ვლადიმერ ლუარსაბიშვილი _ სათაურის პრობლემა თარგმანში


ფ. შლაიერმახერი და უცხოს რევალორიზაცია

 მაშინ როდესაც მე-17 საუკუნეში საუბრობდნენ იმიტაციის, ხოლო მე-18 საუკუნეში მთარგმნელის მოვალეობაზე მოეხდინა ორიგინალი ტექსტის სულის გადმოღება თარგმანში, მე-19 საუკუნის გერმანელი რომანტიკოსები (გოეთე, ჰუმბოლდტი, ნოვალისიAდა შლეგელი) საუბრობდნენ თარგმნის შესაძლებლობასა და შეუძლებლობაზე და თარგმანის მითიურ ბუნებაზე (Lefevere 1997; Snell-Hornby 2006, I თავი). 1813 წელს, თეოლოგმა და მთარგმნელმა ფრიდრიხ შლაიერმახერმა დაწერა მეტად მნიშვნელოვანი ტექსტი თარგმანის შესახებ . თავდაპირველად, მან განასხვავა მთარგმნელთა ორი ტიპი, რომლებიც ტექსტთა განსხვავებულ ტიპებზე მუშაობენ:

 

_ D Dolmetscher, რომელიც კომერციულ ტექსტებს თარგმნის, და

–   Ubersetzer , რომელიც სამეცნიერო და სამხატვრო ტექსტებს თარგმნის.

 

ფ. შლაიერმახერმა თარგმანის წარმატებით შესრულების ორი გზა დასახა:

 

 

,,ჩემი აზრით, ასეთი გზა ორია. ერთი მათგანის მიხედვით, მთარგმნელი შორდება ავტორს და თარგმნის მკითხველზე ორიენტირებულად, ხოლო მეორის მიხედვით, მთარგმნელი მოწადინებულია თარგმანი შეძლებისდაგვარად ახლოს იყოს ორიგინალთან. პირველი გზის არჩევისას, მთარგმნელი მკითხველს იგივე შთაბეჭდილებას გადასცემს, რომელიც მასზე მოახდინა ორიგინალმა, მისთვის უცნობი ენის ავტორმა, მეორეს შემთხვევაში კი იმგვარად წარუდგენს მკითხველს ნაწარმოებს, თითქოს ავტორს ის მის ენაზე დაეწერა” (García Yebra: 41-42).

 

შლაიერმახერის ზეგავლენა მეტად დიდი აღმოჩნდა. ჰ. კიტელი და ა. პოლტერმანი (H. Kittel and A. Polterman 1998: 424) მიუთითებენ, რომ ,,ყველა თანამედროვე თარგმანის თეორია – ყოველ შემთხვევაში, გერმანულენოვანი, – გარკვეულწილად ეხმიანება შლაიერმახერის ჰიპოთეზებს”. შლაიერმახერის შეხედულება ტექსტთა განსხვავებული ტიპების შესახებ განსაკუთრებით გამოიკვეთა კ. რაისის (K. ღეისს) ტექსტის ტიპოლოგიაში. ოპოზიციები ,,გაუცხოება” (alienation) და ,,ნატურალიზაცია” (naturalizing) განავრცო ლოურენს ვენუტიმ (L. Venuti) როგორც ,,გაუცხოება” და ,,გაშიანურება”. ,,თარგმანის ენის” ხედვა გამოიყენა ვოლტერ ბენიამინმა (Walter Benjamin), ხოლო თარგმანის ჰერმენევტიკის აღწერა კი – გეორგ შტაინერმა ,,ჰერმენევტიკურ წრეში”.

 

1970-80 წლებში მოხდა თარგმანის ძვრების სტატიკური ლინგვისტური თეორიებიდან გადასვლა ფუნქციურ და კომუნიკაციურ მიდგომაზე, განსაკუთრებით გერმანიაში. აღნიშნული თვალსაზრისით, საინტერესოა რამდენიმე მეცნიერის ახალი ტექსტები.

1970წ. გამოცემული კატარინა რაისის (Katharina Reiss) ნაშრომი ექვივალენტობის იდეას ეფუძნება. იგი ტექსტს განიხილავს არა როგორც სიტყვას ან წინადადებას, არამედ როგორც დონეს, რომელზეც კომუნიკაცია მიიღწევა და ექვივალენტობა შეიძლება იქნეს დანახული (Reiss 1977/89: 113-14). მისი ფუნქციური მიდგომის მიზანია თარგმანის შეფასების სისტემატიზაცია. იგი ეყრდნობა კარლ ბუჰლერის (Karl Buhler) ენის ფუნქციების სამი გზის კატეგორიზაციას.2 კ. რაისი აკავშირებს სამ ფუნქციას მათ შესაბამის ენის ,,განზომილებებთან” და ტექსტის ტიპებთან, ან იმ კომუნიკაციურ სიტუაციებთან, რომლებშიც ხდება მათი გამოყენება. ტექსტის ყოველი ტიპის ძირითადი მახასიათებლები არის შემდეგი:

– ,,ფაქტების უბრალო კომუნიკაცია”: ინფორმაცია, ცოდნა, აზრი და სხვ. ენის განზომილება, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისთვის, არის ლოგიკური ან რეფერენციული, შინაარსი ან ,,თემა” არის კომუნიკაციის ძირითადი ფოკუსი, და ტექსტის ტიპი არის ინფორმაციული;

– ,,კრეატიული კომპოზიცია”: ავტორი იყენებს ენის ესთეტურ განზომილებას. ავტორი, ან ,,გამომგზავნი” არის წინა პლანზე, ისევე, როგორც გზავნილის ფორმა, და ტექსტის ტიპი არის ექსპრესიული;

– ,,ინდუცირებული ქცევითი პასუხები”: საზოგადო სახელი ფუნქციის მიზანია მკითხველის ან ტექსტის ,,მიმღების” მიზიდვა ან დარწმუნება მოიქცეს გარკვეულად. ენის ფორმა არის დიალოგიური, ფოკუსი – აპელაციური, ტექსტის ტიპი კი ოპერატიული;

– აუდიომედიალური ტექსტები: ფილმები, სამეტყველო, ვიზუალური რეკლამები, რომლებიც უზრუნველყოფს წინა სამ ფუნქციას ვიზუალური გამოსახულებით, მუსიკით და სხვ. (რომელიც გვიბიძგებს შევიძინოთ რაიმე, ან განსაზღვრულად მოვიქცეთ). კ. რაისმა შეიმუშავა ტექსტის სახეები, ანუ ჟანრები (Textsorte). მის თანახმად, მაგ., ლექსი არის მაღალექსპრესიული, ფორმაზე ფოკუსირებული ტიპი, ხოლო რეკლამა კი – ოპერატიული ტექსტის ტიპი. აღნიშნულ ორ პოლუსს შორის მოთავსებულია ჰიბრიდული ტიპები, მაგ. ბიოგრაფია შეიძლება მოთავსდეს ინფორმაციულ და ექსპრესიულ ტიპებს შორის, ისევე, როგორც ქადაგება (რომელიც იძლევა ონფორმაციას და, ამავე დროს, გვიბიძგებს გარკვეული ქცევისკენ).

პიბრიდული ტიპების არსებობის მიუხედავად, კ. რაისი აღნიშნავს (გვ. 109), რომ ,,ორიგინალი ენის დომინანტური ფუნქციის გადატანა არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რითაც ფასდება თარგმნილი ტექსტი”. იგი ,,ტექსტის ტიპიდან გამომდინარე სპეციალურ მთარგმნელობით მეთოდებს” გვთავაზობს:

– ინფორმაციული ტექსტის თარგმანში უნდა მოხდეს ორიგინალი ტექსტის სრული რეფერენციული და კონცეპტუალური გადატანა;

– ექსპრესიული ტექსტის თარგმანში უნდა მოხდეს ესთეტური და სამხატვრო ფორმების გადატანა;

– ოპერატიული ტექსტის თარგმანში უნდა აღიძრას მკითხველში სასურველი პასუხი, მან უნდა ექვივალენტური ეფექტი წარმოქმნას ,,ადაპტაციური” მეთოდის გამოყენებით;

 

– აუდიომედიალური ტექსტები საჭიროებენ ,,დამატებით” მეთოდს, მაგ, დაწერილ სიტყვებს ვიზუალური გამოსახულებითა და მუსიკით. კ. რაისი ასევე აღნიშნავს (1971: 54-88) ექსტრა- და ინტრალინგვისტური ინსტრუქციების კრიტერიუმებს (Instruktionen), რომლითაც შეიძლება შეფასდეს თარგმანის ადექვატურობა. ესენია: 1) ინტრალინგვისტური: სემანტიკური, ლექსიკური, გრამატიკული და სტილისტური მახასიათებლები; 2) ექსტრალინგვისტური: სიტუაცია, თემის არეალი, დრო, ადგილი, მიმღები, გამგზავნი და აფექტური იმპლიკაციები (იუმორი, ირონია, ემოცია და სხვ.).

ავტორის აზრით, ეს კრიტერიუმები ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა ტექსტის ტიპიდან გამომდინარე, მათ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ (1971: 69). მაგალითად, შინაარსზე ფოკუსირებული ტექსტის თარგმნისას უპირველესია სემანტიკური ექვივალენტობის მიღწევა, პოპულარული სამეცნიერო წიგნის შემთხვევაში – მეტი ყურადღება ორიგინალის ტექსტის ინდივიდუალურ სტილს ეთმობა  და სხვ.

კ. რაისის ნაშრომი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მას თარგმანის კომუნიკაციურ მიზნამდე მივყავართ. თუმცა, მის ნაწერებზე არაერთი კრიტიკული შეხედულებაა გამოთქმული, რომელიც შეკრებილია ფოსეტის (Fawcett, 1997) მიერ. ერთ-ერთი ასეთი შეკითხვაა, თუ რატომ არსებობს ენის მხოლოდ სამი ტიპის ფუნქცია. ქ. ნორდი, რომელიც იგივე მიმართულებით მუშაობდა, მიუთითებდა მეოთხეს დამატების შესაძლებლობაზე (phatic) და ეყრდნობოდა რ. იაკობსონის ტიპოლოგიას (Nord: 1997: 40). სევე ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ერგება კ. რაისის მიერ შემოთავაზებული მეთოდები სპეციფიკური ტექსტების თარგმნას. ლოგიკური ,,ფაქტების უბრალო კომუნიკაციური” მეთოდი, რომელიც საინფორმაციო ტექსტებისათვისაა შემოთავაზებული, ასევე კითხვას ბადებს. მაგ, ბიზნესისა და საფინანსო ტექსტები ინგლისურ ენაზე მოიცავენ დიდი ოდენობით მარტივ და რთულ მეტაფორებს, რომელთაგან ყველას არ გააჩნია მყარი შესატყვისი სხვა ენებზე.

ყოველიზე ზემოთქმულის საფუძველზე იბადება კითხვა: საერთოდ შესაძლებელია თუ არა ტექსტის ტიპების დიფერენციაცია. მაგ., წლიური ბიზნეს-ანგარიში, რომელსაც კ. რაისი ძლიერ ინფორმაციულ ტექსტად განსაზღვრავს, შეიძლება ექსპრესიული მხარის მომცველი იყოს. ასეთ შემთხვევაში, იგი ვეღარ ჩაჯდება მკაცრად განსაზღვრულ ტექსტთა ტიპში. დაბოლოს, გამოყენებული თარგმნის ხერხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ტექსტის ტიპზე, არამედ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა მთარგმნელის როლი, მიზანი, სოციო-კულტურული გარემოებები, თარგმნის სტრატეგია.

მთარგმნელის როლი: ხილვადობა (ხილულობა), ეთიკა და სოციოლოგია

ლოურენს ვენუტის (Lawrence Venuti) აზრით, თარგმანმცოდნეობის შესწავლის სფერო უნდა გაფართოვდეს, რათა მხედველობაში იქნეს მიღებული სოციო-კულტურული ჩარჩოს ღირებულებებით მართული ბუნება. ამით უპირისპირდება ის  გ. ტოურის მოდელს, რომლის მიზანია წარმოქმნას თარგმანის ,,ღირებულებისგან თავისუფალი” ნორმები და კანონები:

,,გ. ტოურის მოდელი… უნდა შემობრუნდეს კულტურული თეორიისკენ, იმ მიზნით, რომ შეაფასოს მონაცემები და მოახდინოს ნორმების ანალიზი. ნორმები შეიძლება იყოს, პირველყოვლისა, ლინგვისტური ან სალიტერატურო, მაგრამ ისინი ასევე მოიცავს შინაგანი ღირებულებების, რწმენებისა და სოციალური რეპრეზენტაციების ფართო სპექტრს, რომელსაც იდეოლოგიური ძალა გააჩნია სპეციფიკური ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე” (1998ა : 29).

მმართველებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ინსტიტუტების გარდა, რომლებიც წყვეტენ ხელი შეუწყონ თუ არა კონკრეტულ თარგმანს, ლ. ვენუტი ასევე მიუთითებს საგამომცემლო ინდუსტრიის როლზეც. მისი აზრით, უპირველესად სწორედ გამომცემლები არიან ისინი, ვინც ირჩევენ სათარგმნ ტექსტს და უხდიან მთარგმნელს ჰონორარს, ასევე ხშირად კარნახობენ თარგმნის სტრატეგიას. ამ წრეში ასევე მოიაზრება სალიტერატურო აგენტები, მარკეტინგისა და გაყიდვის ჯგუფები და მიმომხილველები. სწორედ მიმომხილველთა კომენტარები განაპირობებს თარგმანის მიღებას სამიზნე კულტურაში.

ლ. ვენუტი გვთავაზობს ტერმინს ხილვადობა (ხილულობა) (1995: 1), ,,რათა აღიწეროს მთარგმნელის მდგომარეობა და მოქმედება თანამედროვე ანგლო-ამერიკულ კულტურაში”. მისი აზრით, ხილვადობა წარმოიქმნება: 1) როდესაც მთარგმნელი ცდილობს ,,თავისუფლად” თარგმნოს ინგლისურად, რომ წარმოქმნას იდიომატური და ,,კითხვადი” თარგმანი, რითაც ქმნის ,,ტრანსპარენტულობის ილუზიას”, 2) იმ გზით, როგორც ხდება თარგმნილი ტექსტების კითხვა სამიზნე კულტურაში: ,,თარგმნილი ტექსტი, პროზაა ეს თუ პოეზია, ფანტასტიკა თუ არა, მისაღებია უმრავლესი გამომცემლისთვის, მიმომხილველისა და მკითხველისთვის, როცა ის სხარტად (მარდად) იკითხება, როცა ლიგვისტური და სტილისტური მახასიათებლების არარსებობა ხდის მას ტრანსპარენტულს და აძლევს მას შეხედულებას, რომ ის წარმოადგენს უცხოელი მწერლის პიროვნებას ან მცდელობას, ან უცხო ტექსტის ძირითად მნიშვნელობას – რომ თარგმანი არის არა თარგმანი, არამედ ,,ორიგინალი” (1995: 1).

ხილულობის ცნებასთან ერთად, ლ. ვენუტი აღწერს თარგმანის ორ სტრატეგიას: ,,გაშიანურება” და ,,გაუცხოება”. ისინი გულისხმობენ როგორც სათარგმნად ტექსტის არჩევას, ასევე თარგმნის მეთოდს. აღნიშნული შეხედულება ეფუძნება შლაიერმახერის ცნობილ ტექსტს. ლ. ვენუტის აზრით (1995: 21), ,,გაშიანურება” – არის დომინანტური ანგლო-ამერიკული მთარგმნელობითი კულტურა. ისევე, როგორც პოსტკოლონიალისტები განგაშს ტეხენ კულტურული ეფექტების შესახებ, რომელიც წარმოიქმნება ძალისმიერი ურთიერთობის შედეგად, ლ. ვენუტი (1995: 20) უარყოვს ,,გაშინაურების” ფენომენს, რადგან ის მოიცავს ,,უცხოური ტექსტის ეთნოცენტრულ რედუქციას სამიზნე (ანგლო-ამერიკული) კულტურის სასარგებლოდ”. აღნიშნული იწვევს ტრანსპარენტული, უხილავი ტექსტის წარმოქმნას იმ მიზნით, რომ შემცირებული იქნეს მისი უცხოურობა. ,,გაშინაურება” ამიტომ ექვემდებარება სამიზნე კულტურის სალიტერატურო წესებს და ირჩევს სათარგმნად ისეთ ტექსტებს, რომლებიც შესაბამისი იქნება სამიზნე კულტურისთვის (1998ბ: 241).

,,გაუხოება”, მეორეს მხრივ, ,,იწვევს უცხო ტექსტის არჩევას და თარგმნის მეთოდის განვითარებას დომინანტური კულტურული ღირებულებების სპექტრში (1998ბ: 242). ეს არის ფ. შლაიერმახერისთვის მისაღები სტრატეგია. ლ. ვენუტის აზრით ,,გაუცხოების” მეთოდი არის ,,ეთნოდევიაციური ზეწოლა სამიზნე ენის კულტურულ ღირებულებებზე უცხო ტექსტის ლინგვისტური და კულტურული სხვაობის დასაფიქსირებლად, რითაც ხდება მკითხველის საზღვარგარეთ გაგზავნა” (1995: 20). მისი აზრით, ის ,,ძლიერ სასურველია” იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს ,,თარგმანის ეთნოცენტრული აგრესიის შემცირება”, ანუ ,,გაუცხოებას” შეუძლია შეამციროს ინგლისურენოვანი სამყაროს ,,აგრესიული” კულტურული ღირებულებები. თარგმანის ,,გაუცხოების” მეთოდი, სტრატეგია, რომელსაც ლ. ვენუტი ასევე უწოდებს ,,რეზისტენტულობას” (1995: 305-6) არის არა სწრაფი (ზედაპირული), ან გამაუცხოებელი მთარგმნელობითი სტილი, რომელიც მთარგმნელის არსებობას ხდის ხილულს, რასაც ხაზს უსვამს დედანის ტექსტის უცხოური იდენტობის ხაზგასმითა და დაცვით სამიზნე კულტურის იდეოლოგიური ბატონობისგან.

წიგნში The Scaindals of Translation, ლ. ვენუტი ,,გაუცხოებას” ასევე უწოდებს ე.წ. “minoritizing” თარგმანს, რომელიც ახდენს კულტივირებას განსხვავებული და ,,ჰეტეროგენული დისკურსის” (1998ა: 11). ამის მაგალითად კი მოყავს მე-19 საუკუნის იტალიელი ავტორის – იდჟინიო უგო ტარკეტის საკუთარი თარგმანები.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s