თამაზ გამყრელიძე _ „არაცნობიერი» და იზომორფიზმი გენეტიკურ კოდსა და სემიოტიკურ სისტემებს შორის


გენეტიკურ და ლინგვისტურ კოდებს შორის იზომორფიზმის
საკითხი არაერთი ლინგვისტისა და სემიოტიკაში მომუშავე
მეცნიერის ინტერესთა სფეროს განეკუთვნებოდა. მათ შორის
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ჩვენი დროის ცნობილი ენათმეცნიერი
რომან იაკობსონი, რომელმაც (და არა მხოლოდ მან) ახალი
მეცნიერული დისციპლინების _ სემიოტიკისა და მოლეკულური
ბიოლოგიის მიჯნაზე წამოჭრილი ამ პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა
შემოგვთავაზა.
როგორც ცნობილია, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად
მიიჩნევა 50-იან წლებში მოლეკულური ბიოლოგიის
უდიდესი მეცნიერული მიღწევა, რომელმაც შუქი მოჰფინა მემკვიდრეობითობის
მექანიზმს. გაირკვა, რომ მემკვიდრეობითობას განსაზღვრავს
ის ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილია ქრომოსომებში
განსაზღვრული ტიპის ქიმიური ალფაბეტის მეშვეობით. ნუკლეოტიდები
ანუ „ქიმიური რადიკალები“ ასრულებენ ამ ალფაბეტის
საწყისი ელემენტების _ `ასოების’ _ როლს; ეს ელემენტები
კომბინირებენ ერთმანეთთან ნუკლეომჟავების უსასრულო წრფივ
მიმდევრობებში, რაც ქმნის გენეტიკური ინფორმაციის ქიმიურ
ტექსტს. ფრაზის ანალოგიურად, რომელიც გარკვეულ სეგმენტს
შეადგენს ტექსტში (ეს უკანასკნელი შექმნილია საწყისი დისკრეტული
ერთეულების _ ასოების ან ფონემების _ წრფივი მიმდევრობით),
ინდივიდუალური გენიც შეესაბამება განსაზღვრულ სეგმენტს
ოთხი საწყისი ქიმიური რადიკალით შექმნილ ნუკლეომჟავების
გრძელ ჯაჭვში. ასევე, ლინგვისტური კოდის ანალოგიურად,
რომელშიც საწყისი ელემენტები _ ფონემები _ თავად მნიშვნელობას
არიან მოკლებულნი, მაგრამ მათი განსაზღვრული კომბინაციებით
იქმნება მოცემულ სისტემაში გარკვეული მნიშვნელობის
მქონე მინიმალური მიმდევრობები, გენეტიკურ კოდშიც ინფორმაციას
ატარებს არა სისტემის ცალკეული ელემენტი, არა ინდივიდუალური
ქიმიური რადიკალი, არამედ ამ საწყისი ოთხი ნუკლეოტიდის
სპეციალური სამელემენტიანი მიმდევრობები, ე.წ `ტრიპლეტები~.
რამდენადაც სამელემენეტიან მიმდევრობებად ამ ოთხი
საწყისი ელემენტის ყველა შესაძლო კომბინაციათა რიცხვი შეადგენს
43 = 64-ს, გენეტიკური ლექსიკონიც შედგება 64 `სიტყვისაგან~,
რომელთაგან სამი ტრიპლეტი `ფუნქციონალურ მარკერს~
წარმოადგენს და გამოიყენება ნუკლეომჟავების გრძელ მიმდევრობებში
`ფრაზის’ დასაწყისისა და დასასრულის აღსანიშნავად;
დანარჩენი „სიტყვები“ შეესაბამება 20 ამინომჟავას და, ამდენად,
ტრიპლეტებში გამოიყოფა `სინონიმური სიტყვები’, ანუ ერთი
და იმავე ამინომჟავის შესაბამისი განსხვავებული მიმდევრობები.
ოთხი საწყისი ელემენტისაგან შედგენილ ამგვარ ტრიპლეტებსა
და ამინომჟავებს შორის შესაბამისობის დადგენა და ტრიპლეტებ105
ის გრძელი ჯაჭვის გადაყვანა ამინომჟავების ცილოვან მიმდევრობაში
_ პეპტიდების ჯაჭვში _ ფაქტობრივად გენეტიკურ კოდში ჩაწერილი
მემკვიდრეობითობის ინფორმაციის დეშიფრირებას ანუ დეკოდირებას
ნიშნავს, რაც ანალოგიურია დეშიფრირების პროცესისა,
როდესაც, მაგალითად, მორზეს ანბანით შედგენილ შეტყობინებას
ნებისმიერ სხვა ენაზე ვთარგმნით.
აშკარაა, რომ დედამიწაზე ყოველი ცოცხალი არსება ფლობს
`ცოდნას~ გენეტიკური კოდის შესახებ იმ აზრით, რომ შეუძლია
სწორად გაშიფროს გენეტიკური `სიტყვები~, რომლებიც გენეტიკური
ინფორმაციის შინაარსს ქმნიან და, შესაბამისად, მოახდინოს
ცილოვანი მიმდევრობების სინთეზირება. ამავე აზრით, გენეტიკური
კოდი უნივერსალურია, დედამიწაზე ნებისმიერმა ცოცხალმა
არსებამ იცის ამ კოდის გასაღები.
ამგვარად, ცოცხალ არსებათა უსასრულო მრავალფეროვნება
დაიყვანება იმ გრძელ გენეტიკურ `შეტყობინებათა~ საბოლოო
ანალიზამდე, რომლებიც შექმნილია გენეტიკური კოდის ელემენტების
წრფივი მიმდევრობის სახით კომბინირების განსაზღვრული
წესების საფუძველზე. აქ საოცარი სტრუქტურული მსგავსება შეინიშნება
ლინგვისტურ კოდთან და შემთხვევითი არაა, რომ გენეტიკური
კოდის დეშიფრირების დაწყების მომენტიდან მოყოლებული
მემკვიდრეობითობის მექანიზმის კვლევის მთელ შემდგომ პე-
რიოდში მოლეკულური გენეტიკა ფართოდ იყენებდა ლინგვისტიკიდან
ნასესხებ ცნებებსა და ტერმინებს2.
უნდა აღინიშნოს, რომ ლინგვისტურ კოდში, რომელიც ბუნებრივი
ენის საფუძველს წარმოადგენს, საწყისი ერთეულების (ფონემების)
რაოდენობა შედარებით დიდია (სწორედ მათი კომბინირებით
აიგება მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები ბგერით ენა-
ში). აღნიშნული მახასიათებელი გვევლინება ერთ-ერთ იმ სტრუქტურულ
თვისებად, რითაც ლინგვისტური კოდი განსხვავდება გენეტიკური
კოდისაგან. სწორედ მას უკავშირდება ენობრივი სისტემისათვის
დამახასიათებელი სიჭარბე, რაც შეტყობინებაში გარეგანი
ფაქტორებით გამოწვეული `ხმაურის~ შედეგად დაშვებული შეცდომების
გასწორებისა და საწყისი ერთეულების დადგენილი მიმდევრობების
აღდგენის საშუალებას იძლევა. გენეტიკურ კოდს ეს
თვისება არ ახასიათებს, რამდენადაც ნუკლეოტიდების წრფივ მიმდევრობაში
ცალკეული ელემენტის ნებისმიერი გადანაცვლება ან
ამოგდება იწვევს პირვანდელი გენეტიკური ინფორმაციის დამახინჯებას.
ორ განსხვავებულ ინფორმაციულ სისტემაში _ გენეტიკურსა
და ლინგვისტურში დადასტურებული სტრუქტურული იზომორფიზმი,
რომელიც საწყისი დისკრეტული ელემენტების წრფივ კომბინაციას
ემყარება, ფენომენოლოგიურ კითხვას წარმოშობს
როგორც აღნიშნული სისტემების ბუნების, ისე ამგვარი სტრუქტურული
იზომორფიზმის მიზეზების შესახებ, რასაც, თავის მხრივ,
თვალსაზრისთა სხვადასხვაობა უკავშირდება.
2 თავის მხრივ, ენათმეცნიერებამაც ისესხა ზოგიერთი ცნება და ტერმინი მოლეკულური
გენეტიკიდან. ასე, მაგალითად, მარკირების თეორიაში `მარკირების~ იერარქიული
მიმართების წევრები _ ადრე იწოდებოდნენ როგორც `არამარკირებული~ ~
`მარკირებული~ (ტერმინოლოგია მომდინარეობს პრაღის ლინგვისტური სკოლიდან,
რომლის მიხედვითაც, ამ ბინარული მიმართების წევრები ხასიათდებოდნენ როგორც
მერკმალლოს ~ მერკმალჰალტიგ), ამჟამად მოიხსენიება (მათი შინაარსის შესაბამისად)
როგორც `დომინანტური~ ვს. `რეცესიული~, ხოლო `მარკირების მიმართება~ ახალი
ფორმულირებით წარმოადგენს `დომინანტობის მიმართებას~.
ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პოლემიკა მეცნიერების
ორი სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებს _
ლინგვისტ რომან იაკობსონსა და ბიოლოგ-გენეტიკოს ფრანსუა
ჟაკობს შორის: ამ ორ კოდს _ გენეტიკურსა და ვერბალურს _
შორის გამოვლენილი იზომორფიზმი მხოლოდ გარეგნულია, მსგავსი
ინფორმაციული მოთხოვნებით განპირობებული უბრალო თანხვედრის
შედეგია, თუ იგი მომდინარეობს იმ ფილოგენეტური პრინციპიდან,
რომლის მიხედვითაც ლინგვისტური კოდი გენეტიკური
კოდის მოდელების შესაბამისად აიგება? იქნებ აღნიშნული იზომორფიზმის
განმსაზღვრელია ის ფაქტი, რომ ლინგვისტური მოდელები
ზემოდან დაედო მოლეკულურ კომუნიკაციას და ამ უკანასკნელის
პრინციპების მიხედვით განხორციელდა ლინგვისტური
მოდელირება? ეს ბოლო ვარაუდი წამოაყენა რომან იაკობსონმა,
ხოლო ფრანსუა ჟაკობი მსგავსი ფუნქციების მქონე განსხვავებული
ინფორმაციული სისტემების ანალოგიურ სტრუქტურირებას
უჭერს მხარს.
გენეტიკურ და ლინგვისტურ კოდებს შორის სტრუქტურული
იზომორფიზმის იაკობსონისეული წარმოდგენა გულისხმობს იმგვარ
ევოლუციურ პროცესს, რომლის დროსაც ლინგვისტური კოდი
უშუალოდ ზემოდან დაედო გენეტიკურ კოდს, ხოლო ამ უკანასკნელიდან
სტრუქტურული პრინციპები გადმოიწერა ლინგვისტურ
კოდში და ეს პროცესი ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარეობდა გენეტიკური
კოდის ბუნებისა და სტრუქტურის შესახებ არაცნობიერი
ცოდნის პირობებში. აღნიშნული წარმოდგენა, რომ ორგანიზმი
არაცნობიერად ფლობს ინფორმაციას მისი არსებითი მექანიზმის
სტრუქტურის შესახებ, მთლიანად `არაცნობიერის~ სფეროს
განეკუთვნება და იგი ვლინდება არა მხოლოდ ენის მექანიზმის
გენეტიკური კოდის შესაბამისად ჩამოყალიბების ფილოგენეტურ
პროცესში; ამგვარი წარმოდგენის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს,
ასევე, ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნების შემოქმედებითი აქტივობა,
რომლებიც ინფორმაციულ (სემიოტიკურ) სისტემებს აგებენ
გენეტიკური კოდის მოდელისა და პრინციპების შესაბამისად,
აშკარად მათ შესახებ სათანადო ცოდნის გარეშე.
აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გავიხსენით `გლოტოგონიური
პროცესის თეორია’, რომელიც ეკუთვნის თავისი დროის
გამოჩენილ ლინგვისტსა და ფილოლოგს ნიკო მარს. გასაოცარი
მეცნიერული ინტუიციის წყალობით, გარკვეული მოვლენის ასახსნელად
იგი დროდადრო, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი
ლოგიკური დასაბუთების გარეშე, სწორ მიმართულებას ირჩევდა.
ასე, მაგალითად, ენათა ისტორიულად დადასტურებული მრავალფეროვნება
მას ზუსტად ოთხ (სიც!) საწყის ელემენტამდე დაჰყავდა,
რომლებიც, შეიძლება უცნაურიც კი მოგვეჩვენოს, ბგერათა
გარკვეულ `ტრიპლეტებს~ (სამი ბგერისაგან შედგენილ მნიშვნელობის
არმქონე მიმდევრობებს) წარმოადგენენ: სალ, ბერ, ყონ,
როსჰ. ნიკო მარის აზრით, მსოფლიოს ნებისმიერ ენაზე შექმნილი
ნებისმიერი სიგრძის ტექსტი, ანალიზის შედეგად, საბოლოოდ აღმოჩნდება
მხოლოდ ამ ოთხი საწყისი ელემენტის _ რომლებიც,
თავის მხრივ, არაფერს აღნიშნავენ _ კომბინირებით მიღებული
წრფივი მიმდევრობების ფონეტიკური ტრასფორმი. სწორედ ეს განსაზღვრავს
ნიკო მარის აზრით, გლოტოგონიური პროცესების ერ-
თიანობას.
ნიკო მარის გლოტოგონიურ თეორიას არავითარი რაციონალური
საფუძველი არ გააჩნია; იგი არალოგიკურია თანამედროვე თეორიული
ლინგვისტიკისა და ზოგადი ენათმეცნიერების მეთოდოლოგის
თვალსაზრისით; ამიტომაც იგი ირაციონალურია და, ამდენად,
ირელევანტურია ლინგვისტიკისათვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ ნიკო მარის თეორია, რომელიც ენის გარკვეულ სტრუქტუ-
რულ მოდელს წარმოადგენს, მიახლოებულს გენეტიკურ კოდთან,
ირელევანტური როდია მეცნიერებისათვის და, ზოგადად,
ფსიქოლოგიისათვის. ამ თეორიის ავტორში შეიძლება დავინახოთ
გამორჩეული პიროვნება, რომელსაც ენის, როგორც ინფორმაციული
სისტემის, ორიგინალური მოდელის შექმნისას არაცნობიერიდან
ამოაქვს თავისი ინტუიციური წარმოდგენები გენეტიკური კოდის
სტრუქტურის შესახებ.
რა თქმა უნდა, გენეტიკური ინფორმაციული სისტემის ამგვარი
სტრუქტურის შესახებ გაცნობიერებული, მკაფიო ცოდნა არ გააჩნდა
არც ნიკო მარსა და არც ძველ ჩინელ ფილოსოფოსებს, რომლებმაც
სამი ათასი წლით ადრე შეადგინეს წიგნი I ჩჰინგ (ჩინური `გარდასახვების
წიგნი~), რომელშიც წარმოადგინეს ოთხი ბინარული
ელემენტის გარდასახვათა (ტრანსფორმაციათა) სპეციალური
სისტემა; თვით ეს ელემენტები ემყარებოდა `მამრობით საწყისს~
იან- სა (ყანგ) და `მდედრობით საწყისს~ ინ- ს (ყინ) და, ამასთანავე,
დაჯგუფებული იყო `ტრიპლეტებად~; საერთო რაოდენობა ამგვარი
სამწევრა მიმდევრობებისა შეადგენდა 64-ს, გენეტიკური
`ტრიპლეტების~ ანალოგიურად. უძველეს ჩინურ სიმბოლურ
სისტემაში ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება სწორედ აღნიშნული
`ტრიპლეტების~ მეშვეობით აღიწერება. ამ კონტექსტში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ჩანს იონიელთა კოსმოგონია, რომელიც
სამყაროს განიხილავს როგორც ოთხელემენტიან სისტემას;
ასევე მნიშვნელოვანია ჰიპოკრატეს თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც
ადამიანის სხეული წარმოადგენს სისტემას ოთხი საწყისი
შემადგენლით. აღნიშნული თვალსაზრისები, აგრეთვე სხვა სისტემები
კიდევ უფრო განამტკიცებენ იმ აზრს, რომ ამგვარი პირდაპირი
მიმართება გენეტიკურ კოდსა და განხილულ სისტემებს შორის
ემყარება ჩვენს არაცნობიერ ცოდნას აღნიშნული მიმართების შესახებ.
ყველა ეს სიმბოლური სემიოტიკური სისტემა (განსაკუთრებით
კი ჩინური `გარდასახვების სისტემა’ ბინარული ელემენტებით იან-
ითა და ინ-ით , აგრეთვე ნიკო მარის ენობრივი მოდელი)
გასაოცარ შესაბამისობაშია, თუნდაც რაოდენობრივი პარამეტრების
მიხედვით, გენეტიკური კოდის სტრუქტურასთან. როგორც ჩანს,
ეს უკანასკნელი აღნიშნული სისტემების შემქმნელთათვის არაცნობიერ
სამოდელო საფუძველს (სუბსტრატს) წარმოადგენდა.

წყარო: http://www.science.org.ge/books/ena-g.html

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s