გიგი თევზაძე _ სიტყვებზე, ნიშნებსა და მნიშვნელობებზე… (ფრაგმენტი წიგნიდან: მომავლის ნიშნები 1995წ.)


III

ერთი შეხედვით, ენა მართლაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშნების ერთობლიობა და ენის შემადგენელ ნიშნებს სიტყვები ვუწოდოთ. მაგრამ, თუკი კარგად დავაკვირდებით, განსხვავებით ნიშნებისაგან, სიტყვებს არა აქვთ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მნიშვნელობები; სიტყვა თავისთავად, ცალკე აღებული, არაფერს არ გვეუბნება იმ მნიშვნელობების შესახებ, რომელიც მას ახასიათებს. სიტყვა მნიშვნელობას იძენს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტში, სადაც ცხადი ხდება, თუ რა მნიშვნელობითაა ეს სიტყვა აქ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ სიტყვას, განსხვავებით ნიშნისაგან, არა აქვს მნიშვნელობა. თუ ამ საკითხს “ისტორიულად” შევხედავთ, მივიღებთ, რომ სიტყვა, რომელიც წარმოშობით არის ნიშანი, ენაში კარგავს მნიშვნელობას. ანუ, ნიშანი, რომელიც არის მეტა-ყოფიერი, ენაში კვლავ მეტა-ვდება და მას ეკარგება მნიშვნელობა. ე.ი. “ამის შემდეგ” სიტყვებს მნიშვნელობა ენიჭებათ მხოლოდ და მხოლოდ ენებში, ანუ, იმ მეტა-ში, რომელშიც ნიშნებმა მნიშვნელობები დაკარგეს. ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ენაში უკვე განხორციელებულია ორმაგი მეტა, ანუ, ყოფიერების გაგება ბოლომდეა მიყვანილი და დასრულებული. ისევე, როგორც კოსმოგონიური მითის შემთხვევაში, ენაში მნიშვნელობები არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მთლიანში. თანამედროვე ენათმეცნიერება ამბობს, რომ ენის შემადგენელი ნაწილი არის ტექსტი. ეს მართლაც ასეა, რაკი სიტყვის მნიშვნელობა ტექსტში ისაზღვრება. მაგრამ, როგორი ტექსტი შეიძლება იყოს ენის “ატომი”, თუ არა ისეთი, რომელშიც “შემთხვევა” სრულადაა მოცემული. ანუ, რომელშიც ფიგურირებს ენის ყველა ძირითადი საზღვრითი ცნება – შემთხვევა, დრო, სივრცე, სუბიექტი (იხ. “ცნობიერების ესთეტიკა” ნაწილი მესამე). როგორც ვხედავთ, ენა ყოფიერებითი კვლევითაც ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ცნობიერების კვალზე სიარულის შედეგად: თავის თავში დასრულებული და მეტა- ბოლომდე განხორციელებული. მაგრამ მსჯელობის ასე დამთავრება იქნება ენის შესახებ ცალმხრივი შეხედულების დადგენა. როდესაც ცნობიერების კუთხიდან ვიხილავდით, ენა დაგვეხატა როგორც დამთავრებული, გაჩერებული და თავის თავში მყოფი. მაგრამ, ყოფიერების, ანუ, მეტა-ს კუთხიდან ხედვა გვეუბნება, რომ ეს ასე არ არის და რომ ენაში კიდევ არსებობს მოქმედება, თანაც, არსობრივი მოქმედება, რომელიც შეიძლება ასევე მეტა-თი აღიწეროს; ენა არის ორმაგი მეტა-. ეს ნიშნავს, რომ ენა თავადაა მეტა, რომ ასეთი თვალთახედვით ენა სხვაგვარად ვერ დახასიათდება, თუ არა მეტა-, ანუ, მუდმივი მეტა-ობა; ენა “ჯერ” ა-მეტა-ებს და ამით მნიშვნელობას უკარგავს მეტა-გარემოს. “შემდეგ”, კვლავ გა-მეტა-ებით სიტყვა მნიშვნელობას იძენს ტექსტში. უნდა ითქვას, რონ ენაში მეტა, ერთი მხრივ, ბოლომდე განხორციელებულია, მეორე მხრივ კი – მარად განხორციელებადი. ენაში მუდამ იქმნება ახალი სიტყვები, ხდება ახალი ნიშნების დადგენა. შემდეგ ამ ნიშნებისათვის მნიშვნელობების “წართმევა”. ეს ახალი ნიშნები და სიმბოლოები სხვა არაფერია, თუ არა უკვე არსებული სიტყვების გაერთიანებით შექმნილი ფენომენები. ანუ, ენა, უკვე არსებული ენის (ენების) საფუძველზე, ქმნის ახალ ნიშნებს, და შესაბამისად, სიტყვებს და ტექსტებს. ერთი შეხედვით, მეტა-ობა ენაში კვლავ გრძელდება. მაგრამ, ამ მეტა-ობას ყოფიერების არსებული გაგების მიხედვით, არა აქვს არც “აზრი” და არც ფუნქცია: ენა უკვე გა-მეტა-ებულია, ორმაგი მეტა მასში განხორციელებულია, ის დასრულებულია თავის თავში. შეიძლება თქვან, რომ ამ გზით ენა უფრო და უფრო მეტ არსებულს იქცევს თავის თავში და ა-მეტა-ებს მათ. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ არსებული, ენის “დახმარების” გარეშეც, მეტავდება ტექნიკის საშუალებით. და თუ ენა მართლაც ამას “აკეთებს”, ყოფიერების გაგების “დავალებით”, აქაც ფუნქციურ დუბლირებასთან გვაქვს საქმე (ენასა და ტექნიკას შორის). ენა იღებს უკვე არსებულ სიტყვებს, ადგენს მათგან ახალ ნიშნებს, ანუ ახალ მეტა-სამყაროებს, შემდეგ მნიშვნელობას უკარგავს, ანუ აუქმებს მათ და უკვე გაუქმებულ მრავალ ნიშანთა, ანუ, სამყაროთა შორის ათავსებს. ასე აღწერილი მოქმედება კი სხვას არაფერს წააგავს, თუ არა “ბავშვი რომ თამაშობს ქვების გდებით”. ანუ, ენის ეს მოქმედება სხვა არაფერია თუ არა თამაში. რომელსაც არც ფუნქცია აქვს და არც აზრი. ე.ი. ენა, ყოფიერების არსებული გაგების მიხედვით, უფუნქციო და უმიზნო მოქმედებას ეწევა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა თამაში. როგორც ვხედავთ, ენა და თამაში, სრულიად მოულოდნელად, უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს ისეთ სფეროში, რომელიც ერთი შეხედვით ყოფიერების არსებული გაგების უტყუარი და უცვლელი საუფლო იყო. მაშასადამე, ენაში შესაძლებელი აღმოჩნდა სხვაგვარად ყოფნის, “სხვა სამყაროს”, “სხვა გაგების” გარემოს დანახვა. მაგრამ ეს ყოფნა პასიური და ფარული ყოფნაა. ასეთი ბუნება მას “თავიდანვე” მოსდგამს. გარღვევა და ახალი გაგების მოპოვება ენაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და მისგან აუცილებლობით არ უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა, ეს “გარღვევა” რომ წარმატებით განხორციელდება, ამის გარანტად ენა გვევლინება. ის გვეუბნება, რომ “ახალი” გაგება ისევე “მშობლიურად” იგრძნობს თავს ენაში, როგორც “არსებული” გაგება გრძნობს. ენის შეცვლა, ახალი ენის “გამოგონება” აღარ გახდება საჭირო. (“ისტორიულად” რომ შევხედოთ ენის “წარმოშობას” და სამყაროს მოშინაურებას, მივიღებთ, რომ მო-შინა-ურება, ანუ, ნიშნის გა-მეტა-ება იწყება ენის შექმნის დროს. ისტორიულად ენა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება, რის შედეგადაც მიიღება მნიშვნელობა დაკარგული სიტყვები, რომლებიც “შემდეგ” ენაში იძენენ მნიშვნელობებს [შემდგომი გა-მეტა-ებისას]. მანამდე კი, შეიძლება ითქვას, პირველყოფილი ადამიანის ენა სრული არ არის და მასში ჯერ კიდევ მთავრობენ ნიშნები და სიმბოლოები. ადამიანი “მემკვიდრეობით იღებს” მეტა-სამყაროს. უკვე ენის ჩამოყალიბების “დაწყებისას” მან უნდა აღიქვას სამყარო როგორც “საკრალური”. შემდეგ, თანდათან, ენის სრულყოფასთან ერთად, რომლის პროცესშიც ნიშანი მნიშვნელობას კარგავს, იწყება გარემოს მო-შინა-ურება [რომელიც კვლავ მეტა-ვდება ტექსტების დონეზე. ამ დებულების განათებისათვის შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ; ემპირიული ცნობიერებისათვის, ე.წ. man-ისათვის სამყარო, გარემო, საიდუმლოს და კითხვას არ წარმოადგენს. ამ კითხვის დასმა ხდება ე.წ. ინტელექტუალურ, ანუ, ტრანსცენდენტურ, მეტა, მეცნიერულ დონეზე, რომელიც უკვე ტექსტის საუფლოა]. შეიძლება ითქვას, რომ გარემოს მო-შინაურება იწყება ენის ქმნადობასთან ერთად. ანუ, გარემოს მოშინაურება დაწყებულია პირველი მეტაფორის გაჩენასთან ერთად. ეს მთელი პასაჟი არის მხოლოდ ახსნა ისტორიული ცნობიერების თვალსაზრისით, და არა რეალობა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, სინამდვილეშიც ასე ყოფილიყო). IV ენის ასეთი გამოკვლევა გვიხსნის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ყოფიერების ესთეტიკის თვალსაზრისით “პირველად იყო სიტყვა”. სიტყვა იგივე არარაა, არარსებობა, რომელსაც არა აქვს მნიშვნელობა და მაშასადამე, არც ყოფიერება გააჩნია. გამოთქმა “პირველად იყო სიტყვა” არის არარას ყველაზე უფრო კარგი და ნათელი გამოხატვა. განსხვავებით სხვა კოსმოგონიური ამბების დასაწყისებიდან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ “პირველად იყო არარა”, ან “პირველად არაფერი არ იყო”, იოანეს სახარება გვესაუბრება არარას არსებობის წესის შესახებ; ეს ისეთი “არსებობაა”, რომლის “იქით” და “სხვანაირად” რაიმეს მოაზრება შეუძლებელია. არარა “არის” არაფერი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ყოფიერებასთან, რაკი მნიშვნელობისაგან აბსოლუტურად დაცლილია, მაგრამ რომელიც “აუცილებლად” შეიძენს მნიშვნელობას და გახდება ყოფიერება. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის სიტყვა. სიტყვა კი – სწორედ მისი არარა-ობის და უ-მნიშვნელობის გამო გულისხმობს ენას. გამოთქმით “პირველად იყო სიტყვა” არიდებულია “არარას ყოფნის” თქმის უაზრობა და ამავე დროს, სამყაროს წარმოშობის “კანონიცაა” გამოხატული, რომლის მიხედვითაც, მართალია სამყარო არარადან იქმნება, მაგრამ, ეს შექმნა არ შეიძლება არ მომხდარიყო იმ არარას “ბუნების” გამო. მე აქ მხოლოდ იოანეს სახარების სიტყვების ახსნას ვცდილობ ესთეტიკის საშუალებით, და არ ვაპირებ ამ სიტყვებში ჩადებული იოანეს დაფარული აზრი ამოვიკითხო. ესთეტიკა, რომელიც არის ჩემი ფილოსოფიის მეთოდი, ყოველგვარი პიროვნული, “ფსიქოლოგიური” აზრისაგან დამოუკიდებლად ეძებს იმ კვალს, იმ ნიშანს, რომელსაც საძიებელი ტოვებს. ამჯერად ეს საძიებელი არის ყოფიერება. აქაც არ უნდა შეიქმნას ისეთი წარმოდგენა, თითქოს მე არსებობის წარმოშობის საიდუმლოს ახსნას ვცდილობდე. ეს მეცნიერების საქმეა. ასეთი თამამი მიზნით ფილოსოფია საკუთარ თავს უღალატებს და სასაცილო გახდება. ყოფიერების კვალის პოვნა ნიშნავს იმ ანაბეჭდების და სურათების ნახვას ჩვენს გარემოში, რომლებიც სწორედ ასე, და არა სხვაგვარად “აიძულებენ” ადამიანს იაზროვნოს, სწორედ ასე, და არა სხვაგვარად მიმართავენ ადამიანის მოქმედებას. ამიტომაც, ისევე როგორც ცნობიერებაზე ესთეტიკის მიმართვისას, ჩემი ფილოსოფია ეძებს ყოფიერების საზღვრით აღწერას, რომელიც ყალიბდება და ამოიკითხება ყოფიერების არსებულ გაგებაში. ამ მიზნის განსახო-რციელებლად “პირველად იყო სიტყვა”-ს ანალიზი ისეთივე სამსახურს გიწევს, როგორც თანამედროვე ფიზიკის მონაცემების გათვალისწინება და დღევანდელი, ლამის აპოკალიფსური ცნობიერების გამოვლინებების დაკვირვება. ამიტომაც “პირველად იყო სიტყვა”-ს ჩემეული ანალიზი, ანუ, ამ გამოთქმის ესთეტიკა, არ არის თეოლოგიის სფეროში გადავარდნა. ფილოსოფია ისევე უარყოფს თავის თავს თეოლოგიაში შეჭრით, როგორც მეცნიერებაში, როდესაც ამ შეჭრას ნატურფილოსოფიას არქმევს. ამრიგად, “პირველად იყო სიტყვა” გველაპარაკება იმ ფორმულის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეიძლება იმსჯელო არარადან რაიმეს წარმოქმნაზე “გარედან ჩარევის გარეშე”. ეს მხოლოდ და მხოლოდ საზღვრითი აღწერაა და ესთეტიკის შედეგი. ასე რომ, ჩემს “ახსნას” იმ რეალობასთან, რომელშიც ამ ფრაზის დაწერა და გააზრება ხდება, არაფერი “საერთო” არა აქვს. ამჯერად, როდესაც, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ენა ყოფიერების ესთეტიკის მხრივაც განათდა, ჩვენი ძალები უკვე თავად თამაშზე უნდა მივმართოდ, და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა მისი რამენაირი არსობრივი დახასიათება-მონიშვნა. ის, რომ ყოფიერების ამ გაგებაში მისი განსაზღვრება არ შეიძლება, ესთეტიკამ გვიამბო. მაგრამ, ისევე როგორც ზღაპრის შემთხვევაში, რაკი ენა გაგვაჩნია, მისი მონიშვნა მაინც უნდა იყოს შესაძლებელი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s