რამაზ ხალვაში _ ანდრია მოციქულის მისიონერული მოგზაურობები შავიზღვისპირეთსა და საქართველოში


მოციქულთა ქადაგება უძველესი ქრისტიანული ცენტრების პრესტიჟს განაპირობებდა, რის გამოც რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების უპირატესობა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) განსაზღვრა. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (381 წ.) აღმოსავლური ქრისტიანობის ცენტრად კონსტანტინოპოლი გამოაცხადა და სტატუსით რომის ეკლესიას გაუტოლა: „კოსტანტინოპოლისა ეპისკოპოსსა აქუნდინ წარჩინებულებაჲპატივისა, სწორი ჰრომისა ეპისკოპოსისა, ვინაჲთგან ახალი ჰრომი არს იგი“ (სჯულისკანონი 1975: 261). კონსტანტინოპოლის გაძლიერებას მოჰყვა მისი ეპისკოპოსების აღზევება და ამავდროულად აქტუალობა შეიძინა წმ. ანდრიას ქადაგების შავიზღვისპირულ-ბალკანურმა ლოკალიზაციამ, რომელიც მოციქულის მისიონერულ მოღვაწეობას კონსტანტინოპოლის შემოგარენთან აკავშირებდა. აპოკრიფებში წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობების შესახებ ორი განსხვავებული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ტექსტების ერთ ნაწილშიმოციქულის ქადაგება უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო მეორე ნაწილში – სკვითეთს (ესბროკი 1974: 141; გეორგიკა I: 29-30; ენციკლოპედია II: 372; თამარაშვილი 1995: 166; მიმოსლვა 2008: 114-115; ანანია [ჯაფარიძე] 2009: 127-130). საქართველო შედიოდა წმ. ანდრიას ქადაგების ორივე ძირითად მარშრუტში (შავიზღვისპირეთი, სკვითეთი), ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სოფრონიუსი (IV-V სს.), დოროთეოს ტვირელი (VI ს.) და ფსევდო-ეპიფანე კვიპრელი (VI-VII სს.) უფრო აკონკრეტებენ წმ. ანდრიას ქადაგების იბერიულ-კავკასიურ მარშრუტს და ადრეულ წყაროებში ნახსენები სებასტოპოლისისა (დღევანდელი სოხუმი) და აფსაროსის (დღევანდელი გონიო) გარდა შეაქვთ: მდინარე ფაზისი (ჭოროხი), კოლხეთი (რომელიც შიდა ან მეორე ეთიოპიად იხსენიება, აფრიკის ეთიოპიისაგან გამიჯნვის მიზნით), იბერია, სუსანია (ძვ. ქართული – სოსანგეთი), ფუსტა (ძვ. ქართული – ფოსტაფორი) და ალანია (ძვ. ქართული – ოვსეთი). დაკვირვება ცხადყოფს, რომ ისტორიულ წყაროებში ანდრია მოციქულის საქართველოში ქადაგების მარშრუტი დროთა განმავლობაში იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ფაქტორის ზეგავლენით. ამ თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ეტაპი: 1) პირველ ეტაპს ქმნიან ადრეული პერიოდის ბერძნულ-რომაული ტექსტები და მათი ქართული თარგმანები. ამ დროის უცხოელ ავტორებს წმ. ანდრიას მისიონერულ მარშრუტში შეაქვთ საქართველოში არსებული ძველი ბერძნული ახალშენები და რომაული სამყაროს სტრატეგიული ცენტრები. ამ პერიოდის ძეგლია ქართული „მრავალთავი“, რომლის არქეტიპებიV-VI საუკუნეებით თარიღდება. ჩვენამდე მოაღწია ამ კრებულის გვიანდელმა ნუსხებმა. ერთ-ერთ მათგანში, „კლარჯულ მრავალთავში“ (X ს.), დაცულიადოროთეოს ტვირელის ჰომილია „ათორმეტთა მოციქულთა მოსაჴსენებელი“, რომელშიც ავტორი წმ. ანდრიას ქადაგებას დასავლეთი და სამხრეთი საქართველოს გეოგრაფიულ პუნქტებს (სებასტოპოლისი, აფსარელთა ბანაკი, მდ. ფაზისი, ეთიოპია) უკავშირებს (მრავალთავი 1991: 387). 2) VII-IX საუკუნეების ბიზანტიურ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა წმ. ანდრია მოციქულის ვრცელი კანონიკური ცხოვრებანი, რომლებიც აპოკრიფული ტექსტების გადამუშავების შედეგად შეიქმნა. მათგან ყველაზე ადრეულია ე.წ. Narratio (VII ს.). ყველაზე მეტი პოპულარობა კი მოიპოვა ეპიფანე მონაზვნის „ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებამ“, რომელიც 815-843 წლებს შორისაა დაწერილი (ენციკლოპედია II: 371). ეპიფანე მონაზონმა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება, პავლე მოციქულის მიმოსვლათა ანალოგიით (საქმე 13.1-14.28; 15.36-18.22; 18.23- 21.17) სამ მოგზაურობად დაყო და საქართველოს ქრისტიანიზაციის საკითხს დიდი ადგილი დაუთმო. „ცხოვრების“ მიხედვით, მოციქულმა იქადაგა ლაზიკის ქალაქ ტრაპეზუნტში, იბერიაში, ფაზისში, სუსანიაში, ფუსტაში და აბაზგიაში – დიდ სებასტოპოლისში (გეორგიკა IV: 58-59). ეპიფანე მონაზვნის „ანდრია პირველწოდებულის ცხოვრების“ გადამუშავებას წარმოადგენს ნიკიტა-დავით პაფლაგონიელის (†890) „ანდრია მოციქულის მიმოსლვა“, რომელიც ქართულად ეფთვიმე ათონელმა თარგმნა 1011 წელს. „მიმოსლვის“ ტექსტით, ანდრია პირველწოდებულმა სამივე მი სიონერული მოგზაურობის დროს იქადაგა საქართველოში (მართალია, მეორე მოგზაურობის დროს – მხოლოდ ტრაპეზუნტში, მაგრამ ეპიფანე მონაზვნისა და ნიკიტა პაფლაგონიელის მიხედვით, ისიც ქართველთა, „ლაზთა ქალაქია“): პირველი მოგზაურობის დროს მოციქულმა “მრავალნი ქალაქნი და დაბნები პონტოისანი განანათლნა”, მივიდა ტრაპეზუნდში ( „სოფელსა მეგრელთასა“), შემდეგ – “ქუეყანასა ქართლისასა” და ბოლოს პართიის გზით დაბრუნდა იერუსალიმში (მიმოსვლა 2008: 174-175). მეორე მოგზაურობის დროს ანდრია მოციქულმა მოინახულა ტრაპეზუნდი (მეგრელთა ქვეყანა) და “მათცა შეიწყნარეს ქადაგებაჲ მოციქულისაჲ” (მიმოსვლა 2008: 187). ბოლო, მესამე მოგზაურობის დროს წმ. ანდრია სიმონ კანანელთან და მატათას- თან ერთად შემოვიდა “ქუეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა”, სოსანგეთში მოაქცია დედაკაცი მთავარი, იქ მატათა დატოვა და სიმონ კანანელთან ერთად გადავიდა ოსეთსა და აფხაზეთში. სევასტიაში (სოხუმში) ის დაშორდა სიმონსაც და ჯიქეთში გადავიდა, სადაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს (მიმოსვლა 2008: 188-189). 3) XI საუკუნის მეორე ნახევარში ლეონტი მროველმა მოციქულთა ქადაგებაზე ინფორმაცია საქართველოს ოფიციალურ ისტორიაში – „ქართლის ცხოვრებაში“ შეიტანა და ძირითადი აქცენტი დასავლეთი საქართველოს (ეგრის-აფხაზეთის) მოქცევაზე გადაიტანა. ამასთანავე, დააზუსტა, რომ „მიმოსლვაში“ ნახსენები გამონათქვამი „ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა“ გულისხმობს წმ. ანდრიას ქადაგებას „გზასა კლარჯეთისასა“ (ქცა I: 38, 42). ანალოგიურ აზრს ავითარებს ეფრემ მცირე, რომელიც აღნიშნავს, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა დასავლეთ საქართველოში – აფხაზეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლში ქრისტიანობა იქადაგა მაცხოვრის სხვა მოწაფემ – ბართლომემ (ეფრემ მცირე, 1959: 4). 4) ცალკე ეტაპად უნდა გამოიყოს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ (1104 წ.), რომელშიც წმ. ანდრიას ქადაგების ფაქტი მთელ საქართველოზეა განზოგადებული და აღნიშნულია, რომ მოციქულმა სახარებაიქადაგა „ყოველსა ქუეყანასა საქართველოჲსასა“ (სჯულისკანონი 1975: 545), რითაც წმ. ანდრია ცხადდება სრულიად საქართველოს განმანათლებლად და მისი ეკლესიური და პოლიტიკური ერთიანობის საფუძვლად. 5) ლეონტი მროველისეული ტრადიცია (შდრ.: „წარვიდა გზასა კლარჯეთისასა“) განავითარა არსენ ბერმა, რომელიც „ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასულრედაქციაში სიტყვასიტყვით მისდევს „მიმოსლვის“ ეფთვიმესეულ თარგმანს და დამატებით აღნიშნავს, რომ მოციქულმა იქადაგა ნიგალის პროვინციაში. ნიგალი ისევე, როგორც კლარჯეთი, ჭოროხის აუზის ქვეყანაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორს სხვა არგუმენტიც აქვს. ნიგალი ტექსტში „მიმოსლვისეული“ ჭოროხის („ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა“) ადგილს კი არ იკავებს, არამედ ცვლის პირველწყაროს სოსანგეთს (ხალვაში 2009: 203). 6) წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში ქადაგებასთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი იოანე ანჩელმა (რკინაელმა), რომელმაც თამარის ზეობის დროს დაწერა ჰიმნოგრაფიული კანონი „გალობანი ანჩის ხატისანი”. საგალობლის მიხედვით, წმ. ანდრია საქართველოში ჰიერაპოლისიდან შემოვიდა და ანჩაში მაცხოვრის ხატი შემოაბრძანა (სულავა, 2003:298-299). წმ. ანდრიას ქადაგება „უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა” ეხმიანება მოციქულის მისიონერული მარშრუტის ლეონტი მროველისეულ ლოკალიზაციას „გზასა კლარჯეთისასა”. 7) XIII-XV საუკუნეებში შეიქმნა „მიმოსლვის“ ქართული რედაქცია. იგი სრული სახით A-161 ხელნაწერშია წარმოდგენილი (მიმოსვლა 2008: 129-133). ამ რედაქციის ავტორი თანამედროვეობის გადასახედიდან „კითხულობს“ ისტორიულ დოკუმენტს, ითვალისწინებს ლიტერატურულ ტრადიციას და „მიმოსლვის“ ეფთვიმესეულ თარგმანში შეაქვს ისტორიულ-გეოგრაფიული შინაარსის გლოსები, რომელთა უმრავლესობა წმ. ანდრიას მისიონერულმოგზაურობებში მესხეთის ფართო პლანით წარმოჩენას ისახავს მიზნად. ჭოროხის აუზთან (ტაო-კლარჯეთი-ნიგალი) ერთად გლოსებში ჩნდება მტკვრის აუზის ქვეყნები არტაანი და კოლა. როგორც ცნობილია, „მიმოსლვის“ ტექსტში მხოლოდ მდინარე ჭოროხია ნახსენები (ხალვაში 2009: 205-209). 8) შემდგომ ეტაპს ქმნის მესხური გადმოცემა, რომელიც ლიტერატურულად ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგების კარნახითა და უშუალო მონაწილეობით გაფორმდა (1486-1515). ეს ძეგლი წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობების მესხურ მარშრუტს ორმხრივ განავრცობს: ჭოროხის აუზის ქვეყნებში დამატებით ასახელებს აჭარას, ხოლო მტკვრის აუზის ქვეყნებში – სამცხეს. გადმოცემაში „მიმოსლვის“ ეფთვიმესეული თარგმანი ტენდენციურად, სეპარატისტული სულისკვეთებითაა გადამუშავებული. წმ. ანდრიას ქადაგება და მის მიერ პირველი ქართველი ეპისკოპოსის ხელდასხმა დაკავშირებულია სამცხე-საათაბაგოს საეკლესიო ცენტრთან – აწყურთან, რითაც ხაზგასმულია საეკლესიო დამოუკიდებლობის მოსურნე მესხეთის ეკლესიის „სამოციქულო“ ხასიათი (ხალვაში 2009: 206-209). მესხური გადმოცემის პირველი ლიტერატურული ვარიანტი ფიქსირდება მანუელ რიტორის (1460-1550 წწ.) ბერძნულ თხზულებაში „თხრობა აწყურის ხატსა და სასწაულებზე“, რომელიც 1500-1504 წლებშია დაწერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის იოაკიმე I-ის (1498-1502, 1504 წწ.) დაკვეთით. იოაკიმე I-მა 1500-1501 წლებში იმოგზაურა სამცხე-საათაბაგოში სახსრების მოზიდვის მიზნით და ათაბაგების ოჯახისგან დიდი საბოძვარი მიიღო. აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, რომ „თხრობა“ მათ მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს მიზნად. მანუელის „თხრობა“ აწყურის ხატის ვრცელ მატიანეს წარმოადგენს და შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან: ა) მესხური გადმოცემა წმ. ანდრიას აჭარასა და სამცხეში ქადაგების შესახებ; ბ) ჰერაკლე კეისრის დროინდელი ქრონიკა; გ) ხატის დატყვევება უზუნ-ჰასანის მიერ (1477 წ.); დ) ხატის დატყვევება იაყუბ ყაენის მიერ. საგულისხმოა, რომ აწყურის ხატის მატიანის ქართული ვერსია ფრაგმენტებადდაუნაწილებიათ და XVIII საუკუნის 60-იან წლებში ჩანართებისსახით შეუტანიათ „ახალი ქართლის ცხოვრების“ შესაბამის ქრონოლოგიურმონაკვეთებში: ა) მესხური გადმოცემა – ადერკი მეფის ქრონიკაში (ქცაI: 39-42); ბ) ჰერაკლე კეისრის დროინდელი ქრონიკა – „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ (ქცა I: 224); გ) უზუნ-ჰასანისა და იაყუბ ყაენის მიერ ხატისდატყვევების სასწაულები – საკუთრივ „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ (ქცა II: 480-481; 482-486). მესხური გადმოცემის ბერძნული და ქართული ვერსიები შინაარსითა და სტრუქტურით მსგავსი ტექსტებია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანუელის თხზულებას აწყურის ხატის მატიანის ბერძნული თარგმანი უდევს საფუძვლად. თუმცა მათ შორის განსხვავებებიც იჩენს თავს: ა) გადმოცემის შესავალ ნაწილში მანუელი აღნიშნავს, რომ აწყურის ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა (ქართულ ვერსიის მიხედვით კი, ხატი ხელთუქმნელია); ბ) ბერძნულ ვერსიაში აჭარაში ქადაგებაზეა საუბარი, ქართულ ვერსიაში – დიდაჭარაში ქადაგებაზე; გ) ბერძნული ვერსიის მიხედვით, აწყურის ხატს გააჩნდა ორი ასლი, რომელთაგან პირველის ადგილსამყოფელი აჭარაა, ხოლო მეორის – შატბერდი და ა. შ. განსხვავებებია მესხური გადმოცემის დასკვნით ნაწილშიც. ქართულ ვერსიაში მოკლედ არის აღნიშნული, რომ წმ. ანდრია აწყურიდან „წარემართა სხუათაცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა“ (ქცა I: 42). ბერძნულ ვერსიაში კი აღნიშნულია, რომ აწყურიდან წასული „მოციქული მიიწია ადგილად, რომელსაც ღრმა (Βαθύ) ეწოდება, სადაც არის ნავსადგური (ჰავანი), იქიდან წავიდა სებასტოპოლისში და ქადაგებით განვლო სამეგრელო, აფხაზეთი, სავრომატია, სუგდეა და გუთეთი, გადასცურა პონტო და მოპირდაპირე სანაპიროზე ბიზანტიონში ჩავიდა. აქ ეპისკოპოსად სტაქე დაადგინა, სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი, და თრაკიის ჰერაკლიისკენ გაემართა. იქ მან ხელი დაასხა ეპისკოპოს აპელესს, იმავე სამოცდაათთაგან ერთ-ერთს, განვლო მთელი რუმინეთი და შეჩერდა პელოპონესში, სადაც, აქაიის პატრაში, ანთიპატმა ეგეატმა სიკვდილით დასაჯა, ჯვარზე, თავით ქვემოთ. ასეთია, მოკლედ, მოთხრობა წმინდა მოციქულზე“. სამართლიანად აღნიშნავს რ. ბარტიკიანი, რომ ბერძნული ტექსტის Βαθύ-ში ბათუმი იგულისხმება (ბარტიკიანი 1987: 76). სახელწოდება Βαθύς ბერძნულ ლიტერატურაში პლინიუსისა და არიანეს დროიდან გვხვდება და გადმოგვცემს ადგილობრივ ტოპონიმს (ბათ-ომ-ი). ბერძნებს ეს სახელწოდება გააზრებული აქვთ, როგორც ბერძნული Βαθύς – „ღრმა“. ამგვარ მნიშვნელობას შეესაბამება ბათუმის ლათინური სახელწოდება Portus altus (გეორგიკა II: 22). საგულისხმოა, რომ XV საუკუნის ბიზანტიელი ის ტორიკოსი ლაონიკე ხარკოკონდილე, მანუელ რიტორის მსგავსად, ბათუმს Βαθύ-დ იხსენიებს (გეორგიკა VIII: 91). ამრიგად, მანუელის „თხრობის“ მიხედვით, წმ. ანდრია აწყურიდან ბათუმში ჩავიდა: „მიიწია ადგილად, რომელსაც ბათუმი (Βαθύ) ეწოდება, სადაც არის ნავსადგური (ჰავანი)“ და იქიდან სებასტოპოლისში, ანუ ცხუმში გაემგზავრა. ბათუმი წმ. ანდრიას ქადაგების მარშრუტში მხოლოდ მანუელ რიტორის ტექსტში გვხვდება. ეს ნიშანდობლივიცაა, რადგან ბათუმის ნავსადგურმა („ჰავანმა“) საერთაშორისო ფუნქცია გვიან, XII საუკუნიდან, შეიძინა, როცა წინა აზიის სახმელეთო გზებზე თურქ-სელჩუკები გაბატონდნენ დამსოფლიო სატრანზიტო გზებმა საქართველოში გადმოინაცვლა. „აბრეშუმის გზის“ ერთი შტო ამ დროს ბათუმზე, აჭარასა და სამცხეზე გადიოდა (ბერაძე 1981: 167). მესხური გადმოცემის ქართული ვერსიის მიხედვითაც, წმ. ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ გზას მიჰყვება და სამცხეში (აწყურში) აჭარიდან (დიდაჭარიდან) გადადის. ცხადია, იოაკიმე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის დროს სახმელეთო გზის ეს მონაკვეთი ბათუმის ჰავანზე გადიოდა და სწორედ ამგვარი წარმოდგენა აისახა მანუელ რიტორის თხზულებაში. 9) „მიმოსლვის“ განსხვავებული რედაქცია შემოგვინახა „ქართლის ცხოვრების“ ურბნულმა ნუსხამ, რომელიც გვერდს უვლის მოციქულის მესხეთში ქადაგებას, სამაგიეროდ, განავრცობს ქართლისადმი მიძღვნილ მონაკვეთს. ურბნულ რედაქციაში დადასტურებული ტენდენცია განავითარა თეიმურაზ ბატონიშვილმა, რომელმაც „ივერიის ისტორიაში“ კიდევ უფრო დააკონკრეტა წმ. ანდრიას ქადაგების მარშრუტი და მასში შეიტანა: მცხეთა, გრემი და სტეფანწმინდა. გარდა ამისა, მთლიანად შეცვალა მესხური გადმოცემის გეოგრაფია და აწყურის მაგივრობა ბიჭვინთას დააკისრა: „ხოლო ოდეს მიიქცა მოციქული ანდრია ივერიად, ხატი იგი დედისა ღუთისა ვედრებითა მუნებურთა ერთათა დაუტევა მუნ ბიჭვინტას; ხოლო ბიჭვინტისა ღუთის-მშობლისა ხატი, რომელიცა ასვენიეს აწცა ქუემოსა საქართველოსა შინა, მახლობელად ქუთაისის ქალაქისა, მონასტერსა სამიტროპოლიტოს გენათლიას (ესე იგი გელათს), რომელიცა არს ფრიად მრავლითა სიმდიდრითა შემკულ ღირს სახსოვარისა მეფისა ბაგრატ მეოთხისაგან, სრულიად ივერიის თჳთ-მპყრობელისა, დავითიან-ბაგრატოვანისა, იტყვიან მას ხატსა, რომელ იგი არს რომელიცა მოციქულმან ანდრია მოასვენა თჳთ და ანუ არს იგი უეჭველად ორიგინალი ხატისა მისგან გარდამოხატული“ (თეიმურაზ ბატონიშვილი 1848: 145-146). ასე რომ, ქართული ქრისტიანობის უძველესი ცენტრი – ბიჭვინთა წმ. ანდრიას მისიონერულ მარშრუტში გვიან (XIX ს.-ში) შეიტანეს. ამგვარად, წმ. ანდრიას შავიზღვისპირეთსა და საქართველოში ქადაგებაზე ადრეული პერიოდის ბერძნულ-რომაული ტექსტები მოგვითხრობენ. VII-IX საუკუნეებში ჩამოყალიბდა წმ. ანდრიას ცხოვრების კანონიკური რედაქციები. XI საუკუნიდან იქმნებოდა წმ. ანდრიას ცხოვრების ადგილობრივი,ქართული, რედაქციები, რომელთა ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდასხვადასხვა ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორი. წმ. ანდრიას საზღვაო მარშრუტი კი შავი ზღვის გარდა მოიცავდა ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოსა და ყირიმის ზღვებს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იგი ქრისტიანულ ტრადიციაში მეზღვაურების მფარველად ითვლება. ლიტერატურა 1. ანანია [ჯაფარიძე] 2009: ანანია [ჯაფარიძე], საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 2009. 2. არსენ ბერი 1971: არსენ ბერი, ნინოს ცხოვრება//ძველი ქართული აგიოგრაფიულილიტერატურის ძეგლები, III (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს.), თბ., 1971. 3. ბარტიკიანი 1987: Бартикян Р., Приписываемый Мануилу, Великому ритору Константинопольской патриархии (1-я пол. XVI в.), Панегирик государям Самцхе-Саатабаго Кваркваре II, Каихосро и Мзечабуку//Tbilisis saxelmwifo უნივერსიტეტის შრომები, 266, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ., 1987. 4. ბერაძე 1981: ბერაძე თ., ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბ., 1981. 5. გეორგიკა I: გეორგიკა, ტ. I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1961. 6. გეორგიკა II: გეორგიკა, ტ. I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1965. 7. გეორგიკა IV: გეორგიკა, ტ. IV1-2, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1941, 1952. 8. გეორგიკა VIII: გეორგიკა, ტ. VIII, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1970. 9. ენციკლოპედია II: Православная Энциклопедия. Т. 2. Москва, 2000. 10. ესბროკი 1974: Esbroeck M., L’assomption de la vierge dans un transitus Pseudo-Basilien//Analecta Bollandiana 92, 1974. 11. ეფრემ მცირე 1959: ეფრემ მცირე, უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, თ. ბრეგაძის გამოცემა, თბ., 1959. 12. თამარაშვილი 1995: თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995. 13. თეიმურაზ ბატონიშვილი 1848: თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, სანკტპეტერბურღი, 1848. 14. მიმოსლვა 2008: მიმოსლვა ანდრია მოციქულისა, ძველი ქართული თარგმანის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. კობიაშვილმა, თბ., 2008. 15. მრავალთავი 1991: კლარჯული მრავალთავი, თ. მგალობლიშვილის გამოცემა, თბ., 1991. 16. სულავა 2003: სულავა ნ., XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., 2003. 17. სჯულის კანონი 1975: დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975. 18. ქცა I: ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955 19. ქცა II: ქართლის ცხოვრება, II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959 20. ხალვაში 2009: ხალვაში რ., ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასაქართველოში (ძველი ქართული ლიტერატურული წყაროებისადა „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით)//გონიო-აფსაროსი, VIII, ბათუმი, 2009.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s