თამარ კიკნაველიძე _ პატრის პავის „თეატრალური ლექსიკონის“ მნიშვნელობა თანამედროვე თეატრმცოდნეობაში


დღეს დროსა და სივრცეში განვრცობილი, სიტყვით თუ პლასტიკით გადმოცემული წარმოდგენები განიხილება ერთგვარ შეტყობინებად, რომლის გამტარებელ–გამავრცელებელიც თეატრალური ჯგუფია, ხოლო მიმღები, გნებავთ, ადრესატი – თეატრალური მაყურებელი. დღეისათვის თანამედროვე პუბლიკა განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს არავერბალური სანახაობებისადმი, რომელთა გამომსახველობაც სიტყვაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ გამოსახვის სხვა ენაზე, ხერხებსა და ფორმებზე. წარმოდგენათა სემიოტიკურმა კვლევამ რომ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, სამაგალითოდ ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსის – პატრის პავის და მისი შრომების, გამორჩეულად კი, „თეატრალური ლექსიკონის“ დასახელებაც კმარა, რაზეც უფრო დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე თეატრის სემიოტიკური შესწავლის მიმართულებით დაგროვებულ გამოცდილებას ძალიან მოკლედ გაგაცნობთ. 

თეატრის სემიოტიკურ კვლევას ხანგრძლივი ისტორია არა აქვს. ამ მიმართულებით გამორჩეულია, ძირითადად, სამი სკოლა: პოლონური, იტალიური და ფრანგული, რომელთაგან თითოეულმა სახელი ცალკეულ მეცნიერთა ნაშრომებისა და კვლევების შედეგად გაითქვა.

დრამისა და თეატრის სემიოტიკური შესწავლა XX საუკუნის  30–იან წლებში, უფრო ზუსტად კი 1931–1941 წლებში, პრაღის ლინგვისტური წრის წარმომადგენელთა მიერ დაიწყო. ახალი მიმართულების ფუძემდებლები იყვნენ: ოტაკარ ზიხი (1879–1934), იან მუკარჟოვსკი (1891 – 1975) და პიოტრ ბოგატირევი (1893-1971) იყვნენ. ზიხმა თავის „დრამატული ხელოვნების ესთეტიკაში“ (პრაღა, 1931 წელი), ხოლო მუკარჟოვსკიმ სტატიებში, წინა პლანზე თეატრის ფენომენის ნიშანთა სისტემის შესწავლა წამოაყენა. კომპოზიტორი და პედაგოგი ოტაკარ ზიხი განიხილავდა დრამას, როგორც წმინდა თეატრალურ მოვლენას, ჩამოყალიბებულს ოპტიკური და აკუსტიკური ნიშნებისგან. „ნიშანთა“ სისტემის შესწავლას მნიშვნელოვანი ადგილი პრაღის წრის ერთ–ერთმა წამყვანმა თეორეტიკოსმა, პიოტრ ბოგატირევმაც მიუძღვნა.

ხელოვნების დარგების „ენათა“ სემიოტიკური კონცეფცია, გასული საუკუნიდან მოყოლებული, რამდენიმე მეცნიერმა ჩამოაყალიბა. ერთ–ერთი გახლდათ ცნობილი ფრანგი თეორეტიკოსი, კრიტიკოსი და სემიოტიკოსი როლან ბარტი (1915–1980), რომლის მოსაზრებითაც, ენა, ლინგვისტური გაგებით, ლიტერატურის მასალაა, მაშინ როდესაც „ხმოვანი ენა“ თეატრალური ხელოვნების „საკუთრებაა“.

თავდაპირველად, თეატრალური „ნიშნის“ გაგების ორი კონფეცია არსებობდა: ანალიტიკური და ინტეგრაციონალური, სადაც თეატრალურ ნიშანთა ერთობლიობას განიხილავდნენ. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორივე კონცეფციაზე წერდა ანა იუბერსფელდი (1918–2010) წიგნში „თეატრის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ანა იუბერსფელდი სწორედ ის ავტორია, რომელსაც პატრის პავის „თეატრალური ლექსიკონის“ წინასიტყვაობა ეკუთვნის.

ვერბალური და არავერბალური ნიშნების მატარებელი ხელოვნების შესახებ იტალიური სკოლის წარმომადგენლებიც წერდნენ. თუმცა, გამორჩეული და გაცილებით ჩამოყალიბებული წარმოდგენა თეატრალური სემიოტიკით დაინტერესებულთ მაინც ფრანგული სკოლის წარმომადგენლებმა შეუქმნეს ნაშრომებით, რომელთა მიმართაც ინტერესი არ  ქრება. ამის მაგალითია, თუნდაც, ზემოთ უკვე ნახსენები ანა იუბერსფელდი, რომელიც, სხვების მსგავსად, ცდილობდა განესაზღვრა და დაედგინა სპექტაკლის მინიმალური სემიოკიტური ერთეული. საბოლოოდ კი ისეთ დასკვნამდე მივიდა, რომ თეატრალური ენა ძალიან რთული ქსოვილია და მინიმალური ერთეულის დადგენა, თითქმის, შეუძლებელია.

ზემოთ ჩამოთვლილი მეცნიერების მცდელობათა შესწავლა–გაანალიზება ცალკე კვლევის საგანი შეიძლება გახდეს. მათ გამოცდილებასა და შრომებს, როგორც ჩანს, უკვალოდ არ ჩაუვლია, რამდენადაც თანამედროვენი, რომლებიც სემიოტიკის მიმართულებით მუშაობენ, თავიანთ ნაშრომებში თითოეულის დამსახურებასაც აღნიშნავენ და მათ მოსაზრებებსაც ხშირად იმოწმებენ. 

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თეატრის სემიოტიკური კვლევა და ფრანგული სკოლა ვერ განვითარდებოდა რომ არა თანამედროვე თეატრის მკვევარი, თეორეტიკოსი და კრიტიკოსი პატრის პავი და მისი ,,თეატრალური ლექსიკონი“ (1980), „თეატრალური სემიოლოგიის პრობლემები“ (1976), ,,თეატრი კულტურის გადაკვეთაზე“ (1990) და ა.შ. შრომებში მეცნიერი თეატრალური ნიშნის პრობლემატიკაზე ხაზგასმით საუბრობს და სვამს შეკითხვებს, რაზეც თანამედროვე მკვლევარები და თეატრმცოდნეები ჩვენს კრიტიკულ თუ პუბლიცისტურ წერილებში ხშირად ვსაუბრობთ. მანამდე თუ კითხვების დასმასა და კითხვითი ნიშნის გამოყენებას მეცნიერები ერიდებოდნენ და თეატრალურ ნიშანთა სისტემის ჩამოყალიბებასა და ზედ ზუსტი განსაზღვრებების მიყოლებას ცდილობდნენ, პატრის პავი, თეორეტიკოს ანდრე ელბოზე მკაფიოდ და საყურადღებოდ გვეკითხება: – „არსებობს კი თეატრის სემიოტიკა?“ თუმცა, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, პავის შეკითხვა რიტორიკული არ არის და მის მიერ ჩატარებული კვლევებიც სწორედ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის ყველაზე წარმატებულ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.  

ვიდრე პატრის პავის „თეატრალური ლექსიკონის“ მნიშვნელობაზე ვიტყოდე, აქვე აღვნიშნავ, რომ ანდრე ელბო თეატრის სპეციფიურობას მის სამ თავისებურებაში, ანუ დადგმაში, დრამატურგიაში და დროზე სივრცის დომინირებაში ხედავდა. ამას ემატებოდა დრამატურგიული ინტუიციის მნიშვნელობა, მსახიობისა და სცენოგრაფის განსაკუთრებული როლი.  ელბო აღნიშნავს, რომ ნიშნები გარკვეულ ტიპოლოგიას უნდა დაექვემდებაროს. ამასთან, ნიშნები იყოფა სიმპტომებად, ხატებებად, ინდექსებად, სიმბოლოებად, სახელწოდებებად და ა.შ. ამის გარდა, თეატრში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სტერეოტიპები, ე.ი. აღნიშნულ ელემენტთა ნაკრები, განმტკიცებული ტრადიიცითა და დაკავშირებული განსაზღვრულ მნიშვნელობასთან. მაგალითად, სტერეოტიპს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Comedia del arte–ს დრამატურგიაში.

წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და კვლევების მაგალითზე, მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნები, რომ თეატრალური სემიოლოგია – ეს არის ანალიზის მეთოდი და / ან წარმოდგენები, რაც მათ ფორმალურ სტრუქტურას ფარავს, განიხილავს რა განვითარების დინამიკასა და ნიშანთა ფორმირების პროცესის აღდგენას, რომელიც სპექტაკლის შემქმნელისა და პუბლიკის მონაწილეობის გარეშე ვერ წარიმართება.

რა არის თანამედროვე თეატრალური სემიოლოგიის განხილვის მთავარი საკითხი? მინიმალური სემიოლოგიური ერთეულის განსაზღვრა, ანუ ის, თუ რა შეიძლება მივიღოთ და სრულიად მართებულად მივიჩნიოდ ნიშნად თეატრალურ ხელოვნებაში. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას პოლონური, იტალიური და ფრანგული სკოლების წარმომადგნელები დიდხანს ცდილობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ მოცემული საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ არის. თუმცა, ანა იუბერსფელდისგან განსხვავებით, მეცნიერები კვლევებს აგრძელებენ. პრობლემაზე საუბრისას ხშირად ახსენებენ სირთულეებს, რაც თეატრალური ხელოვნების აღნიშნული მიმართულებით კვლევას ართულებს და უფრო ფრაგმენტულს ხდის. თეატრში ნიშნები შეიძლება ნებისმიერი სხვა ნიშანთა სისტემიდან გამოიყენონ, რაც მოცემული სფეროს ანალიზს ართულებს. ამასთან, თეორეტიკოსთა აზრით, თეატრში ნიშნები სუფთა სახით იშვიათად ჩნდება, თითოეული ჩართულია გამომსახველობითი საშუალებების (ინტონაცია, მიმიკა, მოძრაობა, გრიმი და ა.შ.) ერთიან კომპლექსში. პოლონელი სემიოლოგის თადეუშ კოვზანის კონცეფციის თანახმად, თეატრალური ნაწარმოების ანალიზი შეიძლება ვერტიკალური ან ჰორიზონტალური დაყოფით, სპექტაკლის ხაზობრივ ერთეულებად დანაწევრებით, ან განსახვავებულ სისტემათა ნიშნების თანწყობის გამოყოფით. კოვზანმა გამოყო 13 ნიშნიანი სისტემა, რომელიც შემდეგ 5 ჯგუფად გააერთიანა: 1. ტექსტის წარმოთქმა: (მეტყველება, ტონი), 2. მსახიობის მოძრაობა (მიმიკა, მოძრაობა, მსახიობის მოძრაობა სასცენო სივრცეში), 3. მსახიობის გარეგნული სახე (გრიმი, ვარცხნილობა, კოსტიუმი), 4. სცენის იერსახე (აქსესუარები, დეკორაციები, განათება), 5. ხმის არავერბალური ეფექტები (მუსიკა, ხმოვანი ეფექტები); თუმცა, აღნიშნული თეორია, ძირითადად, პრიმიტივიზმის გამო, ნეგატიურად იქნა აღქმული. 

 

ცნობილ თეორეტიკოსთა ჩამონათვალში არ შეიძლება არ ვახსენოთ ვსევოლოდ მეიერხოლდი (1874–1940), რომელიც ამტკიცებდა, რომ თეატრს შეუძლია კომუნიკაცია დაამყაროს არა სიტყვებთან შეთანხმებით, არამედ მათგან დამოუკიდებლად და სამაგალითოდ ყვება: ორი ადამიანი საუბრობს ამინდზე, ხელოვნებაზე. მესამეს კი, რომელიც მათ გევრდიდან აკვირდება, შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები ერთმანეთისთვის. ამის განსაზღვრა კი ჟესტებით და სხეულის მოძრაობით შეუძლია. ჟესტები, პოზები, გამოხედვები, დუმილი ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების სინამდვილის მანიშნებელია. სიტყვა სმენისთვის, პლასტიკა – მხედველობისთვის. მეიერხოლდის აზრით, მაყურებელზე ხედვითი და სმენითი შთაბეჭდილებები მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, სემიოტიკურ ენად ითვლება არა მხოლოდ სიტყვა, არამედ მისი არარსებობაც, ანუ დუმილი.

            პატრის პავიმ თეატრალური ტექსტების კვლევაში გამოიყენა კონკრეტიზაცია,  ფუნქციონირება, ტექსტის ოდეოლოგიზაცია და ტექსტუალური იდეოლოგია. მასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი გაგება, ანუ კონკრეტიზაცია. პავი კონკრეტიზაციის საკუთარ პროგრამას გვთავაზობს და ამბობს, რომ აუცილებელია „გაუგებარი ზონების“ განსაზღვრა, მათი იდენტიფიკაცია და ლოკალიზაცია ტექსტში. თეატრალურ ხელოვნებაში ნიშანი ხშირად გამოიყენება, რამდენადაც თავად სასცენო ხელოვნების ბუნება გვთავაზობს სიტუაციებს, მოვლენებს, რაც მნიშვნელოვანია მხოლოდ განსაზღვრულ მომენტში. ცნობილი ანდაზის თანახმად, თუ სცენაზე პირველ მოქმედებაში კიდია იარაღი, მესამეში აუცილებლად უნდა გაისროლოს! ამის მიუხედავად, „თეატრალური ნიშანი“ არ არის გამოკვეთილი, ნათელი, რამდენადაც სასცენო დადგმაში შეუძლებელია იზოლირება იმ მინიმალური ნიშნის, რომელიც მისი საზომი ერთეული იქნებოდა. ამ დროს ნიშანი შიძლება იყოს „სკამი“, მაგრამ, ასევე, „დადგმული სკამი“, მსახიობი, მაგრამ, ასევე, მსახიობის ჟესტი, ფრაზა, მის მიერ ნათქვამი, დეკორაციის ელემენტი, მაგალითად: კიბე და ა.შ. ნიშანი ასევე შეიძლება იყოს: სიტყვა, განმეორებითი სიტყვები, ფრაზა, რითმა და ა.შ.

პატრის პავის დამოკიდებულების მიხედვით, თითოეული დადგმის თითოეული წარმოდგენა არის უნიკალური, არ მეორდება და აქედან გამომდინარე, მოითხოვს ძალიან ინდივიდუალურ, გათთვიცნობიერებულ და მგრძნობიარე მაყურებელს, რომელიც ერთი წარმოდგენის ერთი განუმეორებელი ჩვენების დროს თავმოყრილ ნიშანთა სისტემის ზემოქმედების ძალას შეიგრძნობს. 

მისი კომენტარებით არის გაჯერებული „თეატრალური ლექსიკონი“, რომელიც პარიზში 1987 წელს გამოიცა, ხოლო რუსულად 1991 წელს ითარგმნა და მოსკოვში დაიბეჭდა. მისი შესავალი, როგორც უკვე აღვნიშნე, სახელწოდებით „წინასიტყვაობის ნაცვლად“ ანა იუბერსფელდს ეკუთვნის.

 

პატრის პავისთან თეატრი განხილულია, როგორც კოდირებული პრაქტიკა. შესაბამისად, „კოდების“ გაშიფრვა აუცილებელია. ლექსიკონი, რომელიც თეატრის ისტორიის, ავტორებისა და ნაწარმოებების ლექსიკონს არ წარმოადგენს, ითვალისწინებს თეატრალური ფორმების ევოლუციასა და მეთოდებს, იმისათვის, რომ ისინი დააფიქსიროს. ნაშრომში ავტორი ცდილობს გამოავლინოს არსი თანამედროვე რევოლუციის, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ხდება და მხოლოდ ერთი თეატრალური დისციპლინის საზღვრებს სცდება. მხატვრული უნივერსუმის კვლევის ახალი ინსტრუმენტი ხდება ლინგვისტიკა და სემიოტიკა, სადაც ერთმანეთს ერწყმის ენობრივი საშუალებები და ნებისმისერი უსიტყვო მხატვრული პრაქტიკა. მისთვის თეატრი წარმოადგენს ყველაზე განსხვავებული ვიზუალური, ხმოვანი, სტატიკური და დინამიური, ვერბალური და არავერბალური ნიშნების სისტემას. პავის ლექსიკონი არის მიდგომათა ერთგვარი კითხვარი, რომელიც მვარალსახიერი ნიშნების დაფიქსირების საშუალებას გვაძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახლისადმი ღიაობა პატრის პავის სულაც არ უშლის ხელს მოახდინოს ფორმულირება ძველი რიტორიკისა და თეატრალური ხელოვნების. თეორეტიკოსი არც ლიტერატურის ჟანრებს ივიწყებს. მისი კომენტარები და შეკითხვები კრიტიკის გამორჩეული ნიმუშებია.

            „თეატრალური ლექსიკონი“ იმაზე მეტია, ვიდრე არსებული მასალის წესრიგში მოყვანა ან გადაკეთებაო, აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, თეატრი არის ყველაზე ნაზი, ეფემერული, ღრუბელივით შემწოვი ხელოვნების დარგი. პავი აქცენტს აკეთებს თანამედროვე მაყურებელზე, რომლის დარბაზში დაჭერა და შოკირება იოლი აღარ არის, რამდენადაც ჩვენი დროის მაყურებელს დიდად აღრაფერი აღელვებს. აღიქვამს კი ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, თეატრს სერიოზულად, ჩათვლის თუ არა მას მნიშვნელოვნად და ავტონომიურ ხელოვნებად და არა ლიტერატურის ფილიალად, კინოს გაუარესებულ ვარიანტად ან საბაზრო ფოკუსნიკობად? – ეს ის შეკითხვაა, რომელსაც პავი თანამედროვეებს უტოვებს განსჯისათვის, დასაფიქრებლად და თეატრალური ხელოვნების სემიოტიკური კვლევის გასაგრძელებლად, რათა თეატრალურ ნიშანთა სისტემის ზემოქმედების გაანალიზებით საკუთარ შთაბეჭდილებაზე ისე დავიწყოთ წერა, როგორც აქამდე არ გვიწერია. თითოეული დადგმის წარმოდგენას შევხედოთ, როგორც განუმეორებელს.

პატრის პავის ლექსიკონი, როგორც თავად აღნიშნავს, უფრო მეთოდოლიგირი ძიებაა, ვიდრე ტერმინოლოგიური წესრიგის დამყარების მცდელობა. ნაშრომი უმთავრესად ეხება დასავლურ თეატრალურ ტრადიციას, არისტოტელედან მოყოლებული ბობ ვილსონამდე და არ მოიცავს არაევროპულ ფორმებს, ძირითადად, აღმოსავლეთის ტრადიციულ თეატრს, რომელიც მისი აზრით სრულიად ახლებურ, სხვა ღირებულებათა გეგმას მიეკუთვნება. ის შემოფარგლულია საკუთრივ თეატრით და გამორიცხავს შერწყმულ სანახაობით ფორმებს, მაგალითად: ცეკვას, ცირკს, პანტომიმას, ოპერას, თოჯინების თეატრს და ა.შ. ეს ფორმები განხილულია მხოლოდ იმ კუთხით, რითაც თეატრს უკავშირდებიან.

პატრის პავი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების: უმეტესად, კინოს, ტელევიზიის და რადიოს გავლენას, რაც იმდენად მაღალია, რომ მათი ნიშნების გამოვლენა საჭიროდ ჩათვალა სხვადასხვა სტატიაში. ლექსიკონი მოიცავს უმნიშვნელოვანეს პრობლემებს დრამატურგიაზე, ესთეტიკაზე, თეატრალურ სემიოლოგიაზე. ლექსიკონისთვის არჩეული ტერმინები ავტორმა 8 სისტემურ კატეგორიად დააჯგუფა:

  1. დრამატურგია, რომელიც სწავლობს მოქმედებას, პერსონაჟებს, სივრცესა და დროს, ყველა საკითხს, რომელსაც ხელეწიფება შექმნას თეატრალური პრაქტიკა;
  2. ტექსტი და დისკურსი – წარმოდგენის ძირითადი კომპონენტები და შინაგანი მექანიზმები;
  3. მსახიობი და პერსონაჟი;
  4. ჟანრები და ფორმები;
  5. რეჟისურა –მაყურებლამდე აზრის მიტანის საშუალება და პიესის მნიშვნელობა;
  6. სტრუქტურული პრინციპები და ესტეთიკის საკითხები, მართალია პირდაპირ არ არის დაკავშირებული თეატრთან, მაგრამ რიგი შეკითხვების გასააზრებლად აუცილებლად განსახილველია;  
  7. სპექტაკლის აღქმა მაყურებლის თვალთახედვით;
  8. სემიოლოგია, რომელიც ნიშანთა სისტემას, მათ აღქმას უკავშირდება.

აღნიშნული გამოცემითა და დამოკიდებულებით, პატრის პავი გვთავაზობს გადაიხედოს თეატრის პრაქტიკისა და თეორიის საკითხები, ახლებურად გაანალიზების პროცესში კი მოხდეს ცალკეულ საკითხთა სემიოტიკური შესწავლა და სისტემაში მოქცეული თეატრალური ნიშნების ზემოქმედების დაფიქსირება რეცენზიებსა თუ კრიტიკულ წერილებში.

 

გამოყენებული ლიტერატურის სია:  

Патрис Пави, Словарь Театра, Прогрес, Москва, 1991.

Patrice Pavis, Dictionnaire du theatre, Messidor Editions Sociales, Paris 1987.

Ролан Барт, Избранные работи, Семиотика, Поетика, Москва, 1989.

Теория театра. Сборник статей. – Москва: Международное агентство “A.D.&T.”, 2000.

http://www.odris.ru/analyz/analyz_1460.html

http://proceedings.usu.ru/?base=mag/0035(01_09-2005)&xsln=showArticle.xslt&id=a05&doc=../content.jsp

http://az.lib.ru/m/mejerholxd_w_e/text_0030.shtml

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s