ელიზბარ ელიზბარაშვილი _ ჟან ბოდრიარის კულტურული ბულიონი და ქართული “ბულიონის” დრო


ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი თანამედროვე ევროპული, პოსტინდუსტრიული საზოგადოების ანალიზისას გამოჰყოფს სოციო-კულტურული სივრცის რამდენიმე მახასიათებელს. მათ შორის ერთ-ერთ მთავარს _ “ჟანრთა აღრევის კანონს”. ეს არის სიტუაცია, როდესაც მოხსნილია სოციო-კულტურული სივრცის ტრადიციული, შინაგანი დიფერენციაცია და მისი ყველა სფერო ერთ დიდ “კულტურულ ბულიონში” (ბოდრიარის ტერმინი) აღირევა. 1990 წელს გამოცემულ წიგნში _ “ბოროტების გამჭვირვალობა” (მონაკვეთი “ორგიის შემდგომ”) ფრანგი პოსტმოდერნისტი წერს, რომ თანამედროვე სივრცეში სექსი, ეკონომიკა, პოლიტიკა, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი… აღარაა ერთმანეთისაგან გამიჯნულ “ტერიტორიებზე” არსებული, არამედ ყოველი სფერო განიცდის “დეკომპენსაციას” _ გადაჟონვას დანარჩენ სხვაში, განზავებას ყველაში და კარგავს თავის სპეციფიკას. ყოველი დისკურსი ხდება ყველგან “სახეზე მყოფი”. ამ “პოლიტიკური და ინფორმაციული კულტურის ბულიონში” სექსუალურობა გარდაიქმნება ტრანსსექსუალურობად, ეკონომიკა _ ტრანსეკონომიკად, პოლიტიკა _ ტრანსპოლიტიკად, ესთეტიკა _ ტრანსესთეტიკად. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი ხდება სექსუალური, ყველაფერი ხდება პოლიტიკური, ყველაფერი ესთეტიკური. წიგნში ცალკეული მონაკვეთი ეთმობა თითოეული ფენომენის განხილვა-ილუსტრირებას.
ტერმინ „ტრანსპოლიტიკა“ -ში იგულისხმება, რომ პოლიტიკა მოჩვენებით, მეორად არსებობაშია გადასული. მას არსებობა კი არ შეუწყვეტია და ამ სახით კი არ გამქრალა, არამედ უფრო ფარულ, თვალთმაქცურ არსებობას განაგრძობს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკა, როგორც რეალური ფენომენი თავისუფლდება თავისი იდეებისაგან, კონცეფციებისაგან, თავისი არსებისაგან, ღირებულებისაგან, თავისი წარმომავლობისაგან და დანიშნულებისაგან და ადგება უსასრულო თვითწარმოების გზას. თითქოს ყველაფერი განაგრძობს ფუნქციონირებას, მაშინ როდესაც არსებობის საზრისი გაქრა. პოლიტიკური სფერო განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი შემადგენლობისადმი სრულ გულგრილობაში. ავტორი აქ დასძენს: „პარადოქსი იმაშია, რომ ასეთი ფუნქციონირებით სულაც არ ზარალდება იგი, არამედ, პირიქით _ ხდება სულ უფრო სრულყოფილი“ („ბოროტების გამჭვირვალობა“ გვ. 12). ეს არის დიდი საზოგადოებრივი აგრეგატი, რომელიც მუშაობს თითქოს „ცარიელ სიჩქარეზე“. ანუ პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა იდეები, მაგრამ პოლიტიკური მოღვაწეები კვლავ განაგრძნობენ თავიანთ თამაშებს. ეს არის პოლიტიკის ფორმალურ-ცარიელი თამაშები, როდესაც მისი მოქმედი პირები სრულებით გულგრილნი რჩებიან საკუთარი „ფსონებისადმი“. მათ არ აინტერესებთ იდეები, მათი განხორციელება-არგანხორციელება, აინტერესებთ მხოლოდ კარიერული თამაშები: შეჯიბრი, წინსვლა, გამარჯვება, დამარცხება. აღარ არსებობს პოლიტიკური ავანგარდი, რომელიც გარდაქმნისა და ცვლილებების იდეების ძალით შემძლე იქნებოდა კრიტიკა ეწარმოებინა. პოლიტიკა მთლიანად მოჩვენებით არსებობაში გადადის. იგი იქცევა სპექტაკლად, რომლის აღარავის სწამს. ამ სპექტაკლს უკან არავითარი იდეათა ჭიდილი არ იმალება. ყველაფერი ცარიელი თამაშებია, სადაც აღარ არსებობს რეალური პოლიტიკური პროცესები. ბოდრიარი ასკვნის: „ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ სრული გაურკვევლობა და შეუძლებლობა იმისა, რომ კვლავ დავეუფლოთ საგანთა პოლიტიკური განსაზღვრის პრინციპებს“. („ბოროტების გამჭვირვალობა“გვ. 18) „ჩვენ ვსახლობთ ტრანსპოლიტიკურში, სხვაგვარად _ პოლიტიკურის ნულოვან ნიშნულზე, რომელიც მისი კვლავწარმოებისათვის და უსასრულო სიმულაციისათვისაა დამახასიათებელი“ („ბოროტების გამჭვირვალობა“გვ. 19). და რადგანაც არ არსებობს ორიგინალური პოლიტიკური სტრატეგიები, აღარ ხდება სოციალური ურთიერთობების გონიერი, სწორი მართვა. სახელმწიფო კარგავს თავის სოციალურ არსს. სახელმწიფო „აღარ ფუნქციონირებს პოლიტიკური ნების შესაბამისად, არამედ მას მართავს შანტაჟი, დაშინება, თვალთმაქცობა, პროვოკაცია ან საჩვენებელი პრობლემები.“ „ის იგონებს პოლიტიკას, რომლისთვისაც გულგრილობაა დამახასიათებელი.“(„ბოროტების გამჭვირვალობა“გვ. 117)
ეს არის პოლიტიკის დასასრულის ერთი ასპექტი, რომლის მეორე ასპექტიცაა პოლიტიკის ყველგან და ყველაფერში შეჭრა. აი ეს აქცენტი გვაინტერესებს ჩვენ აქ ყველაზე მეტად. ფრანგი პოსტმოდერნისტის აზრით, დღეს პოლიტიკა შეიჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში, სექსში. ყველაფერი გახდა პოლიტიკური. პოლიტიკა შეიჭრა სხვა სფეროებში იმდენად, რამდენადაც ისინი კარგავენ თავიანთ სპეციფიკურ ხასიათს და „აღრევისა და დასენიანების ერთიან პროცესში ხდებიან ჩათრეულნი“. მათგან თითოეული სფერო, როგორც პოლიტიკის სფერო, თანაბარი ხარისხითაა შეპყრობილი, დაავადებული „ჯაჭვური რეაქციით,“ შემთხვევითი და უაზრო გამრავლებით, მეტასტაზირებით“. („ბოროტების გამჭვირვალობა“ გვ. 14).
რას ნიშნავს წარმოდგენილი სფეროების ურთიერთდაინფიცირება? ეს ნიშნავს, რომ სფეროები ურთიერთშენაცვლებულია, „ჟანრები აღრეულია“. ანუ სექსი დღეს არსებობს არა მხოლოდ სექსში, როგორც ასეთში, არამედ მის ფარგლებს მიღმა, რომ პოლიტიკა აღარაა მეტად კონცენტრირებული პოლიტიკაში და ეხება ყველა სფეროს: ეკონომიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს. სპორტიც გავიდა სპორტს მიღმა და იგი ბიზნესშიცაა, სექსშიცაა, პოლიტიკაშიცაა. სპორტის ასეთი გასვლა საკუთარი თავიდან ჩანს იმაში, რომ „ყველაფერი უპირატესობის, ძალისხმევის, რეკორდის, ინფანტილური თვითგადალახვის სპორტული კოეფიციენტითაა გაჟღენთილი.“ შედეგად ჩვენ ვღებულობთ ერთიან კულტურულ „ბულიონს“, სადაც აღარ არსებობს „დიფერენცირებული ველი“ და „განსხვავებული საგნები.“
ეს არის „ჟანრთა აღრევის“ „კანონი“: ყველაფერი სექსუალურია, ყველაფერი პოლიტიკურია, ყველაფერი ესთეტიკურია. წიგნში „ბოროტების გამჭვირვალობა“ ჩვენ ვკითხულობთ: „ყველაფერი, განსაკუთრებით 1968 წლიდან ღებულობს პოლიტიკურ საზრისს; ყოველდღიური ცხოვრებაც, სიგიჟეც, ენაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც, სურვილებიც ღებულობენ პოლიტიკურ ხასიათს… ამავე დროს, ყველაფერი ხდება სექსუალური, ყველაფერი წარმოადგენს სურვილის ობიექტს: ძალაუფლება, ცოდნა… ამავდროულად ყველაფერი ხდება ესთეტიკური; პოლიტიკა გადაიქცევა სპექტაკლად, სექსი _ რეკლამად და პორნოგრაფიად“ („ბოროტების გამჭვირვალობა“ გვ. 16). მაგალითად ენდი უორჰოლი ესთეტიკის ტრანსვესტიტია, რადგანაც იგი ხელოვნებათა და ესთეტიკათა უნივერსალურ აღრევას ახდენს, მისთვის ყველაფერი ესთეტიკურია. კულტურული „ბულიონი“ ნიშნავს იმას, რომ თითოეული სფერო მიდრეკილია საკუთარი თავის უმაღლესი ხარისხით განვრცობისაკენ. ამით კი, ავტორის აზრით, კარგავენ თავიანთ სპეციფიკას და ყველა დანარჩენში განზავდებიან. ეს არის საგანთა პარადოქსალური მდგომარეობა, როდესაც უარყოფა და ლიკვიდაცია სიჭარბითა და საკუთარ ფარგლებს მიღმა გაფართოებით მიიღება _ „ტრანს“.
როგორც ტრანსპოლიტიკურობა ჟან ბოდროართან პოლიტიკურობის დასასრულის მაუწყებელია, ტრანსსექსუალურობა _ სექსუალურობის. ფრანგი ავტორი ტრანსსექსუალურობის ცნებას ბიოლოგიურ-ანატომიური ჩარჩოებიდან სოციო-კულტურულ განზომილებამდე აფართოვებს, რომლის არსიც სიმბოლოთა, ნიშანთა და ორგანოთა აღრევა-მასკარადში მდგომარეობს. სექსუალურობისა და ტრანსსექსუალურობის გამიჯვნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ის, რომ სექსუალურობა ორიენტირებულია სიამოვნებაზე, ტრანსსექსუალურობა კი ხელოვნურობაზე. ჩიჩოლინა, მადონა, მაიკლ ჯეკსონი – პოპკულტურის სივრცის ტრანსვესტიტები არიან, რადგანაც ისინი ცხოვრობენ სიმბოლოთა, ნიშანთა და ორგანოთა აღრევით, ისინი არიან სქესებს შორის „გადამრბენები“. სექსუალური განთავისუფლება არის ორგიის ეტაპი დასავლურ კულტურაში, ტრანსსექსუალიზმი – როგორც მასკარადის დრო, რადგანაც ბოდრიარის აზრით სურვილების განთავისუფლებას მოსდევს სექსუალურობის ჩაკარგვა გაურკვეველ თეატრალიზირებულ ზედმეტობებში. ამიტომაც სურვილების განდევნის სტრატეგია სექსუალური განთავისუფლების დროს ერთია, ხოლო ტრანსსექსუალიზმის დროს – მეორე: სურვილების „ძველი, კეთილი“ რეპრესია იცვლება ამ სურვილების ზედმეტი, გადაჭარბებული დემონსტრირებით. ეს მექანიზმი ფილოსოფოსის აზრით უფრო ეფექტურად განდევნის სურვილებს. შესაბამისად ტრანსვესტიტის ცხოვრების წესი მე ვარსებობიდან იცვლება მე ვარ დანახვადით, მე ვარ გამოსახულებით. ჯანმრთელობისაკენ მისწრაფება იცვლება სარეკლამო ბრწყინვალებით. საბოლოოდ ბოდრიარი ასკვნის, რომ სექსუალური რევოლუცია არის ტრანსსექსუალიზმისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი ეტაპი. ნებისმიერი რევოლუციის შემდეგ დგება გაურკვევლობა, განგაში და აღრევა. სექსუალური რევოლუციის შემდგომ დასავლურ კულტურაში ყველაფერი სქესთა აღრევისაკენ და ამ გზით გაუკვევლობისაკენ წარიმართა. ესაა ნიშანთა დაუსრულებელი ცირკულაციის ეტაპი, სადაც პრობლემა ხდება იდენტურობა.
ეს კი არის სექსუალურობის დასასრულის ერთი ასპექტი, რომლის მეორე ასპექტიცაა სექსის ყველგან და ყველაფერში შეჭრა. ფრანგი პოსტმოდერნისტის აზრით, დღეს სექსი შეიჭრა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში: ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში. ყველაფერი გახდა სექსუალური. ყველგან ყველაფერი ხდება სურვილის ობიექტი: ძალაუფლება, ცოდნა, გამოსახულება, წარმატება… ყველაფერი ლტოლვისა და თავისთავადი ტკბობის ობიექტია. სექსი შეიჭრა სხვა სფეროებში იმდენად, რამდენადაც ისინი კარგავენ თავიანთ სპეციფიკურ ხასიათს და „აღრევისა და დასენიანების ერთიან პროცესში ხდებიან ჩათრეულნი“
როგორც ვხედავთ, ტერმინ „ტრანსპოლიტიკას“ ჟან ბოდრიარი უმთავრესად ამ ორი ასპექტით იყენებს. ტრანსპოლიტიკაში იგი გულისხმობს პოლიტიკის დასასრულს თანამედროვე სამყაროში, რომელსაც აქვს ორი მხარე, ორი მომენტი. პირველი ისაა, რომ პოლიტიკური აგრეგატი ფუნქციონირებს „ცარიელ სიჩქარეზე“ და მოჩვენებით არსებობაშია გადასული და მეორე ის, რომ თანამედროვე კულტურულ სივრცეში მომხდარია „ჟანრთა აღრევა“, რომლის შედეგადაც ყველაფერი პოლიტიკაა, ანუ აღარაფერია პოლიტიკა. ასევე იაზრებს ავტორი ტერმინს „ტრანსსექსუალურობა“: პირველი ასპექტი სიმბოლოთა, ნიშანთა და ორგანოთა არღევა-მასკარადია, ხოლო მეორე ასპექტი _ „ჟანრთა აღრევა“, ანუ სექსის ყველაგან და ყველაფერში შეჭრა. ეს ორი ასპექტი განაპირობებს სექსუალურობის დასასრულს. ასევე „ტრანსესთეტიკა“ _ ესთეტიკათა და ხელოვნებათა აღრევაა, ხოლო მეორე ასპექტი _ ესთეტიკის, სპექტაკლურობის, წარმოდგენითობის ასევე ყველაგან და ყველაფერში შეჭრა, ყველაფრის გაესთეტურება – ხელოვნების დასარული.
„მაგრამ, როდესაც ყველაფერი პოლიტიკურია, მაშინ უკვე აღარაფერია პოლიტიკური, თავად ეს სიტყვაც ჰკარგავს აზრს. როდესაც ყველაფერი სექსუალურია, მაშინ უკვე აღარაფერია სექსუალური, და სექსის გაგება შეუძლებელია განისაზღვროს; როდესაც ყველაფერი ესთეტიკურია, აღარაფერია არც მშვენიერი და არც საზიზღარი, ამ დროს ხელოვნებაც კი ქრება“ („ბოროტების გამჭვირვალობა“ გვ. 17). ხელოვნება ქრება არა ამაღლებულ იდეალიზაციებში, არამედ ყოველდღიურობის სრულ ესთეტიზაციაში. ხელოვნება გაქრა მაშინ, როდესაც ყველაფერი ბანალური გახდა ესთეტიკური. ხელოვნება ამ დროს განზავდა ბანალურობის ტრანსესთეტიკაში. „აღარ არსებობს ესთეტიკური ტკბობისათვის და მსჯელობებისათვის ოქროს სტანდარტი“ („ბოროტების გამჭვირვალობა“ გვ. 24) ამ ქაოსში, რაც დღეს ხელოვნებაში არსებობს, შესაძლებელია ესთეტიკის „საიდუმლო კოდის“ დარღვევა ამოვიკითხოთ, როგორც სიმსივნე წარმოადგენს ბიოლოგიური ორგანიზმისთვის გენეტიკური კოდის დარღვევას.
ისტორიულად საქართველოში, როგორც დასავლური სოციო-კულტურული სივრციდან ათწლეულების მანძილზე იზოლირებულ სივრცეში მზგავსი მახასიათებლები არასოდეს შეინიშნებოდა. მაგრამ თანამედროვე საქართველოში უკვე შეიმჩნევა ბოდრიარის მიერ აღწერილი ამდაგვარი ერთიანი კულტურული ბულიონის წარმოქმნის ცხადი ტენდენცია. უნდა აღინიშნოს რომ “ჟანრთა აღრევის კანონზე” ქართულ სივრცეში საუბრობს არა რომელიმე სოციოლოგი ან ფილოსოფოსი, ან რომელიმე მწერალი-ავანგარდისტი, არამედ მხატვარ-პერფორმატორთა ახალგაზრდული ჯგუფი, მიზანმიმართული კონცეფტუალური სათაურით _ “ბულიონი”. ჯგუფი დაარსდა თბილისში 2008 წელს ( შედგება 6 მხატვრისაგან) და საკუთარ კონცეფციად სწორედ ჟან ბოდრიარის აღნიშნული თეორია („ჟანრების აღრევა“) აიღეს. ჯგუფის პრეზენტაცია ამ კონცეფტის წარმოჩენაზე იყო გათვლილი _ პერფორმანსი “ბინა-3”. ეს ჯგუფი ხელოვნების ენით გადმოსცემს ქართულ სოციო-კულტურულ სივრცეში სფეროთა გადაჟონვა-განზავება-აღრევას, რაზეც ფრანგი პოსტმოდერნისტი თავის დროზე საუბრობდა. ამის საუკეთესო მაგალითია 2009 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე “არტისტერიუმი” (ქარვასლა) და 2011 წელს ლაიფციგის “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” დადგმული პერფორმანსი _ “ძალოსნები”. პერფორმანსი იყო ჯგუფის ერთწლიანი მზადების ფინალური ეტაპი: მხატვრების მიერ რელურად გათამაშდა ძალოსნობაში მომზადების, ვარჯიშის და შეჯიბრებაზე გასვლის ყველა ეტაპი. ყველაფერი გარეგნულად როგორც სპორტი ისე გამოიყურებოდა: ანტურაჟი, ინვენტარი, წესები, მაგრამ ნაწარმოების ქვეტექსტები პოლიტიკურ და სოციალურ დისკურსებზე მიგვანიშნებდნენ. მხატვრების მიერ მოხდა სპოტრის, პოლიტიკის და სოციალური დისკურსის შეგნებული აღრევა, ასევე ჩანდა აღნიშნულ ფორმატში სექსუალური დისკურსის შემოტანის მცდელობაც. არტისტერიუმის ჩარჩო თემაც _ “ცვლილებების მანიფესტი და შინაგანი გამოცდილება” _ ამ კონტექსტს აჩენდა.
აი რა იყო მხატვრების ენით ამ პერფორმანსზე წინასწარ გააზრებულ-დაგეგმილი. ისინი წერდნენ : “Mმხატვრების ჯგუფი, ორი კვირის მანძილზე ქალაქის ერთ –ერთ ცენტრალურ სპორტულ დარბაზში, დაქირავებული მწვრთნელის ზედამხედველობით გაივლის ფიზიკურ მომზადებას ძალოსნობაში, იმისათვის,რომ გამოფენის გახსნის დღეს შეძლოს ისეთი სიმძიმის ძელის აწევა,რომელიც მანმადე წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.ძელის სიმძიმის სტანდარტი წინასწარ იქნება განსაზღვრული.
ვარჯიშები ჩატარდება დღეში ორჯელ,ერთსა და იმავე დროს ,სრული დატვირთვით. Mმხატვრები,ყოველ დღე ერთნაირ სპორტულ ფორმაში ჩაცმულები (მათ ეცმევათ მაისურები ,რომელზეც გამოსახული იქნება მომდევნო რიცხვები ევროკავშირში შესული ბოლო ქვეყნის შემდეგ*.მაგ_28,29,30 და ა.შ. 2007 წ.ბულგარეთი და რუმინეთი გაერთიანდა ევროკავშირში.რუმინეთი ჯერ ჯერობით არის ბოლო 27-ე ქვეყანა.) ივლენ წინასწარ შერჩეულ ადგილას და ივარჯიშებენ სპორტულ დარბაზში. Pპერფომანსი ჩატარდება გალერეაში ,სადაც ძელის გარდა მოტანილი იქნება შეჯიბრებებითვის საჭირო ინვენტარი.
დასკვნით ეტაპამდე, ვარჯიშების პერიოდში “სპორტული ჯგუფი“ გამართავს ერთ ან რამდენიმე პრესკომფერენციას ,.სადაც აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე წვრთნების შესახებ.” წარმოდგენის ამ ფორმას დასკვნით ეტაპზე ახლდა ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფცია რომელიც ნაწარმოების ორგანული ნაწილს წარმოადგენდა. კონცეფციაში ჩვენ ვკითხულობთ:
“ნამუშევრის კონცეფცია ჩამოვაყალიბეთ სამი მიმართულებით.
1. მოვახდინეთ ევროკავშირისაკენ სწრაფვის პაროდირება , ამ სწრაფვაში ურთიერთკონკურენციისა და დადგენილი სტანდარტების შესრულების გათამაშება.
2. დასავლური საზოგადოების კორპორაციული”ეთიკის” პაროდირება. მისი სპორტული თამაშის წესებთან გაიგივებით გვსურს წარმოვაჩინოთ ის თუ როგორ გახდა კორპორაციული ეთიკის მთავარი ელემენტი სპორტული ჟინი. დავანახოთ , რომ “ყველაფერი უპირატესობის ძალისხმევის , რეკორდის, ინფანტილური თვითგადალახვის ,სპორტული კოეფიციენტითაა გაჟღენთილი”.
(ჟ. ბოდრიარი )
3. მოვახდინოთ იმის დემონსტრირება თუ როგორ შეიძლება სახელოვნებო აქციისა და სპორტული შეჯიბრებებს შორის ზღვარის გადღაბვნა.
ამ სამი მიმართულებით გვსურდა შეგვეხედა ევროპისათვის _
შიგნიდან, დასავლური კულტურული ტრადიციის გათვალისწინებით გადაგველახა პროვინციალური ევროპოცენტრიზმი და არც ანტიევროპულ პოზიციაზე აღმოვჩენილიყავით.“
ჯგუფი ბულიონი ვიზუალური ხელოვნების ენით გვესაუბრება იმაზე, რაც ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კვლევის საგანი უნდა იყოს. მხატვრები ფაქტის, პროცესის ზოგად კონსტატაციას ახდენენ თავიანთ კონცეფციაში და ტოვებენ მეტაფორებს, მინიშნებებს რომელიც ხსნის ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით მოვნიშნოთ დღევანდელ ქართულ დროში ეს “გადღაბვნის ადგილები” და განვსაზღვროთ ქართულ სოციო-კულტურულ სივრცეში ამ პროცესის სიჩქარე.
დღევანდელი ქართული დრო სპორტისა და ხელოვნების, სპორტისა და მეცნიერების, ხელოვნებისა და პოლიტიკის სივრცეთა აღრევის დასაწყისით ხასიათდება. ხელოვნებისა და სპორტის დისკურსების ერთმანეთში აღრევა ჩვენს დროში მართლაც სახეზეა. თანამედროვე საქართველოს ელიტარულ-ავანგარდისტული თუ მასობრივი მედიაკულტურული სივცეები ხელოვანის, არტისტის წარმოჩენის, არსებობის და “ტირაჟირების” ისეთ “სისტემას” გვთავაზობენ, როდესაც ბოდრიარის სიტყვებით რომ ვთქვათ „ყველაფერი უპირატესობის, ძალისხმევის, რეკორდის, ინფანტილური თვითგადალახვის სპორტული კოეფიციენტითაა გაჟღენთილი.“ მხატვრები იქცნენ სპორტსმენ-მხატვრებად, პოეტები _ სპორტსმენ-პოეტებად, მწერლები _ სპორტსმენ-მწერლებად. გარემო კარნახობს ყველას კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას ნებისმიერი ძალისხმევის ფასად, აჩვენონ მუდმივად სარეკორდო მაჩვენებლები, აკეთონ ის, რაც მათ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება, მივიდნენ პირად „რეკორდებზე“. ამ სფეროში, როდესაც სპორტული შეჯიბრის სტილით არის გაჟღენთილი ყველაფერი რაოდენობა ამარცხებს ხარისხს. რაოდენობა შესამჩნევია, იგი არსებობის და „მზის ქვეშ ადგილის“ დასაკუთრების რეალური „განაცხადია“, რაოდენობით შეიძლება „ლაპარაკი“‘ ხარისხი კი რაოდენობის გარეშე შეუმჩნეველია, წამიერი გაელვებაა, საიდანაც „ვერ ილაპარაკებ“: მედიაკულტურას, თანამედროვე გალერეებისა და რედაქცია-გამომცემლობების მუდმივგანახლებად კონვეირს სჭირდება მუდმივი სიახლე. ბევრი სიახლე და ფართამასშტაბიანი პროდუქცია. დღეს ერთი გენიალური ლექსი ჩათვალეთ რომ არც არსებობს, ასევე ერთი გენიალური ტილო, ან რომანი. პოეტი იძულებულია რომ არა ლექსებით, არამედ ყოველწლიური კრებულებით ( ზოგჯერ ერთზე მეტით) გელაპარაკოს, მხატვარი _ არა ტილოებით, არამედ სერიებით უნდა საუბრობდეს, პროზაიკოსი ყოველწლიური რომანებით, მოთხრობათა და პიესათა კრებულებით, და ეს იმისათვის რომ უბრალოდ იარსებოს, არ იყოს „დავიწყებული“ ამ საერთო-კულტურულ შეჯიბრში. „შემოქმედებით ფორმაში“ ასეთი ყოფნა ძალზე წააგავს სპორტსმენის ცხოვრების გრაფიკს, თავისი კოლოსალური დატვირთვებით, რომელიც ჯერ სწრაფ პროდუქტიულობაში გავარჯიშებით, შემდეგ გადაღლით, შემდეგ გამოფიტვით, სულიერი ტრამვებით, და ბოლოს მექანიციზმით და „ფორმალურ-ზედაპირულობით“ მთავრდება. საბოლოოდ როგორც დავით ჩიხლაძე ამბობს _ „ისინი არაფერს ქმნიან, ისინი ჭიდაობენ თავისი ოფლიანი ფეხსაცმელებით” ( „მეტი ტრიქსტერია საჭირო. ოღონდ მარტო „შაბათის შოუში“ არა, ცხოვრებაში, ლიტერატურაში…“ 24 საათი. 21.11.10 )
მეორე მხრივ სპექტაკლურობა, წარმოდგენითობა, სარეკლამო ბრწყინვალება შეიჭრა სპორტში. დღეს ყოველი სპორტსმენი შოუ-ბიზნესმენობაზე, მოდელობაზე, წარმოდგენებში, პიარ-საღამოებზე, მედიასივრცის სარეკლამო რგოლებში, ტოკშოუებში მსახიობ-შემსრულებლის როლით მონაწილეობაზე ოცნებობს.
ისეთივე დისკურსთა აღრევაა მეცნიერებისა და სპორტის სივრცეებში. თანამედროვე ქართული საუნივერსიტეტო-სამეცნიერო გარემო მეცნიერს არსებობის ისეთ „სისტემას“ სთავაზობს, როდესაც ფილოსოფოსის სიტყვები რომ გავიმეოროთ „ყველაფერი უპირატესობის, ძალისხმევის, რეკორდის, ინფანტილური თვითგადალახვის სპორტული კოეფიციენტითაა გაჟღენთილი.“ აკადემიურ-სამეცნიერო წრეებში მომუშავე ადამიანი იძულებულია მუდმივად რეიტინგებზე და ამ რეიტინგების მაქსიმალურად სწრაფად ზრდაზე ზრუნავდეს. აჩვენოს მუდმივად სარეკორდო მაჩვენებლები კონფერენციებში, მონოგრაფიებში, სტატიებში, ტრენინგებში, გრანტებში და სხვა სამეცნიერო კოეფიციენტებში. მეცნიერ-სპორტსმენი მუდმივად საკუთარი ჩV-ის შესაძლებლობების ზრდაზე და კონკურენციაში მყოფი სხვა მეცნიერ-სპორტსმენის დამარცხებაზე ფიქრობს. ეს ყოველივე კი როგორც აღვწერეთ რაოდენობის სასარგებლოდ განაპირობებს სწრაფ სვლას. რაოდენობა ამარცხებს ხარისხს და ყველაფერი აქაც მექანიციზმით და ფორმალურ-ზედაპირულობით სრულდება _ „ოფლიანი ფეხსაცმელებით“ ჩემპიონატში გასამარჯვებლად.
ასევე სპორტშიც შეიჭრა მეცნიერების დისკურსი: ფიზიკური კონდიცია, კვლევა, ექსპერიმენტი, თეორიული ანალიზი, ტესტირება, ანალიტიკური დაპირისპირება, ფსიქოლოგია.
ჩვენში დისკურსთა ურთიერთგადაფენა-გადღაბვნის ადგილია ასევე ხელოვნება და პოლიტიკა. „ყველაფერი ხდება ესთეტიკური; პოლიტიკა გადაიქცევა სპექტაკლად“ (ჟ.ბოდრიარი). დღეს პოლიტიკური, მედიაგასართობი და შოუბიზნესის სივრცეები ურთიერთგადაკვეთაშია. პოლიტიკოსი იქცა მსახიობად, მედიასახედ. საზოგადოების წინაშე თავის პრეზენტირება-წარდგენა, გამოსახულება, პიარი, იმიჯთა გათამაშება, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკოსისათვის. ამავე დროს ყველა სხვა ცნობად ადამიანებთან ერთად პოლიტიკოსები ავსებენ შოუ-გასართობ და სარეკლამო სივრცეებს მედიაში. პოლიტიკის ძირითადი ტექნოლოგია ხდება დადგმა, სპექტაკლი, კარგი ანტურაჟი, დამაჯერებელი თამაში.
თავის მხრივ ხელოვნების და კულტურის სივრცეშიც შეიჭრა პოლიტიკა: ხელოვანთა ცალკეული ჯგუფი-პარტიები, გაერთიანება-ასოციაციები, მედიასაშუალებები, პროდუქციის პრომოუშენი, რეკლამა, მომხრე-ფანების მოძიება, ძალაუფლების დემონსტრირება, კულუარული და ღია ბრძოლა, შანტაჟი, გარიგება, კონკურსები. ყოველი ახალი ასპარეზზე გამოსული ხელოვანი ერთვება რთულ პოლიტიკურ ურთიერთობებში უკვე ჩამოყალიბებულ კულტურულ ინფრასტრუქტურასთან. ყოველი ხელოვანი ასევე პოლიტიკოსია კულტურულ სივრცეში. იძულებულია იყოს პოლიტიკოსი.
რაც შეეხება მეცნიერებისა და ხელოვნების სივრცეთა გადღაბვნას, მის მაგალითად თავად ჯგუფი „ბულიონი“ გამოდგება, რომლის ყოველი პერფორმანსი, ჰეპენინგი თუ დადგმა ასევე გარკვეულ ჩამოყალიბებულ კვლევას და მენტალურ თუ კულტურულ ექსპერიმენტს წარმოადგენს რომლის დასასრულსაც ახალი შედეგების მოლოდინი გვაქვს ჩვენ ყოველთვის სახეზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s