კონსტანტინე ბრეგაძე _ ზურაბ რთველიაშვილი – ქართული პოეზიის მნათე ოქროპირ!


 

კონსტანტინე ბრეგაძე

 

    ზურაბ რთველიაშვილი    ქართული პოეზიის მნათე ოქროპირ!

 

უ სა ქარრრთველო დ?!!!

ზურაბ რთველიაშვილი

10721341_403661003119880_1883760829_n

 

 

ხომ არ გგონიათ, ექსპრესიონიზმი საქართველოში გასრულებულყოს… დასავლეთში ცხადია, თანაც დიდი ხანია მას აქეთ, მაგრამ საქართველოში იგი დღემდე ელოდა თავის გასრულებას, იმიტომ რომ თავად საქართველო და მასში ყველაფერი ერთი დიდი შეწყვეტილი პროექტია. ასეთი დიდი პროექტი იყო ქართული მოდერნიზმიც და მისი პირმშო ქართული ექსპრესიონიზმი, რომლის ადეპტებიც საქართველოში  კონსტანტინე გამსახურდია (პროზაში) და გრიგოლ რობაქიძე  (დრამაში) იყვნენ.  მაგრამ ლირიკაში ქართული ექსპრესიონიზმი დიდი ხანი ელოდა თავის გასრულებას  და იგი აღსრულდა კიდეც ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში.

იქნებ ვინმეს ეგონოს, რომ ლიტერატურის ისტორია სკოლების თანმიმდევრული წარმოქმნისა და აღსასრულის ისტორიაა… ევროპაში დიახაც რომ, მაგრამ საქართველოში  –  აქ ხომ ყველაფერი შეწყვეტილი პროექტია…

ის, რაც პოტენციაშია ჩადებული თავის მეტაფიზიკურ საწყისებში, იგი ადრე თუ გვიან უნდა გამოვლინდეს თავისი თანმიმდევრობით, ასეთია გოეთესეული ურფენომენის აპრიორი. დასავლეთში ფენომენის  პირისჩენა თანმიმდევრულია. მაგრამ სწორედ საქართველოშია ასე არათანმიმდევრული და არაკანონზომიერი ურფენომენისეული მოძრაობანი: საქრთველოში ეს გამოვლენა დროის ლინეარულობის მიღმაა, ანუ ქართულ სინამდვილეში ურფენომენი ყოველთვის ვლინდებოდა და მომავალშიც გამოვლინდება ნახტომისებური ფორმით. განსაკუთრებით სახელოვნებო და სამწერლობო პროცესებზე ითქმის ეს (კიტა აბაშიძე თავის „ეტიუდებში“ სულ ამაოდ  „ალაგებდა“ ქართული მწერლობის თანმიმდევრულ  ბუნებას).

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართული კულტურისა და სამწერლობო პროცესის  ეს არათანმიმდევრულობა მხოლოდ ქართული ურფენომენის „კაპრიზებისა“ და ქართული ე. წ. „ზარმაცი ბუნების“ ან „ჭიაყელას ენერგიის“ (ნ. მიწიშვილი) ბრალიც არაა, აქვე იყო ობიექტური ფაქტორებიც, არ გვიმართლებდა ისტორიულად: თუნდაც იგივე  ქართული მოდერნიზმი, რომელიც რუსული ბოლშევიზმის მსხვერპლია!

ამ ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე, ამიტომაცაა, რომ საქრთველოში არ არსებობს „ნეო“-ს ფენომენი, იმიტომ რომ ჩვენში ყოველი ფენომენი, მათ შორის სახელოვნებო, ისევ და ისევ თავის გასრულების მოლოდინშია. ამიტომაა, რომ აქ არც ნეოკანტიანელობაა, არც ნეოჰეგელიანობა, არც ნეორომანტიზმი და არც ნეოკლასიციზმი, არც ნეორენესანსი და არც ნეოავანგარდი…

ამიტომაც, ნუ დაშვრებით ლიტერატურის და ხელოვნების უცხოელო და ქართველო ისტორიკოსებო და ნუ აღნიშნავთ საქართველოში 90-იანების სახელოვნებო და ლიტერატურულ პროცესებს პრეფიქს „ნეო“-ს წამძღვარებით და ნუ დაშვრებით ისეთი ტერმინების მოხმობით, როგორც იქნებოდა „ნეოავანგარდი“ ან „ნეოექსპრესონიზმი“ და მისთ., ვინაიდან საქართველოში ავანგარდიც და ექსპრესიონიზმიც თავისი გასრულებისა და განვრცობის მოლოდინში იყო და გასრულდა კიდეც დაგვიანებით – ავანგარდი „რეაქტიული კლუბით“, ექსპრესიონისტული მხატვრობა კარლო კაჭარავათი, ხოლო ლიტერატურული ექსპრესიონიზმი განივრცო და განესრულება ზურაბ რთველიაშვილის ექსპრესიონისტული ლირიკით. ამიტომაც, ზურაბ რთველიაშვილის პოეზიაში „აღდგენილი“ (ი. კენჭოშვილი) კი არ არის ექსპრესიონიზმი, არამედ გასრულებული და განვრცობილი, რომელიც ახლაც განესრულება რთველიაშვილისვე ავანგარდისტული პერფორმანსების თანხლებით.

ზურაბ  რთველიაშვილს, წესით,  XX  საუკუნის 20-იან წლებში უნდა ეცხოვრა და იქვე უნდა დაესრულბინა ქართული ექსპრესიონიზმი, მაგრამ, როგორც ზემოთ შევნიშნე, ქართული მწერლობის ურფენომენის თავისებურება და საქართველოს ისტორია დროის ლინეარულობას არ ცნობს და ის, რაც წესით უნდა გასრულებულიყო  მე-20 საუკუნის  ოციან  წლებში,  გასრულდა 90-იანებში: ვიმეორებ, მხატვრობაში კარლო კაჭარავა ასრულებს შალვა ქიქოძის შეწყვეტილ  ექსპრესიონიზმს, ხოლო პოეზიაში  – ზურაბ რთველიაშვილი განასრულებს და განავრცობს შეწყვეტილ ქართულ ექსპრესიონისტულ მწერლობას.

 

*   *   *

 

მართალია ექსპრესიონიზმი, როგორც სახელოვნებო დისკურსი, დასავლეთში  ხელოვნებასა და მწერლობაში  კონკრეტული დროით და სივრცით შემოსაზვრული მოვლენა იყო (თუმცა, ვიმეორებ, საქრთველოში იგი გასრულების პროცესშია, რაც სწორედ რთველიაშვილის სახელოვნებო პილიგრიმობასა და „ასკეტიკას“ უკავშირება), მაგრამ როგორც ეთოსი, ექსპრესიონიზმი უნივერსალური მოვლენაა.

ამ ეთოსს, კ. გამსახურდიას რწმენით, ჩვენში ჯერ კიდევ დავით გურამიშვილი უყრის საფუძველს, ხოლო უცხოეთში ამერიკელი უოლტ უიტმენი. მივათვლიდი – ექსპრესიონისტული პათოსი და ეთოსია ფრიდრიხ შილერის სიხარულის ოდაშიც („An die Freude“) და ბეთჰოვენის მე-7 და მე-9 სიმფონიებშიც და, თვით, ჯენის ჯოპლინის ვოკალშიც.

და რა არის ექსპრესიონისტული უნივერსალური ეთოსი: ერთი მხრივ, კოსმიური ლხენისა და ნეტარების საკაცობრიო გაცხადება და, მეორე მხრივ, კოსმიურივე ტკივილების გზნება, ტარება, ამოძახილი, რაც გამოწვეულია ცნობილი „მეტაფიზიკური რყევით“ (ნიცშე) – ღმერთის საბოლოო სიკვდილითა და დევნილობით (შდრ., გალაკტიონისეული „ეს საუკუნე მეფისტოფელი“). აქ ყოველივე არტისტული და დეკადენტური ნარცისიზმი დაძლეულია (შდრ.: „კარგად შემხედე, ეს ოცნება სხვისი ვალია, ვერ ვითავხედე, ვერ დავწექი, ვერ ვიმოძრავე“,                       ზ. რთველიაშვილის ლექსიდან „არშემდგარი ანგელოზები“) და გასაქანი ეძლევა უმაღლეს, უნივერსალურ ეთიკას – ცოდვილი ადამიანის, ცოდვილი კაცობრიობის უანგარო სიყვარულს და მისი ცოდვების საკუთარ თავზე აღებას.

ამიტომ, გარკვეული აზრით და ფართო გაგებით, ნიცშეც ექსპრესიონისტია თავისი პათოსით და ეთიკური პოზიციით, სწორედ ის იღებს თავის თავზე საკაცობრიო  ტრაგიკული  ვითარების  გაცხადებას  –  რომ „ღმერთი მოკვდა“: „და სხვა რა არის ეს თქვენი ეკლესიები და ტაძრები, თუ არ საფლავები და აკლდამები ღვთისა“ (ნიცშეს „იგავი შეშლილ ადამიანზე“, თხზულებიდან „სალაღობო მეცნიერება“).

ამიტომაც იყო თავის დროზე ნიცშე გერმანელ (გ. ბენი) და ქართველ                    (კ. გამსახურდია) ექსპრესიონისტთა იდეოლოგი, ვინაიდან მასში ხედავდნენ ისინი ცოდვილი კაცობრიობისათვის ჯვარცმულ დიონისოს და მოსესეულ მხილების პათოსს. და როგორც უცნობი ღმერთის ძიებაში შეიშალა და დალია სული ნიცშემ, სწორედ  ტოტალურმა  უღმერთობამ,  ადამიანის  უკანასკნელობამ  შეშალა და შემდგომ აპოკალიფსურ ჟამს ღმერთის ძიებაში და დიონისურ ექსტაზში მოაკვლევინა თავი დიდ ექსპრესიონისტ ავსტრიელს, გეორგ თრაქლს (1887-1914):

 

ყოველი ქუჩა უერთდება შავ ხრწნეულებას. […]

დღეს  ცხელი ცეცხლი  სწვავს სულსა და  აჩენს ტკივილებს,

უშობელი შვილთაშვილები (თარგმანი ჩემია – კ. ბ.)

(გ. თრაქლი, „გროდეკი“, 1914).

 

ექსპრესიონისტული პოეტური სიტყვა და ექსპრესიონისტული პათოსი გამოცხადებითი ბუნებისაა: ის, ერთი მხრივ, ამხელს ადამიანის, მთელი კაცობრიობის უკანასკნელობას (ჩემი ნეოლოგიზმი ნიცშეს „უკანასკნელი ადამიანის“/der letzte Mensch“ ანალოგიით), ნაძირლობას, უძღებობას, მაგრამ ამავდროულად უყვარს ეს უძღები კაცობრიობა (შდრ.: „საკუთარ სხეულს უანგაროდ გავუნაწილებ მილიონობით პირდაბჩენილ მშიერ მასივებს“, ზ. რთველიაშვილის იმავე ლექსიდან „არშემდგარი ანგელოზები“) და უმაღლეს ჭეშმარიტებას უცხადებს მას   –  საკუთარი პოეზიის მიერ მოგვრილი აპოკალიფსური განსაწმენდელი პოეტური ცეცხლით უპირებს ექსპრესიონისტი პოეტი კაცობრიობას სადდასაჲში დიონისურ დანთქმასა და საღვთო პირველსაწყისების მოხილვინებას.

დღეს სწორედ ზურაბ რთევლიაშვილის დაგვიანებული ქართული ექსპრესიონისტული ლირიკა ატარებს საკაცობრიო და ქართული ცოდვების – უკანასკნელობის, ნაძირლობისა და უძღებობის  –  მხილებისა და გამოსყიდვის ცეცხლოვან და აპოკალიფსიურ პოეტურ მისიას:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
კრემატორი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით.
მილიარდობით ხსოვნა დავწვი ფოლადის გულში,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ავტოსტრადა ვარ უსასრულო ჯვარცმული გზების,
პოლიციელი რკინის ფარას ხელკეტით მწყემსავს,
ფარას, რომელიც სავსე არის რკინის მხეცებით.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ბუდა ვარ, შივა, შენი ძე ვარ შენი სიმშვიდე,
გთხოვ, აარიდო განსაცდელი ამ სხეულს წმინდას,
სხეულს, რომელსაც რკინისა აქვს ყველა ნეკნები.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ქარხნების ხმაზე წაგიკითხავ აკრძალულ ლოცვებს,
სექტა ვარ, დოლით, წმინდა სექტა და რწმენის ლიფტით
ვმოძრაობ ფრთხილად უნეტარეს შენს სართულებზე.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ელმავალი ვარ ავსებული ხალხთა ცოდვებით,
როგორც თეთრეულს აღსარებას გაბარებ წმინდას,
რომ დავუბრუნო ცას სპეტაკი მისი ლოცვები… („აპოკრიფი“).

 

და იაკობის ღმერთთან ბრძოლის აზრიც აქ იკვრება: შეურიგებლობა ყოფის აბსურდულობასთან, ბედისწერასთან, ყოველგვარ, მათ შორის, ბიურგერულ, შეზღუდულობასთან. ეს კი პოეტისაგან  მოითხოვს პესიმისტური ჰეროიზმით   შეპყრობილობას, რის საფუძველზეც  მან  დიონისური გახელების ჟამს უმაღლესი ჰეროიკული, ჰუმანური და რელიგიური სახელოვნებო აქტით უნდა განწმინდოს მთელი კაცობრიობა და სადდასაჲში  შეუძღვეს მას (ან, სულაც, უკრას თავი):

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი –
ყუძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული… („მე ვარ ვენახი!“)

 

ჭეშმარიტად! დიონისოს ყვავილოვანი შუბლით შემოსილი კოსმიური ტკივილებით, გზნებითა და ლხენით აღვსილი ექსპრესიონისტული პოეზია გვჭირია დღეს განსაწმენდად და სადდასაჲს ღვთაებრივი ცეცხლის საგზნებლად!

მაშ, მარჯი, ზურაბ რთველიაშვილს, ქართული პოეზიის მნათე ოქროპირსა და არშემდგარ ანგელოზს!!!

 

ტფილისი, 9 ოქტომბერი, 2014 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s