეგებისკენ, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში და შესაბამისად, მისდაუნებურად განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობას.

დღეისათვის სმითის მეტაფორა საყოველთაოდ აღიარებულია, თუმცა, მეოცე საუკუნის შუა პერიოდამდე მისთვის არავის მიუქცევია განსაკუთრებული ყურადღება. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ უხილავი ხელის მეტაფორა არ არის მოხსენიებული როგორც სმითის თანამედროვე, ისე შემდგომი პერიოდის ცნობილ მოაზროვნეთა შრომებში. იგი არ გვხვდება ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის თომას პაუნელის (1722-1805) ადამ სმითისადმი გაგზავნილ წერილებში (T. Pownall 1776), არც თომას მალთუსის (Malthus 1798), დევიდ რიკარდოს (Ricardo, 1817), ჯონ სტიუარტ მილის (Mill 1849), კარლ მარქსის (Marx 1887), მაკკულოჩის (McCulloch 1863) ნაშრომებში. “უხილავი ხელთან” მიმართებით არანაირი მინიშნება არ ყოფილა 1876 წელსაც, როდესაც აღინიშნა წიგნის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გამოქვეყნებიდან 100 წლის ზეიმი. “უხილავი ხელის” ციტირებას ახდენს ინგლისელი ისტორიკოსი ჰენრი თომას ბაკლი თავის ცნობილ შრომაში „ცივილიზაციის ისტორია ინგლისში“ (Buckle 1885 vol 1, 218-219), მაგრამ თავად მეტაფორა საერთოდ იგნორირებულია. ასევე, აუგუსტ ონკენი (August Onken 1874) ციტირებს „უხილავ ხელს“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე.

ფრაზა „უხილავ ხელი“ ფართოდ გავრცელდა და პოპულარული მეტაფორა გახდა მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან (Rothschild 2001, 117-18). თანამედროვე ეკონომისტები უდიდეს როლს ანიჭებენ „უხილავი ხელის“ თეორიას (Stiglitz 2002, 460, 477; Stiglitz 2000, 1448, 1457). ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში კენეტ ეროუ თვლის, რომ მეტაფორამ „უხილავი ხელი“ „ჭეშმარიტად ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური წვლილი შეიტანა ეკონომიკურ აზროვნებაში“ (Arrow 1987, 71; Arrow & Hahn 1971, 1). ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმზ ტობინის მიხედვით, იგი “ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი იდეაა ისტორიაში” (Tobin 1992, 117).

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან „უხილავი ხელის“ ცნება უბრალო მეტაფორიდან ჩამოყალიბდა თავისუფალი ბაზრის “პრინციპად”, “თეორიად” და “პარადიგმად“, საბაზრო ეკონომიკის სიმბოლოდ (Ylikoski 1995). „უხილავი ხელის“ თეორიის მიმართ პოზიტიურად განწყობილნი მას ახასიათებენ როგორც “ფაქიზს” (Harris 1998), “ბრძენს” და “შორსმჭვრეტელს“ (Joyce 2001), რომელიც “ადამიანთა ცხოვრებას აუმჯობესებს” (Bush 2002), ხოლო მისი საპირისპირო, “ხილული ხელი” სახელმწიფოს „მტაცებელი ხელია”, “მკვდარი ხელია,” “რკინის მუშტია”, რომლის “უხილავი ფეხი თელავს ადამიანთა იმედებს და ანგრევს მათ ოცნებებს” (Shleifer და Vishny 1998, 3-4; Lindsey 2002; Bush 2002). მილტონ ფრიდმანის აზრით, „უხილავი ხელი“ თავისუფალი ბაზრის კოოპერაციული, თვითმარეგულირებელი ძალის “მთავარი გასაღებია… ჩვენი საკვების და ტანსაცმლის საწარმოებლად, ბინით უზრუნველსაყოფად“ (Friedman and Friedman 1980, 1). ადამ სმითის “ხედვა, თუ რა გზით უნდა მოხდეს მილიონობით ადამიანთა ნებაყოფლობითი ქმედებების კოორდინაცია ფასთა სისტემის მეშვეობით, ცენტრალური მმართველობის გარეშე, არის უაღრესად რთული და დახვეწილი” (Friedman 1978, 17; Friedman 1981). ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი ლეონარდ რიდი თავის ცნობილ წერილში “მე, ფანქარი,” უხილავი ხელის ქმედებას ფანქარის შექმნაში ახასიათებს, როგორც “საიდუმლოს” და “სასწაულს” (Read, 1999 [1958], 10-11). მილთონ ფრიდმენიც მსგავს გამოთქმებს იყენებს (Friedman და Friedman 1980, 3, 11-13).

„უხილავი ხელის“ მიმართ კრიტიკულად განწყობილნი მას იყენებენ თავისუფალი ბაზრისადმი თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატავად (Brennan and Pettit 1993; Hahn 1982). მათთვის იგი “დამბლადაცემული” (Stiglitz 2001, 473), “სისხლიანი” (Rothschild 2001, 119) და “რკინის მუშტების კონკურენციაა” (Roemer 1988, 2-3). ფრენკ ჰანი აღნიშნავს, რომ უხილავი ხელის კონცეფცია გულისხმობს, “ხარბი და ეგოისტი ადამიანების პირველყოფილი ცოდვის გრძნობას” (Hahn 1982, 1, 5). თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, თვით კეინზიანელი ეკონომისტებიც კი ხაზს უსვამენ “უხილავ ხელის საოცარ უნარს, გაუმკლავდეს უზარმაზარ მასშტაბებში არსებულ კოორდინაციის პრობლემას” (William Baumol and Alan Blinder. 2001, 214). ფრანკ ჰანი წერს: “რაც არ უნდა კრიტიკულად ვიყო განწყობილი ამ თეორიის მიმართ, იგი არის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური მიღწევა… უხილავი ხელი განაპირობებს ჰარმონიას და ადამიანთათვის სასურველი გამოსავლების ზრდას” (Hahn 1982, 1, 4, 8). ჯორჯ სტიგლერი უხილავ ხელს უწოდებს „მთავარ განძს“. მისივე თქმით, “სმიტს ჰქონდა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი მიღწევა: ეკონომიკის ყურადღების ცენტრში მან დააყენა ადამიანთა ქცევის სისტემური ანალიზი, რომლებიც კონკურენციის პირობებში მოქმედებენ საკუთარი, პირადი ინტერესებით” (Stigler 1976, 1201).

უხილავი ხელის შესახებ ადრეული ცნობები

“უხილავი ხელი” დიდი ხანია აღიარებულია როგორც სმითის მეტაფორა, თუმცა, ეს ფრაზა არ არის მისი გამოგონება. არაერთ ადრეულ ლიტერატურულ წყაროებში არის იგი მოხსენიებული. ცნობილია, რომ სმითს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა და სავარაუდოდ იგი იცნობდა ამ ლიტერატურულ წყაროებს და იყენებდა მათ თავის შრომებზე მუშაობისას (Rothschild 2001, 116-56; Force 2003, 69-71; Buchan 2006, 1; Andriopoulos 1999, 739n-758; Bonar 1966).

ტერმინი “უხილავი ხელი” ჯერ კიდევ  ჰომეროსის ილიადაში (ძვ. წ. VIII ს.) არის მოიხსენიებული: „და უკნიდან ზევსმა ჰკრა მას [ჰექტორს] მეტად ძლიერი ხელით და გამოიწვია მასპინძელი მასთან ერთად“ (ილიადა. ქება XV. 695). ცნობილია, რომ სმითს ჰომეროსის სხვადასხვა გამოცემა ჰქონდა თავის ბიბლიოთეკაში.

სმითი კარგად იცნობდა ჰორაციუსის (ძვ. წ. 65-8) ოდებს, სადაც გვხვდება „მეხთამტეხელი იუპიტერის ძლიერი ხელი“ (ოდები 3.3.6). „უხილავი ხელი“ მოიხსენიება აგრეთვე რომაელი პოეტის ოვიდიუს ნაზონის (ძვ. წ. 43 – 17) მეტამორფოზებში[1].

ნეტარი ავგუსტინე (354-430) თავის ნაწარმოებში „ღვთის ქალაქი“ საუბრობს ღვთის უხილავ ხელზე, რომელიც კურნავს და ქმნის ყველაფერს. იგი აღნიშნავს: „ღვთის ხელი მისი ძალაა, რომელიც ხილულს ქმნის უხილავად“ (წიგნი 12, თავი 23). უხილავი ხელი განიხილება ღმერთის აღსანიშნავადაც. ბიბლიაში განგებას ხშირად უწოდებენ „უხილავ ღმერთს“. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ტიმოთეს მიმართ წერს: „ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს – პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე“ (1 ტიმოთეს მიმართ 1:17). კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში აღნისნავს: „ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი, რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა (კოლასელთა მიმართ 1: 15-16).

ფრანგი ბენედიქტელი პეტრუს კელენსისი (1115-1183 წწ.) მიანიშნებს ღვთის “უხილავი ხელის“ მნიშვნელობაზე მუცლადყოფნის პერიოდში ადამიანის სულის ფორმირებაში[2].

მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება ფრაზის „უხილავი ხელი“ უფრო ხშირად გამოყენება. იგი სხვადასხვა კონტექსტში ჩნდება ქადაგებებში, რელიგიურ ნაწერებში, ბიბლიის კომენტარებსა და ლიტერატურულ ნაწარმოებებში. დემონების და და ანგელოზების საქმიანობა გადმოცემულია როგორც „უხილავი ხელის“ ქმედებები. ზოგიერთ ქადაგებებში საუბარია უფრო ზოგადად სიკვდილის უხილავი ხელზე, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება[3]. ამ პერიოდის ნაწარმოებების მიხედვით, ღმერთის უხილავი ხელი შეინიშნება მსოფლიო ისტორიაში, როდესაც ხდება ბოროტი ძალების  შეჩერება და ქრისტიანული მრწამსის შენარჩუნება და აყვავება[4].

უხილავი ხელი გვხვდება უილიამ შექსპირის ტრაგედიაში „მაკბეტი“: „მაგ უხილავის, მოსისხლე ხელით შუა გასჭერ, წვრილად დაჰგლიჯე სიცოცხლის ძაფი, რაიც შიშის ჟრუანტელსა მგვრის“ (უილიამ შექსპირი, „მაკბეტი“, მოქმედება მესამე, სურათი მეორე, 46-50). აქ მაკბეტი ღამეს მიმართავს, დაფაროს მისი სისხლიანი საქმეები. ექსპერტთა აზრით, ეს პასაჟი წარმოადგენს სმითის მიერ „უხილავი ხელის“ ფრაზის გამოყენების ერთ შესაძლო წყაროს (Rothschild, E. 2001. გვ. 118-120).

ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი ჯოზეფ გლენვილი (1636–1680) თავის ნაშრომში „დოგმატიზმის ამაოება“ (1661) წერდა: „ბუნება მოქმედებს უხილავი ხელით ყველაფერში“. უხილავ ხელს იხსენიებს ვოლტერი თავის პიესაში „ოიდიპოსი“ (1718): „ძრწოდეთ, უბედურო მეფე, თქვენი მეფობა დასრულდა. უხილავი ხელი გმართავთ ვიდრე თავი“ (ვოლტერი „ოიდიპოსი“, მესამე მოქმედება). დანიელ დეფო თავის რომანში „მოლ ფლენდერსი“ (1722) ამბობს: „თითქმის უხილავი ხელისაგან მოულოდნელმა დარტმამ ააფეთქა მთელი ჩემი ბედნიერება“. შვეიცარიელი მწერალი, ფილოსოფოსი ჩარლზ ბონე (1720 – 1793), რომელსაც პირადად იცნობდა ადამ სმითი (შეხვდა ჟენევაში 1765 წელს) თავის ერთ ცნობილ ნაწარმოებში წერდა: „იგი მიიყვანა დასასრულამდე უხილავმა ხელმა“.

ამგვარად, ადამ სმითამდე არსებული ლიტერატურული წყაროების ანალიზით, ფრაზა „უხილავი ხელი” ყველაზე ხშირად მიეწერება ღმერთს, რომელიც ყველასაგან ფარულად აკონტროლებს სამყაროს, მის განვითარებას, კაცობრიობის ისტორიის მსვლელობას. უხილავი ღმერთი თავისი მიზნის მისაღწევად ფარულად ახდენს გავლენას ადამიანის ქმედებებზე. ღვთის უხილავი ხელი აძლევს ბიძგს ადამიანთა ბრძნულ გადაწყვეტილებებსა და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებს, პროგრესს. ღმერთის ყოვლისმცნობელობის და ყველგანმყოფობის კონცეფცია ყველაზე მეტად გამოიყენებოდა მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში, და აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი წარმოადგენდა ადამ სმითის მიზნების გამოხატულების ყველაზე შესაბამის ფონს (Harrison, 2011).

„უხილავი ხელი“ სმითის ნაშრომებში

მათ, ვინც არ იცნობს სმითის ნაშრომებს, შეიძლება იფიქროს, რომ „უხილავ ხელს“ ძალიან დიდი ადგილი უკავია მის ნაწარმოებებში. თუმცა, სმითმა თავის ნაშრომებში მხოლოდ სამჯერ გამოიყენა ეს მეტაფორა, მხოლოდ სამჯერ გაიელვებს იგი იმ მილიონზე მეტ სიტყვათაგან, რომელიც დაიწერა 1744 წლიდან 1790 წლამდე პერიოდში, და რაც თვალშისაცემია, სამივე შემთხვევაში „უხილავ ხელს“ გაკვრით მოიხსენიებს ავტორი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სმითს საერთოდ არ ჰქონდა “უხილავი ხელის“ თეორია, ხოლო თავად ფრაზა სხვა არაფერია, თუ არა 18-ე საუკუნეში საკმაოდ ცნობილი ლიტერატურული მეტაფორა; მათი მტკიცებით, სმითს კონკურენტუნარიანი ბაზრების თეორიაში არანაირი როლი არ მიუნიჭებია უხილავი ხელისთვის და მხოლოდ 1950-იანი წლების შემდეგ გახადეს იგი ეკონომისტებმა სმითის მოძღვრების უმთავრეს მეტაფორად (Kennedy, 2008).  ზოგი ექსპერტის მიხედვით, „უხილავი ხელის“ მეტაფორას არც თავად ადამ სმითი ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას (Tobin 1992 cf Schneider 1979, 51).

მიუხედავად აღნიშნულისა, შეიძლება ითქვას, რომ „უხილავი ხელის“ მეტაფორით გამოხატული იდეით არის გამსჭვალული ადამ სმითის მთელი შემოქმედება. სწორედ „უხილავი ხელის“ მეშვეობით შეძლო სმითმა ეკონომიკის ფუნქციონირების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიის შემუშავება.

სმითი „უხილავ ხელის“ მეტაფორას პირველად მოიხსენიებს თავის ნაშრომში „ასტრონომიის ისტორია“ (1982, გვ. 33-105), რომელიც 1751-1758 წლებში დაიწერა (გამოქვეყნდა 1795 წელს). შრომაში ადამ სმითს მოჰყავს „იუპიტერის უხილავი ხელი“ (1982, გვ. 49-50). იუპიტერს, როგორც ღვთაებას, თაყვანს სცემდნენ რომის მოქალაქენი. ისინი აღიარებდნენ იუპიტერის უხილავ ხელს, რომელიც წარმართავდა და წესრიგს ინარჩუნებდა სამყაროში, ერთმანეთს უხამებდა კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს. რომაელები იუპიტერს ქანდაკებებში, ნახატებზე, მონეტებზე ხშირად გამოსახავდნენ ელვის მეხთამტეხელი ღმერთის სახით. მას ხელში ეჭირა მეხთამტეხელი, რომლის გასროლით უნდა დამარცხებულიყვნენ რომის მტრები, ან იმპერატორის  წინააღმდეგ ამბოხებული შეთქმულები. რომაელთათვის “უხილავი ხელი” არ წარმოადგენდა მეტაფორას. იგი იყო რეალური, ხილული და გააჩნდა ჰადესის ყველა ძალა.

სმითი აღწერს ველური ადამიანის დამოკიდებულებას ჩვეულებრივი, ბუნებრივი და უჩვეულო მოვლენების მიმართ. ჩვეულებრივ მოვლენებს მიეკუთვნება საგნების ბუნებრივი თვისებები: „ცეცხლი წვავს, წყალი აგრილებს“ და ა.შ. ბუნების უჩვეულო მოვლენები მიეწერებათ ღმერთებს: ცერერას წყალობით უხვი მოსავლის მიღება, მისი  უკმაყოფილების დროს კი – ცუდი მოსავალი, ან „იუპიტერის უხილავი ხელის“ მეშვეობით – ელვა და ჭექა-ქუხილი (Smith, 1982. გვ. 49-50).

სმიტი ამბობს, რომ ასეთი სახის აზროვნებას წარმოშობს პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) და „ვულგარული ცრურწმენა, რომელიც ყველა უჩვეულო ბუნების მოვლენას მიაწერს რომელიმე უხილავი ღმერთის წყალობას ან უკმაყოფილებას“. ადამიანები ცრურწმენის გამო მიაწერდნენ ბუნების მოვლენებს ღმერთებს (მაგ. იუპიტერის ხელს), რადგან მათ არ ჰქონდათ ბუნებრივ პროცესებზე სათანადო ცოდნა. ასევე, უხილავი ხელის ქმედებები უკავშირდებიან ცრურწმენებს, რომელთაც არ აქვთ რეალური საფუძველი, და გამოხატავენ ბუნების შეუცნობად მოვლენებისადმი შიშს (Peukert, 2002).

რომაული ღვთაების, იუპიტერის უხილავი ხელი საბაზრო ეკონომიკის კონტექსტში შეიძლება შემდეგნაირად ავხსნათ: ადამიანებს ისევე არ ესმით საბაზრო მექანიზმების მუშაობის, როგორც ბუნების მოვლენების მიზეზები. შესაბამისად, როგორც აუხსნელი ბუნების მოვლენების მიმართ უვითარდებათ ცრურწმენები, ასევე გარკვეული შიშს განიცდიან ბაზარზე განვითარებული შესაძლო შედეგების მიმართ (მაგ., უმუშევრობა). შედეგად, საბაზრო მექანიზმებში ხედავენ განგების უხილავ ხელს, ისევე როგორც ბუნების მოვლენებში იუპიტერის ღვთაების უხილავი ხელის გამოვლინებას (Peukert, 2002).

მეორე ნაშრომი, სადაც სმითი მოიხსენიებს ტერმინს „უხილავი ხელი“ არის „ზნეობრივი გრძნობების თეორია“ (1759 წ.) პარადოქსულია, მაგრამ საბაზრო ურთიერთობების ეთიკური პრინციპებისაგან ფორმალური უარყოფის საფუძვლებს ჩვენ ვხედავთ ნაწარმოებში, რომელიც ეძღვნება ზნეობრივ ფილოსოფიას. ნაშრომის ისტორიული კონტექსტია შუა საუკუნეების ევროპის მემამულეები, მოსამსახურეები, გლეხები და ძირითადად, ფეოდალური პოლიტიკური წყობის სტრუქტურები. სმითი გვიჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი ადამიანთა მისწრაფება მათ შრომისმოყვარეობასა და მწარმოებლურობას. იგი წერდა, რომ ისინი ვინც თავიანთი ძალისხმევის შედეგად გახდნენ მდიდრები, შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე მათთვის მომუშავე ღარიბი ადამიანები. მდიდარ მიწის მესაკუთრეს, მაგალითად, სურს მეტი ფუფუნება, მაგრამ შეუძლია მოიხმაროს იმ საკვების მხოლოდ მოკრძალებული წილი, რომელსაც ამ მისწრაფებების შედეგად მოიპოვებს. დანარჩენი უნდა გადაეცეს მათ, ვინც მას ემსახურება.

„საერთო მასიდან მხოლოდ მდიდრები ირჩევენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი და იშვიათია. ფაქტიურად, ისინი იმაზე მეტს არ მოიხმარენ რასაც ღარიბები. მიუხედავად თავიანთი გაუმაძღრობისა და ეგოიზმისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი (მდიდრები – თ.ვ.) მხოლოდ პირად სარგებელს ესწრაფვიან, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დაიკმაყოფილონ მხოლოდ საკუთარი, ცარიელი და გაუმაძღარი სურვილები, რისთვისაც იყენებენ ათასობით ადამიანთა შრომას, მაგრამ ისინი უკანასკნელ ღარიბთან ერთად იზიარებენ მათი ბრძანებებით წარმოებული სამუშაოების შედეგებს. როგორც ჩანს, რაღაც უხილავი ხელი აიძულებს მათ მონაწილეობა მიიღონ სიცოცხლისათვის აუცილებელი საგნების გადანაწილებაში… ამდენად, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მდიდარი ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და ადამიანთა მოდგმის გამრავლებას… განგებამ, გადაანაწილა რა მიწა რამოდენიმე მესაკუთრეს შორის, არ დავიწყებია ისინიც, რომლებსაც არ გააჩნიათ მემკვიდრეობა. ასე, რომ ისინიც ღებულობენ თავიანთ წილს იმისგან, რასაც აწარმოებს მიწა“. (Smith, 1969, გვ. 184-185).

მოყვანილ ნაწყვეტში “უხილავი ხელი” უკავშირდება განგებას. სმითი აღნიშნავს: „უძველესი სტოიკოსები გამოთქვამდნენ აზრს, რომ, როგორც მსოფლიოს მართავს ბრძენი, ძლიერი და კეთილი ღმერთის განგება, ასევე ყოველი შემთხვევა უნდა განვიხილოთ როგორც სამყაროს გეგმის აუცილებელი, შემადგენელი ნაწილი, როგორც უნივერსალური წესრიგისა და საყოველთაო ბედნიერების ხელშემწყობი: კაცობრიობის მანკიერებანი ისეთივე აუცილებელი ნაწილია ამ გეგმის, როგორც მისი სიბრძნე და იგი თანაბრად ემსახურება ბუნების დიადი სისტემის კეთილდღეობას და სრულყოფას (Smith 1982 [1759], 36).

ამ ნაწყვეტში სმითი არ მოიხსენიებს უხილავ ხელს, თუმცა, იგი შეიძლება ვივარაუდოთ როგორც განგების უხილავი ხელი. სმითი ნაწარმოებში ამ ღმერთს უწოდებს ბუნების შემოქმედს, მისი მშენებელს, არქიტექტორს, გულთა დიდ მსაჯულს, სამყაროს ყველგანმხედ მოსამართლეს.

საინტერესოა, რომ მაქს ვებერი, როდესაც ახდენს ადამ სმითის და მარტინ ლუთერის შეხედულებების შეპირისპირებას, აღნიშნავს, რომ ლუთერთან “ამქვეყნიური საქმიანობა ხასიათდება, როგორც მოყვასის მიმართ ქრისტიანული სიყვარულის  გამოხატულება. ამასთან, ლუთერის მტკიცებულებები საკმაოდ შორსაა სმითის ცნობილი მტკიცებისგან. შრომის დანაწილება თითოეულ ადამიანს აიძულებს იმუშაოს სხვაზე. …ამქვეყნიური ვალდებულებების შესრულება კი ნებისმიერ შემთხვევაში ემსახურება  ერთადერთ მიზანს – იყო ღვთისათვის მისაღები (ვებერი, 1990).

წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ , რომელიც მოიცავს დაახლოებით 900 გვერდს, ფრაზა „უხილავი ხელი“ შეიძლება ვიპოვოთ  მხოლოდ ერთგან, მეოთხე ნაწილის თავში: „ცალკეული საქონლის იმპორტის შეზღუდვები“. წიგნის ამ ნაწილში სმითი ცდილობს ახსნას, თუ რატომ არ არის იმპორტზე შეზღუდვები აუცილებელი. იგი წერს: „ყოველი ინდივიდი ცდილობს ისეთნაირად აამოქმედოს საკუთარი კაპიტალი, რომ მან მაქსიმალური მოგება მოიტანოს. ჩვეულებრივ მას განზრახვა არა აქვს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივ ინტერესებზე და არ იცის რამდენად ზემოქმედებს იგი მათზე. ინდივიდი მიისწრაფვის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და სარგებლობისაკენ, და მას უხილავი ხელი წარმართავს, რათა ბოლოს და ბოლოს ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც მის განზრახვაში არ შედიოდა. საკუთარი ინტერესების დაცვით იგი (ინდივიდი) ხშირ შემთხვევაში დიდად უწყობს ხელს საზოგადეობის აყვავებას, ვიდრე იმ შემთხვევაში თუკი ამას შეგნებულად შეეცდებოდა“.

ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ, სმითის მთელი წიგნია “უხილავი ხელის” მეტაფორა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ამ სქელტანიან ნაშრომში ფრაზა „უხილავი ხელი“ მხოლოდ ერთხელ გვხვდება, კონტექსტში მისი არსებობა პირველი გვერდებიდან იგრძნობა. საკმარისია მოვიყვანოთ უკვე ტრადიციად ქცეული ციტატა მეორე თავიდან: “ცივილიზებულ საზოგადოებაში ადამიანს მუდამჟამს ესაჭიროება მრავალ ადამინთა დახმარება და თანამშრომლობა… და იგი ამაოდ იქნებოდა ამის მომლოდინე მარტო მათი კეთილგანწყობილებისაგან. იგი უფრო მალე მიაღწევს თავის მიზანს, თუ მოახერხებს მათი ეგოიზმი დააინტერესოს თავის სასარგებლოდ და დაანახვოს მათ, რომ მათთვისვე სასარგებლოა გააკეთონ მისთვის ის, რასაც იგი მაგათგან მოითხოვს… მომეცი, რაც მესაჭიროება, და შენ მიიღებ იმას, რაც გესაჭიროება, – ასეთია ყოველი ამგვარი შეთავაზების აზრი… არა ყასბის, ლუდის მხდელის ან მეპურის კეთილგანწობილებისაგან მოველით ჩვენ ჩვენს სადილს, არამედ მათ მიერ მათი საკუთარი ინტერესების დაცვისაგან. ჩვენ მივმართავთ არა მათ ჰუმანობას, არამედ მათ ეგოიზმს, და მათ არასოდეს არ ველაპარაკებით ჩვენს საჭიროებაზე, არამედ მათს სარგებლობაზე“ (სმითი, 1938. გვ. 13).

IV წიგნში სმითი მკაცრად აკრიტიკებს მერკანტილიზმს, რომელიც მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს. ბრიტანეთის კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკაში ექვემდებარებოდნენ ბრიტანეთის სავაჭრო მონოპოლიას, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივ. ამისათვის შემოღებულ იქნა სპეციალური სანავიგაციო კანონები, რომლებიც მოქმედებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფართოდ განფენილ ბრიტანეთის კოლონიებში. სმითი აკრიტიკებს კოლონიური ვაჭრობის მონოპოლიზებით გამოწვეულ სიმახინჯეებს და ასეთი ვაჭრობის დასაცავად წარმოებულ ომებს, რაც ბრიტანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სმითი აღნიშნავს: „ბრიტანეთის უდიდესი იმპერია  შეიქმნა ერთადერთი მიზნით – გაეზარდათ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც იძულებული იქნებოდნენ ჩვენი მწარმოებლებისაგან შეეძინათ ყველა ის საქონელი, რასაც ისინი აწარმოებდნენ. ფასზე იმ მცირედი ნამეტისთვის, რომელიც ამდაგვარ მონოპოლიას შეუძლია, რომ ჩვენ მწარმოებლებს მისცეს, ადგილობრივ მომხმარებლებს უნდა ეტვირთათ იმპერიის შენარჩუნებისა და დაცვის მთელი  ხარჯები. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, ბოლო ორ ომში, ას სამოცდაათი მილიონით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ამავე მიზნით წარმოებულ წინა ღონისძიებებში. ამ დავალიანების პროცენტი ბევრად მეტი იყო არამარტო იმ მოგებაზე, რომელსაც იძლეოდა ზე-მომგებიანი კოლონიალური ვაჭრობა, არამედ ვაჭრობის მთელ ბრუნვაზე  ანუ იმ საქონლის მთლიანი ღირებულებაზე მეტი, რომელიც  გასაშუალოებული გათვლებით კოლონიებში იქნა ყველწლიურად ექსპორტირებული“ (გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი VIII).

სმითი აღნიშნავს, რომ ვაჭრობის მონოპოლიზება პრივილეგიებს ანიჭებს მრეწველობის გარკვეულ დარგებს, რაც განაპირობებს „მრეწველობის ბუნებრივი ბალანსის“ დარღვევას. იგი წერს: „შოტლანდიაში, მინის სათბურებისა და კონდენსატების საშუალებით, შესაძლებელია მივიღოთ კარგი ყურძენი, საიდანაც ძალიან კარგი ღვინო დადგება. ის ოცდაათჯერ ძვირი იქნება, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ, თითქმის ისეთივე ხარისხის ღვინოსთან შედარებით. განა ჭკვიანურად მოვიქცეოდით, რომ მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც ყველა უცხოური ღვინის იმპორტს აკრძალავდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შოტლანდიაში, ბორდოს წითელი და ბურგუნდიული ღვინის წარმოება წაგვეხალისებინა?… აქსიომაა, რომ ყველა კეთილგონიერი ოჯახის უფროსს, წესად აქვს სახლში არ გააკეთოს ის, რაც მზა ნაწარმის ყიდვაზე ძვირი დაუჯდება. ის, რაც კერძო ოჯახის ხელმძღვანელობისათვისაა კეთილგონიერი, კეთილგონიერია დიდი სახელმწიფოსთვისაც. თუ სხვა ქვეყანას, ჩვენი იმაზე იაფი საქონლით უზრუნველყოფა შეუძლია, ვიდრე ჩვენ მისი წარმოება დაგვიჯდებოდა, უმჯობესია ის ვიყიდოთ და ჩვენს ქვეყანაში ის  ვაწარმოოთ, რაშიც უპირატესობა გაგვაჩნია… იმის მოლოდინი, რომ დიდ ბრიტანეთში ოდესმე თავისუფალი ვაჭრობა სრულად აღდგება, ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც უტოპიის განხორციელება. ამას, არამარტო საზოგადოების ურწმუნობა, არამედ, რაც უფრო  ძნელად გადასალახია, მრავალ კერძო პირთა ინტერესი აღუდგება წინ (გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II)

სმითის მიხედვით, შიდა პროდუქციის სტიმულირება განაპირობებს კაპიტალის გადამისამართებას  დასაქმების დაუცველი სექტორიდან დაცულ სექტორში. იმპორტის მიმართ შემცირებული, ან აღმოფხვრილი კონკურენცია ამცირებს სამამულე მომწოდებლების ფასთა კონკურენციაზე ზეწოლას. შედეგად მაღალი ფასების გამო მომხმარებლები ვერ ყიდულობენ მათთვის საჭირო პროდუქციას. ეს წმინდა მოგება და ზარალი ამახინჯებს საზოგადოებაში კაპიტალის გადანაწილებას.

უხილავი ხელის კონცეფციის წინამძღვრები

შემთხვევითი, განუსაზღვრელი, წინასწარ დაუგეგმავი წესრიგის კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს უხილავი ხელის მეტაფორას, არ წარმოადგენდა ახალს. იგი გვხვდება XVII საუკუნეში პეტისა და ლოკის ნაშრომებში. ზოგიერთი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ ადამ სმითმა თავისი “უხილავი ხელის”კონცეფცია განავითარა ჰოლანდიელი ფსიქიატრისა და პუბლიცისტის ბერნარ მანდევილის (1670 – 1733) სკანდალური ნაშრომის „იგავი ფუტკრებზე“ (1714), გავლენით.

ნაწარმოების პირველ ვერსიაში მანდევილი მოგვითხრობს ამბავს ფუტკრის მზარდ სკაზე, რომელმაც ერთ დღეს განიზრახა ზნეობრივ საზოგადოებად გადაქცევა, რის შედეგად გაღარიბდა და განადგურდა. მეორე გამოცემაში მანდევილმა აღწერა აყვავებული თანამეგობრობა, რომელშიც ყველა მოქალაქემ გადაწყვიტა, უარი ეთქვათ ისეთ ჩვევებზე, რომლებიც მოითხოვდნენ მაღალ ხარჯებს. შედეგად, მათ განუვითარდათ დეპრესია, ჩავარდა ვაჭრობა. ამით, მანდევილი ასკვნის, რომ პირადი ინტერესი, მანკიერებანი, გაუმაძღრობა, ფუფუნებისადმი სწრაფვა, სიხარბე ხელს უწყობენ საზოგადოებრივ სიკეთეს, ზრდიან სოციალურ სარგებელს. “როდესაც ბოროტება ქრება, საზოგადოება დეგრადირდება და შესაძლოა განადგურდეს კიდეც“ (Bernard Mandeville, The Fable of the Bees. 1714).

წიგნმა გამოცემისთანავე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ორი, სრულიად განსხვავებული მოაზროვნე, ფრიდრიხ ჰაიეკი და ჯონ მეინარდ კეინსი დადებითად გამოეხმაურნენ მანდევილის იგავს. ჰაიეკის მიხედვით, ადამ სმითი უკეთ ერკვეოდა შრომის დანაწილების, პირადი ინტერესის, ეკონომიკური თავისუფლების საკითხებში. მას კარგად ესმოდა მანდევილის იდეა წინდაწინ დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ (ჰაიეკი, 1984, 184-85). თუმცა, ცნობილია, რომ თავის „ზნეობრივი გრძნობების თეორიაში“ სმიტი არ ეთანხმებოდა მანდევილს, წიგნს უწოდებდა “სრულიად დამღუპველს” და “მცდარს”. სმითი უარყოფდა მანდევილის იდეას, რომ ეკონომიკური პროგრესი მიიღწევა გაუმაძღრობით, ამაოებით და საკუთარ თავზე გადაჭარბებული სიყვარულით. თუმცა, თავისი შემოქმედების მთავარ თემას წარმოადგენდა იდეა, რომ ინდივიდუალურ ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებისათვის სასიკეთო შედეგი. მისი აზრით, ეგოიზმი და გაუმაძღრობა არ არის ერთმანეთის მსგავსი, იგივეობრივი მცნებები. სმითის მიხედვით, მანდევილი ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებს მანკიერებას და სათნოებას (Smith 1982 [1759], 308-10).

სმითის თანამედროვე, ადამ ფერგიუსონი (1723—1816) კერძო საკუთრებას და პოლიტიკურ ინსტიტუტებს განიხილავდა, როგორც „ადამიანური ქმედებების შედეგს, და არა ვინმეს კონკრეტული განზრახვის შესრულების შედეგს” (ა. ფერგიუსონი. „სამოქალაქო საზოგადოების ისტორიის გამოცდილება“, 1767). დევიდ იუმი (1711 – 1776) გამოთქვამდა იგივე მოსაზრებას. იგი მართლმსაჯულების სისტემის წარმოშობას განიხილავდა როგორც ინდივიდუალური ეგოისტური გადაწყვეტილებების შუალედურ შედეგს, რომლებიც მიმართულია კონკრეტული დავების მოსაგვარებლად. იგი ამტკიცებდა, რომ ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ფული და ენა, წარმოიშვნენ ადამიანთა ქმედებების შედეგად, რომლებიც მიმართულია სხვა მიზნებისაკენ (დ. იუმი. ადამიანური ბუნების ტრაქტატი, 1740).

„უხილავი ხელის“ კონცეფცია

იმის განსახილველად, თუ რას გულისხმობდა ადამ სმითი მეტაფორაში „უხილავი ხელი“, ვნახოთ, როგორ აღწერს იგი მეტაფორის როლს თავის ლექციებში რიტორიკაზე (1763 წ.). შექსპირის მეტაფორების განხილვისას სმითი მათ უწოდებს “სიტყვის სახებას, რაც არის მინიშნება ერთი ობიექტისა სხვას მიმართ”, და რომ მეტაფორა შესაძლოა გახდეს „მშვენიერება“, „თუ იგი იმდენად შესაფერისია, რომ ობიექტს აძლევს სათანადო გამოხატვის ძალას და, ამავე დროს, მას გადმოგვცემს უფრო ნათელი და საინტერესო ფორმით” (Smith 1983, 29-32).

ძალა რომლითაც ერთი ადამიანის პირადი ინტერესი განაპირობებს სხვათა კეთილდღეობას. მანდევილის, ფერგიუსონის და იუმის მსგავსად, ადამ სმითმა თავის სისტემას საფუძვლად დაუდო დაკვირვება, რომ თითოეული ადამიანის მამოძრავებელი მხოლოდ პირადი ინტერესებია, ადამიანი მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. სმითი წერს: “ჩვენ საკუთარ პურს ვიღებთ არა პურის მცხობელის (ხაბაზის) მოწყალებით, არამედ მისი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე”. ეგოიზმი, პირადი ინტერესებისადმი სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მას მხოლოდ პირადი, ანგარებითი ინტერესები ამოძრავებს. ადამიანის მიერ პირადი ინტერესებით მოქმედებას აქვს დადებითი მხარე. იგი გამოსახავს ადამიანის ზრუნვას როგორც მატერიალური კეთილდღეობისადმი, ასევე სწრაფვას საკუთარი ღირსების ამაღლებისადმი. სმითის აზრით, ისევე როგორც ნიუტონის ფიზიკაში მიზიდულობა იყო მოძრაობის მიზეზი, ასევე პირადი ინტერესი წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მამოძრავებელ ძალას. ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საზოგადოების ცხოვრების მარეგულირებელი ნებისმიერი კანონები, სმითის აზრით, არ ესმის ადამიანის ბუნების ძირითადი თვისებები.

საკუთა­რი კეთილდღეობის განმტკიცებით ადამიანი, საბოლოო ანგარიშით, ხელს უწყობს საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ამგვარად, პირადი ინტერესი ეხმიანება საზოგადოებრივ ინტერესებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ადამიანი მოქმედებს რაციონალურად, მას ყოველთვის ამოძრავებს პირადი ინტერესები, გაზარდოს საკუთარი მატერიალური კეთილდღეობა. სწორედ პირადი მისწრაფებები განაპირობებენ ადამიანთა ყველა ქმედებას და როგორც ამ ქმედებათა შედეგი, აყალიბებენ სამართლიან და რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში. ამაში მდგომარეობს ჰარმონია კერძო და საზოგადეობრივ ინტერესებს შორის. ამგვარად, საზოგადოებრივი ინტერესები, ისევე როგორც პირადი ინტერესები გამომდინარეობს ადამიანის ბუნებიდან.

სმითი ასევე აღნიშნავს, რომ  ადამიანის პირადი ინტერესები მხოლოდ მაშინ განაპირობებენ საზოგადოებრივ სიკეთეს, როდესაც იგი კეთდება კონკურენტულ ბაზარზე და რომ საზოგადოებას ამისგან სარგებელი ექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სიმდიდრე ინახება ქვეყნის შიგნით. ეს ორი პირობა ყოველთვის არ არის წარმოდგენილი. უფრო მეტიც, სმიტის მიხედვით, ადამიანები ყოველთვის არ მოქმედებენ საკუთარი ინტერესით (Wealth of Nations, გვ. 346, 123, 907).

უხილავი ხელი წარმოადგენს ფასისმიერ მექანიზმს. უხილავ ხელს ფასის მექანიზმის მეშვეობით ბაზრები მოჰყავს ჰარმონიის, საერთო წონასწორობის მდგომარეობაში, ხოლო ეკონომიკას წარმართვას ისე, რომ ზრდის ხალხთა სიმდიდრეს (Grampp 1948, გვ. 334; Gordon 1968 წ. 8: 548; Hahn 1982; Coase 1994, გვ. 82-83). მყიდველები და გამყიდველები, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის, ბაზარზე ახდენენ გაცვლა-გამოცვლას იმ პირობით, რომ ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი (Wealth of Nations, გვ. 26-27). შედეგად, მყარდება წონასწორობის მდგომარეობა. ამისათვის საჭიროა, რომ მყიდველსა და გამყიდველს შორის გაცვლა ხდებოდეს კონკურენტულ ბაზარზე.

შედეგების განუზრახველობა. უხილავი ხელი ადამიანის გაუთვალისწინებელი, განუზრახველი ქმედებების შედეგად წარმოშობს სოციალურ წესრიგს. „უხილავი ხელი“ არ არის იძულება. იგი არავის არაფერს არ აიძულებს, არ ავალდებულებს. ეკონომიკური სუბიექტები საერთოდ ვერ ამჩნევენ მისი რამე სახით გავლენას. ეს მეტაფორა მიგვანიშნებს ადამიანის ქმედებების გაუთვალისწინებელ შედეგებზე. ადამიანთა მოტივაციები არ არის მათი ქმედებების სოციალური შედეგების იდენტური.

რადგან ადამიანები სხვადასხვა შესაძლო ქმედებებს ახორციელებენ თავიანთი მოტივაციების და პირადი ინეტერების საპასუხოდ, ჩვენთვის უცნობია რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ. შედეგები შეიძლება იყოს როგორც დადებითი და ასევე უარყოფითი. ცხადია, ცუდი შედეგები ახდენენ „უხილავი ხელის“ კომპრომეტირებას. სმითს თავის ნაშრომის „ხალხთა სიმდიდრე“ I და II წიგნებში მოჰყავს პირადი ინტერესებით ქმედებების უარყოფითი შედეგების 60 -ზე მეტი შემთხვევა (Kennedy. 2008).

სმითი აცხადებს, რომ უჩინარი ხელი ყოველთვის წარმართავს ინდივიდუალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგები მისდაუნებურად ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას, ისე რომ ეს არც არის წინასწარ განზრახული. მაგრამ არსად არსებობს მინიშნება, რომ ინდივიდუალური კერძო ინტერესები ყოველთვის, ყველა შემთხვევაში განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. სმითი არასოდეს თვლიდა, რომ არსებობს ბაზრის  უნივერსალური კეთილი წესრიგი (Kennedy. 2008; Fleischacker 2004, 139).

კონკურენცია. უხილავი ხელი არის კონკურენცია. კონკურენცია დადებით შედეგებს განაპირობებს, რადგან იგი აიძულებს ადამიანებს გონივრულად გამოიყენონ თავიანთი რესურსები, შემოსავალი, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობას (Rosenberg 1979, გვ. 24). თუმცა, უხილავი ხელი არ არის წარმოდგენილი ყველა კონკურენტულ ბაზარზე. ასევე, კონკურენციას არ შეუძლია ყველაფრის უზუნველყოფა, მაგალითად, ქვეყნის თავდაცვა. სმითი ამბობს: “დაცვა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიმდიდრე“ (Wealth of Nations, გვ. 464-65).

უხილავი ხელი ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას. გარემო, რომელშიც უხილავი ხელი იმყოფება არის შემთვევითობა, ბედისწერა, სადაც ერთი ადამიანის პირად, განსაკუთრებულ ინტერესსა და სხვა ადამიანთა საკმაოდ განსხვავებულ მაგრამ შეთავსებად ინტერესს შორის შესაძლოა არსებობდეს მუდმივი იღბლიანობა, მაგრამ არა ყოველთვის (Grampp, 2000). ვაჭარი დებს გარიგებას, რომელიც ზრდის მისი სიმდიდრეს, რაც უდაოდ მის ინტერესშია. ამასთან, ეს გარიგება არ ამცირებს სხვათა კეთილდღეობას, არამედ ზრდის მას, რაც ასევე მათ ინტერესშია. მეწარმე ინახავს თავის დამატებით კაპიტალს სახლში, და ეს ასევე ყველას ინტერესშია, მათ შორის თავად მეწარმისაც. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ შიდა სიმდიდრე არის რესურსი, რომელსაც ქვეყანა იყენებს ყველას უსაფრთხოებისათვის, თავდაცვისათვის. მეწარმე როდესაც ზრუნავს საკუთარ თავზე, ზრუნავს ყველაზე, ამასთან მას არც განუზრახავს სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვა და არც ჰქონდა ეს გაცნობიერებული (Grampp, 2000).

თანამედროვე ეკონომიკის ენაზე უსაფრთხოება, თავდაცვა არის საზოგადოებრივი სიკეთე და დამოკიდებულია შიდა კაპიტალის ფონდზე. არსებობენ გარკვეული სავაჭრო გარიგებები, რომლებიც ზრდიან ფონდის მარაგს. ზრდა გარიგებების შედეგად მიღებული დადებითი გარე ფაქტორია, და ხელს უწყობს საზოგადოებრივი სიკეთის მოცულობის კიდევ უფრო გაფართოებას. ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ასეთ ოპერაციებში, არ აქვთ განზრახული თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის საქმეში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისდაუნებურად ისინი აკეთებენ ამას. მათი ქმედებები გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ, რაც ერთი ადამიანისთვის არის კარგი, მეორე მხრივ, შეიძლება ყველასთვის კარგი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, კერძო ინტერესები, კერძო გარიგებები  განაპირობებენ დადებით გარე ფაქტორს, რაც ზრდის საზოგადოებრივ სიკეთეს (Grampp, 2000).

ზემოაღნიშნულიდან შეიძლება გამოვყოთ სმითის ოთხი იდეა: (1), დაცვა ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ უნდა იქნას შეფასებული მხოლოდ კეთილდღეობაზე თავისი გავლენით. (2) კეთილდღეობა არის ერთ-ერთი რესურსი, რომელსაც ქვეყანა იყენებს თავისი თავის დაცვისათვის, და ქვეყნის შიგნით წარმოებული სიმდიდრე მისთვის გაცილებით მეტი უსაფრთხოებაა, აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია თავდაცვისათვის, ვიდრე საზღვარგარეთ წარმოებული სიმდიდრე. (3) ადამიანთა კერძო ინტერესებს  შესაძლოა თავისი წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის თავდაცვაში, თუ ეს ქმედებები კონკურენტუნარიანია. (4) ადამიანები, ვინც ჩართულნი არიან კონკურენტულ საქმიანობაში არც ფიქრობენ რომ მათი ქმედებების შედეგები ყველასათვის სასარგებლო იქნება, მათ არც აქვთ იგი გაცნობიერებული (Grampp, 2000).

სმითის აზრით, „უხილავი ხელის“ პოლიტიკა უნივერსალური მექანიზმია. მისი აზრით, რა როლსაც ასრულებს სამყაროში მსოფლიო მიზიდულობის კანონი, იგივე როლს თამაშობს ადამიანთა პირადი ინტერესი საზოგადოებაში. თუ ყოველ ადამიანს მიეცემა საშუალება იმუშაოს საკუთარი სარგებლობისათვის, მისი შედეგები სიკეთის მომტანია მთელი საზოგადოებისათვის (თოდუა, 2004. გვ. 601).

უხილავი ხელი როგორც ლიტერატურული მეტაფორა

ნაწარმოებში არსებობს ადგილები, რომლებიც ყველაზე უფრო გადმოგვცემენ უხილავი ხელის შინაარს, მაგრამ არსად არ არის ნახსენები ფრაზა “უხილავი ხელი”, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ სმითმა იგი გამოიყენა როგორც მხოლოდ ლიტერატურული მეტაფორა, რათა დაეხმაროს მკითხველს ძირითადი საკითხის უკეთ გარკვევაში და არა როგორც ახალი თეორია (Macfie 1967, 81; cf Schneider 1979, 53). სმითი ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი სტუდენტები, კოლეგები, კანონმდებლები, პოლიტიკოსები, მკითხველები, შეეცვალათ ბრიტანეთის სავაჭრო სისტემა, რისთვისაც იყენებდა ყველანაირ ხერხს, მათ შორის მეტაფორებსაც.

უხილავი ხელი და ბუნებითი წესრიგი

სისტემაში, სადაც ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ მაქსიმალური თავისუფლება, ხოლო ადამიანებს ამოძრავებთ მრავალფეროვანი მოტივაციები, – არსებობს წესრიგი. ყოველი გონივრული ინდივიდუალური არჩევანის უკან დგას ლოგიკა, სისტემა, წესრიგი. ქაოტური ბაზრის უკან დგას მისი შემქმნელი ეკონომიკური სუბიექტების რაციონალური გაანგარიშება. ინდივიდუალური არჩევანის რაციონალიზმი, თუნდაც მრავალფეროვანი საქმიანობის მიზნების პირობებში განაპირობებს ეკონომიკური ქცევის ფორმების მოწესრიგებას, პროგნოზირებად, ზოგადად აღიარებულ პრაქტიკას. ცხადია, საბაზრო წესრიგი შორსაა სრულყოფილებისაგან. მაგრამ ეკონომიკის ორგანიზაციის სხვა სისტემებთან შედარებით ასეთი წესრიგი ყველაზე მეტად ინარჩუნებს მრავალფეროვნებას, რადგან ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ არჩევანს, მათი საქმიანობის ნებაყოფლობით ხასიათს. მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი დამოკიდებულია ინფორმაციის მოცულობაზე და სიზუსტეზე, რომელსაც ადამიანი ფლობს. ნოვაკი აღნიშნავს, რომ „წესრიგი, რომელსაც წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკა, ხოლო მეორე მხრივ, მისი მამოძრავებელი ძალები და მასში ჩართული ადამიანების მისწრაფებები, სხვადასხვა სიბრტყეში არიან (Novak, 1982).

ბაზრის სპონტანური, ნებაყოფლობითი რაციონალობა წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაციის უფრო ეფექტურ საშუალებას, ვიდრე დაგეგმილი ეკონომიკის მექანიზმები. უამრავი რაოდენობის, ერთმანეთთან შეუთავსებელი ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით შექმნილი წესრიგი უფრო რაციონალურია ვიდრე ცენტრალიზებული დაგეგმვით ადამიანებზე თავსმოხვეული წესრიგი. „უხილავი ხელი“ ნიშნავს, რომ ბაზრის კეთილგონიერება მდგომარეობს არა მის მბრძანებლურ ხასიათში, არამედ ნებაყოფლობითობაში და სპონტანურობაში (Novak, 1982).

თავისუფალ ბაზარზე, სადაც მოქმედებს „უხილავი ხელი“, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზრის სტრუქტურაზე. სწორედ ასეთ გზას შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა. დეცენტრალიზებული ეკონომიკა, სმითის თანახმად, უზრუნველყოფს “საჭიროებების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას“.  ეკონომიკის ასეთი მოდელი მიაჩნდა ადამ სმიტს ოპტიმალურად. სმითი წერდა: “სრულყოფილი სამართლიანობის, სრულყოფილი თავისუფლების და სრულყოფილი თანასწორობის დამყარება არის ყველა ფენებისათვის კეთილდღეობის ყველაზე ეფექტური  უზრუნველყოფის მარტივი საიდუმლო“.

ეკონომიკური თავისუფლება ადამ სმიტმა ძალიან მოკლედ და გასაგებად შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: „იმისათვის, რომ სახელმწიფო თავისი განვითარების დაბალი, ბარბაროსული საფეხურიდან ამაღლდეს კეთილდღეობის უმაღლეს დონემდე, საჭიროა მხოლოდ მშვიდობა, მარტივი გადასახადები და ტოლერანტული მართვა, დანარჩენს უზრუნველყოფს საგნების „ბუნებრივი წესრიგი”.

ნიშანდობლივია, რომ ადამ სმითის მოძღვრებას გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძე თავის ნაშრომში „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტედერობა და პროტექციონობა“, რომელიც გამოქვეყნდა 1887 წელს. ილია ჭავჭავაძემ მკაფიოდ გვიჩვენა თავისი დამოკიდებულება ადამ სმითის და მისი მოძღვრების მიმართ, სადაც ფრიტრეიდერობას, ანუ აღებ-მიცემობის თავისუფლებას ანიჭებდა უპირატესობას. იგი წერს: „[ფრიტრედერულმა] მოძღვრებამ ფეხი აიდგა ევროპაში ადამ სმითის მეცადინეობითა. ადამ სმითი მამამთავრად ითვლება საპოლიტიკო ეკონომიის მეცნიერებისა. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ეს მოძღვრება თმას ყალყზე უყენებდა კაცობრიობას და კაცობრიობის სვებედის გამგებელთა, რომელთაც ჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუმჩნეველს ლხინსა. მით ადამ სმითის მოძღვრებას ბევრი არა დააკლდა – რა და თანდათან უფრო ძლიერ ფეხს იკიდებდა“ (ჭავჭავაძე, ი. 1887).

ლიტერატურა

  • თოდუა გ. (2004). ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია. ნაწილი 1, თბილისის უნივერსიტეტი;
  • თოდუა, გ. (2000) ადამ სმითი და თანამედროვე ეკონომიკის აქტუალური საკითხები, თბილისი;
  • სმითი, ა. (1938). გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ტომი I, თბილისი.
  • ჭავჭავაძე ი. [1887]. სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტედერობა და პროტექციონობა. თხზულებათა სრული კრებული, ტ. IV.
  • ხარიტონაშვილი ჯ. (2013). ადამ სმითი ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებელი. ეკონომიკა და ბიზნესი. თსუ. სამეცნიეროპრაქტიკული ჟურნალი. მარტიაპრილი.
  • Arrow, K. Economic Theory and the Hypothesis of Rationality. In The New Palgrave: a
  • dictionary of Economics, ed. John Eatwell, Murray Milgate and Peter Newman. London: Macmillan, 2-71.
  • Arrow, Kenneth J., and F.H. Hahn.1971. General Competitive Analysis. San Francisco: Holden-Day.
  • Baumol, William J., and Alan S. Blinder. 1988. Economics: Principles and Policy. 4th ed. New York: Harcourt Brace Jovanovich.
  • Blinder, Alan S. 1987. Hard Heads, Soft Hearts. Reading, MA: Addison-Wesley.
  • Brennan, Geoffrey, and Philip Pettit. 1993. “Hands Invisible and Intangible.” Synthese 94: 191–225.
  • Bush, George W. 2002. “President Honors Milton Friedman for Lifetime Achievements.” whitehouse.gov/news/releases/2002/05/20020509-1.html.
  • Buckle, H. T. 1885 [1857]. History of Civilisation in England. London: Longmans, Green, and
  • Coase, Ronald H. ‘‘The Wealth of Nations.’’ In Essays on Economics and Economists. Chicago: Univ. Chicago Press, 1994.
  • Ferguson, А. 1767. An Essay on the History of Civil Society. Edinburgh: Edinburgh University Press, 1966.
  • Fleischacker, S. On Adam Smith’s Wealth of Nations: a philosophical companion. Princeton: Princeton University Press.
  • Friedman, Milton, and Rose Friedman. 1980. Free to Choose: A Personal Statement. New York: Harcourt Brace Jovanovich.
  • Friedman, Milton. “Adam Smith’s Relevance for 1976.” In Adam Smith and the Wealth of Nations: 1776–1976 Bicentennial Essays, ed. Fred R. Glahe. Boulder: Colorado Associated University Press, 7–20.
  • Gordon, H. Scott. (1968) ‘‘Laissez-Faire.’’ In International Encyclopedia of the Social Sciences, 8, edited by David L. Sills. New York: Macmillan.
  • Grampp, William D. (1948) „Adam Smith and the Economic Man.’’ P.E. 56 (August 1948): 315–36.
  • Grampp, W. 2000. What Did Smith Mean by the Invisible Hand? Journal of Political Economy, Vol. 108, No. 3. The University of Chicago Press
  • Hahn, Frank.1982. “Reflections on the Invisible Hand.” Lloyds Bank Review, April, 1-21.
  • Hahn, F. 1982. Reflections on the invisible hand. Lloyds Bank Review 144, April, 1—21.
  • Harris, Sharon. 1998. “The Invisible Hand Is a Gentle Hand.” HarryBrowne.org/ articles/InvisibleHand.htm (September 14).
  • Hayek, F. von. 1973. Law, Legislation and Liberty. Vol. 1, Chicago: Uni-versity of Chicago Press.
  • Hayek, F. The Constitution of Liberty. Chicago: University of Chicago Press.
  • Harrison, P. (2011) The Invisible Hand and the Order of Nature. Harris Manchester College, Oxford. Journal of the History of Ideas
  • Hume, D. 1978 [1740]. Treatise of Human Nature. Oxford: Oxford University Press;
  • Kennedy, 2008. Adam Smith and the Invisible Hand: From Metaphor to Myth. The Journal of the History of Economic Thought, 40th Anniversary Conference, University of Edinburgh;
  • Lindsey, Brink. 2002. Against the Dead Hand: The Uncertain Struggle for Global New York: John Wiley.
  • Malthus, T. R. An Essay on the Principle of Population. London: Johnson.
  • Mandeville, В. [1714]. The Fable of the Bees: or, Private Vices, Public Ben-efits. Oxford: Oxford University Press, 1924.
  • Menger, С. [1883]. Problems of Economics and Sociology. Urbana: University of Illinois Press.
  • Marx, K. 1906 [1887]. Capital: A Critique of Political Economy. Chicago: Charles H. Kerr.
  • McCulloch, J. R., ed. 1863 [1828]. Smith’s Wealth Of Nations, with a life of the Author, and introductory discourse, notes and supplemental dissertations. Edinburgh: Adam and Charles Black.
  • Mill, J. S. 1911 [1849]. Principles of Political Economy. London: Longmans, Green
  • Novak, M. 1982. The Spirit of Democratic Capitalism. Simon and Schuster.
  • Onken, A. 1874. der Culturgeschicte. Vienna
  • Peukert, H. ”Adam Smith´s invisible hand”, University of Hamburg (Germany),
  • Pownall, T. 1987 [1776]. A Letter from Governor Pownall to Adam Smith. In Correspondence of Adam Smith, ed. E.C. Mossner and I.S. Ross. Indianapolis: Liberty Fund, 337-76.
  • Ricardo, D. [1817]. Principles of Political Economy and Taxation. Cambridge: Cambridge University Press.
  • Read, Leonard E. 1999. “I, Pencil.” Irvington, NY: Foundation for Economic Education. (Originally published in Freeman, December 1958.)
  • Roemer, John E. 1988. Free to Lose. Cambridge, MA: Harvard University Press
  • Rothschild, E. 2001. Economic Sentiments: Adam Smith, Condorcet, and the Enlightenment. Cambridge: Harvard University Press.
  • Shleifer, Andrei, and Robert W. Vishny. 1998. The Grabbing Hand: Government Pathologies and Their Cures. Cambridge, MA: Harvard University Press.
  • Skousen, Mark. The big three in economics : Adam Smith, Karl Marx, and John Maynard Keynes . Armonk, New York. London, England
  • Smith, A. [1759]. The Theory of Moral Sentiments. New York: Liberty Classics.
  • Smith, А. [1776]. An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations. Ed. R.H. Campbell and A.S. Skinner, New York: Liberty Press.
  • Smith, A. Lectures on Jurisprudence, ed. R. L. Meek, D. D. Raphael, and P. G. Stein. Indianapolis: Libery Fund.
  • Smith, A. Lectures On Rhetoric and Belles Lettres, ed. J. C. Bryce. Indianapolis: Liberty Fund.
  • Smith, A. 1982. „The Principles Which Lead and Direct Philosophical Enquiries; Illustrated by the History of Astronomy.’’ In Essays on Philosophical Subjects, edited by W. P. D. Wightman and J. C. Bryce. Indianapolis: Liberty Classics,
  • Smith, A. The Correspondence of Adam Smith, ed. E.C. Mossner and I.S. Ross. Indianapolis: Liberty Fund.
  • Stiglitz, Joseph E. Information and Change in the Paradigm of Economics. American Economics Review 92(3): 460-501.
  • Tobin, J. The Invisible Hand in Modern Macroeconomics. In Adam Smith’s Legacy: his place in the development of Modern Economics, ed. Fry, M. London: Routledge, 117-129.
  • Ylikoski, Petri. 1995. “The Invisible Hand and Science.” Science Studies 8: 32–43.

[1] „მეტამორფოზების“ ერთ-ერთი რედაქცია (The Loeb edition) მოიცავს შემდეგ თარგმანს: „there in his vitals twisted and plied his invisible hand“ [Caecamque in viscera movit versavitque manum vulnusque in vulnere fecit.] Ovid, Metamorphoses XII. 492-4, თარგმანი ფრანკ მილერის, (Cambridge, Mass.: Harvard University Press, 1958-60), ტომი. 4, 215. სმითი ფლობდა ოვიდიუსის შრომების 1661-2 წწ. ლეიდენის ლათინურ გამოცემას. ნახ. Adam Smith’s Library: A Catalogue, გამ. Hiroshi Mizuta (Oxford: Clarendon Press, 2000), 183, მუხლი 1237.

[2] Petrus Cellensis, Commentaria in Ruth, commentarium: 2, linea: 326, Library of Latin Texts, Series A.

[3] Hugh Blair, Sermons, 3rd edn. 4 vols., (London: 1794), vol. 4, 44f

[4] John Flavel, Divine conduct, or, The mysterie of Providence (London, 1693), 6; Matthew Henry, An Exposition of all the books of the Old Testament, 6 vols., (London 1721-25), vol. 2, 185, 392; John Scott, The Christian life, Part II (London, 1687), 480.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s