ცირა ბარბაქაძე _ კონცეპტი ”ოცნება” (სემიოტიკური ანალიზი)


კონცეპტი ”ოცნება” _ სემიოტიკური ანალიზი

 

ოცნება – ლექსიკონებში

1157964775_pearlცნობილია, რომ კონკრეტული სახელის წარმოთქმისას ადამიანებს ამ საგნის სრულიად განსხვავებული ფორმები უჩნდებათ ცნობიერებაში, აბსტრაქტულ სახელებთან მიმართებით კი სურათი სრულიად სიურეალისტურია, მით უფრო, თუ ეს სიტყვა, ამავე დროს, კონცეპტიცაა. ასეთ შემთხვევაში, რთულდება სიტყვა-კონცეპტის ერთი ძირითადი მნიშვნელობის დადგენა და მას იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენი ადამიანიც წარმოთქვამს მას. კონცეპტის აზრის გასაგებად საჭირო ხდება ამ ენაზე მოლაპარაკეთა კოლექტიური ცნობიერების ანალიზი _ ანუ როგორი და როგორი მნიშვნელობით იყენებენ ამ სიტყვას, როგორი ასოციაციებია დაკავშირებული ამ სიტყვით გამოხატულ ცნებასთან, როგორი იყო მისი არქეტიპული მნიშვნელობა, როგორ გამოიხატება მყარ სიტყვათშეხამებებსა და ფრაზეოლოგიზმებში, აგრეთვე _ ლიტერტურას და სასაუბრო მეტყველებაში.

კონცეპტი წარმოადგენს აზრის ვერბალურ გამოვლინებას, აზრი კი იქმნება ნიშნებით, ჩვენ შეგვიძლია აზრს ჩავწვდეთ მხოლოდ სიტყვების მეშვეობით. კონცეპტი მიეკუთვნება ნაციონალურ ენობრივ ცნობიერებას, იგი ენისა და აზრის ერთიანობაა, რომელიც ასახავს იდეალური ან რეალური სამყაროს საგანს (მოვლენას) და ინახავს ენის ნაციონალურ მეხსიერებაში ვერბალური აღმნიშვნელის სახით.

კონცეპტი _ აბსტრაქტულობის მაღალი ხარისხის სემანტიკური წარმონაქმნია. ჩვენ განვიხილვთ სწორედ ერთ ასეთ კონცეპტს: ოცნება. ამ სიტყვის წარმოთქმას ყოველთვის განსხვავებული წარმოდგენები, აღქმები და ასოციაციები ახლავს ერთი მოლაპარაკის შემთხვევაშიც კი, ამიტომ ამ სიტყვით გამოხატული მნიშვნელობათა ნიუანსები ყოველთვის მრავალფეროვანი და ბუნდოვანია.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ”ოცნება” განიმარტება: 1. იმის წარმოდგენა, რის განხორციელებაც სასურველია;  სასიამოვნო, სანატრელ რამეზე ფიქრი. ”ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო”(ვაჟა)…. 2. გადატ. თვით ის, რაზედაც ან ვიზედაც ოცნებობენ, ოცნების საგანი. ”კატოა ჩემი ოცნება…” (ვაჟა), ”ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი და მომხიბლავი მძლავრი ოცნება”  (აკაკი).

საინტერესოდ განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი ”ოცნებას”: ხოლო ოცნებითი არს ძალი უსიტყველისა სულისა მოქმედება გრძნობათა მიერ, რომელი სახელ-იდების გრძნობად, რამეთუ რომელი არა ჭეშმარიტ  და არსებით იყოს, ცხად არს ვითარ საგონებლობით და ოცნებით იქმნების, ვითარმედ არა რა სადმე ჰპოვო.

სულხან-საბას მიხედვით, ოცნება არის სულის მოქმედება გრძნობათა მიერ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს; ეს უბრალოდ, სულის მდგომარეობაა, ნეტარი მდგომარეობა, მაგრამ მეოცნებე ადამიანის ტრაგედია მაშინ იწყება, როდესაც ამ ორ სამყაროს ურევს ერთამანეთში და რეალობას ეჯახება. ამ განმარტების მიხედვით, ოცნება და რეალობა ერთი მთელის ნაწილებია და ისეთივე ანტონიმები, როგორებიც: დღე და ღამე, ცა და მიწა, სიზმარი და ცხადი… რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებენ, მაგრამ განსხვავებული მხარეებია. გალაკტიონ ტაბიძე ლექსში ”ოცნება და სინამდვილე” ოცნებას უწოდებს ”მწარე გათიშვას ფიქრთა და სინამდვილეს შორის”.

ფრზეოლოგიზმებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

ოცნებას კაცი არ მოუკლავს _ რამდენიც გინდა იოცნებე, მაინც არ ახდება

ფუჭი ოცნება _ რეალურ საფუძველს მოკლებული, განუხორციელებელი ოცნება

ოცნებას მიეცა _ ოცნება დაიწყო

ოცნებიდნ გამოიყვანა _ ოცნება შეაწყვეტინა

ოცნების კოშკებს აგებს _ გატაცებით ოცნებობს ძნელად განსახორციელებელ რამეზე

ოცნების მორევში გადაეშვა _ თავდავიწყებით ოცნებობს

ოცნების ზღვაში შეცურა _ თავდავიწყებამ წაიღო

სინტაგმები: ამაო ოცნება, ტკბილი ოცნება, მწარე ოცნება, ტკბილ-მწარე ოცნება, ასრულებული ოცნება, აუსრულებელი ოცნება, ოცნების გზა, ოცნების ბილიკები…

”იმ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასოდეს ახდება” _ ქართული სადრეგრძელოებიდან.

ენაში არსებული უზუსური მნიშვნელობები კონცეპტის ძირითადი საყრდენია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ”ქართული ოცნების” აზრს, უნდა განვიხილოთ ის კონტექსტები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელობები, რომელშიც ეს სიტყვა გვხდება ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში.

 

ოცნება _ ტექსტებში

ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია ”ღარიბი დ ქილა ერბო”, რომელიც კარგად გამოხატავს ქართველის მიმართებს ოცნებასთან. ამ ტექსტის მიხედვით ქართველი კაცი არის იოლად გამდიდრებისკენ მიდრეკილი მეოცნებე, რომელიც ისე გაერთობა ოცნებაში, რომ ყველაფერი ავიწყდება:

”_ ჩავალ ქალაქში, ერბოს მანეთად გავყიდი, იმ ფულით თორმეტ ვარიკას ვიყიდი, დავზრდი, დავასუქებ, მერე ჩავიყვან ქალაქს და თითოს ათ-ათ შაურად გავყიდი, ნაშოვნი ფულით გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ და ორ-ორ მანეთად გავყიდი, შემდეგ სახარე ხბორებს ვიყიდი, ხარებად გავზრდი, გავმართავ ურემს, გუთანს, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდები… ამ ფიქრებში რომ იყო,  ვითომც ურემს შეშა კიდეც დაუდო და ქალაქს გასაყიდად მიაქვს. _ აქ ხომ ხარი ძნელად გაივლის, ხმა უნდა მივცეო და შესძახა: _ ჰამოო! – თან ჯოხი მოუქნია. ერბოიანი ქოთანი ძირს დავარდა და გატყდა, ერბოც სულ დაიღვარა. დარჩა მეოცნებე გლეხი ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო”.

ეს ტექსტი არ შეიქმნებოდა, რომ არა ქართველის თვისება: თავდავიწყებულ ოცნებას მიეცეს და დაკარგოს რეალობასთან კავშირი. ტექსტი სარკეა და როგორც ილია იტყოდა, მასში უნდა ჩაიხედო და დაინახო შენი ავი და არა იმიტომ, რომ იგივე გაიმეორო, არამედ იმისათვის, რომ იცოდე, რა გაქვს შესაცვლელი.

ილია ჭავჭავაძემ ”ბაზალეთის ტბით” ახალი მითი და საოცნებო მისცა ქართველებს:

”იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღე და ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი?”

იქნებ ამიტომ ქართველები გამუდმებით ”მხსნელის” მოლოდინში არიან და ამ ”გმირს” სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს არქმევენ…. ”მხსნელი” კი თითქმის არასდროს არ ამართლებს, რადგან ქართველის მეოცნებე ბუნება ”ღარიბი და ქილა ერბოს” შინაარსით ”იკვებება”…

ილია ჭავჭავაძე კი ისევ იტყვის: ”აწმყო თუ არა გწყალობს, მომავლი შენია!” _ ესეც ცრუ დაპირებასავითაა, თავი რომ გადაირჩინოს ერმა, თორემ ჯერ არ არსებულა აწმყოშემომწყრალთათვის ბედნიერი მომავალი.

კარგია თუ ცუდია ოცნება… უნდა ვიოცნებოთ თუ უნდა დავეხსნათ  ოცნებებს…? ოცნება ჩვენი ცნობიერების თვისებაა და შეუძლებელია, მას დაეხსნა, ისევე, როგორც შეუძლებელია, რომ მხოლოდ ოცნებით იცხოვრო. კონცეპტისათვის ამბივალენტურობა ნიშანია, შესაბამისად, ოცნება სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც.

ამ აზრს კარგად გამოხატავს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ორი ფრაგმენტი. ერთ შემთხვევაში, პოეტი ოცნებას კვამლს ადარებს და ნეგატიურად განიხილავს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ პოზიტიურდ.

ერთ-ერთ ესეიში ვაჟა წერს: ”მე კი ღმერთმა დამიხსნას და ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით, თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს… ფიქრიანი და მოსზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, – უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება, ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე _ საქმეს აცდენს…”

ვაჟას  ამ ლექსში  კი ვკითხულობათ:

ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო!
შენგან შობილი ოცნება
გულს შანთად გავიყარეო.
არ მიმეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.
ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,

ბევრი დღე ვნახე მწარეო.
არ დაიმალვის, როგორც მზე,
რაც მე ცრემლები ვღვარეო.
ის მოიგონე, მაინცა,
ბეჩავო არე-მარეო!
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,
ვიცი, სამშობლოს მთვარეო;
არ მიღალატო, ოცნებავ,
მნახოდი მალე-მალეო.
კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,
იარო გარე-გარეო.
თუ ამას იზამ, წინა დღით
საფლავი გამითხარეო.
მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.
ოცნებავ, დაგიბარეო:
შენ მნახე, შენა, მარტო შენ,
გულს მიწა მომაყარეო.

საგულისხმოა, რომ ვაჟა-ფშაველა ერთ შემთხვევაში პრაგმატულად მსჯელობს, პოეზიაში კი ოცნების ფუნქცია სულ სხვაა, ოცნება მეტაფორულად განიცდება, გასულიერებულია და მას ისე მიმართავს პოეტი, როგორც სულიერს, წმინდანს. ოცნება აქ სანუკვარი სამშობლოა.

გიორგი ლეონიძის ”ნატვრის ხის” პერსონაჟი, ელიოზი, ეწირება ოცნებას:

”საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა.”

საინტერესო დამოკიდებულებას ავლენს აკაკი წერეთელი ლექსში ”ჭაღარა” ოცნებასთან.

პოეტი ოცნებას აკავშირებს იმედთან (ცის ნიჭთან), ხოლო ეჭვთან ასოცირდება ოცნების მოკვლა, უიმედობა. ამ ჭიდილში ფინალში აკაკი ამბობს: ”არა, აყვავდეს იმედი…”

”…………………………………………

მაგრამიმედი, ცისნიჭი,
რომგამიელვებსგლახგულსა,
თავიტარიელმგონია,
ოცნებითგარემოცულსა.

მაგრამვაიმე, რომეჭვი
მოუგზავნიაჯოჯოხეთს:
მაცდურსარკეშიმახედებს,
ოცნებასმიკლავსგულსმიხეთქს!..

ამბობს: “ფრიდონდაავთანდილ
ჯერვერგადიხდისომსაო!…
დაშენცტარიელსმოჰგავხარ
ისე, ვითკატალომსაო”.

მართალიარის, მაგრამრა?
რისთვისდავკარგოიმედი?
გმირსწინაუძღვისყოველთვის
უძლურიწინამორბედი!..

არა! აყვავდესიმედი!…
გულსვერგამიტეხსჭაღარა!..
გმირებსუძახისუყივის
ჩემიდაფიდანაღარა!..

 

 

ოცნება გალაკტიონთან

”რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი, როგორც ედემი…”

ეს სტრიქონები გალაკტიონის ოცნების ერთგვარი ჰიმნია: მისთვის მიუწვდომელი და შორეულია მხოლოდ საოცნებო. ასე ქმნის იგი მერის ხატებასაც. ოცნების მორევში გადაშვებული პოეტი ქაოსების მხატვარია… და რომც ახდეს მისი ოცნება, მატერიალიზდება ქაოსებში.

როგორია გალაკტიონის ოცნების ანატომია?

ოცნება მცენარეა, ამიტომაც მას შეუძლია ”შრიალი”, რომელიც, თავის მხრივ, ედარება გაფრენილი არწივის ფრთებს:

”რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?”

”ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა…”

ოცნება ცეცხლია:

”სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც ოცნებით იწვოდა”;

”მათი მხურვალე ოცნებებით მსურს ვიამაყო”;

”რომ ოცნებებით ცეცხლი გალესო, სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო”.

ოცნება ხომალდია:

”სად ოდესმე მეოცნებე აფრებით…”;

”ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება და ხომალდი ნაპრალებთან ჩერდება”.

”და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები”.

ოცნების ატრიბუტებია: ძველი ახალი, შორი, მხურვალე, გულგაპობილი, გაყინული, მოკლული, სნეული, ჭრელი, ტკბილი, მაწრე, გიჟი, ჩუმი…

”ეს ოცნება არის ჭრელი ფიქრი ბნელი ღამისა…”;

”ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?”;

”დგას გაყინული ოცნებათ კრება”;

”გაქრა გიჟი ოცნება”;

”ღირდა თუ რა სხვა სიცოცხლეზე ოცნება ჩუმი და ფერმიხდილი”;

”სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი”;

”ოცნებაო, ჩემო, ძველო, ვარ ღამეთა მთეველი”;

”ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან…”

”და მესიზმრები შენ, ვისაც ქერა სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით”;

”გიყვრდეს მარად ოცნება ჩვენი _ გულგაპობილი”;

ოცნება განმეორებადია:

”მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ, ოცნება თუ გშორდება,

ყოველივე იგი ისევ ისე განმეორდება”.

 

ასეთი ოცნებების შემდეგ პოეტი უფლებამოსილია თქვას: ”ჰე, ქაოსში დაკარგულს, ქარი დამედევნება”.

 

გაძევებული ოცნებები

როცა ცნობიერება ივსება აუსრულებელი ოცნებებით, მაშინ ის ამსუბუქების ნაცვლად მძიმდება და აუცილებლად უნდა ”გადაიტვირთოს”. ქართული ცნობიერება ენისა და ლიტერატურის ტექსტების მიხედვით აუსრულებელი ოცნებებითაა სავსე და მოდის ახალი თაობა, რომელიც აპროტესტებს ამაო და ფუჭ ოცნებებს, ახდენს მის ირონიზებას და ამით ამყარებს ერთგვარ წონასწორობას ცნობიერებაში. ამ მხრივ გამორჩეული ტექსტები აქვთ: გიორგი კეკელიძეს, პაატა შამუგიას და ზაზა კოშკაძეს…

”ჭირსაც წაუღია ეგ თქვენი სევდა,
წამოვა წვიმა,
იწვიმებს
და
ჭირსაც წაიღებს…
მე გავაძევე ოცნებები და სურვილები,
ავკიდე ქარებს,
ამძიმებთ ქარებს…
…კვდომის რიგში
ჩადგნენ ქარები
და
სიმშვიდეა.
ვარ მჩატე… ”(გიორგი კეკელიძე)

………………………….

”ჩემი სული წაქცეული

ქარის წისქვილია,

ვიღამ მიხედოს ობმოდებულ

ოცნების ტომრებს_

მოვლენ თაგვები და დახრავენ,

უსათუოდ მოვლენ,

დიდება თქვენდა, თაგვნო!

მე გასწავლით თქვენ ყველა

კუნჭულს,

სადაც კი მიძევს მივარდნილი

რამე ოცნება _

სულყველა კუთხეს,

რომ დაიმშეთ უფრო და უფრო

და ჩემი სულის

დაჩრჩილული კედლებიც

დახრათ _

ჩემი სული ხომ

წაქცეული ქრის წისქვილია… ” (გიორგი კეკელიძე)

………………………………………………..

პაატა შამუგია კი ასე ემიჯნება საუთარ თავს _ ფიქრს, ცრემლს და ოცნებას:

”მე ჩემი მეგობარი ვარ
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ფიქრის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ცრემლის მოშორებით
და ვცხოვრობ ჩემგან ასიოდე ოცნების მოშორებით…”

 

ზაზა კოშკძის ირონიზება კი ასე მძაფრად გამოიყურება:

”რა საჭიროა ოცნებები,

თუ ისინი თვალებში არ აგიყროლდება.

რა საჭიროა რელიგია,

თუ მას არ მოაქვს ფსიქოზი და მასობრივი თვითმკვლელობები…”

 

დასკვნისთვის

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცეპტი ოცნება ადამიანის შინაგან სამყაროს აღწერს და ახასიათებს. ოცნება რთული სტრუქტურისაა და ის განსხვავებულად რეპრეზენტირდება სხვადასხვა კულტურაში. კონცეპტის აღწერა-დხასიათებით ჩვენ წარმოვადგენთ ქართული ცნობიერების ენობრივ სურათს. მიუხედავად იმისა, რომ გაანალიზებული მასალები არის ფრაგმენტული, ზოგად სურათს მაიინც იძლევა. ქართული ოცნების აღწერისას გამოიკვეტა შემდეგი კოგნიტიური მოდელები:

ა) ოცნება _ სულიერი, ადამიანი (სატრფო, დედა, სმშობლო, მეგობარი…)

ბ) ოცნება _ ფრინველი, ცხოველი

გ) ოცნება _ მცენარე (ყვავილი, ხე…)

მხოლოდ მის ხმაზე იხსნება კარი
და შეჩვეული დუმილს და ლოდინს,
ფრთხილად
მოცოცავს ოცნება გარეთ,
ვით შინ გაზრდილი მცენარის ყლორტ
ი” (ოთარ ჭილაძე)

დ) ოცნება _ ცეცხლი…

ე) ოცნება _ ხომალდი

ვ) ოცნება _ გაზაფხული

”ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები,

ყაყაჩოს შავი შვენის ხალები,

ყველას დუდგა ჟამი ოცნების,

გნახლების და ფერისცვალების” (გრიგოლ აბაშიძე)

ოცნება განიხილება ორი მთავარი მიმართულებით:

ოცნება, როგორც სულის მდგომარეობა, რომელსაც არა აქვს მიზანი და მიზეზი და არსაით არ მიემართება; (უფრო მეტად პოეზიაში)

”ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო!” (ვაჟა)

ოცნება _ სურვილი, მიზანი…, როდესაც სასურველზე ფიქრობს ადამიანი და რომლის ახდენა მომავალ დროში არის შესაძლებელი (სასაუბრო და პროზაულ მეტყველებაში).

ოცნება ამბივალენტური სემანტიკისაა, მასთან ენაში დაკავშირებულია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სემანტიკა;

სალექსიკონო აღწერების მიხედვით, ქართულ კულტურაში ამ კონცეპტთან უფრო მეტად განუხორციელებელი ოცნებებია დაკავშირებული, რაც შეეხება პოეზიას, ეს სრულიად სხვა განზომილებაა და პოეზიაში ოცნება წარმოდგენილია უფორმოდ, ქაოსურად, რაც გამორიცხავს კიდეც მის ახდენას. ამიტომ იყოფა ოცნებები: ძველ, დაბერებულ ან ახალ ოცნებებად… აუსრულებელ ოცნებებზე დარდი პოეტების ”მოვალეობაა” (”აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს, ძველ ოცნებებზე რომელი არ წუხს…?”), თუმცა თანამედროვე პოეზიაში შეინიშნება ამგვარი კვნესა-გოდების მოყირჭება და ამიტომ გამოდის ახალი თაობა ”ოცნებების გამძევებლად”… პარადოქსულია, მაგრამ ”ოცნებების ახდენა” იწყება როცა დგება ქმედების დრო, როცა სრულდება ოცნება… ეს მდგომარეობა ცნობიერებისათვის არის მონაცვლეობითი, როგოც ”ჟამი ქვების შეგროვების და ქვების სროლის”, ასევე ოცნებობის და ოცნებების მატერიალიზების…

 

 

 

 

 

1157964775_pearl

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s