ცირა ბარბაქაძე _ დაგინება და ფურთხება ქართულ საბჭოთა პოეზიაში (წაკითხვისთანავე მიეცით delete)


ტექსტები, რომლებსაც ერის ცნობიერება ქმნის,  ატარებენ ამ ერის მენტალიტეტის ნიშნებს. ასეთ შემთხვევაში, არცა აქვს მნიშვნელობა, როგორია ეს ტექსტი, მხატვრული, ნაკლებადმხატვრული, თუ, საერთოდაც, მხატვრულობას მოკლებულია. თუ ჩვენ ამ ტექსტებს (შესაბამისად, ავტორებს) ხშირად “ვიმეორებთ”, მაშასადამე, ავტორის ტექსტების განზოგადებაც შეიძლება, ანუ: ის მხოლოდ ავტორს აღარ ეკუთვნის, ის ეკუთვნის მკითხველსაც და კულტურასაც.

ტექსტები სემიოტიკურ ფენებად შეიძლება დავშალოთ და აღმოვაჩინოთ მასში, როგორც პალიმფსესტში, სხვადასხვა ფენა და შრე… ერთ-ერთ შრეს სოციალური ფენა ნამდვილად წარმოადგენს. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  ამ შრის გარდა ტექსტი სხვას არც არაფერს შეიცავდეს…

ერთი სიტყვით, საბჭოთა პოეტების ტექსტები სავსეა კლიშეებით და არ გაგიკვირდებათ, თუ ერთი ასეთი კლიშე იყო პათეთიკური, უაზრო და „ხმამაღლა წასაკითხი“ ლექსები. შეიძლება, რომ „ხმამაღლა“ კარგი ლექსებიც ეწერათ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საკუთრივ უგემოვნო და არამხატვრულ ტექსტებზე ვისაუბრებთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ავტორის სახელი და გვარი ასეთ დროს არაფერს წყვეტს, ჩვენი ანალიზის მიზანი  მკითხველის ცნობიერებაში ამ ”ვითომ პოეზიის” გააქტიურება, გადაფასება  და წაშლაა… რადგან ამ „ნაგვისგან“ გათავისუფლების გარეშე ჩვენი ცნობიერება დიდხანს დარჩება ჭაობში და არასდროს არ იქნება მზად ახლის მისაღებად.

არწივი ქართველებისთვის (და არა მხოლოდ ქართველებისთვის) განსაკუთრებული ფრინველია და დავიწყოთ ლექსით ”არწივი”. ამ არწივს რომ ვაჟას არწივთან ირიბი კავშირი შეიძლება და პირდაპირი კავშირი არა და არ აქვს.

არწივი                                                                                              

მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…

და სწორედ მაშინ გადმომიქროლებს.

ამქვეყნად დამაქვს მე ჩემი დარდი,_

არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდე?!

მზე როცა ჩადის, მზე როცა ჩადის…

ფრთას ყურისძირთან გამტყლაშუნებს,

რადგანაც ვიცი არწივის ყადრი

პაპის ნაჩუქარ ადათს ვასრულებ.

მოვზიდე მშვილდი, ისარი ვტყორცნე,

მიწაზე გდია ზეცის პატრონი…

მე დაჭრილ არწივს თვალებში ვკოცნი,

მერე ფრთებს ვუშლი და მხრებს ვატოლებ.

ამ სტრიქონების ავტორს ”ამქვეყნად დააქვს თავისი დარდი” და თვითონვე უკვირს: ”არწივზე რატომ უნდა ვფიქრობდეო?!”… მაგრამ ეს ფიქრი ავტომატურია და მასაც ეფიქრება, რა ჰქნას? ვაჟკაცური ბუნება ითხოვს ამ ფიქრს…  რადგანაც პოეტმა იცის ”არწივის ყადრი” (და აქ ალბათ მკითხველს გაახსენდება არწივი _ თავისუფლების, სიძლიერის, სიმაღლის სიმბოლო), პაპის ”ნაჩუქარი ადათის” შესრულებას დააპირებს.. ნეტავ რა იქნება ეს ადათი…? შემდეგი სტრიქონის წაკითხვამდე გული უფანცქალებს მკითხველს… მერე ცოტა ეჭვით უყურებს, როცა მშვილდს მოზიდავს პოეტი…. ვითომ ხუმრობს…? იქნებ ხუმრობს…? ო, არაა… ისარი სტყორცნა (რა ვუთხარი შენს მარჯვენას…?) და არც მეტი და არც ნაკლები _ ”მიწაზე გდია ზეცის პატრონი…” ეს ნამდვილი მოულოდნელობის ეფექტია… მაგრამ ამით ყველაფერი არ სრულდება… ფინალი კიდევ უფრო მოულოდნელია… წარმოიდგინეთ სურათი: დაჭრილ არწივს ბედნიერი პოეტი მივარდება, თვალებში აკოცებს და… აი, ამის წარმოდგენა კი ნამდვილად გაგიჭირდებათ: ფრთებს გაუშლის და მხრებს დაატოლებს… და რა კითხვა გაგიჩნდებათ ამ სურათის შემყურეს? არწივის ფრთებმა თუ პოეტის მხრებს გადააჭარბა, უკვე ხომ იცით, რას ჩაიდენს ავტორი…? ვერ მიხვდით…? მკვდარ არწივს ფრთებს დაუმოკლებს… დიახ, დიახ, ნამდვილად ასე იზამს. ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუცილებლად ჩაგაფიქრებთ ლექსის იდეა… მაინც რისი თქმა უნდოდა ამ სტრიქონებით ავტორს…?  არწივის მოკვლით თავისუფლება მოიპოვა თუ დაკარგა პოეტმა…?  ეეჰ, ”პაპის ნაჩუქარო ადათო”, არწივის მოკვლა როგორ აიძულე შვილიშვილს…?

აქ მართლა გაგახსენდებათ ვაჟას ”არწივის”  სიტყვები: ”ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო, ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

შემდეგი ლექსი, რომლითაც უნდა ”გაგაოცოთ”,  არის ”ჯოკონდა”.

ჯოკონდა

ყველაფერი ძვირფასია,

ამავე დროს მძიმეა,

სილამაზე ვინ ასწია_

თუმც ყვავილზე მცირეა.

რას არ მივედ-მოვედებით,

რა საქმეს არ ვეწევით,

როცა არ ვართ პოეტები,

ვართ უბრალოდ ბერწები.

ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა,

მშობელი დაიგინოს,

გაიხედე, შე ცალთვალა,

პაწაწინა პინგვინო…

ჭეშმარიტად მართალია ფროიდი, როცა ის ’წამოცდენებს” აანალიზებს…  მე ის მიკვირს, რომ  წამოცდენებს თავად პოეტიც  ვერ შენიშნავს ხოლმე… ამ აბდაუბდას რატომ ჰქვია ”ჯოკონდა”, მხოლოდ ფროიდმა უწყის… ჩვენ კი მთავარ წამოცდენას გავიმეორებთ: ”როცა არ ვართ პოეტები, ვართ უბრალოდ ბერწები…” ჩვენ კი ვიცით, პოეტო, ბერწი სიტყვებით და აზრებით რომაა სავსე თქვენი ლექსები და ნეტავ მხოლოდ თქვენი ლექსები… ამ ლექსებს დედები და მამები სკამზე და მაგიდაზე შემხტარ შვილებს ამაყად აამბობინებდნენ… და მერე ეს მკვდარი სიტყვები და ფრაზები ჩვენი ცნობიერების სარეველად იქცეოდა…

ამავე ლექსშია დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში  ”დაგინების ტრადიციის”  ფესვებიც… არა და, სულ გვიკვირდა, საიდან…საიდან მოდიოდა… აგერ, ამ ”ჯოკონდა” ლექსიდან: ”ჯერ სიცოცხლით ვინ დამთვრალა, მშობელი დაიგინოს…”  დაიგინეს პოეტებმა ხაშლამიან-ხინკლიან სუფრაზე, დაგინება გააგრძელეს ლექსებში… ლექსებიდან გადავიდა ხალხში და ასე… გადადიოდა, გადადიოდა და ასე მივიდა გრეჩეხამდე და ახლა გრეჩეხას დაგინება გაგიკვირდეს მიტინგზე…

ყველა, ყველა და…”ჯოკონდასთან” ცალთვალა პინგვინის კავშირს თუ ახსნით, დედას გაფიცებთ, გამაგებინეთ… ეჰ, მართლაც, ”რას არ მიედ-მოედებით, რა საქმეს არ ეწევით…”

ეს ლექსი კი არც მეტი, არც ნაკლები, ცუდ კაცს ეძღვნება:

ცუდ კაცს

კაცები, ვიცი, მშვიდობა მოგვმადლეს,

ახლა თამაშიდან გადიან.

თუ გამზრდელი ხარ, გამზრდელი იყავ,

თუ გადია ხარ, გადია…

იქით რომ ითხოვ თაყვანისცემას,

აქეთ რა წმინდა სულის ხარ?

ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი,

შენს სტომაქში რომ სულ ისხამ.

შუა  სტრიქონში მომინდა

შორს გაპურჭყება და გაჭყირტვა,

არწივს მართვე არ გამოადგა,

ადგა და შიგ ბუდეში გაჭყლიტა.

ამ თავიდან ბოლომდე მარგალიტი ლექსის ფინალი სრულიად განუმეორებელია: პოეტები არა მხოლოდ სუფრაზე იპურჭყებიან და იჭყირტვებიან (ასეთი სიტყვა ლექსიკონში არ არის, პოეტის თვითშემოქმედებაა), ლექსებშიც იგივე ემართებათ, თანაც, შუა სტრიქონში… ან თავში ყოფილიყო, ან _ ბოლოში… არა, შუა სტრიქონში… აქედან მკითხველი ვერსად გაიქცევა… და მოუწევს პოეტის ნახშირორჟანგის სიტყვებით ჩასუნთქვა, სხვა რა გზაა…  ლექსის იდეა ბოლო ორ სტრიქონშია გამჟღავნებული შეგონების სახით, პირდაპირ და მკაფიოდ.  მოკლედ, როცა შეატყობთ, რომ შეიძლება მომავალში შვილი არ გამოგადგეთ  და თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად შეატყობთ (კოჭებზე გადაიტანეთ გამჭოლი მზერა) …  არწივად თავი წარმოიდგინეთ, მართვედ _ თქვენი შვილი და ნუღარ გამამეორებინებთ, როგორ უნდა მოიქცეთ…  ეს იქნება სპარტანული აღზრდის კლასიკური მაგალითი… ცივ წყალში ჩაგდებას ისევ გაჭყლეტვა სჯობს… რატომ…? უფრო ჰუმანურია!

ცუდი კაცის დეფინიცია კი ამ სტრიქონების მიხედვით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ:  ”ერთი ჩვენსკენაც ჩამოასხი, შენს სტომაქში რომ სულ ისხამ…”  ცუდი კაცია ის, ვინც არ უსხამს პოეტს და არ მერიქიფეობს და, შესაბამისად, ასეთი კაცი აკვანში უნდა გაგუდო… რომ მერე სუფრაზე ნერვები არ მოუშალოს პოეტს და ერის მამას.

გგონიათ, რომ ეს ლექსები განგებ ავარჩიე…? არა და არა..! ერთი პოეტის ერთი რჩეული კრებულია და აქ თითქმის ყველა ერთი მეორეზე უკეთესია… კი, ბატონო, სხვა თემას შემოვიტან, აგერ ლექსი ვნახე ”პოეტზე” და მთლიანად გაგაცნობთ, აქ არცერთი სიტყვა არ უნდა გამოტოვოთ, კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ყველას:

პოეტი

გესმის?! ყივილი სისხლისფერი_

დაჭრილ მამლისა,

ჩაჩეხილ ხევში გელოდება

ხროვა ძაღლების…

მაგრამ, მგოსანო,

მჯდომარე ხარ მარჯვნივ მამისა…

და ვიცი, ზეცით რომ ამაღლდები!

დაჭრილი მამლის სისხლისფერი ყივილი თუ მოგესმათ და ჩაჩეხილ ხევში ძაღლების ხროვაც წარმოიდგინეთ… გადადით შემდეგ კადრზე: მგოსანი ზის უფლის (მამა-ღმერთის) მარჯვნივ (მხარი არ გეცვალოთ და არ აგერიოთ, ეს მნიშვნელოვანია!) და ჰაეროვნად მაღლდება…  ლექსის დასასრული…

და თუ მიჯნურთა ცეცხლი იშვიათად რატომ სწვავდა მგოსანს,  ახლავე გაიგებთ ამ გულწრფელი ლექსიდან:

საყვედური

შენ მსაყვედურობ:

_ნაკლებ იწვი მიჯნურთა ცეცხლით,

ნაკლებად გშვენის სიყვარულის ლურჯი არშია!

ნაკლებად ისმის შენს ლექსებში

ჟღურტული მერცხლის…

_ ჩემო ძვირფასო, მოგახსენებ, საქმე რაშია:

ეს ჩემი „გორდა“, „ლეკურსა“ და „სპარსულს“ შეაცვდა,

კაცს არ უწვნია იმოდენა,

მე რომ ვიწვალე,

მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.

მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…

ვერაფერს ვერ იტყვი ამ სტრიქონების შემდეგ: ”მამულის გამო არ ვყოფილვარ მონა დიაცთა.

მინდოდა, მაგამ ვერ მოვიცალე…”  მოკლედ, ისეთივე რთული კითხვაა: როგორც შორენა თუ სვეტიცხოველი…?  ეს არა, ის შორენა… ”დიდოსტატის მარჯვენაში”. მოუცლელობის გამო (თუ ეს მოუცლელობა მამულს უკავშირდებოდა) პოეტს ვერ გავასამართლებთ და ეს ლექსი მშვიდობიანად გავიაროთ და გადავიდეთ შემდეგზე…

მამა-შვილის საუბარი სპექტაკლის შემდეგ:

თეატრში

_რა მოსაწონია, მამა,

რა მოგწონს ამ უბედურების?

კომედიაა თუ დრამა,

თუ ცირკი არის დუროვის?

_შენ, ჩემო სისხლო და ხორცო,

ვცდილობ, რომ გამოვსწორდე,

სუყველაფერი მომწონს,

რაც უნდა არ მომწონდეს!

ამ სტრიქონებს მთლად წამოცდენილსაც ვერ დავარქმევთ… ადამიანი (პოეტი) ამბობს, რომ რაც არ უნდა მოსწონდეს, ყველაფერი მოსწონს და თანაც, გამოსწორდა… ნამდვილად ზედმეტია კომენტარი.

არც ეს სტრიქონებია წაცდენილი:

ამ ქვეყანაზე სული ვერ ვიცხონე,

ცოტა ვიგიჟე და ბევრი ვიდინჯე.

ისე ფრთხილად და შიშით ვიცხოვრე,

ტყვია რა არის… ტყვია ვერ ვიგლიჯე!

აქ ცრუობს პოეტი, პირიქით: ბევრი იგიჟა და ცოტა იდინჯა… და  ტყვია არა, მაგრამ ვერც კალამი გამოსტაცა ვერავინ ხელიდან…

ესეც ფინალისთვის, მეტს ვერ გავუძლებთ:

მავრის მოტივი

აი, კახპების თვალისეირი,

ქვევით თხები და ზევით _ ვირთხები…

გთხოვთ, გამომხედოთ, ფარისეველნო,

მე ვიფურთხები,

მე ვიფურთხები…

ვიცით, ბატონო, ვიცით….  მაგრამ ამდენი…. რა საკადრისი იყო?

2 thoughts on “ცირა ბარბაქაძე _ დაგინება და ფურთხება ქართულ საბჭოთა პოეზიაში (წაკითხვისთანავე მიეცით delete)

  1. ძაააააალიან, ძააააალიან ვიხალისეეე…..სად მიაგენით ამ კრებულს, და მითხარით, არ დამიმალოთ, ვინ არის ავტორი🙂 უნდა შევიძინო კრებული და ძილის წინ უნდა გადავიკითხო ხოლმე, კარგ ხასიათზე რომ დავდგე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s