კონსტანტინე ბრეგაძე _ მე ახლაც 27 წლისა ვარ, ანუ უკანასკნელი დენდისა და ორფეოსის, ბრაიან ჯონსის გახსენება


Image

ბრაიან ჯონსი (1942-1969), იგივე პრინცი ჯონსი, უკანასკნელი დენდი და ორფეოსი, სწორედ მან უნდა თქვას, რომ ახლაც 27 წლისაა. მასზე ამბობდნენ, რომ  რაც მიკ ჯაგერი სცენაზე იყო, ბრაიან ჯონსი ცხოვრებაში იყოო. იგი მართლაც განასახიერებდა  ნიცშეანური გაგების უმაღლეს ადამიანობას, ანუ იგი იყო ადამიანი „ბავშვი“, ანუ ადამიანი ხელოვანი, რომელიც თავად ცხოვრებას, საკუთარ სიცოცხლეს გადააქცევს ესთეტიზებისა და  ხელოვნების ობიექტად, რომელიც ხელოვნებით და ხელოვნებაში ცხოვრობს და საბოლოოდ ხელოვნებასვე ეწირება, რაც სწორედ დიონისური ტიპის ადმიანისა და დიონისური ტიპის ხელოვანისათვისაა ნიშნეული. მისი ცხვორება მართლაც იყო უსასრულო მუსიკა და პოეზია.

ბრაიან ჯონსი, ჯიმი ჰენდრიქსთან და ჯიმ მორისონთან ერთად, ამავდროულად უკანასკნელი წარმომადგენელია გენიოსის ტიპის ხელოვანისა, ე. წ. გენიოსურობის ესთეტიკისა (Genieästhetik), ხელოვანისა, რომელიც ბუნების მსგავსად სტიქიურად ქმნის და უსასრულოდ იმპროვიზირებს როგორც სახელოვნებო სივრცეში, ისე ცხოვრებაში. ბრაიან ჯონსს სულ რაღაც ნახევარ საათში შეეძლო აეთვისებინა ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი – სიმებიანი, სასულე, დასარტყამი თუ კლავიშებიანი: უკრავდა გიტარაზე (თავისთავად), სიტარაზე, ციმბალზე/ციტრაზე, მანდოლინაზე, ჰარმონიკაზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ჰობოიზე, ქსილოფონზე, მელოტრონზე, როიალზე, ორგანზე, კლავესინზე. ამიტომაცაა 1966-1968 წლების „სტოუნზების“ მუსიკა ასე მარავალფეროვანი მუსიკალური და ორკესტრირების თვალსაზრისით: რომ არა ბრაიანი,  „სტოუნზები“ „The Yardbirds”-ივით“ ორი გიტარის, ერთი ბასისა და დასარტყამის ამარა დარჩებოდნენ მთელი 60-იანი წლების განმავლობაში და მუსიკალურ ერთფეროვნებაში ამოხდებოდათ შემოქმედბითი სული (ეტყობა, ერიკ კლაპტონმა დროზე იგუმანა და 65-შივე დაშორდა „Yardbirds“-ს,  ხოლო ჯეფ ბეკის ტალანტმაც ვერ უშველა მათ, რომ არაფერი ვთქვათ გენიოს ჯიმი პეიჯზე).

ის, რაც „ბითლზებისათვის“ ჯორჯ მარტინი იყო, „როლინგებისათვის“ „როლინგებისვე“ დამაარსებელი ბრაიან ჯონსი იყო, რომელიც აღნიშნულ წლებში (66-68) თავად თანაავტორობდა, არანჟირებდა, თავად აორკესტრებდა და თავადვე ასრულებდა „როლინგების“ იმ პერიოდის ჰიტებს უამრავ ეგზოტიკურ, თუ კლასიკურ მუსიკალურ საკრავზე. ამიტომაც, „როლინგების“ 1966-68 წლების  ალბომებსა და სინგლებს სულ ტყუილად აწერია ავტორებად Jagger/Richard, არამედ თავისუფალდ შეიძლებოდა მანდვე ფიქსირებულიყო დიდი “სტოუნზური” სამეული Jagger/Richard/Jones. (მაგრამ, ალბომებზე სამის მაგივრად რომ ავტორად ორის გვარი ფიქსირდებოდა, ეს დიდი „სტოუნზური“ შიდა ომის ამბავია, სადაც ერთმანეთში გადაიხლართა ღალატი, ძალაუფლების ნება, „ქერა ბესტიალობა“  და,  რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ქალის ხელიც  ერია –  ცნობილი „ბედისწერა-ქალების“,  ე. წ. femme  fatal-ების ხელი  –  მერიენ ფეიტფულისა და ანიტა პალენბერგის. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და „ყვითელი“ ბიოგრაფებისათვის დამითმია.)

აი, ამ პერიოდის „როლინგების“ კომპოზიციების არასრული სია, სადაც ბრაიან ჯონსი წარმოგვიდგება უმთავრეს თანაშემოქმედად, გამაორკესტრებლად და შემსრულებლად: „Paint it Black“ [1966] (სიტარა), „Mothers Little Helper“ [1966] (სიტარა), “Lady Jane” [1966] (ციმბალი/ციტრა), „I’am Waiting” [1966] (ციმბალი/ციტრა), “Under My Tumb” [1966] (ქსილოფონი), “Out of Time” [1966] (ქსილოფონი), “Let’s Spend the Night Together” [1967] (როიალი და ორგანი), “Ruby Tuesday” [1967] (ფლეიტა/ჰობოი), “We love You” [1967] (მელოტრონი), “Dandelion” [1967] (ფლეიტა/საქსოფონი), “Yesterdays Paper’s” [1967] (ვიბრაფონი), „Beck Street Girl“ [1967] (ვიბრაფონი), „Something Happened to Me Yesterday“ [1967] (საქსოფონი), “Child of the Moon” [1968] (საყვირი), „No Expectations“ [1968] (სლაიდ-გიტარა), “Jigsaw Puzzle” [1968] (სლაიდ-გიტარა), “Street Fighting Man”  (სიტარა) და ა. შ. (აქ აღარ ჩამოვთვლი იმ უამრავ ბლუზურ და რიტმ-ენდ-ბლუზურ კომპოზციას (63-66 წ.წ.), სადაც ჯონსი ჰარმონიკასა  და სლაიდ-გიტარაზე ასრულებს თავის ვირტუოზულ ნომრებს. სხვათა შორის, ჯაგერს მან ასწავლა ჰარმონიკაზე დაკვრა).

ხოლო ამ ინსტრუმენტებს ჯონსი მხოლოდ სტუდიაში, მშვიდ და საქმიან ვითარებაში კი არ უტრიალებდა, არამედ კონცერტებზეც: შდრ., თუნდაც პარიზში 1967 წელს გამართული კონცერტი, სადაც კომპოზიციაში „Ruby Tuesday“ რა მისტიკურ-ორფიკულად ჟღერს მისი ფლეიტა, ხოლო „Going’ Home“-ში, რომელსაც იქვე „Satisfaction“-ი  ებმის,  მისი ჰარმონიკა სრულიად არაამქყვეყნიურ,  აპოკალიპსის საყვირთა მსგავს ხმებს გამოსცემს.

 

 

ბრაიან ჯონსის მიერ დაფუძნებული და განვითარებული ეს მუსიკალურ-ინსტრუმენტული მრავალმხრივობა და მრავალფეროვნება ქმნის სწორედ აი იმ  „სტოუნზურ“, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ ორიგინალურ მუსიკალურ შარმსა და მაგიას, რაც მათ მუსიკას იმთავითვე გამოარჩევდა იმ პერიოდში არსებული  როკ-ჯგუფების უზარმაზარი მასიდან. და ეს შარმი და მაგია დღემდე მოქმედებს – თუნდაც “Let’s Spend the Night Together” ან იგივე „Ruby Tuesday“.

ბრაიან ჯონსმა, როგორც ჭეშმარიტმა ესთეტმა და დენდიმ, როგორც ორფიკულმა ხელოვანმა, არტისტმა, ვერ გაუძლო მიკ ჯაგერთან კონკურენციას, კერძოდ, მიკ ჯაგერის „ბიურგერულ-ფილისტერულ“  კომერციალისტურ ვნებებს, ვინაიდან მიკ ჯაგერში მუდამ ცოცხლობდა ლონდონის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის ყოფილი სტუდენტის „ბურჟუა“ სული, რომელმაც „როლინგ სტოუნზი“ დღეს უდიდეს კონსორციუმად და „ტრეიდ მარკად“ აქცია. ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო, რომ ჯონსი მუსიკალურ და სახელოვნებო საკითხებში ჯაგერზე ღრმად ერკევოდა, რაც „ბურჟუა“ მაიკლ ფილიპ ჯაგერს მუდმივად აკომპლექსებდა და აცოფებდა.

ფაქტია, რომ 1967 წლის „როლინგების“ ცნობილი კრიზისი სწორედ მიკ ჯაგერის კისერზეა, რომელიც საერთო ფსიქოდელურ აჟიოტაჟსა და ტენდენციებს  აყვა ამ წელს, საყოველთაო სიყვარულისა და LSD-ს წელს, რამაც მთელი ჯგუფი კინაღამ გადაიყოლა: 1967-ში მიკ ჯაგერმა „როლინგ სტოუნზი“ ფსიქოდელურ როკ-პოპ-ჯგუფად გადააქცია და ბრაიანს უკიჟინებდა, შენ მუსიკის რა გესმის, ახლა ყველაფერი “ფსიქოდელურად ჟღერსო“. LSD-სა და სხვა „მაამებელ“ საშუალებებზე შემჯდარ ბრაიანს კი არც ნება ქონდა და არც ნერვები ჯაგერის ახირებასა და ძალაუფლების (ვ)ნებას შეწინააღმდეგებოდა და მიუშვა ბირჟის „ლომი“ ნებაზე. ხოლო მართალი ვინ აღმოჩნდა, აშკარად გამოავლინა იმავე წლის დეკემბერში გამოსულმა, ფაქტიურად, ჯაგერის პროექტმა „Their Satanic Majesties Request“, რომლის ჩაწერებზე ლამის ძალით დაყავდათ ბრაიანი და ყაზარმულ რეჟიმში ამყოფებდნენ ლონდონის DECCA-სა თუ Olympic-ის სტუდიებში, იმიტომ რომ იცოდნენ, ბრაიანის მულტიინსტრუმენტალიზმისა და დახვეწილი მუსიკალური ალღოსა და გრძნობის გარეშე ვერაფრს გახდებოდნენ (აბა „გაუთლელი“ კიტ რიჩარდის სამი როკ-ენ-როლური გიტარის აკორდის ამარა და შეზღუდული ინსტრუმენტალიზმით ფსიქოდელურ ამოცანებს ვერ გადაჭრიდნენ).

„როლინგების“ ეს მართლაც უსუსური ალბომი „Their Satanic Majesties Request“ (1967), ვითომდაც პოლიტიკური სატირა ისტებლიშმენტზე, საბოლოო ჯამში „ბითლზების“ და მათი უგენიალურესი „სერჟანტის“ უბადრუკი მიბაძვა  გამოდგა (თვით ალბომის კონვერტის გაფორმების დონეზეც კი). ალბათ, ამის შემდეგ შენიშნა ჯონ ლენონმა იქედნურად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმას „როლინგები“ 6 თვის მერე იმეორებენო. ხოლო მართალი ვინ აღმოჩნდა, ამის აღიარება ძალაუფლებისმოყვარე, ამბიციურ და  თავისთავზე შეყვარებულ ჯაგერს არ უნდოდა.

არ დაუჯერეს ბრაიანს და მთელი 1967 წელი ჩააფლავეს და „როლინგების“აღსასრულზეც კი დაიწყეს საუბარი. და ამაში იყო ლოგიკა, თუკი გავიხსენებთ 1967 წელს რა „დიდი აფეთქება“ იყო როკ-მუსიკაში: ერთმანეთზე უკეთესი ალბომები, (ბევრი მათგანი სადებიუტო იყო) გამოვიდა როკის ყველა მიმართულებით  –  ფსიქოდელია, ჰარდ-როკი, სპეის-როკი, პროგრესული როკი და მათი სახელი ლეგიონია: „ბითლზების“ „Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band“, „პინკ ფლოიდის“ „The Piper at the Gates of Dawn“, „დორზის“ „The Doors“, ჯიმი ჰენდრიქსის „Are You Experienced“, ერიკ კლაპტონის ჯგუფ “Cream”-ის „Disraeli Gears“ და ა. შ.

ხოლო „როლინგები“ მაჩანჩალები აღმოჩნდნენ – არ იყო მათი საქმე ფსიქოდელია და ეს ვერ შეაგნებინა ბრაიანმა ჯაგერს, კომერციულ მოგებაზე ორიენტირებულს. ამიტომ, 1968 წლის დასაწყისში სასწრაფოდ მიუბრუნდნენ ბლუზურ საწყისებს, რომელთაც სწორედ ბრაიან ჯონსი ჭედავდა თავისი ფანტასტიური სლაიდ-გიტარით (შდრ., “I’m a King Bee”, „Little Red Rooster“, “What a Shame”, “I Can’t Be Satisfied”, “I’m Mooving On”). და LSD-ს ბურუსიდან გამოსულმა დროებით ტვინგახსნილმა კიტ რიჩარდმაც როგორც იქნა  გაიხსენა თავისი დიდი „სტოუნზური რიფი“  (შდრ.“Satisfaction”) და მის საფუძველზე შექმნა კიდევ ერთი დიადი „სტოუნზური რიფი“ და სტოუნზური როკ-შედევრი „Jumpin’ Jack Flash”, რომელიც სათავეს უდებს „როლინგების“ ოქროს ოთხწლეულს   –  1968-1972  წლებს და ამ წლებში გამოშვებულ ტოპ-ალბომებს:  “Beggars Banquet” (1968), “Let It Bleed (1969),  “Sticky Fingers” (1971), “Exile on Main St.” (1972).

 

 

CODA

…და სწორედ „როლინგების“ წიაღში გათამაშდა ბურჟუასა და ხელოვანის დაპირისპირების მარადიული და ტრადიციული დრამა  –  „ბურჟუა“ მიკმა ესთეტი და გენიოსი ხელოვანი, პრინცი ჯონსი დაამარცხა და გააძევა ლონდონის ოლიმპოდან. თუმცა მუდამ ემახსოვრებათ „მაღალ ადამიანებს“ ამ ორმოცდახუთი წლის წინ „როლინგების“ დიონისური პერფორმანსი 1969 წლის 5 ივლისს ლონდონის „ჰაიდ პარკზე“ გამართული, სადაც კონცერტის წინ მიკმა 2 დღის წინ ტრაგიკულად დაღუპულ ბრაიან ჯონსს პერსი ბისი შელლის ლექსი „ადონისი“ მიუძღვნა და ამით გააცხადა დიადი ეპოქის დასასრული- გაცხადდა, რომ  გენიოსის ტიპის ხელოვანებისა და ორფიკული ხელოვნების დრო საბოლოოდ დასრულდა.

P.S. როგორც ამბობენ, ჯიმი ჰენდრიქსს უსიამოდ გასცრა სახსრებში ბრაიან ჯონსის დაღუპვის გამო და  იმ დღეს საკუთარი თავიც გამოიგლოვაო ბალადით „Angel“.

თბილისი, 28 თებერვალი, 2014.

ბრაიანი და ჯიმი მონტერეის პოპ-ფესტივალზე, ივნისი, 1967, სან-ფრანცისკო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s