ლალი ზაქარაძე _ მერაბ მამარდაშვილი: ევროპული იდენტობის აღქმა _ გზა თვითგამორკვევისკენ


 

ევროპული იდენტობა, ევროპული საზოგადოების არსი და ევროპული კულტურის ბუნება! ეს ის პრობლემებია, რომლის შესახებ განაზრებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა მერაბ მამარდაშვილის აზროვნებისა და ფილოსოფოსობის სტილს. ამ პრობლემების ანალიზით ქართველი ფილოსოფოსი საბჭოთა ფილოსოფიაში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რითაც მოხიბლა კიდეც ევროპული ინტელექტუალური საზოგადოება. ამ „საწყისი წერტილიდან“ ფილოსოფოსობას მამარდაშვილი საკუთარი გამოცდილებისა და აზროვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევდა; რადგან ეს იყო ფილოსოფიური პრაქტიკა იმ ადამიანის პირადი გამოცდილებისა, რომელიც „ევროპაში კი არა, არამედ სხვაგან იღვიძებდა – ერთ პროვინციულ ქვეყანაში“, სადაც იგი საკუთარ თავს, თავის ქვეყანასა და კულტურას აცნობიერებდა.

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულ საკითხთა სპექტრი ეყრდნობა მერაბ მამარდაშვილის მიერ ევროპული თემატიკისადმი მიძღვნილ ნაშრომებს, განსაკუთრებით კი, მის მიერ 1989 წ. ბარსელონაში წაკითხულ მოხსენებას „ევროპული პასუხისმგებლობა“, რომლის სრულყოფილი ვერსია პირველად გამოქვეყნდა მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მასალებში[1].

 

მამარდაშვილის ფილოსოფოსობის სტილი ევროპულ ფილოსოფიასთან შინაგან კავშირს ავლენდა; მას შემთხვევით არ უწოდეს „ქართველების სოკრატე“[2] , ან „ფრანგი ქართულ [საბჭოთა] ფილოსოფიაში“, ან კიდევ „ანტიკური კოლხეთის ელინისტური ფილოსოფიის ჭეშმარიტი მემკვიდრე“[3]; ის თითქმის ერთადერთი იყო საბჭოთა ტოტალიტარიზმის სააზროვნო სივრცეში, რომელიც ევროპული იდენტობის საკუთარ გაგებას/აღქმას სრულიად კონკრეტული მიზნებისთვის იყენებდა: ეჩვენებინა საბჭოთა ადამიანის ტრაგიკული ცნობიერების ძირები, გამოევლინა აზროვნების თავისუფლებისა და მენტალური აქტივობის ხელშემშლელი ფაქტორები, საბჭოთა იდეოლოგიით გაჯერებულ არათავისუფალ სივრცეში თავისუფლების სული შემოეტანა და „ჰომო სოვიეტიკუსად“  ჩამოყალიბებულ ადამიანებში პიროვნება გაეღვიძებინა.

 

ზემოთ დასმული პრობლემების ანალიზი დაკავშირებულია ევროპული პასუხისმგებლობის გაცნობიერებასთან, რაც ევროპული კულტურისა და ღირებულებების, ევროპული იდენტობის ფესვების წვდომას გულისხმობს.

 

მამარდაშვილის აზრით, ევროპულ იდენტობას ასაკი არ გააჩნია, ის მუდამ დაბადების პროცესშია; თუკი მამარდაშვილის მსჯელობას თანმიმდევრულად მივყვებით, მაშინ ცხადი გახდება, რომ ევროპული იდენტობა ორი ელემენტის – ბერძნულ-რომაული სამყაროს სამოქალაქო იდეისა და ქრისტიანობის, კერძოდ, სახარების იდეის – სინთეზს წარმოადგენს.

 

აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს რომაული კონცეფცია. სამოქალაქო სამართალი რომში გასაოცარ სიმაღლეს აღწევს და ადამიანის, როგორც მოქალაქისა და პიროვნების ფორმირებაში განუზომლად დიდ როლს თამაშობს. აქ განხორციელდა თავისუფლების იდეის პროგრესი. მიუხედავად იმისა, რომ რომ „რომაელი ხალხის განსჯა მოკლებულია გონსა და სულს, მისი მეშვეობით მაინც ხორციელდება თავისუფლების პროგრესი“, რაც, საბოლოო ჯამში, სწორედ პოზიტიური სამართლის შექმნას უკავშირდება. თუ ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს გავიხსენებთ, „აღმოსავლური და ნაწილობრივ ბერძნული იმპერიისაგან განსხვავებით, რომაელებმა[4]  შემოიღეს სამართლის ახალი პრინციპი, რომელიც ფორმასა და ფორმალიზმს ეფუძნება; […] სწორედ გრძნობასა და სულს მოკლებული ობიექტური ნორმა იქცა იმად, რაც შესაძლებელს ხდის სულის, მრწამსის, ზნე-ჩვეულებათა და რელიგიის თავისუფლებას“[5]. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის პარალელურად ვითარდებოდა აზრის თავისუფლება ფილოსოფიაში. რომის სამართლებრივი სახელმწიფო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სოციალური ანუ სამოქალაქო იდეა, უსასრულო იდეალი, განხორციელდეს რეალურად, კონკრეტულ საზოგადოებაში.

 

მამარდაშვილის აზრით, საქართველო არასოდეს არ ყოფილა რომაული სამართლებრივი სახელმწიფოს მემკვიდრე. ამ კონტექსტში იგი საკუთარ ქვეყანას პოსტკოლონიურს უწოდებს: რადგან „ქვეყანა, სადაც მე დავიბადე, არის ექსიმპერიის მოხეტიალე პარადოქსი და იმავდროულად პოსტკოლონიური […]“[6].

 

ევროპული იდენტობის მეორე ელემენტი, მამარდაშვილის აზრით, სახარებაა; სახარება ადამიანში არის იდეა, შინაგანი ხმა, სინდისი; საჭიროა ამ ხმის გაგონება და მის კვალდაკვალ სვლა. „საჭიროა პრაქტიკული მხარდაჭერის, რაიმე გარანტიის გარეშე სიარული, სვლა მხოლოდ შინაგანი ხმის კვალდაკვალ. ასე ვლინდება ადამიანი, როგორც სიმშვიდის დამრღვევი ელემენტი, როგორც მოქმედი ელემენტი, როგორც ელემენტი, რომელიც ქმნის ისტორიას“[7].

 

სახარებისეული ელემენტის ანალიზით მამარდაშვილი ხაზს უსვამს ევროპული კულტურის თავისებურებას: ეს არის თვალსაჩინო სხვაობა, შინაგანი პრინციპი, თითოეულ ადამიანში არსებული რწმენა, რასაც მეტყველების ძალას უწოდებენ. ადამიანის შინაგანი პრინციპიდან მომდინარე ენის, მეტყველების უფლებამოსილება მამარდაშვილთან არსებით მნიშვნელობას იძენს და ის ადამიანის ძალისხმევასა და ბრძოლას განსაზღვრავს. ადამიანის ყველაზე არსებითი მისწრაფება საკუთარი თავის რეალიზებაა. ეს კი მხოლოდ სამეტყველო, არტიკულირებული სივრცით არის მიღწევადი. ადამიანის უდიდესი ნაწილი, მამარდაშვილის აზრით, მისი ადამიანობის მიღმაა და მეტყველების სივრცეში არსებობს. „[…] ადამიანი არსებობს შიშველი და მარტო სიტყვის წინაშე, … ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ადამიანი, როდესაც არსებობს სივრცე ცოცხალი აგორისა, _ სავსე სამეტყველო არტიკულაციით […]“[8] , რაც მას საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბოს თავისი აზრები, იფიქროს ის, რასაც ფიქრობს.

 

ევროპელი ადამიანის ისტორია სწორედ ამ ორი ელემენტის ურთიერთობით ყალიბდება. ამ თვალსაზრისით ის მარადიული ძალისხმევაა და მუდამ განახლებადია.

 

მამარდაშვილისთვის ევროპული კულტურა არის პირველი და, შესაძლოა, საბოლოო პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე _ შესაძლებელია თუ არა ცვლილება მსოფლიოში, შესაძლებელია თუ არა, რომ ბორკილდადებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გათავისუფლდეს ამ მდგომარეობიდან, განვითარდეს, ამაღლდეს და ადამიანის სრულყოფილი იდეალი განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ ევროპული კულტურის უპირატესობების წინ წამოწევით, მამარდაშვილი ერთგვარად ფრიდრიხ ნიცშეს „დიდი ევროპული პოლიტიკის“  კონცეფციას ეხმიანება[9].

 

ადამიანის არსებობის საფუძველი და სიცოცხლის საშუალება ისტორიაა. ევროპული ძალისხმევა ისტორიული ფორმით ადამიანის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციის შეუწყვეტელი მცდელობაა, რაც, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო საზოგადოების აღორძინებას იწვევს. მამარდაშვილის აზრით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანი ისტორიაში იყოს. მისი შეხედულებები სამოქალაქო საზოგადოების შესახებ ცნობიერებასა და ისტორიაზე ღრმა ფილოსოფიური დაკვირვებიდან მომდინარეობს[10].

 

ვისაც არ გააჩნია სამოქალაქო საზოგადოების სრულყოფილი სისტემის ისტორია, მას უნდა ესმოდეს, რომ „ეს არის ის, რაც უნდა გვქონდეს“ და, ამასთან, ის შესაძლოა გვქონდეს ისტორიული პერსპექტივის სახით. ევროპა ის სამყაროა, სადაც შესაძლებელია ისტორიის პროგრესული ძალების და საკუთარი არსებობის საფუძვლების აღორძინება.

 

მამარდაშვილთან ადამიანიც ევროპული იდენტობის კონტექსტშია გააზრებული. ადამიანიც მუდმივად საკუთარი თავის ფორმირების პროცესშია. შესაბამისად, ისტორიაც ადამიანად გახდომის მცდელობის ისტორიაა. „ადამიანი არ არსებობს,  იგი იქმნება“[11]. მართალია, ევროპელები და არაევროპელებიც ერთსა და იმავე ისტორიულ მომენტებში არსებობენ, მაგრამ მათი ისტორიული მომენტების ქრონოლოგია  ერთმანეთს არ  ემთხვევა. მამარდაშვილის აზრები უფრო მომავლის აზრები აღმოჩნდა, რადგან ის დღევანდელობას ეხმიანება. ის, რაც ნიშანდობლივია ევროპული კულტურისთვის, ის „ახლა“ ხდება ჩვენთვის და ჩვენც, შესაძლოა, იმავე საფრთხეებისა და პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდეთ.

 

ეს საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ახალი, მოდერნული, თანამედროვე ბარბაროსობაა, მას შეიძლება კულტურული ბარბაროსობაც ვუწოდოთ; ეს ის მდგომარეობაა, როცა ადამიანს არ ეძლევა საშუალება ყოველივე იმის გამოთქმისა, რასაც განიცდის, რასაც გრძნობს, რაც სურს და რასაც ფიქრობს. ამგვარი ცხოვრება „ჩანასახშივე მკვდარი დაბადებაა“, ეს არის თავისუფლებასა და აზროვნებაზე უარის თქმა, რაც სიკვდილის ტოლფასია, რაც საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. „ისტორია, ხშირ შემთხვევაში, არის სასაფლაო იმისა, რაც დარჩა არშობილ სულთა ენაში“[12].

 

საპირისპიროდ ამისა, ევროპელობა მუდამ განახლების მდგომარეობისადმი მზაობას ნიშნავს. ეს ადამიანის „ბუნებრივი მდგომარეობაა“. ეს არის მუდმივი, დაუღალავი ძალისხმევა სრულყოფისა და უკეთესის დამკვიდრებისკენ. ევროპულ კულტურაში ეს ერთგვარი უნივერსალური კანონის სახეს იძენს: იყო სამართლიანი, მიჰყვე შინაგან ხმას და  არასოდეს წახვიდე საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. აქ თავისუფალი აზროვნება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა, კანტიანური _ საკუთარი სინდისის ხმა ჩემში _ და ქრისტიანულ-სახარებისეული პრინციპები ერთმანეთს ხვდება. ევროპული იდენტობა ამ პრინციპების ერთგულებას გულისხმობს. ამდენად, გამოსავალი ერთია: იმგვარი  ძალისხმევის აღორძინება ან ხელახლა შექმნა, რომლის სიმტკიცითაა დაღდასმული ევროპული ქმედითობა. ეს იმგვარი სივრცის შექმნის ტოლფასია, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საკუთარი ჯანსაღი ძალების მობილიზებას თავისუფლების ცნობიერების მისაღწევად, იმავე ძალისხმევით დაელოდება საკუთარ თავს  და მოახერხებს თვითგამორკვევას.

 

 

 

 


[1] იხ.: „ევროპული პასუხისმგებლობა“. მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, რედაქტორ-შემდგენელი: თ. ირემაძე, თბილისი, „ნეკერი“ 2011.

[2] შდრ. ჟ. პ. ვერნანი, ქართველი სოკრატე, თარგმნა მ. ხარბედიამ, იხ.: „არილი“, 12 ოქტომბერი (თბილისი 2000), გვ. 6-8.

[3] J. Bastenaire, Le «Français» de la philosophie soviétique // `evropuli pasuxismgebloba~, … gv. 16-23.

 

[4] აღმოსავლეთი და ძვ. ბერძნები კი სამართლის პრინციპად ზნეობრივ კავშირმიმართებებს და პარტიკულარულ სუბიექტურობას მიიჩნევდნენ.

[5] იხ.: ჰ. შნაიდერი, თავისუფლების ისტორია ჰეგელთან // ჰ. შნაიდერი, ლ.ზაქარაძე, გ. თავაძე, დ. ლაბუჩიძე, თ. ირემაძე, რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ, შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი, „ნეკერი“ 2011, გვ. 50-51.

[6] მ. მამარდაშვილი, ევროპული პასუხისმგებლობა, თარგმნა დოდო ლუჩიძემ // ევროპული პასუხისმგებლობა, … გვ. 209.

[7] იქვე, გვ. 209.

[8] იქვე, გვ. 212.

[9] იხ.: თ. ირემაძე, ევროპული ძალისხმევა // ევროპული პასუხისმგებლობა, … გვ. 201.

[10] L. R. Fletcher, A slow reading of „The Civil Society: An Interview with Merab Mamardashvili“ // ევროპული პასუხისმგებლობა, … გვ. 96.

[11] ევროპული პასუხისმგებლობა, … გვ. 211.

[12] იქვე, გვ. 213.


2 thoughts on “ლალი ზაქარაძე _ მერაბ მამარდაშვილი: ევროპული იდენტობის აღქმა _ გზა თვითგამორკვევისკენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s