გია ჯოხაძე _ სათაურის სემიოტიკა ქართულ ისტორიულ ნარატივში


     

საკითხის ამგვარად დასმა და სათაურში გამოტანილი პრობლემის მრავალპლანიანობა ისტორიკოსს აიძულებს, გადახედოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიღწევებს და სათანადო ინსტრუმენტარიები მოიმარჯვოს.

უწინარეს დებულებად მიგვაჩნია ისტორიული ტექსტის, როგორც ნარატივის, განხილვა.

პოსტმოდერნული გამოწვევა

 

პოსტმოდერნიზმი ისტორიულ მეცნიერებაში ლინგვისტიკისა და ლიტერატურათმცოდნეობის გავლენითა თუ წაბაძვით წარმოიშვა. მარქსიზმითა და სტრუქტურალიზმით თავგაბეზრებულმა  ინტელექტუალებმა მიზნად დაისახეს, შემოქმედებითი ინდივიდუალობა  ათასი ჯურის დეტერმინიზმისაგან გაეთავისუფლებინათ. ამ მიმართულების ადეპტებმა ეჭვქვეშ დააყენეს ისტორიული ჭეშმარიტების გაგება, ზოგმა ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რესპექტული დისკუსიის საგნად. მათი ლოგიკა ამგვარი გახლდათ: ისტორიკოსი მწერლისა და პოეტის მსგავსად ქმნის ისტორიულ ტექსტს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა – თხრობითი დისკურსი, მხატვრული ლიტერატურისათვის ნიშანდობლივი ამბავი, რიტორიკის კანონებისადმი დაქვემდებარებული ნარატივი. ისტორიის ნებისმიერ ვერსიას არსებობის თანაბარი უფლება აქვს; იგი არ გამოხატავს ისტორიულ ჭეშმარიტებას, მეტიც: მას არცა აქვს ამის პრეტენზია. ის მხოლოდღა ისტორიული თხზულების ავტორის სუბიექტურ შეხედულებებსა და შეფასებებს წარმოაჩენს.

მაგრამ არსებობს განსხვავებაც: მწერალი ან პოეტი თავისუფლად ერთობა აზრების ეკვილიბრისტიკით, ქმნის მხატვრულ კოლაჟებს, თავს ნებას აძლევს, მოიახლოოს, ერთმანეთში აურიოს ეპოქები და ტექსტები… ისტორიკოსი კი ისტორიული წყაროებით ოპერირებს: მისი სტრატეგია ვერაფრით იქნება გარკვეულ მოცემულობას სავსებით დაცილებული; წყარო აიძულებს მას, მოგვცეს მისი და მხოლოდ მისი შეძლებისდაგვარად ზუსტი და ღრმა ინტერპრეტაცია. დესტრუქციონიზმის მეთოდიკის პოპულარობამ ისტორიიდან ჭეშმარიტებასთან ერთად ის დროც განდევნა, რომელიც ისტორიული პროცესის ფაქტურას ქმნიდა.

ზოგადადაც, და – კერძოდ, ისტორიული მეცნიერების პარადიგმატულობის შეფასებისას, მიგვაჩნია, რომ კატეგორიულობა ცუდი ტონია, და შესაძლოა, არც ზემოთ თქმული იყოს უთუო და უთუმცაო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისტორიული თხზულება მართლაც ექვემდებარება პოეტიკისა და რიტორიკის მოთხოვნებს: ეს მართლაც ტექსტია, მისთვის ნიშანდობლივი სიუჟეტით, ,,ინტრიგით“, ენის მეტაფორულობით … იგი დამოკიდებულია თანამედროვეობაზე მსოფლმხედველობრივად, იდეოლოგიურად, ექსისტენციურად, ლინგვისტურად…

,,ლინგვისტურმა შემობრუნებამ“ შესაძლებელი გახადა ისტორიული რეალობის, როგორც ენობრივი რეპრეზენტაციის ამ თუ იმ ვარიანტის, განხილვა.

თანამედროვე ისტორია ცდილობს, წარსული ერთ მთლიანობად წარმოსახოს, და ამ პროცესში ნარატივი მოვლენათა აღწერის მთავარ საშუალებად მიაჩნია; აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ამ მოვლენების დამაკავშირებელი კონტექსტის ფორმირებასაც. ნარატივის კონცეპტი მხოლოდ მრავალფეროვნების ფასეულობას როდი ამკვიდრებს; ამ ფორმით ხორციელდება ისტორიული კვლევის სპეციფიკურობა და მეცნიერულობა; აქ ისტორიკოსი ეპიზოდთა სერიას ერთ მთლიანობად აქცევს. თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საინტერესოა იმის კვლევა, თუ როგორ მოხდა ესა თუ ის მოვლენა, და არა ის, რამდენად ჭეშმარიტია ისტორიული ნარატივი. ნარატივი შეიცავს წარსულის მოდელების ერთიანობასა და მეტაფორულ განცხადებებს ისტორიის ამ ტიპებისა და მოდელების მსგავსებაზე; მათი მეშვეობით ადამიანები თავიანთ ცხოვრებისეულ მოვლენებს უკავშირებენ საკუთარი კულტურის სტრუქტურებსა და მნიშვნელობებს. ნებისმიერი ისტორიული ტექსტის ავტორი თხრობისას რეალურ დროს კი არ გამოხატავს, არამედ კულტურულ კონტექსტში ორგანულად ჩართულ პირობით ტემპორალურობას: ეს მსჭვალავს მთელ ნარატივს, რომელიც იწყება (დასაწყისში იკვეთება ზოგადი ორიენტაცია), გრძელდება (თხრობის შუა ნაწილში ავტორი სვამს პრობლემას, აფასებს მას და წყვეტს) და სრულდება. ისტორიული ნარატივი არის ისტორიული ცოდნის ისეთი ფორმა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი აღარ არის განმარტებისა და გაგების დიქოტომია. სოციალური ფენომენების ახალი ცოდნა ისტორიაში ყალიბდება ცალკეულ შემთხვევათა და ადამიანთა  მოგონებების თეორიული გენერალიზაციის საფუძველზე: ისტორია წარმოდგება დროში მოწესრიგებულ მოვლენათა სერიად; ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია ისტორიულ დეტალებზე ყურადღების გამახვილება; ისტორიკოსი წარსულის რომელიღაც ხატ-სახეს უფრო მასშტაბურად მიიჩნევს, ინტერესდება მისით და ამიტომაც ირჩევს სწორედ მას.

ისტორიაში ნარატიული მიდგომისათვის ნიშანდობლივია პირობითად სახელდებული რამდენიმე პარამეტრი:

რეტროსპექტულობა, როცა წარსულის მოვლენები აწმყოსა და მომავლის პრიზმით განიხილება;

პერსპექტიულობა, როცა მოვლენის ისტორიული შეფასება ისტორიკოსის მსოფლმხედველობაზეა დამოკიდებული;

არჩევითობა, როცა რელევანტური ინფორმაცია შეირჩევა;

სპეციფიკურობა, როცა ისტორიული ცოდნა გავლენას ახდენს იდენტობის ფორმირებაზე;

კომუნიკატიურობა, როცა კულტურული დისკურსი ზემოქმედებს ისტორიულ ცოდნაზე;

ფიქტიურობა, როცა ისტორიული ინტერპრეტაცია დამოკიდებულია იმ სოციალურ პირობებზე, რომელთა ფარგლებშიც ის ორიენტირის როლს თამაშობს;

მხატვრული და მეცნიერული ტიპების დაახლოება, მათთვის ნიშანდობლივი ზოგადი და ინდივიდუალური თავისებურებებით.

და მაინც: რატომ არის ეს ისტორია, რომელსაც ლიტერატურული ფორმა აქვს, და არა – უბრალოდ, ლიტერატურა?

აქ გამოგვადგება ფსიქოთერაპიის ანალოგია: ისტორიკოსი ითავსებს თერაპევტის ფუნქციას, როცა წარსულს კულტურისათვის მისაღებ მნიშვნელობას ანიჭებს, ანუ ნარატივი მხოლოდ კი არ აწესებს, ამკვიდრებს, ადგენს, არამედ – ხელმეორედ იაზრებს პირველად მასალას, სინამდვილეს გარკვეულობას ანიჭებს და ამა თუ იმ სახით წარმოაჩენს.

 

 სათაური და ტექსტი

ტექსტისა და კულტურული კონტექსტის ურთიერთდამოკიდებულებაზე საუბრისას ი. ლოტმანი ეხება სათაურის საკითხს. ამ შემთხვევაში, ტექსტი კომუნიკაციური აქტისას უკვე შეტყობინება კი აღარ არის, არამედ მისი სრულუფლებიანი მონაწილე, სუბიექტი, წყარო ან ინფორმაციის მიმღებია. ტექსტის დამოკიდებულებამ კულტურული კონტექსტისადმი შესაძლოა მიიღოს მეტაფორული ხასიათი, როცა ტექსტი აღიქმება, როგორც მთელი კონტექსტის შემცვლელი, რომლის ერთგვარი ეკვივალენტიცაა იგი, ან – მეტონიმური ხასიათი, როცა ტექსტი წარმოადგენს კონტექსტს, როგორც მთელის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს მთელს.

ლოტმანი ანალოგიურად მიიჩნევს ურთიერთდამოკიდებულებას მხატვრულ ტექსტსა და მის სათაურს შორის. ერთი მხრივ, ისინი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ორი დამოუკიდებელი ტექსტი, რომლებიც ,,ტექსტი-მეტატექსტის“ იერარქიაში სხვადასხვა დონეებზე არიან განთავსებულნი, ხოლო მეორე მხრივ, ისინი შეიძლება განვიხილოთ ერთი ტექსტის ორ ქვეტექსტად. სათაური შეიძლება მიემართებოდეს მისი საშუალებით აღნიშნულ ტექსტს მეტაფორის ან მეტონიმიის პრინციპით. ის შეიძლება რეალიზებული იყოს პირველადი ენის სიტყვების მეშვეობით, რომლებიც გადაითარგმნება მეტატექსტის რანგში, ან მეტაენის სიტყვების მეშვეობით და ა.შ. შედეგად, სათაურსა და მისით აღნიშნულ ტექსტს შორის წარმოიქმნება რთული აზრობრივი გამა, რომელიც წარმოშობს ახალ შეტყობინებას (Ю. М. Лотман, СЕМИОТИКА КУЛЬТУРЫ И ПОНЯТИЕ ТЕКСТА, Лотман Ю.М. Избранные статьи. Т. 1. – Таллинн, 1992. – С. 129-132).

ვიგოტსკის აზრით, ნებისმიერი მოთხრობა, სურათი, ლექსი რთული მთლიანობაა, რომელიც შედგება სხვადასხვა ელემენტებისაგან; ისინი ორგანიზებულნი არიან განსხვავებულ დონეებზე,  დაქვემდებარებისა და ურთიერთკავშირის განსხვავებულ იერარქიაში; და ამ რთულ მთლიანობაშიც ყოველთვის ჩნდება რომელიღაც დომინირებული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს მთელი მოთხრობის აგებულებას, მისი თითოეული ნაწილის არსსა და დანიშნულებას (Выготский Л.С. Психология искусства. М., 1997, გვ. 193).

ჩატარებული კვლევის თანახმად, შეიძლება უფრო კონკრეტული საუბარი სათაურის დამოკიდებულებაზე ტექსტთან და მის ფუნქციებზე.

არსებობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთკავშირის ორი ფორმა: ექსპლიციტური და იმპლიციტური.

ექსპლიციტური ურთიერთკავშირი გულისხმობს დისტანტურ გამეორებას, რომელსაც აყალიბებს არა მხოლოდ თვით ტექსტი, არამედ ნაწარმოების ქვეტექსტიც. ასეთი კავშირი ერთჯერადიცაა და მრავალჯერადიც. ექსპლიციტური ურთიერთკავშირი ყველაზე მეტად მიიღწევა მაშინ, როცა სათაურის გამეორებადი ელემენტები მსჭვალავენ მთელ ტექსტს და თავსდებიან ნაწარმოების დასაწყისში ან ბოლოში ანუ – მის ,,ძლიერ პოზიციებზე“.

იმპლიციტური ურთიერთკავშირი გულისხმობს სათაურის გამაშუალებელ მდგომარეობას ტექსტთან, როცა სათაურის შინაარსი დაშიფრულია მეტაენის მეშვეობით, ხოლო ტექსტი წარმოდგება მეტაფორიზებული სათაურის განხორციელებად. იმპლიციტური კავშირი წარმოიქმნება მაშინ, როცა სათაური და ტექსტი წარმოქმნიან ახალ ერთიან შეტყობინებას.

ლიტერატურული ნაწარმოები მთელი სისტემაა, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან. ყველა ტექსტს აქვს თავისი ფარგლები (დასაწყისი და დასასრული), რომლებიც აძლიერებს ტექსტის შინაგან ერთიანობას და დასრულებულ ფორმას ანიჭებს ნაწარმოებს. ,,დასაწყისს აქვს განმსაზღვრელი მამოდელიერებელი ფუნქცია „ (ი. ლოტმანი). დასაწყისი შესაძლოა გულისხმობდეს ავტორის ვინაობას, სათაურს, ქვესათაურს, ეპიგრაფს, წინასიტყვაობას, ხოლო დასასრული – ბოლოსიტყვაობას, თავებად დაყოფას, შენიშვნებს… ჟანრული სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთმანეთს ენაცვლება ძირითადი და ფაკულტატური კომპონენტები. მაგალითად, ლირიკულ ნაწარმოებს შეიძლება არც ჰქონდეს სათაური, მაშინ, როცა დრამა აუცილებლად გულისხმობს მოქმედ პირთა ნუსხას. შემოფარგვლისათვის, დასაზღვრისათვის ნიშანდობლივი კომპონენტები ურთიერთდაკავშირებულად და ნაწარმოების მთელი ტექსტის მიმართ უნდა განვიხილოთ.

ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაში ეს კომპონენტები სხვადასხვა იყო. მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე მწერლები ტექსტს უცილოდ წარუმძღვარებდნენ ხოლმე პრეტექსტს, რომლითაც ნაწარმოების არსს განმარტავდნენ ან საკუთარი პოეტიკის თავისებურებებს აღნიშნავდნენ. რომანტიკოსები იყენებდნენ ეპიგრაფებს განსაზღვრული შთაბეჭდილების შესაქმნელად და ა.შ.

სათაურს თავისი ფუნქციები აქვს, რომლებიც იყოფა გარეგან და შინაგან მახასიათებლებად.

გარეგნულია: რეპრეზენტატიული ფუნქცია, რომელიც მიემართება მკითხველს და უსვამს მას განსაზღვრულ კითხვას, რომელზე პასუხი წიგნის წაკითხვის შემდეგ უნდა მიიღოს;

შემაერთებელი ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ვითარებას, როცა სათაური გარკვეულად აკავშირებს მკითხველსა და ნაწარმოებს, ნაწარმოებსა და სხვა ტექსტებს, ასევე – ტექსტის ყველა ელემენტს;

ამას ემატება მკითხველის აღქმის ორგანიზების ფუნქციაც.

შინაგანია:

 

ნომინატიური ფუნქცია, საერთო ყველა ნაწარმოებისათვის, როცა სათაურის დანიშნულება ტექსტის იდენტიფიკაციაა;

იზოლაციისა და დასრულებულობის ფუნქცია, როცა სათაური ტექსტს სხვა ტექსტებისაგან გამოყოფს და ნაწარმოებს დამოუკიდებლობას ანიჭებს;

ტექსტწარმომქმნელი ფუნქცია, რომელიც მკითხველის აღქმის ორგანიზების გარეგნული ფუნქციის შინაგანი ეკვივალენტია.

ასევე მიუთითებენ:

ინფორმატიულ ფუნქციას, როცა სათაური მკითხველს შინაარსზე აწვდის ინფორმაციას;

სარეკლამო ფუნქციას, რომლისათვის იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს: ფრთიან გამოთქმებს, აფორიზმებს, სატირულ ხერეხებსა და სხვ. სარეკლამო ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუბლიცისტურ ტექსტში.

ესთეტიკურ ფუნქციას, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკითხველზე ემოციური ზემოქმედება.

იმის მიხედვით, თუ რომელი – გარეგანი თუ შინაგანი – ფუნქცია დომინირებს, გამოყოფენ სათაურთა ორ ტიპს: გარე მიმართულების სათაურს, რომელიც მკითხველისკენაა მიმართული და  მის ემოციებზე ზემოქმედებს; და შიდა მიმართულებისას, რომელიც მიემართება ტექსტს და ცხოველმყოფლობას ანიჭებს ენის პარადიგმატულ საშუალებებს, მონაწილეობს ტექსტის სემანტიკურ და კომპოზიციურ ორგანიზებაში.

გვთავაზობენ სათაურთა ამგვარ კლასიფიკაციასაც:

ნაწარმოების ძირითადი თემისა თუ პრობლემის გამომხატველი სათაურები, რომლებიც მკითხველს ნაწარმოებში ასახული მოვლენების ზოგად სურათს უხატავენ; ასეთი სათაურები ხშირად სიმბოლურ ხასიათს იძენენ, ხოლო ნაწარმოების თემა მხატვრული ტექსტის კითხვისას ფართოვდება.

ნაწარმოების სიუჟეტური პერსპექტივის ამსახავი სათაურები, რომლებიც, თავის მხრივ, ორად განიყოფება:

ერთგვარი ფაბულური სათაურები, როცა მთელი სიუჟეტური რიგია წარმოდგენილი;

და

ერთგვარი კულმინაციური სათაურები, რომლებიც გამოყოფენ მოქმედების განვითარების თვალსაზრისით უმთავრეს მომენტებს; ამ შემთხვევებში ჩანს თხრობის კულმინაცია, რომელიც ტექსტს ორ ნაწილად ყოფს: ამ მომენტამდე და მას შემდეგ.

სათაურში შეიძლება აღნიშნული იყოს სიუჟეტური დეტალი, რომელიც ექსპოზიციისას, კვანძის შეკვრის ან გახსნისათვის მნიშვნელოვანია;

ერთგვარი პერსონაჟული სათაურები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ანთროპონიმია: იგი აცნობს მკითხველს ხან მთავარი პერსონაჟის ეროვნებას, ხან სოციალურ მდგომარეობას, ხან ტომობრივ კუთვნილებას… ანთროპონიმთა განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენს გამჭვირვალე შინაგანი ფორმის მქონე სახელები, რომლებიც გამოხატავენ ავტორის შეფასებას და ნაწარმოების წაკითხვამდე უქმნიან გარკვეულ შთაბეჭდილებას. ზოგი პერსონაჟის სახელი საზოგადო სახელადაც კი იქცევა.

ავტორმა სათაურში შეიძლება შემოიყვანოს არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსონაჟი, რითაც მათ თანაბარ მნიშვნელობას გახაზავს.

დროისა და სივრცის აღმნიშნავი სათაურები, როცა აღნიშნულია ქრონოტოპოსის კოორდინატები. ციკლურ კოორდინატებთან ერთად  (დღის, კვირის, თვის რომელიმე მონაკვეთი) მოქმედების დრო შეიძლება აღინიშნოს ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული თარიღით, რეალური ისტორიული პერსონაჟით და ა.შ. ადგილის კოორდინატი შეიძლება გამოიხატოს კონკრეტულ-რეალური ან გამოგონილი ტოპონიმით და ა.შ. (Литературная энциклопедия терминов и понятий/ Под ред. А.Н. Николюкина. – М., 2001;  Ламзина А.В.Заглавие//Литературоведение. Литературное произведение: основные понятия и термины. Под ред.Л.В.Чернец.М.,2001; Кожина Н.А. Заглавие художественного произведения: онтология, функции, параметры типологии//Проблемы структурной лингвистики.1984.:М.,1988; Лотман Ю.М. Структура художественного текста.:М.,1970; Каплан А. Заглавие – его семантическое и эстетическое назначение//Литературная Грузия.- 1984. – №2).

 

 

ქართული ისტორიული ნარატივი

ქართულ ისტორიულ ნარატივზე საუბარი უნდა დავიწყოთ აგიოგრაფიით, თუნდაც იმიტომ, რომ ძველ ქართულ მწერლობაში სამოქალაქო ისტორიული თხზულებების აღმნიშვნელ სახელად და ტერმინად, ისევე, როგორც – საეკლესიო ისტორიაში, ,,ცხოვრება“ (ცხორება) იხმარებოდა. ასევე გვხვდება – ,,მარტვილობა“ ( მარტვილობაი) და ,,წამება“ (წამებაი).

სხვათა შორის, ,,ქართლის ცხოვრებასაც“ ჯერ ,,ქართველთა ცხოვრება“ ეწოდებოდა, შემდეგ – ,,ცხოვრება ქართლისა“, ბოლოს – ,,ქართლის ცხოვრება“. სეხნია ჩხეიძემაც – მე-17 საუკუნის ქართველმა მწერალმა – თავის ნაშრომს ,,ცხოვრება მეფეთა“ უწოდა.

სიტყვა ,,ცხორება“ ქართულში ერთხანს საისტორიო თხზულებათა საზოგადო სახელი იყო და ,,ისტორიას“ ნიშნავდა. ამას ადასტურებს ბერძნული (ცხორება ბერძენთა), სომხური (ცხორება სომხითისა), სპარსული (ცხორება სპარსთა) საისტორიო კრებულების ამგვარად მოხსენიება ქართველ ისტორიკოსთა: ლეონტი მროველის, ჯუანშერის, სწავლულ კაცთა, ქართლის ცხოვრების გადაკეთებული გაგრძელების ავტორების მიერ.

საისტორიო ნაწარმოებთა ერთ-ერთ სახელად იხმარებოდა აგრეთვე ,,მატიანე“. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს მოხსენიებული აქვს ,,ძველი მატიანე ქართლისაი“. ეფრემ მცირე ასახელებს ,,წმიდათა მატიანეებს“. ეფრემისავე სიტყვებიდან ჩანს, რომ ძველად ამ სახელით დაბალხარისხოვანი, მოვლენათა მხოლოდ მარტივად აღმნუსხველი საისტორიო თხზულებები იწოდებოდა; ივანე ჯავახიშვილს ისეთი ტექსტების არსებობა, როგორებიც გახლდათ ,,მატიანე მოსახსენებელი სულთა“, ,,მატიანენი სააღაპონი“, აფიქრებინებდა, რომ მატიანე სიის მსგავსად შედგენილი, საისტორიო ცნობების მარტივად აღმწერის თხზულება იყო. მეცნიერისავე დაკვირვებით, მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილსა აქვს ისტორიის ეკვივალენტად მატიანე ნახმარი: ,,მატიანე განიყოფების ორად: საეკლესიოდ და სამოქალაქოდ“; ,,მატიანე განიყოფების ადგილის აღწერად, ნათესავთა მეტყველებად, წლის მრიცხველობად და მოქმედების აღწერად“.

ეფრემ მცირე ასახელებს ქრონოგრაფს (ხრონოღრაფი) ბერძნული ქრონოგრაფის მოხსენიებისას. ამ ტერმინის მკვიდრობაზე საუბარი ჭირს, მაგრამ ალბათ, ბერძნული ქრონოგრაფის შესატყვისი იყო ,,ჟამთააღმწერლობა, ხოლო ქრონოგრაფოსისა – ,,ჟამთააღმწერელი“. ეს სრულიადაც არ გამორიცხავს იმას, რომ ჟამთააღმწერელობა ისტორიკოსობას, ხოლო ჟამთააღმწერელი – ისტორიკოსს ნიშნავდა.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საისტორიო თხზულების სათაურად ,,ცხორება“ იხმარებოდა, რის სანაცვლოდაც თამარ მეფის ისტორიკოსმა პირველად იხმარა ტერმინი ,,ისტორია“. ამას გარდა, მას ,,ისტორიათააღმწერელობაცა“ აქვს ნახმარი, რაც მნიშვნელობით ისტორიოგრაფიას უნდა უდრიდეს.

არსებობდა ტერმინი ,,ჰამბავიც“, რომელიც ეფრემ მცირეს საისტორიო თხზულებათა სახელთა სიაშია. არსენი კათალიკოსი ლეონტი მროველს თხზულებას უწოდებს ,,ამბავი მეფეთა“-ს, ხოლო საკუთრივ ლეონტი თავისი შრომის ერთ თავს – ,,ამბავი ქართლისა“; პაპუნა ორბელიანი – მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი თავის ისტორიულ თხზულებას ,,ამბავნი ქართლისანი“-ს სახელით გვამცნობს.

საისტორიო თხზულებათა ნუსხაში ეფრემ მცირეს მოხსენიებული აქვს ,,მოთხრობაც“. იგივე მეცნიერი იხსენიებს ,,საეკლესიო მოთხრობასაც“. თამარ მეფის ისტორიკოსთან გვხვდება ,,შესხმა-მითხრობა“; არსებობდა ტერმინი ,,თხრობაი“. ბატონიშვილი ვახუშტი ასახელებს ,,ქორონიკონებსაც“, იმავე მატიანეებს, კინკლოსებს, ქრონოლოგიურ მინაწერებს…

საგანგებოდ შევჩერდეთ საისტორიო თხზულებათა კრებულ ,,ქართლის ცხოვრებაზე“ და საკუთრივ – მის სათაურზე:

ეს სათაური კრებულს უკვე ერქვა XIII-XIV საუკუნეებში, რასაც ადასტურებს სტეფანოზ ორბელიანი. მის 1299 წელს დასრულებულ ნაშრომში მოხსენიებული აქვს ,,ქართველთა  მატიანეთა წიგნი, რომელსაც ქართლის ცხოვრებას უწოდებენო. მაგრამ რამ დაუდო ამას სათავე? კრებულში შემავალ ნაწარმოებთა უმრავლესობას ჰქონდა სათაურები: ,,ცხოვრება ქართუელთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“, ,,წმინდა არჩილის წამება“, ,,ცხორება ვახტანგ გორგასალისა მეფისა“, ,,ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართუელთა მეფეთასა“ და ა.შ. არც ერთ მათგანს არ შეეძლო, მთელი კრებულისათვის ეს სათაური მეინიჭებინა, თუ არ ვიფიქრეთ, რომ სანამ კრებულში მხოლოდ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებები იყო შეტანილი და იგი ვახტანგ გორგასალის მეფობით მთავრდებოდა, მას სახელად ,,ქართლის ცხოვრება“ კი არა, არამედ ,,ქართველთა ცხოვრება“ ანუ ლეონტის თხზულების სათაურის პირველი ორი სიტყვა რქმევია. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თხზულებას, რომელსაც შეეძლო მიენიჭებინა კრებულისათვის სახელი ,,ქართლის ცხოვრება“, უნდა რქმეოდა ,,ცხოვრება ქართლისა“. განსვენებულ მეცნიერს ამგვარად მიაჩნდა ,,მატიანე ქართლისაი“, ნაწარმოები, რომელსაც მის დროს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამკვიდრებული ეს სახელწოდება. ივანე ჯავახიშვილივე ვარაუდობდა, რომ მისი ავტორი სწორედ აღმოსავლეთ საქართველოდან უნდა ყოფილიყო; მის თხზულებაში ქართლის შესახებ ყოველთვის დაწვრილებითაა საუბარი, ავტორმა აქაური გზების, სოფლების სახელები და მდებარეობა მშვენივრად იცის, მაშინ, როცა ნაკლებად ერკვევა კახეთის საკითხებში, და აფხაზეთზე საუბრისას ხომ იშვიათად გვხვდება ტოპონიმები; ის ხმარობს ზმნებს, სადაც შემოსვლის აღმნიშვნელი ზმნისწინებია ნახმარი და ა.შ.

ყურადღების ღირსია, რომ ანა დედოფლისეულ ქართლის ცხოვრებაში („ქართლის ცხოვრების“ ნუსხა, გადაწერილი დაახლოებით 1479–1495 წლებში კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის დედოფალ ანას (თავად გარსევან ჩოლოყაშვილის ქალიშვილი) ბრძანებით, რის გამოც მას „ანასეული“ ეწოდა; ანასეული „ქართლის ცხოვრება“ გადაწერილია მხედრულით, XIII საუკუნის I მეოთხედში შედგენილი დედნიდან) არის ასეთი სიტყვები: ,,საქმენი ხელთა ჩუენთანი წარმართენ, უფალო, ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვიღეთ სჯული ქრისტეანობისა და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი“. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა ,,ქართლის ცხოვრების“ სახელწოდება ანუ ,,ცხორება ქართლისა“ მოხსენიებულია (ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტომი 8, თბილისი, 1977, გვ.26-30; 200-202; 308).

ამგვარად, შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ კრებულს უკვე ,,ქართლის ცხოვრება“ ერქვა XIII საუკუნეში.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s