შოთა ბარბაქაძე _ ‘ღია’ ადამიანები ‘ღია საზოგადოებაში’


მეცნიერების ყველა დარგი დღესაც ქალწულებრივ მდგომარეობაშია, ამიტომ ადამიანი ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით. სწავლება და კვლევა ურთიერთისაგან განუყოფელია, რათა სასწავლო პროცესი არ ჩამორჩეს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს; ადამიანი მუდმივად მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას იგი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო აუცილებლობას. კულტურათა განსხვავების მიღება-აღიარებას, ახალ კულტურასთან ადაპტაციას, ინტეგრაციას ორივე (მშობლიურ და ახალ) კულტურაში. ასეთი პროცესები კულტურაში დადებით როლს თამაშობს, ვინაიდან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებას, ტრადიციულ კულტურაში სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას, კულტურათა ღიაობის ზრდას. ანუ უნდა გაფართოვდეს, გამრავლდეს და გამრავალფეროვნდეს კულტურული ალტერნატივები, რათა ამაღლდეს შინაგანი თავისუფლების ხარისხი. არ შეიძლება შეყუჟულნი ვიყოთ საკუთარი იდეოლოგიის ჯავშანში. კულტურა მაშინ წყვეტს ზრდას როცა ახალი არაფერი ჩანს, ყოველი მხრიდან პერსპექტივების უჩვეულო სიმწირეა, მხოლოდ არაერთხელ ნაგემები გახუნებული დებულებების ჯირითს ვუმზერთ `კულტურის იპოდრომზე~. დაბინდული და ბუნდოვანია ყველა ამბის დასაწყისი, მაგრამ კვლევის შედეგად არა მათი ბოლო. ნებისმიერი სფეროს კრიტიკული თუ პოზიტიური ისტორია გამომდინარეობს არა იდეებიდან, არამედ ფაქტებიდან, კვლევის პროგრესიდან. კვლევის მრავალფეროვნება გვკარნახობს რომ ანიმისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, აზრები გარშემორტყმულია ტაბუს მთელი მესერით. აზროვნება არ არის თავისუფალი როგორც ვიწრო კულტურული კლიშეებისაგან, ისე რელიგიური შტამპისაგან. პლებეური, იზოლაციონისტური, ჩაკეტილი, კრიტერიუმებისა და ღირებულებების სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს – სიგიჟის მდომარეობები, რეტდასხმული სიცოცხლე და ბაკხანალური ჭვრეტა. ამიტომ საჭიროა ყველა ცივილიზებული ხალხების კულტურასთან ურთიერთობა. მიშა ვერბიცკი განმარტავს რომ: `მარგინალები, რომელთა რიცხვი მუდმივად იზრდება, ამოვარდნილები არიან ყველა კონტექსტიდან და ვერაფრით თავსდებიან `კულტურაში~. ამის შედეგად ჩნდება კონსპიროლოგიური თეორიები, უაზრო კულტები და სხვა ენით აუწერელი, უცნაური პოსტ-კულტურული არტეფაქტები. თუმცა აქტუალური სოციალური სიტუაციის გასაგებად, კოლექტიური ბოდვის ეს არტეფაქტები უფო ადეკვატური, საინტერესო და გამოსადეგია, ვიდრე `კულტურის~ პროდუქტები – მოსაწყენი სტერეოტიპების გაწონასწორებული კოლექციები~. ამიტომ კამილო ხოსე სელა ამბობს: `ყველაზე დიდი ჯილდო არის ის, როცა იცი რისი თქმა შეგიძლია, ხმა გამოსცე, სიტყვები გამოცრა ემოციის, მოვლენებისა თუ საგნების აღსანიშნავად. სიტყვები სხვა არაფერია თუ არა ის შეთანხმება, რომელსაც ხალხი ერთადერთი მიზნით აღწევს: გაუგონ ერთმანეთს~. ხოლო ბერტოლდ ბრეხტის თქმით: `მხოლოდ ბგერები, ადამიანთაგან მომდინარე. ამით ვკმაყოფილდები.”
კარგია დამოუკიდებლობის გრძნობა, სუბიექტურობის გაზრდილი მნიშვნელობა, ინდივიდუალიზმის პროგრესი, მაგრამ ადამიანები უნდა განთავისუფლდნენ დამყაყებული უმოძრაობისაგან, ალიბისტური სიფრთხილისაგან, უშინაარსო სტერეოტიპებისაგან, უტოპიის გულმოდგინე აღმშენებლობისაგან, უნდა შეიქმნას მოქმედების წარმატებული თარგების და სუბიექტური გამოცდილების ურთიერთდამოკიდებულებათა პიროვნებათაშორისი კომუნიკაციის მოდელი. რომლის მიზანია ხალხს ასწავლოს ეფექტური კომუნიკაცია. კომუნიკაციისა და ინფორმაციის ურთიერთგადამკვეთი სისტემები ქმნიან ურთიერთ დამოკიდებულების ქსელს. ემოციური ტკივილი თუ ის სახეზეა, გამოწვეულია საზოგადოებრივი ცრუ შეხედულებებისაგან. სამწუხაროდ ბევრი სიყალბე, ფარისევლობა, პირობითობა და რიტორიკა დაგროვდა. ყოველივე ამის წინააღმდეგ ჯანყი ბუნებრივია. სიყალბის და ფარისევლობის წინააღმდეგ პროტესტის გვერდით ახალი სიყალბე და ფარისევლობა გაჩნდა. რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ სოციალური განდევნა, უსიამოვნების შირმა. არ არის აუცილებელი დადგეს ჭეშმარიტი რეალიზმის ერა, პირველადი რეალობების გამოაშკარავება და გარეგანი საბურველის შემოხსნა. პირობითი გარეგანი მორალი, განყენებული იდეოლოგიური თეორიები კარგავენ თავის ოდინდელ მნიშვნელობას. მთავარია ვიცოდეთ ის რაც ბერტნარ რასელმა იცის: `არც ერთი ჩვენი შეხედულება არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველა მათგანი ატარებს განუსაზღვრელობისა და გაურკვევლობის ანაბეჭდს. ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტების ხარისხის გაზრდის მეთოდები კარგადაა ცნობილი: ის მდგომარეობს ყველა მხარის მოსმენის მცდელობაში, საკითხის შესახებ არსებული ფაქტების დადგენის მცდელობაში, კამათისას პირადი მიკერძოების მოთოკვაში, აგრეთვე უნდა შეგვეძლოს უარვყოთ ნებისმიერი ჰიპოთეზა, თუ კი ცხადად დამტკიცდება მისი სიყალბე.” ასეთი მიდგომა ერთადერთი საშუალებაა რომელიც ყვეალანირი ხელოვნებისა და ადამიანური მითის სუმირებას ახდენს იმ ფილოსოფიით, რომელსაც შეუძლია მიიღოს `სხვა~ თავისი განსხვავებულობით. `ტოტალური ღიაობის~ შედეგად ადრე სრულებით ტაბუირებული ქცევის წესების სოციალურად მიღება შესაძლებელი გახდება. სოციალური ტაბუს დაურღვევლად, პიროვნული რიდისა და უხერხულობის ბარიერის გადაულახავად, ადრინდელზე უფრო მეტად, შესაძლებელი იქნება საუბარი ენობრივ, კულტურულ, სექსუალურ, რელიგიურ უმცირესობათა თუ უმრავლესობის პრობლემებზე. მთავარი დევიზი უნდა იყოს: თანამშრომლობა, პარტნიორობა, კავშირი და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში არც გაერთიანება უნდა გამოირცხოს. ერთობა მრავალფეროვნებაში.
ნუ მოვთხოვთ ერთმანეთს საკუთარი აზრების, იდეების, მიზნების გაზიარებას რამეთუ `ჩვენეულის~ აღქმა არ არის საგნის სარკისებური, პასიური და სრულიად ობიექტური, უცვლელი ასახვა. გარკვეულ ფარგლებში იგი პიროვნებისეულ ხასიათს ატარებს. ერთსა და იმავე მოვლენას სუბიექტი გარკვეულ ფარგლებში განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი გამოცდილება ამ მოვლენის მიმართ, რა იცის მის შესახებ, რა აინტერესებს მას ამ მოვლენაში, ყოველივე ამის მიხედვით, იცვლება თვალსაზრისი, რომლითაც აღიქმება მოვლენა, იცვლება პიროვნების პოზიცია მის მიმართ. ხორხე ლუის ბორხესი ცხადყოფს რომ `საზრისი~ სოციალური კატეგორიაა. მას მიკუთვნებული სუბიექტი წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანების პლურალობას, მათი ურთიერთობით მიიღება ნიშნები, რომლებსაც ისინი ერთმანეთს გადასცემენ – ასევე, საზრისს და იმთავითვე სწორედ სართო საზრისს. ყოველ ცალკეულ ადამიანს სურს – გარკვეული ზომით – შეცვალოს ის, მაგრამ თუ ის ამ შეცვლაში ძალზე შორს წავა, დაკარგავს თავისი ნიშნების კომუნიკაციურაობს და, ამასთან, მის საზრისსაც. ასევე, ფუჭია მცდელობა, ცალკე აღებული ინდივიდის ცხოვრებაში ვეძებოთ საზრისი, იმისაგან დამოუკიდებლად, აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ ცხოვრებას სხვა ადამიანებისათვის. ადამიანებს სჭირდებათ იმის შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ საბოლოოდ არ დაკარგეს მნიშვნელობა სხვა ადამიანებისათვის”. ბორხესის ამ პასაჟის შემდეგ მეტად ნიშანდობლივია ოპიცის სიტყვები:` დაე, ნუ მოვიმკი ბევრს, თუ მექნება კეთილშობილი ღვინო, მსურს სხვებთან ერთად ვიმხიარულო, თუ ახლავე მარტო უნდა მოვკვდე.”
გრძნობებს მართავენ და ჟესტებს აწესრიგებენ. მაგრამ შენივე ენა შენს ჯაშუშად გადაგექცევა. ზემოთ თქმული ღიაობის, ურთიერთ შერწყმის, მოსმენის, გაგების, პატივისცემის, ინტელექტუალური კავშირების, ადამიანთა შორის ცივილიზებილი, დახვეწილი, რაფინირებული, მეგობრული ურთიერთობების დამყარების ჩამოყალიბების საწყისია ენა რომლითაც ჩვენს აზრებს, იდეებს, იდეოლოგიებს, მისწრაფებებს, სურვილებს, მიზნებს, შესაძლებლობებს, როგორც გონებრივ – მატერიალურს ისე ფიზიკურს სიტყვიერად გადმოვცემთ. ენის მეშვეობით ხშირად ვცრუობთ, ვტრაბახობთ, ვბაქიაობთ, მახეს ვუგებთ მოწინააღმდეგეს, ჭორს ვავრცელებთ, ცილს ვწამებთ, ვარღვევთ მცნებას მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო და მას ვაყალიბებთ ანტიმცნებად: მოყვარეს პირშიც და ზურგს უკანაც ვუძრახოთ, ხოლო მტერს წინ უკან, ზევით-ქევით, მარცხნივ-მარჯვნივ, ზეცაში თუ ქვესკნელში საკუთარი ენით დითირამები, გროტესკული სენტენციები მივუძღვნათ თითოეული ჩვენთაგანისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური, სხვაგან ჯერ არ მოსმენილი, ჯერ არ ნანახი, ჯერ არ განცდილი ჟღერადობის ენით. პრომეთეს არწივი ჯიჯგნის, ტიტიოსს ქორი კორტნის, ატლასს ზურგზე ცის თაღი ადგას, ადამიანს ენა `ამძიმებს~. რამეთუ მისი გამოისობით ვდგავართ ხოლმე ღრმად დაეჭვებული ჩვენი მდგომარეობის სიმყარეში. ენის ამოქმედებით ცრუვდება ხოლმე ყველა მოლოდინი. უცნაურად ირევა ერთმანეთში ბუნდოვანება და ვერც ერთს ვერ ენდობი.
ენა არის აზრის ანალიზი, ენას სჭირდება აღიარება და არა ადამიანთა მიერ შექმნა. ენა აანალიზებს, ენა ლაპარაჯობს ამიტომ ის უშუალოდ იჭრება საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში, სოციალურ ინსტიტუტებში, ის აღმნიშვნელია ადამიანის განვითარების დონის მახასიათებლის, ენა არის საზოგადოების მარეგულირებელი ნორმების სისტემა, სოციალური გამოცდილების გადაცემის მექანიზმი. მაგრამ ენას როგორც მიხაილ ბულგაკოვი ამბობს – შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი არასოდეს. აი, მაგალითად, უეცრად რაღაცას გეკითხებიან, თქვენ არც კი კრთებით, წამის უსწრაფესად იაზრებთ ყველაფერს, თავს ერევით, იცით, რა უნდა თქვათ სიმართლის დასაფარად, დამაჯერებლადაც ცრუობთ, სახეზე ძარღვიც არ გიტოკდებათ, მაგრამ ვაი, რომ ამ კითხვით შეშფოთებული სიმართლე სულის სიღრმიდან წამიერად თვალებს აასკდება და თქვენი თვალთმაქცობაც მთავრდება. თვალებში გამკრთალ შიშს ამჩნევენ და გიჭერენ! ბულგაკოვის ეს პასაჟი ნათლად ასახავს შოთა რუსთაველის `გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარის~ პრინციპს. ენის ქმნილება, პირმშო და ძე არის – სიტყვა. უილიამ შექსპირის `ჰამლეტში~ სიტყვა უფიქროდ ვეს მისწვდება ცას ვერასოდეს. და მოსწრებული სიტყვა რეგვენის ყურს ვერ გამოაღვიძებს. მაგრამ სიტყვა მაინც სუნთქვაა, სუნთქვას კიდევ სიცოცხლე მოსდევს. `რომეო და ჯულიეტაში~ სიტყვის საშინელებას არ აქვს ბოლო, არც საზღვარი და არც ზომა. ამიტომ სიტყვაზე მეტად სხვა სიმდიდრეს ფლობს სიყვარული ჯულიეტასთვის. იგი ამაყობს არსით და არა სამკაულებით. ქონებას თვისას ჯულიეტას აზრით მათხოვრები ითვლიან მხოლოდ. სისტყვის ღირსება – დაუჯერებელი ჭორების გავრცელებაა. მხოლოდ გარყვნილებს მოსწონთ იგი. ისიც ჭკუამახვილობისათვის კი არა არამედ ფლიდობისათვის. შექსპირის `აურაზაური არაფრის გამო~ გადმოგვცემს რომ უხამსი სიტყვები – მხოლოდ ქარია, უხამსი ქარი – ორჭოლი ქარი, ორჭოლი ქარი კი მავნებელია. აი, `მეთორმეტე ღამე~ კი გვეუბნება რომ სიტყვებმა ძალა დაკარგეს მას შემდეგ, რაც ისინი ვალდებულებამ შერყვნა. `რიჩარდ მესამეში~ კი სიტყვა სევდის ვექილია, ტანჯვის ნუგეში. მემკვიდრე არის უანდერძოდ მკვდარ სიხარულის და ბედკრულობის დამცველია თავგამოდებით. თავისუფალი გზა სიტყვას! თუმც არას გვშველის, მაგრამ გულის დარდს გვიმსუბუქებს. ენის რაობაზე მისეულ ინტერპრეტაციას ლექსად თხზავს ჰანრიხ ჰაინე:
`როცა მოვკვდები ვიცი ამ ენას
ამომაგლეჯენ ქენჯნილ გვამიდან,
რადგან შიშობენ რომ ქვეყნად ისევ,
დავბრუნდები და ენას ავიდგამ.”
ადამ მიცკევიჩის აზრით კი: `დაიკლაკნება სიტყვა, როგორც მგუდავი გველი,
გველი, რომელიც დახვეულა – მორიგ მსხვერპლს ელის.”
ერთი ესპანურა სიმღერა კი შემდეგს გვაუწყებს სიტყვის რაობაზე:
`ილოცე! იტირე!
სიტყვა შობს მონებს,
სიმღერა სინათლეს.”
ნიზამ განჯელი `სიტყვის ზვირთებს აზვირთებს და ჩანჩქერივით გიჟამჟობს.” რომელსაც `სიტყვები გულის ქურაში აქვს განაცხელები.~ თუმცა `სიტყვა მისთვის წყაროს წყალსა ჰგავს, ბევრი ჭიჭყინით გაგჭყიპავს და გული მოგეყირჭება.” შემდეგ `როგორც კი ენას აუშვებ, დანით მოგსხეპენ იქავე.” რაინერ მარია რილკეს შეტყობით: ` იქ, სადაც სიტყვის ვანი იყო, შანარნი დიან.” ჯეფრი ჩოსერისთვის `არ იყოფა სიტყვა და კაცი.” და `ენას შუაზე გაუყვია და და ძმის ფაცხაც,
მეგობრებზე რომ არაფერი აღარ თქვას კაცმა.”
ფლანდრიელების შეგონებით: `იქ არის ლხენა, სადაც ნაკლებად აწვალებენ სიტყვას და ენას.” ოვიდიუს ნაზონის `მეტამორფოზებში~ – შხამი სდის ენას. თუმცა მაცდური სიტყვით პაექრობა ჯობია ხელჩართულ ბრძოლას. მაგრამ ენა ველური ზეთისხილის სიმწარეს მაინც იგრძნობს, ნაყოფი თან დაჰყვება წარმოთქმული სიტყვების გემოს. პლუტარქეს `რჩეულ ბიოგრაფიებში-პარალელურ ბიოგრაფიებში” – სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა, ადვილად ხვდება მიზანს და მსმენელთა გულსა და სულს. და ამიტომ უნდა შეუდქეთ საკუთარი მჭევრმეტყველების, როგორც აუცილებელი იარაღის ალესვას. ლორენს სტერნისთვის არსებობს ნაღდი, თავისუფალი სიტყვა რომელიც, გინდა ცხენს აიძულებს, გინდა სახედარს, გინდა ჯორს, აიაროს აღმართი, ნებავს თუ არა: რაც არ უნდა გაკერპებული იყოს. ოთარ ჭილაძისთვის სიტყვამდე რომ მივა საქმე გაჩუმება სჯობს. იმიტომ რომ ` სიტყვის ქნევა უფრო სახიფათოა, ვიდრე ხმლისა. ხმლის ერთი დაკვრით, დიდი-დიდი, ერთი კაცი მოკლა, სიტყვით კი ერთბაშად შეგიძლია დააქციო მთელი ქვეყანა.” მისი `ლაბირინთის~ ერთ-ერთ გმირს არაფრის ისე არ ეშინია, როგორც სიტყვის. არ იტყვი – შარია, იტყვი უარესი. `წათეს წითელი წაღების~ მიხედვით კი მართალია, ლაპარაკი მარტო ადამიანს შეუძლია, მაგრამ ხანდახან ადამიანის პირიდან ამოსულ სიტყვას გველის შხამიც ახლავს ხოლმე, ქათმის სიბეცეც და კამეჩის მოუქნელობაც. მაგრამ ისევ `წათეს წითელი წაღებში~ ვლინდება ენის საჭიროება: ნიჭი ზარივითაა, ენას თუ ჩამოხსნი, გინდა ყოფილა და გინდა არა. ჭილაძის გული მაინც სავსეა, მისი ბაგე – მეტყველი, რადგანაც გულის სისავსისაგან მეტყველებს ბაგე როგორც თვითონ ბრძანებს. გიორგი მერჩულე –ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისაში ამბობს: `სულელნი მეტყველებენ, ბრძენი დუმან.” შოთა რუსთაველმა ბრძანა: `სიტყვანი ვავაქილენით, ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით~. სწორედ ამიტომ განავრცო შემდეგ მოსწრებულად: `საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს.” სულხან საბამ კი `ადამიანს სიტყვა ტკბილი უნდა ჰქონდესო, გამწყრალი დააწყნაროს, არა თუ მხიარული გააწყროს, პირიდან ავი სიტყვა არ წაიცთუნოს, სიტყვის თქმის ჟამი იცოდეს, რაც თქვას, ყოველ კაცს მოაწონოსო.” დავით გურამიშვილის აზრით კი: `რაც სიტყვა ტკბილად ურჩივა, ფერხთ ქვეშ ღალატობს ყველასა.” გურამიშვილმა სიტყვას `სიტყვა ყიფურ-ამაყური~ უწოდა. ილიას აზრით `ენამ გულისა უნდა თქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა.” მლორად პავიჩის მოხსენებით: `ღმერთმა ქვეყნიერების შემქმნელმა, ანგელოზსა და ცხოველს შორის შემქნა ადამიანი, მეტყველებითა და გონებით გამოყო იგი ცხოველთაგან, ხოლო მრისხანებითა და ავხორცობით ანგელოზთაგან, და ამ თვისებათა გზით ის უახლოვდება ან უმაღლესთ, ან უმდაბლესთ”. მოლიერს მიაჩნია რომ: `ენას მრავალი ბოროტება ჩაუდენია.” დეილ კარნეგისთვის დამაჯერებლად ლაპარაკის ხელოვნების დაუფლება უმოკლესი გზაა დაწინაურებისაკენ. დეინელ უებსტერს წავართათ ყველაფერი, დავუტოვოთ მხოლოდ მისი მეტყველება და სულ მალე ყველაფერს დაიბრუნებს, რაც კი გააჩნდა. მონტესკიესთვის საწყენია, როცა მახვილი სიტყვა რეგვენი მსმენელის ყურში კვდება. სოკრატემ რომ დაგინახოს უნდა ამეტყველდე. ჰემინგუეის მიაჩნია რომ ენასაც ჭკუა მოეკითხება. აი შმუელ აგნონი საკმაოდ ღიმილის მომგვრელ წინადადებას გვთავაზობს: როცა მუცელი ამოვსებულია, სუფრას რა აკლია? ენა და საუბარი. ბორის პასტერნაკს მიაჩნია რომ სიტყვის მეოხებით დროის შეჩერებაა შესაძლებელი. ფრანც კაფკას არ სჭირდება ორატორის დიდება, – ის მისთვის მიუწვდომელიცაა. მისი სურვილია მხოლოდ, საჯაროდ ამხილოს სოციალური უწესრიგობა. ამერიკელი ნოველისტებისთვის ბასრი ენა ერთადერთი მჭრელი იარაღია, რომელიც მუდმივი ხმარებით უფრო ფხიანი ხდება. მორის მეტერლინკს მიაჩნია რომ `სიტყვებად რომ გვეთარგმნა ის გრძნობა, რომელიც გმირს თავის გმირობას ადენინებს, ბევრს ვერაფერს მივიღებდით”. სიყვის მეტერლინკისეული განმარტება მეტერლინკზე ადრე აქვს ჩამოყალიბებული თეოდორ დრაიზერს: `ხალხი მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს. მათ ჰგონიათ, სიტყვებს დიდი შედეგები მოჰყვება. სინამდვილეში სიტყვებს ყველაზე სუსტი დამაჯერებელი ძალა აქვს. მხოლოდ ძალიან ბუნდოვნად გადმოსცემენ იმ დიდ, მშფოთვარე განცდებს, რომელიც მათ უკან იმალება და გული მაშინ უგდებს ყურს, როცა ენა ხელს არ უშლის.” ანუ ენა მათთვის არ არის `აზრების მთარგმნელი ბიურო~ და თითქმის არავითარი შესაძლებლობა არ არის სიტყვიერად გამოიხატოს ის ბუნდოვანი პროცესები, რაც თავში ხდება. სიტყვას საზღვრები გააჩნია, ფიქრი კი უსაზღვროა. ჟან ჟაკ რუსოსთვის ენა მდუმარებს, მხოლოდ გულები მეტყველებენ. ბევრმა ალერსიანი სიტყვით გადალახა შექმნილი მდგომარეობის სიძნელე. რადგან მათთვის ერთი ჭკვიანი კაცის თქმის არ იყოს: არსებობს სიტყვები რომლებიც ვით ბუკი, ვით ნაღარა, ვით ჯამბაზის პოეზია, და რომელსაც ისეთი თილისმა აქვს, რომ ყველაზე უხეში სულის ადამიანებსაც კი აჯადოებს. მათთვის ენა გულის ცოცხია. რომენ როლანისთვის სიტყვას ქმედების ჟრუანტელი უვლის, ხოლო მაიაკოვსკის მიაჩნია რომ ერთი გრამი მხატვრული მასალის მისაღებად საჭიროა ათასობით ტონა სიტყვის ნედლეული გადაამუშავო. დათო ტურაშვილმა შეძლო და იპოვა სიტყვა რომელიც კაცობრიობას ერთსულოვნად ძულს, ეს სიტყვა არის – არა.
ენას აქვს მარშისათვის ძლიერი ფეხები, მამაცი გული და დიდი გამბედაობა, მაგრამ ტვინი… ტვინიც – სწორედ ამიტომ ენა ყოველთვის ცდილობს საზოგადოების ტაშისცემა დაიმსახუროს. ენა არასოდეს ლაპარაკობს იმას, რასაც ადამიანი რეალურად ფიქრობს, არამედ იმას, რაც ადამიანს სურს სხვას შთააგონოს თავისდა სახეიროდ. სწორად შენიშნა ცირა ბარბაქაძემ რომ ენა აზრის გაფორმების საშუალებაა. აქედან გამომდინარე როგორც ჰეროდოტეს მონათხობში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: ადამიანებს ყურები უფრო ურწმუნო აქვთ (ენის გამოისობით, მისი მუდამჟამ ცრუობის გამო), ვიდრე თვალები. ხოლო კიროსს არასოდეს არ ეშინოდა ისეთი ხალხის ენისა, რომელსაც ქალაქის შუაგულში აქვს შესაკრებად განკუთვნილი ადგილი იმისათვის, რომ იქ ერთმანეთს ეფიცებოდნენ და თან ატყუებდნენ. ეგენი სხვის გასაჭირზე კი არ იყბედებენ, არამედ თავის საკუთარზეო. ეს პასაჟი ნათლად მეტყველებს ცრუ ენის განზრახვაზე. ნეტა ვინ იტყვის იმ ჯადოსნურ სიტყვას, რომელსაც შეუძლია, პირქუში სამყარო მშვიდობის საუფლოდ გადააქციოს… ეს ისეთ კულტურულ სამუშაოს ჰგავს, როგორიც თუნდაც სიდრის ზღვის დაშრობაა მაგრამ უნდა სცადო…
XXI საუკუნე მილორად პავიჩის შეგნებით ჩვენს წინაშე სვამს ასეთ მოულოდნელ საკითხს: შევძლებთ კი ენისაგან ლიტერატურის გადარჩენას? ერთი შეხედვით კითხვა აბსურდული ჩანს, მაგრამ პრობლემა უკვე კარს გვიკაკუნებს. ამ კითხვის პასუხი მასთან უნდა ვეძებოთ კერძოდ მისი აზრით `სიტყვანი მოდიან არა თავიდან და არა სულიდან, არამედ წებოვან ენათა და მყრალ პირთა სამყაროდან, ისინი მუდმივი ღეჭვა-ცოხნისგან ჯერ კიდევ კარგა ხნის წინათ არიან დაღრღნილნი, დაკვნეტილნი და დამარილებულნი. სიტყვას დიდი ხანია, რაც თავისი სახე აქვს დაკარგული, აურაცხელი პირის კბილთაგან არიან ისინი გაქლეშილ – გაქლესილნი.” მიშელ ფუკოს მიაჩნია რომ ენა არ არის მხოლოდ ენა, იგი აზრის მქოენა. სიტყვა არის ენის მდედრული მხარე, მისი პასიური ინტელექტი; აქტიური ინტელექტი – `მამრული საწყისი~ ენისა – არის დამწერლობა. იმისათვის რომ სიტყვას შეეძლოს იმის თქმა, რასაც ამბობს, საჭიროა ეკუთვნოდეს მასთან მიმართებით პირველადს, არსებითსა და განმსაზღვრელ გრამატიკულ მთლიანობას. სწორედ მასში, ვინც წარმართავს დისკურსს და ღრმად ფლობს სიტყვას, თავს იყრის მთელი ენა. აზრს აზროვნება შეუძლია ენის მეშვეობით და ენაში. ასეთია მიშელ ფუკოსეული ენის `მრწამსი~.
იორგო სეფერისის აზრით: `ჩვენი ენობრივი პრობლემები იმ დროის პირმშოა, როცა ატიკური შედევრებით მონუსხულმა ალექსანდრიელმა ფილოლოგებმა წერის მკაცრი წესების შემუშავება დაიწყეს, ანუ სხვა სიტყვებით, პურიზმს დაუდეს სათავე და დაივიწყეს, რომ ენა ცოცხალი, მზარდი ორგანიზმია. ცნობილია, რომ სახარებაც სახალხო ენითაა ჩაწერილი. მოციქულები ცდილობდნენ, გასაგები ყოფილიყვნენ, რათა ადვილად გაეკვლიათ გზა მათი გულებისაკენ… მეცნიერები თავიანთ ნაწერს რთული რიტორიკული ფიგურებით ამკობდნენ, მდაბიონი კი სწავლულთა მიმართ მოწიწების მიუხედავად, გამოხატვის თავისებური მანერის ერთგულები რჩებოდნენ. მრავალი მეცნიერი, პოეტის სიტყვით, `წინაპართა ნეშტით სავსე უზარამაზრი ურნებით იყვენენ დამძიმებულნი”. იური ლოტმანის დებულებით: ` ენა წინ უსწრებს ტექსტს, ტექსტი იბადება ენის მიერ. კულტურის საერთო სისტემაში ტექსტები უკიდურეს შემთხვევაში ასრულებენ ორ ძირითად ფუქნციას: მნიშვნელობის ადექვატურ გადაცემას და ახალმნიშვნელობათა წარმოშობას. ”
Aადამიანს, ვიქტორ ანრის თანახმად, ძალუძს სახელდება, სახელის წართმევა კი – არა; მას შეუძლია ენაში ცვლილებები შეიტანოს, მაგრამ არა ისე, როგორც მოესურვება. ჰორაციუსის `პოეტური ხელოვნების მიხედვით~ (70-72 ტაეპი):
`ბევრი გარდასული სიტყვა კვლავ აღდგება ხოლმე,
ხოლო ის სიტყვა-თქმანი, ახლა რომ ღირსება – პატივშია,
დავიწყებას მიეცემა, თუ ეს მოისურვა ჩვეულებამ,
რომლის ხელთაა ძალა, სამართალი და მეტყველების წესი და რიგი.”
სწორედ შენიშნა ერთმა ჭკვიანმა კაცმა რომ თანდათანობით ხდება ყველაფრის `ტიპიზირება~, `ინდივიდუალიზირება~, დრამატიზირება, პროზაიზირება, გრანდიოზირება, ანალიზირება, პოეტიზირება, კოლოსირება, ანგელოზირება, ნეოლოგიზირება, ტრაგედირება. რას იზამ, ხანდახან ენა უნდა მოიტეხო,, რომ გამოთქვა ახალ-ახალი უცნაური სიტყვები, რომელთაც ზოგი `ინტელიგენტი~ ხმარობს. ბევრმა `ცხელმა თავმა~ ვერ გაიგო, რომ ენა სპონტანურია: ერთი დღის განმავლობაში ბაზრობებზე, დახლებზე, მარკეტებში, უფრო მეტი სამეტყველო კონსტრუქცია იქმენბა, ვიდრე მრავალი დღის განმავლობაში აკადემიურ თავყრილობებზე. ხორხე ლუის ბორხესის თქმის არ იყოს ჩვენ ყოველთვის ამოხსნის წყურვილი გვექნება. თუმცა რობერტ პენ უორენმა უკვე ამოხსნა რომ ჩვენ საკუთარი მყვირალობისაგან დაყრუებულ საზოგადოებაში ადამიანები სავსვებით მოგვიცვა მეტყველების ნაკადმა; მაგრამ ეს დამდაბლებული მეტყველებაა, რომელშიც შემთხვევით-მიახლოებითი სიტყვებით ავიწროებენ ნამდვილ, ზუსტ სიტყვებს. უარესი კი ისაა, რომ ენა იქცევა მხოლოდ საგანზე მითითების მოხერხებულ საშუალებად. ამისგან ენა ხუნდება, კარგავს მისთვის ნიშნულ გამომხატველობას. იგი წყვეტს განცდილის ან თანაგანცდილის ნაწილად ყოფნას, მეტყველისა და მკითხველის ან მსმენელის – ფიზიკურად რომ შეიგრძნობს სხვისი სიტყვების რხევას საკუთარ ხორხში, – რეალურობის მაჩვენებლობას, `სწრაფი კითხვა~ – შესაძლოა, ზოგიერთ სპეციალურ მიზანთათვის გამოსადეგი მეთოდი, – ეს უკანასკნელი და საბოლოო დეგრადაციაა ენისა.

შოთა ბარბაქაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s