ელიზბარ ელიზბარაშვილი _ დროის “წაკითხვა” სამყაროს მეოთხე განზომილების სივრცითი კოორდინატის მიხედვით


 

1024-Surrealism-Dali's time staue   “თქვენ ამბობთ – დრო გადის.

                                   სულელებო – ეს თქვენ გადიხართ.”

                                                     თალმუდი

ამერიკელი ფილოსოფოსი სამუელ ალექსანდერი 1927 წელს წერდა “ მე მგონია გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ფილოსოფიის ყველა სასიცოცხლო პრობლემის გადაწყვეტა დამოკიდებულია სივრცისა და დროის პრობლემის გადაწყვეტაზე და კერძოდ იმაზე, თუ როგორ ურთიერთობაშია ისინი ერთმანეთთან” (Alexander Samuel. Space, Time and Deity. vol. I. London. 1927 gv. 35).

საკაცობრიო აზროვნება ოდითგანვე ახდენდა დროისა და სივრცის ფენომენებზე რეფლექსიას: მათ ბუნებაზე, მათ ურთიერთმიმართებაზე, თუ რომელი იყო მათგან პირველადი და რომელი მეორადი. აზრი გამოითქმებოდა, როგორც მითოსურ, ასევე რელიგიურ-თეოლოგიურ აზროვნებაში. კაცობრიობის პირველ წერილობით ტექსტში ( დღემდე შემორჩენილ) დროისა და სივრცის ფენომენი ურთიერთდამოუკიდებლად განიხილებოდა, სადაც დრო იყო პირველადი, შეუქმნელი და მარადიული. რიგვედას მონაკვეთში – “დასაბამი ნივთთა” ჩვენ ვკითხულობთ: “ მასშინა არ იყო რა: არცა ყოფნა, არც არყოფნა.

არ იყო სივრცე, არც სააქაო, არც საიქაო…

რით იფარვოდა ყოველივე ან რა იძვროდა?

ვინ ფლობდა წყალსა და უფსკრულთ სიღრმეს?

არ იყო მაშინ არც სიკვდილი და არც სიცოცხლე.

არ იყო მაშინ დღისა და ღამის სხვადასხვაობა.

მხოლოდ სუნთქავდა თავისთავად ერთი, ურხევი ქარ-ნიავთაგან;

არა რა იყო თვინიერ მისა.”  ( რიგ ვედა. X. 129 )

ამ ფრაგმენტში ნათლად ჩანს,რომ სივრცე და დრო სრულებით ურთიერთდამოუკიდებელია. დრო არსებობს სამყაროსა და სივრცის შექმნამდე. “მხოლოდ სუნთქავდა თავისთავად ერთი” – მიუთითებს დროის დინებაზე, რიტმზე, რომელიც სამყარომდე არსებობდა. ამ პოზიციას, თანამედროვე ენით, დროის აბსოლუტისტური თეორია ეწოდება.

მაგრამ უძველეს დროშივე, ისევ ინდოეთში შეიქმნა თვალსაზრისი, რომლის მიხედვით დროისა და სივრცის რაღაც სიღრმისეულ, შინაგან კავშირზე დაიწყეს საუბარი, რომ დრო უკავშირდება სივრცეს და ასევე რომ სივრცე არის პირველადი. ეს თვალსაზრისი პირველად უპანიშადების ტექსტში გაჟღერდა. ბრიჰადარანიაკა უპანიშადას III თავში გარგი ( ვაჩაკნავას ასული) ეკითხება იაჯნიავალკას: “ 3. რაზედაა, იაჯნიავალკა, სიგრძივ და განივ მოქსოვილი იგი, რაიცა ზესკნელშია, და რაიცა ქვესკნელშია და რაიცა ზესკნელსა და ქვესკნელს შუაა და რასაცა ეწოდება გარდასულიცა, აწინდელიცა, მოწევნადიცა.” “4.  გარგი, იგი, რაიცა ზესკნელშია, და რაიცა ქვესკნელშია, და რაიცა ზესკნელსა და ქვესკნელს შუაა, და რასაცა ეწოდება გარდასულიცა, აწინდელიცა, მოწევნადიცა – იგი სიგრძივ და განივ მოქსოვილია სივრცეზედ” ( უპანიშადები. “ხომლი” თბილისი 1995. ბრიჰადარანიაკა უპანიშადა. თავი III ბრაჰმანა მერვე. თარგმანი ლერი ალიმონაკისა). ესე იგი, კაცობრიობის ისტორიაში უპანიშადების ეს ფრაგმენტი პირველად გამოთქვამს აზრს რომ დრო ( თავისი სამივე მოდუსით – წარსულით, აწმყოთი და მომავლით) და სივრცე ერთიანობაშია და რომ დრო უკავშირდება და  “დაიყვანება” სივრცეზე, რომ დროის ბუნება “შექმნილია” – “მოქსოვილია” სივრცით. რაზე იყო აქ საუბარი? რატომ შედგება დრო სივრცის “მატერიისაგან”?  რაზედაც ან რისგანაცაა “მოქსოვილი”, ბუნებრივია ისაა მისი მატერია, საშენი მასალა. რა იგულისხმებოდა ამ მოქსოვის მეტაფორაში უპანიშადების ავტორებში?

სივრცის და დროის ერთიანობა, სივრცის პირველადობა და დროის სივრცეზე “დაყვანა” ასევე გამოსჭვივის პლოტინის ნააზრევში, როდესაც  “ენეადებში” იგი წერს: ” დრო წარმოადგენს სიცოცხლის მზგავს სიგრძით განზომილებას, ეს სიგრძე ხორციელდება უჩუმრად დამდგარ ცვლილებებში, რომლებიც მიედინებიან თანაბარზომიერად” ( плотиню еннеады III   кн. 7, гл 11. Т 1. греческая философия. СПБ. с. 469) სხვაგან კი ვკითხულობთ: “დრო არის სულის ცხოვრება, რომელიც იმყოფება გარდამავალ მოძრაობაში ერთი ცხოვრებისეული გამოვლენიდან, მეორისაკენ”  ( плотиню еннеады III   кн. 7,10 Лосев А.Ф. Античный космос и современная наука М. 1927 с. 306)  კარგად ვხედავთ რომ დრო აქაც სივრცით რაღაც განზომილებასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი “სიგრძე” ხომ სივრცის გარეშე არ არსებობს, ის სივრცის ერთერთი განზომილებაა. ასევე ამ ფრაგმენტებში აღსანიშნავია რომ დრო უკავშირდება რაღაც “გარდამავალ” მოძრაობას, სიგრძეში განხორციელებულ რაღაც დინებას, რომელიც აღიწერება სივრცობრივი ტერმინებით.

ნეტარმა ავგუსტინემ გააგრძელა საკაცობრიო ისტორიაში დროისა და სივრცის ამ იდუმალ კავშირზე საუბარი და დროის მოდუსებზე მსჯელობა სივრცითი კოორდინატების აღმნიშვნელ ტერმინებში წარმართა; “ ხომ ვერ მეტყვის ვინმე, რომ ეს დროები – წარსული და მომავალი, ისევე არსებობენ, მაგრამ ერთერთი მათგანი ( მომავალი), აწმყოში გადმოსული, აქ მოდის ჩვენთვის გაუგებარი სადღაციდან და მეორე ( წარსული), აწმყოდან თავის წარსულში გადასული, მიდის ჩვენთვის გაუგებარი სადღაცისკენ, მზგავსად ზღვის მოქცევისა და მიქცევისა? მართლაც, როგორ შეეძლოთ, მაგალითად, წინასწარმეტყველებს, ეწინასწარმეტყველათ მომავალი, დაენახათ ეს მომავალი, თუკი ის არ იარსებებდა? რადგანც რაც არ არსებობს, მისი დანახვაც შეუძლებელია.” ( Исповед. XI. 17 ). “ახლა ვხედავ, რომ დრო არის სინამდვილეში რაღაც განფენილობა… ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ წარსულიც და მომავალიც ასევე არსებობს, მართალია ჩვენთვის მიუწვდომელი სახით” ( Аналогия мировой философии М. Мыслы 1969. Т 1. с.587-588).  ყოველი დრო, მისი მონაკვეთი შეესაბამება რაღაც ადგილს, წარმოადგენს რაღაც ადგილს, რომელსაც ზოგს ვხედავთ და ზოგს ვერ ვხედავთ – მიდიან სადღაც, გამოდიან სადღაციდან. დრო ავგუსტინესთან აღიწერება სივრცითი განზომილებით და აღიარებულია რომ მას აქვს სივრცითი ბუნება. იგი სივრცეში გაშლილია, სივრცეზეა “მოქსოვილი” როგორც ამას უპანიშადების ავტორები ამბობდნენ. ე.ი. სივრცითი თვისებები აქვს. რაღაც იდუმალი სივრცეა, რასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ, ვერ ვხედავთ და ვერ განვიცდით და განსხვავდება ჩვენთვის ჩვეულად მიჩნეული სივრცისაგან, რომელიც ევკლიდეს სამგანზომილებიანი სივრცეა. საკმაოდ ძლიერი არგუმენტია ავგუსტინეს მხრიდან – როგორ შეიძლება პრინციპულად მომავლის დანახვა წინასწარმეტყველისათვის  თუ ის სივრცეში, ანუ სადღაც  არ იმყოფება უკვე? დგება კითხვა – რომელ ჩვენთვის უცნობ, უჩვეულო   სივრცეზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი?

XX საუკუნის დასაწყისში ორმა მეცნიერმა – ჯერ ანრი პუანკარემ და შემდგომ გერმანე მინკოვსკიმ ( იგი ალფრედ აინშტაინის მასწავლებელი იყო), ჩამოაყალიბეს ოთხგანზომილებიანი რეალობის, ოთხგანზომილებიანი სამყაროს თვალსაზრისი. მათ გააერთიანეს სივრცე და დრო და შექმნეს სივრცე-დროის ერთიანი კონტინიუმი. მინკოვსკის თვალსაზრისით სამყარო დროსა და სივრცეში გადაადგილებად ობიექტთა სამყარო კი არ არის, არამედ “სამყაროული ხაზების” შეჯგუფება, რომელიც ყოველ წამს 300 000 კილომეტრით იზრდება.  ამ “სამყაროული ხაზების” წამიერ განასერს ჩვენ აღვიქვამთ როგორც ობიექტებს, რადგანაც თვითონაც გადავაადგილდებით იგივე სიჩქარით. “სამყაროული ხაზები” არის რეალურად არსებული ობიექტები, რომელშიც “წარსული” არის გაყინული და აგრძელებს არსებობას, მაგრამ ჩვენ მას ვეღარ აღვიქვამთ რადგანაც ერთი წამის შემდეგ ჩვენ გადავაადგილდით უკვე 300 000 კილომეტრით დაშორებით. ამ ოთხგანზომილებიან სამყაროში დრო არის სივრცობრივი კოორდინატის თანაბარზომიერი. ამ თეორიის მიხედვით ერთადერთი რეალური მოვლენა არის “სამყაროული ხაზზე” გადაადგილებადი სუბიექტის აღქმაში ერთი და მეორის შემდგომი განცდები. “სამყაროული ხაზების” ზრდას ჩვენ აღვიქვამთ როგორც დროის დინებას. ეს ოთხგანზომილებიანი სამყარო არის ისეთი სადაც დროის კოორდინატი მუდმივად იცვლება და ეს მოძრაობა დაიწყო სამყაროს დასაბამიდან – დიდი აფეთქებიდან. დიდი აფეთქების შემდგომ სამყარომ დაიწყო გაფართოება არა ევკლიდეს სამი განზომილების მიმართულებით, არამედ მინკოვსკის ოთხი განზომილების მიმართულებით. ის დღესაც ფართოვდება, მაგრამ სამყაროული ხაზები რჩება. მაშასადამე მინკოვსკის სამყაროში დრო ნიშნავს სივრცობრივი კოორდინატის ბუნებრივ ზრდას მეოთხე განზომილებაში. ეს არის მოძრაობა, რაღაც უხილავ, სხვაგვარ სივრცეში და რომელში მოძრაობის შედეგსაც ჩვენ ვეძახით დროს. გამოდის რომ თუკი სამყაროს ოთხგანზომილებიან სივრცეში განვიხილავთ სამ განზომილებაში ჩვენი კოორდინატი ან მოძრაობს, ან გაჩერებულია, ხოლო მეოთხე განზომილებაში მუდმივად და თანაბარზომიერად მოძრაობს და ეს  ჩვენზე არანაირად არ არის დამოკიდებული. მინკოვსკის სამყაროში დროის განზომილების კოორდინატი იცვლება მუდმივად და იგი თავისი არსით სივრცით ცვლილება-გადაადგილებაა.

მეცნიერებმა პუანკარე-მინკოვსკის ეს თვალსაზრისი თავიდან აბსტრაქტულ სქემად ჩათვალეს, ხოლო შემდგომში მისი რეალურობა და “ფიზიკურობა” სავსებით აღიარებული გახდა. ამაზე საუბრობს ასტრო-ფიზიკოსო ნ.ა. კოზირევი – სტატიაში “მინკოვსკის ოთხგანხომილებიანი გეომეტრიის რეალურობის ასტრონომიული მტკიცებულება”. იგი წერს : “ეს მინკოვსკის ოთხგანზო-მილებიანი სამყარო შესაძლებელია წარმოადგენდეს რეალურ სამყაროს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ… ასეთი სამყაროს რეალურობის თვალსაზრისით, ყველაფერი, ის რაც შესაძლებელია მოხდეს, უკვე არსებობს მომავალში და აგრძელებს არსებობას წარსულში. დროის ღერძზე გადაადგილებულნი, ჩვენ მხოლოდ ვეჯახებით მოვლენებს ჩვენს აწმყოში… ამ სამყაროში მომავალი უკვე არსებობს, და ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მისი ახლავე დაკვირვება შეიძლება… ისევე როგორც წარსული.”(Kozyreu N.A.Astronomical proofs of reality of fourdimensional geometry by H.Minkowski. http://www.chronos.msu.ru/RREPOR TS)

ა.ა.საზანოვი სტატიაში “მინკოვსკის ოთხგანზომილებიანი სამყარო” წერს: “სამყარო შედგება უთვალავი მატერიალური ნაწილაკისაგან, რომელთა სამყაროული ხაზები ხან გადაიხლართებიან ერთმანეთში და წარმოქმნიან ამა თუ იმ საგანს, ხანაც დაიშლებიან იმისათვის, რომ ახალ კომბინაციებში შექმნან სამყაროს ახალი ობიექტები.” (А.А. Сазанов “Четырехмерный мир минковского” москва. наука. 1988)  შემდეგ აგრძელებს: “დროის ღერძის გასწვრის მატერიალური წერტილის “მოძრაობა” ძალზე გვაგონებს სივრცეში მოძრაობის ფიზიკურ პროცესს, იმით განსხვავებულს, რომ ის არასივრცობრივია, რომლის დროსაც სხეულის სივრცობრივი კოორდინატი არ იცვლება”. ასევე მკვლევარი ა.ნიკოლენკო სტატიაში – “დროის დინება: პირობითობა თუ ფიზიკური რეალობა?” – წერს: “დროის მოძრაობა ( სხეულების მოძრაობა დროის განზომილებაში) არ წარმოადგენს პირობით პროცესს… არამედ წარმოადგენს დამოუკიდებელ, ფუნდამენტურ, ფიზიკურ პროცესს, რომელიც რეალურად მიედინება სივრცე-დროს კონტინიუმში” ( А.Д. Николенко “Течение времени: условность или физическая реальность?” Жур: Физика сознания и жизни космология и астрофизика  №4 2005 გვ.52)

ა. საზანოვიც ადასტურებს: “ მრავალი მკვლევარი თვლის, რომ ოთხგანზომილებიანი სივრცე-დრო და სამყაროული ხაზები ობიექტურად არსებობენ.”

ანრი პუანკარესა და გერმანე მინკოვსკის მიერ დაფუძნებული სამყაროს ოთხგანზომილებიანი ხედვა თანამედროვე ასტროფიზიკის ისეთმა მნიშვნელოვანმა ფიგურებმა გაიზიარეს, როგორებიც დღეს არიან სტივენ ჰოკინგი და როჯერ პენროუზი. ისინი ერთობლივ წიგნში – “სივრცისა და დროის ბუნება”, რომელიც 1994 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციების ციკლს წარმოადგენს, წერენ: “დრო და ადგილი ურთიერთდაკავშირებულია… დრო “იქცევა” ისე, როგორც სხვა სივრცობრივი განზომილება” სხვა ადგილას ვკითხულობთ: “ იმისი გააზრება, რომ დრო “ისე იქცევა” როგორც ადგილი, წარმოადგენს ახალ ალტერნატივას”. ჰოკინგისა და პენროუზის კვლევით, სამყაროს საწყის ეტაპზე, დამტკიცებულია რომ ყველა ოთხივე განზომილება “იქცეოდა” ისე, როგორც სივრცობრივი განზომილება. ( Стивен Хокинг Роджер Пенроуз   Природа Пространства и Времени  http://www.scientic.ru ).

თანამედროვე ფილოსოფიაში პირველად სამუელ ალექსანდერმა დაიცვა ფუნდამენტურად პოანკარე-მინკოვსკის ეს თეორია, როდესაც ის წიგნში – “სივრცე, დრო და ღმერთი” – წერდა, რომ “არავითარი სივრცე არ არსებობს დროის გარეშე და Dდრო – სივრცის გარეშე” (Aლეხანდერ შამუელ. შპაცე, თიმე ანდ Dეიტყ. ვოლ. I. Lონდონ. 1927 გვ. 44). ალექსანდერი თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს მინკოვსკის აზრს სივრცისა და დროის უნივერსალური კავშირის შესახებ. იგი შემდეგ აგრძელებს – “ყოველი სივრცე არის ხანგრძლივობა და ყოველი ხანგრძლივობა არის სივრცე” ( გვ. 269), “დრო არის სივრცის სული, ხოლო სივრცე – დროის სხეული”

ნათქვამიდან გამომდინარე მივდივართ იმ აზრამდე, რომ უძველეს ტექსტებში – უპანიშადები, პლოტინი, ნეტარი ავგუსტინე – გამოთქმული იდუმალი, მეტაფორებში გახვეული და ყოვლადდაუჯერებელი აზრი, XX საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე მეცნიერების ერთერთი აქტუალურად განსახილველ და საინტერესო თეორიად ჩამოყალიბდა. დროის “სივრცობრივი” ბუნება, სივრცეზედ “მოქსოვილობა”, როგორც ამას “ბრიჰადარანიაკა” უპანიშადა გვამცნობს, თანამედროვე ასტროფიზიკაში კონკრეტულ რაციონალურ შინაარსს იძენს. დღეს ყველა მნიშვნელოვანი ფიზიკოსი საუბრობს ტემპორალური დროის არარსებობაზე და მის განფენილ ბუნებაზე. წარსული, აწმყო და მომავალი, როგორც სამყაროში “ადგილები”, მეოთხე განზომილების სივრცითი მონაკვეთები მუდმივ არსებულად მიიჩნევა, რომელსაც გადის ცნობიერება და ეს გასვლა აღიქმება დროის დინებად. სინამდვილეში დრო არ მიედინება, მისი დინება ილუზიაა, იგი სამყაროულ ხაზზე ცნობიერების მოძრაობის ეფექტია, სინამდვილეში მის მაგივრად გვაქვს მეოთხე განზომილებაში მუდმივი მოძრაობა, კოორდინატის მუდმივი გადაადგილება. გადაადგილდება მთლიანი საკოორდინატო სისტემა.

XX საუკუნის საინტერესო ფილოსოფოსი ჰ.ვეილი ყველაზე კარგად აღწერს ფილოსოფოსთაგან დროის ამდაგვარ ბუნებას წიგნში – ”სივრცე, დრო, მატერია” –  როდესაც იგი წერს: “რეალობის მოქმედების სცენა არის არა ევკლიდეს სივრცე, არამედ ოთხგანზომილებიანი სამყარო, რომელშიც განუყოფელადაა დაკავშირებული ერთმანეთთან სივრცე და დრო. ეს ოთხგანზომილებიანი კონტინიუმია, რომელიც არაა არც “დრო” და არც “სივრცე”. მხოლოდ ცნობიერება, რომელიც მოიხელთებს ნაწილს ამ სამყაროსი, განიცდის იმ ფრაგმენტს, რომელთანაც მას მოუწია შეხვედრა და შემდეგ ტოვებს მას საკუთარი თავის უკან, როგორც ისტორიას. ანუ როგორც პროცესს, რომელსაც დროში მიმდინარეობისას ადგილი აქვს სივრცეში.” (Weyl H. Raum, Zeit, Mature. Berlin. 1923 gv.218)

 

ლიტერატურა

1 უპანიშადები. “ხომლი” თბილისი 1995. ბრიჰადარანიაკა უპანიშადა. თავი III  ბრაჰმანა მერვე. თარგმანი ლერი ალიმონაკისა

2 Аналогия мировой философии М. Мыслы 1969. Т 1

3 А.А. Сазанов “Четырехмерный мир минковского” москва. наука. 1988

4 А.Д. Николенко “Течение времени: условность или физическая реальность?” Жур: Физика сознания и жизни космология и астрофизика  №4 2005

5 плотиню еннеады III   кн. 7,10 Лосев А.Ф. Античный космос и современная наука М. 1927

6 Стивен Хокинг Роджер Пенроуз   Природа Пространства и Времени  1994   1994   http://www.scientic.ru

7Alexander Samuel. Space, Time and Deity. vol. I. London. 1927

8Kozyreu N.A.Astronomical proofs of reality of fourdimensional geometry by H.Minkowski. http://www.chronos.msu.ru/RREPOR TS)

9 Weyl H. Raum, Zeit, Mature. Berlin. 1923

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s