ცირა ბარბაქაძე _ რა არის სემიოტიკა?


რა არის სემიოტიკა?
ავტორი: ცირა ბარბაქაძე
 წყარო: http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=403

აზრი ღრუბელია და წვიმა _ სიტყვები…
სემიოტიკური ესეი სემიოტიკაზე
კარგი იქნებოდა, სიტყვების გარეშე შეგვეძლოს ახსნა, გაგებინება, აზრის გადაცემა… ერთი მზერით ან ერთი ჟესტით… იმას კი არ ვამბობ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, უბრალოდ, ასეთი კომუნიკაცია სოციალურ გარემოში მიუღწეველია და ინდივიდთა პრიორიტეტად რჩება… თქვენი არ ვიცი და მე ხშირად მჭირდება, იმას, რასაც ვხსნი, სხვა საშუალებებითაც ავხსნა, დავაზუსტო, დავაკონკრეტო, მოვიშველიო ანალოგიები, ასოციაციები… ჩამოვიტანო და დავაზუსტო სქოლიოში… სქოლიოდან კიდევ სხვაგან გადავაგზავნო: იქ იხილეთ… აქ იხილეთ… და ასე შემდეგ… ამ ყველაფრის შემდეგ, ვერ გეტყვით, აზრი კიდევ უფრო ცხადი თუ კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. აზრთა ამ გაუვალობაში ზოგჯერ სჯობს დადუმდე, გაჩუმდე. სტრატეგია შეცვალო იმის მოსალოდნელი შიშით, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ კონტექსტში, შესაძლოა ადრესატმა სხვაგვარად გაიგოს ან საერთოდაც ვერაფერი გაიგოს…

როგორ გამარტივდებოდა ადამიანთა შორის, ხალხებს შორის, კულტურათა შორის დიალოგი, ადამიანებს რომ მარტივად ესმოდეთ ერთმანეთის… თუმცა, ვინ იცის… თუ ნამდვილად გავიგებდი, მეორე ადამიანს რა უნდა, იქნებ უფრო დიდი უფსკრული გაჩენილიყო ჩვენ შორის…

მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში და ჩვენს აზრებს სიტყვების ან სხვა ფორმების საშუალებით გამოვხატავთ… მივმართავთ ვიზუალურ საშუალებებსაც, ჟესტ-მიმიკასაც… ვანაწევრებთ აზრს ვიგოდსკის მეტაფორისა არ იყოს: თითქოს აზრი ღრუბელია და წვიმა _ სიტყვები…

და რაკი ჩვენ ვცხოვრობთ ფორმათა სამყაროში, ნებისმიერი ურთიერთობა ეფუძნება ნიშნებით აზრის გადაცემას და გაცვლას და ხშირ შემთხვევაში, ერთი აზრის განსხვავებული ფორმებით და შინაარსებით გამოხატვას. მთავარია, მივაგნოთ ფორმა, რომელშიც ჩვენი აზრი შედარებით სრულყოფილად იქნება გამოხატული და გამოთქმული, რადგან გამოხატვა ათავისუფლებს…

ერთი ფრანგი მწერალი, ფრანსის პონჟი, წერით თვითგამოხატვას წონასწორობას უწოდებს: როდესაც აზრის ვერბალიზაცია ხდება _ შინაგანი გამოდის გარეთ… „ჩვენ რომ მხოლოდ სხეული ვიყოთ, ადვილად მივაღწევდით ბუნებასთან წონასწორობას, მაგრამ ჩვენს მხარეზეა სული: მძიმე თუ მსუბუქი _ ვინ იცის? მას ამძიმებს: ხსოვნა, წარმოსახვა, განცდები… მაგრამ ჩვენ გვაქვს სიტყვები _ თითოეული წარმოთქმული სიტყვა გვამსუბუქებს… ხოლო წერას რაც შეეხება, საერთოდ სხვა მხარეს გადავყავართ…”
სამყაროში ყველაფერი ნიშანია…

ნიშანია ყველაფერი: ადამიანთა ენა თავისი ლექსიკით, მეტაფორებით და სიმბოლოებით… ცხოველთა და ფრინველთა ენა, ნიშანია მითები და რიტუალები… მათემატიკური ციფრები… სოციალური მოვლენები….
და სრულიად არასაიდუმლოდ გეტყვით, რომ ადამიანიც ნიშანია…

ამ და სხვა სისტემათა ნიშნებს სწავლობს სემიოტიკა…

სემიოტიკა სწავლობს ნიშანს სამ განზომილებაში:

სემანტიკა _ იკვლევს ნიშნის დამოკიდებულებას თავის ობიექტთან ანუ იმასთან, რასაც აღნიშნავს; მაგალითად, მე მქვია მარიამი, მაგრამ, ეს, თავისთავად, არაფერს ნიშნავს, სახელი პირობითია, დასადგენია ჩემი მნიშვნელობა, რომ ეს მნიშვნელობა იქცეს იმ სახელის მნიშვნელობად, რომელიც პირობითად მქვია… და თუ მე სხვადასხვა ადამიანი მომანიჭებს სხვადასხვა მნიშვნელობას, წარმოიდგინეთ, მნიშვნელობათა რამდენი სპექტრი უნდა გაერთიანდეს, რომ ადამიანი აღიწეროს…

სინტაქტიკას აინტერესებს ნიშნების ერთმანეთთან დამოკიდებულება… ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა ადამიანთან აქვს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება… ასე არიან სიტყვებიც ურთიერთმეზობლობაში…

პრაგმატიკა _ ნიშანსა და მის მომხმარებელს შორის დამოკიდებულებაა… მომხმარებელი (ადამიანი) ხშირად ნიშანს ანიჭებს სრულიად სხვა მნიშვნელობას, ვიდრე ეს მისი სალექსიკონო მნიშვნელობაა… ამიტომ ნიშნის სტატუსის დასადგენად გასათვალისწინებელია ეს ასპექტი.

სემიოტიკა არის მეცნიერებაც, კვლევის მეთოდიც, მსოფლხედვაც…

ფუკოს მიხედვით, ახალი პოსტმოდერნული ეპოქის აზროვნების ახალი სტილი.

ბარტის აზრით, პოსტმოდერნისტული პროექტის რეალიზაციის საშუალება…

უმბერტო ეკოს აზრით, ნიშნის არსი იხსნება შემოუსაზღვრავ სემიოზისში, რაც იმაში გამოიხატება, რომ მნიშვნელობა არასდროს არ ქმნის ჩაკეტილ სისტემას, რამდენადაც ნიშანთა სამყარო კომუნიკაციის პროცესში მუდმივ მოძრაობაშია…
ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ ვიცით თუ არა სემიოტიკის არსებობა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვართ ნიშანათა გარემოცვაში და ვოპერირებთ ნიშნებით… აქ და ახლაც… და ვცდილობთ რაღაც ავხსნათ და ისე ავხსნათ, რომ გავაგებინოთ მეორე ადამიანს ან შევიყვანოთ აზრების ისეთ ლაბირინთში, რომელშიც თავად დაიწყებს ფიქრს… მთავარია, რა გვაქვს მიზნად, როდესაც კომუნიკაციის პროცესში ვართ…

სემიოლოგები ლექსიკონებს „მნიშვნელობათა სასაფლაოს” უწოდებენ, სემიოტიკას ნაკლებად აინტერესებს სიტყვის მყარი, უზუსური მნიშვნელობები, იგი ორიენტირებულია კონოტაციურ მნიშვნელობებზე, ანუ იმ მნიშვნელობებზე, რომელსაც სიტყვა იძენს ტექსტში და რამდენადაც კონტექსტები ამოუწურავია, უსასრულოა სემიოზისის პროცესიც…

სემიოტიკა არის სამყაროს და ადამიანების განსაკუთრებული, მრავალგანზომილებიანი ხედვაც…

ტექსტიც მრავალგანზომილებიანია… სულ შრეებად უნდა დაშალო, რომ პირველაზრამდე მიხვიდე… განსაკუთრებით ეს ეხება მხატვრულ ტექსტებს. პოეტისთვის „თოვლი”, ან „ქარი” ან „წვიმა” მხოლოდ ბუნების მოვლენები არ არის, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლექსში ეს ლექსემები პირდაპირი მნიშვნელობითაა გამოყენებული… ერთდროულად ის ბევრ რამეს აღნიშნავს და მიანიშნებს… მაგალითად, ყველასათვის ცნობილ სტრიქონებში: „ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის, ფოთლები მიქრიან ქარდაქარ…” _ შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ „ქარი” არაფერ შუაშია…
როგორ გავაცოცხლოთ „მკვდარი ნიშნები”?
სემიოტიკის, როგორც მეცნიერების და როგორც კვლევის მეთოდის, გააქტიურება და გააქტუალურება თავისთავად უკვე იმის ნიშანია, რომ სამყარო გართულდა, ადამიანები გართულდნენ და ნიშნები დაშორდნენ იმას, რასაც ნამდვილად გამოხატავენ… ნიშნები დაშორდნენ არსს… ზოგ შემთხვევაში კი, ნიშნებმა მიატოვეს მნიშვნელობები და დაცარიელდნენ… მოხდა ნიშნის დესემანტიზაცია… წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც სხეული დატოვა… არა, ცოცხალი კი დარჩა, მაგრამ სული (შინაარსი, მნიშვნელობა) სადღაც დაკარგა… აი, ნიშნებსაც ეს დაემართათ… ქართულში არსებობს ასეთი ფრაზეოლოგიზმები: ცარიელი სიტყვა, ცარიელი ადამიანი, უაზრო ლაპარაკი (შესაბამისად, უაზრო ადამიანი)… უფრო ზუსტად რომ ავხსნა ნიშნების სიცარიელე, ფეისბუკს მოვიშველიებ… წარმოიდგინეთ, თქვენს კედელზე უეცრად ყვავილების თაიგული ჩნდება, რომელიღაც ფრენდმა მოგართვათ… თქვენც თავაზიანად მადლობას უხდით და „სმაილიკებს” უხატავთ და რა…? რომ მოგინდეთ, იმ ყვავილებს შემოიტანთ ოთახში და ლარნაკში ჩააწყობთ…? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ცოცხალი და მოსიარულე ადამიანი ისე მიემართება თავის არსს, როგორც ფეისბუკის ყვავილი არ არის ნამდვილი ყვავილი…

და როგორ შეიძლება ნიშნების „გაცოცხლება”, „მნიშვნელობებით ავსება…?” დაახლოებით ასე: რომ შეგეძლოთ ფეისბუკის პროფილიდან ყვავილების თაიგული რეალობაში (ოთახში) შემოიტანოთ და ლარნაკში ჩააწყოთ…
რატომაც არა… სემიოტიკური ხედვა ამ პერსპექტივასაც გთავაზობთ.

ეს როგორ განახორციელოთ, იფიქრეთ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s