დავით თინიკაშვილი _ დროის აღქმა ავგუსტინესთან ანუ „შენში, სულო, ჩემო, ვზომავ დროს“


საუკუნეების განმავლობაში ადამიანები აღფრთოვანებულნი იყვნენ დროის საიდუმლოებით. ის ხშირად განიხილებოდა როგორც აბსტრაქტული მოცემულობა, რომელსაც თავისთავად არ მოაქვს რაიმე პრაქტიკული შედეგი. თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანებმა მისგან ხელშესახები სარგებლის მიღებაც ისწავლეს. თანამედროვე ადამიანისთვის „დრო ფულია“. 21-ე საუკუნის სატელევიზიო ბიზნეს-გადაცემები ხშირად მთავრდება სიტყვებით: „გამოიყენეთ დრო სარფიანად“. თუკი წინათ Goodbye-ს მნიშვნელობა კარგად ესმოდა ყველას, ვინც ამ სიტყვას იყენებდა (რაც ნიშნავს God be with you), ან მისალმების ბიბლიური ვერსია მშვიდობის თუ შინაგანი სიმშვიდის სურვილს უკავშირდება, ამჟამად პოპულარობას იხვეჭს სრულიად სხვა მნიშვნელობის გამოთქმა: „მომგებიან დღეს გისურვებ“, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ მატერიალური მოგებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ცხოვრების რიტმი არანორმალურად აჩქარებულია, რომელსაც უახლესი ტექნოლოგიებიც უწყობს ხელს, თანამედროვე ადამიანი მაინც უჩივის დროის უკმარისობას. ის ვერ ასწრებს იმდენის გაკეთებას, რამდენსაც ისურვებდა. ამგვარ პირობებში, რასაკვირველია, მას არც იმის დრო აქვს, რომ დაფიქრდეს დროის, – ყოფიერების ამ უმნიშვნელოვანესი კატეგორიის, – არსისა და ბუნების შესახებ.

წარსულში თითქმის ყველა ცნობილ ფილოსოფოსსა თუ თეოლოგს დაუწერია რაიმე დროის ფენომენის შესახებ. ზოგნი მის პოზიტიურ ხასიათზე მიუთითებდნენ, ზოგნიც ნეგატიურზე. აღმოსავლურ რელიგიებში დრო ილუზორულად არის მიჩნეული. სხვა, უფრო დასავლურ, ცივილიზაციებში დროს აქვს შემოქმედებითი პოტენციალი.

ჩვენ აქ შევეხებით დროის გააზრებას ისეთ ცნობილ დასავლელ ფილოსოფოსთან და ღვთისმეტყველთან, როგორიც იყო ნეტარი ავგუსტინე (354-430). დროსთან დაკავშირებული ავგუსტინესეული რეფლექსია, რომელიც მოცემულია მის ცნობილ თხზულებაში „აღსარებანი“ (წიგნი მე-11), უკავშირდება ღვთის მიერ სამყაროს არაფრისგან შექმნის იდეას. ავგუსტინე აცხადებს, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა არა დროში (in tempore), არამედ დროსთან ერთად (cum tempore). დრო მანამდე არ არსებობდა. ის და სამყარო ორივე შექმნილია. ამ აზრით, მათ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი და შეეძლოთ ერთმანეთზე ზემოქმედების მოხდენა, როგორც ერთი მთლიანი სამყაროს ორგანულ ნაწილებს. სხვათა შორის, აღნიშვნის ღირსია, რომ აინშტაინის რელატიურობის თეორიაც მიუთითებს დროსა და სივრცეს შორის მჭიდრო კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე. ამ თეორიის მიხედვით, დროს შეუძლია აჩქარება ან შენელება, რომელიც დამოკიდებულია მოძრავი ობიექტის მიმართულებაზე სივრცეში უკიდურესი სისწრაფის დროს.

ავგუსტინემდე და მის შემდგომაც არსებობდა შემდეგი შეკითხვები: თუ სამყარომ არსებობა დაიწყო დროის გარკვეულ პერიოდში, მაშინ რა მიზეზით არ მოხდა ეს ამ პერიოდზე უფრო ადრე? თუ სამყაროს წარმოშობა დაკავშირებულია ღმერთის სურვილთან, გაუგებარია, მხოლოდ გარკვეულ მომენტში რატომ გაუჩნდა ღმერთს ეს სურვილი, რომელიც მანამდე არ ჰქონდა? თუ სამყაროს შექმნის იდეა კეთილია, მაშინ რატომ ადრე არ გაუჩნდა ეს იდეა ყოვლადკეთილ ღმერთს? თუკი ღმერთი არაფერს აკეთებდა მანამდე, როდესაც მან ცა და მიწა შექმნა, მაშინ არ შეიძლება მას ვუწოდოთ ღმერთი აბსოლუტური გაგებით, რადგან ის უმოქმედოდ იყო; და თუკი ის არ იყო უმოქმედოდ, მაშინ რატომ არ ქმნიდა არაფერს? ან როგორც ავგუსტინე გადმოგვცემს ერთ-ერთ ასეთ კითხვას: „რაში მოეპრიანა [ღმერთს, დ.თ.] რაღაცის შექმნა, თუკი არასდროს არაფერს არ აკეთებდაო?“ ავგუსტინეს პასუხი ასეთია: „შეაგნებინე მათ უფალო, რას ბოდავენ; გაუმჟღავნე საცოდავებს, რომ იქ, სადაც არ არის დრო, სიტყვას „არასდროს“ არავითარი აზრი არა აქვს“ (11:40)[1].

ბუნებრივია, ამგვარი შეკითხვები, ძირითადად, წარმოიქმნებოდა გარე-ეკლესიურ ფილოსოფიურ წრეებში, რადგან ელემენტარული საღვთისმეტყველო აქსიომას წარმოდგენს ღმერთის უცვლელობა როგორც თავის ბუნებაში და თვისებებში, ისე მის ქმედებებში. თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგიერთი პლატონისტი ამტკიცებდა კიდეც სამყაროს მარადიულ არსებობას, მის შეუქმნელობას, რათა თავიდან აცილებული ყოფილიყო აზრი იმის შესახებ, რომ უცვალებელ ღვთაებრივ გონებაში ახალი აზრი გაჩნდა.

ავგუსტინეს მტკიცებით, სამყაროს შექმნა არის ღმერთის მარადიულობაში მიღებული გადაწყვეტილების, ასე ვთქვათ, აქტუალიზაცია: გამორიცხულია ღვთაებრივ გონებაში მოულოდნელი გადაწყვეტილებების წარმოშობა (იხ. 11:12). ამიტომ ისეთი შეკითხვები, როგორიცაა „რატომ მანამდე არა?“ ან „რატომ უმოქმედობდა ღმერთი მანამდე?“ აზრს მოკლებულია. ავგუსტინეს მითითებით, ამ შეკითხვის ავტორები აზროვნებენ დროში, ამიტომ დროზე ამაღლება და ზე-დროული, მარადისობაში მყოფი ღმერთის გაგება მათ არ შეუძლიათ. აღნიშნული საკითხის ავგუსტინესეული გადაწყვეტა საკმაოდ პოპულარული გახდა შემდგომ, შუა საუკუნეებში.

ზოგიერთი ფილოსოფოსის აზრით, დრო არის მოძრაობა, კერძოდ, ვარსკვლავთა მოძრაობა, რომ დროის მსვლელობა განპირობებულია ციური სხეულების მოძრაობით. ავგუსტინე არ ეთანხმება ამ დებულებას, რადგან მოძრაობა, მისი აზრით, აღიქმება დროში და არა პირიქით – დრო მოძრაობაში. დროის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ციური სხეულების მოძრაობაც და არავითარ შემთხვევაში პირიქით. ჩვენ ვიცით, რომ თავად ვარსკვლავების მოძრაობა შეიძლება იყოს სწრაფი ან ნელი, ამის განსაზღვრისთვის კი უნდა არსებობდეს საზომი. ამიტომაც დრო არის არა მოძრაობა, რადგან თავად მოძრაობა არსებობს დროში. ამ შეხედულების საილუსტრაციოდ და მისთვის მეტი სიცხადის მისაცემად ავგუსტინე ბიბლიურ მაგალითზეც მიუთითებს: „მაშ ნუღარავინ მეტყვის, რომ დრო ციურ სხეულთა მოძრაობაა. როცა ერთმა კაცმა ლოცვით შეაჩერა მზე, რათა გამარჯვებით დაესრულებინა ბრძოლა, მზე იდგა, დრო კი მიდიოდა… ამრიგად, მე ვხედავ, რომ დრო ერთგვარი ვრცეულობაა თუ განფენილობაა. მაგრამ მართლა ვხედავ თუ მეჩვენება, რომ ვხედავ?“ (11:30). საინტერესოა, რომ ზოგადად ამ საკითხზე გამოთქმულ ავგუსტინეს შეხედულებებს ხშირად კითხვითი ფორმა აქვს, ის არ არის დარწმუნებული და მხოლოდ ვარაუდის სახით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას.

საკითხი დროის არსებობის შესახებ საკმაოდ რთული და უცნაურია. როცა რაიმეს არსებობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ მის არსებობაზე დროში. მაგრამ როგორ უნდა ვისაუბროთ თავად დროის არსებობაზე? შესაძლებელია, რომ დრო არსებობდეს დროში?

ავგუსტინე მსჯელობს უფლის ზედროულობასა და მარადისობაზე, ქმნილების დროზე დაქვემდებარებულობაზე, მის დროებითობაზე და თავად დროის დასაბამზე. კერძოდ, ავგუსტინეს აწუხებს დროის გაზომვადობის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ „ხანგრძლივი“ და „მოკლე“ პერიოდების შესახებ. მაგრამ აწმყოს არ აქვს ხანგრძლივობა, ის არ არის არც გრძელი და არც მოკლე (11:18-20). დრო უკან მიდის, წარსულისკენ, ისე რომ აწმყო პერმანენტულად წყვეტს საკუთარ არსებობას და ხდება წარსული. ავგუსტინეს მიხედვით, დროის გაზომვა შესაძლებელია ადამიანის ცნობიერებით, რომელსაც მომავლის მოლოდინი აქვს, წარსული ახსოვს და აწმყოს კი უშუალოდ აღიქვამს (11:26; 11:33). ავგუსტინე წერს: „ეს რაღაც სამი დრო მხოლოდ ჩვენს სულში არსებობს და სხვაგან ვერსად ვერ ვხედავ მათ“ (11:26), ანუ რეალურად ისინი არ არსებობენ, რადგან წარსული უკვე აღარ არსებობს, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა. ამიტომ მხოლოდ აწმყოს შეცნობაა შესაძლებელი. მაგრამ სად არის ეს აწმყოც? თავიდან ავგუსტინე წერს, რომ აწმყოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ წელიწადი, რომელშიც არსებობს წარსული და მომავალი. შემდეგ შეიძლება ამ ცნების შევიწროვება თვემდე, კვირამდე, დღემდე საათამდე, წუთამდე და საბოლოოდ ჩვენ მივდივართ ერთ წერტილამდე. მაგრამ როცა კი ვეცდებით ამ წერტილის შეპყრობას, ის ხელიდან გვისხლტება: ის უკვე წარსულად გარდაიქმნება. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ მომავალი, მაგრამ ასევე ისიც გვისხლტება ხელიდან. დრო არსებობს ან აწმყოში ან წარსულში.

…ხანგრძლივი წარსული მას შემდეგ გახდა ხანგრძლივი, რაც უკვე განვლო, თუ მანამდე, როცა ჯერ კიდევ აწმყო იყო? მისი ხანგრძლივობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, როცა არსებობდა რაღაც ისეთი, რასაც შეეძლო ხანგრძლივი ყოფილიყო. მაგრამ წარსული ხომ უკვე აღარ არის; მაშ როგორღა შეიძლება ხანგრძლივი იყოს ის, რაც საერთოდ არ არის? (11:18).

ამ სტრიქონების შემდეგ ავგუსტინე წერს, რომ „ხანგრძლივად“ არა წარსული დრო, არამედ აწმყო უნდა მოვიხსენიოთ. თუმცა 27-ე პარაგრაფში ის კითხულობს: „რანაირად შეგვიძლია გავზომოთ აწმყო, რომელსაც ხანგრძლივობა არ გააჩნია?“ აწმყო, რომელიც, პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ჩვენი უნარი დროის ხანგრძლივობის გაზომვისა დაფუძნებულია ჩვენს შესაძლებლობაზე ამ ხანგრძლივობის გონებაში გატარებისა, რომელიც უნდა განვიცადოთ. ამრიგად:

დროის გაზომვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ის მიმდინარეობს, და შეგვიძლია სწორედ იმიტომ, რომ მის მსვლელობას ვგრძნობთ. განა შეიძლება გაზომო წარსული, რომელიც უკვე აღარ არის, ან მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის? ვინ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ შეიძლება გაზომო არარსებული? ასე რომ, სანამ დრო მიმდინარეობს, ის შეიძლება შეიგრძნო და გაზომო კიდეც; მაგრამ როცა მან განვლო, ეს უკვე შეუძლებელი ხდება, რადგანაც დრო აღარ არის (11:21).

ავგუსტინეს მიხედვით, ობიექტური სამყარო დროში არსებობს, ამიტომ ის უფრო მეტად იხრება იმ თვალსაზრისისკენ, რომ დრო არსებობს ჩვენს სულშიც და ობიექტურადაც, მაგრამ დრო არის არა მატერიალური მოცემულობა, არამედ სულის თვისება. „აღსარებანში“ ავგუსტინე წერს: „ჩემის აზრით, დრო ერთგვარი განფენილობაა, მაგრამ რისი განფენილობა? – ეს კი არ ვიცი. იქნებ საკუთრივ სულისა?“ (11:33).

როგორც ვხედავთ, ავგუსტინე არ გვთავაზობს დროის ფილოსოფიურ ან თეოლოგიურ განსაზღვრებას. რა არის დრო? ეს ავგუსტინესთვის, საბოლოო ჯამში, რჩება საიდუმლოდ. ერთადერთი რასაც ის ამბობს ამის შესახებ, არის ის, რომ დრო არის სულის ერთგვარი განგრძობითობა, გახანგრძლივებულობა. ის ცდილობს აჩვენოს, თუ როგორ ვაცნობიერებთ დროს და როგორ შეიძლება აიხსნას დროის არსი მხოლოდ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მართალია, ავგუსტინეს მიერ შემოთავაზებული დროის ამგვარი ფსიქოლოგიური თეორია არ არის ორიგინალური, მაგრამ მის მცდელობაში მაინც არის გარკვეული სიახლე დროის შეგრძნების ილუსტრირებისას მეხსიერებისა და მოლოდინის (წინათგრძნობის) ცნებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ავგუსტინეს უფრო დროის ფსიქოლოგიური გააზრება აინტერესებს, მაგრამ ის ასევე იყენებს ზოგიერთ მთავარ იდეას ანტიკური ფილოსოფიიდანაც. რამდენადაც ავგუსტინე განიხილავს დროს როგორც ნატურ-ფილოსოფიის საკითხს, ბუნებრივია, მისი შეხედულებები არისტოტელეს მიმდევართა და სტოიკოსების ნააზრევთან მსგავსებასაც ამჟღავნებს. ავგუსტინეც უშვებდა, რომ დრო უსაზღვროდ დაყოფადი თანმიმდევრულობაა (11:20); რომ დრო და მოძრაობა სხვადასხვა რამაა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა არ არსებობს დროისგან დამოუკიდებლად (11:31; 12:14).

ავგუსტინე თავის მსჯელობას ამთავრებს ფრაზით: „შენში, სულო, ჩემო, ვზომავ დროს“. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ავგუსტინეს დამოკიდებულება დროის ფენომენისადმი აპოფატიკურია. ამ მხრივ მის დასკნით შეხედულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შემდეგი სიტყვები: „…რა არის დრო? თუ არავინ მეკითხება ამას, დიახაც ვიცი, რა არის დრო, მაგრამ თუ მოვინდომებ შემკითხველს ავუხსნა დროის რაობა, მაშინ კი არაფერიც არ მესმის“ (11:17).

გამოყენებული ლიტერატურა:

ნეტარი ავგუსტინე. აღსარებანი. ლათინურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ. გამომცემლობა „ნეკერი“ 1995


[1] პირველი ციფრი „აღსარებანი“-ს წიგნს აღნიშნავს, ხოლო მეორე ამ წიგნის პარაგრაფს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s