შოთა ბოსტანაშვილი _ ზღვაოსანი პილიგრიმები (ბ/არტისტული წარმოდგენა)


ზღვაოსანი პილიგრიმები“ სემიოტიკური რეფლექსიაა კონცეპტუალურ პროექტზე (სურათზე), რომელსაც ჰქვია „პილიგრიმები“, იგივე მოხეტიალე კუნძული, ან მეექვსე კონტინენტი. პროექტმა იუნესკოს მიერ მოწყობილ არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა (ვენეცია, 1988). კონკურსის თემა გახლდათ „ოცდამეერთე საუკუნის ცივილიზაციის სივრცე“.

„პილიგრიმები“ თავად გახლავთ ნიშანთშემოქმედებითი სურათი, ფერწერული და ენობრივი სემიურგიული ტექსტი. იგი ამოიზარდა კონკრეტული, ლოკალური (ქართული) კულტურის სახე(ლ)ებიდან და გადაიზარდა საზოგადო სახე(ლ)ში და სახ(ე)ლში. აქ კერძოს და საზოგადოს, რომლებსაც სხვადასხვა აღსანიშნები და აღმნიშვნელები აქვთ, ნიშანი აკავშირებთ და რადგან პილიგრიმებში გამოსაცნობიც არაფერია (რაც ჩადებულია, იმას ამოვიღებთ), წინამდებარე სტატია გთავაზობთ მის გასინჯვას როლან ბარტის ცნობილ ტექსტთან მიმართებაში: „სურათის რიტორიკა“ [ბარტი 1989, 298- 302].

როგორც ცნობილია, „სურათის რიტორიკა“ ეწევა „პანძანის“ ფირმის მაკარონის რეკლამის სემიოტიკურ ანალიზს. ჩვენ „შევიჭრებით“ ბარტის ტექსტში, „გამოვაძევებთ“ მაკარონს, პომიდორს და ყველა დანარჩენს და შევიტანთ ზღვას, ცას და ტაძრიან სკამებს. ან ასე: ჩვენ დავდგამთ სემიოტიკურ სპექტაკლს „პილიგრიმები“ ბარტის სცენაზე. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ბ/არტისტული წარმოდგენა.

ინსტრუქცია: როლან ბარტის ტექსტი წარმოდგენილია მუქი და დახრილი შრიფტით. კვადრატულ ფრჩხილში მითითებულია მხოლოდ გვერდის ნომერი. მრავალწერტილით აღნიშნულია ჩვენს მიერ გამოტოვებული ადგილები ბარტის ტექსტიდან.

სამი შეტყობინება.

ჩვენ წინაშეა [298] სურათი (გამოსახულება, ლეკსია). ვხედავთ: ზღვაზე და ცის ფონზე განლაგებულია სკამის ფორმის მინის ექვსი ნაგებობა. თითოეულ სკამზე სათითაოდ დევს (აწყვია, გამოფენილია, „ზის“) ხუთი სხვადასხვა კონფესიის ტაძარი. მეექვსე სკამზე კი ხეა ამოზრდილი. ერთი სიტყვით, მათ სხდომა აქვთ. სკამების საზურგეების სილუეტები განსხვავდებიან სტილისტური ნიშნებით. მოცურავე სკამები შეჯგუფებულნი არიან მაგიდასთან, იმავე – ნავსადგომთან, რომლის კონფიგურაციაზე ტექსტია განთავსებული. ვეცადოთ, გამოვყოთ ის შეტყობინებები, რომლებიც შესაძლებელია შედიოდნენ (ინახებოდნენ) ამ გამოსახულებაში [298].

პირველს ამ შეტყობინებებს შორის აქვს ენობრივი სუბსტანცია და უშუალოდ გვეძლევა; იგი წარმოქმნილია სურათის ქვედა ნაწილში განლაგებული ტექსტით. ….. ამ შეტყობინების კოდი სხვა არაფერია, თუ არა ინგლისური ენის კოდი; იმისათვის, რომ გავშიფროთ მსგავსი შეტყობინება, საჭიროა მხოლოდ წაკითხვის უნარი და ინგლისურის ცოდნა. თუმცა, ენობრივი შეტყობინება ასევე შეიძლება იყოს დანაწევრებული, იმდენად, რამდენადაც [298] სურათის ტექსტის სათაურს, რომელიც ზღვის გამოსახულებასთან ერთად იკითხება, დაემატა (ამ წერილში) „ზღვაოსანი“, რომ შესაძლებელი გახდეს (ამ წერილის) წაკითხვა (ზღვის) გამოსახულების გარეშეც. ამდენად „ზღვაოსანი პილიგრიმები“ თავადვე მიგვანიშნებენ მცურავი სახლების მისიაზე და გადაგვიყვანენ კულტურის გარკვეულ პარადიგმებთან. კერძოდ: უტნაფიშტიმთან, ნოესთან, კოლუმბთან და მისთ.

რაც შეეხება თავად სურათის ენობრივ შეტყობინებას, მისი ქართული თარგმანი ასეთია:

პილიგრიმები.

მცურავი საკარცხულები სახლებია.
მცურავი სახლი მოხეტიალე კუნძულია –
მეექვსე კონტინენტია – თავშესაფარია,
„… თუ აღიარებ, რომ იღუპები“.
საკარცხული ინდივიდუალობის სიმბოლოა.
საკარცხული დასვენების სიმბოლოა.
საკარცხულების ყრილობა დიალოგის ნიშანია.
საკარცხულების საზურგეები ტელეეკრანებია – პილიგრიმთა
ქადაგო ენა.
საკარცხულები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან.
ეს სხვადასხვაობა მათი ზურგებია. ეს სხვები საკარცხულებზე
სხედან.
საკარცხულები ადგილია (საცხოვრებელი, სამუშაო, დასასვენებელი…).
საკარცხულები დაცურავენ ერთად და ცალ-ცალკე.
საკარცხულები სამყაროს გადააქცევენ ინტერიერად – საერთო
სახლად.
საკარცხული – ქანცგაწყვეტილი კაცობრიობის დასვენების სიმბოლოა.
საკარცხულები…

ტექსტში აღარ არის ნახსენები (აღარ შევიდა) სინტაგმა მახვშის საკარცხული, საიდანაც თავისი გენეტიკური კოდი მიიღეს ჩვენი სურათის სკამებმა და რომელიც, თავის მხრივ, დამატებით ცოდნას მოითხოვდა და გვაგზავნიდა ქართულ კულტურასთან – სვანეთთან, ტაბუს და საკრალობის ნიშნის მატარებელ საგანთან. სხვა ენობრივ სივრცეში (აქ, ინგლისურში) საწყის სინტაგმას ჩაენაცვლა „სკამი“, რომლის რესაკრალიზაციას, მასზე მჯდომი ტაძარი ახდენს (განაგებს).

ტექსტში ნახსენებია ასევე მოხეტიალე კუნძული, მაგრამ უცნობია (სხვებისთვის) მისი წარმომავლობა, როგორც ოთარ ჭილაძის პოემის სათაური, რომელიც პოეტის სულისკვეთების მუხტს გამოხატავს: „დახეტიალობს ჩემი კუნძული/პირველყოფილი გულუბრყვილობით/დარწმუნებული, რომ საჭიროა,/რომ ვინმეს მაინც მიუსწრებს სულზე/ამხელა ზღვაში“.

სახე(ლ)ებმა – „მახვშის საკარცხული“ და „მოხეტიალე კუნძული“ – მონაწილეობა მიიღეს სხვა სპექტაკლში („პილიგრიმებში“) და გარდაისახნენ სხვა სახე(ლ)ებში. ამ აქციით გაფართოვდა ნიშანი – აღსანიშნები და აღმნიშვნელები გამრავლდნენ. მიუხედავად ამისა, უპირველეს ყოვლისა, მოცემულ შემთხვევაში არის მხოლოდ ერთი ტიპური ნიშანი, და სახელდობრ, ბუნებრივი (წერილობითი) ენის ნიშანი. ჩვენ ვისაუბრებთ ერთი შეტყობინების არსებობაზე.

თუ გადავერთვებით ენობრივი შეტყობინებიდან, ჩვენ აღმოვჩნდებით გამოსახულების, როგორც ასეთის, წინაშე. ამ გამოსახულებაში ინახება დისკრეტული ნიშნების მთელი რიგი. პირველ რიგში (თუმცა, ჩამოთვლის თანმიმდევრობა აქ სულერთია, რადგან ეს ნიშნები არ არიან ხაზოვანნი. ისინი წარმოგვიდგენენ [299] პარადოქსულ ინსცენირებას): სკამი – ინტერიერის ელემენტი – სხვა (ჰიპერტროფირებულ) მასშტაბში, სხვა მასალაში და სხვა ადგილას, იქ, სადაც ვერ განთავსდება. ასეთი ადგილი მხოლოდ სურათშია, ან ჯერ მხოლოდ სურათშია (რადგან შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიური ამოცანის დაყენება). ამ მოულოდნელობას, გნებავთ, უტოპიას და აბსურდს, ემატება ის, რომ სკამებზე ტაძრებია განლაგებული. წარმოდგენილ სურათში ტაძრები ერთადერთი სავარაუდო მასშტაბური ელემენტები არიან, რომლებიც სკამების მასშტაბს განსაზღვრავენ (სავარაუდოდ, ჩვენი სკამებიოცდაათსართულიანი სახლები არიან და მათი საერთო სიმაღლეც ას მეტრს აღწევს).

იმისათვის, რომ წავიკითხოთ ეს პირველი ნიშნები ცალ-ცალკე, სრულიად საკმარისია ის ცოდნა, რომელიც გამომუშავებულია ჩვენი, ფართოდ გავრცელებული ცივილიზაციის მიერ, …. [299], მაგრამ სრულიად შეუძლებელია მათი წაკითხვა სურათით შემოთავაზებულ სიტუაციაში. ამისათვის არასაკმარისია ის ცოდნა, რომელიც ნებისმიერ კულტურულ ადამიანს გააჩნია, ამიტომ ის ამ სურათს ფანტასტიკის სფეროში მოათავსებს, რადგან სურათი ჩვეული საგნების უჩვეულო ხარისხებს და განლაგებებს გვთავაზობს – უჩვეულო სიტუაციას. შეიძლება ითქვას – სხვა, შეცვლილ კულტურას და ცივილიზაციას. საქმეც ის გახლავთ, რომ ეს სხვა არ არის ფანტასტიკის სფეროდან. აქ კულტურა თავის სხვას წარმოგვიდგენს – კულტურული ბუნების ექსპოზიციას, კულტურას კულტურის შესახებ. ამდენად, ჩვენ წინა- შეა მეტაკულტურული ლეკსია და რეფლექსია. სურათი თითქოს ხიდს სდებს ბუნებრივი საგნებიდან გადამუშავებულ საგნებამდე [300].

რაც შეეხება მეორე ნიშანს, აქ კი თავად კომპოზიცია გვაიძულებს გავიხსენოთ რამდენიმე სურათის შესახებ (მაგ.: რენე მაგრიტი), რომლებიც გამოხატავენ საგანთა უჩვეულო ყოფაქცევის ადგილს, ან ამ ქცევის უადგილობას სურათის გარეთ, და ამდენად ის გვაგზავნის ესთეტიკურ აღსანიშნთან [300], რომელიც ვერ გვიხსნის საქმის ვითარებას: ჩვენ წინაშეა პეიზაჟური ინტერიერი, ან პირიქით – ინტერიერული პეიზაჟი; აქ განსხვავებულთა შორის საზღვრებია წაშლილი. ცოდნა, რომელიც საჭიროა ამ ნიშნის ასათვისებლად, განეკუთვნება მხოლოდ სულიერი კულტურის სფეროს [300], მაგრამ ის ერთგვარი აკულტურული არცოდნაა, სურათი კი კომპოზიციის ნიღბით წარმოგვიდგენს სრულ მენტალურ დეკომპოზიციას.ესთეტიკური ფენომენი ვერ გვიხსნის (ვერ განმარტავს, ვერ გვაგებინებს) იმას, თუ რა ხდება, რა ამბავია სურათში. და თუ ის უძლურია და ვერ გვიხსნის (ვერ გვიშველის, ვერ გვანთავისუფლებს) საგანთა თავნებობისაგან, ის იხსნის (თავს ანებებს) პასუხისმგებლობას და გვიხსნის (გვიღებს) გზას უტოპოსისკენ – უმიწობისკენ – უბიწობისკენ – უსახე(ლ)ობისაკენ, საიდანაც ხელახლაა გასაკეთებელი თავდაპირველი დასასრულის ინგრედიენტებით. ესეც ეს(ს)ე – მცირე არტისტული პაუზა ვიდრე ისევ ბ/არტისტულ პოზას მივიღებდეთ. ერთიც ვთქვათ ამ ანტრაქტის დროს: ჩემმა მტერმა შეხედა ყველაფერს მხოლოდ სერიოზულად, ან, კიდევ უარესი, მხოლოდ არასერიოზულად; ყოველი რაღაცა (მოვლენა, ფაქტი, კომენტარი) უბრალოდ, საინტერესო უნდა იყოს (ფართე გაგებით). არც ჩვენს წერილს აქვს სხვა პრეტენზია.

ჩვენ მიერ გამოყოფილ ნიშნებს შეიძლება დავუმატოთ კიდევ ერთი, რომელიც მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ, სურათის სახით, სწორედ კონცეპტუალურ საკონკურსო პროექტთან გვაქვს საქმე და არა რაიმე სხვასთან: ამაზე მეტყველებენ როგორც ადგილი [300] – ზღვა, მოგზაურობა გემით, სადაც შესრულდა და გამოიფინა პლანშეტი სხვა მონაწილეთა შორის, გამარჯვებულთა დაჯილდოების ადგილი (სან-მარკოს მოედანი); საკონკურსო დევიზი, პროგრამა, მასმედია, მათ შორის ჟურნალი, სადაც გამოქვეყნდა გამარჯვებული პროექტები. ერთი სიტყვით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ წინაშეა სურათი-პროექტი, არ შედის თავად სურათის დავალებაში, არ წარმოადგენს მის იმანენტურ მნიშვნელობას, რადგან გამოსახულების სურათობა აქ მთლიანად ფუნქციონალურია : …. [300].

მაშასადამე, ჩვენ წინაშე გამოსახულებაა, რომელიც თავის თავში ატარებს ჩამოთვლილ ნიშნებს; ცხადია, ეს ნიშნები ქმნიან ერთ თავისებურ მთლიანობას და რადგან ისინი დისკრეტულნი არიან, საჭიროებენ გარკვეულ კულტურულ ცოდნებს და გვაგზავნიან გლობალურ აღსანიშნებთან (მაგალითად მითთან), რომლებიც გაჟღენთილნი არიან ემოციურ-ღირებულებითი წარმოდგენებით; მაშასადამე, სურათზე ენობრივ შეტყობინებასთან ერთად არის კიდევ ერთი შეტყობინება – იკონური. და ეს ყველაფერია? არა. …, მე „მესმის“, რომ ჩემ წინაშე არა უბრალოდ ფორმები და საღებავებია, არამედ, სწორედაც რომ თავმოყრილ საგანთა სივრცობრივი გამოსახულება, რომელიც ექვემდებარება იდენტიფიკაციას (ნომინაციას). ამ მესამე შეტყობინების აღსანიშნებად მუშაობენ საგნები, ხოლო მის აღმნიშვნელებად – იგივე საგნები, მაგრამ დახატულები; [301]. ისინი მხოლოდ მოგვაგონებენ რეალურ საგნებს, ან ასოცირდებიან მათთან. ზღვის ანტურაჟის წყალობით ისინი იმყოფებიან რეალურ გარემოში, მაგრამ ქმნიან არარეალურ სიტუაციას, რასაც განაპირობებს მათი ურთიერთგანლაგება და შენაცვლებული მასშტაბები. აქ ყველაფერი დახატულია, ხელოვნურად არის შექმნილი და მხოლოდ სურათის კუთვნილებაა. აქ აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის სრული თვითნებობაა, დარღვეულია მათი სტრუქტურა და საერთოდ, აქ ყველაფერი დაშლილია და ხელახლაა აწყობილი. ამ აღნიშვნის ვექტორი მის გარეთ არის მიმართული და აღსანიშნი ემთხვევა აღმნიშვნელს. რამდენადაც ცხადია, რომ ანალოგიურ გამოსახულებებში დამოკიდებულება აღსანიშნ საგანსა და აღმნიშვნელ სახეს შორის თვითნებურია, მაშინ … არ უნდა გამოირიცხოს, რომ აღსანიშნი წარმოვიდგინოთ საგნის ფსიქიკურ სახედ. მიუხედავად ამისა, მესამე შეტყობინების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ურთიერთობა აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის აქ კვაზიტავტოლოგიურია, მხოლოდ დისკრეტულ ნიშნებს შორის, და არა სურათის სინკრეტულობასთან მიმართებაში ….. აქ არის კოდირების აქტი და შესაბამისად, ტრანსფორმაცია და ექვივალენტობის პრინციპი, რომელიც არ უთმობს ადგილს კვაზიიდენტურობის პრინციპს. სხვა სიტყვებით, იკონური შეტყობინების ნიშნები იკვებებიან ნიშანთა გარკვეული საწყობიდან. ისინი მიეკუთვნებიან გარკვეულ კოდს, რის შედეგადაც ჩვენ ვერ აღმოვჩნდებით პარადოქსალური ფენომენის სახის წინაშე – უკოდო შეტყობინების წინაშე. ….. [301]. და მაინც, ამ შემ- თხვევაში, ლაპარაკია თავისებურ ანთროპოლოგიურ ცოდნაზე. შეიძლება ითქვას, რომ მეორე სიმბოლური კოდისგან განსხვავებით, მესამე შეტყობინება უნდა შეესაბამებოდეს ბუკვალურს [302]. ასეა თუ არა ეს? მიუხედავად იმისა, რომ ზღვა, ცა და ტაძრები (ხეც) ფერწერული ექვივალენტებია, აქ მხოლოდ ხელახალი კოდირების აქტია. ეს არის შეტყობინება კოდირების პროცესის შესახებ. გნებავთ მეტაშეტყობინება და მეტი შეტყობინება. ეს ის შემთხვევაა, როცა ცოდნას არცოდნის ვაკანსია უჩნდება და არ ავსებს, რომ ნულოვანი ცოდნის ნიშნით წარმოსდგეს. თუ პირველ შეტყობინებაში „ან- თროპოლოგიური“ ცოდნა გვეხმარება (სკამი, ზღვა, ცა, ტაძარი), მეორეში – სიმბოლური ცნობიერება; მესამეში მხოლოდ არცოდნაა, „ბუკვალურის“ ნამცეცებთან ერთად.

მაშასადამე, თუ ყველა ნათქვამი სწორია, ეს ნიშნავს, რომ განსახილველ სურათში სამი შეტყობინებაა, და სახელდობრ: ენობრივი შეტყობინება, იკონური შეტყობინება, რომელსაც საფუძვლად უდევს რაიმე კოდი და ბოლოს, იკონური შეტყობინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს არავითარი კოდი, რაც გამოწვეულია სურათის სინკრეტული და აბსურდული სიტუაციითაც. სურათის მაყურებელი აღიქვამს ერთდროულად პერცეფციულ (აღქმით) და „სიმბოლურ“ გამოსახულებებს. ასეთი სინკრეტიზმი – წაკითხვის ორი ტიპი დამახასიათებელია თავად გამოსახულების ფუნქციისათვის მასობრივი კომუნიკაციის ჩარჩოებში. …..ჩვენი მთავარი მიზანია მთლიანობაში გავაცნობიეროთ გამოსახულების სტრუქტურა, მაშასადამე ის ურთიერთობები, რომლებსაც, საბოლოოდ სამივე შეტყობინება იზიარებს [302]. …. ბუკვალური შეტყობინება საყრდენის როლს ასრულებს სიმბოლურისათვის. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ სისტემა, რომელიც იყენებს სხვა სისტემის ნიშნებს აღმნიშვნელებად, სხვა არაფერია, თუ არა კონოტაციური სისტემა, ამიტომამიერიდან ბუკვალურ გამოსახულებას ვუწოდოთ დენოტაციური, ხოლო სიმბოლურს – კონოტაციური. ამდენად, ჩვენ განვიხილავთ ჯერ ენობრივშეტყობინებას, შემდეგ დენოტაციურ გამოსახულებას (რაც ჩვენი სურათისთვის პრობლემაა) და ბოლოს – კონოტაციურ გამოსახულებას [303].

პირველი მოქმედების დასასრული.

ფარდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s