ლაშა ჩხარტიშვილი _ „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“, ანუ სათაური ქართულ თეატრში


როცა სპექტაკლის ორიგინალურ დასახელებას ვიხსენებ, პირველ ყოვლისა ირაკლი სამსონაძისა და გიორგი თავაძის სათაურში ნახსენები ერთობლივი პიესა მახსენდება.  დრამატურგ ირაკლი სამსონაძის ნაწარმოებები შესაძლოა გამოირჩევა ორიგინალური სათაურებით (პროზაში-„ლეას საათი“, „ყურთბალიში“), მაგრამ მის დრამატურგიაში  სათაურების შინაარსობრივ (სემანტიკურ) ორიგინალობას მათი სიგრძეც განაპირობებს.  „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“, „იქ, სადაც ღვარად მოედინება“, „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“, „აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა“, „საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში“, „კომანის გულწითელა-თეთრი მტრედი“ და სხვა – ეს ირაკლი სამსონაძის პიესების სათაურებია. როცა მთელი თანამედროვე მწერლობა, დრამატურგია და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ მიმართულია მაქსიმალური სისადავისა და გამარტივებისაკენ, ირაკლი სამსონაძე დინების საწინააღმდეგოდ მიექანება და თავის პიესებს გრძელ და „ჩახლართულ“ სათაურებს არქმევს. მაგრამ მათი ასეთი „მორთულობა“ და  გარეგნული „სირთულე“ მხოლოდ ფასადია, მაგრამ ინტერიერში დიდი სიღრმეა. ირაკლი სამსონაძესთან სათაურს კონცეფტუალური დატვირთვა აქვს და სათაურად გამოტანილი ფრაზები, რომელიც სპექტაკლშიც გვხდება (მას პერსონაჟები წარმოთქვამენ კულმინაციურ სცენებში) სამსონაძის მსოფლმეხდველობრივ კრედოს წარმოადგენს და წარმოთქმული ფრაზა პირდაპირ და ირიბად ამ კონცეფციის გასაღები ხდება. თითოეული ფრაზა-სათაური გარკვეული ნიშნების (თითოეული სიტყვა ნიშანია) ერთობლიობაა, რომელიც მყარ ფილოსოფიურ, სომბოლურ შეგრძნებებს ემყარება და რაც მთავარია, მაყურებლისთვის მათი აღქმა იოლია.

მაგალითად, „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“- პიესის გმირმა კულინარ-ექსპერიმენტატორმა ანრი კუკუამ შექმნა. ორიგინალური რეცეპტით მომზადებული პუდინგი სპექტაკლში (პიესის მსგავსად) პირველყოფილ დანიშნულებას სცილდება და იგი მეტაფორად აღიქმება. ისმის კიდეც სპექტაკლში ფრაზა – „ამ პუდინგმა დააქცია ეს ქვეყანა?“. კონიაკითა და რომით შეზავებული ბანანისა და კომშის პუდინგი ისაა, რაზეც დგას მთელი სპექტაკლის სიუჟეტი და დრამატურგის მსოფლმხედველობა. სათაური ამავდროულად პიესის ცალკეულ პერსონაჟთა ტიპსაც გამოხატავს და ამ ნაზავთა ისტორიის განვითარებას ვაკვირდებით სცენაზე.  იგივე პრინციპი გრძელდება მის სხვა პიესებზეც. ასე, რომ სამსონაძის პიესების სათაურები, რომელსაც სცენაზე ინტერპრეტირებისას თითქმის არ ცვლიან რეჟისორები ლოგიკურად ჩამოყალიბებულ გარკვეულ ხედვებს სამყაროზე და ჩვენს თანამედროვეობაზე ემყარება.

იყო დრო, როცა ქართული თეატრი, ევროპულის მსგავსად, გარკვეულ კანონებსა და ჩარჩოებში ექცეოდა. თეატრის მოღვაწეებიც გულმოდგინეთ იცავდნენ გარკევულ წესებს. ნებაყოფლობითი „შებოჭილობა“, როგორც დადგენილი წესი, ვრცელდებოდა პიესის სათაურების სპექტაკლებზე ზუსტი გადატანით. ეს ტენდენცია მძაფრად საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წწ.) შეინიშნება. ამ პერიოდის  ქართული თეატრის რეპერტუარს რომ გადავავლოთ თვალი, იშვიათად შევხვდებით შემთხვევას, როცა სპექტაკლის სათაური სხვა, ან თუნდაც ნაწილობრივ შეცვლილი სახელწოდებით გვხვდება. გამონაკლისების დაშვების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ რეფორმატორი რეჟისორები აძლევდნენ, მაგრამ მათ თანამედროვე რეჟისორებისაგან განსხვავებით მყარი და ჩამოყალიბებული მოტივაცია ჰქონდათ. ასე მაგალითად, კოტე მარჯანიშვილის მიერ არის დადგმული სპექტაკლი „ნინოშვილის გურია“, რომელიც ეგნატე ნინოშვილის ერთდროულად რამდენიმე მოთხორბისაგან შედგებოდა, ფრიდრიხ შილერის პიესა, რომელიც „ყაჩაღების“ სახელით არის ჩვენთვის ცნობილი (ორიგინალში Die Räuber, ინგლისურად The Robbers-ქურდები, მძარცველები) სანდრო  ახმეტელმა  „In Tiranos“-ის სახელწოდებით 1933  წელს დადგა, რაც ქართულად „ყაჩაღების წინააღმდეგ“ ნიშნავს და სპექტაკლი მთლიანად გათვლილი იყო საბჭოთა ხელისუფლების, ტოტალიტარული და  დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.  ამ შემთხვევაში გასაგებია რეჟისორის მოტივაცია, თუ რატომ ცვლიდა პირველწაროს სახელწოდებას იგი.

თანამედროვე ქართულ თეატრში, შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა პიესის გადაკეთება, პირველწყაროს სიუჟეტში ჩარევა და ორიგინალიდან გვარიანი დაშორება, რაც სათაურების ცვლაზეც აისახა. უფრო მეტიც, ახალგაზრდა რეჟისორებში ეს მოდად იქცა, ისევე როგორც პიესის სიუჟეტურ ქსოვილის დაჭრა-დაქუცმაცება, ისე რომ გიკვირს კიდეც და როგორც მაყურებელი საკუთარ თავს უსმევ კითხვას: მაშ, რაღაზე დგამდა ეს რეჟისორი ამა თუ იმ პიესას, თუ აპირებდა სიუჟეტის შეცვლას, დრამატურგიული ქსოვილის დარღვევას და მისეული კუპიურებით სპექტაკლის „გამდიდრებას“.

თანამედროვე თეატრში არსებობს სპექტაკლის სათაურებთან სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება, რომელთაც ხან აქვს გარკვეული საფუძველი და ხანაც არა. ამ საკითხის განხილვისას მივიღებთ გარკვეულ ჯგუფებს.

  1. როცა რეჟისორები უცვლიან პიესას სათაურს იდეური მოტივაციის გარეშე, ან ეს მოტივაცია მაყურებლისთვის ბუნდოვანია და არ იკითხება.
  2. კონცეფტუალური მოტივით
  3. პირველწყაროს სათაურის გამარტივების მიზნით
  4. საავტორო უფლებებისგან თავის დაღწევის მიზნით
  5. ორიგინალობისთვის, მაყურებლის ყურადღების მიქცევისთვის
  6. კლასიკური სიუჟეტის ირონიზებისა და ახალი თანამედროვე სიუჟეტის შექმნის მოტივით

ამ პროცესებს რადიკალურად ეწინააღმდეგება ის შემთხვევები, როცა პირველწყაროს სათაური რჩება, მაგრამ სპექტაკლს საერთო არაფერი აქვს მასთან, როგორც ორიგინალთან.

თანმიმდევრობით განვიხილოთ თითოეული შემთხვევა:

ეჭვი მაქვს, რამდენიმე ქართველი თეატრის რეჟისორის მიერ ცნობილი პიესის სათაურის შეცვლა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ეს პიესა მას სხვა თეატრში უკვე  დადგმული აქვს. ამ გზით რეჟისორთა გარკვეული კატეგორია მაყურებლის თვალის ახვევას ცდილობს, განსაკუთრებით კი რეგიონების თეატრებში. პოლიკარპე კაკაბაძის პიესას „ყვარყვარე თუთაბერი“ სხვადასხვა თეატრში სხვადასხვა სათაურით „ლოპიანე“, „სიმართლე თუ გინდათ ესაა…“ ვხდებით. პიესის სათაურის შეცვლის მოტივაცია ბუნდოვანია ლაშა ნოზაძის სპექტაკლში „გველის მჭამელი“ (რუსთავის თეატრი, 2011). სპექტაკლი მთლიანად მიყვება გრიგოლ რობაქიძის „ლამარას“ სიუჟეტს. დადგმაში თავად გველისმჭამელი მინდია სულაც არ არის მთავარი მოქმედი გმირი, ის სიუჟეტის დამხმარე ატრიბუტადაა ქცეული. სწორედ, ამიტომ ძნელია განსაზღვრო რატომ ქვია სპექტაკლს „გველის მჭამელი“, როცა სპექტაკლის ეპიზოდთა თანმიმდევრობა არც ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის სიუჟეტს მიჰყვება.

კონცეპტუალური მოტივით გადაანაცვლა პერსონაჟთა თანმიმდევრობა გოგა მარგველაშვილმა სპექტაკლში „ ჯულიეტა და რომეო“ (შექსპირის „რომეო და ჯულიეტას მიხედვით“). სპექტაკლის სათაურის შეცვლა განპირობებული იყო თანამედროვეობით, ქალის გააქტიურებით ჩვენს საზოგადოებაში. გოგა მარგველაშვილის სპექტაკლში ჯულიეტა (ია სუხიტაშვილი) იყო მთავარი, აქტიური პერსონაჟი და სიუჟეტის მამოძრავებელი ძალა, ხოლო რომეო ერთ ფლეგმა, ინდიფერენტულ, უინიციატივო ჭაბუკად იქცა სპექტაკლში. ამ შემთხვევაში სპექტაკლის შეცვლილი სათაური მთლიანად ამართლებდა მიზანს.

პირველწყაროს სათაურის გამარტივების მცდელობას უნდა წარმოადგენდეს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „ეუხენა ბალბოა“, რომელიც ალეჰანდრო კასონას პიესის „ხეები ზეზეურად კვდებიან“ მიხედვით დადგეს რეჟსიორებმა ლევან წულაძემ და  დიმიტრი ხვთისიაშვილმა. ამ ჯგუფში უნდა მოვიაზროთ კინომსახიობთა თეატრში განხორციელებული გურამ დოჩანაშვილის „ჩვენი ბუჭუტა, ჩვენი ტერეზა“, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრიზისკიმ „ჰარალეთი, ჰარალეთი“ სახელწოდებით დადგა.

კლასიკური სიუჟეტის დემონტაჟმა განაპირობა ლაშა ბუღაძის პიესის „ნუგზარი და მეფისტოფელი“  სათაური. პიესა გოეთეს „ფაუსტის“ რეცეფციას წარმაოდგენს. ფაქტიურად, ლაშა ბუღაძის პიესაში მხოლოდ გოეთეს  ნაწარმოების ფაბულაა დარჩენილი, პერსონაჟები კი გამოგონილი, სიუჟეტი კი თანამედროვე საქართველოში გადმოტანილი, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება პირველწყაროს. მხოლოდ მეფისტოფელია გოეთესეული, რომელიც ლოგიკურად ჩაეწერა თბილისელი, სუიციდური ვნებებით შეპყრობილი ნუგზარის ატმოსფეროში. ლაშა ბუღაძის ირონიულობა პიესაში მეფისტოფელის ტექსტებში იკვეთება და ის უფრო სოციუმისკენაა მიმართული ვიდრე გოეთეს „ფასუტის“ სათაურისაკენ, განსხვავებით დათო ტურაშვილის პიესისაგან „ჯამლეტი“. ჯამლეტი თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის (გლდანის) პრინცია, რომელიც იგივე პრობლემებს ეჯახება, რასაც შექსპირის დანიელი პრინცი. „ჰამლეტის“ ქართული სათაური მცირეოდენ ეპატაჟსაც შეიცავს და ის შესაბამისად, მაყურებელს ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით აღავსებს. სათაურისადმი ეს ისეთივე მარკეტინგული მიდგომაა, როგორც პაატა შამუგიას „ვირთხისტყაოსანი“ და ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“. მისი  გამოუქვეყნებელი პიესის სახელწოდებაც „FaceFuck“  ამ მოტივით აიხსნება, ის ერთდროულად პასუხობს შინაარს და გათვლილია ცნობისმოყვარე მასებზე.

ქართულ თეატრში სპექტაკლების სათაურებთან მიმართებაში ხშირია შემთხვევა, როცა რეჟისორები პიესას უცვლიან სახელწოდებას და სიუჟეტს უცვლელს ტოვებენ (საავტორო ლიცენზიის მოპოვებისგან თავის არიდების მიზნით) და როცა რეჟისორები პირველწყაროს სათაურს უცვლელს ტოვებენ და სპექტაკლის სიუჟეტები კი მთლიანად მოშორებულია ორიგინალს. მათ შორის (ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებსა და თეატრალურ ნაწარმოებს) ზღვარი მთლიანად მოშლილია. ამის ნათელი მაგალითია რეზო გაბრიაძის მიერ გადმოქართულებული „ჩვენი პატარა ქალაქი“  ტორტონ უაილდერის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მხიედვით (რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი). იგივე ითქმის თავისუფალ თეატრში ავთო ვარსიმაშვილის მიერ განხორციელებულ სპექტაკლზე „კომედიანტები“ (ჯონ ოსბორნის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით) და მისსავე სპექტაკლზე „მექანიკური ფორთოხალი“ (ენტონი ბერჯესის რომანის მიხედვით).

ასე რომ, თეატრში წასასვლელად მომართულ მაყურებელს სიფრთხილე და ინფორმაციის გადამოწმება მართებს, რადგან თეატრში მისულს შესაძლოა საყვარელი ბესტსელერის თეატრალური ინტერპრეტაციის ნაცვლად სულ სხვა ნაწარმოები დახვდეს სცენაზე გათამაშებული-მისთვის მოულოდნელი პერსონაჟებით, სიუჟეითა და სიტუაციით.

ამიტომაც,  საინტერესოა სად ირღვევა ავტორის და მაყურებლის უფლება?

დეინფორმაციულობის შარა-გზაში?

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s