თამარ ბერეკაშვილი _ იდენტობის პრობლემა თანამედროვე სამყაროში


Image

უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩანს, პასუხია გასაცემი შეკითხვაზე: არის თუ არა იდენტობა პრობლემ, ან თუ არის, რამდენად საყოველთაოა ის. იმთავითვე მინდა შევნიშნო, რომ თუ იდენტობა პრობლემაა, ის პრობლემაა იმ ცალკეული პიროვნებებისთვის, რომელთაც სურთ ჩამოაყალიბონ საკუთარი თვითობა. ასეთ ადამიანთა რაოდენობა უმნიშვნელოა და, როგორც წესი, მათი ეს თვითობა თითქმის არავის აინტერესებს, ან აინტერესებს მათი სიკვდილის შემდეგ, ისიც მაშინ, თუ მათ ამ თვითობის წარმოჩეენა და გამოხატვა მოახერხეს.

თუ ეს ასეა, რატომ წარმოადგენს იდენტობა ისეთ პრობლემას, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ავტორის გარდა სხვებისთვისაც. ეს ხდება იმიტომ, რომ ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პრობლემა განიხილება როგორც იდენტობის პრობლემა. თანამედროვე გლობალურ სამყაროში ბევრი ოდესღაც მყარი და თითქოსდა თავისთავად ცხადი მოცემულობა, როგორიცაა სოციალური მიკუთვნებულობა, ოჯახი, მორალური მოთხოვნები, სქესი და ზოგიერთი სხვა, სადავო და საგანგებოდ მოსაპოვებელი ხდება. ითვლება, რომ თანამედროვე ადამიანი თავისი თავის ამარა რჩება და თავად უნდა იზრუნოს თავის ცხოვრებაზე, მაგრამ იდენტობის პოვნა ყოველთვის ერთეულთა ხვედრი იყო. დღეს შესაძლოა ამ სიძნელეს ემატება იმის განცდა, რომ ერთი ადამიანი არაფერს ნიშნავს, რაც იდენტურობის ჩამოყალიბების სურვილს კიდევ უფრო აკნინებს. საკმარისია და უფრო სასურველიც კი, შექმნა საკუთარი მეს ერთგვარი გარეგნული ხატი, დაახლოებით ის, რასაც იუნგი უწოდებდა `პერსონას~. ასეთი `პერსონა~ ყველას აქვს, მაგრამ ბევრს აქვს მხოლოდ `პერსონა~.
საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება მოითხოვს ადამიანისგან ძალისხმევას, ამასთან ეს დიდწილად დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც ინდივიდი არსებობს. იდენტობის ჩამოყალიბება გარე სამყაროსთან გრძნობიერი ურთიერთობის ფორმირებასაც გულისხმობს და განსაზღვრული იდეებისა და იდეალების დადგენასაც.
ადამიანს მუდამ უხდება სოციალური, პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული კონტექსტის გათვალისწინება. ეს კონტექსტი უფრო ხშირად ძალისმიერად ეხვევა თავს ამ პირობებში მნიშვნელოვანია ადამიანს შეეძლოს განერიდოს დომინირებად კულტურას და მარგინალურ პოზიციაში ჩაიყენოს თავი, თუკი სურს თავის თავზე `რაიმე გაიგოს~.
ამგვარად, იდენტობა ისე, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია სრულებითაც არ წარმოადგენს საყოველთაო ინტერესის საგანს და მიზანს. Eეს გასაგებიცაა და შესაძლოა სამართლიანიც, ვინაიდან იდენტობისკენ სვლა წააგავს იმ ბრმების სვლას, რომლებიც გამოსახულია ბრეიგელის ცნობილ ტილოზე. Aიმ გზის ბოლოს, რომელსაც ისინი მიჰყვებიან, უფსკრულია და რაც უფრო შორსაა ბრეიგელის ნახატზე გამოსახული ადამიანი, მით უფრო უზრუნველი და მხიარულია ის.
იდენტურობის ჩამოყალიბება შეუძლებელია, თუ ადამიანმა არ დაუსვა თავის თავს ფილოსოფიური კითხვა – ვინ ვარ და რა ადგილი მიკავია ამ სამყაროში? და როგორც ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა საკვანძო პრობლემების გადაწყვეტის შესაძლო გზა, ასევე იდენტობის პოვნა, ჩამოყალიბება განსაზღვრული გზის გავლას გულისხმობს, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ძალუძს თქვას დეკარტის სირყვებით, `მე ვარსებობ~ და დაიწყოს სამყაროს გაგება და მასში მოქმედება. ეს ნიშნავს სამყაროს თავიდან აგებას. როდესაც ადამიანი თავს არ უყენებს ამ შეკითხვებს, მისი სამყაროს ქმნადობისთვის აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა და ის სამყარო, რომელმაც მან თავად უნდა შეავსოს შინაარსით, მოახდინოს მისი კონსტრუირება, რაც ფორმის მიცემასა და საზღვრების მოცემას ნიშნავს, ცარიელი და ყალბია, ის სხვისია და მასში ადამიანის ადგილი სხვაზეა დამოკიდებული, ის ეძებს უფროსს, მარჩენალს, ღმერთს.
ზოგჯერ იდენტობის საკითხს აკავშირებენ ცნობის, აღიარების პროცესთან, ანუ საკმარისი არ არის მე ჩემთვის გავიაზრო ჩემი არსებობა, ღირებულებები, რომლებიც მომინიშნავენ გზას, პრინციპები და მიზნები, საკმარისი არ არის ავაგო ჩემი სამყარო, რომელშიც ნიშნებს და სიმბოლოებს ჩემი საკუთარი ახსნა ექნება, ჩამოვიყალიბო საკუთარი სახე, აუცილებელია ის აღიარონ სხვებმაც; ეს ხატი შესაბამისობაში უნდა იყოს გარემოსთან, სხვა ადამიანებთან, ის არ უნდა არღვევდეს თანაარსებობის პირობებს და მისაღები უნდა იყოს უმრავლესობისთვის თუ არა, ბევრისთვის მაინც. ცნობა ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა უფრო საინტერესო უმრავლესობისთვის, მაგრამ ჩვენ თვითიდენტობის პრობლემით შემოვიფარგლებით.
სინამდვილეში იდენტობის ჩამოყალიბებისას ყოველთვის ხდება `სხვისი~ გადალახვა, მეტიც, იმისთვის, რომ ჩემი მე შეიქმნას თავისი სახელით და შინაარსით, რომელიც შესძლებს ყოველდღიურ ქმნადობას, საჭიროა მე საერთოდ უსახელომ, მარგინალმა დავიწყო ფიქრი და სამყაროს გამოცანების, სიმბოლოების ამოხსნა. მარტოოდენ ამ შრომატევად და მძიმე პროცესში იბადება უნიკალური მე, ვითარდება და ყალიბდება ჩემი თვითობა, მე ვხდები სამყაროს, საზოგადოების თანასწორი წევრი, და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ვქმნი ამ სამყაროს, საზოგადოებას. ეს თავისუფლების აქტია. ყველა, ვისაც შესწევს ძალა შეკითხვები დაუსვას თავის თავს და თავად უპასუხოს მათ, თავისუფალია და ნამდვილი ცოდნის გზაზეა, რადგანაც იცის, რომ არ იცის.
და მაინც რჩება შეკითხვა, რამდენად აუცილებელია იდენტობის ჩამოყალიბება და რატომ ცდილობენ ზოგიერთნი ამას.
ადამიანი მომაკვდავია, სასრული არსებაა, რომელიც მიისწრაფვის თავისი წუთისოფლის გასახანგრძლივებლად და გასამარადისებლადაც. ამისთვის ის სხვადასხვა გზას ირჩევს. ერთნი ცდილობენ ცნობილნი გახდნენ, თავისი სახელის მრავალგზის გაჟრერებით გაზარდონ თავისი მნიშვნელობა და ილუზია შეუქმნან როგორც საზოგადოებას, ისე თავის თავს, რომ არ არიან ჩვეულებრივნი, რიგითი მომაკვდავნი და შესაძლოა, მეტის ღირსნი არიან; სხვები რაღაც საქმეებში ითქვიფებიან, ცდილობენ მოიცვან რაც შეიძლება მეტი სფერო, თავისი სასიცოცხლო გზა გადააქციონ მრავალ წვრილ-წვრილ ბილიკად და ამით თითქოსდა გამრავლდნენ.
საინტერესოა ამის თაობაზე ჯოან როულინგის მიერ HHწარმოდგენილი ისტორია ტომ რედლის – ვოლანდ დე მორტის შესახებ, რომელიც მის წიგნში ჰარი პოტერზე ძირითადი ბოროტი პერსონაჟია. თომ რედლმა თავის უკვდავსაყოფად თავისი სიცოცხლე რამდენიმე ნაწილად დაყო და ჩადო სხვადასხვა საგნებსა, თუ არსებებში, რომლებიც ძნელად მოსაპოვებელი და გასანადგურებელი იყო. თავისი არსების გამარადისების მცდელობისას ტომ რედლი გადაიქცა სიბოროტის განსახიერებად, ის ცდილობდა სამარადისო გაეხადა ის, რაც სინამდვილეში უკვე აღარც ჰქონდა – ნამდვილი სიცოცხლე; საზარელ ლანდად ქცეული ის მოკლებული იყო ყველაფერს, რის გამოც ასე გვეძვირფასება სიცოცხლე: სიყვარული, მეგობრობა, სიხარული, აღტაცება, . . .
ამ რომანში ბევრია ლაპარაკი სულის მთლიანობაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების სისავსე, მისი ზიარება ამაღლებულთან, რაც მარტოოდენ ძლიერი იდენტობის ადამიანს ახასიათებს, რომელიც არ ხარჯავს თავის სულიერ ენერგიეს ყალბი და ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად. ის, რაც სულს, პიროვნებას არ ამდიდრებს, რაც არ ემსახურება მისი თვითობის სრულყოფას, ის დამაკნინებელია და დამღუპველი პირველ რიგში თავად ადამიანისთვის.
სინამდვილეში იდენტობა მუდმივი ქმნადობაა, ეს არის მუდმივი სვლა საკუთარ გზაზე და თითოეული ნაბიჯი ადამიანის თვითშეცნობისკენაა მიმართული. ვინ ვარ განისაზღვრება არა ჩემი ნიჭითა და უნარით, არამედ ჩემი არჩევანით.
არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა ფილოსოფიაში და ხშირად თავისუფლებასაც არჩევანის არსებობას უკავშირებენ, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. როგორც წერს მ. მამარდაშვილი: `არჩევანის პრობლემას არავითარი კავშირი არა აქვს თავისუფლების პრობლემასთან. თავისუფლება ეს ფენომენია, რომელიც არის იქ, სადაც არავითარი არჩევანი არ არსებობს. თავისუფლება ისეთი რამ არის, რაც თავის თავში შეიცავს აუცილებლობას . . . თავისუფლებაა ის, რაც თავისი თავის აუცილებლობაა.
იდენტობის მაძიებელი პიროვნება თავისუფალია თავის ქმედებებში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის ირჩევს მისთვის ბოძებული გზებიდან ერთ-ერთს; ასეთი პიროვნება თავად პოულობს თავის გზას, შეიძლება ითქვას თვითონ აშენებს მას. `ნიკომაქეს ეთიკაში~ არისტოტელე მკაცრად გამიჯნავს არჩევანს (პროჰაირესის) და მის ნათესაურ ცნებებს: სურვილს, მონდომებას, გრძნობას და ნებელობით გადაწყვეტილებას. ის ასკვნის, რომ არჩევანი ეს ერთგვარი გააზრებული ანუ განზრახული სურვილია~ მიმართული იმაზე, რაც ჩვენ გვძალუძს. არისტოტელეს შეხედულებით, არჩევანი ადამიანისთვის საუკეთესო გამოცდაა, უკეთესი, ვიდრე ქმედებები.
რასაკვირველია არჩევანზე არ შეიძლება მსჯელობა ზედაპირულად. ერთი და იგივე არჩევანი შეიძლება იყოს ნაკარნახევი სხვადასხვა მოტივით, რაც კარგად აქვს ნაჩვენები კანტს, როდესაც ახასიათებს ორი გამყიდველის პატიოსან სამსახურს, მაგრამ ერთ შემთხვევაში პატიოსნება განპირობებულია დასჯის შიშით, მეორე შემთხვევაში კი, ადამიანური კეთილშობილებით. ამდენად არჩევანზე საუბრისას უეჭველად იგულისხმება მოტივი-არჩევანი.
იდენტობის და თვითიდენტობის აქ მოყვანილი განხილვა სრულებით არ ასაბუთებს მათ აუცილებლობას ადამიანისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანები ატომიზირებულები არიან და წარმატებისა და კეთილდღეობის მოპოვებაში მათ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, სულ სხვა თვისებები ეხმარება. თვითიდენტობის ქონა, თვითობა სრულებით არ წარმოადგენს აუცილებლობას, მეტიც, შესაძლოა ხელისშემშლელიც გახდეს ადამიანის ხმაურიანი და წარმატებული კარიერისთვის.
Iდენტობის აუცილებლობის დასაბუთებისას დგება საკითხი ცივილიზაციის თაობაზე. შეუძლებელია არსებობდეს მაღალი და მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი კულტურა, შეუძლებელია საზოგადოება იყოს ცივილური, თუ მისი ღირებულებების, იდეების, იდეალების მატარებლები არ არსებობენ. ასეთი მატარებლები კი იდენტობის მქონე პიროვნებები არიან.
Kკვლავ გავიხსენოთ დეკარტი, რომელიც წერდა იმაზე, თუ რამდენად ძნელია აზროვნება და ამ აზროვნების შენარჩუნება, რამდენადაც აზროვნება მოძრაობაა და ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ ერთი აზრიდან გამოვა მეორე. ყველა მომენტში არსებული მე უნდა აღემატებოდეს თავის წინამდებარე მეს, რათა შემდეგ მომენტში შეინარჩუნოს თავი. აზროვნება კი, ეს ხომ სწორედ უკვე ნახსენები მოტივი-არჩევანია, რასაც უზრუნველყოფენ ცივილიზაცია და კულტურა. ცივილიზაციის და კულტურის დეგრადირება, ნგრევა ანგრევს მოაზროვნე, იდენტობის მქონე ადამიანსაც; მეორე მხრივ, ასეთი ადამიანების ნაკლებობა ან მითუმეტეს არარსებობა უკვე ნიშნავს, რომ ცივილიზაცია მკვდარია. ცივილიზაცია უზრუნველყოფს ადამიანისთვის გააზრებული მიზნების განხორციელებას კანონიერი გზით; არ შეიძლება უკანონობით და მრუდე ხერხებით დაფიქსირდეს ისეთი კვანძები ცივილიზაციაში, რომლებიც მის პროგრესს უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში მკვიდრდება სიყალბე, სიცრუე, რომელშიც ირღვევა ინდივიდთა თანასწორობა. ასეთი ვითარებებია აღწერილი მაგალითად, კაფკასთან, მუზილთან, ფილკნერთან და სხვა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზნეობრივი დამახინჯებების გამოვლენის და გამოხატვის საშუალება უკვე პირველი ნაბიჯია ცოცხალ, ქმნად ვითარებაში დასაბრუნებლად. იქ, სადაც ასეთი საშუალებები არ არსებობს, სიყალბე და სიმრუდე, სახეცვლილი ზოგად სიმბოლოებში სულ უფრო და უფრო ღრმავდება და კიბოს დაავადებასავით მთელ სიღრმისეულ სივრცეს იკავებს. პიროვნებას გამოსვლაც კი არ შეუძლია ამ გადაყირავებული მენტალური მდგომარეობიდან და ამ ყალბ მიმართებებს როგორც ცნობიერს, ისე გრძნობიერს შეიძლება მთელი სიცოცხლე ინარჩუნებდეს, ამასთან იმ შემთხვევაშიც, როდესაც სტოვებს ასეთ საზოგადოებას.
მოკლედ მოხაზული იდენტობის პრობლემა და მისი კავშირი ცივილიზებულ სამართალთან, ცივილიზებული არსებობის ფორმებთან ნათლად მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისა და საზოგადოებისთვის საკუთარი კულტურის საზღვრებში გააზრებული და სამართლიანი, ყველასთვის თანასწორი წესებით არსებობა. მაგრამ ასეთი წესების დადგენა და ჩამოყალიბება მხოლოდ თავისუფალი არჩევანის შემთხვევაშია შესაძლებელი და ამ არჩევანს თავისი იდენტობის მაძიებელი ადამიანები უნდა აკეთებდნენ. ყველა საზოგადოება ვერ დაიკვეხნის ასეთი ადამიანების სიმრავლით, მითუმეტეს ხანგრძლივი ავტორიტარული, და ამასთან ყალბი იდეოლოგიის და დემაგოგიის მქონე რეჟიმის მქონე. ალბათ ერთადერთი საშუალება ამ ვითარებიდან გამოსვლის მდგომარეობს ბოლო საუკუნეების ყველა სიმბოლოს და ცრურწმენის, ყველა სლოგანისა და შეთხზული ლეგენდის უარყოფაში, ვიღაცის მიერ მოგონილი სახელის დავიწყებაში და უცნობი, უცხო მეს წინაშე შეკითხვის დასმაში: ვინ ვარ? რას ნიშნავს მე? რას ნიშნავს ვარ?
ლიტერატურა

1. Поль Рикер. Путь к признанию М. РОССПЭН. 2010.
2. Иммануил Кант. Собрание сочинений в 8 томах. — Издательство: ЧОРО, 1994 г. —IშBN
3. Аристотель. Никомахова этика, Изд. «ЭКСМО-ПРЕСС», Москва 1997.
4. Мамардашвили М.К. ‘Как я понимаю философию’ – Москва: Прогресс, 1990.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s