სალომე ომიაძე _ ჟურნალისტურ სათაურთა პრაგმატიკა


კომუნიკაციურ ტექნოლოგიათა სწრაფმა განვითარებამ კარდინალურად შეცვალა ადამიანის კომუნიკაციური ქცევა. თუ ჰიპერინფორმაციული ბუმის წინმსწრებ ეპოქაში კომუნიკაციის პრაგმატიკული მიზნების მიღწევა უპირატესად ვერბალური გზით ხორციელდებოდა, ჩვენს დროში აუცილებელი შეიქნა კომუნიკაციაში ვიზუალური შემადგენლების ინტენსიური გამოყენება. სამყარო უფრო ცხადი, მეტად ილუსტრირებული, დემონსტრაციული გახდა, გაჩნდა რეალური საფრთხე ამ თვალუწვდენელ და კაშკაშა სამყაროში ადამიანის დაკარგვისა, თუმცა, ამასთანავე, ადამიანს გაუჩნდა საკუთარი თავის წარდგენის უამრავი შესაძლებლობა, მიეცა ფართო ასპარეზი საკუთარი მოთხოვნილებების სარეალიზაციოდ, საკუთარი განზრახვის მიმზიდველად წარმოსადგენად, რაც ასევე უზრუნველყოფს მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

     თანამედროვე კომუნიკაციის შერეულმა (ვერბალურ-არავერბალურმა) ხასიათმა, რომელიც არ არის წინააღმდეგობრივი, ურთიერთობა `აზრთა დემონსტრირებად~ აქცია, რითაც წინ წამოსწია თავისი ინტერაქტიული პარამეტრი. ეს ცვლილება ენათმეცნიერულ დისციპლინებშიც აისახა. ადამიანსა და საზოგადოებაზე ინფორმაციული ნაკადის ინტენსიური და უწყვეტი ზემოქმედების პირობებში ამ ზემოქმედების მექანიზმების კვლევისა და მისი შედეგების ანალიზის ინტერესი გაჩნდა, რამაც, თავის მხრივ, დასაბამი დაუდო იმის თეორიულ შესწავლას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ენობრივი პიროვნება მოზღვავებულ ინფორმაციას, როგორ უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და შენახული კულტურული ფასეულობები, როგორ უნდა ააგოს საკუთარი მეტყველება, რომ მის, როგორც კონკრეტული ენობრივი კულტურის მატარებლის, თავისთავადობას არაფერი დაემუქროს.

თანამედროვე ადამიანის სამეტყველო ქცევაზე დაკვირვების ოპტიმალური საშუალება მასმედიის ენის შესწავლაა. ჟურნალისტური ტექსტი განსაკუთრებულ კომუნიკაციურ აქტს, უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს. იგი უმაღლესი დონის ენობრივი ერთეულია, ენობრივი სისტემის კონკრეტული რეალიზაციაა, რომელიც ენის ყველა ფუნქციურ სტილს მოიცავს. ჟურნალისტური ტექსტი სოციალური ხასიათისაა, მასში გარესამყაროს რეალური სურათი ყოველთვის ჟურნალისტისეული ინტერპრეტაციით არის წარმოჩენილი, რაც მედიის წარმომადგენელთა პასუხისმგებლობას მეტად ზრდის. მედიატექსტის შემქმნელებს ამოცანას ურთულებს ისიც, რომ მათ ინფორმაცია უნდა გაავრცელონ არაერთგვაროვან, მრავალრიცხოვან აუდიტორიაში, რომლის წევრებსაც მიწოდებული ინფორმაციის მიღებისა და გაგების არათანაბარი შესაძლებლობა აქვთ, ამიტომ ჟურნალისტს უწევს სტერეოტიპიზაციის ელემენტების შერჩევა, რათა შეტყობინების შინაარსის უნივერსალურობას მიაღწიოს. სტანდარტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით ჟურნალისტურ ტექსტთა სათაურები გამოირჩევა, სწორედ ისინი წარმოადგენს ჩვენი კონკრეტული კვლევის საგანს.

ჟურნალისტური სათაური ტექსტის ტექსტამდელი მაჩვენებელია, ტექსტის სიგნალია. იგი ძირითადი ტექსტისაგან ფორმალურად გამოიყოფა, ერთდროულად წარმოადგენს მთელის ნაწილსაც და დამოუკიდებელ შეტყობინებასაც. ამდენად, იგი არის ტექსტისაგან ნაწარმოები ერთეულიცა და თვით ტექსტიც, რომელიც სამეტყველო კომუნიკაციის დროს კომუნიკანტთა ურთიერთქმედების ორგანიზებისას სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. მათგან ნომინაციური ანუ სახელდებითი ფუნქციაა ის, რომლითაც ნებისმიერი სათაური ხასიათდება.

საგაზეთო სათაურების სხვა ფუნქციათა მკვეთრი გამიჯვნა ხშირად ვერც ხერხდება, მაგალითად, საინფორმაციო ფუნქცია მიზნად ისახავს მკითხველზე ზემოქმედებას. მაგრამ სწორედ აქ გადაიკვეთება საინფორმაციო და სარეკლამო ფუნქციათა მნიშვნელობები. უკანასკნელის უმთავრესი მიზანია სათაურის უჩვეულოდ გაფორმება არა მხოლოდ ვიზუალურ, სტრუქტურულ დონეზე, არამედ სემანტიკურადაც. სათაურის უჩვეულო შინაარსი, რომელიც მკითხველის ყურადღებას იპყრობს, თავის მხრივ, ერთგვარი რეკლამაა, მაგრამ აქ უკვე საინფორმაციო ფუნქცია ავლენს თავს იმდენად, რამდენადაც სათაურით გადმოცემული უჩვეულო შინაარსი, ამასთანავე, ახალ ინფორმაციას წარმოადგენს. თუმცა გვხვდება ისეთი სათაურებიც, რომლებშიც საინფორმაციო ფუნქცია ნულამდეა დაყვანილი და მათ ერთგვარი სარეკლამო ფირნიშის სახე აქვთ. სარეკლამო ფუნქციის აღსანიშნავად ხშირად ტერმინ `დამაინტრიგებელს~ იყენებენ.

თანამედროვე ჟურნალ-გაზეთების სათაურებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ სარეკლამო ფუნქცია ყველაზე წინ არის წამოწეული, მაგრამ ამ ფუნქციის აქცენტირება  ყოველთვის წარმატებულად შერჩეულ სათაურს არ გვაძლევს. გამოიყო სათაურთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებსაც პირობითად თუ შეგვიძლია სარეკლამო ანუ დამაინტრიგებელი სათაურები ვუწოდოთ. პირობითად იმიტომ, რომ ინტრიგა მათი სახელდების მოტივია მხოლოდ, რეალურად კი ისინი მიზანს ვერ აღწევენ, ვერ იზიდავენ მკითხველს.

სათაურის აღქმა და გაგება რთული პროცესია, რომელიც გულისხმობს მკითხველის ადრინდელი ცოდნის, სამყაროს შესახებ მისი აზრისა და სათაურში ავტორის მიერ გადმოცემული სიახლის მიმართებას; საკუთარი და ავტორის შეხედულებების შედარება-შეპირისპირებას. ძველისა და ახლის, საყოველთაოდ მიღებულისა და სრულიად უცნობის ურთიერთქმედების ამ რთულ პროცესში ხდება სათაურის აღქმა, რომლის შედეგადაც მკითხველს უყალიბდება ავტორისეული გამონათქვამის საკუთარი გაგება.

ქართულ მედიაში სათაურის ლაკონიზმს საპირისპირო ტენდენცია ჩაენაცვლა, მოკლე და სხარტი სათაურები გრძელმა და რთულმა ენობრივმა კონსტრუქციებმა შეცვალა. პირველ ჯგუფში სწორედ ის გრძელი სათაურები გავაერთიანეთ, რომლებიც ინფორმაციული სისავსის გამო არათუ იზიდავენ, არამედ ტექსტამდე მისასვლელ გზას უჭრიან მკითხველს. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: `საპატრიარქო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ილია მეორე სოჭში ვიზიტს აპირებს~; `იაპონიაში ბირთვული კრიზისის საფრთხე ჩერნობილის დონემდე ა(ს)წიეს~; `თბილისი სოჭის ოლიმპიადისთვის გაგრაში გასართობი ცენტრების მშენებლობას აპროტესტებს~; `საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს არ განიხილავს~; `უცნობი~ `მაესტროს~ აქციების 50%-ის მფლობელი ხდება და ახალ შოუს იწყებს~; `ბაქრაძის ვიზიტის გადადება ებრაელი ბიზნესმენების საქმეს არ უკავშირდება~; `კლიმიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავს~; `ევროვიზიის~ კონკურსი დიუსელდორფში იმ სტადიონზე ტარდება, სადაც 30 წლის წინ თბილისის `დინამომ~ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა~; `მინისტრებს მივლინებაში გამგზავრება მხოლოდ პრემიერ (-) მინისტრის თანხმობის შემდეგ შეეძლებათ~ … ამ ტიპის სათაურები იმდენად მომცველია, რომ იმ ტექსტთა რეზიუმედ შეიძლება ჩაითვალოს, რომელთა სათაურებსაც წარმოადგენენ.

ცალკე ჯგუფი შექმნეს იმ სათაურებმა, რომლებშიც იმდენად უინტერესოა ინფორმაციის უცნობი ნაწილი, რომ უცნობისა და ნაცნობის თანაფარდობის საკითხი არც კი განიხილება. ამდენად, ვერც მათ მივაკუთვნებთ წარმატებულ სათაურებს. ასეთებია; `რატომ ეგონა მუსიკოს გუფის მიშა სააკაშვილი მუსიკოსი და რატომ დაშორდა თამუნა მუსერიძეს~; `რატომ გაყვეს საწოლი ორ ნაწილად ირაკლი ჩოლოყაშვილმა და მისმა მეუღლემ~, `რას ზვერავდა ნანული სარაჯიშვილი თელავის ბაზარში?~ `რატომ არ დაუწუნა ანა კოშაძეს დედამთილმა დიასახლისობა და როდის ჰგავს ნაომარს მისი სამზარეულო~; `რატომ დატოვა დავით ზირაქიშვილმა საქართველოში 19 წლის მეუღლე და 8 თვის შვილი და რაზე ვერ იოცნებებდა ის ვერასდროს~… მართალია, უკანასკნელი ტიპის სათაურები უმთავრესად ყვითელი პრესის კუთვნილებაა, მაგრამ არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე ვხვდებით მათ იშვიათად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ამგვარი სათაური თავისი სტრუქტურით ან სემანტიკით კი  არ იზიდავს მკითხველს, არამედ იმ ადამიანების ყურადღებას იპყრობს, რომელთაც სათაურში ნახსენები პერსონალიები ამ სათაურისა და ტექსტისაგან განყენებულად მანამდეც აინტერესებდათ.

სარეკლამო ფუნქცია ვლინდება ავტორის მისწრაფებაში მაქსიმალურად მიმართოს მკითხველის ყურადღება საკუთარი სტატიისაკენ. ემოციურობით, განსაკუთრებული სუბიექტური შეფასებით, რაღაცის ართქმით ან რაღაცის ბოლომდე უთქმელობით ავტორმა უნდა გააჩინოს ინტრიგა, რომელიც მკითხველს მიიზიდავს.

თანამედროვე პრესისი ენაში სათაურებად გვხვდება ორ- და სამშემადგენლიანი სტრუქტურები, რომლებშიც ქვემდებარე არ ჩანს. თუმცა ამ ტიპის წინადადებები მკითხველთა დაინტერესების სხვადასხვა ხარისხით ხასიათდება. ნაკლები ზემოქმედების მქონეა უქვემდებარო წინადადება, რომელშიც ქვემდებარე არ არის და არც იგულისხმება შემასმენელთან. უქვემდებარო წინადადების შემასმენელი პირნაკლი ზმნაა, რომელსაც სუბიექტური პირი აკლია. იგი უპირატესად გამოხატავს ბუნების მოვლენებს, ადამიანის (ცხოველის) შეგრძნებებს, გუნებას, რაიმეს შესაძლებლობას, მაგალითად, “დღესაც იწვიმებს” _ ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრება”…

სათაურად გვევლინება კიდევ ერთი ტიპის წინადადება, რომელშიც კონკრეტული ქვემდებარე არ მოიპოვება და არც შეიძლება მოქმედ პირად ვიგულისხმოთ რომელიმე კონკრეტული საგანი, თუმცა ზმნას არა აქვს დაკარგული სუბიექტური პირის გაგება და მოქმედად მაინც ივარაუდება ვიღაც ან რაღაც. კომუნიკანტებისათვის მოქმედი პირისა თუ პირების კონკრეტიზაცია არ არის მნიშვნელოვანი, რადგან მთავარი ყურადღება გადატანილია მოქმედებაზე და არა მოქმედზე, მოქმედება კი, როგორც წესი, მესამე სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის ფორმითაა წარმოდგენილი. ასეთი განუსაზღვრელპირიანი, ქვემდებარეგაუჩინარებული სათაურებია “გაძვირებას ამბობენ”, “ყინვებს ვარაუდობენ”…

კონკრეტული ქვემდებარე არ ჩანს კიდევ ერთი სახის წინადადებაში, რომელსაც განზოგადებულპირიან წინადადებას უწოდებენ და რომელიც ხშირად არა, მაგრამ მაინც გვხვდება სათაურად _ “ასჯერ გაზომე”, “იცოდე საკუთარი ქვეყნის წარსული”… როგორც ვხედავთ, ზმნა-შემასმენელს მეორე სუბიექტური პირი შეეწყობა, მაგრამ ეს პირი (შენ) კონკრეტულობის შინაარსისაგან დაცლილია და ზოგადად ყველას აერთიანებს.

ზემოთ განხილული სამი შემთხვევისაგან სრულიად განსხვავდება მეოთხე: საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ იმ ხერხზე, რომელიც სათაურად ქცეული წინადადებიდან შემადგენლის გაუჩინარებაში მდგომარეობს და რომლის მიზანსაც სათაურისა და მის მიერ დასახელებული ტექსტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის აღძვრა წარმოადგენს. მაგალითად _ “ხვალიდან დინამოს  ღირსებას დაიცავს” _ ამ წინადადება-სათაურში ქვემდებარე არ ჩანს, მაგრამ არ ჩანს არა იმიტომ, რომ მოქმედად მაინც იგულისხმება ისეთი პირი, რომლის ვინაობის განსაზღვრის საჭიროება არ არის, ვინაიდან ყურადღება გადატანილია თვით მოქმედებაზე, არამედ _ სწორედ მოქმედის ვინაობაა მთავარი და მისი გაუჩინარებით (სათაურში დაუსახელებლობით) განსაკუთრებული ინტერესი ჩნდება, რაც მკითხველს აუცილებლად წააკითხებს ტექსტს. მოვიყვანთ ამგვარი სათაურების ნიმუშებს: “ფინანსურ სიძნელეებს წააწყდნენ”, “წარდგენილია ნობელის პრემიაზე”, “პოლიციისაგან ხელშეუხებლობას მოითხოვს”…

სათანადოდ შერჩეული ერთი შემადგენლის გაუჩინარებით მართლაც იქმნება ინტერესი და გაუჩინარებული წევრის საპოვნელად და ამოსაცნობად მკითხველი ტექსტს მიმართავს. მაგრამ ცდებიან ის ჟურნალისტები, რომლებსაც გაუჩინარებულ შემადგენელთა რაოდენობის გაზრდით მკითხველის ინტერესის გამძაფრება სურთ. ზოგიერთ საგაზეთო სათაურში წინადადების ორი შემადგენელია გაუჩინარებული, რაც დაინტერესების ეფექტს ვერ ქმნის იმიტომ, რომ ნაცნობი ინფორმაცია თითქმის ნულამდეა დაყვანილი, მაგალითად, “კვლავ ამწვავებენ” (ვინ? რას?); “სასტიკად გააკრიტიკა”  (ვინ? ვინ/რა?); “მხარი დაუჭირა” (ვინ? ვის/რას?) … ამ სათაურებში ორი გაუჩინარებული შემადგენლიდან ერთ-ერთი რომ აღვადგინოთ, დასახელებული ჟურნალისტური შეცდომა თვალსაჩინო გახდება, შევადაროთ: “სასტიკად გააკრიტიკა” და “პრემიერ-მინისტრმა სასტიკად გააკრიტიკა” ან “მხარი დაუჭირა” და “პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა”, რა თქმა უნდა, შესადარებელ წყვილებში მეორე ცალებს მეტად შეუძლიათ მკითხველის მიზიდვა.

ამრიგად, გარდა იმ ენობრივ-სტილისტიკური შეცდომა-უზუსტობებისა, რომლებზედაც ჩვენ ამჯერად არ გვისაუბრია, თანამედროვე ჟურნალისტურ სათაურებში ხშირად ირღვევა ინფორმაციის გადაცემისა და მიღების მთავარი პრინციპი _ ნაცნობისა და უცნობის თანაფარდობა, რის  გამოც სათაური სათანადოდ ვერ ასრულებს თავის მთავარ პრაგმატიკულ ფუნქციას.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s